პროფესიული სოლიდარობა, როგორც გაუთვლელი გვერდითი მოვლენა
11.06.2025

ფოტო : Mo SE


„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა მედიისა და ჟურნალისტების, მთლიანად სექტორის ეკოსისტემის დასაზიანებლად. თუმცა, ასე ჩანს, რომ მან რეპრესიული პოლიტიკის ერთი გვერდითი მოვლენა ვერ გათვალა - ვერ გათვალა ის, რომ მისი ქმედებები სოლიდარობის რესურსის შექმნას შეუწყობდა ხელს. 

2000-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ჟურნალისტურ თემში სოლიდარობის განცდის გაძლიერება იყო ჩემი და ჩემი ბევრი კოლეგის პროფესიული მიზანიც და ოცნებაც. როცა მედიის განვითარების ხელშესაწყობად  აქტივობების დიზაინზე ვმუშაობდით, ვფიქრობდით იმაზეც, თუ რა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ უნარების შეძენის პარალელურად, პროფესიონალებს შორის ინტერაქციაც გაძლიერებულიყო. გვინდოდა, მეტად ეთანამშრომლათ ერთმანეთთან თბილისის წამყვან მედიებსა და რეგიონებში მომუშავე მცირე ზომის მედიებს, სამაუწყებლო მედიებსა და ჯერ ბეჭდურ და მერე უკვე ონლაინ მედიებს, სხვადასხვა რეგიონში მომუშავე მედიებს.

ჩვენ ვაწყობდით გაცნობით ვიზიტებს, ხელს ვუწყობდით ჟურნალისტებს თბილისიდან გამოცდილება გაეზიარებინათ კოლეგებისთვის რეგიონებში, ჩამოგვყავდა ჟურნალისტები რეგიონიდან ნაციონალურ მედიაში პრაქტიკის გასავლელად, ვაძლიერებდით ქსელურ პროექტებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პლატფორმაზე მომუშავე, სხვადასხვა ზომის მედიები სხვადასხვა რეგიონიდან მედიაპროდუქტს ერთობლივად ქმნიდნენ. ვცდილობდით, ამ საქმეს კრეატიულად მივდგომოდით  - თანამშრომლობის წასახალისებლად და ურთიერთობების გასაღრმავებლად სხვადასხვა ფორმა გამოგვეძებნა. 

ჩვენ ვიცოდით, იმისთვის რომ სექტორი განვითარებულიყო, მისი სოციალური ქსოვილი უნდა გამყარებულიყო. სექტორში თავისუფლად უნდა ემოძრავა ცოდნასა და გამოცდილებას, უნდა გააქტიურებულიყო პროფესიული კავშირები, განსხვავებულ მოცემულობაში მომუშავე პროფესიონალებს უკეთ უნდა გაეაზრებინათ ერთმანეთის საჭიროებები და გამოწვევები, რათა მეტად დაეფასებინათ ის ძალისხმევა, რასაც ისინი კოლექტიურად და ინდივიდუალურად იღებდნენ. 

ეს ყველაფერი პოზიტიური დღის წესრიგის შესასრულებლად იყო საჭირო, რათა მედიებს ერთად ეზრუნათ სარეკლამო ბაზრის გაფართოებასა და სარეკლამო რესურსების სამართლიანად განაწილებაზე, ნაციონალურ მედიას უფრო ხშირად და კვალიფიციურად გაეშუქებინა რეგიონებში მიმდინარე ამბები, რეგიონულ მედიას უფრო უკეთ გამოეყენებინა ახალი ტექნოლოგიები და სხვა.

ამის გაკეთება პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში ადვილი არ იყო. რაღაც, ალბათ, გამოგვივიდა, რაღაც, ალბათ, უკეთესადაც შეიძლებოდა, რომ გაგვეკეთებინა. მაგალითად, ყოველთვის წარმატებული არ აღმოჩნდა ჩვენი მცდელობა, ხელი შეგვეწყო მედიების გაერთიანებების, ჟურნალისტთა ასოციაციების დაარსებისა და, რაც მთავარია, შენარჩუნებისთვის. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ამ სირთულეების საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია. რამდენიმე ჩავარდნილი მცდელობის მერე, როცა განსხვავებული პოზიციების მქონე მედიების ერთი მაგიდის ირგვლივ შეკრება არ მოხერხდა, პროფესიული პრინციპების დასაცავად ჟურნალისტები უკვე ინდივიდულურად გაერთიანდნენ. 

თანამშრომლობის სხვადასხვაგვარი გამოცდილება სექტორში კი იყო, მაგრამ არ იყო საკმარისად ბევრი თვისებრივი ცვლილების გამოსაწვევად. 

2023 წლის გაზაფხულზე, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, „უცხოეთის აგენტებად“ შეერაცხა ყველა, ვინც დასავლურ ორგანიზაციებთან რაიმე ფორმით თანამშრომლობდა, ვითარება კარდინალურად შეცვალა. უეცრად ყველანი ერთ ნავში აღმოვჩნდით, ყოველდღიურად მზარდი საფრთხის წინაშე. მართალია, ძალიან განსხვავებულები, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილებიც, თუმცა, ძალიან მყარად შეთანხმებულები ერთ საკითხზე - დასავლური ტიპის დემოკრატია საქართველოსთვის ერთადერთი სწორი არჩევანია და ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია.

შემდეგი მძლავრი იმპულსი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დაეპაუზებინა. დაუნდობელმა თავდასხმებმა ჟურნალისტებზე და მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობამ ჟურნალისტური თემი კიდევ უფრო შეაკავშირა. 

მას მერე, ჩვენ ერთად ვუმკლავდებით ათას საშინელებას -  ერთად ვჭამეთ ცხრა ფუთი მარილი და ერთად შევხედეთ თვალებში წარმოუდგენელ სისასტიკესა და ღალატს. ამ პროცესში ჩვენ დავინახეთ ერთმანეთი და დავიწყეთ ერთმანეთთან საუბარი საპროტესტო აქციებზე, მარშებზე და მის მიღმა. მათ, ვინც საბაზრო კანონების თანახმად, კონკურენტები იყვნენ, ერთმანეთზე ზრუნვისა და ერთმანეთისთვის თავდადების შთამბეჭდავი მაგალითები აჩვენეს. ორგანიზაციებმა და ადამიანებმა საერთო ამოცანების ირგვლივ გააერთიანეს ტექნიკური, ინტელექტუალური და ემოციური რესურსები.  

„ქართული ოცნების“ რეპრესიულმა პოლიტიკამ მოკლე ვადაში შეძლო მედიის სექტორის ისე გაძლიერება, თავისი მიზნის საპირისპიროდ, როგორც წლების განმავლობაში ვერ შევძელით მედიის განვითარებაზე მომუშავე ექსპერტებმა და ორგანიზაციებმა. 

იმის მიუხედავად, რომ ახლა ჩვენ არ გვაქვს ფინანსები, არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას, საკანონმდებლო თუ სხვა მექანიზმებით გვირაზავენ ყველა კარს, გვდევნიან, გვემუქრებიან და ჩვენს გასაქრობად ძალისხმევას არ იშურებენ, ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური თემი მთლიანობაში და მისი ცალკეული წევრები, ასეთი ძლიერები აქამდე არასოდეს ვყოფილვართ. გვჯერა, რომ სიხარულისა და ბედნიერების ის განცდა, რაც ამ ერთად ყოფნამ მოგვიტანა, მთებს გადაგვადგმევინებს. და უბრალოდ ვიცით, რომ როცა ყველაფერი კარგად დასრულდება და ჩვენ-ჩვენი ნიუსრუმების რუტინას დავუბრუნდებით, ეს გამოცდილება და კავშირები იმ საგზლად დაგვრჩება, რაც უკეთეს საქართველოში უკეთესი მედიაგარემოსა და მედიასაშუალებების შექმნას შეგვაძლებინებს. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ