ბლოგი
კატეგორია - ბლოგი
2013 წლის 17 მაისს, პარასკევ შუადღეს, თბილისში იმდენი მოცლილი აღმოჩნდა, რომ რუსთაველის გამზირზე, ათასობით ადამიანი ოცდაათკაციანი შეკრების დასარბევად გამოვიდა. გაზაფხულის ეს ერთი დღე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მომენტად იქცა. ამ დღეს სახელმწიფომ საკუთარი უსუსურობა დაადასტურა მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე და საკუთარი მოქალაქეები, მათსავე ტერიტორიაზე, ძალადობისგან ვერ დაიცვა. პოლიციას ოცდაათი ადამიანის რუსთაველის ტერიტორიიდან გაპარება მოუწია. ამ პროცესში ოცდაათ ადამიანზე მონადირე ხალხმა სცემა ჟურნალისტები, ჩალეწა ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების შუშები და გაანადგურა ქალაქის ინფრასტრუქტურა. დღის ბოლოს, მოძალადე ათასობით ადამიანიდან, მხოლოდ რამდენიმე დაისაჯა ას ლარიანი ჯარიმით.

მას შემდეგ 17 მაისი წელიწადის ის დღეა, რომლის გამოც ლგბტ თემს და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს, მთელი წლის განმავლობაში იმაზე ფიქრი უწევს, რომ სახელმწიფომ რამენაირად, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი დაიცვას და თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოება, ჩვენსავე ქვეყანაში გარანტირებული მოცემულობა იყოს.

ამის საპირისპიროდ, საქართველოს საპატრიარქომ უფრო მოხერხებული გზა აირჩია. მათ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ქართული ოჯახის სიწმინდის დღე დააწესეს. ეს, რამდენიმე წლის წინ, საქართველოში გამოგონილი დღესასწაული, ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ 17 მაისს ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და მთელი დღის განმავლობაში ხატებით იაროს რუსთაველის გამზირზე.

ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. თუმცა ქართული მედია, რომლისთვისაც ლგბტ ადამიანების ამ ქვეყანაში არსებობა მხოლოდ მაისის დასაწყისში ხდება ხოლმე აქტუალური, 17 მაისის მოვლენებს აბსოლუტურად არაადეკვატურად აშუქებს.

აპრილის ბოლოდან 26 მაისამდე (დამოუკიდებლობის დღე ფარავს ხოლმე), ქართულ მედიასივრცეში მრავალ ტოკშოუსა და სიუჟეტს შეხვდებით, რომელთა მიზანიც ერთი შეხედვით, ლგბტ ადამიანების უფლებების გაშუქებაა. ტოკშოუები, რომელთაგან ზოგი პოლიტიკურია, ზოგსაც უფრო ყვითელი ფერი დაკრავს, ანონსისთვის იღებს უმძიმეს კადრებს, სადაც ნაჩვენებია მოკლული ტრანსგენდერი ადამიანების სხეულები, მათზე მტირალი ჭირისუფლები და ამ ყველაფერს ფონად შემზარავი მუსიკა ადევს. ამას ემატება შიგადაშიგ, რომელიმე ყველასგან დავიწყებული და ათასგზის გაკოტრებული ჰომოფობი პოლიტიკოსის კომენტარი იმის შესახებ, რომ საქართველო სხვანაირი ქვეყანაა და ლგბტ ადამიანებს არავინ დევნის.

მსგავსი ტოკშოუების ანონსს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მოიზიდოს. ეს სტრატეგია ამართლებს. გადაცემას ის ხალხიც უყურებს, ვისაც ჰგონია, რომ ან ახლა ილაპარაკებენ ადამიანის უფლებებზე ან ახლა, და ისინიც, ვისაც სეირის ნახვა უნდა და გამალებით ელოდებიან, რომელი მღვდელი ან რომელი ჰომოფობი როდის ატეხს სკანდალს.

მსგავს გადაცემებში, როგორც წესი, არავინ საუბრობს იმ ფაქტობრივ მოცემულობაზე, რომელიც ბლოგის დასაწყისში აღვწერეთ. მთელი ეთერი ან იმაზე ლაპარაკს ეთმობა, არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა, ან არის თუ არა ჰომოსექსუალობა ცოდვა, რომელიც პროპაგანდასაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ეწევა.

ამ ყველაფერს, ტრადიციულად, ამშვენებს ლგბტ ადამიანად წარდგენილი ერთი პიროვნება მაინც. ამ პიროვნების სახელი მრავალ სკანდალს უკავშირდება, მაგრამ რატომღაც ამ გადაცემებში ის არის ხოლმე მთავარი გმირი. ეს ადამიანი გამუდმებით კომენტირებს სტუდიაში მიმდინარე პროცესებზე და ამბობს, რომ საქართველოში მას არავინ დევნის, რომ ყველაფერი “ენჯეობის” მოგონილია და ა.შ.

საბოლოოდ, ეს ტოკშოუები იმ შედეგით მთავრდება, რომ მღვდლები, მრავალგზის გაკოტრებული ჰომოფობი პოლიტიკოსები და გაურკვეველი ფაშისტური ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ახდენენ ეთერის ოკუპაციას. წამყვანი, ვითომ სიტუაციის დაბალანსირებასა და ჩახშობას ცდილობს.

შედეგად, ადამიანის უფლებებზე გაკეთებული გადაცემა გარდაისახება ცირკად, არენად, რომელზეც წინასაჩვიდმეტმაისოდ ჰომოფობები გადიან რეპეტიციას.

ამ მზადების შემდეგ, 17 მაისს ყველა ტელევიზია აშუქებს ოჯახის სიწმინდის დღეს. 2016 წელსაც ასე მოხდა. ყველა ქართულმა ტელევიზიამ გააკეთა სიუჟეტი, რომელშიც 17 მაისი ისე მოიხსენია ოჯახის სიწმინდის დღედ, ადამიანი იფიქრებდა, თორმეტი მოციქულის მიერ დაწესებული დღესასწაულიაო.

ამასობაში, თუ რუსთაველის გამზირიდან მოწყვეტილ ადგილას, ის ოცდაათი პიროვნება რამე აქციას გამართავს, იქაც მივლენ ჟურნალისტები. ოპერატორები ადამიანების სახეების მაგივრად, აქტივისტების ფერად წინდებს გადაიღებენ და ჟურნალისტები იტყვიან, რომ მეორე მხარემაც მოახერხა აქციის ჩატარება.

2017 წლის 17 მაისს, დიდი ალბათობით, ეს ყველაფერი ისევ განმეორდება. უკვე ვიხილეთ და კიდევ ვნახავთ ტოკშოუებს, სადაც მოწვეული იქნებიან ბესო ჩუბინიძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მაცაცო და მღვდელი ანთიმოზი. მათ ფონად წარმოგვიდგენენ პატარ-პატარა, უშუალოდ საჩვიდმეტმაისოდ შექმნილ გაუგებარ ორგანიზაციებს, ფაშისტური სიმბოლიკით. თუ ქართველ ჟურნალისტს გაუმართლა, მათ საჯიჯგნად ერთ ლგბტ ადამიანს და რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელსაც იშოვის. ლგბტ ადამიანთა უფლებების შესახებ დაანონსებული გადაცემებიც ისევ სანახაობად გადაიქცევა და შოუც შედგება.

ამ ყველაფერთან ერთად, ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობა იტყვის, რომ ეს არის ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარე. თავში კი არავის მოუვა აზრად, რომ სინამდვილეში ისინი ორი მხარის დაპირისპირებას კი არა, ერთის მეორეზე გამუდმებულ ზეწოლასა და ძალადობას აშუქებენ.
კატეგორია - ბლოგი
ფილოსოფოს ჯონ ლოკს სჯეროდა, რომ ბავშვები უცხო ქვეყანაში ჩასული მოგზაურები იყვნენ, რომლებსაც ამ ქვეყნის შესახებ არაფერი გაეგებოდათ. მას სჯეროდა, რომ ბავშვებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა აზრი გამოეხატათ, მაგალითად, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ის იზიარებდა ტრადიციულ შეხედულებას, რომ ბავშვებს, „რაციონალური“ ზრდასრულებისგან განსხვავებით, არ აქვთ პოლიტიკური უფლებები.

თანამედროვე დემოკრატიული ფილოსოფია ცვლის პარადიგმას და ამბობს, რომ ბავშვები თანასწორი, ღირსების მატარებელი, სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და თანაბრად სარგებლობენ ყველა სიკეთით, რომელსაც საზოგადოება იღებს ადამიანის უფლებების აღიარებით და რეალიზებით.

თანამედროვე პარადიგმა აღიარებს, რომ ბავშვებს, როგორც მომავალ სრულწლოვან მოქალაქეებს, აქვთ ლეგიტიმური ინტერესი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მიიღონ და გასცენ ინფორმაცია პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ თუ სხვა თემებზე. მათ სურთ კრიტიკულად შეაფასონ მოვლენები და ამისთვის სვამენ უამრავ შეკითხვას. ცდილობენ მოიპოვონ ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და შემდეგ გამოთქვან თავიანთი აზრი.

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სასამართლო საქმემ (Tinker v. Des Moines School District), რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ ამერიკის ერთ-ერთ შტატში გაიმართა. მას შემდეგ, რაც სკოლის მოსწავლეებმა გაიგეს ვიეტნამის ომის შესახებ, თავიანთი პროტესტი გამოხატეს ვიზუალურად - სკოლაში გაიკეთეს შავი სამხრეები. ასე გააპროტესტეს ომი, რომელმაც მრავალი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ეს იყო ერთ-ერთი ცნობილი საპროტესტო აქცია იმ დროის ყველაზე მწვავე პოლიტიკურ მოვლენაზე.

ყველამ იცის, რომ მედია გამოხატვის მაღალი სტანდარტით სარგებლობს. მას „ჩემპიონის“ სტატუსიც კი აქვს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ასე რომ ყველაზე კარგად მედიას ესმის ინფორმაციის მიღების ფასი. მოდი წარმოვიდგინოთ, რომ მედიასაშუალება, რომელსაც არ აქვს ინფორმაცია ან აქვს არარელევანტური, გადაუმოწმებელი, არასრული ინფორმაცია, დიდი ალბათობით, დაუყოვნებლივ დაიმკვიდრებს თავის „ საპატიო “ ადგილს საზოგადოებაში, რაც ნიშნავს, რომ მან დაკარგა თავისი როლი.

დავუბრუნდეთ ბავშვებს. სამართლებრივ დისკუსიას არ იწვევს ის, რომ ბავშვებს აქვთ უფლება თავისუფლად გამოხატონ შეხედულებები, მოიწონონ ან გააპროტესტონ რაიმე, თუმცა გამოხატვის თავისუფლების რეალიზება მეტწილად დამოკიდებულია ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაზე. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს სრული ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც აინტერესებს და მიიღოს ეს ისე, რომ არ დაირღვეს მისი სხვა უფლებები (იყოს დაცული ძალადობისგან, დამაზიანებელი ინფორმაციისგან, და ა. შ). გარდა უფლების არსებობისა, ბავშვთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას აქვს სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სიკეთეები, რაც ხალხთა დამოკიდებულებებს რეაქტიულად ცვლის ბავშვებთან დაკავშირებით, კერძოდ, ცვლის ბავშვთა ტრადიციულ როლს, ამსხვრევს პატერნალისტურ დამოკიდებულებებს, პრიორიტეტებს ანიჭებს ბავშვის ღირსებას, ინდივიდუალიზმს, უფლების სუბიექტად აღქმას, ასევე ბავშვი სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით ინდივიდუალურად, რაც გამოიხატება მისი პერსონალური ავტონომიის თვითშეგრძნებაში, თავისუფლების გააზრებაში, რაც მთლიანობაში ბავშვში ავითარებს მოქალაქის თვითშეგნებას, ტოლერანტობას და პასუხისმგებლობის არსს.

იმ შემთხვევაში თუ ვიფიქრებთ, რომ ბავშვებს არ აქვთ ან არ უნდა ჰქონდეთ უფლება მიიღონ ინფორმაცია, თავისუფლად გამოთქვან აზრები და გამოხატონ დამოკიდებულებები, ჩვენ მათ განვათავსებთ „კანონიერ გალიაში“ - საზოგადოებისგან შორს.

მედია დღეს პატივს არ სცემს ბავშვის გამოხატვის უფლებას, არ აძლევს ბავშვს საჭირო ინფორმაციას, არ ფილტრავს ინფორმაციას იმგვარად, რომ მან არ დააზიანოს ბავშვი. საქართველოში ჩატარებულმა თითქმის ყველა მედიაკვლევამ დაადასტურა, რომ ბავშვები მეორეხარისხოვან მაყურებლებად/მსმენელებად არიან აღქმულნი, რაც გამოიხატება რეპორტაჟებში მათი როლით. ბავშვი უფრო კადრია, ვიდრე რესპონდენტი, უფრო მომაკვდავია, ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, უფრო მათხოვარია, ვიდრე უფლებების სუბიექტი და არა სხვა. რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვებისთვის განკუთვნილ არარსებულ პროგრამებზე, გადაცემებზე, საიდანაც ისინი მიიღებდნენ ყველა საჭირო და თანამედროვე ინფორმაციას საზოგადოებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

მედია საშუალებებს ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ, რომ დემოკრატიის ხარისხი ბავშვთა, ჟურნალისტთა თუ სხვა პირთა თავისუფლებით იზომება, თავისუფლება კი, თავის მხრივ, გამოხატვის მაღალი სტანდარტით. ისინი უნდა დაფიქრდნენ, რატომ არის მათი ტელევიზია, გაზეთი თუ რადიო ყველასთვის, გარდა ბავშვებისა, რატომ არიან ჟურნალისტები სელექციურები პროფესიულ საქმიანობაში, რატომ ქმნიან პროდუქტს მხოლოდ სრულწლოვანთათვის, რატომ ჰყავთ ბავშვები „მედია დიეტაზე“ და რა მოხდება, თუ ისინი ბავშვებამდეც მიიტანენ ინფორმაციას და მისცემენ მათ გამოხატვის თავისუფლებას.
კატეგორია - ბლოგი
რას უყუროს ბავშვმა? რას სთავაზობს მას ქართული მედიაბაზარი და რამდენად არის მისი ინტერესები გათვალისწინებული ნაციონალური ტელეარხების მიერ? ეს სწორედ ის კითხვებია, რომლებიც, ალბათ, ბევრ მშობელსა და თავად მოზარდსაც აწუხებს. მათი წუხილი არცთუ უსაფუძვლოა. თუკი ქართული ტელეარხების საეთერო ბადეებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ სატელევიზიო მედიას ბავშვები თითქმის დავიწყებია.

ის, რომ საბავშვო გადაცემები ტელევიზიების საეთერო ბადეში თითქმის არ გვხვდება, ეს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ 2016 წლის ანგარიშითაც დასტურდება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მაუწყებელთა უმრავლესობას ბავშვებისთვის/ მოზარდებისთვის განკუთვნილი პროგრამები საერთოდ არ აქვს. საბავშვო გადაცემების ნაწილი კი კრიტიკას იმსახურებს, რადგან ის სხვადასხვა ასაკის ბავშვს მრავალფეროვან და საინტერესო გადაცემებს არ სთავაზობს. ამასთან, ზოგიერთი მათგანი გენდერულ სტერეოტიპებსაც ამყარებს.

მოდით, თითოეული ტელეკომპანიის მაგალითზე განვიხილოთ, რა ტიპის გადაცემებს სთავაზობენ ისინი სკოლიდან სახლში დაბრუნებულ მოზარდს.

მაგალითად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ის ეთერში, კვირის სამუშაო დღეებში, მოზარდებისთვის განკუთვნილ გადაცემას ვერც დღისა და ვერც საღამოს ეთერში ვერ შევხვდებით. ერთადერთი „საბავშვო“ გადაცემა, უფროს სწორად, გასართობი გადაცემა ზრდასრულებისთვის, ბავშვების მონაწილეობით, რომელსაც ტელეკომპანია გვათავაზობს „ეკივოკია“. გადაცემა ეთერში ყოველ კვირა დღეს, დილის 11 საათზე, გადის.

როგორც ტელეკომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, გადაცემა ბავშვურ ლოგიკას ეფუძნება. გადაცემის სტუმრები ე.წ. ცნობილი სახეები არიან, რომლებიც ბავშვების ფანტაზიის, წარმოსახვის, მიმიკებისა და ჟესტების გამოყენებით ახსნილი სიტყვის გამოცნობას ცდილობენ. „ეკივოკის“ თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ისეთი ფორმატის გადაცემა, სადაც ბავშვებზე მეტად უფროსები იხარჯებიან, ერთობიან და გადაცემის ბოლოს დამსახურებულ ჯილდოსაც სწორედ უფროსები იღებენ, შესაბამისად, ცოტათი ბუნდოვანია, რატომ გადის გადაცემა საბავშვო პროგრამის კატეგორიაში.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მოზარდებისთვის განკუთვნილი გადაცემები საერთოდ არ იძებნება. საბავშვო ფორმატის გადაცემა „ბასტი-ბუბუ“ ეთერში 2016 წლის აგვისტოს შემდეგ აღარ გვხვდება. საბავშვო გადაცემებს ვერ შევხვდებით ვერც ტელეკომპანია „მაესტროს“, „იბერიას“, „ TV პირველისა“ და „კავკასიის“ საეთერო ბადეებში.

ვერ ვიტყვით, რომ გადაცემა უშუალოდ ბავშვებისთვის არის გათვლილი, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ყოველ შაბათ-კვირას, დილის 11:30 სთ-ზე ეთერი ცხოველების მოყვარულებს ეთმობათ. „ვინიპარკი“ - სწორედ ას ჰქვია გადაცემას, რომლის წამყვანიც სხვადასხვა ადგილს სტუმრობს და 30 წუთის განმავლობაში სტუმრებთან ერთად მაყურებელს ცხოველებისა და ფრინველების შესახებ უყვება.

ერთადერთი, ვინც ბავშვებს შედარებით კარგი ხარისხის საბავშვო გადაცემებს სთავაზობს, საზოგადოებრივი მაუწყებელია. მაგალითად, გადაცემა „სიტყვებით თამაში“ ეთერში ყოველ შაბათსა და კვირას დილის თერთმეტ საათზე გადის. არხის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „სიტყვების თამაში“ გასართობ-შემეცნებითი ტიპის შოუა, სადაც ოჯახები ერთმანეთს ქართული ენის ცოდნაში ეჯიბრებიან. გადაცემაში ორი გუნდი მონაწილეობს. თითოეული გუნდი ოჯახის სამი წევრისგან შედგება. გუნდის კაპიტნები 9-14 წლის მოზარდები არიან.

გადაცემა რამდენიმე რაუნდისგან შედგება და თითოეულ რაუნდში გუნდები სიტყვების გამოცნობით ქულების დაგროვებას ცდილობენ. გამარჯვებულიც სწორედ დაგროვებული ქულების მიხედვით ვლინდება.

მოზარდებისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი გადაცემა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეხვდებით „წიგნების თაროა“. გადაცემა ეთერში ყოველ შაბათ-კვირას 16:30 სთ-ზე გადის. წიგნების თარო სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ტელეთამაშია, რომლის თემატიკაც მხატვრული ლიტერატურაა. აღსანიშნავია, რომ გადაცემა ადეკვატურად პასუხობს ფორმატით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. გარდა ამისა, გადაცემა მოზარდებში წიგნებისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

გარდა ნაციონალური მაუწყებლებისა, ასევე, საინტერესოა უშუალოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი არხებიც. მაგალითად, ბასტი-ბუბუზე მთელი დღის განმავლობაში გადის გადაცემები ბავშვებზე და ბავშვების მონაწილეობით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გადაცემების უმრავლესობას არ აქვს კონცეფცია და ჩამოყალიბებული ფორმატი. პროგრამები გათვლილია მცირეწლოვან ბავშვებზე და არხი უფრო დიდი ასაკის მოზარდებს თითქმის ვერაფერს სთავაზობს.

იგივე შეიძლება ითქვას კიდევ ერთ საბავშვო არხზეც - „ენკიბენკიზეც“. არხის მიერ წარმოდგენილი პროგრამების ნაწილი ბავშვებისთვის ადაპტირებული არ არის. არხზე ნაკლებად შევხვდებით საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტიპის გადაცემებს.

თუკი, ნაციონალური ტელეარხების საეთერო ბადეების მიხედვით ვიმსჯელებთ, შეგვიძლია, თამამად დავასკვნათ, რომ ქართულ ტელეარხებზე მოზარდებისთვის განკუთვნილი გადაცემები ძალიან მწირია. კვირის სამუშაო დღეებში ქართული არხების მიერ ეს სეგმენტი სრულიად იგნორირებულია. მათთვის 1 ან 2 საათი შაბათ-კვირას, მხოლოდ 2 არხზე მოიძებნება. ცალკე მსჯელობის საგანია ისიც, თუ რამდენად პასუხობს ტელეკომპანიების მიერ შემოთავაზებული პროდუქტი სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნებს, რამდენად არის ის მათ ინტერესებზე მორგებული. ისედაც მწირი არჩევანის ფარგლებში მოზარდებისთვის განკუთვნილ გადაცემებში წამყვანი როლი ისევ უფროსებს უკავიათ, ბავშვებს კი, ასე ვთქვათ, მხოლოდ დამხმარის როლი აქვთ. ამის ფონზე კი, ცხადია, კითხვები რა ქნას და რას უყუროს ბავშვმა, კვლავ აქტუალური და პასუხგაუცემელია.
კატეგორია - ბლოგი
სამყარო რომ უფრო თუხთუხებს, ვიდრე, ვთქვათ, 10 წლის წინ, მგონი, ვთანხმდებით.

დღე არ გავა, მსოფლიოს რომელიმე წერტილიდან ისეთი ცნობა არ გავრცელდეს, წინა დღისას რომ ფარავს, მეორეხარისხოვანს ხდის, ისტორიის მოსახვევებში კარგავს.

ინფორმაციის გავრცელების ტემპმაც თავისი როლი შეასრულა ამ დინამიზმში - ის, რაც დროის შემდეგ ვრცელდებოდა, ვთქვათ, მე-20 საუკუნის მიწურულს, წამებში ვრცელდება 21-ე საუკუნის ათიან წლებში. ამ საუკუნის გარიჟრაჟიდან კი არა, ბოლო ათ წელიწადში ბევრი რამ თვალხილული გახდა ყველაზე მივიწყებული ადგილიდანაც კი.

ვინ გააკეთა ეს? ვინ გარდაქმა სამყარო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე?.. ვინ აათავდაყირავა ყველაფერი?

პოეტი რომ ვიყო, ან, თუნდაც, ცუკერბერგის ან ჯობსის "კარის მწერალი", ამ კითხვებს პასუხს ასე გავცემდი:

"ეჰ, მარკ და სტივ, რომ არა თქვენ - ადამები 21-ე საუკუნიდან, ვინ იცის, იქნებ ბევრი რამ შეუცნობელიც გამხდარიყო ბევრი ჩვენგანისათვის და, ამდენად, წინასწარ კი არ ვიცით, გადარჩება თუ არა რომელიმე მომავალი ნოეს კიდობანი წარღვნისას (თუ ის, რა თქმა უნდა, მოხდა), მაგრამ ის კი ვიცით, რომ წარღვნამდე თუ წარღვნის შემდეგ (გადარჩენის შემთხვევაში), თქვენ უთუოდ დაგიდგამენ ძეგლებს"... :)

ამას რომ დავწერდი, ელფოსტით გავაგზავნიდი ხელმოწერილ კონტრაქტს და მშვიდად დავიძინებდი მორიგ განცდამდე, რომ: "მონა ვარ მისი მუდამ ჟამ და მისი შემამკობელი" .

... მაგრამ, არც მწერალი, არც პოეტი (მით უფრო, ბესიკის ნიჭისა) და ამგვარი ხოტბაც, GOOGLE - ისა თუ FACEBOOK - ის ოფისებში ალბათ არავის სჭირდება. ამდენად, ახლა მაინც უნდა ვანებო თავი ფუჭ ოცნებას და რეალური პრობლემები უნდა აღვწერო.

***

მაშ ასე - ინფორმაციის გავრცელების სისწრაფემ თავდაყირა კი დააყენა წარმოდგენები ბევრ კუნჭულზეც კი, თუმცა, სამწუხაროდ, დახშულობის პრობლემა ამით ბოლომდე სულაც არ აღმოფხვრილა.

მსოფლიოში, სამწუხაროდ, ჯერაც არსებობს არაერთი სივრცე, რომელშიც ვერც "სიტყვის ჩიტი" აღწევს შიგნით და ვერც ამ სივრცეების მცხოვრებლებს გამოაქვთ გარეთ ამბები.

მაგალითად, ჩვენ ვიცით, როგორი ქვეყანაა ჩრდ.კორეა... მაგრამ, ეს ცოდნა სულაც არაა სრულყოფილი, ყოველდღიურად განახლებული... ხოლო ჩრდ.კორეელებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ მათი შეშლილი ლიდერის შექმნილის მიღმაც არსებობს სხვა სამყარო - ანუ დანარჩენი მსოფლიო და ეს მსოფლიო მათზე მინიმუმ დარდობს... მათ გათავისუფლებას თუნდაც უბადრუკად ცდილობს.

წარმოიდგინეთ - ჩრდ.კორეაში უმრავლესობას არათუ არ უნახავს, არამედ არც იცის კომპიუტერის, პლანშეტის, მობილური ტელეფონის, ინტერნეტის არსებობის შესახებ... და რომ იცოდეს კიდეც, ეს მათ ცხოვრებაში ბევრს ვერაფერს შეცვლის - შეშლილი ლიდერი სჯის ყველას, ვისაც თავისუფლების იოტისოდენა სურვილი უჩნდება.

ამიტომ, როცა ვფიქრობთ ამ ქვეყანაზე, ჩვენ ვართ არა ხსენებული და და-დითირამბებული ცუკერბერგის ან ჯობსის სასწაულების, არამედ მხოლოდ იმის იმედად, რომ ამ ქვეყნის ჩინეთთან საზღვარს სიცოცხლის რისკის ფასად გადმოლახავენ ჩვეულებრივი ჩრდ.კორეელები და ჩვენ - "ცივილიზებულებს" გვიამბობენ, რას ჩადის კიმ ჩენ ინი...

ეს "განახლებული" ცნობები ამ შემთხვევაში მოხვდება ტრადიციულ მედიაში თუ FACEBOOK-სა და სხვა ქსელებში და იქნებ ამის შემდეგ მაინც მოიფიქრონ "სამყაროს ძლიერებმა", როგორ მოუგრიხონ კისერი ხსენებულ შეშლილ დიქტატორს.

***

ჩრდ.კორეის პრობლემა საყოველთაოა, იქ, როგორც ვთქვი, "სიტყვის ჩიტი" შიგნით ვერ აღწევს... ჩვენ კი ჩვენი ვთქვათ სათქმელი - ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყანაში სიტყვის, უფრო კი თავისუფალი სიტყვის გავრცელებზე.

***

ჩვეულებრივი ფაქტია, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული ქსელია სწორედ FACEBOOK–ი, რომელშიც, დაუზუსტებელი ცნობებით, 600-650 ათასი მომხმარებელია რეგისტრებული.

თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ 3.7 მილიონი მოქალაქიდან მილიონამდე პენსიონერი და ამდენივე არასრულწლოვანია, გამოდის, რომ დაახლოებით ყოველი მეორე სარგებლობს ამ "ჯადო წიგნით".

ფაქტია ისიც, რომ სოციალურმა ქსელებმა (და, განსაკუთრებით FACEBOOK- მა) სრულიად დაანგრია ოდინდელი (და არა მხოლოდ საბჭოთა) წარმოდგენები სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდულობაზე...

ცუკერბერგის და სხვების სასწაულთა გაჩენამდე არსებობდა სტერეოტიპი, რომ აზრის საზოგადოებისთვის გაცნობა (საზოგადოებამდე მიტანა) მხოლოდ მედიის საშუალებებით იყო შესაძლებელი.

სოციალურმა ქსელებმა ჩამოაყალიბა ახალი - სტატუსის შემქმნელთა "კასტა" და სულაც არაა აუცილებელი, გქოდეთ ჟურნალისტური განათლება (საერთოდაც, სისულელეა ეს ჟურნალისტური განათლება, რადგან ჟურნალისტობა წესით მეორადი პროფესიაა, ანუ კარგი ფეხბურთელიც კი შეიძლება გარდაიქმნას კარგ ჟურნალისტად არცთუ დიდხნიანი წვრთნის შემდეგ).

მოკლედ, სასწაულმა გვითხრა - კარგი ჟურნალისტი, უფრო ზუსტად, კარგი მთხრობელი შეიძლება იყოს კარგი ექიმიც, მასწავლებელიც, ინჟინერიც და მემანქანეც კი, ვისაც ტელეფონის კლავიატურა ემორჩილება.

რასაკვირველია, "მასწავლებელი ჟურნალისტი" ზუსტად ისე ვერ შეედრება "პროფესიონალ ჟურნალისტს", როგორც ეს უკანასკნელი ვერ გაეჯიბრება მას პედაგოგობაში, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმარისია, გქონდეთ ინტერნეტთან მიერთებული მობილური ტელეფონი (ჩვენს შემთხვევაში ჩატვირთული ქართული შრიფტით) და FACEBOOK - ი, რომ შეიძლება გაავრცელოთ გაცილებით ღირებული ინფორმაცია, ვიდრე "სასიქადულო" და ცნობილმა ყველა ჟურნალისტმა (ჩემი ჩათვლით) ერთად.

აღარაფერს ვიტყვი ისეთ "ჭეშმარიტებაზე", როგორიცაა ... ბლოგერობა - ხსენებული კარგი ექიმი (სათანადო მოკლევადიანი მომზადების შემდეგ) შეიძლება გახდეს ბლოგერი... (მთავარია, მან წეროს მედიცინაზე და არა ინჟინერიაზე); კარგი პედაგოგიც (სათანადო, მცირეხნიანი მომზადების შემდეგ) - განათლების (და არა პოლიტიკის) ბლოგერი... დაპატარევებულ და შეცვლილ სამყაროში კარგად გამოჩნდა, რომ კარგი ჟურნალისტი არა ხელოვანი, არამედ ხელოსანია და ეს ხელოსნობა დასაძრახი სულაც არაა.

***

... და ახლა მთავარი!

რას ვხედავთ ჩვენ ჩვენივე სოციალურ ქსელებში? მიმდინარეობს კი "მოქალაქე ჟურნალისტების", უფრო კი ბლოგერების (ექიმების, მასწავლებლების, სპორტსმენების, მეპურეების, მეწაღეების, მემანქანეების და ა.შ.) პროფესიული მსჯელობა თავიანთ სფეროებზე?

მაგალითად - გინახავთ სადმე, რომ ცალკეული ექიმი წერდეს დაახლოებით შემდეგს:

"მე, მზევინარ მთვარიაშვილი, კარგად ვიცნობ სამედიცინო სფეროს და ჩემს სამსახურში ყოველდღიურად ვაწყდები პრობლემას, რომელიც ექიმთა შრომის ანაზღაურებას ეხება... აი, შესაბამისი ფაქტიც... აი, ჩემეული ხედვა, როგორ უნდა გამოსწორდეს ვითარება"

არა, ამგვარი დისკუსიის ინსპირაცია ჩვენში არ ხდება!!!

ისევე, როგორც ვერ ვხედავთ რკინიგზის თანამშრომელთა პროფესიულ მსჯელობას რკინიგზის პრობლემებზე... მეპურეთა მსჯელობას ფქვილის ხარისხზე... პედაგოგთა მსჯელობას სკოლის პრობლემებზე.

მეტიც - უფლებაშელახულებიც კი (და მე ვიცი სამი გაუხმაურებელი ფაქტის თაობაზე), არაფერს წერენ თემაზე – როგორ დაარღვია სახელმწიფომ მათი უფლებები (ერთ შემთხვევაში პოლიციაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქეს)... ისინი, უკლებლივ ყველანი, ამჯობინებენ არა მხოლოდ დუმილს ტრადიციულ მედიასთან (არ აწვდიან მათ ცნობებს), არამედ, დუმილს სოციალურ ქსელებშიც კი.

რა არის ამის მიზეზი?

ჩვენ არ ვართ კიმ ჩენ ირის სამფლობელო...

და ხეებს კი დაატარებს, მაგრამ, საბედნიეროდ, არც ბიძინაა კიმ ჩენ ირი და არც კვირიკაშვილია ჩრდ.კორეის დე-ფაქტო მმართველი.

მეტიც, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს სათავეში მყოფი უკლებლივ ყველა ხელისუფალის დამსახურებით, ჩვენგან დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების მექა სახელმწიფოებამდე გაცილებით მოკლე მანძილია ვიდრე ჩრდილოეთ კორეიდან საქართველოს დღევანდელ მდგომარეობამდე...

ჩვენი ტრადიციული მედია ისედაც "დაუნდობლად" საკრიტიკოა მისივე ზედმეტად ხშირი სიყვითლის გამო (მათ შორის, საინფორმაციო პროგრამებში)... და ასევე იმ მიზეზით, რომ ნაკლებად ინტერესდება ვიწრო თემებით (მეპურეთა, ექიმთა, მასწავლებელთა და ა.შ. პრობლემებით)... მაგრამ, რაში გვჭირდება ტრადიციული მედია, როცა არსებობს ხსენებული FACEBOOK–ი? რა საჭიროა პროფესიონალი ოპერატორის მიერ გადაღებული კადრი მაშინ, როცა ვცხოვრობთ IPHONE -ანდროიდის ეპოქაში?

დიახ, ვაღიაროთ, რომ ტრადიციულ ქართულ მედიას არც დრო და არც რესურსი ჰყოფნის უკლებლივ ყველა თემის გაშუქებისთვის და მეტიც, სამწუხაროდ, ამჯობინებს რა სიყვითლეს, ის არც ინტერესდება ყველა თემა-პრობლემით.

ვაღიაროთ ისიც, რომ ტრადიციულმა მედიამ საზოგადოებას დაუბრუნა ამ უკანასკნელის მიერ დაკვეთილი ყვითელი (მე ამას ქართულად ყვითელს უფრო ვუწოდებდი) პროდუქტი, რომელიც მეტწილად დამყნობილია არა იმდენად უტყუარ, გადამოწმებულ ფაქტზე, რამდენადაც შეგრძნებებზე, ემოციებზე... ემოციებით მანიპულაციაზე.

ვაღიაროთ და შევეგუოთ - ვიდრე ეკონომიკურად გაჭირვებულია ქვეყანა, სიყვითლეზე ზუსტად ისევე იქნება მოთხოვნა, როგორც, ვთქვათ, ძვირ ფულზე, იაფ ლომბარდზე და ბევრ სიგარეტზე... მაგრამ აღიარების შემდეგ თავად ჩვენ - მოსწავლეებმა, სტუდენტებმა... ინჟინრებმა, ექიმებმა და სხვა პროფესიების წარმომადგენლებმა, თავად უნდა გამოვჩორკნოთ, გამოვძერწოთ ჩვენი აწმყოც და მომავალიც - დავიწყოთ დისკუსიები არსებულ პრობლემებზე "თანამედროვე ადამის" - მარკ ცუკერბერგის (თუ სხვათა) შექმნილ სივრცეში და ასე უნდა მივაწვდინოთ ხმა გადაწყვეტილებების მიმღებთ.

მხოლოდ ამგვარი დისკუსიების სიხშირე გამოძერწავს პასუხისმგებლიან და ინფორმირებულ ამომრჩეველს, რომელიც ძალზედ საჭიროა ჩვენივე ქვეყნის განვითარებისათვის.

მხოლოდ ამგვარი პროტესტები და "მიკრორევოლუციები" შეცვლის სფეროებს - განათლების სფეროს, სამედიცინო სფეროს... ხელს შეუწყობს დაქირავებულთა უფლებების დაცვას... შეამცირებს და აღმოფხვრის მოქალაქეთა უფლებათა დარღვევას.

***

გვეშინია?

დარწმუნებული ვარ - არა!

რეალურად, არც საშიში ადამიანები არიან ჩვენ გვერდით...

პრობლემებს გავურბივართ?

დარწმუნებული ვარ - არა!

ყველა პრობლემისგან თავის არიდება, რეალურად, ზრდის ამ პრობლემათა რაოდენობას.

მაშ, რაღა გვიშლის ხელს?

***

"ინფორმაციის გავრცელების ტემპი შეცვლის სამყაროს", - თქვა სტივ ჯობსმა.

მე ვეთანხმები და ცვლილებებიც მინდა!
კატეგორია - ბლოგი
ე.წ. „საპნის ოპერები“ ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, ყოველდღიურ რეჟიმში ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში, 6-7 სხვადასხვა ტელენოველის ყურებაა შესაძლებელი.

პირველი სერიალი, რომელიც ე.წ. „საპნის ოპერად“ განიხილება „ფერადი სიზმრები“ იყო, ის პირველად ჩიკაგოს რადიოსადგურის WGN-ის საშუალებით 1930 წლის 20 ოქტომბერს გავიდა. სერიალი, როგორც წესი, კვირაში ხუთი დღის განმავლობაში, დღის საათებში გადაიცემოდა. სიტყვა - „საპნის“ - საპნისა და საწმენდი საშუალების რეკლამას უკავშირდება, რომელიც შოუს მსვლელობისას ხვდებოდა ეთერში. რეკლამა იმ ქალებისთვის იყო გათვლილი, რომლებიც საოჯახო საქმეებით იყვნენ დაკავებულები და პარალელურად, რადიოს უსმენდნენ. სიტყვა „ოპერა“ კი, შოუს მელოდრამატული ბუნებიდან გამომდინარეობს.

პირველი სატელევიზიო „საპნის ოპერა“ კი - „ესენი ჩემი შვილები არიან“, ამერიკულ ტელეეკრანებზე 1949 წელს გამოჩნდა. ის კვირაში ერთხელ საღამოს ეთერში გადიოდა. 1950-იანი წლების დასაწყისისათვის „საპნის ოპერები“ ამერიკული დღის ტელეეთერების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოხმარებადი პროდუქტი გახდა.

1980-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მაყურებლის დემოგრაფიული მახასიათებლები შეიცვალა და ქალების უფრო და უფრო დიდმა ნაწილმა სახლებიდან სამსახურებში გადაინაცვვლა, „საპნის ოპერების“ შემქმნელებმა ყურადღება და ფოკუსი უფრო ახალგაზრდა მაყურებლებზე - თინეიჯერებსა და სტუდენტებზე გადაიტანეს. ამავე პერიოდში, „საპნის ოპერებმა“ ე.წ. „პრაიმ ტაიმის“ დაკავებაც დაიწყეს. სატელევიზიო ეთერების „პრაიმ ტაიმებში“ მოხვდა ისეთი წარმატებული ჰიტები, როგორიცაა - დალასი, დინასტია და სხვა.

1984 წელს ტელეკომპანია NBC-ის ეთერში ლეგენდარული „სანტა ბარბარა“ გამოჩნდა. პოპულარული ტელეჰიტი სატელევიზიო ეთერს ზუსტად 9 წლის განმავლობაში იკავებდა.

ამერიკული „საპნის ოპერების“ პარალელურად, ლათინურ ამერიკაში ფეხი ე.წ. ტელენოველებმა მოიკიდა. ტელენოველა „საპნის ოპერისაგან“ ძირითადად, ხანგრძლივობით განსხვავდება. ტელენოველა, როგორც წესი, ერთ წელზე მეტხანს იშვიათად გრძელდება. ჩახლართული შინაარსის გათვალისწინებით, ტელენოველას ხშირად „გრძელ გველადაც“ მოიხსენიებენ. ტელენოველის ერთი ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა 30-45 წუთია.

1990-იან წლებში მექსიკამ და ბრაზილიამ ტელენოველების საერთაშორისო ბაზარზე, ექსპორტირების თვალსაზრისით, წამყვანი როლი შეასრულეს. მათ მიერ შექმნილი ტელენოველები სხვადასხვა ქვეყანაში დღემდე აქტიურად იყიდება.

ტელენოველების იმპორტიორ ქვეყნებს შორის, გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. პირველი ტელესერიალი ქართულ ტელეეკრანებზე 1980-იანი წლების ბოლოსკენ გამოჩნდა. ეს იყო ბრაზილიური „მონა იზაურა“. ამას მოჰყვა „ზოგჯერ მდიდრებიც ტირიან“, „ველური გული“, „კასანდრა“, „დინასტია“ და ა.შ. გვიანი 90-იანი წლები და 2000-იანი წლის საწყისი ქართულ ტელესივრცეში ტელენოველების ბუმადაც შეიძლება შეფასდეს. ტელეკომპანიები მაყურებელს სხვადასხვა გმირების მიერ შესრულებულ, თუმცა, თითქმის იდენტური შინაარსის მქონე ნარატივს სთავაზობდა. მალევე, ტელესერიალები ბევრი დიასახლისისთვის რეალობისგან ერთი საათით მოწყვეტის და საყვარელ, თითქმის ოჯახის წევრებად ქცეულ გმირებთან თავისუფალი დროის გატარების საშუალებად იქცა. შედეგად, ე.წ. ტელენოველები ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი პროდუქტი გახდა. სხვისი სასიყვარულო ისტორიები, ოჯახური ურთიერთობები, კონფლიქტები, ინტრიგები და ა.შ. დღემდე ბევრი დიასახლისის განხილვის მთავარი თემაა.

ქართულ ტელესივრცეში ე.წ. „საპნის ოპერების“ ისტორია პირობითად ორ ფაზად შეიძლება დავყოთ. მაგალითად, თუკი 1990-ანი წლებიდან დაახლოებით 2010 წლებამდე ტელენოველებში პოპულარობით ძირითადად, ლათინურ-ამერიკული ჰიტები სარგებლობდნენ, 2010 წლიდან ქართულ ბაზარზე ნელ-ნელა ფეხს თურქული სერიალები იკიდებს. ერთი ტელევიზიის წარმატებულ სატესტო მცდელობას მეორე მოჰყვა და თურქული სერიალების გმირები ქართული ოჯახების ყველაზე სასურველი სტუმრები გახდნენ. თურქულ ტელესერიალებთან ერთად, ეკრანებზე მალევე ინდური ტელენოველები გამოჩნდა. ერთი ოჯახის რამდენიმე ასეულ სერიად გაწერილი შურისძიების, კონფლიქტების და გენდერული სტერეოტიპების გამაღრმავებელი ბანალური ისტორიები უკვე კარგა ხანია, რაც ქართული ტელესივრცის განუყოფელი ნაწილია.

ე.წ. „საპნის ოპერების“ კუთხით მოწინავე პოზიციები კომერციულ არხებს უკავიათ. მათი დღის ეთერების დიდი ნაწილი სწორედ ტელენოველებით არის შევსებული. მაგალითად, ყოველ სამუშაო დღეს, დილით 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ეთერში ექვსი განსხვავებული ტელენოველა გადის. მათგან ორი ინდური, ერთი ბრაზილიური და სამი თურქული პროდუქტია. პარასკევიდან კვირის ჩათვლით კი, ტელეკომპანიის მეშვეობით პოპულარული ქართული ტელესერიალის „ჩემი ცოლის დაქალებისა“ და ამერიკული რეიტინგული სერიალის „სამშობლოს“ ყურების შესაძლებლობაც გაქვთ.

„საპნის ოპერების“ კუთხით, კონკურენტს არც ტელეკომპანია „იმედი“ ჩამორჩება. დღის განმავლობაში, გემოვნების შესაბამისად, „იმედი“ მაყურებელს ორ ინდურ და ოთხ თურქულ ტელენოველას სთავაზობს. 3 აპრილიდან ტელეკომპანია „იმედის“ ღამის ეთერში ბრიტანული სერიალი „თეთრი დედოფალიც“ გამოჩნდა.

მართალია, მსგავსი ინტენსივობით არა, მაგრამ „საპნის ოპერების“ მოყვარულებს უყურადღებოდ არც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ტოვებს. ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 7 და 9 საათებზე, ეთერი ესპანურ ტელენოველებს ეთმობა.

იმპორტირებული ტელესერიალების პარალელურად, ქართულ სატელევიზიო ბაზარზე არაერთი ადგილობრივი წარმოების პროდუქტიც შეიქმნა. ერთ-ერთი ყველაზე პირველი ქართული სატელევიზიო სერიალი „სახლი ძველ უბანში იყო“. დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საშუალებით კომედიური ჟანრის ტელესერიალი „ძილის წინ“ გადიოდა. გარდა ამისა, კომერციული ტელევიზიების დაკვეთით შეიქმნა კიდევ არაერთი ქართული ტელენოველა. მაგალითად: „ცხელი ძაღლი“, „ყავა და ლუდი“, „დეტექტივები“, „თენდება გვიან“, „გოგონა გარე უბნიდან“, „ხელოვნური სუნთქვა“, „ტიფლისი“, „ჩემი ცოლის დაქალები“ და ა.შ.

2000-იანი წლების დასაწყისში ქართულ ტელესივრცეში გამოჩნდა ერთ-ერთი პირველი ე.წ. სიტ-კომის ტიპის სატელევიზიო შოუც „შუა ქალაქში“, რომელიც ამერიკული სატელევიზიო შოუს „Frineds“-ის ანალოგია.

საბაზრო ეკონომიკის პირობებეში, ნებისმიერი კომპანიის არსებობა მის ფინანსებზე, შემოსავლებზე და მოგებაზეა დამოკიდებული. ცხადია, ამ მხრის გამონაკლისი არც კომერციული „ტელევიზიებია“. ხშირ შემთხვევაში, მაყურებლის მოზიდვის მიზნით, ტელეკომპანიები იძულებულები არიან, სატელევიზიო ეთერი ისეთ გადაცემებს, შოუებს, თუ ტელესერიალებს დაუთმონ, რომლის მომხმარებელიც ფართო აუდიტორიაა. რაც, თავის მხრივ, ტელევიზიის რეიტინგზე აისახება. რეიტინგი კომერციული ტელეარხისთვის რეკლამის დამკვეთების სიმრავლის პირდაპირპროპორციულია. რეკლამა კი კერძო ტელეკომპანიის ფინანსური შემოსავლის მიღების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ხშირად სწორედ ეს არის ტელებიზნესის წარმომადგენლების არგუმენტები, როდესაც დავა იმაზეა, უნდა ახდენდეს თუ არა ტელევიზია, სრულიად უგემოვნო და დაბალი ხარისხის მქონე ტელესერიალების პოპულარიზაციას და უნდა აწვდიდეს თუ არა ის საზოგადოებას მდარე ხარისხის პროდუქციას, ამ დოზით.

„ჩვენ ვყიდით იმას, რაც კარგად იყიდებას“ პრინციპმა ქართული ტელესივრცე, ტელენოველების სახით, სრულიად მდარე ხარისხის პროდუქციის გავრცელების მძლავრ საშუალებად აქცია. ის, რომ ტელესერიალები თანამედროვე მაყურებლის მხრიდან მოთხოვნადი პროდუქტია, კრგად გაიზრა, მაგალითად, ამერიკულმა ტელებაზრმაც. ბიზნესში რომ მთავარი მოგებაა, ეს არც მათ დავიწყებიათ, ამიტომ აღნიშნულ პროდუქტზე არც უარი უთქვამთ და არც მორალისტების პოზიცია დაუკავებიათ. უბრალოდ, პრიორიტეტი შედარებით ხარისხიან პროდუქციაზე გაკეთდა. თუკი, ქართული ტელებაზარი კოლექტიური მონიკა-ხუანის, ანდაც საპნა-რაჯეშის ბანალურმა და არაფრისმთქმელმა ისტორიებმა მოხიბლა, დასავლურმა ტელებაზარმა, სერიალების სახით, არაერთი რეიტინგული პოლიტიკური, ისტორიული თუ სხვა ტიპის ხარისხიანი პროდუქცია შექმნა. ქართული ტელეარხების არჩევანს ვერც მთლად მომხმარებლის გემოვნებით გავამართლებთ. მაშინ როგორ ვხსნით იმ ფაქტს, რომ ამერიკული სერიალების უმრავლესობას ონლაინრესურსების გამოყენებით უამრავი მომხმარებელი ჰყავს. იქნებ პრობლემა მაინც ფინანსებშია? ანუ, ყიდიან არა იმას, რაც კარგად იყიდება, არამედ იმას, რაც იაფი და შესაბამისად უხარისხოა.

ცხადია, მასობრივად მოხმარებად, ანუ ე.წ. მასკულტურაზე უარს ვერცერთი ტელეკომპანია ვერ იტყვის, ამის მოლოდინი და მოთხოვნა ალბათ არავის აქვს, თუმცა, თავის მხრივ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ნებისმიერ პასუხისმგებლიან და გავლენიან ტელევიზიას და, ზოგადად, მედიას, როგორც საზოგადოაბაზე გავლენების მქონე მძლავრ საშუალებას, აუდიტორიის წინაშე თავისი წილი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები აქვს და ამ ვალდებულებებში მაყურებლისთვის ხარისხიანი და ღირებული პროდუქტის შეთავაზებაც შედის.
კატეგორია - ბლოგი
„დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს და უხმობდნენ: ხმა გაგვეც, ბაალ!... ხტოდნენ სამსხვერპლოს წინ… დაუწყო მათ დაცინვა ელიამ: მაგრად დაუყვირეთ, რადგან ღმერთია იგი! ფიქრშია ალბათ, ან ვაითუ რამე უჭირს, ან გზაში იყოს” (III მეფეთა, 18; 26-27)

როგორც ამბობენ, თუ ერთხელ სინდისზე ხელი აიღე, შენი შეჩერება ბუნების კანონებსაც გაუჭირდებათ. ალბათ, სწორედ ამიტომ, სამამულო ჟურნალისტიკა, მას მერე, რაც მუსრს გაავლებს პროფესიულ სტანდარტებს, ეთიკასა და კანონს, წინასააღდგომოდ მიადგება ხოლმე... ფიზიკას.

ქართული მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა, საზოგადოებას არწმუნებს, რომ იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვით ცეცხლი არსაიდან ჩნდება. მეტიც, თუ რამდენიმე წუთის შემდეგ, გარეთ გამოტანილსა და სანთელზე გადაკიდებულს, სხეულის რომელიმე ნაწილს მიუშვერ, არ დაგწვავს. ბუნებრივია, ეს „ხილული სასწაული“ შესაბამის სოუსშია შემოთავაზებული, რომელმაც მთავარი სათქმელი უნდა გვითხრას: ჩვენ თვალწინ აღსრულებული „ფაქტი“ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთობასა და ჭეშმარიტებას მოწმობს, შესაბამისად, ის წარმოადგენს ყველა სხვა რელიგიური ჯგუფის სიცრუის დასაბუთებას. რასაკვირველია, განსაკუთრებით სომხების.

და, ასე, ტაძარში შეჭრილი ერთმანეთს შემჯდარი არაბების დაფდაფები და დიპლიპიტოები, თითქოს მხოლოდ იმიტომ გამოსცემს ხმას, რომ დიდი შაბათის მოწყენილობისთვის განწირულ სატელევიზიო „ვიორსტკას“ ახალი სული შთაბეროს.

ხოდა, აბა, ვის რაში სჭირდება საღი აზრი და ბუნების კანონები, როცა სასწაულები და ქადაგება ასე კარგად იყიდება? „იცინოს ახლა მამა პეტრემ გასათხოვარი მიკი მაუსის ფონზე“, - ჩაიღიმებს რეიტინგით კმაყოფილი პროდიუსერი და სიუჟეტის ავტორს გასძახებს: „ქრისტე აღსდგა, გოგო, რა ოქრო მყავხარ!“. მომავალი წელიც მალე მოვა. პროდიუსერმა იცის, რომ უფალი, ჯაჯანიძის ჯინაზე, კვლავაც გამოგზავნის ცეცხლს, მადლმოსილი რეიტინგის დასაწერად, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. აეროპორტში ჯგუფია გასაგზავნი. ლაშა ჟვანიას ცეცხლი მოაქვს. პრომეთე შოკშია. ბრიტანელმა მეცნიერებმა წმიდა გიორგის მიერ შემუსვრილი გველეშაპის ჩონჩხი იპოვნეს. „არ წვავს, არ წვავს!“, „სამყაროს შეუძლია ერთი წლით ამოისუნთქოს“, „აპოკალიფსი წელს არ მოხდება“, „მოძღვრები ანტიქრისტეს გამეფებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ“. მოკლედ, ქვეყანაში, სადაც სიუჟეტების უმრავლესობის ნახვის შემდეგ გვიწევს დავსვათ კითხვა: „ნეტა სინამდვილეში რა მოხდა“, არაფერია გასაკვირი, მაგრამ წმიდა ცეცხლის გაშუქება მაინც სტაბილურად აღმაშფოთებელია.

რა არის საჭირო იმისთვის რომ რელიგიის ჟურნალისტიკის მინიმალური სტანდარტი მაინც დაკმაყოფილდეს და ისედაც ნაგვემი ეთიკა, ჯვარს არ ვაცვათ? ალბათ, რამდენიმე კომპონენტი უნდა მოვიდეს წესრიგში: შენს უფროსს საღი აზრი რეიტინგზე მეტად უნდა უყვარდეს, მეტიც, მას უბრალოდ უნდა გააჩნდეს საღი აზრი. ამასთან, არც შენ და არც შენს რედაქტორს/პროდიუსერს საპატრიარქოსა და საზოგადოების რისხვის არ უნდა გეშინოდეთ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია, განსაკუთრებით, აღდგომის შუქზე.

უნდა ვიცოდეთ, რომ სასწაული არ არის ფაქტი

მისი ფაქტად გასაღება კი მედიაეთიკის უხეშ დარღვევასა და რელიგიურ პროპაგანდას წარმოადგენს. ჟურნალისტს შეუძლია თქვას, რომ „მართლმადიდებელთა ნაწილის რწმენით, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში ცეცხლი გარდამოვიდა“ - მაგრამ ამის გაკეთება კატეგორიულად მიუღებელია მტკიცებით ფორმაში. მედიის მოვალეობა არ არის ქადაგება. მისი როლის შესახებ შესაძლოა, არსებობდეს მოსაზრებათა ლეგიტიმური მრავალფეროვნება, მაგრამ არც ერთ სკოლას არ მიაჩნია, რომ პროფესიული ჟურნალისტიკა უნდა ქადაგებდეს. განსაკუთრებით, ეს ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც იმათ მიერაც ფინანსდება, ვის წინააღმდეგაც ამ „სასწაულით“ მანიპულირებენ. რატომ „მართლმადიდებელთა ნაწილის რწმენით“? იმიტომ, რომ ყველა მართლმადიდებელს ცეცხლის გარდამოსვლის არ სწამს. არც ერთი მსოფლიო კრება და მართლმადიდებელი ეკლესიის არც ერთი დოქტრინა, მსგავს „სასწაულს“ არ ცნობს. შესაბამისად, მისი არაღიარებით, ვინმე მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთას ვერ დაექვემდებარება.

დამახინჯებული ფაქტი

გამაოგნებელია, მაგრამ ისინიც კი, ვინც წმიდა ცეცხლის გარდამოსვლას აკრიტიკებენ, არ ფლობენ ინფორმაციას, რასთან გვაქვს საქმე. მავანი იმასაც ამბობს, რომ პატრიარქი ცეცხლს თეთრი ფოსფორით ანთებს. სინამდვილეში - და გთხოვთ, ყური ვუგდოთ ჭეშმარიტების მომენტს - იერუსალიმის საპატრიარქოს, დიახ, სწორედ იმ საპატრიარქოს, რომელიც წმიდა ცეცხლის რიტუალს აღასრულებს - წარსულში უარუყვია, რომ ცეცხლი ხელთუქმნელია და ტაძარში ყოველწლიურად სასწაული აღესრულება, იმ გაგებით, რომ ცეცხლი არსაიდან ჩნდება. მეტიც, მის წარმომადგენლებს უთქვამთ საპირისპიროც. სომეხთა სამოციქულო ეკლესია, რომელიც რიტუალში მონაწილეობს, ასევე უარყოფს, რომ განმეორებად, ყოველწლიურ სასწაულთან გვაქვს საქმე. საიდან უნდა იცოდეს ეს ქართულმა საზოგადოებამ, თუ გავლენიან მედიას თავში აზრადაც არ მოსვლია საკითხში გარკვევა?

რას ამბობს იერუსალიმის საპატრიარქო?

იერუსალიმის საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლობა უმთავრესად წმიდა ცეცხლის რიტუალთან დაკავშირებით პროაქტიურად პოზიციას არ გამოხატავს. მეტიც, ის ხშირად აიგნორებს მორწმუნეთა შეძახილებს, რომლებიც სინათლის ღვთისმსახურებას სასწაულად მოიხსენიებენ. სასწაულის რწმენა, ხალხური მისტიფიკაციის შედეგია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში თავად თესავდნენ/სათანადო წინააღმდეგობას არ უწევდნენ, მასზე კაპიტალიზებდნენ და ახლა, თავისივე შექმნილი მონსტრის ტყვეები არიან. ამიტომ, სიმართლეს ყრუდ და პასიურად, მაგრამ გარკვეული პერიოდულობით მაინც ამბობენ.

ეს ხელს არ უწყობს დემისტიფიკაიას, მაგრამ მათ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენლებს, უთქვამთ, რომ ისინი ცეცხლს მაცხოვრის საფლავზე ანთებული კანდლინდან ანთებენ. მეტიც, პატრიარქის შესვლისას კუვუკლიაში ანთია არა მხოლოდ ეს კანდელი. მეორე კანდელი, ყველას დასანახად, ტელეკამერების წინ, საგანგებოდ შეაქვთ ტაძარში (და, რა თქმა უნდა, რიტუალის ქართველი კომენტატორის ყურადღებას ვერასდროს იქცევს). გავყვეთ ოფიციალურ განცხადებებს, რომლის მხოლოდ ერთ მაგალითსაც მოვიყვან:

2000 წლის 30 დეკემბერს გარდაიცვალა იერუსალიმის პატრიარქი დიოდოროსი; 2001 წლის 15 სექტემბრამდე, ანუ შემდეგი პატრიარქის, ირიონეოსის არჩევამდე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე გახლდათ პეტრას მიტროპოლიტი კორნელიუსი; 2001 წლის 15 აპრილს, აღდგომას, სწორედ მიტროპოლიტმა კორნელიუსმა შეასრულა დიდი შაბათის ცეცხლის კურთხევის წესი; იმავე წელს, მიტროპოლიტმა კორნელიუსმა, ბერძნული ტელეკომპანია MEGA-ს ეთერში, განაცხადა, რომ ცეცხლი კი არ გარდამოდის, არამედ მას აკურთხებენ.

"საქმე ეხება ბუნებრივ ცეცხლს, მაგრამ ლოცვები, რომელსაც კითხულობს პატრიარქი ან სხვა, მისი შემცვლელი მღვდელმთავარი (აქ იგულისხმება მოსაყდრე) აკურთხებენ ამ წმიდა ცეცხლს, რის შემდეგაც მას აქვს წმიდა ცეცხლის მადლი. ეს არის ბუნებრივი ცეცხლი, რომელსაც ვანთებთ ჩაუქრობელი კანდლიდან, რომელიც ინახება აღდგომის ტაძარში. მაგრამ ლოცვებს შეუძლიათ აკურთხონ ბუნებრივი ცეცხლი და ის ხდება ზებუნებრივი ცეცხლი. სასწაული - ეპიკლეზაშია (მოხმობაში), მღვდელმთავრის ლოცვაში; მისით იკურთხება ეს ცეცხლი".

2001 წლის 15 აპირლს, როცა მიტროპოლიტი კორნელიუსი ერთად შეკრულ 33 სანთელს კანდელზე მოკიაფე ცეცხლიდან ანთებდა, საქართველოში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ყვიროდნენ, რომ მან ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე მოულოდნელად აალებული ცეცხლისგან აანთო. ხოლო სკეპტიკოსები პასუხობდნენ, რომ მან ეს სანთებელის ან თეთრი ფოსფორის მეშვეობით გააკეთა. ვინ ცდებოდა? ორივე მხარე. რატომ? იმიტომ, რომ ინფორმაციის ნაკლებობა, კონსპიროლოგიისთვის საუკეთესო ნიადაგია.

მიტროპოლიტის სიტყვებიდან ნათელი ხდება, რა იგულისხმება სასწაულში. არა ცეცხლის გარდამოსვლა, არამედ უკვე არსებულის კურთხევა. პატრიარქოს ლოცვის ტექსტიც იმავეს გვეუბნება. ცეცხლის ღვთისმსახურება აღესრულება ერთადერთი სიმბოლური დანიშნულებით: გამოსახოს ქრისტეს აღდგომის ნათელი. იმავე წესს აღასრულებენ ყოველ აღდგომას, მაგალითად, კათოლიკეები.

ამ განცხადების შემდეგ მეუფე კორნელიუსი არათუ არავის განუკვეთავს, პატრიარქ ირინეოსის დამხობის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე 2005 წელს, ამჟამინდელი პატრიარქის, თეოფილე მესამის არჩევამდე.

ტყუილი - პატრიარქს ისრაელის პოლიცია ჩხრეკს

ვისაც წმიდა სინათლის ღვთისმსახურებისთვის („ცეცხლის გარდამოსვლის“) პირდაპირ ეთერში უდევნებია თვალი, მოისმენდით, რომ პატრიარქს ისრაელის პოლიცია საგანგებოდ ჩხრეკს, იმის დასადგენად, ხომ არ შეაქვს მას „სანთებელა“ კუვუკლიაში. ამ გავრცელებული ტყუილის თავხედურობა იმაში მდგომარეობს, რომ კადრში ვერასდროს ვხედავთ ჩხრეკის ფაქტს. პატრიარქი განიმოსება და სტიქრის ამარა შედის საფლავზე. მას, თან მიჰყვება სომეხთა სამციქულო ეკლესიის იერარქი (რომელთა პოზიციასაც ქვევით შევეხებით).

მიტროპოლიტი კორნელიუსი ამბობს, რომ პატრიარქი კუვუკლიაში შესვლის წინ იმიტომ კი არ განიმოსება, რომ ვინმემ გაჩხრიკოს, რისი უფლებაც არავის აქვს - არამედ თავმდაბლობის ნიშნად. პატრიარქი თავს იმდაბლებს მაცხოვრის სავარაუდო საფლავზე შესვლის წინ.

არმენოფობია და პარაისტორიული ფალსიფიკაციები

საკვირველია, მაგრამ აღდგომის დღესასწაული, რომელიც სიძულვილისა და სიკვდილის დამარცხების შინაარსის მატარებელია, ჩვენში არმენოფობიური გამონათქვამებისა და ზიზღის გაღვივებისთვის გამოიყენება. გვიყვებიან ქვის სვეტზე, რომლიდანაც თითქოს ცეცხლმა ამოხეთქა, რადგან ერთხელ, სომხებმა მართლმადიდებლები კუვუკლიაში არ შეუშვეს და უფალს ასე მოუწია იქვე მდგარი ბერძნების გამხნევება, სომხებისთვის კი, თითის დაქნევა. რა თქმა უნდა, მედიაორგანიზაციების აბსოლუტურ უმრავლესობას არასდროს უთქვამს, რომ ეს ლეგენდა ისტორიულად არ დასტურდება. გვიყვებიან ასევე, რომ სომეხი ქრისტიანები რიტუალში მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ, რაც ასევე, ტყუილს წარმოადგენს. საიდან უნდა გაგვეგო სიმართლე, თუ არც ერთხელ, არც ერთ ნაციონალურ ტელევიზიას, გამონაკლისი ლიბერალური მედიის გარდა, არ უთხოვია კომენტარი სომეხი ქრისტიანებისთვის, რომლებიც იმას მოყვებოდნენ, რასაც მიტროპოლიტი კორნელიუსი ყვება: ცეცხლი ინთება კანდლიდან, რომელიც კუვუკლიაში ანთია. სომეხი ქრისტიანები შესაძლოა, რომელიმე სხვა ქვეყანაში რთულად საპოვნელები იყვნენ, მაგრამ საქართველოში ისინი სიდიდით მეორე ქრისტიანულ ჯგუფს წარმოადგენენ და ყოველთვის მზად არიან ჟურნალისტებს კითხვებზე უპასუხონ. მართალია პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინება მაინც უწევთ, მაგრამ თუ დასვამთ კითხვას: ანთია თუ არა კანდლები, როცა ბერძენი პატრიარქი და სომეხთა პატრიარქის წარმომადგენელი ეკლესიაში შედიან? მათ პასუხის გაცემას გაუიოლებთ.

არ წვავს, არ წვავს!

თავს უფლებას მივცემ, პატივი ვცე ღირსებას და ამასთან დაკავშირებით განმარტებებს არ შევყვე - ის, რაც თავისთავად ცხადია, არ საჭიროებს არც ერთ დამატებით კითხვას. ცეცხლი წვავს.

დაბოლოს

შეგვიძლია უსასრულოდ ვწეროთ იმ მითებსა თუ ტყუილებზე, რომელსაც მედია წინასააღდგომოდ მტკიცებით ფორმაში ავრცელებს, მაგრამ, ვფიქრობ, დაინტერესებული მკითხველი ადვილად მიაგნებს google-ს საძიებო სისტემას, სადაც ის, საბედნიეროდ, ქართულ ენაზეც აღმოაჩენს წმიდა ცეცხლის რიტუალის შესახებ ცნობებს. საჭიროა იმის გააზრება, რომ წმიდა ცეცხლის გარდამოსვლის რწმენა, არ არის მხოლოდ ერთი, უბრალო გულუბრყვილობა, რომელიც სრულიად უვნებელია საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. წლების განმავლობაში მასზეა დაამყნეს ქსენოფობიის, განსხვევებულის მარგინალიზებისა და რელიგიური ფანატიზმის არაერთი ყლორტი, რომელიც იზრდება და საკრალური ძალაუფლებით აღჭურვავს იმათ, ვისი დაბალანსებაც მედიის პირდაპირი მოვალეობაა.

ერთი სტატიის ფარგლებში შეუძლებელია დაწერო სრულყოფილი გაიდლაინი რელიგიის ეთიკური გაშუქებისთვის, მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ ეს ბლოგპოსტი ამგვარი მოთხოვნის გაჩენას მაინც შეუწყობს ხელს. პრინციპი იგივეა, რაც დანარჩენი ჟურნალისტიკისთვის: თუ არ შეგვიძლია სრულად გავერკვეთ საკითხში, არ უნდა ვამტკიცოთ ის, რაც ფაქტი არ არის და არ გამოვრიცხოთ ისინი, ვინც პროცესში ასევე მონაწილეობენ. უფრო მარტივად - წერე ნეიტრალური ენით და დააბალანსე სიუჟეტი. პირველ ნაბიჯად ესეც კმარა.

P.S ბლოგპოსტში საგანგებოდ არ დავასახელე არც ერთი მედიაორგანიზაცია. გარდა იმისა, რომ შეუძლებელია გამოკვეთო, მაინც რომელმა შესცადა უფრო მეტად, შესაძლოა ამას დაემცრო პრობლემის ის ღრმა და ყოვლისმომცველი მასშტაბი, რომელთანაც საქმე გვაქვს.

ლევან სუთიძე (ტაბულას ჟურნალისტი და რელიგიის მიმომხილველი 2010 წლიდან. 2013 წლიდან მიჰყავს საავტორო გადაცემა „საუბარი რელიგიაზე“)
კატეგორია - ბლოგი
ჩვენში, სამწუხაროდ, კრიტიკამ გაკილვა-გაკიცხვის, უარეს შემთხვევაში კი გალანძღვის მნიშვნელობა შეიძინა - კრიტიკოსი ხარ? უფ, გამოდის, რომ ობიექტს (ან სუბიექტს) ქარცეცხლი უნდა დაატეხო თავს და ისიც ერთგვარად იბოჭება მაშინ, როცა მისი კრიტიკოსი "ავტორიტეტული" პირია.

რეალურად, ნამდვილი კრიტიკა პროდუქტის "სრულქმნილად" მიმოხილვაა - კარგის მოწონება და ცუდის დაწუნება, მერე ერთმანეთთან ყველაფრის ოსტატურად გაერთიანება და საზოგადოების "სამსჯავროზე" ახალი საკრიტიკო მასალის გამოტანა... იმ მასალისა, რომელსაც უკვე სხვა კრიტიკოსები "სრულქმნილად" მიმოიხილავენ, კრიტიკის ავტორს კარგს მოუწონებენ, ხოლო ცუდს, რასაკვირველია, დაუწუნებენ...

ასე გაგრძელება "უსასრულოდაც" შეიძლება ... ინსპირაციას მოჰყვება პირველი კრიტიკა; კრიტიკას - კრიტიკა; მერე კრიტიკის კრიტიკას - კიდევ კრიტიკა; მერე კრიტიკის კრიტიკის კრიტიკას - კრიტიკა და ვიდრე თემა არ ამოიწურება, ერთი თემა შეიძლება მიმოიხილოს ათეულობითა ავტორმაც კი... უკლებლივ ყველას მიაჩნდეს, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებს, ხოლო მისი ოპონენტები მცდარნი და შემცდარნი არიან.

წესით, ასე გარდაიქმნება კრიტიკა პოლემიკად... დისკურსად. ასე, ამ აზრთა ჭიდილში ყალიბდება დამოკიდებულება საგნისა და მოვლენის მიმართ. ასე იხვეწება თავად საგანიც.

სხვათა შორის, არათუ მე-19 საუკუნეში, გასული საუკუნის 70-იან, 80-იან და 90-იან წლებშიც კი მიმდინარეობდა არაერთი საჯარო პოლემიკა სხვადასხვა თემაზე. მახსოვს, გაზეთი "7 დღე" ერთ კრიტიკოსს უთმობდა გვერდებს, ხოლო მას გაზეთ "ივერია ექსპრესის" სხვა ავტორი პასუხობდა საკუთარი გვერდებიდან... არც დათოს და არც ფიქრიას (გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ) არაფერი სწყენიათ ერთმანეთისგან... მეტიც, "ენამწარეობის", უფრო კი ენაკვიმატობის მიუხედავად არ მიუ-დაურღვევიათ ეთიკის ნორმები... ესთეტიკური თვალსაზრისით კი, ორივეს წერილები იყო იმგვარი "შედევრები", რომ, კითხვისას, უნებურად, ხან ერთის არგუმენტებს იზიარებდი და ხან - მეორისას.

აღარაფერს ვიტყვი მე-19 საუკუნის და, ვთქვათ, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მიმდინარე ერთ დისკუსიაზე, რომლის შედეგადაც გამოიძერწა ზღაპრის გმირ ნაცარქექიას სრულიად ახალი სახე - დევის თავზე შემოსკუპებული ეს უქნარა კაცი ჩვენ თვალწინ გარდაიქმნა გონიერ პირად, რომელსაც უზარმაზარი დევის გაცურებაც შეუძლია... ამ ყველაფერს სიმბოლურ პოლიტიკურ კონტექსტსაც თუ შევძენთ - დევს გველვეშაპად, ანუ სახელმწიფოებრიობის მოწინააღმდეგე ქვეყანა რუსეთად წარმოვაჩენთ, აღმოვაჩენთ, რომ ღონე სულაც არაა აუცილებელი მაშინ, როცა გონება გვიჭრის და მოწინააღმდეგის დამარცხებას ხერხით ვცდილობთ.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნაცრის ქექვა და ყველის დევის თავზე გაწურვა საუკეთესო გზაა? რასაკვირველია, არა. თუმცა, რადგან ამ თემაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს, ამაზე აღარ გავხურდები. ხოლო ამ თემის დასასრულ (ვიდრე ძირითად სათქმელამდე), იმას კი ვიტყვი, რომ, ჩემი დაკვირვებით, ამგვარი პოლემიკები მოისპო თუ დასრულდა 90-იანი წლების მიწურულს, როდესაც ერთმა, ხელისუფლებისაგან მხარდაჭერილმა ლიტერატურულმა გამოცემამ და მისმა "მარადმა" რედაქტორმა სიძულვილის ტირაჟირება დაიწყეს.

ეს მათ ყოველთვის გასდიოდათ - გაზეთს პოლიტიკას, ხოლო კრიტიკოსს კვიმატ ენას იმდენად ძალიან უწონებდნენ ძლიერნი და მმართველნი... ოპუს-პასკვილებს დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრალურ კომიტეტშიც მიმოიხილავდნენ და არც სახლმწიფო სუბსიდიებს იშურებდნენ მათთვის.

... ასე ყალიბდებოდა სახელმწიფო პოლიტიკა... დამატებით ასე იკვეთებოდა დამოუკიდებელი საქართველოს წითელი ინტელიგენტის მჭმუნვარე სახე.

ამ კონიუნქტურამ მთავარ კრიტიკოსს მიმდევრებიც გაუჩინა.

მე არ ვიცი, რა დავარქვა მათ - თამაზისტები?.. თუმცა, ამას მნიშვნელობა არც აქვს... მთავარი მაინც ისაა, რომ ჰამლეტისეული - "სიტყვები, სიტყვები, მხოლოდ სიტყვები..." , უფრო კი შინაარსისაგან დაცლილი ღვარძლის ტირაჟირება ქართულ პერიოდიკაში ახლაც გრძელდება.

... და თუ კრიტიკის მიუღებლობაზეც ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ კიდეც - გასაკრიტიკებელ, მაგრამ იმავდროულად კვალიფიციურ პირებს ერთგვარი შიში, უფრო კი მიუღებლობა აქვთ დამკვიდრებული თამაზისტების მიერ დამკვიდრებული კრიტიკის სტილის მიმართ. ჰგონიათ, რომ უკლებლივ ყველაფერი ცილისწამება და პასკვილია.

***

"სრულქმნილი" და ნამდვილი კრიტიკა მოვლენის, პროდუქტის და პიროვნების "სრულქმნილ" შეფასებას კი მოითხოვს, მაგრამ მათ ქებას - არავითარ შემთხვევაში (შესაქი, ანუ, საქები, თუ პოეტებს დავესესხებით მხოლოდ ორია - ნიკორწმინდა (გალაკტიონ ტაბიძე) და ქართული ენა (იოანე ზოსიმე).

ამდენად, მეც არ შევუდგები კოლეგათა ქებას (უფრო კი დიდებას), თუმცა აღვნიშნავ:

ბოლო დროის მსოფლიო მოვლენა - სირიის ავიაბაზის სარაკეტო იერიში და სხვა თანმდევი მოვლენები (მსოფლიოს ლიდერთა რეაქციები, წარსულის მიმოხილვა, გლობალური კონტექსტის ანალიზი და ა.შ.) პრაქტიკულად სრულყოფილად გააშუქა ორმა ქართულმა არხმა - საზოგადოებრივი მაუწყებლის (მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომათა მიმოხილვა) და რუსთავი 2-ის სიუჟეტები არაინფორმირებულ მაყურებელსაც კი "მოიყვანდა აზრზე" თემაზე - რა ხდება ახლო აღმოსავლეთში.

ერთადერთი, ვისურვებდი, რომ ეს, უდავოდ საინტერესო სიუჟეტები, საეთერო ბადეებში განთავსებულიყო უკეთეს დროს. (მე მესმის ტელემენეჯერებისა, რომლებიც უპირატესობას ლოკალურ ამბებს ანიჭებენ, მაგრამ, მეორე მხრივ, მოვლენები, რომლებმაც შეიძლება მსოფლიოს შეცვალოს (დღის წესრიგს ნამდვილად ცვლის), ჩემი აზრით, უფრო ადრე ანუ წინ უნდა ხვდებოდეს საინფორმაციო გამოშვებებში).

ეს უკანასკნელი შენიშვნა, ცხადია, სუბიექტურია... საერთოდაც - კრიტიკა ყოველთვის სუბიექტურია... და მეტიც, ჟურნალისტიკაც სუბიექტურია (გარდა ახალი ამბისა) და, მაგალითად, ტოქშოუს ავტორს ნამდვილად უნდა ჰქონდეს საკუთარი დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ.

მედია კარგია სწორედ მაშინ, როდესაც ის სუბიექტურია, ოღონდ სუბიექტურობა გამდიდრებული უნდა იყოს კვალიფიკაციითაც. ანუ მედია უნდა იყოს სუბიექტური და ყოვლისმომცველი.

დასმული სუბიექტური აქცენტები კი არაა მისი - მედიის პრობლემა, არამედ, სწორედ არასრულფასოვანი, ზერელე მიმოხილვები აქტუალური თემებისა.

სირიის თემის გაშუქებას თუ მივუბრუნდებით, ხსენებულმა ორმა არხმა საუკეთესოდ გააშუქა მოვლენები, თუმცა, მათ კიდევ ერთ შენიშვნას ვკადრებ - ალბათ უკეთესი იქნებოდა, მაყურებელს ენახა ოდნავ ხანგრძლივი ინტერვიუებიც (და არა კომენტარები) ქართველ და არა მხოლოდ ქართველ ექსპერტებთან (თანამედროვე ტექნოლოგიები -მაგალითად, სკაიპით ჩართვა, იძლევა საშუალებას, საინფორმაციო პროგრამებშიც კი ჩავრთოთ ექსპერტები ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან, ბერლინიდან, პარიზიდან თუ ანკარადან... მედია, მათ შორის, ხსენებული არხებიც, ამ შესაძლებლობას არ ან იშვიათად იყენებენ).

თუმცა, თემათა უფრო სრული მიმოხილვა შეიძლება ტოქშოუებშიც... აი, აქ კი გვარიანად გვიჭირს - მოვიშველიებ სიტყვას - პროვინციული და - სწორედ პროვინციული ყვითელი თემები სჭარბობს ტოქშოუთა უმრავლესობაში. ხსენებული სირია, ან, ვთქვათ, რუსული პროპაგანდის მეთოდები და გავლენა საქართველოში, უკუგდებული, მეორეხარისხოვანია.

აქაც, ამ შემთხვევაშიც, კარგ ანალიზს გვთავაზობს სამი არხი - ხსენებული ორის გარდა, "ტვ პირველიც" არაფრით ჩამოუვარდება ამ ორ "მონსტრს".

სხვა არხებს აშკარად უჭირთ - ისინი, გიბოდიშებთ სიტყვისთვის და "აკატავებენ" უცხოურ მასალებს, ამასთან, თუ დავუკვირდებით, პირველწყაროდ გამოყენებულია არა მხოლოდ რუსული არხების ვიზუალური მასალები, არამედ, ის ვერბალური გზავნილებიც, რომლებიც რუსული მედიიდან ისმის.

არადა, ცალსახაა კოლეგებო - აშშ-მ სარაკეტო იერიში მიიტანა იმიტომ, რომ ასადის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი კიდევ ერთხელ გამოიყენა... რუსული არხების და მისი პოლიტ.ელიტის ვიშვიში, რომ, თურმე, ჯერ კიდევ შესასწავლია იყო თუ არა ქიმიური იარაღი, არაფერია, გარდა სიცრუისა და ტყუილების შეგნებულად გავრცელებისა, რომლის მიზანიც იმ პირთა გაორებაა, ვისაც რუსეთი შესაძლოა, არ მოსწონს, მაგრამ არც ცივილიზებულ სამყაროზე ამოსდის მზე და მთვარე.

როდესაც რუსული, ვიმეორებ, რუსული!!! არხები ტყუიან, ეს შეუცვლელი რეალობაა... მაგრამ, როდესაც რუსულ შინაარსს ავრცელებენ ქართული არხები, ეს, უკეთეს შემთხვევაში, არაკვალიფიციურობაა.

***

ყურადღებას მიაქცევდით, სტატიაში შეგნებულად არ დამისახელებია ის არხები (და მით უფრო კონკრეტული კოლეგების გვარები), ვინც ამ მხრივ მართლაც გასაკრიტიკებელია. იმედია, ისინი კრიტიკას, როგორც იტყვიან, ჯანსაღად მიიჩნევენ და თუ მიპასუხებენ, პასუხის პასუხსაც, ბუნებრივია, არ დავზარდები.

***

P.S.

სტატიის წერტილის დასმამდე თვალი მოვკარი ეკა ქადაგიშვილის სიუჟეტს რუსთავი 2-ის P.S-ში... კი ვთქვი მანამდე, კოლეგებს არ ვაქებ–მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს ვერ შევიკავებ.

ეკა, შენი სიუჟეტი რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდაზე ქრესტომათიულია... მე რომ რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი (ან გადაწყვეტილების მიმღები) ვიყო, მას სასწავლო პროგრამაში ჩავრთავდი.

ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი, გადაცემა "ვექტორის" წამყვანი
კატეგორია - ბლოგი
“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

მუხლი 7, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

2010 წელს, როდესაც ბათუმში ათეულობით აღგზნებულმა ადამიანმა ქართველობის არარსებული მტრის წინააღმდეგ გაილაშქრა, ჩვენს ქვეყანაში ახალი თანამედროვე მითი იშვა. ეს მითი იმ რწმენას ეფუძნება, რომ სადღაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღამეებს ათევენ იმაზე ფიქრში, თუ როგორ მოსპონ ქართველობა და ამისთვის ლგბტ თემის უფლებებით მანიპულირებენ. მას შემდეგ ეს თემა ქართველი ჟურნალისტებისთვის “სკანდალური შოუების” გაკეთების საშუალებად იქცა. შეგვიძლია გავიხსენოთ არაერთი გადაცემა, სიუჟეტი და ტოკშოუ, რომლებიც ლბგტ ადამიანების მიმართ არსებულ სიძულვილსა და შიშს მაყურებელთა გაღიზიანებისა და რეიტინგის ასაწევად იყენებდა. გარდა იმისა, ქართველმა ჟურნალისტებმა ისწავლეს, რომ მრავალი ჰომოფობის მიერ ორი ადამიანის პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა და ჩაქოლვა კარგი სანახაობა გამოდის, ამასთანავე, მათი მუშაობის ეს წესი უკვე ერთგვარ მედია სტანდარტად იქცა.

4 აპრილს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასული გადაცემა “რეაქცია” სწორედ ამ მედია ტრადიციის გაგრძელებაა. ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ჟურნალისტმა, რომელმაც ოდესღაც თავისი ბედი ქართულ პოლიტიკაშიც (წარუმატებლად) სცადა, პირდაპირ ეთერში, დაახლოებით ისეთი სანახაობა მოაწყო, რომლის ანალოგსაც მრავალი საუკუნის წინ ანტიკური რომის არენაზე ნახავდით. ინგა გრიგოლია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალისტია. გარდა იმისა, რომ ის წლების განმავლობაში ზრუნავდა ქართველი სტუდენტებისთვის განათლების მიცემაზე და მათთვის მსგავსი არაეთიკური მეთოდების სწავლებაზე, დღეს ის კვლავ ტელეთერიდან გვესაუბრება და გადაცემა “რეაქციას” უძღვება.

გადაცემა “რეაქციის” 4 აპრილის გამოშვებას მარტივი სცენარი ჰქონდა. სტუდიაში მოწვეული იყო ერთადერთი ტრანსგენდერი პირვონება, რომელიც იქ დამსწრე საზოგადოებისა და მაყურებლისთვის ეგზოტიკური სანახაობის ობიექტად იქცა. ნატა, რომელსაც ჯერ ინგა გრიგოლია უსვამდა კითხვებს, შემდეგ კი მისი სტუმარი ურჩევდა, რომ სხვანაირად ჩაეცვა, განათელბა მიეღო და ისე წასულიყო სამსახურის მოსაძებნად, პირდაპირ ეთერში იქცა შეურაცხყოფისა და დამცირების ობიექტად. ამ ყველაფერს ფონად ამშვენებდა მრავალ სკანდალში გახვეული, ეკლესიიდან ხან გაძევებული და ხანაც უკან დაბრუნებული ვინმე მღვდელი ანთიმოზის ქადაგება ცოდვილობის შესახებ. ასევე, აქტიურობდნენ მაგიდასთან მსხდომი ვინმე სანდრო ბრეგაძე და გიორგი ახვლედიანი, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკოსებად წარადგენდნენ.

ჟურნალისტმა, რომელსაც ვინმე გიორგი ახვლედიანთან თანაპარტიელობა აკავშირებდა, გადაცემის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მან ეს ორი პოლიტიკოსი გააფრთხილა, თავი შეეკავებინათ ყვირილისა და კონფლიქტისაგან. მიუხედავად ამისა, გადაცემაში პროცესები მაინც სხვანაირად წარიმართა.

სტუდიაში ბალანსი ფორმალურადაც კი არ იყო დაცული. აუდიტორიაში, ჰომოფობები სამოქალაქო აქტივისტებს ჭარბობდნენ, მაგიდასთანაც, ფაქტობრივად, ერთი ლგბტ უფლებადამცველი იჯდა. ასევე, მაგიდასთან მჯდომი ნათია გვიანიშვილიც, რომელიც მეორე კომპეტენტური ადამიანი იყო, ვისაც შეიძლებოდა ლგბტ პირების უფლებრივ მდგომარეობაზე ესაუბრა, პრაქტიკულად იძულებული გახდა სტუდია დაეტოვებინა. მას ზემოთხსენებულმა ვინმე პოლიტიკოსმა სანდრომ და გიორგიმ არათუ აზრის გამოთქმის საშუალება არ მისცეს, არამედ რამდენჯერმე მიაყენეს შეურაცხყოფა. მღვდელი ანთიმოზიც არ აკლებდა რეპლიკებს დამსწრე აუდიტორიიდან. რას აკეთებდა ამ დროს ჟურნალისტი? იმის მაგივრად, რომ სიტუაცია განემუხტა, მოეხდინა ამ ქაოსის ფასილიტაცია და ისედაც დაუბალანსებელი ადუტორია რაღაცნაირად დაემორჩილებინა, ის უბრალოდ ყვიროდა. სამ სტუმარს მოუწია გადაცემის დატოვება. სამივე მათგანს სტუდიაში მყოფი ადამიანები დაესხნენ თავს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჟურნალისტმა ამ პროცესებს ხელი არ შეუშალა.

თუმცა, ბალანსი ფორმალურადაც რომ ყოფილიყო დაცული, ცხადია, ეს პრობლემას მაინც ვერ მოაგვარებდა, რადგან ბალანსი არა რაოდენობრივ, არამედ ღირებულებრივ კონტექსტში განსახილველი საკითხია. არსებობს თემები, სადაც ჟურნალისტის მოვალეობა ფორმალური ბალანსის დაცვა და ყველა მხარის პოზიციის წარმოჩენა კი არაა, არამედ ღირებულებრივი პოზიციის დაფიქსირება. არის საკითხები, სადაც ორი საპირისპირო პოზიცია თანაბარზომადი არ არის და შენ, როგორც ჟურნალისტმა, არ შეიძლება თანაბარზომად პოზიციებად წარმოაჩინო ჰომოფობიაც და ლგბტ თემის პოზიციაც. როცა შენ, ჟურნალისტი თავად არ აცხადებ შენს პოზიციას ჰომოფობიაზე, როცა შენი აზრით, ბალანსი ნიშნავს, თანაბრად მისცე შესაძლებლობა ჰომოფობსაც და სამოქალაქო აქტივისტსაც აზრი გამოთქვას, შედეგად, ხელს უწყობ ჰომოფობიის ტირაჟირებას და გადაცემას აქცევ სიძულვილის ენის, დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობის ტრიბუნად.

ამ ყველაფერის გარდა, საინტერესოა როგორ მოხდა გადაცემის დაგეგმვაც. 4 აპრილის “რეაქციაში” ნათია გვიანიშვილისა და ლიკა ჯალაღანიას გარდა, მონაწილეობა უნდა მიეღოთ სხვა აქტივისტებსა და ლგბტ პირთა უფლებადამცველებსაც. თუმცა მათ გადაცემის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დაურეკეს და უთხრეს, რომ რამდენიმე სტუმარმა „მეორე მხრიდან“ მონაწილეობაზე უარი თქვა, შესაბამისად, აქტივისტების მონაწილეობით, გადაცემაში რაოდენობრივი ბალანსი დაირღვეოდა და მათი მიწვევა ვეღარ მოხერხდებოდა. თუმცა თავად ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში საჯარო მიმოწერაში გააცხადა სხვა მოტივი -მისი თქმით, ამ ადამიანების ჩახსნის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ისინი წინა დღეს სხვა გადაცემაში იყვნენ სტუმრად მიწვეული. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ გუშინდელი “რეაქცია” წინასწარ დაგეგმილი სანახაობა იყო.

ჟურნალისტმა საკუთარ გადაცემა “რეაქციაში” არათუ ვერ უზრუნველყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის წახალისების საფრთხისგან თავის არიდება, არამედ არსებობს ძალიან ლოგიკური ეჭვი, რომ მან წინასწარ დაგეგმა სანახაობა, რომლის მსხვერპლიც მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც უნდა ყოფილიყო.

ინგა გრიგოლია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტია, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის იმ მედია სტანდარტის შექმნაში, რომლის მიხედვითაც, მსგავსი დისკრიმინაციული და ზიანის მომტანი სანახაობის დადგმა, ვითომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გაშუქებას ემსახურება.

ინგა გრიგოლია ყველაზე მაღალანაზღაურებადი, ცუდი ჟურნალისტია, რომელიც არ ვიცი, ფიქრობს თუ არა იმაზე, რომ მისი გუშინდელი გადაცემის შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას მალავს, შეიძლება ისევე გახდეს შანტაჟის ობიექტი, როგორც თვითონ გახდა რამდენიმე თვის წინ.

დავით კახაბერი, სამოქალაქო აქტივისტი, "თანასწორობის მოძრაობა"
კატეგორია - ბლოგი
ქართული ტელეშოუების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ალბათ, სრულ ალოგიკურობამდე მისული ეკლექტიკაა. მაგალითად, ერთსა და იმავე გადაცემაში შეიძლება გია სურამელაშვილმა პედიკური გაიკეთოს, ლალი მოროშკინა თავის გასტრონომიულ პრეფერენციებზე გვესაუბროს, საზოგადოებრივი მორალის სადარაჯოზე შემომდგარი გაურკვეველი ადამიანების წივილ-კივილიც გვანახონ და ამის პარალელურად იქვე, პირდაპირ ეთერში გვაყურებინონ თუ როგორ იტანჯებიან ტკივილისგან ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვები ან როგორ ეხმარებიან ბიზნესმენები სოციალურად შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს.

ტელეშოუებში თემატური მრავალფეროვნების საწინააღმდეგო თავისთავად არ შეიძლება რამე გვქონდეს, ვიდრე ამ მრავალფეროვნების კონტექსტუალიზაციას არ მოვახდენთ. განსაკუთრებით საინტერესო ტოქშოუების დაუძლეველი ვნებაა, მიაბან ქველმოქმედება ნებისმიერ თემას და მთელი გადაცემის განმავლობაში ნანახი აბსურდი მაყურებლებს ცრემლების ყლაპვით გაანეიტრალებინონ. თუკი შეიძლება გაბრაზდე გია ჯაჯანიძის მჩხიბაობაზე, ვერ გაბრაზდები 7-შვილიანი მშიერი ოჯახის ეკრანზე გამოჩენაზე. ანდა მაგალითად, როგორც ეს მოხდა ეკა ხოფერიას ტოქ შოუში რამდენიმე კვირის წინ. გადაცემა, რომელიც მთლიანად რეჟისორ ელდარ შენგელაიას და მის ახალ ფილმს ეძღვნებოდა, რატომღაც 2 მცირე საქველმოქმედო სიუჟეტით დასრულდა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო წინა თემასთან და რომელსაც წამყვანის ეს ტექსტი უძღვოდა: „თქვენ გახსოვთ არაერთი ისტორია, რომელიც ეკა ხოფერიას ტოქ შოუს დახმარებითაც კარგად დასრულებულა. ასე რომ, მოისმინეთ ეს ორი ისტორია და გთხოვთ, რომ მხარში ამოუდგეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ისტორიებში შეხვდებით“.

პირველი სიუჟეტი სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად შქმნილი ბერი ანდრიას ფონდის საქმიანობას და ამ ფონდის დახმარებას შეეხებოდა, მეორე კი ქრონიკული თირკლმის უკმარისობის მქონე 6 წლის გოგონას და მისი დახმარებისკენ მოწოდებას. ტრადიციულად, სიუჟეტებს ფონად გასდევდა ლირიკული მუსიკა და ხაზგასმა იმაზე, თუ როგორ იტანჯება ჯანმრთელობის პრობლემებისგან ბავშვი. ისევე როგორც პირველ სიუჟეტში, არც ამ სიუჟეტში მომხდარა კონკრეტული პრობლემის ფართო სოციალურ ჭრილში განხილვა და სრული კონტექსტის ჩვენება. ის, რაც რეალურად სერიოზული სოციალური გამოწვევაა - ნებისმიერ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი ღირსეული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისებზე - არტიკულირდა ინდივიდუალურ პრობლემად, რომლის გადაჭრაზეც პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ ყველას, მთელ საზოგადოებას ანუ სინამდვილეში, არავის.

ეს, რა თქმა უნდა, ერთი კონკრეტული, თუმცა, სამწუხაროდ, არაგამონაკლისი შემთხვევაა. ეკა ხოფერიას ტოქშოუს ნაცვლად, შესაძლოა ყოფილიყო ნებისმიერი მეტ-ნაკლებად რეიტინგული არხის რეიტინგული გადაცემა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და UNICEF-ის ერთობლივი მედია-მონიტორინგიც აჩვენებს, რომ ქველმოქმედება ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომლის კონტექსტშიც ბავშვთა საკითხების გაშუქება ხდება ქართულ მედიაში. მაგალითად, 2014 წელს, ბავშთა საკითხებთან დაკავშირბეული მასალების 16% სწორედ ქველმოქმედებას ან ქველმოქმედებისკენ მოწოდებას შეეხებოდა. 2015-16 წლებში კი ასეთი მასალები 12%-ს შეადგენდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბავშვები ქველმოქმედების კარგი ობიექტები არიან, ჩვენს მედიას კი ამ ხატის შექმნაში დიდი წვლილი შეაქვს.

ყოველ წელს, მონიტორინგის დასრულების შემდეგ, როდესაც საუბარია ქველმოქმედების გაშუქების პრობლემურობაზე, ერთი და იგივე დისკუსია წამოიჭრება ხოლმე. როგორც წესი, ჟურნალისტებსა თუ პროდიუსერებს, რომლებიც ზემოთ მოყვანილი მაგალითების მსგავს სიუჟეტებსა თუ გადაცემებს ამზადებენ, უცვლელი არგუმენტაცია აქვთ: „აბა ჯობდა, რომ ის ბავშვი მომკვდარიყო?“; „ჩვენ ადამიანებს ვეხმარებით, თქვენ კი ჩვენ გვაკრიტიკებთ“; „აბა ეს ბავშვები ასეთ გაჭირვებაში მივატოვოთ?“ და ა.შ. ეს არგუმენტები ერთი ხელის მოსმით ცხადია არ უნდა უგულებელვყოთ, თუმცა აუცილებად უნდა ითქვას, რომ თემაზე მსჯელობისას მორალური განზომილების შემოტანა სრულიად აზრს უკარგავს დისკუსიას. გაჯიბრება იმაში თუ ვის უფრო შესტკივა გული კონკრეტულ არასრულწლოვანზე სასაცილოც კია. ხოლო კითხვაზე „აბა, არ უნდა გაგვეშუქებინა?“ პასუხი მარტივია - დიახ უნდა გაგეშუქებინათ, მაგრამ სრულად.

აბსოლუტურად გასაგებია ცდუნება, რომ მაყურებელში აღძრა სიბრალულის გრძნობა, რომლის შემდეგაც ისინი ამა თუ იმ მოზარდს დაეხმარებიან. თუმცა, ეს სულაც არ გამორიცხავს ისეთი ჟურნალისტიკის კეთებას, რომელიც არსებული ცალკეული შემთხვევის სოციალური პრობლემის ჭრილში გააზრების საშუალებას მისცემს მაყურებელს, შექმნის დისკუსიას პრობლემაზე, ხელს შეუწყობს კრიტიკული აზრის ჩამოყალიბებას მოსახლეობაში და შესაძლოა, საჭირო წნეხსაც კი პასუხისმგებელ ინსტიტუციებზე. შესაბამისად, კრიტიკა იმას კი არ შეეხება, უნდა გააშუქონ თუ არა ჟურნალისტებმა/ტოქშოუებმა ეს თემა, არამედ როგორ უნდა გააშუქონ.

სიღარიბის, გაჭირვების, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გაშუქება კონტექსტის გარეშე, სინამდვილეში, პრობლემის არსის სრულ გაქრობას, მათ ინდივიდუალიზაციას, გაპათეტიკურებასა და საბოლოო ჯამში, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მის არმოგვარებას უწყობს ხელს. ინფორმაციულად ისედაც გადატვირთულ გარემოში, ძალიან იოლია ყველაზე ტრაგიკულმა ამბებმაც კი დაკარგონ ტრაგიკულობა მაყურებლის აღქმაში. ერთი კონკრეტული პრობლემური სიტუაციის მოგვარება შესაძლოა სინდისს გვიმშვიდებდეს და გარკვეულწილად, თვითკმაყოფილების განცდას გვიქმნიდეს, მაგრამ სინამდვილეში, მთავარი პრობლემა (და ასობით ასეთივე სხვა შემთხვევა) გვერდზე გვრჩება. ჟურნალისტის სურვილი, დაეხმაროს ინდივიდს ან გადაჭრას ინდვიდუალური პრობლემა ისე, რომ არ აჩვენოს კონტექსტი, არ შეეცადოს წინ წამოწიოს შესაბამისი ინსტიტუციების თუ კერძო პირების პასუხსიმგებლობის საკითხი, პასუხისმგებლობის სიმძიმის ცენტრის მასზე გადაჩოჩებას იწვევს, რაც ცოტა არ იყოს და ცდება ჟურნალისტის მოვალეობას და საშიშად ამბიციურიც კია.

მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში". პუბლიკაციაში გამოხატული მოსაზრებანი ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს
კატეგორია - ბლოგი
„ცეცხლის ხაზი“ - ტელეკომპანია მაესტროს ეს გადაცემა, ეთერში კვირაში ორჯერ გადის. გადაცემას ცოტათი ბუნდოვანი ფორმატი აქვს, როგორც ანონსებიდან ირკვევა, ფორმატი საპირისპირო იდეოლოგიების მქონე ადამიანებს შორის კამათს გულისხმობს, აქ წამყვანებიმხარეები არიან, ერთი ერთ პოზიციას იცავს, მეორე კი საპირისპიროს. ერთი წამყვანი თავს ლიბერალად, მეორე კი კონსერვატორად წარადგენს ხოლმე. სწორედ ამ უცნაური ფორმატის წყალობით, გადაცემა ხშირად არის ხოლმე პრორუსული მესიჯების, სიძულვილის ენის, ჰომოფობიის ტრიბუნა. ასე მაგალითად, 28 მარტის გამოშვებაში, სადაც საქართველოსთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლას განიხილავდნენ, კონსერვატორი წამყვანი, ვაკა გორგილაძე იმ მესიჯებს ავრცელდება, რაც ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით გამორჩეულ მედიასაშუალებებში მთელი კვირის განმავლობაში ისმოდა. გარდა ამისა, მის მიერ ფაქტად წარმოჩენილი ინფორმაცია არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი იყო. არადა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მაუწყებლის ჟურნალისტებს, წამყვანებს, რეპორტიორებს ავალდებულებს, აუდიტორიას მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია და არ შეიყვანონ შეცდომაში. კოდექსის ამ ნორმის დარღვევა გადაცემის ფორმატით, ცხადია, ვერ გამართლდება.

გაუგებარი იყო გადაცემის ე.წ. ლიბერალი წამყვანის, მაგდა ანიკაშვილის პოზიციებიც, თუკი რიგ შემთხვევებში, ვიზის ლიბერალიზაციის დადებით მხარეებზე საუბრობდა, ამის პარალელურად, მისგანვე ისმოდა სკეპტიციზმი ევროინტეგრაციის მიმართულებით. მაგალითად, მან გაიხსენა, რომ 29 მარტს ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას იწყებს და ბევრს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენ მივდივართ იქ, საიდანაც სხვები გარბიან. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპექტრის მხრიდან გამოხატული შეფასებები, რომ ეს არის ჩვენი დიდ ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარების აღიარება, მაგდა ანიკაშვილმა პათეტიკად შეაფასა. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, მეორე წამყვანისა და სტუმრების ნაწილის მხრიდან გამოთქმულ ანტიდასავლურ მესიჯებს, შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, ლიბერალი წამყვანი სათანადო არგუმენტებით არ უპირისპირდებოდა.

საგულისხმოა, ინტერაქტივის შეკითხვა - „მოახდენს თუ არა გავლენას ვიზალიბერალიზაცია თქვენი ოჯახის კეთილდღეობაზე?“

„ქვეყანა ქართველებისგან დაიცლება, უვიზო მიმოსვლა გამოიწვევს მუშახელის გადინებას“

წამყვანმა ვაკა გორგილაძემ განმარტა, რომ უვიზო რეჟიმის დაწესებამ ქვეყანაში საყოველთაო სიხარული და მასობრივი ეიფორია გამოიწვია. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ის ამ საყოველთაო საზეიმო განწყობას არ იზიარებს და ამის მიზეზებიც დაასახელა. მისი ინტერპრეტაციით, ვიზალიბერალიზაციით მოსარგებლე ძირითადად, ახალი შრომისუნარიანი თაობა იქნება. ამასთან, ექიმები ისარგებლებენ და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მეტი შემოსავლის მიღებას შეეცდებიან. სტუდენტები კი სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში ჩართვის შემდეგ, ევროპაში დასარჩენად ნებისმიერ შანსს გამოიყენებენ.

„უმუშევრები და სოციალურად დაუცველები მოაგროვებენ უკანასკნელ თეთრებს და უკეთესი მომავლის დაწყების იმედით, შეიძენენ ბილეთს ერთი მიმართულებით. ვიზალიბერალიზაციამდე ემიგრაციაში გასულ მილიონნახევარ ადამიანს სხვა დანარჩენი სოციალური ფენის წარმომადგენლები დაემატებიან და ქვეყანა დარჩება პენსიონერების და პოლიტიკოსების ამარა. მისივე შეფასებით, ვინაიდან პირველები ნაკლებად შრომისუნარიანი ჯგუფია, ხოლო უკანასკნელნი კი ევროპაში უბრალოდ არავის სჭირდება“ - აღნიშნა წამყვანმა.

მისი ეს განცხადებები შეცდომაში შემყვანი იყო, რადგან მას არ განუმარტავს, რომ უვიზო მიმოსვლას ექვსთვიან პერიოდში 90-დღის ხანგრძლივობით უვიზოდ გადაადგილებას გულისხმობს და არ ითვალისწინებს მუშაობისა და სწავლის, ან ევროპაში უვადოდ დარჩენის უფლებას.

ვაკა გორგილაძემ გადაცემის მსვლელობისას, ვიზების ლიბერალიზაციის გამო, ქვეყნიდან აქტიური მუშახელის გადინების საკითხი რამდენჯერმე დააყენა. მან ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითებზეც ისაუბრა და ევროსტატის მონაცემები მოიყვანა, რომელიც აჩვენებს, რომ ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში მოსახლეობა კლებულობს და მაღალი დეპოპულაციის მაჩვენელი ფიქსირდება. მისივე თქმით, საემიგრაციო ნაკადის ყველაზე მაღალი ნაწილი სტუდენტების, ექიმების, ექთნების და კვალიფიციური ძალაა. რაც პრობლემას უქმნის, როგორც ეკონომიკას, ისე სახელმწიფოებრიობას. „თუკი მათ შეექმნათ ეს პრობლემები, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა კატასტროფა ელის ჩვენს ქვეყანას?“ - ამ კითხვით მიმართა მან გადაცემის ერთ-ერთ სტუმარს, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს ემზარ კაკულიას. აქვე, საპასუხო რეპლიკით ჩაერთო მაგდა ანიკაშვილი და ვაკა გორგილაძეს შეახსენა, რომ მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებით მოჰყავს, რომლის მოქალაქეებსაც სხვა ქვეყანაში მუშაობის ლეგალური უფლება აქვთ და ამ მიმართულებით საქართველოსთან პარალელის გავლება არასწორია.

„საქართველო ევროპაში კი არ შეუშვეს, არამედ საქართველო ევროპიდან გამოუშვეს“

გადაცემის წამყვან ვაკა გორგილაძისთვის ისიც გაუგებარი აღმოჩნდა, თუ რას ვზეიმობთ, მაშინ, როდესაც ქართველ მგზავრს ისევ სჭირდება ისეთი საბუთების შეგროვება, როგორიცაა: სამგზავრო ჩეკები, დაზღვევა, საკრედიტო ბარათი და ლიმიტი, ნაღდი ფული, ბილეთი და სასტუმროს ჯავშნის დამადასტურებელი საბუთი. მისივე თქმით, საზღვრის კვეთისას მგზავრს იმის გარანტიაც არ აქვს, რომ რომელიმე ევროპული ქვეყანა მას შესვლაზე უარს არ ეტყვის, ან მესაზღვრე სრულიად დაუსაბუთებლად უკან არ გამოაბრუნებს. ის, რომ მსგავს მოთხოვნებს ევროპული ქვეყნები ყველა ქვეყნის მოქალაქის მიმართ აწესებს და ამ მხრივ ქართველი მგზავრი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ იმყოფება, წამყვანს აღარ განუმარტავს. აბა, რომელი ქვეყნის მოქალაქე შემოდის თუნდაც საქართველოს ტერიტორიაზე სასაზღვრო კონტროლისა და ვიზიტის მიზნის დასაბუთების გარეშე? ამის ახსნას შეეცადა გადაცემის მეორე წამყვანიც. თუმცა, წამყვანის კონსერვატულ ბუნებას, ვერც მისმა არგუმენტებმა უშველა.

უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად განწყობილი აღმოჩნდა გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი ორგანიზაცია „ქართული იდეის“ წარმომადგენელი ლევან ჩაჩუაც. მისი შეფასებით, ქართველ მოქალაქეებს ევროპაში მხოლოდ ტურისტის რანგში ან გასართობად თუ შეეძლებათ წასვლა. მაგდა ანიკაშვილის საპასუხო კითხვას, ეს ხომ იქნება ერთგვარი შეღავათი და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის გამარტივებული გზა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, ის პასუხობს, რომ მათ ვიზის აღების პრობლემა ისედაც არ ჰქონდათ. იმავე აზრზე იყო გადაცემის კონსერვატორი წამყვანიც. მისი მტკიცებით, ყველა სერიოზული ბიზნესმენი ვიზის მეშვეობით ევროპაში ისედაც ჩადიოდა. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს კი, გამოფენებზე და ფორუმებზე არაფერი ესაქმებათ. კონტაქტის დამყარება კი, სკაიპის საშუალებითაც შეუძლიათ.

„ვიზალიბერალიზაცია უარყოფითად აისახება ევროპაში არალეგალურად მყოფ მოქალაქეებზე, მაგალითად 30 მარტიდან ჩაირთვება შეჩერების მექანიზმი და თუ გავითვალისწინებთ, ჩვენი პრემიერის მუქარანარევ დაპირებას, რომ ჩვენ დავაფინანსებთ იმას, რომ მოიძებნოს ევროპაში არალეგალურად მყოფი ადამიანები, ჩვენ რას მივიღებთ? ათასობით ადამიანს ჩამდგარს უმუშევართა რიგში, იმ დროს, როცა ეს ხალხი ავად თუ კარგად ახერხებდა, რომ საქართველოში ახლობლებისთვის მცირეოდენი თანხა გამოეგზავნა. ჩვენი ხარჯებით [ბიუჯეტით] მოხდება ამ ადამიანების ძებნა, ევროპის ტერიტორიაზე, რომლებიც დაარღვევენ სავიზო რეჟიმს“ - ასეთი ინტერპრეტაცია მისცა „ქართული იდეის“ წარმომადგენელმა უვიზო მიმოსვლას და იქვე დასძინა - „ჩვენ თუ სიღრმისეულად გავაანალიზებთ, საქართველო ევროპაში კი არ შეუშვეს, არამედ საქართველო ევროპიდან გამოუშვეს“. თუკი, გადაცემის ლიბერალი წამყვანი იმის ახსნას ცდილობდა, რომ ეს იყო სტუმრის ინტერპრეტაცია და რომ არალეგალი ისედაც ნიშნავს, რომ ის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება და მისი ქვეყენაში დეპორტირების საფრთხე ისედაც არსებობდა. კონსერვატორმა წამყვანმა სტუმრის პოზიციის დაცვა სცადა და განმარტა - „მაგრამ ახლა სახელმწიფო იღებს მათი დეპორტაციის ფინანსურ პასუხისმგებლობას“.

ლტოლვილთა ბანაკები და ანტიდისკრიმინაციული კანონი, ვიზის ლიბერალიზაციის სანაცვლოდ

სტუმრად მიწვეულმა ლევან ჩაჩუამ მაყურებელს ისიც აცნობა, თუ რა დათმობაზე წავიდა სახელმწიფო ვიზების ლიბერალიზაციის მისაღებად. მისი თქმით, ეს არის ორი საკითხი: ანტიდისკრიმინაციული კანონი და სირიელი ლტოლვილების მიღება. პირველ შემთხვევაში, მისი განმარტებით, ქვეყანას კანონის მიღება იმიტომ დაევალა, რომ განსაკუთრებული უფლებებით სექსუალურმა უმცირესობებმა ისარგებლონ, რადგან მომავალში, ისინი საქართველოდან ევროპაში არ ჩავიდნენ და პოლიტიკური თავშესაფარი არ მოითხოვონ.

სტუმრის მიერ გაჟღერებულ დეზინფორმაციას, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა სირიელი ლტოლვილებისთვის ბანაკის აშენებისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის სანაცვლოდ მიიღო, მაგდა ანიკაშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ვაკა გორგილაძემ კი აღნიშნა, რომ ეს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის გაცხადება იყო.

„უვიზო მიმოსვლა ხელს უშლის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“

ანტიდისკრიმინაციული კანონის კონტექსტში, სტუმარმა ლევან ჩაჩუამ ოკუპირებული ტერიტორიებიც გაიხსენა და აღნიშნა:

„თქვენ უნდა გენახათ მათი აღშფოთება ანტიდისკრიმინაციული კანონისა და იმ მარშების შესახებ რომელიც გაიმართა თბილისში, აი, იმ ფემინისტების და ლეზბოსელების, სექსუალური უმცირესობების მიერ. ეს პირდაპირ ურტყამს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, იმიტომ, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები მკვეთრად გამოხატული კავკასიური ტრადიციის მატარებელი ხალხია და ისინი არ მოისურვებენ იმ სივრცეში დაბრუნებას, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონი, სექსუალური უმცირესობების პარპაში და ასეთი მიტინგები იქნება“.

გადაცემის ლიბერალი წამყვანის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან სტუმარს შეახსენა, რომ ამ თემებით სპეკულირება არ ღირდა და რომ ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას, უსაფრთხო გარემოს ყველასთვის. თუმცა, მასვე იმის განმარტება რატომღაც არ გაახსენდა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი იცავს ყველა მოქალაქის უფლებას და გმობს ძალადობის გამოვლინების ყოველგვარ ფორმას, ის არცერთ ჯგუფს პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ აყენებს და არც სხვაზე მეტ უფლებას ანიჭებს. სტუმრისთვის ვინმეს არც ის შეუხსენებია, რომ თავისუფალ დემოკრატიულ სამყაროში ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორც მას უნდა რომ იყოს და არავის აქვს უფლება ის რაიმე ფორმით შეზღუდოს, თუკი მისი ქცევა ან/და გამოხატვის ფორმა საფრთხეს არ უქმნის სხვა ადამიანის თავისუფალ არსებობას.
კატეგორია - ბლოგი
11 მარტს, ბათუმში დემონსტრანტებმა შეკრება 16:00-ზე დაიწყეს, საღამოს 7 საათზე დაიწყო მეორე აქცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან, სადაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა რიცხობრივად ბევრად მეტი იყო. მალევე, აქციამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო, მოგვიანებით კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მიმდინარე პროცესების გასაშუქებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ, საინფორმაციო გამოშვება ჯერ 20:00-ზე გაუშვა, ამავე გამოშვებაში მედიასაშუალება იტყობინებოდა, რომ აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მომდევნო სპეციალური გამოშვება არხს 22:10 წუთზე ჰქონდა, წამყვანმა გაგვაცნო ინფორმაცია აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ. არხის ინფორმაციით კი ადგილზე სამართალდამცავთა დამატებითი ძალების მობილიზება იწყებოდა. საინფორმაციო გამოშვება დაახლოებით 20 წუთში დამთავრდა და შემდეგ, ეთერში გადაცემა „ერთი დღე სოფელში“ დაიწყო. აჭარის ტელევიზიამ უწყვეტი რეჟიმით ამბის გადმოცემა მხოლოდ 23:55 წუთზე დაიწყო.

22:10-იან გამოშვებაში, ეთერში ნაჩვენები კადრები ცხადყოფდა, რომ ვითარება ადგილზე უკიდურესად დაძაბული იყო. ამგვარი მოვლენების ფონზე გაუგებარია, რატომ არ გააგრძელა საინფორმაციო სამსახურმა უწყვეტი რეჟიმით მაუწყებლობა და რატომ დაჭირდა არხს საათზე მეტი ეთერში კვლავ დასაბრუნებლად, მაშინ როდესაც დედაქალაქში ბაზირებულმა რუსთავი2-მა 9 საათზე დაწყებული საინფორმაციო გამოშვება გააგრძელა და საწყის ეტაპზე, ერთადერთი მაუწყებელი აღმოჩნდა, საიდანაც მოქალაქეებმა ბათუმში მიმდინარე ამბის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ამ დროს აჭარის ტელევიზია გადაცემას - „ერთი დღე სოფელში“ და აჭარულ ცეკვას გადასცემდა.

სოციალურ ქსელებში ხალხი კითხულობს - სად არის აჭარის ტელევიზია?

ბათუმში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, საზოგადოება სოციალურ ქსელში მოქალაქეების ლაივსტრიმს ადევნებდა თვალყურს, facebook-ზე აქტიურად ისმოდა ორი მთავრი კითხვა: რა ხდება ბათუმში? და მეორე - სად არის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რატომ არ აშუქებს აქციას და რატომ გადის აჭარაზე „ერთი დღე სოფელში“?

მაშინ როცა, მოვლენების დაძაბვისთანავე, აჭარის ტელევიზია დანარჩენი ეროვნული მაუწყებლებისთვის ამბის მთავარი წყარო უნდა გამხდარიყო, მას მიმდინარე მოვლენების გაშუქებით, სხვა ტელევიზიებმა, უწყვეტი ეთერის ჩართვამდე ნამდვილად აჯობეს.

მაშ, რა მოხდა, რატომ ვერ შეძლო საინფორმაციო სამსახურმა, ეთერში მასალის ოპერატიული გაშვება? ჰქონდა თუ არა არხს მოვლენების დრამატულად განვითარების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა? მორიგებოდა თუ არა არხზე მოვლენების მეთვალყურე გუნდი ან პირი? წინასწარ გამზადებული იყო თუ არ ტექნიკური ინვენტარი საინფორმაციო გამოშვების ექსტრემალურ სიტუაციაში ეთერში შესაყვანად? ამ კითხვებზე პასუხები ნათელს მოჰფენს იმას, თუ რატომ ვერ შეძლო მაუწყებელმა მაყურებლისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება.

აჭარის ტელევიზიამ უწყვეტი რეჟიმით ამბის გადმოცემა მხოლოდ 23:55 წუთზე დაიწყო, ამ პერიოდიდან მოყოლებული გამთენიამდე, მაუწყებლის თანამშრომლები შემთხვევის ადგილიდან, საკუთარი ჯანმრთელობის და რისკის ფასად, ტელევიზიითა და სოციალური ქსელების ლაივსტრიმით გვაწვდიდნენ მასალას. ინფორმაცია, ტექნიკური ხარვეზების მიუხედავად, გადმოიცემოდა მშვიდად, არაანგაჟირებულად და მიუკერძოებლად.

თუმცა, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა სათავისოდ, არხის სასარგებლოდ ვერ გამოიყენეს ის უპირატესობა, რასაც ადგილობრივი არხის სტატუსი აძლევდათ.

ნაცვლად ამისა, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ახდენდნენ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები სხვა კონკურენტი ტელეკომპანიების მეშვეობით აუდიტორიის ინფორმირებას მაშინ, როცა არხი რომლისთვისაც ისინი მუშაობენ, ვერ ახერხებდა საკუთარ მაყურებლებამდე ინფორმაციის მიტანას.

საპროტესტო აქციისას განვითარებულმა ამბებმა დაგვანახა ისიც, რომ მაუწყებელს არ გააჩნია, ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის სამოქმედო გეგმა და მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, როგორც ადამიანური რესურსების მხრივ, ასევე მატერიალურ ტექნიკური ბაზის თვალსაზრისითაც.

გაკვეთილი მომხდარი ამბიდან

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აჭარაში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა ისაა, რომ ქვეყანას სჭირდება ძლიერი რეგიონული მაუწყებლები. მაუწყებლები, რომელიც ოპერატიულად, კვალიფიციურად და სანდოდ შეძლებენ მოგაწოდონ ინფორმაცია რეგიონიდან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გაძლიერებაა არა იმიტომ, რომ ჩვენი გადასახადებით ფინანსდება, არამედ იმიტომ, რომ მაუწყებელმა დაგვანახა საკუთარი პოტენციალი.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მუშაობა უნდა გახდეს პრესტიჟული, იმაზე მეტად პრესტიჟული ვიდრე, სხვა ტელევიზიებში წამიერი გამოჩენაა. მაუწყებელმა უნდა შეძლოს, საკუთარი თანამშრომლების მოტივირება, იმ შეგრძნების გაღვივება, რომ „საზმაუ მისია“. მაუწყებელმა და მისმა თანამშრომლებმა უნდა გააცნობიერონ საკუთარი მნიშვნელობა.

მსგავსი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, როგორიც იყო, კრიტიკულ, მნიშვნელოვან მომენტში აჭარის ტელევიზიის ეთერში გადაცემის - „ერთი დღე სოფელში“ გაშვება, მნიშვნელოვანია, მაუწყებელს ჰქონდეს კრიტიკული სიტუაციების გაშუქებისას სამოქმედო გეგმა თუ, როგორ უნდა მოიქცნენ მაუწყებლის თანამშრომლები, ისეთ შემთხვევებში როცა სპეცრაზმი აქციას შლის, განრისხებული მოქალაქეები ქვებს ისვრიან, ან ჰიპოთეტურად, ზღვა მათ კართან ჩხრიალებს.

და მაინც რატომ ვაპატიეთ აჭარას „ერთი დღე სოფელში“ ?

ვაპატიეთ, რადგან მოვლენების ეპიცენტრში მომუშავე ჟურნალისტთა ჯგუფებმა თითქმის 6 საათიანი უწყვეტი სამუშაო რეჟიმის დროს, საკუთარი სიმამაცის, პროფესიონალიზმის და ამტანობის ხარჯზე შეძლეს საზოგადოების ინფორმირება ქალაქში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ვაპატიეთ, რადგან ინტერნეტისა და სოციალური მედიის ხანაში - როცა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი კამერით ნებისმიერი მოვლენა გააშუქოს, როგორც არასდროს, ისე ფასობს ჟურნალისტთა პროფესიონალიზმი. დაძაბული დღის ბოლოს, მართალია გვიან ღამით, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი აღნიშნავდა, რომ ისინი კვალიფიციურ ინფორმაციას, სწორედ აჭარის ტელევიზიისგან იღებენ.

ვაპატიეთ, რადგან ვიცით, არხი ყოველმხრივ ცდილობს გახდეს უკეთესი, გამორჩეული და საინტერესო. რადგან ახლა, ამ გარდამავალ პერიოდში, ისე, როგორც არასდროს, აჭარის ტელევიზიას წახალისება, ჩვენი მხარდაჭერა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება სჭირდება.
კატეგორია - ბლოგი
იანვარში რუსთაველზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამბავს ტაქსიში მჯდომი ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გასულ კვირასაც. დაიღუპა 11 წლის გოგონა და მძიმე დაშავდა მისი დედა.

ამ ორ ამბავს, მძღოლების გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისა და მათი უპასუხისმგებლობის გარდა, კიდევ ერთი რამ აქვს საერთო: ორივე მძღოლს ტესტირების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა. ეს დეტალი მედიის ნაწილის მიერ გავრცელებულ სიახლეებშიც იყო აღნიშნული.

ერთი შეხედვით, ამაში არაფერია განსაკუთრებული, გარდა ერთისა, სიახლეებში განმარტებული არ ყოფილა, რას ნიშნავს „მოხმარების დადგენა“ - მძღოლი შემთხვევის დროს იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ, თუ ნარკოტიკის შემცველობა მხოლოდ ბიოლოგიურ ნივთიერებაში დაუდგინდა.

სხვადასხვა ნარკოტიკის შემცველობა ორგანიზმში მისი მოხმარებიდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში რჩება. მათ შორის, ყველაზე დიდხანს - მარიხუანა (თითქმის, 30 დღე). ლაბორატორიულ ტესტს, უმეტესად, უჭირს ჩვენება, კონკრეტულად როდის მოიხმარა ადამიანმა. შესაბამისად, ის, რომ მძღოლს „ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა,“ სულაც არ ნიშნავს, რომ მისი ზემოქმედების ქვეშ შემთხვევის დროს იმყოფებოდა.

სამართალდამცავი ორგანოების მოტივი გასაგებია, ვინაიდან ნარკოტიკის მოხმარება ჩვენი კანონმდებლობით დანაშაულად მიიჩნევა. მსგავსი მტკიცებულება კი დამამძიმებელი გარემოებაა, თუმცა პოლიციის მიერ გავრცელებული ზოგადი განცხადება არ უნდა იყოს არგუმენტი მედიისათვის, რომელიც არ სვამს კითხვას, რა სახის ექსპერტიზით დადგინდა მოხმარება (კლინიკური თუ ლაბორატორიული) და იმყოფებოდა თუ არა ბრალდებული რაიმე სახის თრობის ქვეშ, უშუალოდ ინციდენტისას. თუკი მედია ამ საკითხს არ აზუსტებს და პირდაპირ, ყოველგვარი კრიტიკული კითხვის გარეშე ტირაჟირებს საგამოძიებო უწყების ნათქვამს, ცნობა, რომ პირს „ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინა“ არასაჭირო ინფორმაციაა, რომელიც არანაირ დამატებით, მნიშვნელოვან დეტალს არ აწვდის საზოგადოებას. უფრო მეტიც. ასეთი დაუზუსტებელი დეტალიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ სუბიექტს ნარკოტიკი უშუალოდ შემთხვევის დროს ჰქონდა მიღებული, რაც საზოგადოებაში ნარკოტიკისა და ნარკოდამოკიდებულებისადმი სტიგმას უფრო ამყარებს.

ბუნებრივია, ვთანხმდებით, რომ არ არსებობს არაფხიზელი მდგომარეობა, რომელიც საჭესთან დაჯდომას გაამართლებს. ასეთ დროს, თითოეული მძღოლი პოტენციური მკვლელია. თუმცა აუდიტორიას აქვს უფლება იცოდეს, თუ რას ნიშნავს თითოეულ შემთხვევაში „ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დადგენა“.

სენსიტიურობიდან გამომდინარე, როგორც წესი, ამა თუ იმ თემაზე, ჟურნალისტები ტერმინების ხსენებასა და დამატებითი სტიგმის შექმნას უფრთხიან. მაგალითად, გადიან კონსულტაციებს სფეროს სპეციალისტებსა თუ სხვა, მათზე კომპეტენტურ კოლეგებთან და ცდილობენ, მაქსიმალურად დაწმენდილი ინფორმაცია მიიტანონ აუდიტორიასთან. ასეთი მცდელობა კი იშვიათად ჩანს ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევებში. მედიის წარმომადგენელთა ნაწილისათვის, ძალოვანი უწყებების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, ორაზროვანი ოფიციალური განცხადება საკმარისია და გარემოებების შესახებ, დეტალების დაზუსტებას აღარ ითხოვენ.

სინამდვილეში კი წინადადება, „ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დადგენა,“ გაურკვევლობას იწვევს. ერთიმხრივ, იზრდება საფრთხე, რომ აუდიტორიამ დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, მიიჩნიოს, რომ ბრალდებული ძველი მომხმარებელი იყოს, მეორემხრივ კი, არის შანსი, მოხდეს სტიგმატიზაცია ადამიანის, რომელიც შემთხვევის მომენტში ფხიზელი იყო. ეს კი საზოგადოების მხრიდან მის მიმართ დამატებით, უსამართლო აგრესიას გამოიწვევს.

საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური პრინციპების თანახმად, ჟურნალისტმა არ უნდა შეუწყოს ხელი სტიგმისა თუ სტერეოტიპების გამყარებას და საზოგადოებას ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ჩვენს შემთხვევაში კი გაშუქების პრობლემა არა შეგნებულად, არმედ, უცოდინარობითაა გამოწვეული. აუდოტორიას აქვს უფლება, ზუსტად იცოდეს, რა მდგომარეობაში იჯდა მძღოლი საჭესთან, ბრალდებულს კი აქვს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც მედიამ უნდა დაიცვას.