„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აცხადებს,
რომ გმობს პროფესიული საქმიანობის გამო კამპანიური ხასიათის
თავდასხმას საგამოძიებო მედიაპლატფორმა „მონიტორზე“.
„მას შემდეგ, რაც „სტუდია მონიტორმა“ 26 სექტემბერს გამოაქვეყნა ფილმი, რომელიც ესტონელი ინვესტორის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს ეხება და მისი ქონების მიმართ ბიძინა ივანიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის სავარაუდო ინტერესს აღწერს, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ხელისუფლების სამიზნედ იქცა.
ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა ბიძინა ივანიშვილის დასაცავად „სტუდია მონიტორის“ წინააღმდეგ საჯარო განცხადებები გააკეთეს.
27 სექტემბერს შალვა პაპუაშვილმა „სტუდია მონიტორი“ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ „შავი პროპაგანდისტული ხაზის“ ნაწილად მოიხსენია.
„ფანტაზიორობა“ და „აბსურდული საკითხის მტკიცება“ - ასე შეაფასა მან „სტუდია მონიტორის“ ნაშრომი.
იმავე დღეს გააკრიტიკა „სტუდია მონიტორის“ ფილმი ირაკლი კობახიძემაც და გამომძიებელი ჟურნალისტები „უცხოურ აგენტურად“ მონიშნა.
მედიაზე უსამართლოდ და დაუსაბუთებლად თავდასხმის ეს შემთხვევა პირველი არ არის. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე წლებია, თანმიმდევრულად ცდილობენ საზოგადოების თვალში მედიის რეპუტაციის შელახვას, პროფესიული კეთილსინდისიერებით გამორჩეული ჟურნალისტების სტიგმატიზებას და მარგინალიზაციას.
მსგავსი განცხადებები ახალისებს სიძულვილს და ნოყიერ ნიადაგს ქმნის ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი დანაშაულებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოუძიებელი რჩება.
თავად „სტუდია მონიტორი“ პროცესს აფასებს, როგორც მის წინააღმდეგ მიმართულ „კოორდინირებულ მადისკრედიტებელ კამპანიას“.
ქარტია სოლიდარობას უცხადებს „სტუდია მონიტორსა“ და მის გაბედულ ჟურნალისტებს, რომელთაც არაერთი პროფესიული ჯილდო აქვთ მიღებული ეთიკური სტანდარტების დაცვით შესრულებული ნამუშევრებისთვის, რითაც სააშკარაოზე გამოიტანეს კორუფცია, ნეპოტიზმი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები“, - წერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
გუშინ „მონიტორმა“ განაცხადა, რომ მიუკერძოებელ მედიაზე თავდასხმად მიიჩნევს ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის საჯარო განცხადებებს, რომლებიც გამოცემის მიერ 25 სექტემბერს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას მოჰყვა.
„მსგავსი დაუსაბუთებელი განცხადებები ემსახურება „მონიტორის“ დისკრედიტაციას და შესაბამისად, ამას აღვიქვამთ კრიტიკული მედიის მიმართ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებად და თავდასხმად.
„მონიტორი“ ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს
შეახსენებს, რომ მედიის მოვალეობაა საზოგადოების ინფორმირება, ყველა
მნიშვნელოვანი პროცესისა და მოვლენის გაშუქება და კრიტიკული
შეკითხვების დასმა. ხოლო თანამდებობის პირების ვალდებულებაა, ამ
შეკითხვებს უპასუხონ“, - ვკითხულობთ „მონიტორის“
განცხადებაში.
წაიკითხეთ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის“
განცხადებაც ბოლო დროს „მონიტორზე“ მომხდარ
კიბერთავდასხმებზე.

