ვირტუალური თუ პარალელური რეალობა
30.05.2025


წელს, კანის ფესტივალზე ყოფნისას, საქართველოდან ყველაზე ხშირად დასმული კითხვა იყო: მართლა მოხვდა თუ არა ინფლუენსერი მანჩო (სახელი შეცვლილია, რადგან ჩემი ბლოგის მთავარი გმირი ის არ არის) წითელ ხალიჩაზე და თუ მართლა მოხვდა, როგორ? ერთი სიტყვით, ფეისბუკის ქართველი მაყურებელი არკვევდა, რეალობა იყო თუ არა ის, რაც მათ ნახეს. მივხვდი, რომ პასუხის გაცემა რთულია. 

21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანის უახლოესი მეგობარი თუ მრჩეველი ნებისმიერ საკითხში, მათ შორის პირადშიც კი, ხელოვნური ინტელექტია, ახალგაზრდა თაობა კი დროის უმეტესობას ვირტუალურ სამყაროში ატარებს, საიდან უნდა ვიცოდეთ, სად არის ან რომელია რეალობა?! ამიტომ პირველად მაშინ გამიჩნდა ეს პასუხი - არ აქვს მნიშვნელობა, რა იყო სინამდვილეში წითელ ხალიჩაზე, რადგან რეალობა არის ის, რაც ნახეთ. 

სურათი კი ასეთი იყო: მანჩო წითელ ხალიჩასთან ფესტივალის ფეშენებელური მანქანით მიგრიალდა, ეცვა ძვირადღირებული საღამოს კაბა, მას ტაშს უკრავდნენ, უყვიროდნენ, ის პოზირებდა ფოტოკამერების წინ და ფოტოგრაფებიც უღებდნენ ფოტოებს. ყველაფერი ისე იყო, როგორც ნამდვილ ვარსკვლავს ეკუთვნის, ერთი პატარა გამონაკლისის გარდა - მისი სახელი და გვარი არ გამოაცხადა ფესტივალის დირექტორმა, ტიერი ფრემომ. ინფლუენსერის ცნობილ ვიდეოში, ზემოდან დადებული ოვაციების ხმის გარდა, ყველაფერი ნამდვილია. მხოლოდ ერთია, რომ ქართველმა ინფლუენსერმა ეს რეალობა სოციალური ქსელისთვის შეიძინა, ზუსტად ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს და ფულს იხდის იმ რეალობისთვის, რომელსაც პროპაგანდა მისთვის ქმნის და ხალხს სთავაზობს. 

მანჩოს რამდენიმე ათასმა გამომწერმა დაიმახსოვრა, რომ ის კანის ფესტივალზე დაპატიჟეს, გულთბილად დახვდნენ, წითელ ხალიჩაზე ოვაციებით ააცილეს და მხოლოდ ეჭვიანმა ერთეულებმა გამოიკვლიეს, რომ ნანახი ბოლომდე არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ასევეა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომელიც გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში არნახული ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მერე რა რომ ეს ზრდა ჩვენს ჯიბეზე არ ასახულა.

უკვე საზეპიროსავით ვიცით, რომ პროპაგანდას სჭირდება მტრის ხატის შექმნა და შემდეგ ამ „მტრის“ მიმართ შიშის გაღრმავებაზე მუშაობა. თუკი წინა ხელისუფლება მუდმივად რუსეთით გვაშინებდა და რეალური საფრთხის გადაჭარბებული და უზომო წარმოჩენით ნაწილობრივ მისი დევალვაციაც მოახდინა, დღევანდელი ხელისუფლების მტერი დასავლეთია, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, თუ ირანში ხდება. ერთი სიტყვით, ამ მტრის მიმართ შიშის გაძლიერებაზე ეფექტურად მუშაობს: ომში ჩაგვითრევს, გაგვანადგურებს, ტრადიციებს წაგვართმევს, სქესს დაგვაკარგვინებს და ა.შ. 

გარდა ამისა, პროპაგანდის არანაკლებ მნიშვნელოვანი იარაღია რეალობის პოზიტიურად წარმოჩენაც: ჩვენ კარგად ვართ, კარგად ვცხოვრობთ, ჩვენ ირგვლივ ყველა დასაქმებულია, კარგი ანაზღაურება აქვს და ა.შ. უკანასკნელ პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ამ მიმართულებით გააძლიერა მუშაობა და ცდილობს საქართველოს მდგომარეობა ისეთი ბრწყინვალებით წარმოაჩინოს, როგორც კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მოსეირნე ვარსკვლავები ბრწყინავენ. 

ქვემოთ მოცემული რამდენიმე მაგალითი მხოლოდ იმაში გვარწმუნებს, როგორ ყვავის და ბრწყინავს საქართველო. ამგვარი სიახლეები, რაც ეკონომიკურ პროგრესს წარმოაჩენს, ქმნის ილუზიას, რომ ქვეყნის მთავრობა ეფექტურად მუშაობს, ეს ილუზია კი ხელისუფლების მიმართ ნდობის ზრდაზე მოქმედებს. 



ეს პოზიტიური ამბები ხშირად ნეგატიური მოვლენების, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადამალვის ყველაზე ეფექტური ხერხია. მაგალითად, „იმედის“ მაყურებელი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დარწმუნებულია, მაგალითად, არ აღშფოთდება, ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პერიოდში დაგროვებულ ქონებას რომ ნახავს. მთავარია, „ქვეყანა ვითარდება“. 

პოზიტიური პროპაგანდა იდეალური სახელმწიფოს იმიჯს ქმნის. ამიტომ არის, რომ მმართველი პარტია ნებისმიერი წარმატების მითვისებას, მასთან გაიგივებას ცდილობს: მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას ნებისმიერი გოლი თუ გამარჯვება ჩემი გამარჯვებაა, რადგან ეს მაშინ ხდება, როდესაც ამ სახელმწიფოს მე ვმართავ. მაგრამ თუ სადმე, ჩემი სახელით წასული დამარცხდება, მას ასე წარმოვაჩენ:


და ამ „შთამბეჭდავი“ გამოსვლის შემდეგ, პროპაგანდა იმას კი არ იტყვის, რომ მარიამ შენგელია შემდეგ ტურში ვერ გადავიდა, არამედ იტყვის, თუ ვინ გადავიდა:


ასეთია პოზიტიური ამბების პროპაგანდის ხასიათი, ის ქმნის სტაბილურობისა და კომფორტის ილუზიას. აგრესიული „აბა, ომი გინდათ“ კამპანიის შემდეგ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ომის საფრთხეში უკვე მყარად დააჯერეს და დააშინეს, აქცენტი ახლა სწორედ ამ სტაბილურობასა და კომფორტზე კეთდება. საბჭოთა ადამიანს სჯეროდა, რომ საბჭოეთში ყველა ბედნიერი და უზრუნველყოფილი იყო, დასავლეთში კი ცოცხალ ადამიანებს მაღაზიებში ვიტრინის მანეკენებად ამუშავებდნენ.

დროთა განმავლობაში სინამდვილე და პროპაგანდის მიერ შემოთავაზებული ვირტუალური რეალობა ერთმანეთში იმდენად იდღაბნება, რომ „ქართული ოცნება“ ცარიელი მაცივარის ვირტუალურად გავსებას წარმატებით ახერხებს და ამას მოქალაქეებსაც აჯერებს. ასე იქცა 21-ე საუკუნეში ვირტუალური რეალობა პარალელურ რეალობად. 

ჩემი ტექსტის დასაწყისს დავუბრუნდები და გაჩვენებთ გოგოს, რომელსაც აქვს კაბა წითელ ხალიჩაზე ასასვლელად, მაგრამ არ აქვს მოსაწვევი. ფურცელზე დაწერილი ტესტით ის სწორედ მოსაწვევს ითხოვს და მას ამ მოსაწვევს ან ბილეთს აუცილებლად აჩუქებს ვინმე ჩემნაირი, ვისაც აქვს ბილეთი, მაგრამ არ აქვს კაბა. ბილეთის გამოყენება კი აუცილებელია და მისი უქმად გაცდენა აკრძალულია.

ამ გოგოსაც შეუძლია შექმნას წარმატებული ქალის სურათი და ვინ გასცემს ცალსახა პასუხს კითხვაზე, რეალური იქნება ეს იმიჯი თუ ვირტუალური?! რადგან მთავარი მაინც ის იქნება, რომ მის „ბრწყინვალებას“ აუცილებლად დაიმახსოვრებს და დაიჯერებს ეკრანთან მჯდომი ობივატელი. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ