სუიციდის ზედაპირული გაშუქება არასაჭირო დეტალებითა და ფოტოებით ონლაინმედიაში
28.02.2019
27 თებერვალს სოციალურ ქსელში 25 წლის გოგოს სავარაუდო თვითმკვლელობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამბავს, Facebook-ის მეშვეობით, გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებდნენ.

მალევე აღნიშნული ონლაინმედიის ფოკუსში მოექცა. მომხდარის შესახებ დაწერეს შემდეგმა გამოცემებმა : ალია, რეზონანსი, პრაიმტაიმი, დიანიუსი, ახალი თაობა, მარშალპრესი, ნიუსპოსტი, დრონი, ქართული აზრი, თრიალეთი. ასევე ინფორმაციას ავრცელებდნენ საიტები: itv.ge, cyc.ge, paqtebi.ge, news.coa.ge, geonewss.com, for.ge, samgorelebi.club და mediamall.ge.

ყველა ამ საიტზე გამოქვეყნებულ მასალაში, მთავარი ფოკუსი, სუიციდი, როგორც პრობლემა, არ ყოფილა წარმოჩენილი. თითოეულმა მათგანმა მხოლოდ ფაქტის შესახებ დაწერა, თემის გარშემო სპეციალისტების მსჯელობისა და კომენტარების გარეშე. სტატიებში არ იყო საუბარი არც სუიციდის მცდელობების პრევენციისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრის მექანიზმებზე.

გარდა ამისა, ყველა მასალის სათაურში გამოყენებული იყო სიტყვები: “თვითმკვლელობა” ან “სუიციდი”: “ვინ არის 25 წლის გოგონა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა?”, “25 წლის გოგომ თავი მოიკლა”, “მიგო ჯაჭვლიანმა პოსტი დაწერა და თავი მოიკლა”, “თბილისში 25 წლის გოგომ თავი მოიკლა” და ა.შ.

ამასთან, თითქმის ყველა მასალაში მოცემული იყო გარდაცვლილის მიერ თვითმკვლელობის წინ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერილი პოსტი, რომელიც საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, სუიციდის მიმართ გარკვეულ რომანტიზებულ წარმოდგენას ქმნის და მსგავს ქმედებას ახალისებს.

მასალებში გამოყენებული იყო ახლობლების, მეგობრებისა და ნათესავების სამგლოვიარო ტექსტები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჩანართები მკითხველს მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ აწვდის და მისი მთავარი დატვირთვა ამბისთვის უფრო დრამატული კონტექსტის მიცემაა. ამასთან, მასალებში გამოყენებული იყო გარდაცვლილის ფოტოებიც. ზოგიერთ მათგანში ნახსენები იყო თვითმკვლელობის სავარაუდო ადგილი და მეთოდიც.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ სუიციდი თავისთავად ხელშეუხებელი თემა არ არის და ცხადია, მის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. თუმცა, მთავარი კითხვა, რაც ამ დორს ისმის არის ის, უნდა გავაშუქოთ თუ არა სუიციდის ყოველი კერძო შემთხვევა? რაზეც მედიამკვლევარებს ცალსახა უარყოფით პასუხი აქვთ.

მედიაექსპერტებს სუიციდის გაშუქების დროს, ჟურნალისტებისთვის ორი მთავარი რეკომენდაცია აქვთ: პირველი - ამბის გაშუქებიბსას მთავარი ფოკუსი ზოგადად პრობლემაზე მსჯელობა უნდა იყოს და მეორე - თუკი კონკრეტული მედია გადაწყვეტს, რომ საზოგადოებას ინდივიდუალური შემთხვევის შესახებ უამბოს, ის მაღალი საჯარო ინტერესის მატარებელი უნდა იყოს და ფაქტის გაშუქებასთან დაკავშირებით გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების გაცნობიერებული თანხმობა უნდა არსებობდეს.

ამავე სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ დაუშვებელია სუიციდის რომანტიზება, მისი, როგორც პრობლემის გადაჭრის საშუალებად წარმოჩენა და მისი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე დაყვანა. ამასთან, საჭირო არ არის სუიციდის განხორციელების ადგილისა და სხვა დამატებითი დეტალების გასაჯაროება, რადგან “ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით, შესაძლოა, უნებურად თავად ვასწავლოთ, თუ როგორ გააკეთონ ეს”.

“ყურადღებით მოეკიდეთ სათაურსა და ვიზუალურ მასალას, სათაურში მოერიდეთ სიტყვების "თვითმკვლელობა", "სუიციდი" გამოყენებას.ეცადეთ, არ გამოაქვეყნოთ იმ პირის ფოტო, ვინც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა. ამით შეამცირებთ საკითხის რომანტიზებას”, - ვკითხულობთ ქარტიის სახელმძღვანელო წესებში.

თეგები : სუიციდი;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ