კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივრები განსახილველად მიიღო
05.06.2025


კომუნიკაციების კომისიამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივრები განსახილველად მიიღო. 

„ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ კომისიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მინდობილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ 27 მაისს მიმართა და „კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისათვის“ მათი დასანქცირება მოითხოვა. 

საჩივრის საფუძველი სამივე ტელეკომპანიის შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ის ცვლილებებია, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით 1 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნების“ საჩივრები პირველია, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ მიიღო და  არსებითად 19 ივნისს განიხილავს. 

„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ტელევიზიებმა ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორებიცაა: „ოლიგარქი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „კლანის მსახური მოსამართლე“,„ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“ და სხვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი დაარღვიეს. ეს მუხლი სამართლიანობას და მიუკერძოებლობას შეეხება და მაგალითად, განსაზღვრავს, რომ „ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა“.

---------------------

1 აპრილის ცვლილებებით, რომელიც მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო, კომუნიკაციების კომისიას, საჩივრის მიმართვის საფუძველზე, აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა მიეცა. ამ ცვლილებების დაინიიცირებამდე ეს წესები „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ იყო განსაზღვრული. 

კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დასანქცირება 2025 წლის პირველი ივნისიდან შეუძლია, მანამდე შეფარდებული სანქციები კი არ აღსრულდება. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.

---------------------

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლი თავისი შინაარსით, ცენზურის დაწესების, მაუწყებლობის შინაარსის კონტროლისა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმია. გარდა ამისა, ეს მუხლი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ გამოხატვის და მედიის თავისუფლებას, პრაქტიკაში შინაარსობრივი კონტროლის მიზნით მისი გამოყენება კი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

„მედიის თავისუფლება მოიცავს აზრების გავრცელებას სახელმწიფო ცენზურის გარეშე და ის განუყოფელია დემოკრატიისაგან, ვინაიდან „უნდა ემსახუროს ხალხს და არა მმართველებს“ (The press was to serve the governed, not the governors).  კანონის 54-ე მუხლი არის ფართო და ბუნდოვანი და საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, ერთის მხრივ დისპროპორციულად ჩაერიოს მაუწყებლობის შინაარში და ასევე მსუსხავი ეფექტის გამოყენებით ირიბად დაუწესოს ცენზურა მაუწყებლობებს. საჩივარი არის იმ ზოგადი პოლიტიკის ნაწილი, რომლის დროსაც აქტიურად ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების (განსაკუთრებით პროტესტების დროს), მადისკრედიტებელი კამპანიების წახალისება მედიისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ“.

„ქართული ოცნების“ მიერ კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების გამო, ძლიერი შეშფოთება გამოხატა 40-მდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ. მათი შეფასებით, ეს კრიტიკული მედიის დაშინებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის აშკარა და სახიფათო მცდელობაა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს არა მიუკერძოებელ არბიტრს, არამედ ორგანოს, რომელიც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მსგავსად, „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ არის.

ტელევიზიების წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში შეტანილი საჩივრების გამო განგაშის სიგნალი დააფიქსირა „ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამაც“. 

განგაშის სიგნალს, რომელშიც ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების მიმართ არსებული საფრთხეები აისახება, ევროპის საბჭოს პარტნიორი ორგანიზაციები გამოსცემენ.

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ