რა (არ) არის ვოქს-პოპი?
25.05.2016
„რომელ საუკუნეში მეფობდა დავით აღმაშენებელი?“, „რა მოხდა 9 აპრილს?“, „ვინ გაიმარჯვა საქართველო - ვიეტნამის ომში 1956 წელს?“ „საქართველოს რიგით რომელი პრეზიდენტი იყო კონსტანტინე გამსახურდია?“ „რელიგიური ხართ?“ „რას ფიქრობთ ერთსქესიანთა ქორწინებაზე?“,„კაი ბიჭობა გირჩევნიათ თუ ტორტი?“ - ამ და სხვა ამგვარ კითხვებზე მომზადებული ე.წ. ვოქს-პოპები, იგივე ქუჩის გამოკითხვები ჩვენი მედიის ჰობი და ამავდროულად, საეთერო ბადის შესავსები ერთ-ერთი ფავორიტი ტექნიკაა. დროთა განმავლობაში, სიმარტივის, დროისა და ენერგიის ეკონომიის თუ უბრალოდ არცოდნის გამო, ტელეეთერებსა თუ ვებ-გვერდებზე „ვოქს-პოპებმა“ თავიანთი პირვანდელი დანიშნულება დაკარგეს და საერთოდ აღარაფერი აქვთ საერთო იმასთან, რასაც გულისხმობს სიტყვა Vox populi(ლათ. ხალხის ხმა).

ცნების უკეთ გასაგებად, ზოგჯერ უმჯობესია უკუღმა ლოგიკით სვლა და საუბარი იმაზე თუ რას არ გულისხმობს ეს ცნება. მაგალითად, თუკი ჟურნალისტი დადგება ქუჩაში, გაიშვერს მიკროფონს, დასვამს შეკითხვას და ჩაწერს 15 შემთხვევით გამვლელს, შემდეგ ღმერთმა-უწყის-რა-ლოგიკით ან როგორც-მოუნდება-იმ-ლოგიკით დაამონტაჟებს და ეთერში გაუშვებს მას, ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ეთერში ვოქს-პოპი გავიდა. ქუჩის გამოკითხვას ქუჩის გამოკითხვად, სინადვილეში, მასალის მომზადების ტექნიკაზე მეტად, მასალის (დასმული შეკითხვის) შინაარსი აქცევს.

ქართული ენის მოუხეშაობის ან პროფესიული ტერმინოლოგიის განუვითარებლობის ან რამე სხვა მიზეზით, ტერმინ ვოქს-პოპის დამკვიდრებული ქართულენოვანი თარგმანი („ქუჩის გამოკითხვა“) უსიამოვნოდ ახლოს დგას ტერმინ „სოციოლოგიურ გამოკითხვასთან“. სავარაუდოა, რომ სწორედ ეს აჩენს არამოტივირებულ სურვილს ჟურნალისტებში, რომ მათ მიერ მომზადებულ ვოქს-პოპებს სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების ამბიცია ჰქონდეთ. მაგალითად, გაზომონ ზოგადი განათლების დონე თბილისის, ლაგოდეხის ან ლეჩხუმის მოსახლეობაში, დაადგინონ სკოლაში ისტორიისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში წაკითხული ტექსტებიდან 15-20 წლის შემდეგ დამახსოვრებული ინფორმაციის მოცულობა, ან გაარკვიონ მოსახლეობის რა პროცენტს სჯერა რომ კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა ვიდრე ქათამი. საბოლოო ჯამში, ასეთი გამოკითხვებიდან, ქართველი ერის დეგრადირებაზე, ახალგაზრდა თაობის უცოდინრობაზე გულისტკივილი და ვირუსული ვიდეოების კატეგორიაში დასახარისხებელი რამდენიმე სახალისო პასუხი შერჩება ხოლმე ინფორმაციის მომხმარებელს. ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ რამდენიმეწლიანი ტრადიციის შემდეგ, თითქმის არ დარჩა მეინსტრიმული მედიასაშუალება ერთი ასეთი ფსევდო ვოქს-პოპი რომ არ მოიძიებოდეს მის არქივში.

ეს პროფესიული გაუგებრობა იოლად მისატევებელ ნაკლად შეიძლება გამოჩნდეს მეორე მანკიერ „ტრადიციასთან“ შედარებით, რომელიც ასევე ხშირია ვოქს-პოპებში -ეს არის წინასწარგანწყობით დასმულ შეკითხვებზე, სასურველი პასუხების მოლოდინით მომზადებული ქუჩის გამოკითხვები. ქრესტომათიულ ნიმუშად GDS-ის გადაცემა „ბინა 18“-ში რამდენიმე კვირის წინ გასული გამოკითხვა უნდა ჩაითვალოს. გადაცემის გუნდმა მძვინვარე ჰომოფობი მიავლინა ქუჩაში, რათა გაერკვიათ მოსწონთ თუ არა თბილისის მაცხოვრებლებს ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ქორწინების იდეა და საერთოდ რა დამოკიდებულება აქვთ მათ კონკრეტული სოციალური ჯგუფის მიმართ. შედეგი მოსალოდნელი, ბოროტი და ეჭვი მაქვს, გადაცემის გუნდისათვის სასურველი დადგა.

უახლეს მაგალითად „იმედის დილის“ 13 მაისის გამოშვებაში გასული ვოქს-პოპი შეგვიძლია ჩავთვალოთ. გადაცემის მთავარი თემა, ალბათ, უკვე დიაგნოზი იყო („მოდად ქცეული ათეიზმი“), თუმცა კულმინაციად ლაღმა გოგონამ ჩამოირბინა რუსთაველის გამზირზე და გამვლელებს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. გაარკვევდა რა, რომ გამვლელებს რელიგიისადმი კარგი ან ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდათ, შემხვედრი შეკითხვა მზად იყო: „- ეკლესიური ხართ?“ აბა როგორ შეიძლება რომ თბილისის ქუჩებში გამვლელი რელიგიური, მაგრამ არაქრისტიანი აღმოჩნდეს? თან გაითვალისწინეთ, გადაცემის თემა პირდაპირ ამტკიცებდა, რომ ათეიზმი მოდად იქცა. რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, ჟურნალისტს არ გაუმართლა და რუსთაველის გამზირზე მუსლიმსაც კი გადააწყდა (მისი კლასიფიკაციით რესპონდენტი ალბათ მეჩეთური გახლდათ.)

სინამდვილეში, ზემოთ ნახსენებ პროფესიულ პრაქტიკას იმდენივე აქვს საერთო ვოქს-პოპებთან, რამდენიც მე მოლეკულურ ბიოლოგიასთან. ქუჩის გამოკითხვების არსი, არა სოციოლოგიური გამოკითვის ჩატარება ან საკუთარი გამრუდებული წარმოდგენების პროეცირება, არამედ უბრალო მოქალაქეების განწყობ(ებ)ის დაბალანსებული, სამართლიანი და პატიოსანი ასახვაა. ეს ყველაფერი კი იმის საპასუხოდ, რომ ტრადიციულად, მედია ინტერესდება პოლიტიკოსებით, ჩინოვნიკებით, სელებრითებით, სხვადასხვა უკიდურესობებთან ასოცირებული ადამიანებით, მსხვერპლებით, მოძალადეებით, ხოლო ე.წ. „ჩვეულებრივი მოქალაქეების“ ხმა იშვიათად ისმის. სწორედ ამ „ზე-მიზნიდან“ გამომდინარე, ვოქს-პოპები, ჩვეულებრივ, სამ კატეგორიად იყოფა:

·ხალხის აზრის კვლევა (Public opinion survey) - როგორც წესი, ატარებს კვლევითი, სპეციალიზირებული კომპანია (და არა მედიაკომპანია). მონაცემები გროვდება საგულადგულოდ დამუშავებული კითხვარებით და ხდება მონაცემების სიღრმისეული, პროფესიონალური ანალიზი;

·შეზღუდული კვლევა (Limited survey) - ტარდება ჟურნალისტების მიერ, წინასწარ დამუშავებული კითხვარებით, თუმცა იგი არარეპრეზენტაციულია და შესაბამისად, საფრთხილოა გამოტანილი დასკვნების განზოგადება;

·ქუჩის გამოკითხვა (Street poll)- არ აქვს პრეტენზია სტატისტიკური მონაცემების მიღებაზე და მთავარი მიზანი კონკრტული თემის გარშემო საინტერესო მოსაზრებების, ციტატების მოძიება და მათი მაყურებლამდე/მსმენელამდე მიტანაა.

კლასიფიკაციაზე საკუთარი მიზნის მორგება მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც კარგ ვოქს-პოპს სჭირდება. არ გაგიჩნდეს კვლევის ამბიცია ქუჩის გამოკითხვის ჩატარებისას - ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. გაცილებით უფრო დიდი თავის ტკივილია კითხვის დასმის ფორმა. თუკი ჟურნალისტი იკითხავს, „უნდა არსებობდეს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური?“, დიდია ალბათობა, რომ რესპონდენტი იმას უპასუხებს რასაც ფიქრობს. მაგრამ, თუკი იგი დასვამს შეკითხვას ფორმულირებით: „უნდა ვაიძულოთ თუ არა ახალგაზრდები რომ ჯარში წავიდნენ?“ ანდა „უნდა ჰქონდეთ თუ არა ახალგაზრდებს ახალწვეულების რიგებში დისციპლინირებისა და ვარჯიშის საშუალება?“ დიდია იმის ალბათობა, რომ პირველ შეკითხვაზე პასუხად „არას“ მიიღებთ, მეორე შეკითხვაზე კი „დიახს“, რაც განპირობებული იქნება ერთ შემთხვევაში „იძულების“ ნეგატიური და მეორე შემთხვევაში „დისციპლინირებისა და ვარჯიშის“ პოზიტიური გაგებით.

დანარჩენი კი უკვე ლირიკაა - მათ შორის, რესპონდენტების სამართლიანი შერჩევა, ბალანსი, შეკითხვებისა და მიღებული პასუხების პატიოსნად გაშუქება და ა.შ. ეს უკვე ამ სვეტის ფარგლებს სცდება და მორალის ან ჟურნალისტური სკოლების პირველი კურსის სილაბუსების ფარგლებს უახლოვდება.

თეგები : ქუჩის გამოკითხვა ;
ბლოგის ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ