17 მაისი ტელეეთერში
20.05.2017
გასულ წლებთან შედარებით 2017 წლის 17 მაისი ქართული ტელესივრცისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არნახული უსაფრთხოების ზომების დაცვით, კონსპირაციულად მიგვიყვანა საქართველოს კანცელარიის შენობასთან, ექსცესები და დაპირისპირება არ ყოფილა. ჩვენი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე, მშვიდობიანად ჩატარებული ერთსაათიანი აქცია, ქართველი ჟურნალისტებისათვის სეირის ჩვენების შანსი ვერ გახდა. მიუხედავად ამისა, კანცელარიასთან მისულებს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მთელი არმია დაგვხვდა. ყველა გამალებით ელოდა თუ როგორი ადამიანები ჩამოვიდოდნენ ყვითელი სამარშრუტო ტაქსებიდან, რომ მათი ჩაცმულობა და სახეები რაც შეიძლება ახლო კადრით გადაეღოთ.

რესპონდენტების შერჩევაც ძირითადად, ამ კრიტერიუმით მოხდა. ტრანსგენდერ ქალებსა და შედარებით არანორმატიულად ჩაცმულ ადამიანებზეც დიდი მოთხოვნა იყო (რაც ცუდი სულაც არ არის). ყველა ჟურნალისტი ცდილობდა მათგან აეღო ინტერვიუ.

17 მაისს დღის ეთერში ლგბტ უფლებებზე საუბარსა და აქციის გაშუქებას სხვადასხვა ტელევიზიამ განსხვავებული დრო დაუთმო. მაგალითისთვის, რუსთავი 2-მა მხოლოდ კურიერის დრო გამოიყენა. იქიდან გამომდინარე, რომ აქცია დილის 10 საათზე გაიმართა, დილის “კურიერიდან” საღამოს 9 საათიანი “კურიერის” ჩათვლით, მცირე ლაივი და ერთი სიუჟეტი მიუძღვნეს აქციის გაშუქებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-ისთვის 17 მაისის თემა სხვა პოლიტიკურმა თემებმა გადაფარა და ის “კურიერის” საინფორმაციო ბადეში მხოლოდ მესამე თუ მეოთხე იყო რიგში. ამასთან, მიუხედავად 17 მაისის მასშტაბურობისა, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის, ასევე “ოჯახის სიწმინდის დღის” თვალსაზრისით, ამ ტელევიზიამ „კურიერის“ გარდა, სხვა გადაცემებში დრო არ დაუთმო. “სხვა შუადღეში” კი ეკოლოგია უფრო მნშვნელოვანი საკითხი აღმოჩნდა, ვიდრე ათასგზის მარგინალიზებული და ჩაგრული სოციალური ჯგუფის უფლებები.

რუსთავი 2-ისგან განსხვავებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “მოამბეში” შედარებით ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა აქციის გაშუქებას. ამ სიუჟეტს პირველი ადგილი ეკავა 12 საათიან გამოშვებაში. დანარჩენ შემთხვევებში კი ზემოთ ხსენებული ტელევიზიის მსგავსად, ყველა სხვა საინფორმაციო გამოშვებაში მესამე ან მეოთხე ამბად იყო ნაჩვენები. ამასთან, არც ერთ სხვა გადაცემაში საკითხი არ გაშუქებულა. აღსანიშნავია ისიც, რომ 19 მაისს გადაცემა “რეალური სივრცე” სწორედ ჰომოფობიაზე საუბარს დაეთმო. ეთერში ლგბტ აქტივისტები იყვნენ მიწვეული და მათ საშუალება მიეცათ ესაუბრათ ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში.

ტელეკომპანია “იმედმა,” მისი კონკურენტებისგან განსხვავებით, 17 მაისს უფრო მეტი დრო დაუთმო. ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია გაშუქებული იყო “ქრონიკის” ყველა გამოშვებაში. დილის “ქრონიკაშიც” ამ ამბავს პირველი ადგილი ეკავა. სხვა ქართული მაუწყებლებისგან განსხვავებით, “იმედის დღის” ეთერში მიიწვიეს ლგბტ აქტივისტები. მათ საშუალება მიეცათ, უფრო ფართო მსჯელობა გაემართათ ჰომოფობიის საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ “იმედის დღის” წამყვანები თემატიკის საფუძვლიანად ცოდნით არ გამოირჩეოდნენ და ადამიანის უფლებებზე საუბარი, მაინც ეკლესიის აპოლოგიით დაიწყეს, მათი მცდელობა მაინც დასაფასებელია.

სხვა ქართული არხებისგან განსხვავებით, ტელეკომპანია “პირველმა” ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციაც გააშუქა და გადაწყვიტა, აზრი პოლიტიკოსებისთვისაც ეკითხა. დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები პირდაპირ ეთერში ჩართეს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გადაცემის წამყვანის წინააღმდეგობისა, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა, ვინმე ვაჟა ოთარაშვილმა მაინც მოახერხა ლგბტ ადამიანების შეურაცხყოფა და უშვერი სიტყვებით ლანძღვა. ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გავიდა ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაც.” გადაცემის ანონსი ჰომოფობიის წინააღდეგ ჩატარებული აქციის თემა დაანონსდა. თუმცა გადაცემის ანონსი და უშუალოდ გადაცემის თემა აბსოლუტურად აცდენილი იყო ერთმანეთისაგან. სტუდიაში შეკრებილმა სტუმრებმა ძირითადად, ქალთა უფლებებზე და ფემიციდის სტატისტიკაზე ისაუბრეს. ამიტომ ლოგიკური კითხვა ჩნდება, რაში დასჭირდა გადაცემის ავტორს ჰომოფობიის წინააღმდეგ ჩატარებული აქციის კადრები ანონსისთვის თუ გადაცემა ქალებზე ძალადობის თემას დაეთმობოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ინგა გრიგოლიას და “რეაქციას” ლგბტ აქტივისტებმა საჯაროდ გამოუცხადეს ბოიკოტი.

ტელეკომპანია “მაესტრომ” ყველა საინფორმაციო გამოშვებაში ერთი სიუჟეტი დაუთმო “ოჯახის სიწმინდის დღეს.” ამავე სიუჟეტში ახსენეს, რომ სადღაც, რუსთაველის გამზირის მახლობლად რამდენიმე ადამიანი ჰომოფობისაც აპროტესტებდა. თუმცა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულმა აქციამ “მაესტროს” განსაკუთრებული ყურადღება ვერ დაიმსახურა.

ყველასგან განსხვავებული იყო ტელეკომპანია “იბერიას” ეთერი. ყველა საინფორმაციო გამოშვებაში ჯერ “ოჯახის სიწმინდის დღე” გააშუქეს, შემდეგ კი ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია. ამას დაემატა 17 მაისისადმი მიძღვნილი ტოკ-შოუ “პრიორიტეტი”. გადაცემაში პირველი სიტყვა ზაქარია ქუცნაშვილს მიეცა და მისი გამოსვლა თითქმის ათ წუთს გაგრძელდა. აუდიტორიაში მოწვეული იყო ბესო ჩუბინიძე და ვინმე ეკა პაიჭაძე. ამ ორ სტუმარს მთელი ეთერის განმავლობაში საშუალება ჰქონდა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა როგორც სხვა სტუმრებისათვის, ასევე ლგბტ პირებისათვის და ჟურნალისტმა ეკა რაზმაძემ ამის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. გადაცემა “პრიორიტეტი” ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ძველი ტრადიცია გააგრძელა და 17 მაისი შოუს დადგმისთვის გამოიყენა.

საბოლოოდ, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 17 მაისს ტელეკომპანია “მაესტროსა” და “იბერიის” გარდა, სხვა, შედარებით რეიტინგულმა ქართულმა ტელეკომპანიებმა, ეს დღე ჯერ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის და შემდეგ “ოჯახის სიწმინდის” დღედ გააშუქეს.

ბლოგის ავტორი : დავით კახაბერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ