პანდემია და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება
23.07.2021
რობი ზარიძე - ტელეკომპანია „მეცხრე არხი“



ვმუშაობ თემაზე, როგორ დააზარალა პანდემიამ აზარტული თამაშების ბიზნესის ნაწილი. ასევე, როგორ დაკარგეს მუნიციპალიტეტებმა შემოსავლები იმ მოსაკრებლიდან, რომელსაც სამორინეებისა და კაზინოების მუშაობიდან იღებდა კვარტალურად.

ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი რაც არის აქ, როგორ დაზარალდნენ და როგორ გახდნენ კვლავ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ის ადამიანები, ვისაც თამაშისთვის თავი დანებებული ჰქონდა, მაგრამ პანდემიის გამო დაწესებული ლოქდაუნის პირობებში, როცა ისინი სახლში დარჩნენ, კვლავ მიუბრუნდნენ ამ ძველ ჩვევას.

ბევრი რესპოდენტი ჩვენთან საუბარში ამბობს იმას, რომ პანდემიის პერიოდში, როცა დაკარგა სამსახური, და ადრეც დამოკიდებული იყო თამაშებზე, მეტად გახდა დამოკიდებული, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ნაკლები ჰქონდათ და ინტერნეტ სივრცეში, როგორც მოგეხსენებათ, თავისუფლად ტრიალებს აზარტული თამაშების რეკლამები. ყველა ისტორია თითქმის ერთმანეთს ჰგავს: სახლიდან გატანილი ტექნიკა, ლომბარდში გაყიდული ბინა, და უამრავი ასეთი ადამიანია, რომელიც ჩვენთან საუბარში თამამად ამბობს იმას, რომ პანდემიამ ისევ მიაბრუნა ამ ძველ ჩვევას.

ჩვენთან, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, პანდემიამდე მუშაობდა ათამდე სივრცე, სადაც სხვადასხვა თამაშის თამაში შეიძლებოდა. ეს ადგილობრივი ბიზნესები მუნიციპალიტეტს უხდიდნენ კვარტალურად გარკვეულ თანხებს, რაც იყო საკრებულოს დადგენილებით გაწერილი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მაგალითად, თითოეულმა სამორინემ, თოთოეულ მაგიდაზე ყოველ კვარტალში უნდა გადაიხადოს 30 ათასი ლარის ოდენობის თანხა. აპარატების თამაშებზე, თითოეულ აპარატზე იხდიან 3 ათას ლარს. ამ პერიოდში მუნიციპალიტეტებმა მნიშვნელოვანი შემოსავლები დაკარგეს ამ კაზინოების დაკეტვით. გარდა ამისა, უფრო დაზარალდნენ ის კაზინოები, რომლებსაც ონლაინ პლატფორმა არ ჰქონდათ და მხოლოდ სივრცეები ჰქოდნათ, სადაც თამაში შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, უფრო გაიზარდა მონოპოლია კაზინოების. ვინც უფრო დიდი იყო, ის გადარჩა. მაგალითად, დღეს, უკვე როდესაც მოხსნილია რეგულაციები, ახალციხეში არც ერთი სივრცე აღარ არის, სადაც შესაძლებელი იქნება აზარტული თამაშების თამაში. ეს ბიზნესები ფაქტობრივად გაქრნენ ახალციხიდან.

ბევრი ადამიანი კმაყოფილიც არის იმით, რომ “კაზინოები” აღარ არის ქალაქში. დამოკიდებულება მცირდება თუ არა აზარტულ თამაშებზე, ეს საკითხავია. ძირითადად ის ადამიანები, ვინც სარგებლობდნენ სამორინეებით, გადავიდნენ მთლიანად ონლაინ პლატფორმებზე სათამაშოდ. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება შეამცირა და ამ კუთხით რამე დადებითი მოიტანა.

მოთამაშეები ისევ რეალურად არიან, ონღონდ პლატფორმებზე და ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე არანაირად აისახება. იმის თქმა ძნელია, რომ “კაზინოების” დაკეტვით მოთამაშეების რაოდენობა შემცირდა ან რაიმე დადებითი სიკეთე მოიტანა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რაზეც პანდემიამდეც დიდი საუბრები იყო, რომ არასრულწლოვნებისთვის ძალიან მარტივია ამ სივრცეებზე შესვლა და თამაში.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ