ბლოგი
კატეგორია - ბლოგი
ბოლო დროს ერთი ფრაზა მახსენდება-ხოლმე, ბეგბედერის "99 ფრანკიდან", სიახლის უპირატესობა ისაა, მუდმივად იცვლება და ყოველთვის გამოჩნდება ისეთი, რაც წინას დააძველებსო.

სარეკლამო ინდუსტრიის კონტექსტში კი დაწერა ავტორმა, რაშიც იმას გულისხმობდა, რომ ამ ინდუსტრიის ხალხის ძალაა, სიგიჟემდე მოგვანდომონ რაიმე ნივთი, გვაიძულონ, შევაკოწიწოთ მის საყიდლად თანხა, და როცა როგორც იქნება და ვიყიდით, უცებ, ჰოპ! - მარკეტერები ჩვენი ოცნების ნივთს მეორე დღესვე "დააძველებენ" და ჩვენი ტვინიც იმავე ნივთის ახალ ვერსიაზე დაიწყებს ოცნებასო,

მაგრამ არც არაფერი დაშავდება, თუ იმავე ფრაზაში "სიახლეს" სხვა სიტყვით - "ბრაზით" ჩავანაცვლებთ.

აი, რაღაც ასეთს მივიღებთ: ბრაზის უპირატესობაა, რომ ბრაზის ობიექტი, ან სუბიექტი მუდმივად იცვლება და ყოველთვის გამოჩნდება რაღაც სხვა, რაც წინა ბრაზს დააძველებს, ანუ გადაფარავს.

გადაფარავს იმიტომ, რომ ასეთია ადამიანის გონი და, ეს, ერთგვარი შესაძლებლობაცაა ჩვენთვის და - საფრთხეც.

აი, დავაკვირდეთ, რამდენი რამ გვაბრაზებს. ვაღიაროთ, იმდენი, რომ "გვენანება" კიდეც, წინა ბრაზი ახალმა ბრაზმა ჩაანაცვლოს, რადგან ის, რაც გუშინ გვაბრაზებდა, როგორც მიზეზი, არც დღეს გამქრალა სადმე; იმავე პრობლემადაა დარჩენილი და ამის ყოველი გააზრება ისევ და ისევ კი აღაგზნებს და ააქტიურებს ჩვენი ტვინის იმ უბანს, რომელიც იმ ბრაზის მიზეზს აცნობიერებს, მაგრამ რა ვქნათ, დღესაც რომ ახალი გასაბრაზებელი დაგვემატა?! რადენს გავწვდეთ?

ხო.

თუ ვინმე ჯერ ვერ მიხვდა, "პირადულ ბრაზებზე" არა — ბრაზის კოლექტიურ მიზეზებზეა აქ საუბარი და ბრაზი - ბრაზად, მაგრამ ეს ყველაფერი სადარდებელი უფროა, ალბათ.

მხოლოდ ამ თვის ახალი ამბების "თაიმლაინს" რომ გადავხედოთ, ბეგბედერის იმავე ფრაზაში "ბრაზივით" წარმატებით შეიძლება ჩავსვათ სიტყვები: "უიმედობა", "სასოწარკვეთა", "ტკივილი", "კატასტროფა", "უპასუხიმგებლობა" და იმ წინადადებას მაინც შეეძლება, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების კონტექსტი იმდენადვე მართლად აღწეროს, როგორადაც სარეკლამო ინდუსტრიაზეა დაწერილი პოპულარული წიგნის ორიგინალში.

შოვის კატასტროფის მერე, ტკივილიც, უიმედობაც, სასოწარკვეთაც და უპასუხისმგებლო ადამიანებზე ბრაზიც ერთნაირი "წარმატებით" გამოვიარეთ.

რა აღარ ვნახეთ და რამდენი ვერ ვნახეთ კიდევ…

რა აღარ მოვისმინეთ და ნეტავ, იქიდან სულ უფრო ცოტა მოგვესმინა, და განსაკუთრებით, მათგან, ძალაუფლების ფლობის ბერკერტს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა რომ გამოაცალეს. ძალაუფლებას პირადი კეთილდღეობის შესაძლებლობად რომ ჩასჭიდებიან და გამოშიგნეს უმთავრესისგან - პასუხისმგებლობისგან, სამშობლოსა და რიგითი მოქალაქის მიმართ.

აი, ესაა ყველა იმ ბრაზის პირველწყარო, რაც მერე უიმედობასაც გვიჩენს-ხოლმე, სასოწარკვეთასაც და ტკივილსაც. და ისინიც არა და აღარ ჩერდებიან, წინა დღის ბრაზს დღევანდელი ბრაზის საბაბებს “საინფორმაციო აბის” დოზებად გვიმატებენ და ჩვენც ვიძველებთ იმ ბრაზებს, ჯერ რომ მონელებაც ვერ მოგვისწრია.

და რამდენადაც ორგანული არ უნდა იყოს ჩვენში არსებული უნარი, ახალი დღის უბედურებები წინა დღისას “აძველებდეს”, რადგან ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, რეალურად, აქ და ახლაა, იმდენადვეა ჩვენივე მხრიდან ერთმანეთის მიმართ უპასუხისმგებლობა, ამ “თაიმლაინში” ძირითად გასაბრაზებელ საკითხებს დიდ წითელ წრეში არ მოვხაზავდეთ და ვტოვებდეთ არა ბრაზად, როგორც ემოციად, არამედ ვნიშნავდეთ მას გადასაწყვეტ, მოსაგვარებელ საკითხად. ისე, როგორც ეს ზრდასრულ, ქვეყნის, ერთმანეთის, საკუთარი თავისა და შვილების მომავლის მიმართ პასუხისმგებელ საზოგადოებას შეშვენის და მოეთხოვება კიდეც.

აი, აქედან დავიწყებ ძირითად სათქმელს, სათაურად რაც მივაწერე და რამაც ამ ბლოგზე გადმოგიყვანათ: რატომ არ უნდა "გავუტაროთ" რუსთავი 2-ს შემტევი კამპანია თეა გოდოლაძეზე, მეცნიერ ქალზე, რომლისთვისაც სულაც არ დაუთმია 9-საათიანი კურიერის პირველი, “ოქროს წუთები” რუსთავი 2-ს მაშინ, როდესაც შოვის კატასტროფის შემდეგ ჰქონდა სათქმელი ხელისუფლებისთვის; სათქმელი, რომელიც დაგროვებულია წლების პროფესიული ცოდნისგან, გამოცდილებისა და სამეცნიერო მონაცემების ფლობით, და კატასტროფის რისკების შემცირების შესაძლებლობებზე შეეძლო მიეწვდინა ხმა გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის.

მაგრამ იმავე კურიერმა, მთავარი, 9-საათიანი გამოშვების პირველი, პრიორიტეტული წუთები დაუთმო მეცნიერის პირად კონფლიქტს და ამან მედია ხელისუფლების ხელში აქცია ერთი კონკრეტული ადამიანის ერთგვარ დეჰუმანიზების ისტრუმენტად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ არხზე გავლენის მქონე პარტიისგან განსხვავებულად ფიქრობს და ეს ძალიან, ძალიან საშიში და ძალიან დიდი ამბავია; იმაზე დიდი ამბავია, კურიერში რომ “ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია” ჰგონიათ.

და არა, არ უნდა გავუტაროთ ეს "რუსთავი 2"-ს და არც სხვა რომელიმე მედიას, რადგან რეალურად, ამის გატარებაა რუსეთი — ასე რომ არ მოსწონს ფეისბუქსტატუსების მიხედვით, ბევრ ჟურნალისტს სამთავრობო არხიდან.

არც ამ და არც სხვა ქვეყნებში, არავის დაუშლია მედიისთვის, ჰქონდეს ისეთი პოლიტიკური გემოვნება, როგორიც უნდა, მაგრამ კი, ჩვენ როგორც საზოგადოებამ, ნათლად, მკვეთრად უნდა გავუვლოთ მათ წითელი ხაზი, რას გავუტარებთ და რას - არა.

და ყოველთვის უნდა ჰქონდეს საზოგადოების მკაფიო "არა" ძალაუფლების მფლობელი ადამიანების ჟინსა და ვნებას, აქციონ მედია ადამიანის მორალური ჩაგვრის ინსტრუმენტად, მხოლოდ იმიტომ, რომ გაანეტრალოს ის საზოგადოებრივი, თუ პროფესიული გამოხატულებებისგან, რადგან აი, ეგ არის ის რუსეთი, ფეისბუქით რომ აძაგებთ-ხოლმე ოცნების დაქვემდებარებაში მყოფი მედიის ზოგი ჟურნალისტი.

და თუ ჩვენ დღეს არ დავიცავთ თეა გოდოლაძის უფლებას, ხვალ თეა გოდოლაძისნაირად, ისევ თქვენივე ხელით მოგთხოვენ გაანადგუროთ ვინმე სხვა, და ყოველ დღე იქნება ის "ვინმე სხვა" და ასე, არასდროს დაილევა "თქვენ მიერ მოპოვებული ექსკლუზივები" ძალაუფლების მფლობელთათვის არასასრულველი ადამიანების პირად ცხოვრებაზე, და აი, ეგ არის რუსეთი.

და იცით, მთელ ამ ამბავში, რა არის იმაზე უფრო ცინიკური, ვიდრე კურიერის მიერ, გოდოლაძეზე ამბის "ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციად" გამოცხადებაა? ის, რომ ზუსტად "ოცნებისთვის" ამდენად საძულველი, "სისხლიანი ცხრა წელის სააკაშვილის" მთავარი მედიასაყრდენების ხელით აკეთებენ ასეთ საინფორმაციოებს, "ოცნებისავე" დაქვემდებარებაში მყოფ არხებზე, და გთხოვთ, ეგეც გვითხარით, ეგ როგორ ხდება? ჩვეულებრივ?

და ყოველგვარი მორალისტობის გარეშე, უბრალოდ, ფაქტად მიიღეთ, რომ კი, ვართ ამ ქვეყანაში მედიაში მომუშავე ისეთი ხალხიც, ვინც, სააკაშვილსაც ვეუბნებოდით სათქმელს, მერე ივანიშვილსაც და ახლაც მივუთითებთ "ამათ", ოღონდ, დანამდვილებით ნუ გვაფიქრებინებთ, რომ "ახლა" უკვე რუსეთია.

პ.ს. თუ მართლა ისე არ გინდათ რუსეთი, როგორც ამას ფეისბუქზე გამოხატავთ, როგორც რატომღაც, ბეგბედერით დამიწყია, მისივე ფრაზით დავასრულებ: "თუ მე ურჩხული ვარ და შენ მაინც გიყვარვარ, ისეთივე უტვინო ყოფილხარ, როგორც ფრანკენშტაინის საცოლე."
კატეგორია - ბლოგი
ორი კვირის წინ, მარკ ზაკერბერგის „მეტამ“ ახალი სოციალური ქსელი, „ტვიტერის“ ალტერნატივა - „სრედსი“ („Threads“) გამოუშვა. გაშვებიდან ხუთ დღეში, პლატფორმაზე დაახლოებით 100 მილიონი ანგარიში დარეგისტრირდა. ეს რეკორდულად სწრაფი ზრდაა.

თუმცა ამ ნაადრევი წარმატების მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ „სრედსის“ მომავალთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები უკვე ჩნდება. მაგალითად, „ფორბსის“ მიხედვით, „სრედსის” ყოველდღიური მომხმარებლების რიცხვი ბოლო დღეებში 20 %-ით შემცირდა; ასევე, ამ პლატფორმაზე ადამიანები საშუალოდ უფრო და უფრო მცირე დროს ატარებენ - 20 წუთის ნაცვლად, 10 წუთს.

იმის შეფასება, თუ რამდენად წარმატებულად ჩაანაცვლებს „სრედსი“ „ტვიტერს“, ჯერ მაინც ადრეა. თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის საჭირო სოციალური ქსელის წარმატებისთვის. ქვემოთ, მინიმუმ, ორ ასეთ ფაქტორს ჩამოვწერ.

პირველ რიგში, როგორც სოციალური მედიის მკვლევრები აღნიშნავენ, ონლაინ სოციალური ქსელების წარმატება-წარუმატებლობის გასაანალიზებლად, საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ „სოციალურობის“ განზომილებაზე. ინტერაქციული ინტერნეტ პლატფორმა ძალას იკრებს და ძლიერდება მაშინ, როდესაც მისი მომხმარებლები ახერხებენ ერთმანეთთან მდგრადი სოციალური კავშირების გაბმას.

მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ქსელი არ დარჩეს მხოლოდ ინფორმაციის გამზიარებელ საშუალებად, არამედ მის ფარგლებში ადამიანებმა გარკვეული სახით ვირტუალური (და ზოგჯერ, რეალურიც) თემები (“community”) შექმნან. ფეისბუქზე ასეთი თემებია ე.წ. „ბაბლები“, რომელთა უარყოფით ეფექტებზე ერთ-ერთ წინა ბლოგში ვწერდი.  როგორც ჩანს, „ბაბლების“ მნიშვნელობა თავად „მეტას“ გადაწყვეტილების მიმღებებს კარგად ესმით. სწორედ ამ გათვლებით „მიაბეს“ მათ „სრედსი“ ინსტაგრამს და ამ გზით, ეცადნენ, რომ ამ ორი სოციალური ქსელის საზოგადოებები ერთმანეთთან დაეკავშირებინათ.

თუმცა საკითხავია, რამდენად აინტერესებს „ინსტრაგრამის“ საზოგადოებას ის თემატიკა, რასაც მათ „სრედსი“ სთავაზობს; ასევე, ამის გათვალისწინებით, რამდენად შეძლებენ მომხმარებლები, რომლებიც სხვა სოციალური ქსელებიდან (მაგალითად, ტვიტერიდან ან ფეისბუქიდან) გადმოდიან, თან „წამოიღონ“ თავიანთი სოციალური კავშირები? შესაძლებელია, რომ „სრედსმა“ „ინსტრაგრამიდან“ და სხვა სოციალური ქსელებიდან ადვილად წამოიყვანოს ინდივიდუალური მომხმარებლები (რაც პრინციპში, ნაწილობრივ მაინც, უკვე გააკეთა). თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზაკერბერგი შეძლებს იმ უნიკალური სოციალური კავშირებისა და ქსელების „სრედსზე“ გადმოტანას, რაც მომხმარებლებს სხვა პლატფორმებზე აქვთ შექმნილი.

მეორე ფაქტორი, რაც „სრედსის“ მომავალ წარმატება-წარუმატებლობას განაპირობებს, დაკავშირებულია სოციალურ ქსელებში ცნობადი სახეების როლთან. საქმე ის არის, რომ „ტვიტერმა“ უკვე შექმნა გარკვეული სახის „ბუნებრივი მონოპოლია“ იმით, რომ მასზე დარეგისტრირებულია ბევრი ოფიციალური და არაოფიციალური პირი, რომლებიც ამ პლატფორმის მეშვეობით ხშირად თავიანთ ოფიციალურ პოზიციებს ახმოვანებენ ხოლმე (ზოგჯერ ეს პოზიციები ტვიტერზე გამოითქმება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მათ ტრადიციული მედია საშუალებები - მაგალითად, ტელევიზია ან ჟურნალ-გაზეთები გააშუქებენ).

„სრედსმა“ რომ „ტვიტერის“ მონოპოლია დაარღვიოს, საჭიროა, რომ მასზე კრიტიკული რაოდენობის ცნობადი სახე დარეგისტრირდეს. ასევე, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მთავრობებმა და პოლიტიკოსებმა თავიანთი ოფიციალური პოზიციების დასაფიქსირებლად, „სრედსი“ უფრო ხშირად გამოიყენონ, ვიდრე „ტვიტერი“.

თუმცა, ჯერჯერობით, „სრედსზე“ ოფიციალური სამთავრობო ანგარიშები ბევრად მცირერიცხოვანია, ვიდრე „ტვიტერზე“; ამას გარდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებები ჯერ კიდევ „ტვიტერის“ მეშვეობით ვრცელდება და ძნელი წარმოსადგენია, რომ უახლოეს მომავალში ეს შეიცვალოს. მიუხედავად რეკორდული რაოდენობის მომხმარებლისა, „სრედსი“ სოციალური ქსელების ბაზარზე ბუნებრივი მონოპოლიის შექმნისგან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა.

ბოლოს, უნდა აღინიშნოს ის, რომ „სრედსს“ გაფართოების ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი აქვს. მაგალითად, ის ჯერ კიდევ არ შესულა ევროკავშირის ბაზარზე (რაც დიდწილად, დაკავშირებულია ევროკავშირის ახალ რეგულაციებთან, რომლებზეც წინა ბლოგში ვწერდი; ასევე, ჯერაც არ არსებობს ამ სოციალური პლატფორმის „დესკტოპ“ ვერსია - პერსონალური კომპიუტერით „სრედსზე“ შესვლა შეუძლებელია.

მოსალოდნელია, რომ „მეტა“ ზემოთაღნიშნული და სხვა მიმართულებებით, ნელ-ნელა და თანმიმდევრობით დაიწყებს გაფართოებას. თუმცა იმ ბარიერების გადალახვის გარეშე, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „სრედსმა“ თავისი პირდაპირი კონკურენტი - „ტვიტერი“ ჩაანაცვლოს. ამ შემთხვევაში, უფრო მეტად სავარაუდოა ის, რომ ახალმა სოციალურმა პლატფორმამ თავისი ნიშა იპოვნოს ისე, რომ „ტვიტერის“ ბუნებრივ მონოპოლიას ძვრა ვერ უქნას.
კატეგორია - ბლოგი
„ქსელიდან გამოთიშვის“ („going off the grid”) კონცეფცია, განსაკუთრებით, ეკოლოგისტურ წრეებშია პოპულარული. მეინსტრიმული საზოგადოების მიმართ რადიკალურად განწყობილი გარემოს დამცველები ამ ლოზუნგის ქვეშ გულისხმობენ ელექტრო და სხვა კომუნალური მომსახურების ცენტრალიზებული ქსელებიდან გამოსვლას და მდგრადი ცხოვრების სტილის გაზიარებას.

ხშირად, ამ მიზნით, ეკოლოგისტები ქმნიან სოფლის ტიპის დასახლებებს (მაგალითად, ტამერას მშვიდობის კვლევის სოფელი პორტუგალიაში ან ფინდჰორნის ეკოსოფელი შოტლანდიაში), რომელთა მაცხოვრებლებიც თავად აწარმოებენ ენერგიასა და სიცოცხლისთვის საჭირო ნივთებს. ზოგ შემთხვევაში, ქსელის მიღმა/”off the grid” ინდივიდებიც გადიან; ისინი თავიანთთვის თითქმის სრულად თვითკმარ სახლებს აშენებენ და საზოგადოებრივი სიკეთეებისგან მოშორებით იწყებენ ცხოვრებას.

ეკოლოგისტების მხრიდან „ქსელიდან გამოთიშვა“ პოლიტიკური აქტია და მას, როგორც წესი, პერმანენტული ხასიათი აქვს. ამ გზით, გარემოს დამცველები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ შესაძლებელია და გამართლებულია ცხოვრება ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების ჭარბი მოხმარების გარეშე.

რატომ ვსაუბრობ ამდენს ეკოლოგისტ განდეგილებზე თანამედროვე მედიასთან დაკავშირებულ ბლოგში? ამ სტატიისთვის მინდა გარემოს დამცველებს (რომელთა ნაწილის იზოლაციონისტურ სტრატეგიებს ყოველთვის არ ვეთანხმები, თუმცა ამაზე მოგვიანებით) დავესესხო და განვაცხადო, რომ ზოგჯერ საჭირო და აუცილებელიცაა ინტერნეტ სოციალური ქსელებიდან დროებით გამოთიშვა. თუ „ცენტრალიზირებული“ ინფრასტრუქტურა და ინდუსტრია ბუნებრივი გარემოსთვის არის მავნებელი, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ინტერნეტ სოციალურ ქსელზე მუდმივი დამოკიდებულება, ზოგჯერ, ჩვენს „მენტალურ“ გარემოს აბინძურებს.

ჩემ მიერ უკვე არა ერთხელ ნახსენებ ტროლებისა და ბოტების პრობლემას რომ თავი დავანებო, სოციალურ ქსელებს ორი გადაულახავი ჩავარდნა აქვთ.

პირველი, ისინი, ზოგჯერ, არ გვაძლევენ საგნებზე ჯეროვნად დაფიქრების საშუალებას. მაგალითად, ბევრი მკვლევარი საუბრობს იმაზე, რომ სოციალური მედია ამცირებს ყურადღების დიაპაზონს (“attention span”).  ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ანალიზის უნარზე, არამედ საფუძვლიანი განათლების მიღების შესაძლებლობაზეც. ვისაც ყურადღების მცირე დიაპაზონი აქვს, ისინი ნაკლებად არიან მიდრეკილები იმისკენ, რომ ვრცელი ტექსტები წაიკითხონ და კრიტიკულად გაარჩიონ.

ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების შესაძლო დაჩლუნგებასთან ერთად, ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ სოციალურ მედიას შემოქმედებითი იმპულსის ჩაქრობაც შეუძლია. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ სოციალური ქსელები გვაძლევენ მუდმივ გასართობს, რაც ხელს გვიშლის იმაში, რომ საფუძვლიან მოწყენილობაში გადავეშვათ.

ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი ერთმანეთისგან განარჩევდა ზედაპირული მოწყენლობის ფორმებს და იმას, რასაც ის უწოდებდა „ღრმა მოწყენილობას“ („tiefe Langweile“). 2022 წელს ბათის უნივერსიტეტისა და დუბლინის ტრინიტის კოლეჯის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ამტკიცებენ, რომ ღრმა მოწყენილობის მისაღწევად საჭიროა ადამიანმა გარკვეული ხანი დაჰყოს შედარებით მარტოობაში. ამის შესაძლებლობა კი ქსელთან მუდმივად მიერთების გამო ბევრ ჩვენგანს არ ეძლევა.

სწორედ „ღრმა მოწყენილობაში“ ყოფნის ჟამს იწყებს ადამიანი ფიქრს ეგზისტენციალურ საკითხებზე - მაგალითად, ის კრიტიკულად აანალიზებს საკუთარ იდენტობასა და ზოგადად, ყოფიერების არსს (შეადარეთ ბერული და მონაზვნური ცხოვრების რელიგიურ პრაქტიკებს). ამ დროს მას ეძლევა შემოქმედებითი იმპულსი, რომელიც ეხმარება იმაში, რომ სამყაროსთან საკუთარი, უნიკალური ურთიერთობა დაამყაროს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფიზიკურ ბუნებასთან მდგრადი დამოკიდებულების კვალდაკვალ, ადამიანებს გვჭირდება „მენტალური“ მდგრადი განვითარებაც. ამისათვის კი, შეიძლება, მცირე პერიოდებით მაინც, სოციალური ქსელებიდან გამოთიშვა (ან მოხმარების შემცირება) იყოს საჭირო.

ცხადია, „ქსელიდან გამოთიშული“ ეკოლოგისტების რადიკალიზმის გაზიარება სრულებითად არაა საჭირო. საბოლოო ჯამში, ცენტრალიზირებული სერვისების განვითარების გარეშე, კაცობრიობის კოლექტიური პროგრესი ალბათ ვერ მიიღწევა. თუმცა ამ ცენტრალიზირებული სერვისების როლისა და ინდივიდუალური თუ კოლექტიური სარგებლიანობის პერიოდულად გადააზრება, ყველა შემთხვევაში, აუცილებელია.

ინტერნეტ სოციალური ქსელებიდან გამოთიშვის შემთხვევაშიც, საჭიროა სწორად განვსაზღვროთ ის, რამდენად გვჭირდება მუდმივი გართობა სიამოვნების მისაღებად, რანაირად შეიძლება ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების ოპტიმიზაცია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ რა დოზითა და ინტენსივობით უნდა მივუერთდეთ კაცობრიობის ვირტუალურად წარმოდგენილ ცენტრალურ გონს.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე, დიდი შანსია, რომ მსოფლიო ვებ აბლაბუდაში ისე გავიხლართოთ, რომ დაპირებული სიკეთეები (გართობის ჩათვლით) ვერასდროს მივიღოთ. პარადოქსულია, მაგრამ აზროვნების ხელშესაწყობად ზოგჯერ მუდმივი, „ნონსტოპ“ აზროვნებისგან დისტანცირება გვჭირდება, მოწყენილობასთან დაბრუნება კი ზოგჯერ მოწყენილობასთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა.
კატეგორია - ბლოგი
ბოლო პერიოდში რომ ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციებისთვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა უკიდურესად გართულდა, ამაზე ბევრს ვსაუბრობთ.

აი კიდევ ერთი მაგალითი.

14 ივნისს, პროკურატურიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია 5-6 ივლისის საქმეზე პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობის შესახებ.

რა თქმა უნდა, ჩავთვალეთ, რომ ვებ-გვერზე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფორმის შევსება საკმარისი იყო საჯარო ინფორმაციის მისაღებად. მაგრამ გაგიკვირდებათ და არა.

დღეს, 20 ივნისს, ანუ განცხადების შევსებიდან მეექვსე დღეს პროკურატურიდან მივიღეთ წერილი, რომ თურმე, საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვად უნდა გავაგზავნოთ წერილობითი განცხადება და პირადობის მოწმობის ასლი.

არ დაგვეზარა და ავუხსენით, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვისარგებლეთ საჯარო დაწესებულების ელექტრონული საშუალებებით, ანუ პროკურატურის ვებგვერდზე ჩაშენებული განცხადების ფორმით, რაზეც ასე გვიპასუხეს: ,,მოგვმართეთ განცხადებით.“

ამის შემდეგ, ისევ კიდევ ერთხელ ვცადეთ ვებგვერდზე განცხადების ფორმის შევსება ტექსტით, რომ თუ რაიმე ინფორმაცია დაგვაკლდებოდა, კონკრეტულად მოეწერათ შესაბამისი მუხლის მითითებით და მივაწვდიდით.

ინფორმაცია არ გაიგზავნა.

ვცადეთ კიდევ ერთხელ, იქნებ ქართული შრიფტის პრობლემა ყოფილიყო და ლათინურით შემევსო (მაინც, ყოველი შემთხვევისთვის) ისევ არ გაჭრა.

მოკლედ, ვეღარაფრით ვეღარ გავგზავნეთ განცხადება.

პარალელურად, არც პროკურატურის ვებგვერდზე მითითებულ ნომერზე გვპასუხობდნენ.

ცოტა ხანში ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს ფარული ნომრიდან დაურეკეს. კი, სწორად მიხვდით, პროკურატურიდან. კანცელარია ვერ ატარებს ვებ-გვერდიდან შესულ განცხადებას - მონაცემები აკლიაო.

და კითხვაზე, რა აზრი აქვს ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფუნქციას, თუ ის გამართულად არ მუშაობს, გვიპასუხეს, „მიმართეთ პრეს სამსახურს“.

ვცადეთ, მაგრამ არც მანდ გვიპასუხეს.

ახლა, ისე გამოდის, რომ საჯარო ინფორმაციის მისაღებად განსაზღვრული 10 დღიდან ექვსი უკვე გასულია. ახალი განცხადების გაგზავნის შემდეგ კი პასუხს ისევ 10 დღე უნდა ველოდოთ (და არც აქ არის გარანტია, რომ საერთოდ მივიღებთ მას).
კატეგორია - ბლოგი
28 მაისს ტვიტერმა ოფიციალურად აიღო ხელი ევროკავშირის „დეზინფორმაციასთან ბრძოლის კოდექსის“ შესრულებაზე.  აღნიშნული კოდექსის რეგულაციები სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, თუმცა თუ ილონ მასკის კომპანია ამ მიმართულებით სვლას განაგრძნობს, შესაძლოა „ტვიტერმა“ უახლოეს წლებში ევროკავშირის ბაზარიც კი დაკარგოს. ამ სტატიაში შევეცდები იმის ახსნას, თუ რა ცვლილებები ელით „ტვიტერს“ და სხვა მხვილ სოციალურ პლატფორმებს ევროკავშირში და რატომ არის ეს გლობალურად მნიშვნელოვანი.

2022 წელს ევროკავშირში ძალაში შევიდა „ციფრული სერვისების აქტი“, რომელზეც ჩემს ერთ-ერთ წინა ბლოგშიც ვწერდი. ახალი კანონის მიხედვით, ის სოციალური პლატფორმები, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში 45 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდათ, გამკაცრებული რეგულაციების ქვეშ მოექცევიან.

25 აპრილს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განსაკუთრებით დიდი სოციალური ქსელებისა და ძიენის სისტემების სია, რომელშიც გვხვდება ისეთი მსხვილი ინტერნეტ პლატფორმები, როგორებიცაა „ფეისბუქი“, „ტვიტერი“, „ამაზონი“, „ინსტაგრამი“, „იუთუბი“, „ვიკიპედია“, „ტიკ ტოკი“, „გუგლი“ და სხვა.  აღნიშნული რეგულაციების დასაკმაყოფილებლად ამ პლატფორმებს დრო 2024 წლის მარტამდე აქვთ. 

ახალი კანონმდებლობის მთავარი სიახლე ის არის, რომ ამიერიდან, მთელ რიგ შემთხვევებში, მსხვილ სოციალურ პლატფორმებს მესამე პირების მიერ განთავსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში აქამდე არსებული კანონები, როგორც წესი, სოციალურ ქსელებს მთლიანად უხსნიდა პასუხისმგებლობას მათი მომხმარებლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე; მიიჩნეოდა, რომ სოციალური პლატფორმა დაახლოებით ისეთივე სივრცეა, როგორიც ქალაქის საჯარო მოედანია.

2024 წლიდან, თუკი ევროკავშირში მოქმედი რომელიმე მსხვილ სოციალურ პლატფორმას არ ექნება ადეკვატური რეაგირება მომხმარებლების არალეგალურ ქცევაზე, რეგულატორი მას მსუყე ჯარიმას დააკისრებს. რეგულაციებთან მუდმივი შეუსაბამობის შემთხვევაში, ინტერნეტ კომპანიები ევროკავშირის უზარმაზარი ბაზრის დაკარგვის რისკის ქვეშ დადგებიან.

ახალი რეგულაციებით მიხედვით, მსხვილმა სოციალურმა პლატფორმებმა უნდა გაანალიზონ თავიანთი სისტემები და გამოავლინონ მათში არსებული ჩავარდნები. მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია არალეგალურ აქტივობებთან, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საარჩევნო მანიპულაციებთან, გენდერული ხასიათის ძალადობასთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან, არასრულწლოვნების დაცვასა და მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობასთან.

ჯერჯერობით, ისე ჩანს, რომ აღნიშნულ რეგულაციებთან ყველაზე მეტი პრობლემა ილონ მასკის „ტვიტერს“ ექნება. თუმცა შესაძლოა, რომ ახალ სამართლებრივ ჩარჩოში მოქმედება სხვა მსხვილ აქტორებსაც გაუჭირდეთ. ამის მიზეზი ის არის, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე, სოციალური ქსელები აქამდე, არსებითად, ნეიტრალურ საჯარო სივრცეებად იყო მიჩნეული.

ევროკავშირის ახალმა პოლიტიკამ, შესაძლოა, მსხვილი სოციალური პლატფორმების ქცევა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებშიც შეცვალოს. იქიდან გამომდინარე, რომ ინტერნეტ კომპანიებისთვის ევროპის ქვეყნები მომხმარებელთა განსაკუთრებით დიდ ბაზარს წარმოადგენენ, სოციალური ქსელების დიდ ნაწილს, სავარაუდოდ, მაინც მოუწევს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება. ადრე თუ გვიან, ახლად დანერგილი პრაქტიკები, ინერციით, შესაძლოა მსოფლიოს სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს. ისიც სავსებით შესაძლებელია, რომ მაგალითად, აშშ-ში, კანონმდებლებმა ევროკავშირის მაგალითს მიბაძონ და სოციალურ პლატფორმებს თავიანთ ქვეყანაშიც მკაცრი რეგულაციები დაუწესონ.

ევროკავშირის ახალი რეგულაციები რომ განსაკთრებით მნიშვნელოვანია, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამ საკითხზე ევროპის ქვეყნების ოფიციალური პირების მხრიდან გამოთქმული კომენტარები უჩვეულოდ მკაცრია. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში საფრანგეთის ციფრული ტრანზიციისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრი ჟან-ნოელ ბარო „ტვიტერს“ დაბლოკვით დაემუქრა. „დეზინფორმაცია ჩვენი დემოკრატიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა. თუ ტვიტერი განმეორებით დააღვევს ჩვენს წესებს, ის ევროკავშირში აიკრძალება,“ განაცხადა მან.

გამოდის, რომ 2024 წლიდან სოციალურ ქსელებისთვის ახალი ეპოქა იწყება. ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ამ ეპოქამ შეიძლება მოიტანოს ის, რომ ბოროტი ზრახვების მქონე აქტორებმა ნაკლებად შეძლონ დეზინფორმაციის გავრცელებით დემოკრატიული ინსტიტუტების შერყევა; ასევე, ჩნდება იმის იმედიც, რომ მომავალში, კოვიდ-19-ის მსგავს გლობალურ პანდემიებს საზოგადოებები უფრო ეფექტურად გაუმკლავდებიან, ვინაიდან ისინი ნაკლებად მოექცევიან ყალბი ინფორმაციის ზემოქმედების ქვეშ. აღიშნული ცვლილებები ჩვენნაირ მცირერიცხოვან საზოგადოებებზეც კი, ადრე თუ გვიან, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ.
კატეგორია - ბლოგი

"უკრაინის ომმა შეცვალა მსოფლიო", ვკითხულობთ ბრიტანული გამოცემა "The Guardian"-ის ყველა სტატიის, რომელიც ომს შეეხება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მათი ჟურნალისტები მოვლენათა ეპიცენტრიდან მუშაობენ და ამ თემაზე 5 000-ზე მეტი სტატია აქვთ გამოქვეყნებული.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ "The Guardian" ავტორიტეტული გამოცემაა, 2016 წლიდან, ფინანსური კრიზისის გამო, მათაც მოუწიათ მკითხველისთვის შემოწირულობების თხოვნა. "გარდიანის" სტატიები უფასოდაც ყველასთვის ხელმისაწვდომია, რაც, ბუნებრივია სჯობს ე.წ. "ფეივოლის" პრინციპს, როდესაც თუ არ გადაიხდი, მასალის დიდ ნაწილზე წვდომა გეზღუდება.

"სხვა გამოცემებისგან განსხვავებით, "The Guardian"-ს არ ჰყავს მეწილეები და არც მილიარდელი მფლობელი" - წერია დონაციის თხოვნის წერილში. გარდიანს აქვს სანრეზერვო ფონდიც, რომელსაც ისინი ფინანსური კრიზისი დროს იყენებენ, თუმცა სხვა გამოცემები ასეთი "იღბლიანები" არ არიან და დღემდე წნეხის ქვეშ არიან ციფრულ სამყაროში ტრადიციული მედიის დაღმასვლის პროცესში.

სოციალური მედიისა და ე.წ "ქლიქბეითების" განვითარებამ გამოიწვია სარეკლამო შემოსავლებისა და ბიუჯეტის შემცირება, თანამშრომლების გათავისუფლება და ხარისხიანი კონტენტის სიმცირე. მედია გარემომ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა, რამაც გავლენა იქონია, როგორც აუდიტორიაზე ასევე ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიღების მათთვის სასურველ მეთოდებზე.

პოლიტიკურმა პოლარიზაციამ დამატებითი ზეგავლენა იქონია აუდიტორიაზე. მიკერძოებული გაშუქება სანდოობას აკარგვინებს მედიას, რომელიც ერთ დროს მნიშვნელოვანი რგოლი იყო მოსახლეობის ინფორმირებისა და მაღალჩინოსნებისთვის მათი ანგარიშვალდებულების შესახსენებლად.

დამატებით, ხელოვნური ინტელექტის მზარდი პოპულარობის შედეგები და პოტენციური გამოწვევები კი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა. 2009 წელს, ტექნოლოგიური სიახლეების ჟურნალისტმა კლეი შირკიმ სწორედ ეს გამოწვევები იწინასწარმეტყველა. ამ პრობლემის წინაშე, ის პლატფორმებიც კი დგანან, რომლებიც მხოლოდ ციფრულ სივრცეში ავრცელებენ მასალას. VICE გაკოტრების პირასაა, VOX-ს იმავე მიზეზით თანამშრომლების შემცირება მოუწია, Buzzfeed-მა კი მათი ახალი ამბების დეპარტამენტი დახურა.

მსგავსი პრობლემები ქართულ მედიასაც აქვს. ტელევიზიას ჯერაც ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, თუმცა პოლარიზაცია და მიკერძოებულობა მათთვისაც მთავარი გამოწვევაა, ამიტომ დამოუკიდებელი გაშუქებისა და მნიშვნელოვანი ამბების საზოგადოებისთვის მიწოდება მხოლოდ ონლაინ გამოცემების "პასუხისმგებლობად" რჩება. ეს გამოცემებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ყველა მათგანს ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ - ისინი საერთაშორისო დონორებზე არიან დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მხარდაჭერა მისასალმებელია და, ის ახალი, ტრადიციულზე უფრო ინოვაციური პლატფორმების ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა, საკმარისი მაინც არ არის. კერძოდ, საელჩოები და საერთაშორისო მედია ორგანიზაციები საგრანტო წინადადებებში კვლავ დიდ ყურადღებას აქცევენ "მდგრადობას". ეს გასაგებიცაა, რადგან დამოუკიდებელ ფინანსებს მედიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, არ არსებობს გარანტია, რომ ეს რეალობად იქცეს.

სამაგიეროდ, საერთაშორისო დონორები აგრძელებენ ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომლებიც მხოლოდ გრანტების საშუალებით ფუნქციონირებს და ძირითადად კონკრეტული მიზნით იქმნება ან მხოლოდ კონკრეტულ საკითხებზე ფოკუსირდება. ასეთ შემთხვევებში, თანამშრომლებს მხოლოდ გარკვეული დროით ასაქმებენ, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ, უბრალოდ სამსახურის გარეშე რჩებიან. ეს თავის მხრივ აზიანებს კონტენტსაც, რადგან არ არის მუდმივი.

იმის ნაცვლად, რომ ეს თანხა გრძელვადიან და მრავალფეროვან ხარისხიან მასალაში დაბანდდეს, დონორების ფოკუსი ვიწრო და მხოლოდ ონლაინ ნახვების რაოდენობაზე რჩება დამოკიდებული. მაშინ როდესაც, ნახვების რაოდენობის გაზრდა ე.წ "ბუსტის" (სოციალური ქსელის რეკლამის) საშუალებით შეიძლება და ეს რეალურ ჩართულობას შეიძლება არც გამოხატავდეს. აუდიტორიის ჩართულობა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, თუმცა ამისთვის საჭიროა ბევრი და ხარისხიანი მასალის გამოქვეყნება, რისთვისაც დონორების დაფინანსება საკმარისი არ არის.

მეორე მხრივ, საინფორმაციო ველი წალეკილია დეზინფორმაციითა და მისინფორმაციით.

ზოგიერთი ამ პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს. გასულ წელს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ, მხარი დაუჭირა პარიზში საზოგადოებრივი ინტერესების მედიის საერთაშორისო ფონდის (IFPIM) შტაბ-ბინის გახსნას და პირობა დადო, რომ ამისთვის 2024 წლამდე 15 მილიონ ევროს გამოყოფდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2021 წლის დეკემბერში, IFPIM-ის დაფინანსებისთვის 30 მილიონი დოლარი გამოყო, მიზანი 10 წელში მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის მოზიდვაა.

მიმდინარე წლის 3 მაისს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, პრესის თავისუფლების 30 წლის თავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ოფიციალურად ჩაეშვა მედიის საპილოტე პროექტები, რომელიც წინა წელს დაფინანსდა. სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც, ჰქონდათ საშუალება წარედგინათ პროექტის კონცეფცია.

ეს კარგი სიახლეა, მაგრამ მაგრამ გლობალური კონკურენცია დიდი იქნება. თუ მედია უკეთეს ეკონომიკურ პირობებშიც, დამატებითი დახმარების გარეშე ვერ შეძლებს მდგრადობის შენარჩუნებას, ამ შემთხვევაში სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. დონორებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქართული მედიის განვითარებაში, თუმცა მათ უნდა გადახედონ თავიანთ სტრატეგიებს და მოთხოვნა "მდგრადობაზე" შეარბილონ. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დემოკრატია და მედიის თავისუფლება ერთბაშად, მარტივად მიიღოს.


ონიკ ჯეიმს კრიკორიანი არის ჟურნალისტი დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც რეგიონში 1998 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის როგორც კონსულტანტი საერთაშორის მედიის სააგენტოებისთვის. მანამდე ის მუშაობდა დიდი ბრიტანეთის ისეთ რეგიონულ და ეროვნულ გამოცემებში, როგორიცაა The Bristol Evening Post, The Independent და The Economist.

კატეგორია - ბლოგი
აპრილსა და მაისში ზედიზედ გამოქვეყნდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) და „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები საქართველოში. ეს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც აშშ-ს მთავარ პოლიტიკურ პარტიებთან არიან ასოცირებულებნი (IRI - რესპუბლიკელებთან, NDI - დემოკრატებთან).

მსგავსი სოციოლოგიური კვლევები, რომლებსაც აღნიშნული არასამთავრობოების დაკვეთით, პროფესიონალური კვლევითი ორგანიზაციები ატარებენ ხოლმე, ხშირად ქვეყნდება და მათი განხილვაც აქტიურად მიმდინარეობს მედია სივრცეში.

ამ სტატიაში მინდა ყურადღება მივაპყრო იმ პრობლემებს, რაც ხელს უშლის სოციოლოგიური კვლევების შედეგების ეფექტურად გაშუქებას და ამ საკითხებზე აუდიტორიასთან კომუნიკაციას.

კვლევების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული პრობლემები სხვადასხვა სახის მედიას სხვადასხვა დოზით აწუხებს. ამიტომ მხოლოდ იმ საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც შედეგების ეფექტურად კომუნიკაციისთვის გადამწყვეტია.

პირველი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა იმის სწორად ახსნაა, თუ რა არის სოციოლოგიური კვლევა. ესეთი გამოკითხვები ეყრდნობა მათემატიკურ ფორმულებსა და გაანგარიშებებს და მოითხოვს სტატისტიკისა და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების სპეციალურ ცოდნას. უმთავრესი მათემატიკური დაშვება, რასაც მკვლევრები აკეთებენ, არის ის, რომ შემთხვევით შერჩეული (მაგალითად, ლოტოს ან ლატარეის პრინციპით) მცირე რაოდენობის ადამიანების გამოკითხვა მოგვცემს ბევრი ადამიანის განწყობების მეტნაკლებად სწორ აღწერას.

ამის გამო, NDI-ის და IRI-ის გამოკითხვების შედეგები განსხვავდება, მაგალითად, ქუჩის ან სატელევიზიო გამოკითხვებისგან. თუ გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპზე არ არის დაფუძნებული, მას ახასიათებს ის, რასაც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელები უწოდებენ „სისტემურ მიკერძოებას“. მაგალითად, ქუჩის გამოკითხვის დროს შეიძლება არაბუნებრივად ხშირად შემოგვხვდნენ გარკვეული ტიპის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დროს მოძრაობენ მოცემულ ქუჩაზე (მაგალითად, სტუდენტები, იმიგრანტები, დასაქმებულები და ა.შ.). ასეთი ტიპის გამოკითხვა მოსახლეობის საერთო განწყობების გასაზომად ვერ გამოდგება.

სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების უკეთ საილუსტრაციოდ, სასურველია გამოკითხვების დინამიკაში წარმოდგენა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ თემაზე იმავე მეთოდოლოგიით ჩატარებული გამოკითხვები უკვე არსებობს). სხვანაირად, ხშირად, გაუგებარია ხოლმე, თუ კონკრეტულად რა შეიცვალა - რა მოხდა ისეთი, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს?

მაგალითად, IRI-ის ბოლო გამოკითხვის საფუძველზე, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თითქოს ყველა პოლიტიკური ძალის რეიტინგი ვარდნას განიცდის. სინამდვილეში, კვლევის შედეგებს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო წლებთან შედარებით, არსებითად, მხოლოდ მთავრობის რეიტინგია შემცირებული.

კვლევის გაშუქების დროს, მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოხდეს ჩამოუყალიბებელი პასუხების ან პასუხზე უარის თქმის ინტერპრეტაცია. ზოგადი წესი ის არის, რომ თუკი ამომრჩეველი ჩამოუყალიბებელია ან უარს ამბობს პასუხზე, დაუშვებელია, რომ მას მიაწერო ისეთი მოსაზრება, რაც მას არ ეკუთვნის. მაგალითად, თუკი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ მან არ იცის, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, ეს სწორედ იმას გულისხმობს, რაც გვესმის. იგივე შეიძლება ითქვას ისეთ ამომრჩეველზეც, რომელიც უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.

ამასთან დაკავშირებით, არსებობს კიდევ ერთი მცდარი მოსაზრება, რომ გარკვეულ შეთხვევებში, საჭიროა „არ ვიცი“-ს და „უარი პასუხზე“ შედეგების გაუქმება და მხოლოდ იმ პასუხების პროცენტულად დაჯამება, რომელიც კონკრეტული პარტიებისადმი/კანდიდატებისადმი სიმპათიას გამოხატავს. თუმცა ეს გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნებული ვიქნებოდით, რომ გაუქმებულ შედეგებს არ ახასიათებთ სისტემური მიკერძოება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა, რომ ჩამოუყალიბებელ ან უარის მთქმელ რესპონდენტებს შორის რომელიმე კონკრეტული სიმპათიის მქონე ჯგუფი ჭარბობდეს. მაგალითად, შესაძლებელია, რომ უარის მთქმელებს შორის ჭარბობდნენ ისეთი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, რომლებიც კონტროვერსიული პოზიციებით გამოირჩევიან (შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მათ სხვებზე მეტად „მორცხვი“ მხარდამჭერები ჰყავდეთ).  ამის გამო, გამართლებული არ იქნება მათი პასუხების „გაუქმება“ და თანაბრად გადანაწილება დარჩენილ ჯგუფებზე.

ზემოთაღნიშნული პრობლემები მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ პოტენციური ჩავარდნებისა, რომლებიც სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების პრეზენტაციის დროს შეიძლება წავაწყდეთ. ვფიქრობ, ეს ყველაზე ზოგადი საკითხებია, რომლებსაც მედიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. სხვა, უფრო ღრმა და დეტალურ საკითხებზე კი მედიის წარმომადგენლები მუდმივად დარგის ექსპერტებთან უნდა გადიოდნენ კონსულტაციას. ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ამომრჩევლებს არსებულ რეალობაზე არასწორი შეხედულება არ შეექმნათ და ქართული პოლიტიკაც ცრუ წარმოდგენებისა და მოლოდინებისგან დაიცალოს.
კატეგორია - ბლოგი
საზოგადოებრივი ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გასამიჯნად უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, ამიტომაც თითოეულ შემთხვევაზე მსჯელობაა საჭირო. მაგრამ ყველაფერს საჯარო ინტერესით მაინც ვერ გაამართლებ.

ჩემი დაკვირვებით, კრიმინალის გაშუქებისას ტრაგედიის რეიტინგად ქცევის “სურვილი” ხშირია. მედიასაშუალებებს ავიწყდებათ, რომ მათი ამოცანა საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არ არის.

ჟურნალისტები მოქმედებენ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც ამხელენ დანაშაულს, ხელს უშლიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ააშკარავებენ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

რატომ ვსაუბრობ ამაზე? იმიტომ, რომ 4 მაისს თბილისში სროლა იყო. შეიარაღებული პირი მოქალაქეს მიუახლოვდა და რამდენჯერმე ესროლა. ცეცხლი გახსნა ბიზნესმენის დაცვამაც და თავდამსხმელს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაცვას ბრალი დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისათვის წაუყენეს.

ბუნებრივია, ეს ამბავი უნდა გაშუქებულიყო, მაგრამ საკითხავია როგორ.

მედიას ხშირად ავიწყდება, ან არც იცის, რომ კრიმინალის ცალკეული შემთხვევა პანიკისგან დაცლილად, მთავარი პრობლემის გამოკვეთით და სწორი აქცენტების დასმით უნდა გაშუქდეს. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

ტელევიზიებმა თავდაპირველად სროლის კადრები კონტექსტის გარეშე გააშუქეს:

  • “მთავარმა არხმა” მათ მიერ “ექსკლუზიურად მოპოვებული” ვიდეომასალა გაავრცელა — "დაბლარული" მხოლოდ იარაღი იყო და ყველა პირის იდენტიფიცირება შეიძლებოდა.
  • უშუალოდ მკვლელობის კადრი ცალკე ვიდეოდ დადეს “რუსთავი 2-მა” და “TV პირველმა”.

ტელევიზიები თითქოს ვიდეოს მეშვეობით ადასტურებდნენ, რომ თავდამსხმელს მეორე იარაღიც ჰქონდა, მაგრამ მასალა პანიკისგან და სენსაციისგან დაცლილი მაინც არ იყო, კონტექსტი აკლდა - აქცენტი კეთდებოდა მკვლელობის ფაქტზე თან ეს ხდებოდა მანამ, სანამ გამოძიების დეტალები გაირკვეოდა.

მედიას შეეძლო ეს კადრები მოეპოვებინა, შეენახა, მაგრამ მის გამოქვეყნებამდე რედაქციას უნდა ემსჯელა, რა ზიანი შეიძლება მოჰყოლოდა მკვლელობის კადრების ასე გავრცელებას.

მსგავსი კადრის გავრცელება გამართლებულია, თუ ტელევიზიამ მას იყენებს სიუჟეტისთვის სადაც ჰყვება რა და როგორ მოხდა, განმარტავს, და სვამს კითხვებს იყო თუ არა ეს დაცვის წევრის მხრიდან ძალის გადამეტება, თუ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. მაგრამ ასეთ დროსაც კი, კადრები აუცილებლად უნდა იყოს რედაქტირებული, დაბლარული და აუდიტორიას არ სთავაზობდეს ღია ძალადობის ამსახველ მასალას.

კონტექსტის, გააზრებისა და კითხვების დასმის გარეშე გაშუქებული კრიმინალი კომერციული, წმინდად რეიტინგზე გათვლილი გადაწყვეტილებაა და რა საჯარო ინტერესი. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა მედიამ ტრაგედია სენსაციად აქცია, ან მკვლელობის კადრები ეთერში “ექსკლუზიურად” გაუშვა. ალბათ, თავის მოტყუება იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ ეს ბოლო შემთხვევა იყო და ასეთი რამ აღარ მოხდება.

ჟურნალისტებმა კარგად უნდა გაითავისონ პასუხისმგებლობა, რისკები, საფრთხეები და ზიანი, რაც კრიმინალური ამბების არასწორ გაშუქებას შეიძლება მოჰყვეს.

არის საერთაშორისო პრაქტიკა, რა დროს აშუქებს მედია სროლისა და მკვლელობის კადრებს. ასეთი იყო, მაგალითად, აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის, 2016 წელს კი თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა.

დავუშვათ, მედია მიხვდა, რომ ამბავი სტანდარტების დარღვევით გააშუქა და სროლის კადრები ეთერში არ უნდა გაეშვა, ან სოციალურ ქსელებში არ უნდა განეთავსებინა. რა ხდება ასეთ დროს? არსებობს ჩასწორების სტანდარტი, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ეს ეფექტური არ არის. საკითხი განსაკუთრებით პრობლემატურია ინტერნეტისა და სოციალურ ქსელების გამო.

სოციალურ ქსელებში ერთხელ დადებული კადრი, ვიდეო შესაძლებელია, ვერასდროს გააქრო ინტერნეტსივრციდან. მედიამ ვიდეო რომც წაშალოს, ის მაინც გავრცელდება, რადგან მისი ჩამოტვირთვა და თავიდან ატვირთვა ნებისმიერ მომხმარებელს წამებში შეუძლია.

ასეთ ეპოქაში თითოეულმა რედაქციამ კიდევ უფრო მეტად უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. ჟურნალისტიკა მხოლოდ ფაქტის გავრცელება არ არის, ესაა ინფორმაციის მიღება, გააზრება და ისე გაშუქება, რომ მან საზოგადოების ინტერესი არ დააზიანოს. ნახვები კომერციულად მომგებიანია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მედიისთვის რეპუტაციის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
კატეგორია - ბლოგი
12 აპრილს BBC-ის გამოაქვეყნა ვრცელი საგამოძიებო სტატია, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არსებულ ე.წ. „ქოლცენტრების“ უკანონო საქმიანობას ეხება.  ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, საქართველოში მდებარე „ქოლცენტრებიდან“ თაღლითები ევროპელ პენსიონერებს ურეკავენ და მოტყუებით სძალავენ წლობით დაგროვილ დანაზოგს.

გამომძიებელი ჟურნალისტების ვარაუდით, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელთან დაკავშირებულია საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და საკონტროლო წილის მფლობელი, დავით კეზერაშვილი. BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ:

„რაც შეეხება Milton Group-ს, ასევე, არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან დააკავშირებს; არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ მას [კეზერაშვილს] გააჩნია პირდაპირი ფინანსური ინტერესი Milton-ის ბრენდებში. თუმცა Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციულად გაგვანდო, რომ მათ ჰქონდათ კონტაქტი კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ ის Milton group-ის საქმიანობაში იყო ჩართული.“

კეზერაშვილის კუთვნილმა ტელეკომპანია “ფორმულას“ ახალი ამბების გამოშვებამ, BBC-ის გამოძიების გაშუქებისას, აღნიშნა, რომ "ბრიტანულმა გამოცემამ ვერ აღმოაჩინა ე.წ. ქოლცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილის მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულებები.“ მოგვიანებით, „ფორმულას“ ვებგვერდიდან ეს განცხადება წაშალეს და მალევე, არხის ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ბაჯელიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიახლე ციფრული პლატფორმიდან წაიშალა, რადგან მივიჩნიეთ, რომ არასრულად ასახავდა BBC-ის საგამოძიებო სტატიის აქცენტებსა და სულისკვეთებას, ასევე, არ სთავაზობდა აუდიტორიას არხის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის კომენტარს.“

აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მწვავე ინტერესთა კონფლიქტთან, ვინაიდან კერძო კომპანიას უწევს კრიტიკულად გააშუქოს საკუთარი დამფუძნებლის და ამჟამინდელი მფლობელის წინააღმდეგ მიმართული მძიმე ბრალდებები. მსგავსი პრობლემა წარმოიშობა ხოლმე მაშინაც, როდესაც კომპანიის დამფუძნებელი ან მფლობელი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს ან თავად არის უშუალოდ ჩართული პოლიტიკაში.

დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორც წესი, არ არსებობს რაომე რეგულაცია, რომელიც მედია საშუალებას დაუწესებდა შეზღუდვებს იმაზე, თუ როგორ გააშუქოს საკუთარი მფლობელთან ან დამფუძნებელთან (ან მათთან ასოცირებულ პირებთან) დაკავშირებული სკანდალები. ეს თავიდან ბოლომდე კონკრეტული მედია საშუალების ჟურნალისტურ და ეთიკურ სტანდარტებზეა დამოკიდებული.

დასავლეთში ამ საკითხზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აჟიოტაჟი ბოლოს 2019 წელს ატყდა, როდესაც მედია კომპანია Bloomberg-ის მფლობელმა, მაიკლ ბლუმბერგმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. მაშინ, Bloomberg News-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯონ მიქლეტვეიტმა მის დაქვემდებარებაში მყოფ 2700 ჟურნალისტსა და ანალიტიკოსს მისწერა, რომ მედია კომპანია არ აპირებდა არც მაიკლ ბლუმბერგის და არც მისი დემოკრატი ოპონენტების საქმიანობების გაშუქებასა და გამოძიებას.

ამასთანავე, Bloomberg News-ის მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, რომ ისინი სრულად ან მოკლე შინაარსის სახით გადაბეჭდავდნენ იმ საგამოძიებო სტატიებს, რომლებსაც მაიკლ ბლუმბერგზე ან მის დემოკრატ ოპონენტებზე სხვა სანდო მედია საშუალებები მოამზადებდნენ. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის ეს გადაწყვეტილება არ ეხებოდა მაიკლ ბლუმბერგის რესპუბლიკელ ოპონენტს, დონალდ ტრამპს.)

Bloomberg News-ის გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგიერთმა კრიტიკოსმა მედია კომპანიის პოზიცია სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად აღიქვა. თუმცა ამ ნაბიჯის დადებითი მხარე ის იყო, რომ Bloomberg News-მა არ დაფარა თავის რიგებში ინტერესთა კონფლიქტის არსებობა და ამის ნაცვლად, კომპანია შეეცადა, რომ საკუთარი ბუნებრივი მიკერძოება იმით დაებალანსებინა, რომ ოპონენტებიც გაეთავისუფლებინა კრიტიკის ქარ-ცეცხლისგან.

საქართველოს შემთხვევაში, რთული სათქმელია, თუ კონკრეტულად როგორ შეიძლება, ნაწილობრივ მაინც, განეიტრალდეს კერძო მედია საშუალებებში არსებული ინტერესთა კონფლიქტები (იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი კონფლიქტები არც თუ ისე იშვიათი და ზედაპირულია). თუმცა ფაქტია, რომ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, ის არის, რომ მინიმუმ, ინტერესთა კონფლიქტის ხმამაღლა აღიარება მოხდეს.

სხვა შემთხვევაში, თავის მოკატუნებით, მხოლოდ ყველაზე ეთიკურად მიუღებელ პროპაგანდას შევუწყობთ ხელს. ქართული ტელე, რადიო, ბეჭდური და ციფრული მედიები, სამწუხაროდ, ამ თემას იშვიათად უთმობენ სათანადო ყურადღებას - იქამდე, სანამ თავად არ აღმოჩდნებიან ხოლმე, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ სიტუაციებში.
კატეგორია - ბლოგი
სამთავრობო პროპაგანდა, რომელსაც განსაკუთრებით, ავტორიტარული რეჟიმები იყენებდნენ, ყველა დროში არსებობდა, თუმცა სოციალური ქსელების ეპოქაში მან ახლებური - დიდწილად, ანონიმური სახე მიიღო. განსაკუთრებით, ფეისბუქზე მთავრობა გველაპარაკება ანონიმური ან დაქირავებული მომხმარებლების (ტროლების) პირით. ტროლები „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალურად არ ასოცირდებიან (და როგორც წესი, გამალებით უარყოფენ ხელისუფლებასთან რაიმე კავშირს), თუმცა რეალურად, ისინი იმ მესიჯების გავრცელებას უწყობენ ხელს, რაც მთავრობის სასიცოცხლო ინტერესებშია.

იმის მიუხედავად, რომ სამთავრობო პროპაგანდამ ინფორმაციულ ეპოქაში ესეთი რადიკალური სახეცვლილება განიცადა, მასთან ბრძოლის ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა.

ტროლებთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებულ ხერხებს შორის არის: იგნორირება, წაშლა და მითების გაქარწყლება (მათთან დებატებში შესვლა და სიმართლის დამტკიცება). თუმცა ეს მეთოდები ყოველთვის არ მუშაობს და ზოგჯერ, კონტრპროდუქტიულიცაა.

იქიდან დავიწყოთ, რომ თუ ტროლებს უყურადღებოდ დავტოვებთ, ეს ვერ შეაჩერებს მათ მიერ ყალბი ინფორმაციების გავრცელებას და ადამიანების დატერორებას. მათი მიზანი ის არის, რომ ხილვადობა ჰქონდეთ - რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაინახოს ის, რომ ისინი ბევრნი არიან.

ზოგჯერ მათი დამქირავებლები იმასაც არ აქცევენ ყურადღებას, თუ რამდენად დამაჯერებელია ტროლების გამოგონილი სახელები. მაგალითად, ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ სოციალურ ქსელებში დადებულ განცხადებებს აშკარად არაქართულენოვანი ფეისბუქ პროფილები იწონებდნენ. ამ შემთხვევაში, დამკვეთებისთვის მთავარი სიმრავლის ეფექტის შექმნაა. ტროლების იგნორირებით კი სიმრავლის ეფექტს ვერ მოვერევით.

ტროლებთან ბრძოლის ეფექტური მეთოდი არც მათი სოციალური ქსელებიდან მასობრივად წაშლა გამოდგა. „მეტას“ ბოლო ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ ფეისბუქიდან 2022 წლის ბოლო კვარტალში 1 მილიარდ 300 მილიონი ყალბი პროფილი წაშალა. წაშლილი ყალბი პროფილების ეს ასტრონომიული რაოდენობა მით უფრო განსაცვიფრებელია იმ ფონზე, როდესაც წინა კვარტლების სტატისტიკაც დაახლოებით მსგავსია. ისე ჩანს, რომ ტროლები ცხრათავიანი დრაკონებივით არიან: რამდენ თავსაც აჭრიან, იმდენი ამოსდით.

ტროლების წაშლას კიდევ უფრო არაეფექტურ ტაქტიკად აქცევს ისიც, რომ სოციალური ქსელებისთვის ტროლების ამოცნობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ბოტების (ავტომატიზირებული პროფილების). ტროლს შეუძლია, რომ დამაჯერებელი „ლეგენდა“ შექმნას საკუთარ გამოგონილ „მე“-ზე. ამის გამო, ზოგჯერ სოციალური ქსელების ინდივიდუალურ მომხმარებლებსაც კი უჭირთ ტროლების ამოცნობა, არათუ სოციალური ქსელების მონიტორინგის სისტემებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ტროლების წაშლის მეთოდით ანონიმურ პროსამთავრობო პროპანდას ყოველთვის ეფექტურად ვერ დავუპირისპირდებით.

მითების გაქარწყლება და ფაქტების შემოწმება მართალია ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია ყალბი პროფილების წინააღმდეგ, თუმცა ისინიც ყოველთვის პოლიტიკურად ეფექტური არ არის ხოლმე. მაგალითად, ზოგიერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ ყალბი ფაქტების შემოწმება და მათი გასწორება არ ცვლის ამომრჩევლების ნდობას პოპულისტი ლიდერებისა და მათი არგუმენტების მიმართ. ამის მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს, თუმცა ძირითადად, მაინც ყველაფერი ფსიქოლოგიურ ფაქტორებს და განსაკუთრებით კოგნიტურ მიკერძოებებს (მათ შორის, საკუთარი მოსაზრების მიმართ მიკერძოებას) შეიძლება დავაბრალოთ.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ტროლებთან ბრძოლის ახალ მეთოდებზე ფიქრი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაა. ვფიქრობ, იმის ნაცვლად, რომ ვებრძოლოთ ტროლების არსებობას ტექნოლოგიური ხერხებით, აქცენტი უფრო მეტად უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რამდენად შეიძლება პოლიტიკურ სივრცეში მათი მესიჯების განეიტრალება.

ტროლებთან ბრძოლის ინოვაციური მიდგომების ერთ-ერთ, მეტნაკლებად წარმატებული მაგალითია „ნაფო“ („NAFO“). ეს არის პოპულარული ინტერნეტ მოძრაობა, რომელიც ვირტუალურ სივრცეში რუსეთის საინფორმაციო კამპანიას უპირისპირდება. მისი წევრები სატირას და ე.წ. „მიმებს“ იყენებენ იმისთვის, რომ რუსული პროპაგანდის მესიჯები გაანეიტრალონ.

„ნაფოს“ მსგავსი ინიციატივები ერთი მხრივ, იმპერიალისტურ პროპაგანდასთან ბრძოლის ტრადიციულ პოლიტიკურ საშუალებებს ეყრდნობიან; მეორე მხრივ, ისინი სოციალური ქსელების ლოგიკას კი არ უპირისპირდებიან, არამედ პირიქით, ვირტუალური ეკოსისტემების თავისებურებებს სათავისოდ, კეთილი მიზნებისთვის იყენებენ. ალბათ სწორედ ამიტომ დაიმსახურა „ნაფომ“, როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის, ისე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის ქება-დიდება.

„ქართული ოცნების“ ინტერენტ პროპაგანდასთან დაპირისპირებისთვის ტროლებთან ბრძოლის პარადიგმისა და მეთოდოლოგიის გაფართოება გვჭირდება. ამისთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ საერთაშორისო გამოცდილებას, ან მოვიფიქროთ რაიმე ახალი, რომელიც საინფორმაციო ომის სასწორს სამოქალაქო საზოგადოებისკენ და დემოკრატიისკენ გადმოხრის.
კატეგორია - ბლოგი
ამ ბლოგში ვეცდები, ვისაუბრო საზოგადობრივი მაუწყებლის ახალ ფილმზე - „მეფე ერეკლე - რეპორტაჟი ისტორიიდან“, რომელშიც ავტორებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი „გამორჩათ“. და აქვე, არ ჩათვალეს საჭიროდ, კიდევ ერთხელ გაეხსენებინათ, რა უარყოფითი შედეგები მოუტანა ქვეყანას გეორგიევსკის ტრაქტატმა.


გამიჭირდა, მაგრამ მოთმინებით ვუყურე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის სცენარით გადაღებულ ფილმს ერეკლე მეორეზე. „მეფე ერეკლე - რეპორტაჟი ისტორიიდან“ მაუწყებლის ორსაათიანი მხატვრულ-დოკუმენტური მასალაა, რომელშიც ჟურნალისტებს მოდელირებული საინფორმაციოს წამყვანების როლები აქვთ მორგებული.

სავარაუდოდ, ტელევიზიას ამ ვიდეოს მომზადება სოლიდური თანხა დაუჯდა, გადაღების მასშტაბის, კოსტიუმების, გრაფიკული ვიზუალური ეფექტების გათვალისწინებით.

მოქმედება იწყება თანამედროვე ნიუსრუმიდან ინფორმაციით: „1720 წლის საინფორმაციო გამოშვებას საზღვარგარეთის ამბებით ვაგრძელებთ. რუსეთის ფლოტმა საზღვაო ბრძოლაში შვედეთის ფლოტი დაამარცხა, ამით ჩრდილოეთის დიდი ომი დასრულდა. რუსეთმა ბალტიის ზღვაზე გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა...“, - გვამცნობენ საკმაოდ ცნობილი ჟურნალისტები და დროდადრო ჩართვები აქვთ კორესპონდენტთან, რომელიც ხან შუა ბრძოლის ველიდან გვიყვება ახალ და ცხელ-ცხელ ამბებს, ხან კიდევ პირდაპირ მონათა ბაზრიდან გვერთვება ციტატით: „უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მონათა ბაზრებზე ყოველთვის უმაღლესი ხარისხითაა წარმოდგენილი და აქ გასაყიდად მხოლოდ ნარჩევი გოგო-ბიჭები მოჰყავთ“.
კადრი ფილმიდან
alt

თუმცა, აქ არ ვისაუბრებ ფილმის მხატვრულ-ესთეტიკურ მხარეზე. არც იდეაზე, რომელიც ვიღაცის თავში დაიბადა და მერე ტელევიზიამ აღასრულა.

ამ ბლოგში მინდა რამდენიმე ისტორიულ ფაქტსა და ზოგადად, ფილმის მიზანს შევეხო, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, რომ „ერთმორწმუნე და გადამრჩენელი რუსეთის“ იდეის მატარებელია და ამის შემჩნევას არ სჭირდება ისტორიკოსობა და ბევრი ფილოსოფია.

ამის დასტურად ეს ციტატაც კი საკმარისია, სადაც ვასილ მაღლაფერიძე გეორგიევსკის ტრაქტატზე საუბრობს: „ერეკლე მეფემ გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერით საქვეყნოდ მოახდინა დეკლარირება, რომ პატარა აზიური ქვეყანა განვითარების ევროპულ გზას ადგებოდა“.

თუმცა, მეტი დამაჯერებლობისთვის, ვესაუბრე ისტორიკოსებს, მათ შორის, ისტორიის დოქტორ დავით მერკვილაძეს, რომლის წიგნიც ამასწინათ ჩამივარდა ხელში. წიგნი გეორგიევსკის ხელშეკრულების განმაპირობებელ მოვლენებს, ამავე დროს მისი ორივე ხელმომწერი მხარის სახელმწიფო ინტერესებსა და ტრაქტატისაგან გამოწვეულ შედეგებს ეხება.

რაზეა მაუწყებლის ვიდეო?

ვასილ მაღლაფერიძის ავტორობით გადაღებული ფილმის მოქმედება XV საუკუნიდან იწყება და სრულდება რუსეთის იმპერიის მიერ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულების დაპყრობით (რასაც ფილმის ავტორები, ძალიან დელიკატურად აღწერენ, თუმცა ამაზე მოგვიანებით).

აქვეა ნახსენები ამასიის ზავი, რომლითაც ირანმა და ოსმალეთმა ქართული სამეფო-სამთავროები გაინაწილეს; ლეკიანობა; XVIII საუკუნის შიდა ფეოდალური აშლილობები და ამიერკავკასიისათვის ირანის, ოსმალეთისა და რუსეთს შორის დაპირისპირებები.

თუმცა, მთავარი პათოსი, რომელიც ფილმს გასდევს ასეთია: როგორ ცდილობდნენ ქართველი მეფეები მუდმივად ევროპასთან კავშირის დამყარებას, თუმცა ამ დროს ევროპელ მონარქებს საქართველოსთვის არ სცალიათ. ამიტომ, ოსმალეთის, ირანისა და ლეკების შემოსევების პარალელურად, „ერთმორწმუნე რუსეთი“ ევროპული იდეებითა და მხსნელის როლით ერთადერთ გადამრჩენელად გვევლინება: “მეზობლების სასტიკი ქმედებებით გატანჯული საქართველო, მზად იყო ნებისმიერ ანტი ოსმალურ და ანტი ირანულ ძალას შეკავშირებოდა და რუსეთის იმპერიაც ზუსტად ამ დროს მოადგა ამიერკავკასიას“, - ამბობს ფილმში მაღლაფერიძე.

  • თუმცა, ავტორებს „გამორჩათ“ რამდენიმე ისტორიული ფაქტი, რომელიც მთელი კონტექსტის აღსაქმელად აუცილებელია.
მაგალითად, ფილმში საერთოდ არაა ნახსენები, რომ 1723 წელს რუსეთის იმპერიისგან დაიმედებული ქართლის მეფე, ვახტანგ VI მტრის წინაშე მარტო აღმოჩნდა და პეტრე I-მა ის, ფაქტობრივად, მოატყუა. თუმცა, რაც ყველაზე მეტად თვალსაჩინოა, ეხება ასპინძის ბრძოლას, რომელშიც გენერალმა ტოტლებენმა ერეკლეს უღალატა. ასევე, საინტერსოა, როგორაა წარმოჩენილი გეორგიევსკის ტრაქტატის ეპიზოდი და შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია.

  • გენერალი ტოტლებენი - მოღალატე თუ უბრალოდ, რთულად საურთიერთო კაცი?
ამ ეპიზოდში ფილმი აღწერს 1760-იან წლებიდან რუსეთის მიზნებს და ავტორი ამბობს, რომ ეკატერინე II-ისთვის შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება უმთავრესი პრიორიტეტია. ამ დროს 1768-1774 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომი მიმდინარეობს.

ერეკლე მეორის მთავარი მიზანი კი, „რუსეთის დახმარებით, ძირძველი ტერიტორიების დაბრუნება და ქვეყნის გაერთიანებაა“, - გვეუბნება მაღლაფერიძე. აქ საუბარია სამხრეთ-დასავლეთ, ანუ ძველი სამცხე-საათაბაგოს ოსმალეთის ბატონობისაგან გათავისუფლებაზე.

1769 წელს დარიალის ხეობის გავლით რუსეთის ჯარი საქართველოში ოსმალეთის ზურგში ქართველი მეფეების „დივერსიული“ მოქმედებებისათვის გამოსაყენებლად შემოდის. ჯარის მეთაურად ეკატერინე II-ის მიერ გენერალი ტოტლებენია დანიშნული.

ფილმში გვერდი აუარეს საყოველთაოდ ცნობილ ისტორიულ ფაქტს, რომ 1770 წელს ასპინძის ბრძოლის წინ გენერალმა ტოტლებენმა ერეკლე მეფეს უღალატა და ბრძოლის ველზე მარტო დატოვა.

აღმოჩნდა, რომ მას შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა. ერეკლე ომში დაღუპვის თუ არა, დამარცხების იმედით მაინც, ტოტლებენმა ქართლში თავადების გადაბირება და მათი იმპერატორ ეკატერინეს ერთგულებზე იძულებით დაფიცება დაიწყო. მაგრამ ერეკლემ ამ ომში გაიმარჯვა და რუსი გენერლის გეგმები ჩაიშალა.

როგორაა აღწერილი ფილმში გენერალი ტოტლებენი?

ერეკლე მეფე და გენერალი ტოტლებენი თავიდანვე ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და მათი ამოცანებიც განსხვავდებოდაო, გვეუბნება ვასილ მაღლაფერიძე და აქვე ამატებს: „ვერც ტოტლებენმა და ვერც მისმა შემცვლელმა სუხოტინმა რაიმე ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწიეს. თუმცა, ერეკლე კვლავაც ერთმორწმუნე რუსეთის მოკავშირე რჩებოდა და მისი დახმარებით აპირებდა ირან-ოსმალეთისგან დაცვას“.

ისტორიკოსი დავით მარკვილაძე ამბობს, რომ ამ ომში ერეკლე II რუსეთის საიმპერატორო კარმა დაპირებებისა და ფუჭი იმედების მიცემის შედეგად, განზრახ ჩაითრია და ეს დასტურდება ისტორიული დოკუმენტებით, რაზეც მაუწყებლის ფილმში არაფერი თქმულა.

გარდა ამისა, ერეკლე მეფეს ოსმალეთთან ამ დროს კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდა და მისგან არავითარ დაცვას არ საჭიროებდა, ირანი კი იმდენად იყო დასუსტებული, რომ მას მთელი სამხრეთ კავკასია დაკარგული ჰქონდა და დღევანდელი ირანის ჩრდილოეთ ნაწილსაც კი ვერ აკონტროლებდა. ასე, რომ მათგან „დასაცავი“ ქართლ-კახეთის სამეფოს არაფერი ჰქონდა.

გეორგიევსკის ტრაქტატი ფილმში - ევროპული მომავალი?

1783 წლის 24 ივლისს, ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო.

  • გეორგიევსკის ტრაქტატით, ორივე მხარე ვალდებულებებს იღებდა:
  • ქართლ-კახეთი რუსეთის წინაშე ფიცს დებდა მის სამუდამო ერთგულებაზე და აქვე, ყველა მომდევნო მეფეს სამეფო რეგალიები რუსეთის იმპერატორისგან უნდა მიეღო;
  • რუსეთის იმპერია კი, პირობას დებდა, რომ დაიცავდა ქართლ-კახეთს და მის მთლიანობას;

სამეფო ტახტი კი სამუდამოდ იქნებოდა შენარჩუნებული ერეკლე II-ისა და მისი შთამომავლებისთვის და რაც მთავარია, არ ჩაერეოდა ქართლ-კახეთის შიდა საქმეებში.

საიდუმლო მუხლებით ასევე, გათვალისწინებული იყო, რომ: ქართლ-კახეთის სამფოში უნდა გაგზავნილიყო რუსული ჯარი და ომის შემთხვევაში, რუსეთიდან დამატებითი ძალებიც უნდა შემოსულიყო.

რუსეთის იმპერიას ამ პირობებიდან თითქმის, არაფერი შეუსრულებია. მეტიც, 1801 წელს, ეკატერინე II-ის მემკვიდრე პავლე I-მა საგანგებო მანიფესტი გამოსცა, რითაც ქართლ-კახეთის სამეფოს საერთოდ აუქმებდა და მის ანექსიას ახდენდა.

მანიფესტში იგი ამტკიცებდა, რომ ქართველმა ერმა მთხოვა საქართველოს სამეფო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდესო.

ეს მანიფესტი პავლე I-მა ვერ აღასრულა, რადგან იგი შეთქმულებმა მოკლეს. მაგრამ მომდევნო იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მალევე გამოსცა ახალი მანიფესტი, რომლის მიხედვითაც, თითქოს, აღა მაჰმად ხანის შემოსევა საქართველოში ეკატერინე II-ის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ჯარის დახმარებით აღკვეთეს.

ფილმში, ავტორი რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიასა და ტრაქტატს შორის კავშირს ვერ ხედავს და ამბობს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს „შეერთება“ ტრაქტატთან არაფერ შუაშია: „და საერთოდაც, ეს დიდი იმპერიები არ უტოვებდნენ ამ პატარა სახელმწიფოებს არც არსებობის უფლებას და არც ფორმალურ საფუძვლებს ცნობდნენ. ამიტომ, ის, რომ რუსეთმა საქართველო დაიპყრო და შეიერთა არაა პირდაპირ კავშირში ტრაქტატთან“, - ამბობს ვასილ მაღლაფერიძე.

კადრი ფილმიდან
alt


„1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის არა მოუტანია რა. ზიანი კი – აუარებელი“, - ეს სიტყვები ივანე ჯავახიშვილის 1919 წელს გამოცემული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონოგრაფიიდანაა, რომელიც XVIII საუკუნეში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას ეხება.


რას გულისხმობდა იგი?

ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე ამბობს, რომ ტრაქტატის მერე, რეალურად, გაორმაგდა და გასამმაგდა საფრთხე: „პირდაპირ წერდა ომარ ხანი ერეკლეს, ჩვენ გსჯით რუსეთთან კავშირის გამოო. რუსეთმა კი, პირიქით, საქართველოდან ორი პოლკი ჯარი გაიყვანა და შემოიყვანა, მას შემდეგ, როცა უკვე აღა მაჰმად ხანმა თბილისი გადაწვა (1795 წელს)“.

როგორაა აღა მაჰმად ხანის შემოსევა ფილმში მოყოლილი?

ფილმის მიხედვით, ერეკლემ რუსეთის იმპერატორს დახმარება სთხოვა, „თუმცა, ეკატერინემ მხოლოდ 1795 წლის 4 სექტემბერს გაიხსენა ტრაქტატის არსებობის შესახებ და განკარგულება გასცა, რომ ერეკლეს დასახმარებლად, ორი ბატალიონი გაეგზავნათ. პეტერბურგიდან გამოგზავნილი ბრძანება, გენერალ გუდოვიჩს კავკასიის სამხედრო ხაზზე პირველ ოქტომბერს მიუვიდა. ამ დროს თბილისი უკვე 20 დღის გადამწვარი იყო, აღა მაჰმად ხანი კი თბილისიდან წასული“.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ტრაქტატის დადებიდან რამდენიმე წელში, 1783 წელს შემოყვანილი მცირერიცხოვანი სამხედრო ნაწილი რუსეთის იმპერიამ 1787 წელს უკან გაიწვია.

  • რუსეთის ტყუილები და ფანდები ქართველი მეფეების ბრძოლის ველზე მიტოვებით არ შემოიფარგლებოდა.
ეკატერინე II-ის „უმაღლეს მითითებაში“ რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა ტრაქტატს, წერია, რომ ქართველ მეფეებთან უნდა დადებულიყო „საკავშირო ტრაქტატი“, ისე რომ მეფეები არ წოდებულიყვნენ ქვეშევრდომებად, არამედ მოკავშირეებად. შესაბამისად, ხარკის გადახდის ვალდებულებაც არ ექნებოდათ. თუმცა, ისტორიკოს დავით მერკვილაძის შეფასებით, ხელშეკრულების შინაარსი და ლექსიკა აღარ იძლევა იმის საფუძველს, რომ ტრაქტატი ორ თანაბარუფლებიან სახელმწიფოს შორის დადებულ ხელშეკრულებად მივიჩნიოთ.

„ერეკლეზე რუსეთი მუდმივად დიპლომატიურ ზეწოლას ახორციელებდა, მოქმედებდა ჯაშუშებით. უქმნიდა საფრთხეს ქართლის ტახტზე მყოფი ალექსანდრე ბატონიშვილის სახით. ამიტომ, ბევრი ფაქტორის ჩამოთვლა შეიძლება, რის გამოც, მეფის ნაბიჯები შეიძლება გავიგოთ, მაგრამ ტყუილია, როცა ამბობენ, ეს ყველაფერი თვითონ მეფეს მოსწონდა და უნდოდაო“, - ამბობს დავით მერკვილაძე.

საქართველოსადმი დამოკიდებულება კარგად ჩანს ეკატერინე II-სა და იმპერიის უმაღლესი მოხელის, გრიგოლ პოტიომკინის მიმოწერაში, სადაც ვკითხულობთ, როგორ ულოცავდნენ კმაყოფილი იმპერატრიცა და მისი მოხელე ერთმანეთს ქართლ-კახეთის დაპყრობას და ამბობდნენ, რომ „ის მიწები, რომლებსაც ალექსანდრე მაკედონელმა და პომპეუსმა უბრალოდ შეხედეს, თქვენ შეძელით და მიაბით რუსეთის სტრიპტრსო( „Земли, на которые Александр и Помпей, так сказать, лишь поглядели, те вы привязали к скипетру российскому“).

ასეთივე კმაყოფილი საუბრობს ვასილ მაღლაფერიძე თავის ფილმში, როცა გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგებზე გვიყვება. ზუსტი შინაარსის გადმოცემა გამიჭირდება, ამიტომ რამდენიმე მის ციტატას დავიხმარ:

„მეთვრამეტე საუკუნის რუსეთი გაცილებით პროგრესული და განვითარებული სახელმწიფო იყო, ვიდრე ირანი და ოსმალეთი და ერეკლესთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპული ცივილიზაციისკენ გასასვლელის გაჭრა. ქვეყანაში განათლების და მეცნიერების შემოტანა და ახალი ტექნოლოგიების გაცნობა ათვისება.

ამასთანავე, ქრისტიანთა განუწყვეტელი დევნის პირობებში ქართველებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა ერთმორწმუნეობის ფაქტორი.

პატარა კახი რომ არა, საქართველოს ემუქრებოდა ჩამორჩენილ აზიურ პროვინციად დარჩენა და ენის, ეროვნულობისა და სარწმუნოების დაკარგვა“.

რუსეთი - ჩვენი არჩევანი?

გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან ზუსტად ორ საუკუნეზე მეტი გავიდა. თუმცა, საქართველოში დღესაც გვესმის დავა - ამ ხელშეკრულებამ უფრო მეტი ზიანი მოგვიტანა თუ პირიქით.

საბჭოთა ისტორიოგრაფიამ თავისი კვალი საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მაინც დატოვა და ჯერ კიდევ ვერ გახდა შესაძლებელი, ამ პერიოდის სწორად გადააზრება.

თუმცა, ძალიან გამიჭირდებოდა წარმოდგენა, რომ ამ პათოსს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკრანიდან მოვისმენდი და ამ კრემლისტური პროპაგანდისტული იდეების გამავრცელებლად, ტელემაუწყებლობის წარმომადგენლები თავად მოგვევლინებოდნენ.

ამიტომ, ღიად დავტოვებ კითხვას - საერთოდ, რატომ გადაიღეს ეს ფილმი და რის თქმა უნდოდათ ამით ავტორებს? და სადაა იმ დროს „გაჭრილი ევროპული ცივილიზაციისკენ გასასვლელი გზა?“.
კატეგორია - ბლოგი
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანონი, რომელიც „ხალხის ძალამ“ 14 თებერვალს წარადგინა, ითვალისწინებს ისეთი არასამთავრო და მედია ორგანიზაციების „უცხოური გავლენის აგენტებად“ გამოცხადებას, რომლებიც არაკომერციული შემოსავლების 20 %-ზე მეტს „უცხო ძალისგან“ იღებენ

„უცხო ძალად“ ჩაითვლებიან, როგორც უცხო ქვეყნის ოფიციალური ორგანოები (ან მათი წევრები), ისე უცხოეთის მოქალაქეები და ორგანიზაციები. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში მოქმედი რომელიმე ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება „უცხოურ გავლენის აგენტად“, ის 25 000 ლარით დაჯარიმდება.

ამ კანონით, საქართველოში მოღვაწე ორგანიზაციები ოფიციალურად გამოცხადდებიან „უცხოური გავლენის აგენტად“, რაც გამოიწვევს მათ სტიგმატიზაციას და საბოლოო ჯამში, განადგურებას.

ევროკავშირმა ამ თემაზე უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება და აღნიშნა, რომ მსგავსი კანონის მიღება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს კომენტარი გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ კანონპროექტს არანაირი კავშირი ამერიკულ კანონმდებლობასთან არ აქვს. სინამდვილეში, ის რუსული და უნგრული კანონების ანალოგიურია.

უნგრული კანონი, რომელიც „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მსგავსია, ვიქტორ ორბანის რეჟიმმა 2017 წელს მიიღო. 2020 წელს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული კანონი ევროკავშირის ნორმებთან შეუთავსებელია სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ ბევრ სხვა ზიანთან ერთად, კანონი ქმნის „უნდობლობის კლიმატს“ იმ ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომლებსაც ის ეხება. 

21 თებერვალს „ხალხის ძალამ“ კიდევ ერთი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც, მათი თქმით, აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსია.  როგორც ჩანს, მომავალში, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ შესაძლოა, შეარბილონ კანონპროექტის ის ვერსია, რომელიც თავდაპირველად წარადგინეს. თუმცა არსებობს მინიმუმ ორი მიზეზი იმისა, თუ რატომაც არ შეცვლის ასეთი შერბილება იმ საგანგაშო მდგომარეობას, რომელიც მმართველი გუნდის წყალობით წარმოიშვა.

1. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე განაცხადა, რომ ის „ხალხის ძალასთან“, პრინციპების დონეზე, შეთანხმდა თავდაპირველად წამოყენებული კანონპროექტის მართებულობაზე, ცხადი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლების განზრახვა ქვეყანაში რუსული კანონმდებლობის გადმოღება და დემოკრატიული თავისუფლებების ღიად, ფორმალურ დონეზე შეზღუდვაა.

მაშინაც კი, თუკი „ქართული ოცნება“ და მისი სატელიტი „ხალხის ძალა“ ამ კანონის შედარებით რბილი ვერსიას შემოგვთავაზებენენ (რომელშიც მაგალითად, არ ეწერება სიტყვა „აგენტი“ ან რომელიც ორგანიზაციების შედარებით ვიწრო ჯგუფზე იქნება გათვლილი), ვითარება არსებითად არ შეიცვლება. ხელისუფლების დეკლარირებული განზრახვიდან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ „გავლენის აგენტების“ სია აუცილებლად გაფართოვდება და სანქციებიც სულ უფრო და უფრო მეტად მკაცრი გახდება.

2.ხელისუფლების განზრახვა რომც არ იყოს უკვე ცნობილი, პუტინის რუსეთში მსგავსი კანონის მიღებისა და გამკაცრების ისტორია აშკარად მიგვითითებს იმაზე, რომ საქართველოშიც მოვლენები, ასევე, კატასტროფულად განვითარდება.

საქართველოსა და უკრაინის რევოლუციებით შეშინებულმა პუტინის რეჟიმმა პირველად მსგავსი კანონი არასამთავრობოების წინააღმდეგ 2006 წელს მიიღო. ეს კანონი მომდევნო წლებში უფრო და უფრო მეტად გამკაცრდა. მისი შესრულებაც, როგორც წესი, თვითნებურად ხდებოდა და წარმატებით გამოიყენებოდა იმისათვის, რომ რეჟიმის მოწინააღმდეგეები საჯარო სივრციდან განედევნათ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში (ისე, როგორც ამჟამად საქართველოში) მსგავსი კანონპროექტის გამართლება ხდებოდა იმ მცდარი არგუმენტით, რომ თითქოს მსგავსი კანონმდებლობა აშშ-შიც არსებობდა. მაგალითად, 2019 წელს რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა, პიოტრ ტოლსტოიმ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს კრემლის მსგავსი მეთოდებით აშშ-ც იცავდა თავს უცხო ძალების გავლენისგან.

ტოლსტოიმ მაგალითად მოიყვანა აშშ-ში რუსეთის აგენტის, მარია ბუტინას დაკავების და გასამართლების შემთხვევა

სინამდვილეში, ბუტინა რუსეთის მთავრობის აგენტობისთვის გაასამართლეს და არა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრობისთვის. ამის საპირისპიროდ, როგორც რუსეთში მიღებული კანონი, ისე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანონპროექტი სამოქალაქო ორგანიზაციების შეზღუდვასა და რეჟიმის კრიტიკოსების საჯარო სივრციდან განდევნას ითვალისწინებს.

იმის გამო, რომ უკვე ვიცით, თუ რა არის ხელისუფლების განზრახვა და ის, თუ რა შედეგები მოჰყვა რუსეთში მსგავსი კანონის მიღებას, „ქარათული ოცნების“ მომდევნო „ტრიუკებით“ თავი აღარ უნდა მოვიტყუოთ. ამის ნაცვლად, უნდა მკაფიოდ ითქვას, რომ ნებისმიერი ფორმით მსგავსი კანონპროექტის მიღება იქნება დასავლეთზე უარის თქმა, რუსულ ორბიტაზე შედგომა და დამოუკიდებელი საქართველოს იდეის დასამარება.