ბლოგი
კატეგორია - ბლოგი


როგორც ჟურნალისტი ჯერ კითხვას დავსვამ, იქნებ პასუხიც ვიპოვო - რატომ შეიძლება ნებისმიერი რესპონდენტის სტუმრობა, ნაწამებ ადამიანთან ინტერვიუზე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს? კადრებად ვხედავ საბჭოთა მასწავლებლის გაავებულ, ბრაზიან სახეს, როცა ჟურნალისტს ვუყურებ და მის ხმას ვუსმენ: „არა! არ დაასრულებთ! მე გკითხავთ და პარალელურ რეჟიმში გააგრძელებთ! არა! შეურაცხყოფას მაყენებთ! თქვენ იმყოფებით ჩემთან სტუდიაში!“ „მოამბის“ საგანგებო ეთერში წამყვანის ეს აკრძალვა და ხისტი ტონი რესპონდენტის კიდევ ერთ, მშვიდობიან გაბრძოლებას მოჰყვა, რომელიც საკუთარი აზრის დასრულებას ცდილობდა. სტუმარი რაღაც მომენტში იძულებული გახდა პრემიერის „ფრთიანი ფრაზა“ გამოეყენებინა - „ზრდილობა, კულტურა, IQ”. ირაკლი კობახიძე სწორედ ჟურნალისტებთან შეხვედრისას იმეორებდა ამ სიტყვებს და ამით არიდებდა თავს არასასურველ კითხვებს. „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კი ეს ფაქტი, არც მაშინ და არც შემდეგ, ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფად არ შეუფასებია. 

რატომ ვერ ვივიწყებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 15 დეკემბრის საგანგებო ეთერს? ამაზე მეტიც ხომ გვინახავს? და ისიც ხომ ალილუიასავით ვიცით, როგორ ქმნიან ალტერნატიულ „სიმართლეს“ და მდიდრდებიან მენეჯმენტში ჩვენი გადასახადების წყალობით. ჩვენ კი ისევ ვშრომობთ, რომ სიმართლე დავიბრუნოთ, ტელეეთერიდან საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა, რომ ჩვენც აქ ვართ, ჩვენც საზოგადოება ვართ...  თითოეული საეთერო საათისთვის ვიბრძვით, მერე თითო-თითოდ ვუთანხმებთ სტუმრებს და საგანგებო ეთერში „საგანგებო სიტუაციას“ ვუყურებთ. ამიტომ არ დავივიწყებ განრისხებული ჟურნალისტის სახეს და ტონს, რომელიც - „კი ბატონო, ვგმობთ ძალადობას, მაგრამ…“ იმეორებდა და თან თავად ძალადობდა ჟურნალისტიკის სახელით. ხშირად ჯავშანივით იყენებდა “ჩეკისტი” გამომძიებლების საყვარელ სიტყვას - „გასაგებია“. ცინიკური ქვეტექსტი კი, არც ისე ძნელი ამოსაცნობი იყო, კი ბატონო, გავიგეთ, რომ გაწამეს და მერე რა? იქნებ მეტი ვნებით და უფრო სხვა თემით გავაგრძელოთ...

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მოამბის“ საგანგებო ეთერი, 15 დეკემბერი, 22:16 სთ- 23:29 სთ.

აკრძალვები და „თითის ქნევა“ ხელების გარეშე, ეთერში კიდევ გაგრძელდა, ისევ ფაქტებისა და ევროპული სტანდარტების დაცვის სახელით: მაგალითად, რამდენ გზავნილს იღებს მაყურებლისგან, როცა სტუდიაში მყოფი რესპონდენტი არ მოსწონთ (გაურკვეველი დარჩა შეტყობინებების ავტორი), მაგრამ ის მაინც იცავს პარიტეტს და დროს უთმობს ხალხს; როგორ ძალადობს საინიციატივო ჯგუფი საკუთარი მოთხოვნების დაყენებისას, რამდენად კატეგორიულად მოითხოვს ეს ჯგუფი მონოლოგის რეჟიმში საუბარს, როგორ ხელმძღვანელობს შავი სიებით და ამ დროს „განსხვავებული პოზიციის მქონე საზოგადოება“ დებატების, დისკუსიის გარეშე რჩება; ან როგორ შეიძლება ჯონდი ბაღათურიას სტუმრობა დაუწუნონ, „როგორ, ჯონდი ბაღათურიაზე პირდაპირ მიმითითებდით და მეუბნებოდით, როგორ გავბედე და მოვიყვანე სტუდიაში!“- სხვა სტუმრების უფლებებსაც იცავდა ჟურნალისტი და ყოველი მისი, როგორც უფლებადამცველის მონოლოგი 2, 3  და ხანდახან 4 წუთსაც გრძელდებოდა.

ირაკლი ფიფია მშვიდად ცდილობდა „შეგონებას”,  რომ აქ არავინ მოსულა ვინმეს გასალანძღად, არც საინიციატივო ჯგუფის წევრია, არც გადაცემის წამყვანის კერძო სტუდიაში იმყოფება და ის ხალხის კუთვნილ „საზოგადობრივ მაუწყებელზეა“. ხშირად იმეორებდა, რომ აზრის დამთავრება სურს, საუბარს ცდილობს და აინტერესებს, რატომ არ სვამს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კითხვებს იმ ადამიანების პასუხისმგებლობაზე, ვინც ძალადობას აკანონებს... და არც ერთხელ არ გაუსვამს ხაზი, როგორ აწამეს თავად, იმ მოკლე მონათხრობის გარდა, რომელიც დასაწყისში მოასწრო. სანაცვლოდ, სტუდიაში ისევ ხმამაღალი ტონი ნარჩუნდებოდა: „ჩვენ ავიტანთ, პრობლემა არ არის... თქვენ შეგიძლიათ, მლანძღოთ, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შეგიძლიათ მუდმივ რეჟიმში ლანძღოთ, ეს ტრენდად იქცა უკვე, ეს არ არის სიმართლე, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ეს თქვენი პოზიციაა“. „არა, ეს ფაქტია, მოქალაქები მოვიდნენ და დაიცვეს საკუთარი უფლება... მრავალხმიანობის უფლება“ - მშვიდ რეჟიმში განაგრძობდა ირაკლი ფიფია. 

წამყვანს, ალბათ, არაფერი უშლიდა ხელს, რომ ინფორმაცია გადაემოწმებინა, თუ ეს ტყუილი მას ხელს არ აძლევდა და მაყურებლის სიცრუეში დარწმუნება, არ უნდოდა. უცოდინრობის, ხშირად ამ მონოტონური მოთხოვნის ფონზე, უსაგნო ბრალდებებისა და მთავარ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ბრძოლით მოპოვებული ოქროს წუთები იკარგებოდა. არაერთი უარის მიუხედავად, ჟურნალისტი მაინც დაჟინებით ითხოვდა არარსებულ სიებს და პასუხს: „ვისი მოწვევაც ნებადართულია სტუდიაში და ვისი - არა“. 

ერთგვარი სიცხადე გადაცემაში მარინე ჩიტაშვილმა შემოიტანა, რომელმაც მადლობით დაიწყო, მისი სტუმრობის დელეგირების ავტორებთან და ეთერი იხსნა ლამის ზედმეტად კორექტული და კვალიფიციური საუბრით. ფსიქოლოგმა პრემიერის მიერ მოგვიანებით უარყოფილი განცხადება, რომ მას ეს არ უთქვამს „ინტერპრეტაციად“ (სტილი დაცულია- მ.ჩ.) შეაფასა. არგუმენეტების წინაშე წამყვანი უძლური აღმოჩნდა და „ჩაკითხვების“ გარეშე დატოვა მარინე ჩიტაშვილის პოზიცია, რომ პრემიერის განცხადება ანტიკონსტიტუციურია. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 15 დეკემბრის საგანგებო ეთერი ერთგვარი სტრატეგიაა - დრო გავიყვანოთ და ვიხმაუროთ არაფრის მთქმელ დეტალებზე, რომ მთავარი სათქმელი სადღაც, მათ შორის ჩაიკარგოს. ეს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყბადაღებულ ბალანსზე საუბარსაც ჰგავს - დაბალანსებული ეთერი და თანაბარი დრო ყველასთვის... უნებლიეთ, მახსენდება ფრაგმენტიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის პირველადი დასკვნიდან: „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაყურებელს ყველა საარჩევნო სუბიექტი უმეტესწილად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა (89 პროცენტი), წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უდიდესი წილი კი „ქართულ ოცნებას“ დაუთმო (58 პროცენტი)”.  

ალბათ, ამ პროცენტების გამო კიდევ უფრო ხმამაღლა ცდილობდა საგანგებო ეთერის წამყვანი არხის პოზიციის დაცვას: “ეს არის თავისუფალი არხი, ერთმნიშვნელოვნად, ევროპული ღირებულებების გამხმოვანებელი, ევროპული პლატფორმა, რომელიც ასე იქნება ყოველთვის და ეს არის მიზეზი იმის, რომ გარკვეული ჯგუფი, ფაქტია, ითხოვს ჩვენს სივრცეს, რომ ეს ასე არ იყოს“...  

„მოამბის“ საგანგებო ეთერში პირველი 5 წუთი ერთდაერთი, უწყვეტი საეთერო დრო იყო, როცა ანთროპოლოგმა, ირაკლი ფიფიამ საკუთარი ამბის მოყოლა შეძლო. ეტყობოდა, რომ გადაცემებში სტუმრობის დიდი გამოცდილება არ აქვს, რაც წამყვანმა კარგად გამოიყენა, არც რესპონდენტის კულტურა შეიმჩნია და არც მისი შემზარავი ამბავი. მას მიმდინარე გადაცემაში, მთელი საეთერო დროის მხოლოდ 7-8 წუთი დაეთმო, 1 საათისა 13 წუთის განმავლობაში. „ტაიმ კოდებისა“ და დროის დათვლის შთაგონება მარინე ჩიტაშვილის ზედმიწევნით ზუსტად ჩანიშნულმა დრომ მომცა და იმ „თავისუფალმა სივრცემ“, სადაც ადამიანებს საკუთარი აზრის გამოსახატად იძულებით მასპინძლობენ. 

15 დეკემბრის „მოამბის“ საგანგებო ეთერი ტყუილად მაინც არ ჩაივლის. თუ არხი მხოლოდ ტექნიკურად არ დაითვლის ბალანსს, მაუწყებელს ცარიელ შენობად არ დატოვებს და იმ ადამიანებსაც მოუსმენს, ვისი აზრიც არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება, მაშინ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მთავარ მისიას შეასრულებს - იქნება ხალხის ხმა და არა მთავრობის. 

და ვიდრე ასე არ არის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი საზეპიროსავით გაიმეორებს: „ეს არხი არის ისეთი თავისუფალი, როგორც არასდროს, არის ევროპული ინსტიტუცია... მენეჯმენტს რაც შეეხება, ამ მოცემულობაში,  როდესაც ეს აქციები მიმდინარეობდა, ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო...“ 

 
კატეგორია - ბლოგი


დისტოპიურ ნაწარმოებებში, სადაც დიქტატურის ანატომია და რეპრესიებია აღწერილი, ყოველთვის ჩნდება ერთი პერსონაჟი მაინც, პირობითად ბატონი ან ქალბატონი „გაუგებრობა“. ეს პერსონაჟი, როგორც წესი, ანტაგონისტად გვევლინება, მაგრამ მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ სულიერი მეტამორფოზა უნდა განიცადოს და გაკეთილშობილდეს. ავტორის თუ სამყაროს გადაწყვეტილებით, ის მაინც ბოლომდე რჩება რეჟიმის ერთგულ მსახურად. მაგალითად, ასეთია დეიდა ლიდია „მხევლის წიგნში“, ასეთია მოსამართლე ტოტალიტარული ირანის შესახებ დაწერილ დოკუმენტურ რომანში - „შვიდი ზამთარი თეირანში“. ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე მათგანი ჰუმანურ იმპულსს ავლენს, საბოლოოდ, რეჟიმის ერთგული რჩება. რეალურ სამყაროშიც ასეა, - ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებში „გაკეთილშობილების სინდრომი“ იმაზე იშვიათია, ვიდრე მსხვერპლს ჰგონია ხოლმე. 

2024 წლის 28 ნოემბრის დილის 2 საათიდან 30 ნოემბრის დილამდე თბილისის ქუჩებში დატრიალებული ძალადობრივი ქაოსი დისტოპიური რომანის ან ფილმის აღწერას ჰგავს, - ბოროტი მდიდარი მმართველის მსახური შავი რობოტები ქვეყნის დასაცავად გამოსულ მოქალაქეებზე ნადირობდნენ. დარბევისას ორ ღამეში 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. მათ მიზანმიმართულად ურტყამდნენ, დევნიდნენ, ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმის შესრულებაში და ერთ-ერთ მათგანს, „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს სცემეს და დააპატიმრეს. მაგ ღამეს ოლიგარქის რეჟიმმა სამი წითელი ხაზი ერთდროულად გადაკვეთა: ოფიციალურად შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაცია, მიიღო შექება მსოფლიოს პირველი ტერორისტისგან, ვლადიმერ პუტინისგან და ტერორი მოუწყო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს. ესეც, ალბათ, ერთგვარი რეპეტიციაა რუსული კანონისა და რუსული მმართველობის მძლავრად ამოქმედებისთვის.

ამ ნადირობის დღეს ჩემთვის უაღრესად საინტერესო მაინც სამთავრობო მედიაორგანიზაციებში დასაქმებული ჟურნალისტების რეაქცია აღმოჩნდა, - ცოტა ბუნდოვანი, ცოტა ირონიული, ცოტა მოკრძალებული, ცოტა აროგანტული და ცოტაც ამაზრზენი. ყველაფერი ცოტ-ცოტა, საერთო ჯამში, კარგად გაწერილ პროპაგანდისტულ სტრატეგიას ქმნის. 

გულგრილი სოლიდარობის კამპანია გუშინ დილიდან დაიწყო, დაახლოებით 10:00 საათის შემდეგ, როცა ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურში მუშაობა განახლდა. შემდგომ ერთმანეთის მიყოლებით „იმედის“ რამდენიმე ჟურნალისტებმა კოლეგებისადმი „სოლიდარობის“ ნიშნად ერთმანეთის მსგავსი პოსტები გამოაქვეყნა. შინაარსი დაახლოებით ასეთია: „ვგმობ ორმხრივ ძალადობას“ და შემდეგ ტექსტი გრძელდება, რომ ჟურნალისტს აქვს თავისუფლად მუშაობის უფლება და ა.შ. ჩნდება კითხვა, რომელ ორმხრივ ძალადობაზეა საუბარი მშვიდობიანი აქციების დროს?! ვინ არის მოძალადე მეორე მხარეს?! სად იდგა მოძალადე, რომელსაც „მეორე მხარედ“ მოიხსენიებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი?!

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანებს აქვთ უფლება, გამართონ მანიფესტაციები, დემონსტრაციები და არავინ დაისაჯოს, რადგან მთავრობისგან მრავალჯერ უგულვებელყოფილი კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს. იმ ღამითაც, ისევე როგორც წინა თვეებში, რუსთაველზე მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა. შესაბამისად, ოდნავი ბრალეულობაც კი არ არსებობს რომელიმე ნაცემი აქტივისტის ან ჟურნალისტისა, არ არსებობს პოლიციაზე ფიზიკური ძალადობის მტკიცებულებები, კადრები, ჩანაწერები, მაგრამ რეჟიმის სახედ ქცეული პროპაგანდისტებისთვის ეს ძალადობა მაინც „ორმხრივია“. მათთვის ტოლობის ნიშანი ზის დაპატიმრებულ ჟურნალისტსა და პოლიციელს შორის, ნაცემ ჟურნალისტსა და იმ სპეცრაზმელს შორის, რომელიც გამეტებით ურტყამს გურამ როგავას, აკა ზარქუას და შენობებში უვარდება დამალულ აქტივისტებს. 

ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და ნუ ვიფიქრებთ, რომ „ორმხრივი ძალადობის“ შესახებ გზავნილი შემთხვევითია. შემთხვევითში სამსახურის დაკარგვის შიშს არ ვგულისხმობ. რეალურად, ეს „ორმხრივი ძალადობა“ და ბუნდოვანება ძალადობის შესახებ, ძალადობის ზოგადი გმობა სამთავრობო მედიის ჟურნალისტების მხრიდან, პროპაგანდის ნაწილია. მათი მიზანია, აუდიტორია დაარწმუნონ, რომ „უსამშობლოების“ (როგორც აქციის მონაწილეებს უწოდებენ ხოლმე) მიმართ ჩადენილი ძალადობა პროპორციული ძალის გამოყენებაა, რომ სპეცრაზმელები იძულებულები არიან ამგვარი “მცირე გადაცდომით” დაიცვან სამშობლო, - ის სამშობლო, რომელიც მათი თქმით, დასავლეთმა „ომში უნდა ჩაითრიოს“ აქციების საშუალებით. რამდენადაც არარეალურად არ უნდა ჟღერდეს, გულგრილი სოლიდარობაც „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივზე აგებული სიცრუის ნაწილია.   

სამთავრობო მედიის ამ გულგრილ სოლიდარობაზე 2022 წლის მარტი-აპრილის რუსული ქრონიკები მახსენდება. სწორედ კრემლის პროპაგანდის ნაწილი იყო, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად, სხვადასხვა რუსი პროპაგანდისტის გზავნილი უკრაინელების მისამართით. ისინი ცდილობდნენ, უკრაინის მოსახლეობა დაერწმუნებინათ, რომ სინამდვილეში “მოძმე ერების გაერთიანების სპეცოპერაცია” მიმდინარეობს. კრემლის პროპაგანდის ცინიზმიც ამაშია, - როცა ბუჩაში რუსული არმია 14-15 წლის გოგოებს აუპატიურებდა, ხოლო რუსული ავიაცია უკრაინის ქალაქებს ბომბავდა, კოლექტიური მარგარიტა სიმონიანები „კეთილ“ მიზნებზე, „დიდი რუსეთის“ გამთლიანებასა და კეთილდღეობაზე საუბრობდნენ. 

29 ნოემბრის ღამის სისხლისღვრისადმი გულგრილობაში „იმედის“ ჟურნალისტები მარტო არ არიან. მათ გვერდით დგას დანარჩენი სამთავრობო მედიის ლეგიონი მცირედი განსხვავებით. “პოსტივის”, “რუსთავის 2”-ისა და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების უმრავლესობა მდუმარედაა (მხოლოდ რამდენიმეს ეყო გამბედაობა, დაეგმო სპეცრაზმის სიმხეცე). მათი დუმილი დაშავებული ყოფილი თანამშრომლების და მოქმედი კოლეგების შელახულ უფლებებზე ზედმეტად ხმამაღლა ისმის. ცარიელია მათი facebook-ის გვერდები, ცარიელია სივრცე, რომელიც სწორედ ჟურნალისტების პროტესტს უნდა შეევსო. ეს „ქართულმა ოცნებამაც“ შესანიშნავად იცის. იცის, რომ ოლიგარქისა და ბიუჯეტის ფულზე დამოკიდებულ მედიაში დასაქმებული ადამიანები ხმის ამოღებას ვერ და არ გაბედავენ. ამიტომაც მათ შეუძლიათ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ინკვიზიცია მოუწყონ იმის იმედით, რომ სამთავრობო მედია-კლანიდან არავინ უსაყვედურებს, არავინ აუჯანყდება. 

არადა მორალურად გაუმართლებელია, გესმოდეს პატარა გოგოების ტირილი კადრებში და დუმდე; დანაშაულია, ხედავდე როგორ ურტყამენ წიხლებს წაქცეულ აქტივისტებს, როგორ წევს სასწრაფოს მანქანაში დასისხლიანებული მარიამ გაფრინდაშვილი („ტვ პირველი“), როგორ ეხვეწება პოლიციელს ნინო წვერავა („სტუდია მონიტორი“), არ დააგოროს კიბეებზე, როგორ უხსნის აკა ზარქუა („რეალ პოლიტიკა“) ათამდე სპეცრაზმელს არ სცემონ, რადგან ჟურნალისტია და მოვლენებს აშუქებს, შენ კი, სამთავრობო მედიის პროპაგანდისტმა, ხელფასის შესანარჩუნებლად მდუმარება შეინარჩუნო… ახლა დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია!

დასაწყისში დისტოპიური რომანების ანტაგონისტებიც თვალსაჩინოებისთვის ვახსენე. გაზაფხულის აქციებიდან დღემდე მქონდა განცდა, რომ ჟურნალისტების ნაწილი სამთავრობო მედიას პროტესტით დატოვებდა. ახლა კიდევ უფრო ნათლად ვაცნობიერებ, რამდენად ინფანტილური ყოფილა ჩემი მოლოდინი. 

მთელ იმ ორი ღამის ქაოსში კი, ყველაზე სევდიანი რამ აქციაზე ნაცემმა და ძალიან ღირსეულმა ჟურნალისტმა, გურამ როგავამ (ტელეკომპანია ფორმულა) თქვა: „მე არ მაინტერესებს ის ნიღბიანი ვინ არის, საერთოდ არ ვბრაზდები მაგ ნიღბიანზე, გულწრფელად. ის არ იყო სპეცრაზმელი. იცი, მე ვინ მცემა დღეს იქ, ვინ ჩამარტყა?! ირაკლი ჩიხლაძემ, „იმედის“ ჟურნალისტმა, ჩემი ბავშვობის მეგობარმა... მე მცემეს დღეს და გონება დამაკარგვინეს იქ პირველი არხის თანამშრომლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემი მეგობრები იყვნენ... მე იქ მცემა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა მცემეს დღეს მე იქ”.  

 
კატეგორია - ბლოგი


„არჩევნების შემდეგ თვითრეფლექსიის დრო დადგა და ერთგვარ ტენდენციად იქცა საკუთარ შეცდომებზე ფიქრი და საუბარიც, რაც ცალსახად მისასალმებელია. კრიტიკა ისმის როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე ოპოზიციურად განწყობილი მედიის მისამართითაც. ჩვენც ვცადოთ სატელევიზიო მედიის კრიტიკა”, - ასე იწყებოდა ჩემი ბლოგი, რომლის წერაც გუშინ დავიწყე და დღეს უნდა დამესრულებინა. შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა. 

ექსტრემალურ სიტუაციებში სამთავრობო არხების ყურება უკვე პროფესიად მექცა, ყველაზე აქტიურად კი მაინც საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი ვარ, როგორც ამ ინსტიტუციის გულშემატკივარი. 

გუშინ, საღამოს, 20:00 საათზე მაკა ცინცაძის „აქტუალური თემა“ დაიწყო, სადაც ერთი საათის განმავლობაში მაყურებელს ტვინს არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ურეცხავდა. ამის შემდეგ „პირველმა არხმა“ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან კადრების ჩვენება დაიწყო. „მოამბის“ კარგად გაწვრთნილმა ოპერატორმა კარგად იცის, რა გადაიღოს: დატეხილი ქვები, აგრესიული მომიტინგე, უწმაწური ჟესტები და ა.შ.

 

მან იცის, რომ საკუთარი კამერის ობიექტივი შსს-ის ძალების მხრიდან გამოყენებულ ძალას შეძლებისდაგვარად უნდა მოარიდოს. ამ კარგად გაწვრთნილმა პარტიის მუშაკმა მისთვის უცნაურად ჩაცმული ქალიც შენიშნა და გარშემო დიდხანს უტრიალებდა, რომ მაყურებლისთვის კარგად ეჩვენებინა - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ლგბტქ თემის წევრები აპროტესტებენო. 

ეს ამორალური მედიასაშუალება, რომელიც ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, თავდაპირველად მხოლოდ ჭიჭინაძის ქუჩის პერიმეტრს აჩვენებდა, რადგან იქ დაძაბული მდგომარეობა იყო, შემდეგ ქვის ნატეხების „დევნა“ დაიწყო. საპროტესტო აქციის კომენტატორი თავად მაკა ცინცაძე იყო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ხშირად გვიკითხავდა და გვაფრთხილებდა, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას შსს-ს მხრიდან პასუხი გაეცემოდა. დროდადრო გვაცნობდა მამუკა მდინარაძისა და სხვათა განცხადებებს, მოგვიანებით სტუდიაში სატელეფონი ჩართვით შემოიყვანეს „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც: გივი მიქანაძე, სოზარ სუბარი, გიორგი ვოლსკი. 

მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა სატელევიზიო არხის მეშვეობით ჩვენ ვუყურებდით უმძიმეს სურათს. მათ შორის, თვალს ვადევნებდით კადრებს, როგორ ხდებოდნენ მედიის წარმომადგენლები შავებში ჩაცმული სადამსჯელო რაზმის ძალადობის მსხვერპლნი, მაგრამ ამაზე ყურადღებას არ ამახვილებდა არც ერთი სამთავრობო ტელევიზია და მათ შორის არც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. 

ათობით ჟურნალისტი დაშავდა ჩვენ თვალწინ. სასტიკად სცემეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ გურამ როგავას, სცემეს სახისა და თავის არეში. გაიტაცეს და დააპატიმრეს „პუბლიკას“ ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი. პირდაპირ ეთერში სცემეს და ძირს დააგდეს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი, დავით ცაგარელი. ამ ყველაფერს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს, მაგრამ ამ ყველაფრის შესახებ 29 ნოემბრის ღამეს საკუთარ ვებგვერდზეც კი, ინფორმაცია არც ერთ სამთავრობო ტელევიზიას არ გაუვრცელებია. ჟურნალისტმა თაზო კუპრეიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე იმ ახალი ამბების ჩამონათვალიც გამოაქვეყნა, რომელიც „პირველმა არხმა“ გამოაქვეყნა. ცხადია, აბსოლუტურად იდენტური მდგომარეობაა სხვა სამთავრობო ტელევიზიების ვებგვერდებზეც. 

„რუსთავი 2“-მა ინფორმაცია რამდენიმე დაშავებული ჟურნალისტის შესახებ მხოლოდ დილის 8 საათსა და 15 წუთზე გამოაქვეყნა. მანამდე კი, მათი ახალი ამბების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 

ცხადია, გადამოწმებას არ საჭიროებდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ წამყვანი პროპაგანდისტების ახალი ამბების სექციას მაინც გადავხედე. „იმედმა“ 29 ნოემბრის 14:30-ზე ამგვარი ინფორმაცია გაავრცელა: „ჯანდაცვის სამინისტრო: აქციაზე დაშავებულთა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“.

უნდობლობის შემთხვევაში იმედი არქივი შეგიძლიათ, თავადაც გადაამოწმოთ. მედიად წოდებულ POSTV-ზეც ცხადია, ქვებს მხოლოდ მანიფესტანტები ისროდნენ. სინამდვილეში კი, სურათი ამგვარია: 

ფოტოზე: დაშავებული ჟურნალისტები ალექსანდრე ქეშელაშვილი და გურამ როგავა

ბოლოს ისევ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ შესახებ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მისი აი, ამ კოლეგების სახელს არ ახსენებს, მაგრამ დილის 06:17-ზე აქვეყნებს მასალას სახელწოდებით: „პირველი არხის ჟურნალისტს აქციაზე აგრესიულად განწყობილი ჯგუფი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლის“. 

ძალიან რთულია ამგვარი სურათის, ასეთი გახრწნილი და ამორალური ტელემედიის აკადემიური ენით შეფასება, ამიტომ დასკვნები და ეს შეფასებაც თქვენთვის მომინდია. მე კი ამ ტექსტის დასაწყისს დავუბრუნდები და ვიტყვი: ცხადია, დღეს აღარ დაიწერება ის ტექსტი, სადაც საკუთარ და სხვა ჩვენი კოლეგების შეცდომებს გავაანალიზებთ, შევაფასებთ და მათზე ღიად ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენ სწორედ ეს განგვასხვავებს ძალაუფლებას დამონებული „ჟურნალისტებისგან“ - თვითრეფლექსიისა და თვითკრიტიკის უნარი. 

 
კატეგორია - ბლოგი

 „გასათელი სახე ყოველთვის მოიძებნება“

   ჯორჯ ორუელი „1984“

“იმედის” ფეისბუქ გვერდზე შესულ მომხმარებელს პლატფორმა აფრთხილებს, რომ ეს გვერდი სისტემატიურად ავრცელებს ყალბ ინფორმაციას. თავად “იმედმა”, რა თქმა უნდა, ამჯერადაც თითი არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ გაიშვირა და სიუჟეტში გამოაცხადა, რომ უბრალოდ მტრები ჰყავს, რომლებიც რეიტინგისა და სანდოობის გამო ებრძვიან ტელევიზიას. ანუ, შურთ „იმედის“. 

“იმედის” ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ 5 წლის წინ ნახეს, მათ მიერ აგორებული ზიზღის კამპანიის გამო, ჯერ როგორ დაიჭირეს უდანაშაულო ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩევა, შემდეგ  როგორ დახვდნენ „გამწარებული მოქალაქეები“ ივერი მელაშვილს მარკეტში და შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს იყო ხაზი, რომლის გადალახვის მერეც უკვე წყნარად შეძლეს ემტკიცებინათ, რომ ომი მშვიდობაა, ბნელი ნათელია, სიმართლე კი ისაა, რასაც პარტია იტყვის. 

“იმედი” არამარტო ყალბ ინფორმაციას, არამედ ყალბ იმედს, ყალბ პოზიტივს, ყალბ წარსულს, აწმყოს და მომავალს ავრცელებს და ჩვენც გვაქვს ყალბი იმედი, რომ ამ ტელევიზიაში დარჩენილ რომელიმე ჟურნალისტს ოდესმე შერცხვება თუნდაც მათ გამო დაჭერილი ახალგაზრდების, ამხელს  და დატოვებს „მონსტრების კორპორაციას“.

მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია პარლამენტიც, “ოცნებაც” და ტელეკომპანია “იმედიც” საგულდაგულოდ გაიწმინდა. ბიძინა ივანიშვილმა ნელა, მოთმინებით და თანმიმდევრულად გამოიყვანა უკვე “სპეც-ქოცი”, რომელიც მხოლოდ მაშინ დატოვებს ბრძოლის ველს, თუ პატრონი დაეცემა. ამას თავად ”ტევე-იმედი”, ალბათ, ჯერ გამარჯვებას დაუძახებდა, მოგვიანებით კი, სისტემის შიგნიდან ნგრევას. 

სამივე პროპაგანდისტული ტელევიზია და შიგადაშიგ ოდნავ მორცხვი “საზოგადოებრივი მაუწყებელიც” ყოველდღე უმეორებს მაყურებელს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არ იქნება, საქართველოში ომი დაიწყება და ყველაფერი ჩამოინგრევა. თუმცა, “იმედს” აპოკალიპტური ექსპერტიზის მერე, იქვე ნაზად “რუსთავი 2” შეეხიდება და მხიარულად გვამცნობს, რომ ზესტაფონში წყვილს 23-წლიანი ლოდინის მერე შვილი შეეძინა. 

ალბათ, გადაწყვიტეს, რომ მოსახლეობის ძალიან დათრგუნვაც არ ივარგებს, ამიტომ შხამიან ქარდებს ხანდახან პოზიტივით გააზავებენ, სპორტულ და კულტურულ გამარჯვებებს კი ხელისუფლებას მიაწერენ, რომ ადამიანებს პაპუაშვილისა და ივანიშვილის დანახვაზე ცხოვრების ხალისი, თავად ივანიშვილსა და კალაძეს კი, ხელისუფლებაში ყოფნის ვადა მოემატოთ. 

როგორც ისტორია მეორდება, ასე მეორდება პროპაგანდაც. “იმედი” დღეს ზუსტად ისე უცვლის ადგილს მსხვერპლს და მოძალადეს, ომს და მშვიდობას, მოღალატეს და კარტოგრაფს, ღირსებას და უღირსობას, როგორც ამას საბჭოთა მედია აკეთებდა პარტიის დავალებით. მაგრამ, საბოლოო ჯამში, როგორც კი კონტექსტი შეიცვალა და მახინჯი საბჭოთა სისტემა ჩამოიშალა, ყველა გაზეთი „კომუნისტიც“ მას მიჰყვა, კომუნიზმის დიადი იდეაც და კომუნისტებიც, რომლებიც სულ ცოტა ხანში მართლმადიდებლები გახდნენ და საერთოდ აღარ ახსოვდათ, როგორ სჯიდნენ ადამიანებს სკოლაში წითელი კვერცხების მიტანისთვის. 

პროპაგანდის ინსტრუმენტარიუმს ახლა ინტერნეტი და სოციალური ქსელებიც დაემატა, სადაც ელვის სისწრაფით ვრცელდება დამონტაჟებული, გადაკეთებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი და სარკაზმგამოშიგნული ქარდები. ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს: „ეს მართლა თქვა?“; „ეს მართლა განაცხადა?“; „ძაღლს ხიზილალა მართლა აჭამა?“; „მართლა სამი ფილტვი აღმოაჩნდა?“ და ამის გარკვევაში გადის ძვირფასი დრო, რომელიც, რაც უფრო გადის, მით უფრო ავტოკრატების მოკავშირე ხდება. 

პროპაგანდისტული მედია მიყვება გეგმა - კლასიკას, რომლის მიხედვითაც:

  1. შეარჩიე დიადი მიზანი, ეს დიადი მიზანი ჩვენთან „ნაცები მობრუნების არდაშვება და ამის გამო სიცოცხლის გაწირვაა“.  ყველანაირი ტყუილი და დეზინფორმაცია მართლდება იმით, რომ სხვა შემთხვევაში „ნაცები მობრუნდებიან და ქუჩაში ხალხის ხვრეტას განაგრძობენ“.
  2. დააშინე მოსახლეობა ომით, რომელიც საქართველომ 2008-ში გამოიარა და მოსახლეობის მუდმივი რეტრავმატიზაციით ივანიშვილს დაეხმარე ორღობის ღობის გაფართოებაში ანუ შიდა ოკუპაციაში. 
  3. დაზაფრულ და დაშინებულ ადამიანს შეუქმენი ცრუ გმირები. დაპატიჟე ქალაქის მერი, პრემიერის როლის შემსრულებელი, პარლამენტის თავმჯდომარის როლის შემსრულებელი, მათი ძმაკაცი მამუკა და დაქალი წილოსანი. სახელმწიფო ინტერესების ღალატის, დასავლური კურსიდან გადახვევისა და რუსული ეკონომიკისთვის დახმარების გამო მათზე შესაძლოა, სანქციები გავრცელდეს, მაგრამ ეს როგორმე გაასაღე სამშობლოსთვის გაღებულ მსხვერპლად, რადგან დიახაც მონაა. დაბადებულა, რომ იყოს მონა და საქართველოს ედგას უღელი. მაყურებელს უნდა ეგონოს, რომ მათ სჯიან საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვისთვის. ისინი არიან ლიბერალური ფაშიზმის მსხვერპლნი.
  4. თუმცა, ხალხს მსხვერპლი არ უყვარს, მაქსიმუმ შეეცოდოს, ამიტომ გმირობაც საჭიროა. შესაბამისად, ჩვენმა გმირებმა აუცილებლად უნდა დაამარცხონ მოქმედი პრეზიდენტი, დასცინონ ციხეში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს, არ შეხვდნენ ევროპარლამენტარებს და ვაჟკაცურად გაუძლონ ევროკავშირის წნეხს. ასე თუ განაგრძეს, გლობალურ დათბობასთან ბრძოლაშიც დიდი წარმატებები ელოდებათ.
  5. არ გყოფნის მათი ქარიზმა? მოუხმე ავტორიტეტებს. ილია, ვაჟა, აკაკი.. ჯაბა სამუშიას ივანე ჯავახიშვილთან შედარებაც, სავარაუდოდ, ძალიან გართულდება. ზოგადად, ცოცხლებიდან რთულია ისეთის მოძებნა, ვინც “ქართული ოცნების” პოლიტიკის ან ბიძინა ივანიშვილის გეგმა-ორღობის გამო რეპუტაციას დაიზიანებს, მაგრამ თითო-ოროლა მომღერლის, სპორტსმენისა და მსახიობის მოძებნა მაინც შესაძლებელია. მეტი მუშაობა და ფულია უბრალოდ საჭირო.
  6. უნდა შექმნა კონსენსუსის ილუზია. ნებისმიერ შენით უკმაყოფილო შენიანსაც კი, უნდა ეგონოს, რომ ძალიან ბევრნი ხართ და მართლა ყოველი მეორე ქოცია. ამისათვისაა საჭირო ტროლ-ბოტები გამზადებული ტექსტებით, ჰაჰებით, გინებით, წყევლით. გადასხი დესანტი დამატენიანებლების, სოკოების, ბრძნული ფრაზების, სახალისო რეცეპტების და ჰოროსკოპების ჯგუფებში, სადაც დაუზარლად დაწერენ ყველა ფრაზისა და გასინჯული ტორტის ნაჭრის ფოტოს ქვეშ: „უფალმა დალოცოს ჩვენი მთავრობა“.
  7. ხანდახან ცრუგმირებს ცრუ ანტიგმირებიც უნდა დაუპირისპირო, მარტო მთავრობის გათეთრება არ შველის საქმეს, ოპოზიციის გაშავებაც საქმის ნაწილია. ამიტომ რომელიმე კუზანოვას უნდა შეაფასებინო პოლიტიკოსის კლიმაქსი, კუჭ-ნაწლავის სისტემა, არჩევნებისა და ორსულობის ტესტის მიმართება და ასე შემდეგ. 

ადამიანებით მანიპულირების მეთოდები უცვლელია, იცვლება მხოლოდ კონტექსტი და ჩვენც გვაქვს აწ უკვე გაპარტახებულ სიტყვად ქცეული იმედი, რომ მალე კონტექსტი დაამარცხებს ”იმედს”, რომელმაც საკუთარ ქვეყანას მომავალი წაართვა. 

კატეგორია - ბლოგი


ოთხშაბათს ვუყურე გოგა ხაინდრავას... ფილმს... ნუ, ფილმს კი არა, პროპაგანდისტულ იგავ-არაკებს „სიბრძნე სიცრუისა“, რომელშიც აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სიბრძნე და სიცრუე, რომელსაც ფაქტებად ასაღებს „ლე ხაინდრაო" და ტელეკომპანია „იმედი“. ამავე ტელეკომპანიის ეთერში ხაინდრავამ ისიც აღნიშნა, რომ ფილმი პორნოლიბერალიზმზეა. პრინციპში, როდესაც შენი ქვეყნის სამი ფორმალური (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო) და მეოთხე არაფორმალური ხელისუფლება (სახელისუფლებო მედია) ჯგუფურად „აუპატიურებს“ ლიბერალურ ღირებულებებს და დემოკრატიას, სხვა რა ასოციაცია უნდა დაგრჩეს თუ არა პორნოგრაფიის! 

ამ პროპაგანდისტული ფილმის მიზანი ერთია - გააშავოს დასავლეთი, ევროპა, არასამთავრობო სექტორი, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და გაათეთროს “რუსული ოცნება,” რომლისთვისაც „ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უცოდინრობა ძალაა“. აფხაზეთის ომზე ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის - „ოცნებების სასაფლაო“ რეჟისორი დღეს უკვე თამამად ასამარებს საქართველოს მოქალაქეების ოცნებებს - ახლო მომავალში გახდნენ ევროკავშირის და ნატო-ს წევრები. 


დასკვნა N1: „იმით, რაც პავლემ მითხრა პეტრეზე, პავლეზე უფრო მეტი გავიგე, ვიდრე პეტრეზე.”


რა გავიგეთ ამ ფილმით? ის, რომ ხაინდრავამ და მისმა სარედაქციო კოლეგიამ - ნათია ბერიძემ და ვატო შაქარაშვილმა (სხვებს ვერ ვიხსენებ) იციან მონტაჟის საფუძვლები და კინოს ისტორია. ეს რომ არა, აბა ასე კარგად როგორ გამოიყენებდნენ „კულეშოვის ეფექტს“. “კულეშოვის ეფექტი” იცით რა არის? აი, მონტაჟის ოსტატებმა რომ აიღონ და თქვენი ბედნიერი სახის გამომეტყველება დაუკავშირონ გარდაცვლილი ბავშვის კადრს და ასე შექმნან თქვენი უარყოფითი იმიჯი იმაზე მინიშნებით, რომ არ გაქვთ ემპათია და ხართ გულქვა ადამიანი. თავის დროზე რეჟისორმა ლევ კულეშოვმა ახლო ხედით გადაიღო მსახიობი მოზჟუხინის სახე და დაამონტაჟა ჯერ წვნიანით სავსე თეფშთან, შემდეგ კი ბავშვის კუბოსთან. ცხადია, ორივე შემთხვევაში იცვლებოდა კონტექსტიც და ქვეტექსტიც. 

ზუსტად ამას აკეთებს ხაინდრავა, როცა „რუსული კანონის“ მიღებით გაბრაზებული ადამიანების ქმედებას და კონტექსტიდან ამოგლეჯილ საჯარო გამოსვლებს ამონტაჟებს სასურველ კონტექსტში და იყენებს მედია ჩარჩოს (ფრეიმს) მაყურებლის განწყობების ჩამოსაყალიბებლად. გარე თვალისთვის ისე ჩანს, თითქოს მთელი ქვეყანა შეიშალა - უმიზეზოდ წვავენ ზონდერბრიგადებად ქცეული პოლიციის მანქანებს; ამსხვრევენ მინებს პარლამენტში; ესვრიან ქვებს სამართალდამცავებს; ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს. და არსად ჩანს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მთავარია, რომ მაყურებელი იწყებს მორალურ განსჯას, რაც არის ამ ფილმის მთავარი მიზანი. ხაინდრავამ მშვენივრად იცის, რომ ფრეიმინგი არის შერჩევითი რაკურსი და მისი ზემოქმედების ქვეშ გაუთვითცნობიერებული მაყურებელი ყოველთვის არაცნობიერ დონეზე ამუშავებს ამოფარებულ პროპაგანდას. ხაინდრავა იმდენჯერ ახსენებს ფილმში FARA-ს, რომ თავისი მაყურებელიც აშკარად ცხვრის ფარა ჰგონია - მორჩილი, დამყოლი, კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას მოკლებული ცხვრის ფარა, რომელიც ვერ დაინახავს ცხვრის ტყავში გახვეულ მანიპულატორ მგელს. ხაინდრავას მთელი ფილმი ერთი დიდი „კულეშოვის ეფექტია“ და მეტი არაფერი. 


დასკვნა N2: „თუ...მაშინ...“


თუ იბრძოლებთ თავისუფლებისთვის, მაშინ დაისჯებით.

თუ იბრძოლებთ დამოუკიდებლობისთვის, მაშინ დაისჯებით.

თუ მოინდომებთ ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ დაისჯებით.

თუ მოინდომებთ ნატოში გაწევრიანებას, მაშინ დაისჯებით.

თუ მოინდომებთ ოკუპაციის შეჩერებას, მაშინ დაისჯებით.

თუ მოინდომებთ ქვეყნის ოკუპირებული ნაწილის დაბრუნებას, მაშინ დაისჯებით.

თუ მოინდომებთ ენერგოდამოუკიდებლობას, მაშინ დაისჯებით.

თუ მოინდომებთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, მაშინ დაისჯებით.

ღმერთო, გვესროლე მეტეორი!

უკვე დაგავიწყდათ? „თუ... მაშინ...“ სერიოზული არგუმენტია, მით უმეტეს მაშინ, როცა თვალსაჩინოებისთვის „არა ომს!“ – „აირჩიე მშვიდობა“ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილია და პირდაპირ და ირიბი გზით გეუბნება შენ, დაშინებულ ამომრჩეველს, რომ „თუ შეცვლი“ ამ ტოქსიკურ რეალობას, „მაშინ დაისჯები“ უკრაინასავით. ხაინდრავას პროპაგანდისტული ფილმიც ამ გზავნილით სრულდება. უბრალოდ ხაინდრავა კაპიტულანტურ პოზიციას უწოდებს „სიბრძნის დასამაბს“.

„მართლა ძალიან მშურს უკრაინელების“, - ამბობს ერთ-ერთ დამონტაჟებულ კადრში ჩემი და, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და ეს კომენტარიც ამოგლეჯილია კონტექსტიდან, რადგან ნანკას „შურს“ უკრაინელების ბრძოლისუნარიოანობის, თავისუფლებისადმი ლტოლვის, მიზანდასახულობის, ერთობის, ნებისყოფის, გამძლეობის... მაგრამ ამას ვერ გააგებინებ ხაინდრავას, რომელიც შემდეგ იგავს „საშური...“ იწყებს უკრაინის დაბომბვის, ნანგრევებად ქცეული ქვეყნის და უკრაინელი მებრძოლების ძმათა სასაფლაოს კადრებით. და მისი ლოგიკით, მაყურებელმა არ უნდა იკითხოს - ვინ ბომბავს უკრაინას ამ კადრში? რატომ ბომბავენ? ვინ არის ამ კადრში მსხვერპლი და ვინ არის ბოროტმოქმედი? ბრავო. აპლოდისმენტები.


დასკვნა N3: “რაც მეტჯერ გაიმეორებ ტყუილს, მას უფრო მეტი აღიქვამს სიმართლედ.“

 
„უნდა ავკრძალოთ ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენს რაიონში“, —  ჰპირდებოდნენ კასპელებს “ქართული ოცნების” კანდიდატები. მერე რა, რომ ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით ისედაც აკრძალულია. დავპირდეთ, ჩვენი რა მიდის. აბა, ბიჭო, გლეხი წელში ვერ მოხრილა ყანაში ამათი შიშით - საიდან ჩამოჰკრავს მოულოდნელად უბედურების ზარი, არავინ იცის… ხომ გსმენიათ ფენტეზის ჟანრის სტატისტიკა - “ადრე ერთ მამაკაცზე 3-4 ქალი მოდიოდა”, ჰოდა, ახლა ერთ მამაკაცზე 3-4 გეი მოდის! მააშ! მარტო კასპი კი არ არის ამ დღეში! აბაა! სხვათა შორის, ხაინდრავა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთის „გაშავებას“ და დისკრედიტაციას რომ ცდილობს ამ თავის ფილმში - აქაოდა, როთი ჰომოსექსუალია და მის სიტყვას არ აქვს ფასი ქრისტიანი, მართლმადიდებელი საზოგადოებისთვისო, ალბათ, ახსოვს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი პორნოსაიტის PornHub-ის 2017 და 2022 წლის სტატისტიკის თანახმად, საქართველოდან შემოსული მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ლესბოსელების შესახებ გადაღებულ პორნოფილმებს. შემზარავი რეალობაა! ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ძუძუში რძე ჩამიდგა! ხაინდრავასთვის და ტელეკომპანია „იმედისთვის“, რომლის ეთერშიც დიდი ზარ-ზეიმით გავიდა ხაინდრავას ფილმი, ქვეყანაში კრიტიკული აზროვნება დეფიციტშია. სხვანაირად ვერ ვხსნი ამათ ლოგიკას, როგორ შეიძლება თან იმას ქადაგებდე, რომ „ევროპა გაპიდარასტებს“ და თან იმას ჰპირდებოდე დაშინებულ მაყურებელს და მოსახლეობას, რომ „2030 წელს მაინც შევალთ ევროკავშირში!“, თანაც „ღირსებით“. თან რომელ ევროკავშირში იცით? აი, გულმოდგინედ რომ აშავებენ ფერადი პასაჟებით, რომელშიც ჩანს საფრანგეთში 2024 წელს ჩატარებული ოლიმპიადის პერფორმანსი, სადაც აშკარად არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები მონაწილეობენ. და ეს არის ფილმის ავტორებისთვის „კოლექტიური დასავლეთი“, რომელიც შეუთავსებელია ქართველების ღირებულებებთან. არადა ამ შემთხვევაშიც ხაინდრავა და ტელეკომპანია „იმედიც“ ფსონს კრიტიკული აზროვნების დეფიციტზე აკეთებენ, რადგან იმედოვნებენ, რომ მაყურებელი ჩაყლაპავს ამ სალაფავს და ცხვრის მორჩილებით ირწმუნებს პროპაგანდას. არადა ევროკავშირის წევრები არიან მართლმადიდებლური სამყაროს ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნები, როგორიცაა: საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ბულგარეთი. ევროკავშირში გაწევრიანებას ზემოაღნიშნული ქვეყნების მართლმადიდებელი მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნიათ. არცერთი არ „გაპიდარასტებულა“. მეტიც, ევროკავშირის სულ მცირე 10 ქვეყანაში (პოლონეთი, ბულგარეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი, ხორვატია, უნგრეთი, იტალია) არ არის დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ინერვიულოს ხაინდრავამ და თითიდან გამოწოვოს ხელოვნური პრობლემები და არარსებული საფრთხეები. მთავარი ამოცანაც ხომ ის აქვს, რომ დეზორიენტირებულმა მაყურებელმა სხვა მიმართულებით წარმართოს დაგროვილი აგრესია.


დასკვნა N4: “ძაღლი შინ არ ვარგოდაო - სანადიროდ გარბოდაო.” 


ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! ალბათ, კი - ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველო მხოლოდ 91-ე ადგილზეა. ოკუპანტი ქვეყანა, ხაინდრავას მიერ გაკრიტიკებული და გაქილიკებული დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსეთიც კი გვისწრებს ბედნიერების მაჩვენებლით. თუმცა, „არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვის თვალში ბეწვს ამჩნევენ და საკუთარში დირეს ვერ აღიქვამენ...“, - აღნიშნა ერთხელ კრიტიკულად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მიხეილ სარჯველაძემ და ალბათ, გოგა ხაინდრავა იგულისხმა, რომელიც ხედავს სხვა ქვეყნების მცირე ნაკლსაც კი, მაგრამ საქართველოში ასი ქარხნის გუგუნი და ეკონომიკის დუღილი არ აძლევს საშუალებას კონცენტრირდეს რეალურ პრობლემებზე. 

არადა, რამდენი ფილმის სიუჟეტი შეიძლება ამოიკითხო ამ ტრაგედიაში ნიჭიერმა რეჟისორმა: 2023 წლის სექტემბერში, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა, მოქმედმა პოლიციელმა, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, ყოფილი მეუღლე და სიდედრი იარაღიდან გასროლით მოკლა. დაუსრულებელი სერიალის სიუჟეტსაც კი მივცემ ხაინდრავას იმისთვის, რომ მოყვეს კონკრეტული ადამიანების ისტორიები: 

2014-2018 წლებში საქართველოში 135 ქალი მოკლეს!

2019 წელს საქართველოში 22 ქალი მოკლეს!

2020 წელს საქართველოში 27 ქალი მოკლეს!

2021 წელს საქართველოში 31 ქალი მოკლეს!

2022 წლის მხოლოდ 6 თვეში მოკლეს 23 ქალი!

2023 წელს, მხოლოდ 6 თვეში მოკლეს 13 ქალი!

2024 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში რვა ქალი მოკლეს

ქალებს კლავენ ქმრები!

ქალებს კლავენ ყოფილი ქმრები!

ქალებს კლავენ ყოფილი პარტნიორები!

კლავენ საჯაროდ და ხმაურით - ქუჩაში და ავტობუსებში!

კლავენ ჩუმად და ბავშვების თვალწინ!

და ამაზე ფილმსაც არავინ იღებს!

ხაინდრავა თავისი ფილმის ფინალში გველაპარაკება „ოჯახის სინწმინდის დღეზე“. მაგრამ მე რაღაც დამაკლდა ტიტრებში. მეტი დამაჯერებლობისთვის დავურთავდი ამონარიდს: “2009 წელს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ჩატარებული ეროვნული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 52.1%-ის აზრით, თუ მამაკაცი მეუღლეს ცუდად ექცევა, ოჯახის სხვა წევრები არ უნდა ჩაერიონ; ხოლო 30.7%-ის აზრით, ოჯახში ძალადობა პირადული საკითხია და დაუშვებელია მასში კანონის ჩარევა. 34.1%-ი გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს ქმრის მიერ ცოლის ცემას. 50.7%-ის აზრით კი, კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება; 44.9%-ის აზრით, აუცილებელია მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს კარგად დაანახოს, ვინ არის ოჯახის უფროსი…”

მაგრამ მართლმადიდებელ და კონსერვატიულ საქართველოში ყველა ბოროტების საფუძველი ხომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებშია, რომლებზეც ამახვილებს ყურადღებას თავის პროპაგანდისტულ ფილმში ხაინდრავა. აბა რა, აბა რა. 

 
კატეგორია - ბლოგი



მთავარი, რაც პოსტსაარჩევნო კონტექსტში მნიშვნელოვნად მეჩვენება, ეს არის სახელისუფლებო მედიის და განსაკუთრებით, „იმედის“ კარგად დაზეთილი პროპაგანდისტული მანქანის არსებობა, რომელიც წლების განმავლობაში გამართულად სწორედ ხელისუფლების მესიჯებითა და იდეოლოგიით მუშაობს. ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი და ასევე „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი მესაკუთრე, ირაკლი რუხაძე არც მალავს კავშირს ხელისუფლებასთან და „იმედის კვირის“ ბოლო გადაცემაში გასულ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს: 

„სანამ სააკაშვილი და სანამ ეს ოპოზიცია არსებობს (და იმედი მაქვს, ოპოზიცია და მათი ქართველი დამფინანსებლები და უცხოელი „წყემსები“ ვერ დაბრუნდებიან), ჩვენ არა გვაქვს უფლება მოვდუნდეთ. იმიტომ, რომ ეს ხალხი თუ მობრუნდა, ისევ მოაწყობენ ახალ 7 ნოემბერს და ისევ ტელევიზიებს დახურავენ. ეს არის „იმედის“ აბსოლუტური ამოცანა - არ მოვდუნდეთ და ეს ხალხი არ მოუშვათ ტელევიზიაში და ხელისუფლებაში“.

ბატონ რუხაძის იდეოლოგიურ  გზავნილს, შესაშური სინქრონულობითა და გაფუჭებულ-ჩახვეული მაგნიტოფონივით ეხმაურება პრემიერი ირაკლი კობახიძეც: „ცხადია, რომ „ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია, სინამდვილეში ერთიანი კოლექტიური ნაცმოძრაობის შემადგენელი ნაწილებია. ოთხივე მათგანი ერთია. ისინი გაკოტრების შიშით ეძებენ უცხოელ პატრონებს, რომელთაც პარტნიორებს უწოდებენ. მხოლოდ მაშინ შეიძლება შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს ოთხი, ვითომ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია ოპოზიციის ფლანგზე ჯანსაღი ძალებით ჩანაცვლდება. მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება“... 

და იქვე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუშვილი,  რომელიც თავისი შინნასწავლი ცინიზმით „იმედთან“ ამბობს:  „დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. შეიძლება ოპოზიციამ თავად აიკრძალოს თავი და ჩვენი გადაწყვეტილება სულაც არ დასჭირდეთ. ერთი დაპირება უკვე შევუსრულეთ ამომრჩეველს - ნაციონალური მოძრაობის დასუსტება. რაც შეეხება გაუქმებას, დაველოდოთ, შეიძლება თავი თვითონ გაიუქმონ“. 

„იმედის“ მთელი პროპაგანდისტული და კარგად აწყობილი  საინფორმაციო ველი - სუბიექტური და დამახინჯებული ნიუსებით, „იმედის კვირის“ მოზრდილი სიუჟეტებითა და „შესატყვისი“ სათაურებით („რადიკალების ტრაგიკომედია“, „დამარცხებულების აგონია“, „რადიკალების საბოტაჟი“, „ინსტრუქცია მარცხისათვის“), სინამდვილეში დიდი ხანია ემსახურება სწორედ ირაკლი რუხაძისა და სახელისუფლებო პარტიის ერთიან იდეოლოგიას - გააქრონ საკუთარი საინფორმაციო სივრციდან ამბები მრავალპოლუსიანი ოპოზიციური პარტიების შესახებ. თან რაც შეიძლება ხშირად გაიმეორონ, რომ ყველა პარტია სინამდვილეში ერთია, რომ ყველა „კოლექტიური ნაცია“!.. ცხადია, გამორიცხულია მათი დაშვება და მონაწილეობა „იმედის“ გადაცემებში, თოკ-შოუებსა და რაიმე ფორმით დებატებში. 

ეს თავისთავად ნიშნავს პოლარიზებული ტელემედიის არსებობას და ხელშეწყობას ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ბატონი რუხაძე ამის გამო არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს, მთავარია „ის ხალხი არ მოუშვათ ტელევიზიაში“! და ბუნებრივია, როცა სატელევიზიო სივრცეები ისეა დანაწილებული, რომ ყველა არხმა თუ ტელეკომპანიამ ზეპირად იცის არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების პოზიციები, მათი განწყობები თუ მხარდამჭერები, არამედ სამოქალაქო სექტორისა და უბრალოდ, აქტიური მოქალაქის პოზიციაც.

ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე წლებია არც მიდიან ოპოზიციურ ტელევიზიებში, ხოლო ოპოზიციას უბრალოდ, არ უშვებენ სახელისუფლებო მედიაში. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირება, ასევე მოქცეულია იდეოლოგიური წნეხის ქვეშ, რაც აისახება მის საინფორმაციო პოლიტიკასა და გადაცემებში. თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელის „ტრავმები და ფანტომები“ პოლიტიკურ კონტექსტში, ცალკე და საფუძვლიანი საუბრის თემაა...

ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილ სისტემაში, სადაც უფლებები და თავისუფლება შეზღუდულია, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის პასუხისმგებლობაც გამქრალია; თითქოს ის ბუნებრივადაც არ არსებობს. ხელისუფლებამ ინსტიქტურად უკვე იცის, რომ ტოტალიტარიზმი მედიის კონტროლისა და პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია და ამიტომ ცდილობს ოპოზიციის დისკურსი, მისი არსებობა საინფორმაციო სივრცის მიღმა დატოვოს, გაანადგუროს, ან „ჭორ-ნიუსებს“ მიუგდოს საჯიჯგნად. ამიტომაა, რომ ამ სიტუაციაში ოპოზიცია ვერ აიღებს პასუხისმბგებლობას საკუთარ შეცდომასა და ჩავარდნებზე... 

7 ნოემბერს შესრულდა 17 წელი „იმედის“ დარბევიდან და ცხადია, ტელეკომპანიამ „იმედის კვირაში“ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილ, ამ მართლაც გამოუსწორებელი ზიანის მქონე აქციას. თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილის დაარსებულმა და როგორღაც დამოუკიდებელი გზით მავალმა მედიამ ბოლოს დროს ისეთი ტრანსფორმაცია განიცადა, რომ ალბათ „მკვდარასაც კი გაეცინება“. მაგრამ როდესაც ბატონი რუხაძე პათეტიკურად ყვებოდა „იმედის“, როგორც დამოუკიდებელი მედიის ისტორიის შესახებ, დაავიწყდა ისიც ეთქვა, რომ როცა 2018 წელს მისი მფლობელი გახდა, იმ დროიდან „იმედი“ უბრალოდ სახელისუფლებო პროპაგანდის მთავარ მედროშედ იქცა.

რუხაძე ხშირად ახსენებდა სააკაშვილის, ადეიშვილის, ახალაიას თუ ბოკერიას გვარებს; სულ უნდა გვახსოვდეს 7 ნოემბერიო... მაგრამ არ გახსენებია სად იყვნენ და რომელ ხელისუფლებას ემსახურებოდნენ სწორედ მაშინ მამუკა მდინარაძე, შალვა პაპუაშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი  მიქანაძე, რომელიც მთლად ადეიშვილის მოადგილე იყო. არც ის უხსენებია, ვისი ფულით ნაყიდი ფორმები ეცვათ სპეცრაზმს, რომელიც დარბევაში მონაწილეობდა...არც იმ მიზეზების შესახებ უთქვამს, რატომ უჭერდნენ მხარს ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე მხარს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს!..კიდევ ბევრი რამე არ თქვა, ან დაავიწყდა.

„ეს უკვე გადაშლილი ფურცელია, მაგრამ ისტორიის გამეორების საფრთხე ყოველთვის არსებობს“ - დაამატა სიუჟეტის ავტორმა ჟურნალისტმა. ჰო, ნამდვილად არსებობს, თუ ხელისუფლება გაყალბებულ არჩევნებს დაიკანონებს, ერთპარტიულ პარლამენტს საკუთარ გასართობ კლუბად აქცევს, ხოლო ივანიშვილი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, ანუ ყველა ოპოზიციურ პარტიებს მოაშთობს და მერე მათ ხურდაში ოპოზიციურ მედიებსაც მიაყოლებს. თუმცა იმედია „იმედის“ ჟურნალისტის გაფრთხილება მხოლოდ ამ პროპაგანდის საარქივიო მასალად იქცევა და არა რეალობად.

ჩაროზად, მწერალ ელზა გურგენიძის „მარწყვის ტორტის“ შესახებ, რამაც ისე შეაძრწუნა „იმედის“ საინფორამციო სამსახური, რომ უნებლიედ ისტორიული ქარდი გამოაცხვეს: „მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას, რომელმაც თეთრიწყაროს რამდენიმე უბნის შედეგები გააბათილა, ცოლი მარწყვის ტორტის გამოცხობას შეჰპირდა. მოსამართლის ცოლი, ელზა გურგენიძე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია“.  

აი, ხო ნამდვილად დაუჯერებელია თავად ნიუსის შინაარსი და ლამის პაროდიას ჰგავს... არადა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 24-საათიანი განხილვის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი ხმის მიცემის ფარულობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები სადავო უბანზე, ძალაში დატოვა. 

მოკლედ, შესანიშნავი რომანის, „ზაოდის“ ავტორმა და „ოპოზიციის ატივისტმა“, ელზა გურგენიძემ (რომელსაც სხვათა შორის, „იმედმა“ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების აქციაზე ყოფნაც გაუხსენა), მარწყვის ტორტი ტყუილად გამოუცხო მოსამართლე ქმარს. სამაგიეროდ, ამ ტორტის სამართლებრივი და პროპაგანდისტული „გემოც“ და  მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას საქმეც, ისტორიაში ნამდვილად შევა.

 
კატეგორია - ბლოგი


წერა იმით რომ დავიწყო, რას აშავებს „იმედი“, როგორ არ იცავს მედიაეთიკას და სტანდარტს, როგორ იტყუება და შავზე თეთრს ამბობს. ან უფრო შორიდან რომ მოვყვე, რამხელა ძალა აქვს პროპაგანდას და რა ზიანს აყენებს ეს პროპაგანდა ქვეყანას, დიდხანს გამიგრძელდება და თანაც ეს სხვებს ჩემზე უკეთ შეუძლიათ. მე დავწერ ადამიანებზე.

„იმედის“ საინფორმაციოს ფბ ლაივებს ვუყურებ ხოლმე, ხან ცალკე სიუჟეტები ამომიხტება და ხან ნიუსები, ვერაფერს და არაფერს თვალს არ ვარიდებ. ჯიუტად ვკითხულობ ყველა ნიუსს, ვუსმენ წამყვანს და ჟურნალისტებს, რომლებსაც კარგად ვიცნობ და ნელ-ნელა გადამდის იმედგაცრუებაც და ბრაზიც.

ადრე სხვანაირად იყო.

ბოლო ოთხი წელია ვაკვირდები, როგორ იცვლებიან ადამიანები, ეცვლებათ ხმა, რიხი, გარეგნობა, ლექსიკა, სტილი. ვიხსენებ, როგორები იყვნენ ადრე, როცა ერთად ვმუშაობდით, შვებულებებს ერთად ვატარებდით, ღამის 12 საათზე დაბადების დღეებს ვულოცავდით ერთმანეთს, საერთო ჩატები გქონდა, შუაღამამდე ვგეგმავდით გადაცემებს სოციალურ თემებზე, ვმუშაობდით და გვიხაროდა ყველა კრიტიკული და კარგად გამოსული სიუჟეტი. რამ შეცვალა ადამიანები? თუ რამ შემცვალა მე.

„იმედზე“ კრიტიკული ფეისბუკ პოსტების გამო პერიოდულად ვიღებ შენიშნვას, რომ ჩემს მეგობრებს ვაკრიტიკებ, ჯერ თავს ვიმართლებდი, მერე აღარ ვპასუხობდი, ახლა აღარც მაინტერესებს.

თავიდან იმაზე ვფიქრობდი, რა იქნება, პირადად როცა შევხვდები? რას ვეტყვი? როგორ მივესალმები? აი, მაგალითად, საერთო ნათლულის ან ნაცნობის გამო რომ შევხვდეთ, რა იქნება მაგ დროს? ჯერ თავში ვალაგებდი ამ შეხვედრებს, ახლა აღარც ეგ მაინტერესებს.

იმიტომ რომ აგენტების კანონის გამო საპროტესტო აქციაზე გასულ ახლადნაოპერაციებ მამაჩემს „ჩემმა მეგობარმა“, რომელიც ჩემს ოჯახს იცნობს, რადიკალი უწოდა.

ჩემს დას, რომელიც სამოქალაქო სექტორიდან ქალების და სათემო ორგანიზაციების გაძლიერებაზე მუშაობს, „მეორე მეგობარი“ უცხოეთის აგენტს ეძახის.

ჩემს მეგობრებს, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს კრიტიკულ მედიაში და არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამო იდევნებოდნენ, მაშინდელ „იმედზე“ მომუშავე ჟურნალისტები „ნაცებს“ ეძახიან.

და ვხედავ ჩემს ყოფილ უფროსს, რომელიც ეთერში იტყუება, რომ ოპოზიციის ლიდერი მის მიერ დაგეგმილ შეკრებაზე არ მისულა.

ვუყურებ ჩემს „კოლეგებს,“ რომლებიც ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი გვაქვს, რადიკალებს გვეძახიან და ეთერში დაუმონტაჟებლად უშვებენ „ოცნების“ წევრებისა და „იმედის“ სტუმრების სიძულვილის გამავრცელებელ კომენტარებს.

ბოლო წლებია ვაკვირდები, როგორ ცვლის რეჟიმი მედიას და პასუხი არ მაქვს, როგორ იქცნენ ჟურნალისტები, ეს ადამიანები პროპაგანდის მთავარ გამტარებად. როდის შეწყვიტეს კრიტიკული აზროვნება. როდის დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ მათი პირით საუბარი და რას ფიქრობენ, მარტო რომ რჩებიან.

„იმედის“ დაწყებულმა „მშვიდობის კამპანიის“ პროპაგანდამ მოქალაქეების ნაწილს რუსების მოკლული თამაზ გინტური, გია ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი დაავიწყა.

რეჟიმი ამბობს, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველები არ არსებობენ. შესაბამისად, 13 აგვისტოს ზუგდიდში ხანძრის დროს გარდაცვლილ ექვსი წლის ტყუპებზე „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არაფერი უთქვამთ.

„იმედმა“ სახელისუფლებო წინასაარჩევნო კამპანიის - „გარეჯი საქართველოა“ გასამართლებლად ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე ათეულობით ცილისმწამებლური სიუჟეტი გააკეთა და მათ სამშობლოს მოღალატის იარლიყი მიაკერა, მაშინ როცა გავრილოვის მასპინძლებზე ერთი კრიტიკული სიტყვაც არ დასცდენია.

„იმედმა“ არ დაინდო ჩვენი კოლეგა ლექსო ლაშქარავას ხსოვნა.

და ახლა ჩვენ თვალწინ ახალი მსხვერპლი - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა ჰყავს და ვუყურებთ, საათში რამდენჯერ ავრცელებენ მასზე ყალბ ინფორმაციას. თან პრევენციულად აფრთხილებენ სხვა მოსამართლეებს, რა მოელით მათ, თუ „ოცნების“ გადაწყვეტილებებს არ დაემორჩილებიან.

ორ წელზე მეტია ვუყურებთ, როგორ აშუქებს „იმედი“ უკრაინის ომს და ვხედავთ, რომ მათი პოლიტიკა ერთი ერთში ემთხვევა რუსულ ნარატივს.

2024 წლის თებერვალში ბრიტანეთში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით (Institute for Strategic Dialogue (ISD), რუსული სამთავრობო მედია უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხ მნიშვნელოვან ხაზს ავითარებს: 1. მუდმივი აქცენტი იმაზე, რომ უკრაინა სათანადო სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას ვერ მიიღებს; 2. უწყვეტად მაუწყებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დისტანციის გაძლიერების საჭიროებაზე; 3. შეუზღუდავად აშუქებს კრემლთან დამეგობრებული ევროპული პარტიების აქტოვობებს და მათი არჩევნების შედეგებს; 4. ასევე, უწყვეტად საუბრობს და მაყურებელს თავს ახვევს მითს ევროპული ღირებულებების ორმაგ სტანდარტზე, განსაკუთრებით კონფლიქტების კონტექსტში.

რატომ ვუყურებ მაინც?

რომ ვნახო, როდის გამომაცხადებენ ჩემი ყოფილი მეგობრები უცხოეთის აგენტად, რადგან გერმანიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ.

როდის შეგვაპარებენ სამოქალაქო სექტორის, მათ შორის ჩემი დის, დაჭერისა და დასჯის ამბავს ჩემი ყოფილი მეგობრები.

როდემდე იქნებიან უკრაინის ომში რუსეთის მხარეს. როდის აჯობებენ რუსულ და ჩრდ. კორეულ მედიას. კიდევ რაზე წავლენ და რისთვის.

 
კატეგორია - ბლოგი

ქავერზე გამოყენებულია სქრინი „ქერის უბნიდან"



ყველაფერი ირაკლი ზარქუამ დაიწყო. 20 ოქტომბერს დაანონსებული აქციის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს” წინ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა “პატიოსან მოქალაქეებს” შეახსენა, რომ ვინც აქციაზე მივა “პრაიდის გვერდით, ლგბტ საზოგადოების წევრებთან ერთად” იდგებაო. “ამას ეთანხმებით? მაშინ, კი ბატონო, მიბრძანდით”-ო. ზარქუას მახვილგონივრული სიტყვები„1არხმა“,  „PosTV“-მა, „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“  აბსოლუტურად იდენტური ტექსტით შემოგვთავაზეს.

 

 



თავად დეპუტატის ეს მიგნება შემდეგ სამთავრობო მედიებმა აიტაცეს და დაიწყეს: “ენჯეოების და ოპოზიციის პრაიდი დასრულდა”, “რადიკალური ოპოზიციის პრაიდი”, “რადიკალური ოპოზიციის პრაიდის წამყვანი რატი ამაღლობელი იქნება”. პრაიდი, პრაიდმა, პრაიდს და ასე უსასრულოდ. და ა.შ. 

 

 


აქციის მიწურულს პირველი არხი აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ მარშს ძირითადად ოპოზიციური პარტიების აქტივისტები ესწრებოდნენ. იმედი მაყურებელს არწმუნებდა, რომ პარტიებმა თავიანთი მხარდამჭერები რეგიონებიდან ჩამოიყვანეს და საბოლოო ჯამში, სულ ეს არის იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ოპოზიციას 26 ოქტომბერს ხმას მისცემს. (მე მოგიწოდებთ, გაიხსენოთ და მომავალ მიტინგზეც ნახოთ, რეგიონიდან ჩამოყვანილ ათასობით ადამიანს რამდენი ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი სჭირდება, რომლებიც შემდეგ მანიფესტანტებს უკან წასაყვანად სანაპიროსა და მიმდებარე ქუჩებზე ელოდებიან .) რუსთავი 2”-მაც, ცხადია, მარშზე მისული ხალხი “ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებად” მოიხსენია და აქციაზე სიტყვით გამოსული საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ განცხადებაში ამხილა: “სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა სცენიდან და ოპოზიციის მხარდამჭერებს, რომელნიც თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან, მიმართა და უთხრა, რომ 26 ოქტომბერს მათ უნდა გააკეთონ არჩევანი”. “კურიერის” ჟურნალისტს, ლიკა ალელიშვილს ძალიან სურდა, რომ სალომე ზურაბიშვილს ღიად ეთქვა, ხმა ამას და ამას მიეცითო, ან „ქართულ ოცნებას“ არ მისცეთო, მაგრამ არ უთქვამს. ალელიშვილმა კი მაინც თქვა, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური განცხადება გააკეთაო.  

„ქართულმა ოცნებამ“ და მისი კონტროლის ქვეშ მყოფმა მედიებმა საკუთარ ოპონენტებს ყველანაირი პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიას თუ პროპაგანდას არ უპასუხო და მხოლოდ დასცინო. იმდენად დევალვირებულია „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული დისკურსი, რომ მათთან სერიოზულ დისკუსიაში შესასვლელად, დიდი ჯაფაა საჭირო. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მთელი მმართველი პარტია “დარდუბალას”  პერსონაჟად იქცა. იგივე ბედი ეწია თავად შალვა რამიშვილსაც.  

ამის დასტური არის ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს „იმედთან“ სერიოზულად, თითქმის, არავინ გამოხმაურებია. ივანიშვილი მის პოლიტიკურ კარიერას ისევ დედის როლსა და რძეზე საუბრით ასრულებს, რომელსაც 12 წლის შემდეგ მამის რძეც დაემატა. 2011 წლის 29 ოქტომბერს, ივანიშვილმა ეკა ბერიძესთან ინტერვიუში, ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, გვამცნო, რომ დედის როლის, ბიოლოგიური მშობიარობის მნიშვნელობაზე წიგნის დაწერას აპირებდა. 

მაშინ ერთ-ერთ ინტერვიუში ბიძინამ ისიც თქვა, რომ ამ სახელმწიფოს თითოეული წევრი, მიუხედავად მისი ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა, თანასწორი უფლებებით უნდა სარგებლობდესო, მაგრამ დღეს ასე აღარ ფიქრობს, რადგან მამაკაცის ძუძუშიც აღმოაჩინა რძე. 

ამიტომაც იყო, რომ გაზაფხულიდან მოყოლებული, სამთავრობო მედიები ცდილობდნენ, ლგბტ საკითხები მთავარ თემად ექციათ, პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ამ დებატებში ჩაეთრიათ და შემდეგ საკუთარი თავი ქვეყნის „გაგევებისგან“ მხსნელად წარმოეჩინათ. „პრაიდი, პრაიდმა, პრაიდს“, „ლგბტ პროპაგანდა, პროპაგანდას...“ ატრიალებენ უსასრულოდ, რომ როგორმე კრებსითი გუბაზ სანიკიძე გეების უფლებადამცველად გაასაღონ და შემდეგ სარფიანად გაყიდონ. იქნებ, ამან მაინც გადაარჩინოს ივანიშვილის ძალაუფლება. ცხადია, ეს ჰომოფობიური პროპაგანდა უფროს თაობაზე იყო გათვლილი, რომელსაც შეიძლება ჯერ ისევ სჯეროდეს, რომ სექსუალური იდენტობის შეცვლა ცისარტყელას დროშის ფრიალით არის შესაძლებელი. ამ ირაციონალურ და გაუცნობიერებელ ფობიებზე ცდილობს „ოცნება“, დააშენოს საკუთარი გამარჯვება, თორემ, სინამდვილეში, კარგად იცის, რომ არავითარი პროპაგანდა არ არსებობს და ეს ჰომოფობიური კამპანია დასავლეთის დისკრედიტაციისთვის არის წამოწყებული, ზუსტად ისე, როგორც რუსეთში - “ევროპა გვრყვნის!”

სწორედ ეს ახასიათებთ ძალაუფლების ხიბლში ჩაძირულ პოლიტიკურ ძალებს, ადეკვატურობას კარგავენ და რეალობას ვერ ხედავენ. ასე მოუვიდა “მოქალაქეთა კავშირსაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც”, რომელიც 2012 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების დროს, საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული ღამის 12 საათამდე იყო. იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნებში მონაწილე ძირითად ბირთვს როგორც წესი, შუახნის ასაკს გადაცილებული მოქალაქეები შეადგენენ, „ოცნება“ ვერ ხედავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ყველაზე მეტად ახალგაზრდა თაობა ემზადება, ახალგაზრდებს კი „გაგევების ზღაპრების“ არ სჯერათ.   

საბოლოოდ, ასეთი ტრაგიკომიკური სურათი მივიღეთ, „ქართული ოცნება“, რომელსაც ყველა ინსტიტუცია მისაკუთრებული აქვს, აბსოლუტური ძალაუფლების პირობებში ყველაზე კომიკურ და სასაცილო ადამიანთა ჯგუფად ჩამოყალიბდა. 

“დარდუბალას” შემქმნელები “დარდუბალას” პერსონაჟებად იქცნენ. თავად ბიძინა ივანიშვილი კი ქვეყნის მთავარ „დარდუბალად“. 

ავტორი, ნუგზარ მეტრეველი. 




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კატეგორია - ბლოგი


გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასა და ქვეყნის მმართველობის ავტორიტარულ სისტემაზე დაჩქარებულ გადაყვანას ვედავებით, კიდევ ერთი კრიტიკა, რომელიც საზოგადოებაში მის წინააღმდეგ არსებობს, ეს რეგრესული და ჩამორჩენილი პოლიტიკური დისკურსების გამოყენება და ზოგადად პოლიტიკური იდეოლოგიის წარმოებაა. გარდა იმისა, რომ ამ დისკურსებს, ის რუსული თუ უნგრული ავტორიტარიზმების იდელოგიების სიმულაციით აშენებს, ხელისუფლება რეანიმაციას უკეთებს 90-იან წლებში დომინანტურ, ჩამორჩენილ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ იდეებს, რომელიც გვეგონა, რომ თანდათანობით წარსულს ჩავაბარეთ. ამ დისკურსებს შორისაა: ჰომოფობია, არმენოფობია, ეთნო-ცენტრიზმი. ბოლო წლებში ამ იდეებს და აფექტებს აქტიურად სხვადასხვა მარგინალური პოლიტიკური, თუ ნახევრად პოლიტიკური ძალები იყენებდნენ (მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“, „ალტ-ინფო“, რადიკალიზებული კლერიკალური წრეები და ა.შ.) და გვეგონა, რომ ისინი ცენტრის, ძალაუფლების პოლიტიკურ ენაში აღარ დაბრუნდებოდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა და დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება “ალტ-ინფოზე ალტ-ინფოა,” ანუ ბნელზე ბნელია და მათი იდეების უფრო მასშტაბურ და მასობრივ გენერირებას ახდენს.  

ამ დისკურსებს შორის ყველაზე თვალშისაცემი და წამყვანი ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმია, რომელიც იმ წარმოსახვას და იდეას, თუ ვინ ვართ “ჩვენ ეს ხალხი”, ვინც სახელმწიფოს ვაშენებთ, კვლავ ეთნიკური და რელიგიური მარკერებით (ქართველები, მართმადიდებლები) აგებს და უარს ამბობს “ჩვენ”-ის გაგების უფრო ინკლუზიურ და პროგრესულ (მოქალაქეობის, თანასწორობის, მრავალფეროვნების) იდეებზე დაფუძნებაზე. 

წინასაარჩევნო კონტექსტში ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის ყველაზე უხეში გამოვლინება “ქართული ოცნების” რიტორიკაში “ენა, მამული, სარწმუნოების” სლოგანით დაიწყო. ეს სლოგანი ხელისუფლების რიტორიკაში გაჩნდა, როგორც პასუხი პროტესტში ჩართული ახალგაზრდების ფიცის ტექსტზე. ეს ფიცი “რუსული კანონის” წინააღმდეგ ორგანიზებული მრავალკვირიანი პროტესტის ერთ-ერთ დღეს დაიბადა, რომელშიც ქართველი მუსლიმებიც მონაწილეობდნენ და თანამონაწილეობის ამ სპონტანურმა გამოცდილებამ მოითხოვა ცნობილი ეროვნული და პოლიტიკური მანტრის რეფორმულირება, როგორც “ენა, მამული, ერთობა.” ამ ფიცის ტექსტს ხელისუფლებამ ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადა და მაშინ ქალაქი აჭრელდა “ქართული ოცნების” პოსტერებით, სამების ფოტოთი და წარწერით “მამული, ენა, სარწმუნოება”, სადაც სარწმუნოება, მხოლოდ მართლმადიდებლობას ნიშნავდა და ამდენად, გამორიცხავდა სხვა არამართლმადიდებელ მოქალაქეებს “ჩვენი” ერთობიდან და წარმოსახვიდან.   

ამის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში ხელისუფლებამ თავდაპირველად საუბარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე დაიწყო. ეს იდეა თავად ეკლესიამ არ მიიღო სასულიერო სფეროს სახელმწიფოსგან კონტროლის მაღალი რისკების გამო. ამის შემდეგ ხელისუფლებამ საქართველოს კონსტიტუციაში ქართული სახელმწიფოს დაფუძნებაში ეკლესიის მისიისა და განსაკუთრებული როლის ხაზგასმაზე დაიწყო საუბარი. ხელისუფლება ჯიუტად მოუწოდებდა საკუთარ ამომარჩეველს კიდევ ერთხელ მიეცა ხმა მისთვის, რათა ამგვარი იდეის კონსტიტუციონალიზებისთვის საჭირო უმრავლესობა ჰქონოდა. იმ ფონზე, როდესაც კონსტიტუციაში ისედაც არსებობს ჩანაწერი ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლის შესახებ და ეკლესიას ისედაც აქვს მინიჭებული მთელი რიგი პრეფერენციები და პრივილეგიები კონსტიტუციური შეთანხმებით, ახალი ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ბუნდოვანი დარჩა. თუმცა, ის აშკარად მიუთითებდა იმაზე, რომ ამ განცხადებით ხელისუფლება თანამედროვე, ანუ მოდერნული და სეკულარული სახელმწიფოს პარადიგმას ცვლიდა, რომელიც ქვემოდან, “ყველა მოქალაქის” თანხმობით ფუძნდება და რელიგიური და ეთნიკური მარკერები მის კონსტრუირებაში ნაკლებად უნდა პრევალირებდეს.  

თუმცა, აშკარა იყო, რომ სისტემა ამით არ გაჩერდებოდა და ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის გენერირებისთვის მას დასჭირდებოდა ახალი “სხვები”, რომელთა სიძულვილსა და განდევნაზე დააფუძნებდა ის საკუთარ თავს. 

თავდაპირველად ეს “სხვები” ლგბქტი ადამიანები აღმოჩნდნენ და მათი განდევნისთვის და დეჰუმანიზებისთვის ხელისუფლებამ ფაშისტური კანონი მიიღო, ე.წ. “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ.” ჩემი აზრით, ამ ინიციატიავამ ელექტორალურად არ იმუშავა, რადგან ჩვენმა მოქალაქეებმა ჭკუის სწავლება მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან, რომელთა ოჯახების ფარისევლობისა და კორუფციის შესახებ ჭორებით არის ქალაქები სავსე, მორალურად და ემოციურად არ მიიღეს. ოჯახებმა, რომლებსაც სიღარიბე, მიგრაცია, ძალადობა, პატრიარქატი ანგრევს, ძალიან კარგად იციან, რა სჭირდებათ სინამდვილეში დაცვისა და გადარჩენისთვის. და ეს ნამდვილად არ არის ლგბტი ადამიანებისთვის ადამიანობის ჩამორთმევა. რამდენიმე კვირის წინ კი, ცნობილი ტრანსგენდერი ქალის სასტიკმა მკვლელობამ აჩვენა, რომ ჰომო/ბი/ტრანსფობიის შედეგი მხოლოდ ძალადობა და სიკვდილია. ამ ტრაგედიამ გამოაფხიზლა საზოგადოება და მედიაში ჩვეულებრივი მოქალაქეებიც კი, კესარიას მეზობლები ალაპარაკდნენ და ტელევიზორებიდან ჰუმანიზმის გაკვეთილები ჩაუტარეს ხელისუფლებას. 

სხვების, უცხოების მონიშვნა ამით არ დასრულდებოდა. ეს კარგად ვიცოდით. ბოლო დღეების საჯარო განხილვების ანალიზი აჩვენებს, რომ ამჯერად ”სხვების” იერარქიები და საზღვრები ეთნიკურ უმცირესობებზე გავიდა. რამდენიმე დღის წინ “რუსთავი 2”-მა, რომელიც ბოლო წლებში ხელისუფლების პროპაგანდისტი ტელევიზია გახდა, ქალაქ რუსთავში „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრა ადგილობრივ აზერბაიჯანელ თემთან შეაფასა, როგორც შეხვედრა დიასპორასთან. თემის აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ არა ერთხელ გაკრიტიკებული მოსაზრება, რომ არ შეიძლება საქართველოში ისტორიულად მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები სხვა სახელმწიფოს დაუკავშირო და დიასპორად, ანუ ამ სხვა სახელმწიფოს საქართველოში წარმომადგენლად განიხილო, “რუსთავი 2”-მა ისევ ჯიუტად გაიმეორა და ამ დრომდე ბოდიშიც კი არ მოიხადა. 

მაგრამ უარესი შემთხვევა “პოსტივის” ხელისუფლების ყველაზე ბნელი და ამორალური ქვეცნობიერების მატერებელი ტელევეზიის მხრიდან დაფიქსირდა. „პოსტივის“ ჟურნალისტი ჯერ ერთ-ერთ პოლიტიკოსს მიეჭრა და ჰკითხე, თუ რატომ მალავდა და რცხვენოდა მისი სომხური წარმომავლობის. შემდეგ ტელევიზიამ ვრცელი სიუჟეტი ააწყო ამ პოლიტიკოსის ბიოგრაფიაზე, სადაც ვიდეომასალის ბოლოს, ერთი კაცი ერევნიდან ამტკიცებდა, რომ პოლიტიკოსი მისი ნათესავი იყო „დედის ხაზით“ და გასაჭირის დროს არ დაეხმარა. ეს შემთხვევა ბოლო წლებში არმენოფობიის პოლიტიკური გამოყენების ყველაზე ნათელი მაგალითია. 

არმენოფობიას ხანგძლივი ისტორია აქვს საქართველოში, ყველაზე ხშირად ის გავლენიანი ადამიანების დელეგიტიმაციისთვის გამოიყენება. არმენოფობიის საფუძველიც ხომ ისტორიულად ჩვენს დიდ ქალაქებში სომეხი თემის ეკონომიკური თუ კულტურული  გავლენები და მასთან დაკავშირებული უკმაყოფილებები გახდა. 90-იან წლებში ქართულ ინტილიგენციაში სწორედ არმენოფობიული ისტერია იყო ყველაზე ძლიერი. სომხის ამოცნობა კი არ იყო რთული, რადგან თუნდაც ძველ თბილისში მცხოვრები ოჯახების დიდი ნაწილი შერეული იყო. სომხებს და ქართველებს ბევრი საერთო კულტურული მახასიათებელი აქვს და ეს ჩვენს წინაპრებში არ იწვევდა გაუცხოებასა და სტერილიზაციის ინსტიქტებს. მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს 90-იანი წლები და იმ დროის რეპრესიული ქართული ნაციონალიზმი, რომელიც ჰომოგენიზაციის აგრესიულ იდეებზე იდგა და სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან ქვეყნის, ტერიტორიების, სხუელის გაწმენდის იდეებს პროპაგანდირებდა. მაშინ ბევრმა ეთნიკურმა ჯგუფმა დატოვა ქვეყანა. რთულ რეგიონებში კონფლიქტებიც მოხდა. ამავდროულად არა ერთმა ეთნიკურმა უმცირესობამ „ქართულ სხეულში“ ასიმილაცია გადაწყვიტა და საკუთარი იდენტობის მარკერების, სახელების, გვარების, რწმენის, ენის დათმობა მოუწია. ეს გამოცდილება, ჩემი აზრით, ჩვენი ისტორიული სირცხვილია და არსებითად ანტიქართული ფენომენიც. საერთო ქართული იდენტობა სწორედ შერევით, კულტურების გადაკვეთით იღებდა მის უნიკალურ ხასიათს.    

ბოლო წლებში, ალბათ, ყველას გვქონდა განცდა, რომ ამ წარსულთან გამიჯვნა მოვახერხეთ. მართალია ამაზე ღია საუბრის, სახელების დარქმევისა და შეთანხმების გარეშე, მაგრამ მაინც. ამ ტრანსფორმაციას ხელს არ უწყობდა განათლების სისტემა, არც კულტურის პოლიტიკა. უბრალოდ ტრავმამ, სირცხვილმა და გლობალურ ქსელებში მასობრივმა ჩართულობამ ბუნებრივად მოიტანა ცვლილებები საზოგადოებაში. ახლა კი აშკარაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მისი პროპაგანდის იარაღები გვაბრუნებენ წარსულში, სადაც არც ერთი გაგებით აღარ უნდა გვინდოდეს დაბრუნება.

რთულია იმის თქმა, თუ რა გრძელვადიანი გავლენა ექნება „ქართული ოცნების“ რეგრესულ და ბნელ პოლიტიკას ჩვენს საზოგადოებაზე. პროპაგანდის მეთოდურ მუშაობას საბოლოოდ ავისხლეტთ და დავივიწყებთ, თუ ის მაინც ღრმა კვალს დატოვებს ჩვენზე და რეგრესული დისკურსების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ანუ ჩაედინება ქვემოთ, გავა ოფიცილაური დისკურსის მიღმა და კიდევ უფრო აგრესიული და უკონტროლო სამოქალაქო პრაქტიკების და კონფლიქტების ნაწილი გახდება. 

მინდა მაინც დავიტოვო იმედი, რომ ის ხილული კონფლიქტი პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებას შორის, საბოლოოდ მორალური და ინტელექტუალური უპირატესობის მქონე საზოგადოების გამარჯვებით დასრულდება და ველური, რეგრესული პროპაგანდის სახადს ადვილად მოვიხდით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამარჯვებისთვის საჭიროა ჩვენს გამოცდილებაში დაგროვებული მანკიერი იდეების, გრძნობებისა და პრაქტიკების შესახებ ღიად ლაპარაკი. მნიშვნელოვანია, მას გავემიჯნოთ არა დუმილით, არამედ საუბრით და საბოლოო შეთანხმებებით. ამის გაკეთება პოლიტიკოსებმაც უნდა შეძლონ, ვიტყოდი პირველ რიგში პოლიტიკოსებმა უნდა შეძლონ. მათ შორის იმათმა, ვინც სისტემამ მიზანში ამოიღო.






ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კატეგორია - ბლოგი


„სხვათა შორის, თქვენ ახლა ხელში გიჭირავთ ფლაიერი, ხომ, სადაც აღწერილია ყველა ის გეგმა, რომლის განხორციელებასაც თქვენ აპირებთ, ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ. ბევრი საინტერესო დაპირება, თუ შეიძლება, პროექტი ვუწოდოთ. 

გავეცანი ამ დოკუმენტს არაერთხელ. ერთ-ერთი არის, თუ არ ვცდები, სააკაშვილის ფონდის, თუ არ ვცდები, ერთი მილიარდი ევროს მოზიდვა, ხომ? 

ბოდიში, თუ არასწორად მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ შინაარსი ეს არის. ამასთან დაკავშირებით სულ მქონდა კითხვა, თუ შეიძლება გვითხრათ, აი, რა თანხა შეიძლება შევიდეს სააკაშვილის ფონდში ემიგრანტების დასაფინანსებლად? ეს კითხვა გამიჩნდა, როდესაც ვკითხულობდი იმ პროგრამებს“. 

ჟურნალიზმი შეკითხვის დასმის პროფესიაა. გაქვს შეკითხვა, პოულობ შესაბამის რესპონდენტს და რასაც მისგან გაიგებ, უამბობ მკითხველს, მსმენელს ან მაყურებელს.

რადგან შეკითხვის დასმა პროფესიაა, პროფესიულ უნარებსაც მოითხოვს. სულ მცირე, წინასწარ უნდა იცოდე, რას ეკითხები რესპონდენტს და რატომ.

ზოგადადაც - ლაივ-ინტერვიუებში ინტერვიუერის ძირითადი საქმე სტუდიებში მუშაობა სრულებითაც არ არის. მთავარი და გადამწყვეტია - რამდენად მომზადებული შედიხარ პირდაპირ ეთერში.

საკუთრივ ეთერში მუშაობის მთავარი გამოწვევა კი დროის მართვაა. როგორც წესი, მაყურებელს ან მსმენელს არასოდეს აქვს ფუფუნება, იმდენივე დრო დაუთმოს ინტერვიუში განსახილველ თემასა და სტუმარს, რამდენიც ინტერვიუერს. მას ამაში ხელფასს არავინ უხდის.

არის ხოლმე, როცა შეკითხვის გრძლად დასმა გიწევს, რომ მაყურებელს (მკითხველს, რადიომსმენელს) კონტექსტი გააცნო.

ანა ახალაიას გიორგი ვაშაძესთან 20 სექტემბრის ინტერვიუ ეს შემთხვევა არ არის (ციტატა დასაწყისში). თუ ჟურნალისტი რაიმე დოკუმენტს არაერთხელ გაეცნო, ლაივში ამდენჯერ ნათქვამი „თუ არ ვცდები“ ან არაპროფესიონალიზმია, ან ტყუილი.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ტოქშოუების ეს ნიჭიერი, ამბიციური, მაგრამ დემოკრატიებში ეტაბლირებული მედიებისთვის უჩვეულოდ ახალგაზრდა და გამოუცდელი მასპინძელი, დასავლელ კოლეგებთან შედარებით, მწირ სარედაქციო რესურსს ფლობს.

როცა BBC-ს, France Télévisions-ის ან ARD/ZDF-ის ნახევარსაათიან ტოქშოუებს ვუყურებთ, უნდა წარმოვიდგინოთ - წამყვანს პროდიუსერების, რედაქტორების, მკვლევარების დიდი გუნდი უმაგრებს ზურგს.

ანა ახალია კი, ისევე, როგორც მისი ქართველი კოლეგების უმრავლესობა,  რამდენიმესაათიან ეთერს ლამის მარტო ამზადებს. თანაც, არა მხოლოდ კვირაში ერთხელ. 

ფუფუნებაა ტექნიკური და სტუმრების მომწვევი (guest booker) პროდიუსერებიც. 

თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ხელოვნური ინტელექტი გამოგვიჩნდა მკვლევარ-თანაშემწედ. ადეკვატურად გამოყენების შემთხვევაში ეს შეიძლება მცირერესურსიან მედიებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის დიდი დახმარება აღმოჩნდეს. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ - ახალბედა თანაშემწის სამსახურით სარგებლობისას პასუხისმგებლობა (მნიშვნელოვანი ფაქტების ალტერნატიულად გადამოწმება) და ადეკვატურობა (უნდა ვიცოდეთ, რა ინფორმაციაზე აქვს წვდომა ხელოვნურ ინტელექტს და მხოლოდ შესაბამისი ამოცანები დავუსვათ) აუცილებელია. 

ამდენი „თუ არ ვცდებისა“ და „თუ სწორად მახსოვს“ შემდეგ, თავდაჯერებულობის მცდარი მაგალითი „მთავარი არხის“ დეა მამისეიშვილია: (https://www.facebook.com/watch/?v=2756818811151702)

„ბატონო ბიძინა, თქვენთვის ამანათია. ბოდიში, უფრო სწორად - თქვენთვის სანქციებია. თქვენ ხართ რიგში 41-ე და ამერიკა მადლობას გიხდით მოთმინებისთვის. თქვენი ტყვიაგაუმტარი შუშა სანქციებს აპარებს. 

ამერიკასთან საქმის დასალაგებლად პრემიერი ირაკლი გაუშვა ბიძინამ, მაგრამ, ირაკლის თეთრი სახლის კარი დაკეტილი დახვდა. იქამდე ევროპის კარიც ხომ დაკეტილი დახვდა. რას ვიზამთ, ირაკლი, ამერიკული ნამცხვარი ყოველთვის ტკბილი არ არის.

 …

არა უშავს - შეგიძლია ჰამასის, ჰესბოლასა და თალიბანის ლიდერებთან ერთად ქუნაფა მიირთვა.

იცი ქუნაფა რა არის? არა უშავს, მაგასაც გაგასინჯებენ.

საპარლამენტო სიას ჩავხედე და ძალიან ბოლოში ხარ გადასროლილი“.

ქართულ პოლიტიკურ ტოქშოუებში ბოლო დროს დამკვიდრებული მონოლოგები ხშირად მცდარი, ჟანრთან აცდენილი ხასიათისაა. ზემოთ ციტირებულის მსგავსად.

ტელეინტერვიუების სარკასტულ-იუმორისტული, ერთგვარად ფამილარული მონოლოგები არც დასავლური მედიისთვისაა უცხო, მაგრამ ერთ კონკრეტულ და ფართოდ გავრცელებულ ფორმატში - The Late Show.

ეს ფორმატი ჩვენთანაც პოპულარულია. მაგალითად, ვანო ჯავახიშვილს ამის გამო არავინ აკრიტიკებს.

პოლიტიკური ტოქშოუების ამოცანა კი მაყურებლის გართობა და გახალისება არ არის.

სულ პირიქით - პირისპირ ინტერვიუები გადაწყვეტილების მიმღებთა ანგარიშვალდებულების, ამომრჩევლისთვის ინფორმირებული არჩევანის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა.

ამიტომ სტივ სეკური, ჯეიკ ტაპერი, ან კრისტიან ამანპური, სტუმართან ლაპარაკის დაწყებამდე, მაყურებელს სიღრმისეულ ინფორმაციას აწვდიან თემაზე, რომელზე სალაპარაკოდაც რესპონდენტი შეარჩიეს და მოემზადნენ. 

როგორც წესი, მონოლოგის თემა იმდღევანდელი სტუმრის ყველაზე მოსისხლე ოპონენტების პოზიციაა. ეს პრაგმატულიცაა - ასე იზოგება მაყურებლის დრო. საჭირო აღარაა ყოველი შეკითხვის დასმისას გრძელი ციტატების მოშველიება.

სტივ სეკური ეთერს ხშირად მკაფიო დასკვნით, ან რიტორიკული შეკითხვით იწყებს, მაგრამ ეს არასდროსაა მიახლოვებულიც კი დეა მამისეიშვილისეულ „იცი ქუნაფა რა არის? არა უშავს, მაგასაც გაგასინჯებენ”-თან.

დეას სატელევიზიო ესთეტიკა ალმოდოვარის ადრეული ფილმების ტელე-გმირებთან უფრო ახლოს არის. ოღონდ, ალმოდოვარი ამ პერსონაჟებით ტელეჟურნალისტიკის მზარდ ზედაპირულობასა და სენსაციურობისკენ ვნებას დასცინის, ჩვენ კი მის მონოლოგობზე დაკვირვება ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიტიკული ტელეარხის პოლიტიკურ პრაიმტაიმში გვიხდება.

მკითხველის ნაწილს, ალბათ, სამართლიანად გაუჩნდებოდა შეკითხვა - რამდენად მიზანშეწონილია ამ ვითარებაში სამთავრობო პროპაგანდანდისტულ „იმედთან“ და „პოსტივისთან“ შედარებით ფინანსურად სუსტი და სახელმწიფოს მხრიდან ხშირად უსამართლოდ დაჩაგრული ოპოზიციური მედიის კრიტიკა?

საქმე ისაა, რომ პოლარიზაცია მხოლოდ პოლიტიკური ლანდშაფტის დილემა არ არის. ამ დილემის კვალდაკვალ პოლარიზებულია ქართული სატელევიზო სივრცეც.

თითქმის ყველა მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეს საკუთარი სატელევიზიო პლატფორმა რომ აქვს, განსაკუთრებით კარგად წინასაარჩევნო სოციოლოგიურ შერკინებებში გამოჩნდა.

ცხადია, ეს ამცირებს ტელემედიისადმი ნდობას უკეთ ინფორმირებულ (მედიაწიგნიერ) მაყურებელში და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ინფორმაციულად  ტელევიზიებზე ჯერ კიდევ სრულად დამოკიდებულ სეგმენტს - 60+-ს მოქალაქეებს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ხარისხიან ინტერნეტზე წვდომა ჯერ კიდევ დაბალია.

ამას ის სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომელიც პოლიტიკურ თამაშში ჩართული მაუწყებლების ეთერებში თითქმის არასდროს ხვდება.

არადა, წლევანდელი არჩევნების ეპოქალური მნიშვნელობა პარადიგმის ცლილებაშია. აღარაა საკმარისი ქვეყანამ ორ ლიდერს შორის უკეთესი აირჩიოს - გამოსავალი მრავალფეროვნებაშია. პარტიების გაძლიერებაში.

და როგორ უნდა გააკეთოს ქართულმა ამომრჩეველმა ინფორმირებული არჩევანი, როცა ერთ მხარეს სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიებია, ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა, ძვირიანი გასართობი შოუებითა და ანტიდასავლური, ნაციონალისტურ-ქსენოფობიური პოლიტიკური შინაარსით, მეორე მხარეს კი - კრიტიკული, შედარებით მცირერესურსიანი არხები, რომელთაც ბაზარზე ოპერირება მათი დამფინანსებელი პოლიტ-ცენტრების გაბღენძილი ეგოების გათვალისწინებით უხდებათ?!

ესეც ერთგვარი რიტორიკული შეკითხვაა. მაგრამ, ალბათ, არც პედრო ალმოდოვარს მოეწონებოდა და არც სტივ სეკურს.




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კატეგორია - ბლოგი


„ქართული ოცნების“ წლევანდელმა წინასაარჩევნო პლაკატებმა, სადაც აყვავებული ქართული გარემო და ომის შედეგებისგან განადგურებული უკრაინული ადგილები ერთმანეთის გვერდით არის ნაჩვენები, ძალიან ბევრი ადამიანი გააბრაზა საქართველოში. გააბრაზა ყველა, ვისაც აქვს ღირსების გრძნობა და ფუნდამენტური ადამიანური ღირებულებების რწმენა. ასეთი ადამიანები საქართველოში ბევრნი არიან, მაგრამ ფაქტია, მმართველმა პარტიამ კვლავ რეალობების დაპირისპირებაზე გააკეთა გათვლა და წლების განმავლობაში მოქმედ „აბა, მიშა გინდას“ სლოგანს „აბა, ომი გინდას“ სახით ახალი ჩანაცვლება მოუძებნა. მოსახლეობის რომელ სეგმენტზე და რა შიშების გაღვივებაზე მუშაობს „ქართული ოცნება“ ამჯერად?

დანგრეული უკრაინული აუზის და მისგან თეთრი, უსწორმასწორო სქელი ხაზით გამოყოფილი ქართული აუზის ბანერი პირველი იყო, რომელიც საბურთალოზე, ავტობუსიდან ჩამოსულს შემომხვდა. სხვა პლაკატები, სადაც საქართველოს უფრო პომპეზური პანორამები და ძეგლები უკრაინის დაბომბილ ქალაქებსა და ეკლესიებს უპირისპირდება, მანამდე ფეისბუკში ვნახე. აუზის თემაზე დამზადებული ბანერი მათთან შედარებით უბადრუკად გამოიყურება. სტერილურ სითეთრეში ჩაფლული ქართული აუზი გაცილებით მკვდარი, ემოციებისგან დაცლილი და განმზიდველია, ვიდრე დესტრუქციის ენერგიით დამუხტული უკრაინული აუზის ფოტო, რომელზეც სიკვდილთან ერთად წინააღმდეგობის სული და შესაბამისად, სიცოცხლეც გამოსჭვივის. მეორეცაა, რომ ბანერის ქართული კომპონენტის მშვიდობიანი და მკვდარი სიცარიელე ნამდვილად ირეკლავს რეალობას, სადაც ფასების სიძვირის გამო, საქართველოს მოქალაქეები უმეტესწილად ვერ სარგებლობენ აუზის მომსახურებით. ამიტომ, მარკეტინგული თუ გავლენის მოხდენის თვალსაზრისით, ეს ბანერი მის შემქნელებს უდავოდ ჩაუვარდათ.

და მაინც, ვირტუალურ ველში ნანახთან შედარებით, წინასაარჩევნო მარათონის ამ ამაზრზენი ფანდის ქუჩიდან ყურება გაცილებით შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან მას ნახულობს ყველა, ვისაც აქვს ან არ აქვს ჭკვიანი ტელეფონი, ვინც სარგებლობს ან არ სარგებლობს ინტერნეტით, ვინც უყურებს ან არ უყურებს ტელევიზორს, ვინც დადის მანქანით და ვინც დადის ფეხით. უყურებს დღეში ერთხელ, დღეში ხუთჯერ, დღეში იმდენჯერ, რამდენჯერაც სამარცხვინო ბანერს აუვლ-ჩაუვლის. უყურებს ყველა, ვისაც ამ ქვეყანაში ომის სისასტიკე გამოუვლია და უყურებს უკრაინიდან ომის შედეგად გამოქცეული ბავშვიც. აი, ამ ადამიანების დასაშინებლადაა განკუთვნილი მმართველი პარტიის მორიგი საფრთხობელა.

„ქართულ ოცნებას“ ასევე სურს, ბანერებზე გადმოცემული პოლიტიკური მესიჯი მოქალაქეების ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს და ერთგვარ მანტრად იქცეს. სწორედ თემის ბანალიზებაზე, სამოქალაქო გრძნობების დაჩლუნგებაზე აკეთებს გათვლას მმართველი პარტია, რომლის მიზანი ერთი მხრივ, თავისი მოქალაქეების ომით დაშინება და ომის ამრიდებელი მთავრობის იმიჯის განმტკიცება, მეორე მხრივ კი, საკუთარი ქვეყნის შენარჩუნებისთვის ბრძოლის იდეის შელახვაა. ამ ბანერებით დემოკრატიულ დასავლეთთან დაპირისპირებული და რუსული პოლიტიკის გამტარებელი საქართველოს მთავრობა პირდაპირ მიანიშნებს, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი, თავისუფლება არ უნდა დაიცვა, უნდა იცხოვრო ჩუმად და მორჩილებაში, გადაუსვა ხაზი ყველაფერს, რითაც შენმა ხალხმა დღემდე მოაღწია, დაივიწყო ბოლშევიკური (წაიკითხე როგორც რუსული) ტერორის ყველა გვამი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა გაუთხრელ ჯგუფურ საფლავებში აქამდე ერთმანეთში აზელილია.

პროპაგანდისტული ბანერების დამზადებისას „ქართული ოცნება“ საბჭოთა ტრადიციას დაესესხა. ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირში პოლიტიკურმა პლაკატმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მასებზე გავლენის მოხდენისა და მოქალაქეების ინდოქტრინაციის საქმეში. აღსაქმელად მარტივ, მაგრამ მძლავრი ვიზუალური ნიშნებითა და პოლიტიკური ტექსტით ზემომქმედ ამ მასობრივი გავრცელების იარაღს, რომელიც შთაბეჭდილების სწრაფად მოხდენაზე იყო ორიენტირებული, საბჭოთა ხელისუფლება მთელი მისი არსებობის მანძილზე იყენებდა — დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ვიზუალური ხელოვნების ფორმებს შორის პლაკატი აგიტაციისა და პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად იქცა. ამ პლაკატებზე ხშირად იყო ასახული მტერი და მასთან დაუღალავად მებრძოლი საბჭოთა მოქალაქე. მტერი ხან კაპიტალისტის მანტიაში იყო გახვეული, ხან მღვდლის, ხან კულაკის, ხანაც პროლეტარიატის წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური ჯარისკაცის. იმპერიალიზმის დამქაშებად მონათლული ყველა ეს სახე-ხატი ძალიან ახლოსაა გლობალური ომის პარტიის ცნებასთან, რომელზეც „ქართული ოცნება“ ბოლო რამდენიმე თვეა მუდმივად ლაპარაკობს. საბჭოთა მეხსიერების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის კარგად ნაცნობი „იმპერიალიზმის დამქაშები“ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა მარტივად ჩაანაცვლა „გლობალური ომის პარტიით“ და კვლავაც, მოქნილად გამოიყენა ბოლშევიკების მიერ ნაცადი პარანოიული რიტორიკა, რომელიც მოსახლეობას შეთქმულების თეორიის ბუნდოვანებაში ახვევს და წარმოსახვითი მტრის ხატით აშინებს.

საერთოდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ტაქტიკა დასაწყისიდანვე რეალობათა შეპირისპირების პროპაგანდისტულ მეთოდს ემყარებოდა. პარტიამ პოლიტიკური იდენტობა მთლიანად მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდთან დისტანცირების ფუნდამენტზე ააშენა და ე.წ. „სისხლიანი ცხრა წლის“ ალტერნატივად პოზიციონირება არც მმართველობის მეთორმეტე წელს შეცვალა. თუმცა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოქალაქეებში შიშის დასათესად და გასაღვივებლად „ოცნებამ“ ახალი არგუმენტი გამოძებნა და სწორედ ამ ბოლოდროინდელი ტაქტიკის ილუსტრირება ვიხილეთ წინასაარჩევნო ბანერების სახით.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ბანერებზე ასახული ომისა და მშვიდობის კადრების შედარება მოსახლეობისთვის სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას წარმოადგენს. ომის გაჩაღების საშიშროებაზე აქცენტის დასმის პარალელურად  „ქართული ოცნება“ ომისაგან დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნების გარანტად წარმოაჩენს თავს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის კრიტიკულ მასას ომგამოვლილი ადამიანები შეადგენენ.

შედარებით ახალგაზრდა გენერაციის იმ ნაწილის გარდა, ვისაც ომი უშუალოდ არ შეხებია, საქართველოში ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობს, ვის მეხსიერებაშიც 1990-იანი და 2008 წლის ომების ტრავმები ღია ჭრილობებად არის დარჩენილი. სწორედ ამ ადამიანების ძალიან დიდ აუდიტორიას მიმართავს მმართველი პარტია ბანერებზე დიდი ასოებით დაბეჭდილი მესიჯით „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. ტრავმირებული ადამიანებით მანიპულაცია და მათი ემოციებით თამაში „ქართული ოცნების“ დესტრუქციული პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. „ოცნება“ ცდილობს პარტიის სასარგებლოდ ხმის მისაცემად შიშით მოახდინოს ადამიანების მობილიზება. შესაბამისად, მმართველი პარტია საკუთარ თავს განიხილავს არა ძლიერი სამოქალაქო პოზიციების, სოლიდარობის, დემოკრატიული ღირებულებების, თანასწორობისა და ლიბერალური ფასეულობების მქონე ადამიანების, არამედ დაშინებული საზოგადოების მთავრობად და მეორე მხრივ, ამით თვითდისკრედიტაციასაც ეწევა.

არ ვიცი, ბოლოს რომელმა პოლიტიკურმა შანტაჟმა, ირაკლი კობახიძის რომელმა ცინიკურმა კომენტარმა ან ქალაქის მერის, კახა კალაძის რომელმა მორიგმა უტიფარმა ფრაზამ გამაბრაზა ისე, როგორც ზემოთხსენებული საარჩევნო ბანერების გამოჩენამ. ღირსების შემლახავია იმის განცდა, რომ მთავრობა გიყურებს როგორც პლასტელინის მასალას, რომლისგანაც ყველაფერი შეუძლია გამოძერწოს. მაგრამ პოლიტიკაში დარჩენისთვის თავგადაკლულ ბრძოლაში „ქართულ ოცნებას“ ავიწყდება, რომ ჩვენ, ომგამოვლილმა ადამიანებმა, ყველაზე კარგად ვიცით, რომ პირდაპირი თუ ირიბი სახით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში წარმოებული ომების უკან ყოველთვის რუსეთი იდგა. ჩვენ, ვისაც თბილისის ღამეული ფეიერვერკები და სამხედრო აღლუმებზე სადემონსტრაციოდ გამოყვანილი თვითმფრინავის ძრავის ღმუილი გვაშინებს ისე, თითქოს ბავშვები ვიყოთ, ყველაზე კარგად ვიცით ომის ფასი, მაგრამ პირველ რიგში, ვიცით ფასი მშვიდობისა და კეთილდღეობისა, რომლისკენაც მიმავალ გზაზე ცხრათავიანი გველეშაპივით გვეღობება დღეს „ქართული ოცნება“.







ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 
კატეგორია - ბლოგი


ვიდეორგოლი, სარეკლამო ბილბორდი და ასევე, მუსიკალური კლიპიც ამომრჩეველთან კომუნიკაციის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა. ამ კლიპებითა და რეკლამებით მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არც ადრე და არც ახლა არ ეცნობა პოლიტიკური პარტიების პროგრამებს, მთავარ მესიჯებს იღებს.  

რამდენიმე ხნის წინ ერთი ძველი ქართული სიმღერის ძებნისას, ჯემალ სეფიაშვილის ჰიმნად ქცეული სიმღერა “გიხაროდენ” ამომიგდო. ეს ვიდეორგოლი 1998 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინდელი ხელისუფლების - “მოქალაქეთა კავშირის” მხარდასაჭერად შეიქმნა. 

ეს 90-იანი წლების ბოლოს იყო, როდესაც ყველაფერი გამოვიარეთ, აფხაზეთის ომიც და სამოქალაქო ომიც. ქვეყანა კორუფციაში იხრჩობოდა, ყველა ნაბიჯზე ქრთამის გადახდა გვიწევდა, ქუჩები სავსე იყო მშიერი ადამიანებით, კრიმინალი ყოველდღიურ რეალობად იყო ქცეული, არც გაზი იყო ქვეყანაში, საავადმყოფოები თუ ბინები რომ გაეთბო და ელექტროენერგიაც გრაფიკით მოგვეწოდებოდა. შევარდნაძის მთავრობამ ყველაფერი გააპარტახა, ადამიანებს უკიდურესად უჭირდათ, მაგრამ პროპაგანდისტულ სიმღერაში მონაწილე 40-მდე ესტრადის მომღერალი, მსახიობი, თუ უბრალოდ (როგორც მაშინ ეძახდნენ) ცნობადი სახე, ერთად და მხიარულად გვიყიჟინებდა, რომ უნდა გაგვხარებოდა. რა უნდა “გვიხაროდენ”, არავინ იცოდა! 

სიმღერის ტექსტის ავტორი ედუარდ შევარდნაძის მეგობარი პოეტი რეზო ამაშუკელია, რომელიც შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მეგობარიც გახდება. ამაშუკელის ტექსტი “მარადიულია”, ის დღევანდელ დღესა და „ქართული ოცნების“ მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემებს იმავე წარმატებით მიესადაგება. 

აი, პატარა მონაკვეთი ტექსტიდან და ნახეთ, როგორ მოუხდებოდა ის დღევანდელი საქართველოს პოლიტიკურ რეალობას.  

ღმერთო, განსხიპე ტოტები მავნე 

მოეც სიკეთე ჩემს გზას და რწმენას,

ასვი მირონი მამულის ვენახს,

შთამომავლობის გადასარჩენად.


მაშინ, 90-იანი წლების ბოლოს, ტექსტი თითქოს არც გვესმოდა, ჩვენამდე მხოლოდ ერთი სიტყვა - „გიხაროდენ“ უნდა მოსულიყო და მოდიოდა კიდეც. უნდა გაგვხარებოდა, მაგრამ ვინ იყვნენ “მავნე ტოტები”, შთამომავლობის გადასარჩენად რომ უნდა გაგვესხიპა, არ ვიცი. ახლა კი, დანამდვილებით ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი მხარდამჭერები და სხვა ე.წ. ლიბერალები იქნებოდნენ, რომლისგანაც გვყავს გადასარჩენი: მამული, ენა, ვენახი, ერეკლე პაპა, სარწმუნოება… 

არა გუნდრუკით გადამთიელის,

შენ თავად ზარდე შენი გავაზი,

და სულ გახსოვდეს, ხარ ნაშიერი

აღმაშენებლის და ფარნავაზის.

და სულ გახსოვდეს, შენ ხარ პატრონი

ამ სამოთხის და ამ სილამაზის.

სწორედ ამას ცდილობს “ბატონი” ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, რომ გააგებინოს საქართველოს მოსახლეობას - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის და დასავლეთიდან არავის მითითებებს ჩვენ არ მივიღებთო. ჩვენს საქმეებს ჩვენ გადავწყვეტთ და ევროპაში ასე დამოუკიდებლად, ღირსებით და ორივე ფეხზე მდგარნი შევალთო. დიახ “მხოლოდ ღირსებით, მშვიდობით, კეთილდღეობით ევროპისკენ” - ეს არის 2024 წლის მთავარი სლოგანიც. 

მესმის, სახუმაროდ საქმე არ გვაქვს, ამიტომ ვნახოთ, რა იყო 2024 წლამდე და როგორ, რა გზით მოვედით აქამდე?! 

2012 წლის წინასაარჩევნო პარტიული მუსიკალური კლიპი ინტერნეტში არ იძებნება. ის, რაზეც „ქართული ოცნება“ უკანასკნელი 12 წელია დგას, უკვე 2014 წლიდან  ჩნდება: წარსულში დაბრუნების შიშებზე აპელირება და პირველი კლიპი სახელწოდებით - “წარსულში არ ბრუნდებიან”. ვიდეორგოლში მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გივი თარგამაძის ხმები ისმის, შავ-თეთრ ეკრანზე კი, 7 ნოემბრისა და 2008 წლის ომის კადრები მოჩანს.  

“თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას” პირდებოდა „ქართული ოცნება“ 2016 წელს. ჩნდება უკვე “ქართული ოცნების” ჰიმნად ქცეული “ჩემი საქართველო აქ არის” გათანამედროვებული ვერსიის კლიპი. ამ სიმღერის ტექსტის ავტორი მურმან ლებანიძეა, ხოლო მუსიკის - გოგი ცაბაძე. რა თქმა უნდა, ამ წინასაარჩევნო კლიპებშიც მხოლოდ გაღიმებული, ბედნიერი ადამიანები, აშენებული და დამშვენებული: ხიდები, ავტობანები, სპორტული მოედნები, საავადმყოფოები მოჩანს. 

იქიდან გამომდინარე, რომ ეს უკანასკნელი მუსიკალური კლიპი წარმატებული გამოდგა, 2020 წელს მისი ახალი ვერსია გაჩნდა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეთნოგრაფიული ინსტრუმენტები თუ ხმები შემოდის.

„ქართული ოცნების“ საკომუნიკაციო ენა უკვე ცალსახად აგრესიულ ხასიათს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ატარებს, როდესაც ქალაქში ოპონენტების “სისხლიანი ბანერები” გაჩნდა.   

მაშინ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კონკურენტი გრიგოლ ვაშაძე იყო, ამიტომ, ცხადია, ბანერზე ის, მიხეილ სააკაშვილი და სხვა “ნაცები” ჩანდნენ. 

2018 წელს მოსდევს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ისევ სიძულვილით სავსე კამპანია. ქალაქი ისევ ოცნების ოპონენტების სისხლიანი ბილბორდებით გაივსო. ნაცების ე.წ. ძირითადი ბირთვი ადგილზე დარჩა, მათ რამდენიმე ახალი პერსონაჟი დაემატა, მათ შორის ცოტა ხნით ადრე გადამდგარი „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია. მსგავსი შინაარსის ფოტოები სატელევიზიო რეკლამებშიც გვხვდებოდა. 

წელს ეს სიძულვილით სავსე ფოტოები წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გამოჩნდა, ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების სახლებსა თუ სამუშაო ადგილებზე გაკრული, შედარებით პატარა ზომის, მაგრამ გაცილებით დიდი რაოდენობის პლაკატების სახით. 

არაფერს ვიტყვი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დამზადებულ მთავარ საარჩევნო რეკლამასა და ბანერებზე, რისი მეშვეობითაც „ქართული ოცნება“ უკრაინაში ომის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების სიკვდილს საკუთარი გამარჯვების სანაცვლოდ ყიდის.

საინტერესოა, რომ 2018 და 2021 წლის “სისხლიანი ბანერების” ავტორობას „ქართული ოცნება“ უარყოფდა და ამბობდა, რომ ეს ბანერები გაამზადეს და განათავსეს იმ კერძო პირებმა, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურდა, 2024-ში კი, ამას უკვე ღიად აკეთებს და მონაწილეობას არ უარყოფს. 

ამიტომ ერთ-ერთი ვიდეორგოლი აგრძელებს, რეზო ამაშუკელს თუ დავესესხებით, გადამთიელების გუნდრუკის უარყოფას და მის ამომრჩეველს ახსენებს, რომ უარი უთხრას „მორალურ გადაგვარებასა და ბნელ წარსულს“. „ბნელი წარსული“, ცხადია, “სისხლიანი 9 წელია”, მაგრამ „მორალური გადაგვარება“ ის არის, რაც ამჟამად დასავლეთიდან “გვემუქრება”. 

მმართველ პარტიასა და მის მიერ კონტროლირებულ ტელევიზიებს იმდენად ჰყავთ დამუშავებული მათი ამომრჩევლები თუ მაყურებლები, რომ რეგიონებში, მათ მიერ ორგანიზებულ წინასაარჩევნო კონცერტებზე მისული ადამიანები იქაც ტრადიციებსა და მშვიდობას იცავენ. 

 

ტრადიციების დაკარგვის შიში და შიში იმისა, რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, მეორე დილით, ყველა ქართველი ჰომოსექსუალად გადაიქცევა ხელოვნურად გააჩინეს.

ქვეყანას, რომელმაც უკანასკნელი 30 წლის მანძილზე რამდენიმე ომი გამოიარა, ომის რაციონალური და ირაციონალური შიშიც ბუნებრივად აქვს, მაგრამ ტრადიციების დაკარგვასთან დაკავშირებული შფოთვები მთლიანად ირაციონალური და პროპაგანდის მეშვეობითაა თავსმოხვეული. 

ამ სარეკლამო რგოლში გამოტანილი სახეები კი, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ქუჩაში დაცვის გარეშე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობენ და ისინი შესაძლებელია, ნებისმიერ დღეს იმ ადამიანების მსხვერპლნი გახდნენ, ვისაც დააჯერეს, რომ მათ ჰეტეროსექსუალურ იდენტობას „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი იცავს. 

 






ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.