ჟურნალისტები პოლიტიკაში და უკან
06.11.2015
ჟურნალისტები ზოგჯერ მედიიდან პოლიტიკაში მიდიან. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ასეა ყველგან, მთელ მსოფლიოში. მაგალითისთვის შეიძლება აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელ გორი გავიხსენოთ, რომელიც ერთ დროს გამომძიებელი რეპორტიორი იყო.

ქართულ პოლიტიკაშიც ბევრი ყოფილი ჟურნალისტი ან ჟურნალისტური გამოცდილების მქონე ადამიანია: სოზარ სუბარი, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, გიორგი ახვლედიანი, ირმა ინაშვილი, ანი მიროტაძე... “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” სახით ჟურნალისტთა პარტიაც კი გვქონდა.

ჟურნალისტების ყველაზე დიდი ნაწილი სამთავრობო დაწესებულებების მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თანამშრომელი ხდება, თანაც უმეტესად ისეთი, მედიასთან და ყოფილ კოლეგებთან საერთოდ რომ არ თანამშრომლობს. მაგრამ, ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

რატომ მიდიან ჟურნალისტები პოლიტიკაში? ელ გორმა იურისპრუდენციაში და პოლიტიკაში წასვლა სწორედ გამომძიებელ რეპორტიორად მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, რადგან მიხვდა, რომ კორუფციის ფაქტების სააშკარაოზე გამოტანით სისტემა არ იცვლებდა. ჟურნალისტების პოლიტიკოსებად ტრანსფორმაციის მთავარი მიზანიც ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს არის - მათ სჯერათ, რომ არსებული სისტემის შეცვლა, მისი გაუმჯობესება და ქვეყნის უკეთესად მოწყობა შეუძლიათ.

ქართულ პოლიტიკაში გადაბარგებული ჟურნალისტები საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას ხშირად ხელისუფლებას აკისრებენ. გახსოვთ, ალბათ, "რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა ტაბატაძის გათავისუფლების შემდეგ ტელეკომპანია ჟურნალისტთა ჯგუფმა დატოვა ( მოგვიანებით რამდენიმე მათგანი არხზე ისევ დაბრუნდა), არხიდან მათი წასვლის მთავარ მიზეზად კი ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიაზე კონტროლის დამყარების მცდელობა დაასახელა. "რუსთავი 2-ის“ დატოვების შემდეგ ამ ჟურნალისტთა ნაწილი პოლიტიკაში წავიდა.

ტელეკომპანიის დახურვის შემდეგ პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ,,იმედის” ყოფილი ჟურნალისტებიც. გიორგი ახვლედიანი, რომელიც ამჟამად “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერია, ამბობდა, რომ ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი წამყვანის და პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელის, გიორგი თარგამაძის დაარსებულ “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში” კოლეგებთან ერთად იმიტომ გაწევრიანდა, რომ ხელისუფლებამ “სხვა გამოსავალი არ დაუტოვა”. ყოფილი ჟურნალისტების პარტიას მოგვიანებით ინგა გრიგოლიაც შეუერთდა. “წამოვედი მაშინ, როცა მივხვდი, რომ აღარ მინდოდა ვყოფილიყავი ნეიტრალური. ასეთი პოზიციის დაცვა მიწევდა იმიტომ, რომ ჟურნალისტს ორივე მხარესთან ესაჭიროება მუშაობა. აღარ ვაპირებ ნეიტრალიტეტის დაცვას. გამიჩნდა პოლიტიკური ინტერესი და მზად ვარ, ჩავერთო პოლიტიკურ ბრძოლაში,” - ამ სიტყვებით ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება ცნობილმა წამყვანმა.

რა შეემატა ქართულ პოლიტიკას ჟურნალისტების მეშვეობით? ბევრი ან ღირებული არც არაფერი.

კარგი ან, გნებავთ, პოპულარული ჟურნალისტი, მსახიობი ან სპორტსმენი აპრიორი კარგ პოლიტიკოსს სულაც არ ნიშნავს.

მცდელობამ, პოლიტიკაში ეთქვათ საკუთარი სათქმელი, ბევრი ჟურნალისტის შემთხვევაში არ გაამართლა, ამიტომ გაპოლიტიკოსებული ჟურნალისტების ნაწილი უკან - მედიაში დაბრუნდა. ასეთი მაგალითები საქართველოს საზღვრებს გარეთაც ძალიან ბევრია.

უნდა ბრუნდებოდნენ თუ არა ყოფილი ჟურნალისტები პოლიტიკიდან მედიაში?

არ არსებობს კანონი, რომელიც რომელიმე პროფესიის ადამიანს პოლიტიკაში წასვლას და იქიდან წამოსვლას აუკრძალავს. დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში ასეთი ბარიერი არც უნდა არსებობდეს.

თუმცა, ჟურნალისტი, სხვა პროფესიის ადამიანებთან შედარებით, პოლიტიკაში წასვლისას ყველაზე ძვირ ფასს იხდის. გაპოლიტიკოსებული მსახიობი თეატრის სცენაზე ისევ ჩვეულებრივი მსახიობი იქნება. პოლიტიკიდან მედიაში დაბრუნებული ჟურნალისტის სანდოობა, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა კი სამუდამოდ ეჭვქვეშ დგება.

ვენდოთ თუ არა ერთ დროს პოლიტიკაში მყოფ კოლეგებს? ეს მკითხველმაც, მაყურებელმაც, მსმენელმაც და მედიასაშუალების მფლობელმაც თავად უნდა გადაწყვიტონ.

ბლოგის ავტორი : მანანა ვარდიაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ