თუ პოლიტიკაში მიდიხარ, კარგად უნდა გესმოდეს ორი რამ: მედია
შეუბრალებლად დაიწყებს შენზე დაკვირვებას და იუმორისტული შოუები
დაცინვას დაგიწყებენ.
აქ მთავარი ის არის, რომელი არხი რომელ პოლიტიკოსს, ან პოლიტიკოსთა
ჯგუფს დასცინის, რადგან სწორედ ეს ამბობს არხის საინფორმაციო
პოლიტიკაზე ძალიან ბევრს. ხშირ შემთხვევაში, ალბათ, სატელევიზიო ახალი
ამბების მონიტორინგის შედეგებზე მეტსაც კი, რადგან ტელევიზიების მცირე
ნაწილი მაინც (მეტწილად, წინასაარჩევნო პერიოდში) ხელოვნურად ცდილობს
ერთგვარი ბალანსის დაცვას.
ხელოვნური ბალანსი კი არასდროს ეხება იუმორს. ქართული ტელეტრადიციით,
იუმორში ბევრად ნათლად არის გამოკვეთილი არხის პოლიტიკური გემოვნება
და ამის გამო, იუმორისტული შოუების ყურებისას განსაკუთრებულ ინტერესს
წამყვანის მონოლოგი იწვევს. სწორედ მონოლოგი მოიცავს მთავარ პოლიტიკურ
მესიჯებსაც და ისრებსაც არხისთვის არასასურველი პოლიტიკოსების
მიმართ.
ეს ბლოგპოსტი რუსთავი 2-ის პოლიტიკურ იუმორს დაეთმობა და არა ზოგადად,
ქართული ტელევიზიების "ღამის შოუების" ატაპტირებულ ვერსიებს. საბაბი
კი ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ტელევიზია ახალი მენეჯმენტისა და
მედიაჰოლდინგ "პრაიმტაიმის" დაქვემდებარებაში მაუწყებლობს, არხზე
პირველი ე.წ. ღამის შოუს ფორმატის პროექტი გამოჩნდა.
ახალი იუმორისტული პროექტის პოლიტიკურ გემოვნებაზე საუბრამდე
გავიხსენოც ისიც, რომ არხი ჯერ "ვანოს შოუმ" და "კომედი ჯგუფის" დიდმა
ნაწილმა, შემდეგ კი "ვანოს შოუს" ჩასანაცვლებლად შექმნილმა ნიკა
არაბიძის შოუმაც დატოვა.
"ვანოს შოუც" და მის საპირწონედ შექმნილი "ნიკა არაბიძის შოუც",
თავისი შინაარსით, სწორედ ისეთი იყო, როგორიც "რუსთავი 2"-ის იმ
პერიოდის საინფორმაციო პოლიტიკა, რა დროსაც ეს შოუები გადიოდა
არხზე.
ჯავახიშვილის შემთხვევაში, მკვეთრად კრიტიკული იუმორი ხელისუფლების
მიმართ, არაბიძის შემთხვევაში - მეტწილად, თანაბრად კრიტიკული
ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე მიმართ.
"არხმა უნდა მოიპოვოს გამარჯვება ცენზურაზე განურჩევლად იმისა, საიდან
მოდის ცენზურა - ხელისუფლებისგან, თუ ოპოზიციისგან", — თქვა არხზე
მისვლის შემდეგ ირაკლი იმნაიშვილმა და რუსთავი 2-ზე იმნაიშვილის
მისვლის შემდეგ შექმნილი ნიკა არაბიძის შოუც ტოვებდა განცდას, რომ
შოუს იუმორისტული ხაზიც ზუსტად ამავე პოლიტიკის შემადგენელი იყო.
არხის მცდელობა, ყოფილიყო თანაბრად კრიტიკული ყველა პოლიტიკური
აქტორის მიმართ, იმ დროისათვის შესამჩნევი იყო "კურიერზე" თუ
თოქ-შოუებზე დაკვირვებითაც, თუმცა ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში,
"კურიერის" ტონიც და ახლადჩაშვებული იუმორისტული შოუს პოლიტიკური
იუმორიც ბევრს ამბობს არხის ახალ პოზიციებსა და პრინციპებზე.
შაბათის
საღამო
ახალგაზრდა მსახიობი შოუს, სახელწოდებით "შაბათის საღამო", ღამის
თბილისის ხედების ფონზე გადაღებული "ქუდით", ნოსტალგიური ესთეტიკითა
და სიმღერით იწყებს, თუმცა მთავარი მას შემდეგ იწყება, რაც წამყვანი
სიმღერას მორჩება და თავის პირველ გადაცემას მონოლოგით გახსნის.
საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ, მონოლოგის პირველივე ხუმრობა
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზეა, ისევე, როგორც
ამავე მონოლოგის ზედიზედ მომდევნო 6 ხუმრობა.
რუსთავი 2-ის ახალ იუმორისტულ შოუს არც სხვა ოპოზიციონერები
დავიწყებია. მონოლოგში მოვისმინეთ ხუმრობები გრიგოლ ვაშაძეზე, გირჩზე,
თაკო ჩარკვიანზე, გუბაზ სანიკიძეზე, შალვა ნათელაშვილზე...
ერთადერთი, ვისზეც ახალბედა კომიკოსს არ უხუმრია, ხელისუფლებაა.
მხოლოდ ერთხელ ახსენა "ოცნება" და ისიც "მოღალატე გახარიას"
კონტექსტში.
ამ ბლოგპოსტის მიზანი არ არის ხუმრობების შინაარსში შესვლა და
ცალკეული ხუმრობების გარჩევა. ვისზე და რა ტონალობაში იხუმრებენ
რუსთავი 2-ის ახალ შოუში, ეს არხის მენეჯმენტისა და სცენარისტების
პრეროგატივაა. მთელ ამ ამბავში ყველაზე საინტერესოც სწორედ ეს არის —
რუსთავი 2-ის "შაბათის საღამოს" ხუმრობების სცენარსაც ის გუნდი წერს,
რომელიც "იმედისა" და "პოსტვ"-სთვის ამზადებს იუმორისტულ შოუებს.
შოუს აღმასრულებელი პროდიუსერი ზვიად ბლიაძეა, რომელსაც მაყურებელი
იცნობს სატელევიზიო სახელით "ზვიო". სწორედ ზვიად ბლიაძე აკეთებს
გუნდთან ერთად მთავარ იუმორისტულ შოუს "იმედისთვისაც", სახელწოდებით –
"ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად".
მაგრამ ამაზე უფრო საინტერესო ის არის, რომ თავად გიორგი გაბუნია,
რომელიც, "იმედის" მთავარი იუმორისტული შოუს წამყვანია, სცენარს წერს
"რუსთავი 2"-ის ახალი იუმორისტული შოუსთვის. კი, გიორგი გაბუნია
სცენარს უწერს კონკურენტს, რუსთავი 2-ის შაბათის საღამოს წამყვანს,
ნიკო ნანიტაშვილს. და არამხოლოდ გაბუნია, ნანიტაშვილისთვის სცენარს
წერს კიდევ ორი კონკურენტი წამყვანი — ნოე ჟორჟოლიანი და ჯიმი
აბესაძე, რომლებსაც ტელეკომპანია "პოსტვ-ზე“ იუმორისტული გადაცემები
მიჰყავთ.
რუსთავი 2, რომლის ახალი ხელმძღვანელობა ამბობდა, რომ არხი აღარ
იქნებოდა რომელიმე პარტიის სამსახურში, თავისი იუმორისტული ხაზით
"იმედისა" და "პოსტვ"-ის ტრენდს აჰყვა. იმ არხების ტრენდს, რომელთა
გაცხადებული, დეკლარირებული პოზიციაა მოქმედი მთავრობის
მხარდაჭერა.
მოქმედი მთავრობის მხარდაჭერა კი, "რუსთავი 2"-ისთვისაც არახალია და
თითქოს ეს არხის ერთგვარი ტრადიცია და ბედისწერაც კია. მას შემდეგ,
რაც 2004 წელს, არხის სამი დამფუძნებლიდან ორის — დავით დვალისა და
ჯარჯი აქიმიძის წილები ქიბარ ხალვაშის ხელში აღმოჩნდა, არხის
საინფორმაციო პოლიტიკაც და იუმორიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი
გუნდის მხარდამხარ დადგა. არხის ბედისწერაა ისიც, რომ ბევრი წლის
შემდეგაც, 2019 წელს, არხის შინაარსში გარდამტეხი ცვლილებები კვლავ
მას შემდეგ მოხდა, რაც სასამართლო დავის შემდეგ, არხის მფლობელად
კვლავ ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა.
რა იქნება შემდეგ? კიდევ უფრო მეტად შეცვლის თუ არა არხზე
ახლადგამოჩენილი სამთავრობო ნარატივის იუმორისტული შოუ ზოგადად,
ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკას და იუმორის მსგავსად, საინფორმაციო
სამსახურის პრიორიტეტებიც დაემთხვევა თუ არა "იმედისა" და "პოსტვ"-ს
პრიორიტეტებს, ამაზე წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ პერიოდშიც,
არხისავე ტონალობა თავადვე იტყვის.