ბრიტანეთის მიერ
სანქცირებულ, პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ში
„ხალხის ძალის“ წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილი 52%-იანი წილის
ახალ მმართველად გიორგი შენგელია
დაინიშნა. ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის
ეროვნულ სააგენტოს არხის აღმასრულებელმა დირექტორმა და 24%-იანი წილის
მფლობელმა, თემურ ჭარელაშვილმა გუშინ, 22 სექტემბერს მიმართა,
მონაცემებში ცვლილება კი დღეს აისახა.
გიორგი შენგელია შპს „პოსტივის მხარდამჭერების“
დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. მან ეს ორგანიზაცია
სამთავრობო POSTV-ის დასანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს
დაარეგისტრია.
ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის წილი სამართავად სხვას უკვე მეორედ გადასცა. 28 იანვარს, არხის დასანქცირებამდე თითქმის 1 თვით ადრე, ჯაფარიძის 52%-იანი წილის მმართველი კასპის მერის ყოფილი მოადგილე, ზაზა მარიდაშვილი გახდა.
ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის 3
ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად
იყიდა. არხის დანარჩენ 24-24%-იან წილებს თემურ
ჭარელაშვილი და შალვა რამიშვილი ფლობენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის
საკითხებში დირექტორი კი ნუგზარ რუხაძეა.
POSTV-ი, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად, დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები დასახელდა.

