ბლოგი
კატეგორია - ბლოგი



კი მაგრამ, რას აკეთებდნენ 2012 წლამდე? უკვე მესამედ კითხულობს “ექსპერტი” და თვალებს უბრიალებს კამერის ობიექტივს, ანუ მიმართავს მაყურებელს. მესამედ - ამ გადაცემაში, თორემ ისე, 12 წელია კითხულობს, რას აკეთებდნენ ხელისუფლებით უკმაყოფილოები 2012 წლამდე, ამაში უღიმღამო ხელფასსაც იღებს. ამ კითხვაზე ერთხელაც ძალიან სასაცილო პასუხი მოვისმინეთ (“სკანდალური” როგორც შეაფასა მედიამ), თუმცა, ნატა ფერაძის მოულოდნელი პასუხი აბა, როგორღა გადააფიქრებინებდა სახელისუფლებო ექსპერტს, ვისაც, სხვათა შორის, ერთი დღე არ სჭერია ხელში საპროტესტო ტრანსპარანტი - არ დაესვა ეს სულელური კითხვა. 

მე 2012 წლამდე კულტურის ჟურნალისტი ვიყავი. ჰოდა,  ამას წინათ, მოხდა ასეთი რამ: ჩემი კრიტიკული სტატუსებით გაღიზიანებულმა ჟურნალისტმა, ისეთი არხისა, რომელსაც წინ აუცილებლად ჩაუდგამენ ხოლმე სიტყვას “სამთავრობო”, ცხარე და დაუნდობელი კამათის დროს, ირონიულად მომაძახა: რაც თავი მახსოვს, შენ სულ პეპლებზე წერდი და გვიან ხომ არ დაინტერესდი პოლიტიკითო? 

“პეპლებში” გულისხმობდა ჩემს იმ სიუჟეტებს, რომელსაც მე ვამზადებდი ახალი ამბების კულტურის რედაქციისთვის. ხოლო მისი წამოძახილი ნიშნავდა იმას, რომ საკმარისად ბევრი დრო დავხარჯე კულტურის განყოფილებაში იმისათვის, რომ პოლიტიკურ ტოქშოუებში “გუშინ” გადმობარგებულს, ენა ასე თამამად ამომეღო და უფრო მეტიც, არგუმენტები მქონოდა. ეს წამოძახილი გამოხატავდა ასევე იმ ქედმაღლობას, რომელსაც სულ ვგრძნობდი ახალი ამბების ჟურნალისტებისგან, სიახლეებში გარეული, ექსკლუზივების მაძიებელი, საქმეში ჩაფლული, ნერვებმოშლილი, პროდიუსერებისგან შეურაცხყოფილი და მაინც, ამაყი კორესპონდენტებისგან. მათ ჭიპი მოიჭრეს მინისტრების, დეპუტატებისა და აქტივისტების დევნაში, მათ მიკროფონებს ვინ არ ჩაუწერიათ, მათ მხრებზე გადაიარა უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანმა თუ უმნიშვნელო ამბებმა და ვიღაც პეპლების მადევარმა, გუშინ მოსულმა, საიდან იცის ახლა ეს კანონი რუსულია თუ ამერიკული? 

მართლაც ასე იყო. მე ვაკეთებდი სიუჟეტებს კულტურაზე, არათუ 2012 წლამდე, მთლად უარესი, 2020 წლამდე და მაშინაც კი, როცა ქვეყანაში მოქალაქეებს უსამართლოდ აკავებდნენ, უკარგავდნენ ამ ქვეყანაში ცხოვრების ხალისს, აშენებდნენ სკოლებს, ხიდებს და გზებს, პეპლების დევნა რჩებოდა ჩემს შეუცვლელ საქმიანობად. ყველაზე მწვავე და დრამატულ დღეებშიც კი, მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი, ანუ ძალიან ფრთხილად, ზრდილობიანად და აკურატულად ვთხოვდი უხასიათო ინტელიგენციის რომელიღაც წარმომადგებელს, დამსახურებულ მსახიობსა თუ ჩინიან რეჟისორს, მხატვარსა თუ მწერალს თავისი აზრი გამოეთქვა პრემიერაზე, სპექტაკლზე, კონცერტზე, ახალ წიგნსა და გამოფენაზე, რათა შემდეგ მისი ინტერვიუ “სასტიკად და ულმობელად” დამეჭრა (როგორც ერთხელ მისაყვედურა ნანა მჭედლიძემ), 20-წამიან ნაკუწებად მექცია და ჩამესვა სიუჟეტში, რომლის ქრონომეტრაჟი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო 2 წუთზე მეტი. 

დემონსტრაციებზე ვიდექი როგორც მოქალაქე, არასდროს არ გამიცდენია ამ ქვეყნის ისტორიაში ჩატარებული არც ერთი მიტინგი, თუმცა, როგორც ჟურნალისტი - ვწერდი პეპლებზე. 7 ნოემბერს, როცა სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები დარბოდნენ ჩემივე ტელევიზიის დერეფნებში - ვამონტაჟებდი სიუჟეტს სპექტაკლზე, რომლის სახელს შემდეგ მთელი დღე ისტერიულად ვბუტბუტებდი დარბეულ ქუჩაში: “ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები.” 17 მაისს, როცა მშვიდობიან ადამიანებს უსწორდებოდა ბრბო, მე ვყვებოდი, რომ გერ­მა­ნი­ა­ში 14-წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის შემ­დეგ, ჯგუფ­მა "შინ" სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გადაწყვიტა. 

წლების შემდეგ, როცა პოლიტიკური ტოქშოუს ეთერში პირველი კითხვა დავსვი მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და არა - მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ ახალ სპექტაკლზე, მივხდი, რომ არ იქნებოდა მარტივი ძველი ჩვევების გადაგდება. გამუდმებით ვფიქრობდი, როგორ დამეთრგუნა ის მორიდებულობა, რომელიც ჯერ კიდევ მომყვებოდა იმ დროიდან,  როცა რომელიმე სახელგანთქმულ ხელოვანს უხერხულად ვთხოვდი ძალიან, ძალიან მოკლედ ეთქვა გრძელზე გრძელი სათქმელი, “მოკლედ, თუ შეიძლება მოკლედ, სულ რამდენიმე წამი”.. მე მხოლოდ ოცი წამი მჭირდებოდა, ძვირფასი ოცი წამი, ხოლო დანარჩენი წამები, წუთები და საათებიც კი, რა დროსაც აზარტში შესული ხელოვანები პრაქტიკულად ტყუილად ლაპარაკობდნენ მგზნებარედ, თავდავიწყებით ახალ როლზე, ფილმზე, მუსიკასა თუ კონცერტზე - სამუდამოდ უნდა წამეშალა მეხსიერებიდან და ფირიდან. ყოველი გასული რეპორტაჟის შემდეგ, რეკავდა ტელეფონი და მე გულგახეთქილი, უკიდურესად შერცხვენილი, სახედამანჭული ვისმენდი ყურმილის მეორე ხაზიდან დაუსრულებელ საყვედურებს: ჩემი ლაპარაკი არ იყო, გოგონა! კი მაგრამ. პირი დავაღე თუ არა დავხურე! ამდენი რისთვის ვილაპარაკე? როგორ გაბედეთ? თუმცა, ეს საყვედურები ისეთივე ჩვეულებრივ ყოველდღიურობას წარმოადგენდა, როგორც ამ საყვედურების შემდეგ ისევ ამ ხალხთან ინტერვიუებზე მისვლა. ასე ნელ-ნელა და თანდათან საკუთარ ტყავზე ვსწავლობდი  ყველაზე დიდი პერუელი მწერალისა და ჟურნალისტის სიტყვების სიმართლეს: “ჟურნალისტიკას შეუძლია მოგკლას. და არა ისე, როგორც ომები ან რევოლუციები გკლავენ, არამედ მოგკლას თავისი რუტინით, თავისი უმნიშვნელო, დაუსრულებელი გამეორებებით.” 

მაშინ მე გადავრჩი. თუმცა, არ ვიცი რამდენი ხნით. წლების შემდეგ, როგორც უკვე პოლიტიკურ გადაცემის წამყვანს მირეკავენ (და ალბათ, როგორც “მანანა ჩიქობავას”) და მუმექრებიან სიცოცხლის მოსპობით. ტელეფონს ყოველთვის ვპასუხობ და როგორც ადრე ვიცოდი დანამდვილებით, რომ მირეკავდა განაწყენებული მხატვარი ან რეჟისორი,  - ახლაც ზუსტად ვიცი, რომ მირეკავს პატარა ბიჭი, გახრწნილი სისტემის მიერ გაფუჭებული ვიგინდარა, რათა მითხრას ჩემთვის უკვე არაფრისმომცემი სიტყვები: “შენი დედა მო####ნ!” გინების შემდეგ ისმის ბინძური  სიტყვები, ლანძღვა და მუქარა კოკისპირული, რომელსაც მე გასქელებული კანით და ოლიმპიური სიმშვიდით ვისმენ დღეს უკვე მეოთხედ. 

როგორც ჩანს, ვერ გამოვდივარ “პეპლების ჟამიდან” და ვფიქრობ ჩემთვის, აი, ახლა ეს ბიჭი, უკმაყოფილო ინტელიგენციის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ალბათ, ასე მეტყოდა იგივე სათქმელს: ნუთუ არ მერიდება, რომ დღისით  - დემონსტრაციებიდან, საღამოს კი - ტელევიზიიდან, სრულიად უტიფრად და ყოვლად უსამართლოდ, მთლად პირდაპირი ეთერიდან, ისე რომ ვერაფერს ამოჭრი, ვბედავ და ვლანძღავ დიდ მეცენატსა და ქველმოქმედს, კულტურის მუშაკთა მარჩენალსა და ქართული კულტურის ქომაგს. და თან, ეს იცით, რით შეიძლება დასრულდეს, გოგონა? ეს ნიშნავს უსაშველოდ ბევრ პრობლემას, აი, ღმერთმა არ ქნას, რომ სადარბაზოსთან დამხვდეს ვინმე ხელაღებული მოქალაქე და “გამალამაზოს”.. 

თუმცა, ტელეფონიდან სულ სხვა სიტყვები მესმის: #ექალა, გაგიხეთქავ თავს, - წიკვინებს 15 წლის ბიჭი, რომელიც რატომღაც უკიდურესად ღელავს და განერვიულებული მპირდება, რომ დუბინკას მირტყამენ თავში, სახეში, კბილებში. მესმის ყველაზე ბილწი, ყველაზე ჭუჭყიანი, უცხო და ეგზოტიკური გინება, სალანძღავი სიტყვები, რომლის არსებობის შესახებ მე აქამდე არაფერი მსმენია. უკვე ლამის ცნობისმოყვარედ ვისმენ გინების ახალ-ახალ ფორმებს და სრულებით არ ვღელავ. ან რატომ უნდა ვღელავდე? უბრალოდ მაგინებენ, გულისგასახეთქ საყვედურებს კი არ მაძლევენ შემოკლებულ ქრონომეტრაჟზე. 2-წუთიანი კოკისპირული ლანძღვის შემდეგ მეც მინდება შევაგინო და უკან ჩავაბარო ყველა ის ახალი სიტყვა, რომელიც 15 წლის გინების მასწავლებელმა მასწავლა, თუმცა, გვერდით ყურებდაცქვეტილი დედაჩემი მიზის, რომლის გასაგონად პატარა ბიჭს, თითქმის, სიყვარულით ვეუბნები: “იცით, მე დღეს უკვე დამირეკეს სამჯერ.” ვთიშავ ტელეფონს და ცნობისმოყვარე დედაჩემს ვეუბნები, რომ გული გამიწყალეს მანქანის დაზღვევის შეთავაზებებით.

ბოლო ოთხი წელიწადია, რაც მიმყავს პოლიტიკური ტოქშოუ; სხვათა შორის, როგორც კვლევები (მათ შორის, ჩემი დაკვირვება) ცხადყოფს, ამ პერიოდიდან კარგავს ხელისუფლება ამომრჩეველს. ივანიშვილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გადაუყვარდათ და ჩემი სტუდია ხდება იმედგაცრუებული ხალხის პატარა ნავსაყუდელი, ბრაზის ამოსანთხევი, გულის მოსაფხანი ადგილი. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჩემი გადაცემის ეთერი სულ უფრო მეტად ივსება გაბრაზებული და გულგატეხილი აქტივისტებით, დაუმორჩილებელი პოლიტიკოსებითა და ექსპერტებით, შეურაცხყოფილი მასწავლებლებითა და ექიმებით, უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდების მშობლებით, ივსება მოტყუებულებით. ივანიშვილის პოლიტიკაში მომყვანებს დაუოკებელი სურვილი ამოძრავებთ იყვნენ მისი გამცილებლები. ყოფილი “მეოცნეები” ერთი მეორეს მიყოლებით იმეორებენ, რომ უკრაინის ომმა ხელისუფლებაში მოსული ძალა  საბოლოოოდ, გადააქცია რუსულ ხელისუფლებად. მოდიან ისინიც, ვინც არასდროს ყოფილა ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი, ვისაც უყურადღებოდ არ დარჩენიათ 2012 წლის 30 აგვისტოს ჩრდილიდან გამოსული მეცენატის მიერ ნასროლი პატარა ციტატა, ლაფანყურის სპეცოპერაციიდან მესამე დღეს, როცა მან პოლიციის დაღუპულ მაიორს, არჩილ ჩოხელსა და კაპიტან სოლომონ წიკლაურს “ჩვენი მხარდამჭერები” უწოდა, და აღნიშნა, რომ დასანანია მათი დაღუპვა, რადგან ისინი მისი დაცვის ბიჭებთან მეგობრობდნენ. მაშინ საზოგადოება ჯერ კიდევ ვერც იფიქრებდა, რომ ამ საზარელი სამძიმარიდან რამდენიმე თვეში ივანიშვილი ტრიუმფით მოვიდოდა მთავრობაში, “დაცვის ბიჭებს” ქვეყანაში ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობებს დაუნაწილებდა და მომდევნო 12 წელი პოლიტიკური ნიშნით გარდაცვლილების გადარჩევა გახდებოდა "ქართული ოცნების" გენერალური და ყველაზე ამაზრზენი ხაზი. 

ჩემი სტუდია კი ისევ ივსება ახალ-ახალი ხალხით, გაბრაზებულებით, მოტყუებულებით, იმედგაცრუებულებით. ბატონი ბიძინათი ერთ დროს აღტაცებულებით, რომლებიც ახლა რუსეთის მონას, პუტინის კაცს, კორუმპირებულსა და ბოროტს უწოდებენ ოლიგარქს. რას არ გაიგონებ მათგან და მაინც, ყველაზე ზუსტ მეტსახელს ამერიკელი კონგრესმენისგან ვისმენთ: “უხეირო დიქტატორი”. კეთდება განცხადებები, რომელიც გაცდა შეშფოთებებს, ამერიკაში, ევროპასა და დიდ ბრიტანეთში და სულ ცოტა დრო გვაშორებს იმ ნაბიჯისგან, როცა კონგრესისა თუ სენატის რომელიმე მოსმენაზე, ქართველ ოლიგარქს პირდაპირ უწოდებენ VIRESHMAKA-ს, ასე პირდაპირ, თარგმანის გარეშე, როგორც დაარქვეს ხალხის მხარდამჭერ აქტს MEGOBARI. 

სტუდია კი ისევ ივსება “გაბრაზებულების” ახალი პარტიით. აქაა ყველა, ძველი გვარდია, ახალი ტალღა, შემდეგ შეერთებულები, სხვადასხვა მიზეზით წამოსულები, განდგომილები. განა მარტო პოლიტიკოსები? ყურადღებით ვუსმენ ღამის ეთერში აქვითინებულ გარემოვაჭრე ქალს, რომელიც ტირილით ყვება, როგორ შეპირდნენ 2012 წელს არათუ მისი ფარდულის შენარჩუნებას, არამედ - უკეთეს ცხოვრებას. ჰყვება,  როგორ მოატყუეს, როგორ მოდიან ინსპექტორები მასთან ყოველ დღე და სიმწრით ნაყიდ საქონელს ძირს უყრიან, ეტლს წაუქცევენ, ცრემლებამდე მიჰყავთ. ქალი მიდის და მე ვკითხულობ ტექსტს სუფლიორიდან: 5 მილიონი უნდა ჰქონოდა თითო სოფელს, სანაცვლოდ მივიღეთ სახელმწიფო, სადაც ინსპექტორი წიხლით დასდევს ატირებულ პენსიონერს. ივანიშვილი კი კვარტალში ერთხელ გამოჩნდება იმისთვის, რომ მშიერ მოხუცებს ეწუწუნოს იმ მილიონებზე, რომელსაც შვეიცარული ბანკი ართმევს. სტუმრები ამ ამბის განხილვას იწყებენ. მიშას დროს გარემოვაჭრეებს უარესად ექცეოდნენ - ყვირის ერთი სტუმარი, რომლის გაჩერებას მიშისტი პოლიტიკოსი ამაოდ ცდილობს. დებატია, რომლის ბოლოს ყველას ისევ ახსენდება უხეირო დიქტატორი, მუნჯი სცენა, კამათი წყდება და იქვე ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ივანიშვილის შეუცვლელობის საიდუმლო სწორედ, მის “უხეირობაშია”. 

29 აპრილს მე ისევ სტუდიიდან ვუსმენ ბიძინა ივანიშვილს. ის გამოდის და სასტიკი შურისძიებით ემუქრება ოპოზიციას. ჩვენ წინაშე დგას დიქტატორი, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გვპირდება ცივილური მსოფლიოსგან საქართველოს იზოლაციას, შუღლსა და ღვარძლს. ამ კაცს უსმენენ ემიგრანტებიც.  იცით, როგორია ემიგრანტების ერთი ჩვეულებრივი დღე? მე ასე წარმოვიდგინე: მომვლელი ქალი იტალიელი მოხუცის ლოგინს გვერდით უზის და სანამ ასაკოვანი, მრავლისმნახველი ქალი ხილს ილუკმება, ჩვენს ქართველ მომვლელს მესენჯერში ფოტოს უგდებენ, წარწერით: “აბა, ეს რა არის?” ხსნის და ფოტოზე პატარა მოყავისფრო კაუჭია, სისხლის ლაქებში ამოთხვრილი. ვერ ვხდება, რა არის და არც ამ თავსატეხის ამოხსნის ხალისი აქვს. დიდხანს არ გრძელდება მისი წვალება და კარნახობენ: “ეს სანდროს კბილია”. სანდრომ დღეს პირველი კბილი ამოიღო. მისი შვილი მის გვერდით არაა. არადა, კალთაში უნდა ეჯდეს 6 წლის ბიჭი, ბავშვი უნდა ტიროდეს, დედა კი - ამშვიდებდეს, თაგვებს უნდა უგდებდნენ ახალ ნადავლს, მაგრამ დედასა და შვილს შორის ათასობით კილომეტრია და აუტანელი ყოფა. დედა ცრემლებით სავსე თვალებით უყურებს ვიღაცისთვის საზიზღარს, მისთვის კი ძალიან საყვარელ სისხლიანი კბილს, ცდილობს თითების მოძრაობით გაადიდოს გამოსახულება, რომ უცებ რაღაცას აჭერს. ტელეფონის ეკრანზე ჩნდება ბიძინა ივანიშვილი. ის დგას ტრიბუნაზე, არჩევნებამდე 100 დღით ადრე და სთხოვს საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის იტალიაში გადახვეწილ ქართველ დედას, ემიგრანტს, სამშობლოდან წასულს, შვილების სარჩენად გაქცეულს, დაღლილს შრომისა და მონატრებისგან, სისხლიან კბილზე მეოცნებეს, კიდევ ერთხელ მისცეს ხმა “ქართულ ოცნებას”, მისცეს ხმა მესამედ, რათა მესამეჯერ ხმის მიცემის შემდეგ, ასრულდება ამ ქალის ოცნება და  ნატვრა: საბოლოოდ, განადგურდეს ოპოზიცია.   

ჯერჯერობით, ეს ივანიშვილის ერთადერთი დაპირებაა, ყველა იმ აუსრულებელი დაპირების შემდეგ, რომელიც მისგან მოვისმინეთ.  

და ასე, თანდათან ვატყობ, როგორ მიბრუნდებიან ჩემს ტელე-სტუდიაში ძველი რესპონდენტები, რეჟისორები და მსახიობები, კინომცოდნეები და მომღერლები.  ისინი ჩემთან “უხეირო დიქტატორმა” მოიყვანა. ივსება ჩემი სტუდია გაბრაზებული ხელოვანებით, რომელთაც ადრე შემოკლებული ქრონომეტრაჟი აბრაზებდათ, ახლა კი, უიმედობა აშინებთ. მე არ ვამოკლებ მათ სათქმელს, პირიქით უნდა ილაპარაკონ ბევრი, ხმა ამოიღონ. ყველა წუთი ძვირფასია, ყველა წამი. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე დიდი ხანია არ ვსაუბრობთ პრემიერებსა და ფილმებზე, არ ვსაუბროთ ცოცხალ და დამოუკიდებელ კულტურაზე. თუმცა, მათგან მესმის ყველაზე დაუჯერებელი და ძნელად წარმოსადგენი სურვილები. აღმოჩნდა, რომ საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლად რეგისტრირება უნდათ. დამკვირვებელი მუსიკოსი! წარმოგიდგენიათ? შესაძლებელია ვიყო დამკვირვებლები? - მეკითხება მუსიკოსი. უხეირო დიქტატორის ქვეყანაში ყველაფერი არის შესაძლებელი. განა რა შეიძლება იყოს ამაზე ლამაზი? ვპასუხობ მუსიკოსს და ვხდები, რომ მან ჩემსავით შეწყვეტა ჭრელი პეპლების დევნა. 

მარიო ვარგას ლიოსას გმირი, სანტიაგო ჟურნალ “ლა ქრონიკაში” მისული ამბობს: “ჟურნალისტიკა არის პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად არის გადაჯაჭვული ცხოვრებასთან; ეს არის ყველაზე კეთილშობილური და ურთულესი საქმე, რომელიც გვაძლევს საშუალებას ყოველდღიურად  შევეჯახოთ სამყაროს პირისპირ”. 

ჟურნალისტიკა ყველაზე ახლოს დგას ცხოვრებასთან. იქნებ ჩემთანაც მოვიდეს ისეთი ჟურნალისტიკა, როცა მე ისევ პეპლებს გამოვედევნები, თუმცა, ახლა ვიბრძვი. ვიბრძვი ჭრელი პეპლების მოსაბრუნებლად.





ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კატეგორია - ბლოგი



ეს მგონი, არც ჯორჯ ორუელს აღუწერია და არც ოლდოს ჰაქსლის... როცა პროპაგანდა იმგვარად გიწებებს, რომ შენს ინდივიდუალურ ენას, გემოვნებას, ღირებულებებსა და სიტყვებსაც კი იმ სისტემის სასარგებლოდ იყენებს, ვისაც პროპაგანდისტული მანქანა ემსახურება. 

ორუელის მიერ აღწერილი პროპაგანდისტული სისტემა - სტალინური მოდელის მსგავსად - ცნებებს უცვლის შინაარსს და მას შემდეგ, რაც აბსურდად აქცევს ენას („ომი - მშვიდობაა“ და სხვ.) თავად ცნება-ჭეშმარიტებასაც აუქმებს, როგორც დიქტატურისთვის საზიანო და უსარგებლო სათნოებას. 

 

კლასიკურ ტოტალიტარიზმსა და პუტინისტური ნეო-დიქტატურის ოფიციალურ საინფორმაციო სივრცეში აღარც არაფერია დაშვებული ცენზურის მიერ კონსტრუირებული ენისა და სიტყვების გარდა, რადგან იქ მხოლოდ ისეთებს ეთმობათ მედია-ზემოქმედების ოფიციალური ველი, ვისი ენაც მკაცრად რედაქტირებულია ხელისუფლების მიერ.

ჩვენებურ ავტოკრაკრატიაში კი, სადაც სიტყვებს ჯერ კიდევ გააჩნიათ ძალა და ცენზურა კი მხოლოდ პროსახელისუფლებო არხებზეა ნორმირებული, კრიტიკული მოქალაქის ენა თუ ინდივიდუალიზმი უმეტესად პროპაგანდისტი მანიპულატორების ინსტრუმენტად იქცევა ხოლმე და სისტემის დაზიანების ნაცვლად, თავადვე ხდება იმ აზრის დამაზიანებელი, რისი გამოთქმა-დაცვაც მორალურ ვალდებულებად მიაჩნდა. ზოგჯერ ის სურვილიც კი, რომ ხელისუფლების პროპაგანდისტს ან მავნე მესიჯების გამავრცელებელს დასცინო, უნებლიეთ მისი მესიჯების გამავრცელებლადვე გაქცევს და ამ მხილების შედეგი არა ავტოკრატის რომელიმე მარიონეტის ირონიული დეკონსტრუქცია, არამედ მავნებლის მავნებლური გზავნილების გაუაზრებელი აგიტატორის როლში აღმოჩენაა. 

აი, ერთი მაგალითი. ჩვენ გვყავს დეპუტატი ზ. (მის გვარს სიზარმაცის გამო არ დავასახელებ), რომელსაც მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, რომ სისულელეები ამოროშოს დასავლელ ლიდერებსა თუ პოლიტიკურ პროცესებზე, ჯამბაზურად უგერგილო ინგლისურ-გერმანულით მიმართოს უცხოელებს და თავის ოხუნჯობებში ალაგ-ალაგ საკმაზად გაურიოს „ქართული ოცნების“ ცნობილი გზავნილები. 

ცხადია, ეს ხუმრობები არასდროს არის სასაცილო, მაგრამ ამ კაცის ქცევა იმდენად იდიოტურია და ზოგადად, იმდენად შეუსაბამოა დეპუტატის სტატუსთან, რომ განცვიფრებულ ადამიანს უმალ აღშფოთების გამოხატვა უნდება ამ მარაზმზე, მისი ფეისბუქში თუ სხვაგან გამომზეურება და შეძლებისდაგვარად დაცინვაც კი, თუმცა, ეს კი გვასწავლეს დიქტატურის თეორეტიკოსებმა - ორუელმა თუ ჰაქსლიმ, რომ პროპაგანდას არც ირონია ესმის და არც იუმორი, მისი მიზანი მარტივია და რა საბურველის მიღმაც არ უნდა ცდილობდეს დამალვას, ამოცანა ყოველთვის ერთი და ბანალური აქვს: თავისი გზავნილის პენეტრირება მოახერხოს მასობრივ ცნობიერებაში. 

ამიტომ ის, ვინც არხსენებულ დეპუტატ ზ.-ს ამზეურებს მისი მხილების მიზნით, სწორედ იმ საქმეს აკეთებს, რა დავალების გავრცელებაც ხსენებულ ძალად კლოუნს მიეცა: თუკი 10-დან 8 ადამიანი იდიოტს დაინახავს მასში, დანარჩენ 2-მდე აუცილებლად მივა მისი რომელიმე მავნე გზავნილი, ამ 2-ის სული კი შესაძლოა პროპაგანდის დემონს ჩაუვარდეს კალათში, რომელიც ვინ იცის, იქნებ ამომრჩევლის ხმად მიუვიდეს ავტოკრატს დათქმულ დღეს.

ვახსენეთ, რომ პროპაგანდა არ სცნობს ირონიას (მაგრამ დიქტატორს არ უყვარს დაცინვა, ეს კი სხვადასხვა რამაა და ამაზე სხვა დროს ვთქვათ), პროპაგანდა ბრტყელია და მას მისივე მეთოდით უნდა დაუპირისპირდე, რაც მარტივ და ბრძნულ პრინციპს ეყრდნობა: ის არ უნდა აღუსრულო, რა ამოცანის მიღწევაც პროპაგანდისტს, უფრო სწორად, პროპაგანდის დამკვეთ ავტოკრატიას აქვს მიზნად დასახული. 

 
მახსოვს ჩემი საკუთარი მაგალითი. „ოჯახის სიწმინდის დღედ“ ქცეულ 17 მაისს მცირედ ირონიული რეპლიკა დავწერე ფეისბუქში ცხენის ფლოქვების თქარათქურზე, რომელიც რუსთაველის გამზირიდან მოისმა და ეს სიტყვები ხელად გაავრცელეს სახელისუფლებლო მედიებმა - აი, თურმე როგორ დავცინოდი „ოჯახის სიწმინდის დღეზე“ მისულ ხალხს. ცხადია, მეშეცდომა დავუშვი, რადგან გავრისკე და თავს არ ავუკრძალე, თუნდაც მსუბუქი ირონიით არ გამომეხატა ის წუხილი, რომელიც ზოგადად ამ დღის ჩანაცვლებული შინაარსის გამო მაქვს: როგორ გადაჯეგა ხელუსუფლებამ ტოლერანტულობის განმამტკიცებელი სულისკვეთება ფსევდო-ტრადიციონალიზმითა და პოლიტიკური კვაზი-რელიგიურობით. 17 მაისი ხომ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და განა ყველაზე წმინდა და სათუთიც ის არაა, რომ ადამიანები ერთმანეთის თანასწორნი იყვნენ და არა სიძულვილსა და ჩაგვრას, არამედ სიყვარულსა და პატივისცემას უნაწილებდნენ ერთმანეთს?! ამ მხრივ ჩვენ საგრძნობლად ჩამოვცდით ცივილიზებულობის მაღალ ნიშნულს და ეს უაღრესად სამწუხაროა... 

მაგრამ ახლა ესეც კი პრობლემურია, როცა 17 მაისზე ვწერ, რადგან კვლავაც ვშიშობ, ჩემი ინდივიდუალური რწმენა და ენა თავისუფლების საზიანოდ არ გამოიყენოს ავტოკრატიის პროპაგანდისტულმა მანქანამ, რაკი ავტოკრატია სწორედ იქ აგებს ხაფანგს, სადაც საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი ძნელად და ზოგჯერ სამწუხაროდ, აგრესიით იღებს მისთვის ახლებურ იდეას. ამიტომ ჩემნაირებს ახლა სტრატეგიული აზროვნება გვმართებს, რაც პირდაპირ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული - ისე ვისაუბროთ და ისეთი ენა გვქონდეს, სადაც პროპაგანდას ჩვენი გამოჭერა, მოხელთება და ჩვენივე მრწამსის ჩვენსავე საზიანოდ გამოყენება გაუჭირდება. ეს კი უთუოდ ნიშნავს ინდივიდუალური ენის კორექციას, ერთგვარ თვითცენზურას, სადაც ზოგჯერ იმასაც კი ვეღარ ამბობ, რისი თქმაც შენი გემოვნების, ფასეულობებისა თუ აზროვნების სტილის შესაბამისია. 

ცხადია, საბჭოთა ცენზურის ეპოქის დასრულების შემდეგ ვერაფრით ვიფიქრებდით, რომ ივანიშვილის რუსული სისტემა კვლავაც შეგვიზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას და ძლივს გათავისუფლებულ ენას ახლებურ წნეხში მოაქცევდა, მაგრამ ახლა უთუოდ გვიწევს იმის სწავლა, როგორ უნდა მოვუგოთ ჭკუით პროპაგანდის გაქნილ დემონს. 

ეს კი ისევ და ისევ უნივერსალური ფორმულით გამოიხატება: დავფიქრდეთ პროპაგანდისტის მიზანზე და, სულ მცირე, ამოცანის მიღწევა მაინც გავურთულოთ, ანდაც საერთოდაც ხელი შევუშალოთ ჩვენი გონივრული ქცევით მიზნის მიღწევაში. 

ზოგადად კი, უნდა გვახსოვდეს, რომ ისე არაფერი აღიზიანებს პროპაგანდისტს, როგორც მისი სრული იგნორირებაა...

ურეაქციობა ხანდახან ყველაზე მართებული რეაქციაა.




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას. 

 
კატეგორია - ბლოგი



ქალთა გიმნაზიაში, მინიატურის თეატრში, ღარიბთა თავშესაფარში, მაჰმადიანთა აუდიტორიაში, ტოლეს ქარხნისა და ქალაქის ახალი სასაკლაოს კანტორაში, მურაშკოს თეატრში, ცარიელ დუქანში, ალტმანის სახლში, მალაკნების საზოგადოების სკოლაში, ავჭალის აუდიტორიაში, კოლონია აღევსანდერსფორფში და კიდევ ბევრ სხვა ადგილას საარჩევნო უბნები იყო მოწყობილი. “გაეშურეთ საარჩევნო ყუთებისაკენ!” – მოუწოდებდნენ გაზეთები მოქალაქეებს, 1919 წლის სუსხიან თებერვალში. ყველა პარტიას თავისი ბიულეტენი ჰქონდა, იყო თეთრ, ვარდისფერ, ყავისფერ ქაღალდებზე დაბეჭდილი ბიულეტენები. “არც ერთი ხმა დემოკრატიის მტრებს! არ დაკარგოთ საარჩევნო ხმა! ვინც დღეს დემოკრატიას არ ეხმარება და არ ემხრობა, ის მტერი და მოღალატეა მისი. გაუმარჯოს დამფუძნებელ კრებას!” - წერდა გაზეთი "ერთობა". სხვა გაზეთებშიც აქტიური განხილვა და მითქმა-მოთქმა იყო გაჩაღებული. "მოახლოვდა არჩევნები. სოფლები გაივსო პარტიათა ახლად შობილი პროპაგანდისტებით. მოდიან გუნდები, მოდიან ქარავნები ცარიელა სიტყვებით და უნდო დაპირებებით. არის ერთ თავის ქება და ყვირილი."  

 

პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საარჩევნო პროგრამებითაც. მაგალითად, პოეტი ევგენი დვალი აარსებს რუსთაველის პარტიას, იწყებს გაზეთის გამოცემას და ამზადებს საარჩევნო პროგრამას: 1) ყველა ერის და ხალხ-თემის სრული, ყოველ მხრივი უზენაესი თავისუფლება. 2) მამაკაცთა და დედაკაცთა უფლებრივი გათანასწორება. 3) თავისუფლება სიტყვის კავშირის, კრების, გაფიცვის, სვინდისის, რწმენის... 4) სწავლა-განათლება უფასო. 5) გადასახადების შემოღება შემოსავლის კვალობაზე. 6) მთელი ქონების, მიწის, მამულის და სხვის საზოგადო კუთვნილებად გამოცხადება. 7) დაზღვევა მუშა-მშრომელთა, როგორც უბედური შემთხვევისგან ისე სიბერისაგან, როდესაც შრომა აღარ შეუძლიათ. 8) მოწყობა სახალხო სანატორიუმებისა და სამკურნალოებისა. 9) გაუმჯობესებული ტეხნიკის მიხედვით 6 საათის სამუშაო დროის შემოღება. 10) ქარხნებში ორსულთ და პატარა ბავშვების პატრონს დედაკაცების მუშაობის აკრძალვა. 11) რკინის გზებით, ხომალდებით და ჰაეროსტატ-საფრენებით, თავისუფალი და უფასო მიმოსვლა. 11) შრომის მეცნიერების და სიბრძნე-სიმართლის სრული გაბატონება. – აი, ასეთი პოეტური პროგრამები ჰქონდათ პოეტების დაარსებულ პარტიებს.

მრავალფეროვანი და ჭრელი ქალაქი იყო ტფილისი. გაზეთები გამოდიოდა ქართულად, სომხურად, გერმანულად, ინგლისურად, რუსულად და იმ დროის პერიოდიკისთვის ერთი თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ მივხვდეთ, თუ რა აქტიურად აშუქებდნენ წინასაარჩევნო პროცესებს, პარტიების დაპირებებს, ამომრჩევლის განწყობებს და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა არეული იყო, პროვინციებში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, მაშინდელი პრესა არჩევნების საკითხს არ ივიწყებდა:“მათ სურთ ხელი შეგვიშალონ არჩევნების დროს, ძირი გაუთხარონ ჩვენ დამოუკიდებლობას, ჩვენ დემოკრატიას. არ შეშინდეთ! ენერგიულად მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში და დავუმტკიცოთ მტრებს ჩვენი ძალა. ძირს ბნელი ძალები!”. 

და მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, გაზეთები ცდილობდნენ საზოგადოების ინფორმირებას და დებატების წახალისებას. გაზეთების ფურცლებზე იბეჭდებოდა როგორც პარტიების მიერ შექმნილი პროგრამები, ასევე მოქალაქეების წერილები, სადაც ისინი გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს, შიშებსა, წუხილებსა, იმედებს. გაზეთში შეხვდებოდით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მომხრე მამის წერილს საკუთარი სოციალისტი შვილებისადმი, სადაც ის მათ მიანიშნებდა, რომ მემკვიდრეობას დაკარგავდნენ თუ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდნენ და ხმას მაინც სოციალისტებს მისცემდნენ. 

ეკატერინე გაბაშვილი კი თავისი შვილის პარტიის გაზეთის “სალის კლდის” ფურცლებიდან ქალებს მიმართავდა: “შვილებო, შვილი-შვილებო, დებო და რძლებო, სადა ხართ, სადა? რატომ არ ისმის ხმა თქვენი ტკბილი? რატომ არ გრგვინავს, რატომ არ ჰყივის, მაშინ როდესაც ქართლი მოიცვა უბედურებამ? თუ არ მოგწონს, სული გიღელავს და გული გიდუღს, რატომ არ ომობ? რატომ არ ჰყვირი, რატომ არ ჰგმობ? რატომ არ ეტყვი, არ ჩააგონებ შენ შვილებს, ქმრებს, ძმებს, რომ კვლა, ტაცება, ყაჩაღობა, მექრთამეობა, საზიზღარია, რა სახელითაც არ უნდა წარმოებდეს ეს უზნეობა?”

ახლა უკვე საუკუნეზე მეტი გვაშორებს პირველ დემოკრატიული წესით ჩატარებულ არჩევნებს. ახლა არც ის მისამართებია, სადაც საარჩევნო უბნები იყო გახსნილი და იმ მოვლენების მთავარი მოქმედი პირებიც უკვე მკვდარი სულების საარჩევნო სიებშიც ვეღარ მოხვდებიან. გაქრა სამყარო, სადაც ასე გააფთრებით იცავდნენ დემოკრატიას, მაგრამ არ გამქრალა დემოკრატიის დაცვისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის აუცილებლობა. 

დღეს, როცა ინფორმაციის გავრცელების მთავარი არხი მაინც სოციალური მედიაა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს ჩავერთოთ პოლიტიკურ პროცესებში, გავაჟღეროთ ჩვენი ხმა და მოვითხოვოთ ცვლილებები. მოვითხოვოთ ის, რაც კონსტიტუციაში ასე ლამაზად ჩაგვიწერია, რომ "სახელმწიფოს ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.”

პირადად მე რამდენი არჩევნები გამომივლია და სულ მქონდა განცდა, რომ არასოდეს მყოლია წარმომადგენელი პარლამენტში. სამაგიეროდ, უხვად ვხედავდი თავისი ფინანსური ინტერესების მცველებს, ვაჭრებს, გაუნათლებელ და უპრინციპო, მოსყიდულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერ რამეს მოაწერდნენ ხელს, თუ ამისთვის კარგად გადაუხდიდნენ. ეს განცდა ჰქონდა უმრავლესობას ჩემ გარშემო, მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს, მეგობრებს, ნაცნობებს, ნათესავებს, მეზობლებს. რამდენჯერ მოგვისმენია ფრაზა, ამათ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ვახსენდებითო და უმრავლესობა დღესაც იგივე აზრზეა. აღარავინ უყურებს და უსმენს წინაასარჩევნო დაპირებებს სერიოზულად, ყველამ იცის, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირებები ფენტეზის ჟანრს განეკუთვნებიან. ყველაზე ცუდი რაც არის, შეგვაგუეს პოლიტიკოსის ამ ბოლომდე გაფუჭებულ ტიპს, მოცემულობას, რომ პოლიტიკოსი მატყუარა და უპრინციპოა, რომელიც არად აგდებს ხალხის ურყევ ნებას და კონსტიტუციაში გაცხადებულ სოციალური სახელმწიფოს იდეას, სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობის და სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ამის ნაცვლად, ვუყურებთ უთანასწორობის გაღრმავებას, კრიტიკული აზრის შეზღუდვას, სოლიდარობის გამო ადამიანების დასჯას, შერჩევით სამართალს. 

არადა, კონსტიტუციაში ძაან ლამაზად გვიწერია, “სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზეო” და ონკოლოგიურ პაციენტებს აქციების გამართვა უწევთ, დედებს კი - კარვების დადგმა, რომ საკუთარი შვილებისთვის ვაქცინის შემოტანას მიაღწიონ. “სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე” - ჩვენ კი ყოველდღიურად ვუყურებთ ადგილობრივების დაუკითხავად გასხვისებულ მიწებს, ხეობებს, კანიონებს, გადათხრილ სოფლებსა და ლეგალიზებულ ძარცვას. 

რა თქმა უნდა, გემახსოვრებათ მომენტი გიორგი მიქაუტაძის ინტერვიუდან, “ძალიან ბევრს ვცადობ, ვცადობ, რომ გოლები გავიტანოო”, ამბობს და ამ დროს თანაგუნდელების ხმა ესმის, რომ „ჩვენ აქ ვართ, ჩვენ აქ ვართ” და ჟორჟს გული ვეღარ უთმენს, გარბის და უერთდება თავის გუნდს. წარმოვიდგინოთ, რომ არჩევნების დღეს თითოეულ ჩვენგანს ჩაესმის ქართველი ხალხის ხმა, „ჩვენ აქ ვართ, ჩვენ აქ ვართ” და თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია, დადგება თუ არა  ქართველი ხალხის გვერდით. კი, ჩვენ აქ ვართ და ვითხოვთ სოციალურ და სამართლიან სახელმწიფოს, ვითხოვთ დემოკრატიას და გვესმის, რომ დემოკრატიის დაცვა რუტინული შრომაა და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რომ ამ საქმეში ჩასართავად მზად არის, ეს ბოლო პერიოდის პროტესტმაც დაადასტურა.

„დღევანდელ საქართველოს ასულდგმულებს ორი პოლიტიკური დედა აზრი, მან თავის დროშას დააწერა ორი მცნება; უფლება ერის, უფლება მშრომელის და თქვენ გუშინდელ მანიფესტაციაში დაინახეთ ამ ორი პრინციპის ემბლემა ხალხის ხელში, ეს დროშა - მუშების და ნაციის. ჩვენ ხალხს გადაწყვეტილი აქვს ნაციის თვით არსებობას დაეხმაროს და მოაწყოს მშრომელთა საუკეთესო ცხოვრება. ამ გზაზე ჩვენ მოვდივართ არა განმარტოვებულათ, არა საკუთარი ძალ-ღონით, არამედ ევროპასთან ერთად და ევროპის დახმარებით, ჩვენ არ გვინდა ჩვენი სიზანტით ევროპას ჩამოვრჩეთ, მაგრამ არც გვინდა, რომ საეგებიო ნახტომებით მოვინდომოთ ევროპას წინ გავასწროთ. ამ ჩვენ ურთიერთობას ორივე მხარე მოვიგებთ. ჩვენ ევროპის კულტურის საქმიანობით და გამოცდილებით, ევროპა ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრით, ჩვენი გზით აზიის ხალხებთან ურთიერთობის დამყარებით. 27 იანვრის აქტი საქართველოს ევროპას უკავშირებს და მათი მჭიდრო ურთიერთობის საძირკველს ყრის. ამ აქტში გამოიხატა ნებისყოფა, როგორც ევროპის მმართველი წრეებისა, ისე მისი ოპოზიციურად განწყობილი დემოკრატიისა. საქართველოს შეუძლია იამაყოს, რომ მის კითხვაში შეერთდა ევროპა განურჩევლად პარტიისა, კლასისა და რწმენისა, - ამბობდა ნოე ჟორდანია საუკუნის წინ საქართველოს იურიდიულად აღიარების გამო და ეს კი უხსოვარი დროის ამბავია უკვე, კი აღარ არსებობს საარჩევნო უბნები ქალთა გიმნაზიაში, მინიატურის თეატრში, ღარიბთა თავშესაფარში, მაჰმადიანთა აუდიტორიაში, ტოლეს ქარხნისა თუ ქალაქის ახალი სასაკლაოს კანტორაში, მურაშკოს თეატრში, ცარიელ დუქანში, ალტმანის სახლში, მალაკნების საზოგადოების სკოლაში თუ ავჭალის აუდიტორიაში, მაგრამ მოწოდებები, რომელიც აქტიურად ისმოდა 1919 წლის გაზეთებში დღესაც ცოცხლობენ: “გაეშურეთ საარჩევნო ყუთებისაკენ!”, „არ დაკარგოთ საარჩევნო ხმა!", "დღეს არ უნდა დარჩეს არც ერთი მოქალაქე ხმა მიუცემელი.




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

კატეგორია - ბლოგი



ეს არის ძალიან სუბიექტური ბლოგი, რომელიც სოციალურ ქსელებში ქალთა მიმართ ძალადობას ეხება. 

უკანასკნელ კვირას 2 სხვადასხვა, დამოუკიდებელი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა და ორივე მათგანი სოციალურ ქსელებში გენდერული ნიშნით ქალების წინააღმდეგ მიმართულ სიძულვილის კამპანიას იკვლევდა. “ანტიგენდერული როტირიკა და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში“ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) წარმოადგინა. მეორე - „არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასება და სექსისტური გზავნილები სოციალურ მედიაში“ სამართლიანი არჩევნების (ISFED) მიერ ჩატარებული კვლევაა, რომელიც საჯარო მომავალ კვირას გახდება. 

ცხადია, ანტიგენდერული რიტორიკა არა მხოლოდ მიზოგინიას, სექსიზმს გულისხმობს, არამედ ჰომოფობიასაც და ამის შესახებ “მედიაჩეკერის” გვერდზე სხვა ბლოგიც გამოქვეყნდება.   

რას ითხოვს ქალისგან პატრიარქალური საზოგადოება: უნდა იყოს ლამაზი, კარგი ცოლი და დედა, პატიოსანი და ზომიერად ჭკვიანი. ამიტომ, სოციალურ ქსელებში ქალების საწინააღმდეგო მთავარი იარაღია - აპელირება გონებამშეზღუდულობასა და გარეგნულ ნიშანთვისებებზე. სიშტერეზე მითითება გენდერული სტერეოტიპის გამოყენებაა, გარეგნობაზე მითითება კი მისთვის აუცილებელი ნიშანთვისების დეფიციტი. ყველაზე დიდი კომპრომატი კი ქალის წინააღმდეგ, მისთვის „ბოზობის“ დაბრალებაა. 

როგორ განსხვავდება ბულინგი გენდერული ნიშნით? თითქოს, იგივე იარაღს იყენებენ კაცი პოლიტიკოსების წინააღმდეგაც. საქმე იმაშია, რომ კაცი იმდენად თავდაჯერებულია, რაოდენ დიდ სიბრიყვესაც არ უნდა ამბობდეს ან კი  ბრიყვი იყოს, მის თვითშეფასებას ეს ნაკლებად ეხება, მას პატრიარქალური საზოგადოება პატივს სცემს, რადგან ის კაცია და მხოლოდ ესეც საკმარისია. ასევე, კაცს არ მოეთხოვება იყოს ლამაზი, მთავარია კაცი იყოს და “ქალურობა” არავინ დააბრალოს, ამიტომ ვერც გარეგნულ ნიშნებზე დაცინვით ატკენ. აი მაგალითად, კახა კალაძის წინააღმდეგ მთავარი „კომპრომატი“ ჯორჯიო არმანისთვის გადაღებული ფოტოა ტრუსების ამარა.  ეს კარგად აპრობირებული ხერხია, კალაძეს სტკივა თუ არა, მომხმარებელი, ვისთვისაც ეს ფოტო იდება სოციალურ ქსელში, იცინის. ამიტომ, ფეისბუკზე, ინსტაგრამსა თუ ტიკ-ტოკზე დასაქმებული პარტიული მუშაკები (ყველა პოლიტიკური ძალა  და მათი ტროლ-ბოტები იგულისხმება) ვისაც ამგვარი ფოტო არ აქვს, მას ფოტოშოპით დაუმზადებენ. ერთს - ჭრელ ჩულქებს ჩააცმევენ, მეორეს - წითელ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებს, მესამეს - პომადას წაუსვამენ და  ა.შ. ანუ, ყველაზე მტკინვეული კაცი პოლიტიკოსებისათვის, გაფემინურება, ქალს მიმსგავსებაა. 

რაც შეეხება ღალატს, ქართულ საზოგადოებას არ უყვარს მოღალატე ქალები, მაგრამ უყვარს მოღალატე კაცები. თუკი ქალის ავტორიტეტის დისკრედიტაციას ახდენ მასზე გავრცელებული ჭორით, რომ საყვარელი ჰყავს, იგივე ჭორი კაცზე საპირისპირო შედეგს იძლევა. შეიძლება ეჭვიც კი გაგიჩნდეთ, რომ კაცები ამგვარ ჭორებს საკუთარ თავზე თავადვე იგონებენ და ავრცელებენ.

ეს უკანასკნელი ფაქტორი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ქალები უფრო მოწყვლადები ვართ და ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით მარტივია, ჩვენ უფრო გვტკივა, როდესაც მოღალატეს გვეძახიან, როდესაც გარეგნობაზე დაგვცინიან და თან გვეუბნებიან, რომ ჩვენს ჭკუას ჩვენი სქესი განსაზღვრავს. 

DRI-ის კვლევაში ქალი რესპონდენტი ამბობს: „მაგალითად, ერთ-ერთ სხდომაზე, ერთ-ერთი ქალი დეპუტატი „ქართული ოცნების“ მხრიდან მეუბნება, რომ ვიყავი აღგზნებული“. ერთი სიტყვით, ქალების წინააღმდეგ კამპანიაში მუშაობს ყველაფერი, რაც ქალის სტერეოტიპულ სახეს ეწინააღმდეგება, აღზნებაც კაცის საქმეა, ქალი მხოლოდ კაცის აღზნების ობიექტი შეიძლება იყოს. კაცებმა შესაძლებელია იყვირონ, სცემონ ერთმანეთს, წყალი შეასხან, აგინონ ერთმანეთს, მაგრამ ქალებმა არც კი უნდა იხმაურონ, მოკრძალებით, როგორც ქართველ ქალს შეეფერება, „ქალწულებრივი“ სინატიფით დაამშვენონ პარლამენტის დარბაზი. ისევ DRI-ის კვლევაში ერთ-ერთი პოლიტიკოსი ქალი ირაკლი კობახიძის სიტყვებს იხსენებს, სადაც მან თქვა, რომ პარლამენტი  უფრო აგრესიული გახდა, რაც მეტი ქალი შემოვიდაო.

ამიტომაც, სულ რამდენიმე თვის წინ ერთი მავნებელი პატარა პარტიის ინიციატივა მყისიერად აიტაცა საპარლამენტო უმრავლესობამ და ქალთა კვოტირების კანონი ერთი ხელის მოსმით გააუქმა. მიზანი ერთია - რაც შეიძლება ნაკლები ქალი იყოს პარლამენტში. კვოტირებას ხომ პირველ რიგში სიმბოლური სიგნალის, თუ ერთგვარი გზავნილის  ეფექტი აქვს, რომელიც ქალებს ეუბნება, რომ პარლამენტში მათი ადგილიც არის, დიახ, ქალებს, რომელთაც ამის თქმა სჭირდებათ. შესაბამისად, კვოტირების გაუქმებით საპარლამენტო უმრავლესობამ ქალებს ისევ შეახსენა, რომ დროა “ოჯახს დაუბრუნდნენ”.

პარლამენტში ქალების ყოფნის აუცილებლობას ერთი უმარტივესი მაგალითი ხსნის. გავიხსენოთ ყველა მოქმედი დეპუტატი, რომელსაც ვიცნობთ და გვახსოვს. როდესაც გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ მათგან უმეტესობა ქალია. შემდეგ კი, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ უკანასკნელი მოწვევის პარლამენტის 139 დეპუტატს შორის, ქალი  მხოლოდ 27 იყო.

მაშინ, როდესაც პოლიტიკური პოლარიზაცია პიკშია, ცხადია, სოციალურ ქსელებში ბულინგის პრობლემაც პიკს აღწევს, სადაც ქალები ისევ ყველაზე მოწყვლადები და აქედან გამომდინარე, მთავარი სამიზნეებიც არიან. რამდენიმე დღის წინ შეხვედრაზე, სადაც საუბარი სწორედ, ანტიგენდერულ კამპანიაზე იყო, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ქალმა ასეთი ამბავი გვიამბო: მისი ერთი გამოსვლის შემდეგ, სადაც ის პრემიერ მინისტრს დაუპირისპირდა, სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოზე დატოვებული 1000-ზე მეტი კომენტარიდან, არ დაიზარა და ის სიტყვები ამოწერა, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მუშაკები მიმართავდნენ: „უსაქმურო... უაზრო... უსირცხვილო... ვაი შენს პატრონს... სარკე არ გაქვს სახლში?... ჩერჩეტი... უტვინო... ხეპრე... გაქსუებულო... არაქალო... სიმახინჯის განსახირებეა... რახიტიანო ავადმყოფო... ორღობის აშარაშკა... ძუკნა... გაქსუებულო წაკლა... ამაზრზენი... სინდის-ნამუს გარეცხილი... ბოზი... ბინძურო... უტვინო ბატი... ნაგავი... კიკუ... ამება... ყანა ქალი... დეგენერატი... პიდარასტი... ლგბტ თხა... ტუტუცი... დებილი... ზნედაცემული... მანძუკო... იდიოტო... გომბიო... საცოდავო... ცალტვინა... ჩლუნგი... ჭინკა... მყრალი... დაქოქილი თოჯინა... ჩათლახო... ბინძურო... ტუტუცი... უჯიშო... უთავმოყვარეო... ტლიკინებ... ატარტარებ ენას... მახინჯო... საფრთხობელა... ძროხა... ბანძი... აყროლებული ფეკალია... საქონელი... მახინჯო... ჭყიპინებ... ჯოჯო... სულძაღლი... აკრიახდა... უსახურო... ყიყინებ!“

ამგვარი პრობლემა, ცხადია, მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, მეტად თუ ნაკლებად საზოგადოება ჯერ ისევ და ყველგან პატრიარქალურია. სამწუხაროდ, ორივე კვლევის მიხედვით, ჩანს, რომ ჩვენს ქვეყანაში ანტიგენდერული დისკურსის ავტორები „ქართული ოცნება“, მისი სატელიტი პოლიტიკური ძალები და პროსახელისუფლო მედიები არიან. თუკი აქამდე ანტიგენდერული რიტორიკა ძირითადად „ალტ ინფოსა” და მისი მონათესავე ჯგუფებიდან ისმოდა, ახლა ის სრულად „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა.  წინასაარჩევნო პერიოდში დაჩქარებული წესით გაუქმებული გენდერული კვოტებიც სწორედ, “ალტ ინფოს” ამომრჩევლის გადმობირების მცდელობაა.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი? ერთი, რაც ქალებს გვაზარალებს და ადვილად მოწყვლადს გვხდის, ჩვენი ერთმანეთის მიმართ არასოლიდარულობაა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ოპონირება, თუნდაც დაუნდობელი, მაგრამ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის  გარეშე და რაც მთავარია,  დავაბრუნოთ პოლიტიკური ვექტორი დემოკრატიისკენ, განვითარებისა და თავისუფლებისკენ.




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

 

 

 

 

 

 
 

 

 
კატეგორია - ბლოგი



"უცხოური გავლენის აგენტების" კანონის ხელახალი ინიციირების შემდეგ, პროსახელისუფლებო მედია კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციებისა და აქტივისტების დისკრედიტაციაშია ჩართული. თუმცა, მაუწყებლობის გარდა, პროსახელისუფლებო მედიები კოლოსალურად დიდ თანხას ფეისბუკზე რეკლამებში ხარჯავენ. რეკლამებისა და დახარჯული თანხის რაოდენობა, განსაკუთრებით აპრილი - მაისის პერიოდში, მეტყველებს თუ რა მასშტაბის რესურსი იხარჯება საინფორმაციო პროპაგანდისტულ მანქანაში. 

Meta-ს რეკლამების ანგარიშის მიხედვით, ბოლო 90 დღეში, რაც 27 მარტიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს(რეკლამების არქივი არ იძლევა ხარჯვის დღეების მიხედვით გაფილტვრას), თანხის მხარჯველების ტოპ ათეულში ორი პროსახელისუფლებო სამაუწყებლო მედია - ტვ "იმედი" და "პოსტვ" გვხვდება. ამ სიაში "პოსტივი" ორი ფეისბუკ გევერდით, POSTV - ახალი ამბები და POSTV - ანალიტიკა არის წარმოდგენილი. ბოლო 90 დღეში ტვ "იმედმა" 300 რეკლამა დაასპონსორა და ჯამში 20 ათას დოლარზე მეტი გადაიხადა. "პოსტივის" ორმა გვერდმა კი ჯამურად 2070 პოსტი დაასპონსორა და 28 ათას დოლარზე მეტი დახარჯა. კონტრასტისთვის, ამავე პერიოდში "მთავარ არხს" დასპონსორებული  მხოლოდ ერთი რეკლამა ჰქონდა, "ფორმულას" ორივე ნიუს ფეიჯს - ნული, "ტვ პირველსაც" - ნული. 

რეკლამების სტატისტიკის დეტალური ანალიზისათვის ჩვენ ყველა რეკლამა ჩამოვტვირთეთ, რომელიც ორი პროსახელისუფლებო მედიის სამ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა. ეს ფეისბუკ გვერდებია: „TV Imedi,“ „POSTV - ახალი ამბები“ და „POSTV - ანალიტიკა“. მონაცემებიდან გავფილტრეთ 2024 წლის იანვარ-ივნისში გამოქვეყნებყული რეკლამები, რათა შეგვედარებინა რეკლამების ინტენსივობა და სიხშირე. როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ჩანს, სამივე გვერდზე ყველაზე მეტი რეკლამა 2024 წლის აპრილში გამოქვეყნდა. მაგალითად, „POSTV - ანალიტიკამ“ აპრილში 340 პოსტი დაასპონსორა, ოთხჯერ მეტი ვიდრე იანვარში. მსგავსად, "იმედმა" აპრილში იანვართან შედარებით 2.7-ჯერ მეტი პოსტი დაასპონსორა. ყველაზე მეტი რეკლამა 2024 წელს, მათ შორის აპრილშიც, „POSTV - ახალი ამბები“-მა გამოაქვეყნა. რეკლამების ინტენსივობის ზრდა თანხვედრაშია რუსული კანონის წინააღმდეგ სახალხლო პროტესტის მობილიზებასა და გაფართოებასთან. ივნისში ქუჩის აქციების დროებით შეჩერებასთან ერთად პროსახელისუფლებო გვერდებზე რეკლამების რაოდენობაც შემცირდა. 

 


აპრილი-მაისის პერიოდში ფეისბუკ-გვერდმა „POSTV - ახალი ამბები“ ყველაზე მეტი - 44 პოსტი ერთ დღეში, სამ აპრილს დაასპონსორა, რაც "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახალი ინიცირების დღეს ემთხვევა. „POSTV - ანალიტიკა“-ს დღიური პიკი პირველი მაისი იყო, როდესაც გვერდმა ერთ დღეს 36 რეკლამა გამოქვეყნა. ამ დღეს პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყარა კენჭი, ხოლო სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რაც შეეხება ტვ "იმედს", "იმედმა" აქციების პერიოდში "პოსტვ"-სთან შედარებით ნაკლები რეკლამა გამოაქვეყნა. ყველაზე ბევრი დასპონსორებული პოსტი ტვ "იმედზე" 29 აპრილს გამოქვეყნდა, რაც პარლამენტის წინ "ქართული ოცნების" აქციას ემთხვევა. 




აღნიშნულ პიკებში რეკლამების ანალიზი საინტერესო სურათს გვაჩვენებს. სახელისუფლებო მედიების გვერდები ერთი მხრივ ავრცელებდნენ პროსახელისუფლებო დღის წესრიგსა და გზავნილებს რუსული კანონის შესახებ, მეორე მხრივ კი ახდენდნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებისა და აქციების დისკრედიტაციას. "პოსტვ"-ის ორივე ფეისბუკ გვერდი დისკრედიტაციისთვის მიმართავდა დეზინფორმაციასა და ფოტომანიპულაციებს, მათ შორის დეზინფორმაციას ვხვდებოდით დასპონსორებულ პოსტებშიც. 

როგორც აღვნიშნეთ, 3 აპრილს, რუსული კანონის რეინიცირების დღეს ყველაზე მეტი - 44 რეკლამა "პოსტვ"-ის გვერდმა „POSTV - ახალი ამბები“ გამოაქვეყნა. 44 რეკლამიდან 23 დასპონსორებული პოსტი შალვა პაპუაშვილის განცხადებების პოპულარიზაციას მიეძღვნა, ასევე დასპონსორებული იყო მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებებიც. ეს განცხადებები "უცხოური გავლენის აგენტების" კანონს წარმოაჩენდნენ როგორც „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას გრანტებისა და დაფინანსების არადეკლარირებაში სდებდნენ ბრალს. 




„POSTV - ანალიტიკა“-მ ყველაზე მეტი პოსტი პირველ მაისს დაასპონსორა და ამ პოსტების უმეტესობა დემონსტრანტების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. რეკლამებში "პოსტვ" ცდილობდა, გაემართლებინა სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლა და აქციებს მოიხსენიებდა, როგორც „ძალადობრივს.“ ასევე აქციების სახალხო მხარდაჭერის შემცირების მიზნით, "პოსტვ" ასპონსორებდა ისეთ პოსტებს, სადაც გატარებული იყო ნარატივი, რომ აქციები ორგანიზებულია ლგბტ აქტივისტებისა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. 

რაც შეეხება ტვ "იმედს", "პოსტვ"-სთან შედარებით, "იმედმა" რაოდენობრივად კვლევის პერიოდში ყველაზე ნაკლები რეკლამა გამოაქვეყნა. თუმცა, საშუალოდ ერთ რეკლამაზე "იმედი" "პოსტვ"-სთან შედარებით უფრო მეტ თანხას ხარჯავდა. თუ ორი ათასზე მეტ რეკლამაში "პოსტვ"-მა 28 ათას დოლარზე მეტი დახარჯა, მხოლოდ 300 რეკლამაზე 20 ათას დოლარს გადააჭრბა "იმედის" ბიუჯეტმა. როგორც ვთქვით, აპრილი-მაისის პერიოდში "იმედმა", ყველაზე ბევრი - 13 რეკლამა 29 აპრილს გამოაქვეყნა და დასპონსორებული პოსტების უმეტესობა "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ „საყოველთაო სახალხო შეკრაბაზე“ მმართველი გუნდის სიტყვით გამოსვლებს დაეთმო. მათ შორის დასპონსორებული იყო ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან ის ნაწილი, რომელშიც ივანიშვილი დასავლეთს საქართველოში „აგენტურის“ დაფინანსებაში სდებდა ბრალს. 




როგორც ამ მცირე კვლევამ აჩვენა, პროსახელისუფლებო სამაუწყებლო მედია დიდ რესურსს ხარჯავს ხელისუფლების დღის წესრიგის ფეისბუკ აუდიტორიამდე მიტანაში. ამ კვლევამ მხოლოდ სახელისუფლებო ტელევიზიების ის ფეისბუკ გვერდები მოიცვა, რომლებიც Meta-ს ანგარიშში მხარჯველთა ტოპ ათეულშია. თუმცა, მსხვილი მხარჯველების სიაში ჩვენ ასევე ვხედავთ მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ოფიციალურ გვერდებსა და პროსახელისუფლებო ონლაინ მედიებსაც. 








ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კატეგორია - ბლოგი


ავტოკრატიისა და დიქტატურის ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისება იცით, რა არის? ის, რომ ნებისმიერი პატარა და დიდი არჩევნების თუ კონკურსის შედეგები წინასწარ არის ცნობილი. ცნობილი, არა იმიტომ რომ ვინმემ გაამხილა, არამედ იმიტომ, რომ ძალიან ადვილი გამოსაცნობია, ყველაზე დილეტანტი მოქალაქის მიერაც კი. 

საბედნიეროდ, ჯერ ჩრდილოეთ კორეას რეალობაში არ ვცხოვრობთ, სადაც სპორტულ შეჯიბრებებსაც სულ „ჩვენ ვიგებთ“ და ანგარიშებსაც კი აყალბებენ, მაგრამ აი, სხვა კონკურსებს რაც შეეხება, სადაც პოლიტიკური ინტერესი არსებობს, იქ ის შედეგი დგება, რაც „ზემოთ სურთ“. 

ასე იყო "საზოგადოებრივი მაუწყებელის" სამეურვეო საბჭოს 3 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული კონკურსი, რომელიც სამჯერ გამოცხადდა. პროცესი პირველად საკმარისი აპლიკანტების არ არსებობის გამო ჩავარდა. მეორედ კი - პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მოქმედების გამო. 

რადგან პირველ ორ შემთხვევაში ვერ მოხერხდა საკმარისი კანდიდატების შეგროვება. მხოლოდ მესამე ჯერზე შეიტანა განცხადება თერთმეტმა კანდიდატმა. 

თუკი აქამდე კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო ხოლმე, პირველ ეტაპზე ერთ ვაკანტურ ადგილზე მინიმუმ 10 განცხადება შედიოდა და კანდიდატების ნაწილი პირველ ტურში რჩებოდა, სადაც მხოლოდ სამოტივაციო წერილებისა და საკუთარი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების წარდგენა ხდებოდა, ახლა 3 ადგილზე მხოლოდ 11 მსურველი გამოჩნდა. ეს 11 კანდიდატი დაბრკოლების გარეშე გადავიდა მეორე ტურში და რაც ყველაზე საინტერესოა, ასევე დაბრკოლების გარეშე გადავიდა ბოლო ეტაპზე, სადაც პარლამენტს მათი კანდიდატურისთვის კენჭი უნდა ეყარა. 

წლევანდელი ე.წ. კონკურსი მთლიანობაში ფიქცია იყო. გარდა იმისა, რომ კანდიდატების შეგროვებას დიდი დრო დასჭირდა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეურვეების შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს კენჭისყრაზე ყველა კანდიდატი წარუდგინა. კენჭისყრის დღემდე ვცდილობდით, გაგვეგო რომელი მათგანი იქნებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს სახალხო დამცველისა და საპარლამენტო უმრავლესობის კანდიდატები, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. პასუხი ვერ მივიღეთ ვერც სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან.

საკონკურსო კომისიას, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, უნდა გამოექვეყნებინა შეფასების კრიტერიუმების დოკუმენტი. ასევე, სხდომის ოქმი, სადაც ახსნილი იქნებოდა, რა კრიტერიუმებით შეაფასეს კანდიდატები და რაზე დაყრდნობით მისცეს ესა თუ ის შეფასება თითოეულ მათგანს. ეს დოკუმენტი ამ დროისთვის გამოქვეყნებული არ არის. კანდიდატებთან გასაუბრებას კომისიის 9 წევრის ნაცვლად, 8 ესწრებოდა, ერთმა კი (გოდერძი შარაშიამ) ბოლო 5 კანდიდატს არ მოუსმინა, ოთარ ტატიშვილი თავიდან ბოლომდე ესწრებოდა, მაგრამ არც ერთი კანდიდატისთვის არც ერთი კითხვა არ დაუსვამს... ერთი სიტყვით, კომისიის შემადგენლობიდან ადეკვატური კითხვებით მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მარიამ გვიდიანი გამოირჩეოდა, მაგრამ კომისიის მუშაობის გამჭვირვალობა ვერც მან უზრუნველყო. ჩემი კითხვების ადრესატად მან კომისიის თავმჯდომარე დავით მაღლაფერიძე დაასახელა, რომელიც ჩვენს ზარს არ პასუხობდა.  

ამ ე.წ. კონკურსების ფიქტიურობა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო გასულ წლებში დიდი კონკურსი და რატომ გაუჭირდათ წელს კანონით გათვალისწინებულ ერთ ადგილზე მინიმუმ 3 კანდიდატის წარდგენაც კი?! მთავრობის მხარდამჭერებმაც კი იციან, კონკურსში თუ არ მიიწვიეს, ისე ბორდში ადგილს არავინ მისცემს. აქ პერსონალური მიპატიჟებაა საჭირო. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ არც სახალხო დამცველის კვოტით გამოჩნდნენ დამოუკიდებელი მსურველები, რაც ცალსახად მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ლევან იოსელიანი ვერც საკუთარ კანდიდატურას წარადგენდა და ამ კანდიდატურისთვის ვერც იბრძოლებდა. ამიტომ მისი წარდგენით მეურვე კარგად გამოცდილი, შემოწმებული კადრი - იზაბელა ოსიპოვა, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი აღმოჩნა, რომელმაც სამეურვეო საბჭო ამ გაზაფხულს დატოვა და გასული 6 წლის უშეცდომო „მოღვაწეობით“ ხელმეორედ მოსვლაც დაიმსახურა. 

ცხადია, სამეურვეო საბჭოში ყოფნა სოსო სტურუამაც დაიმსახურა, რომელიც 1993 წლიდან აჭარის ტელევიზიის ერთგული მუშაკია, დირექტორიც ყოფილა, სამეურვეო საბჭოს წევრიც და გადაცემის ავტორიც. ნათია კაპანაძის გათავისუფლების შემდეგ, სტურუა-კოხრეიძის ხელით მოხდა აჭარის ტელევიზიის ისევ სამთავრობო რელსებზე დაბრუნება. დღეს ეს აჭარული დუეტი "საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის" სამეურვეო საბჭოდან გააკონტროლებს პარტიულ მიმართულებას. 

პარლამენტის უმრავლესობის, ანუ სახელისუფლო პარტიის კანდიდატი გიორგი იაკობაშვილია. მანაც დაიმსახურა საბჭოში ხელმეორედ მისვლა, მაგრამ არა მორჩილებითა და სიჩუმით, არამედ „თავდაუზოგავი შრომით“. მისი მედია პლატფორმა -  For.ge სამთავრობო პროპაგანდის ერთ-ერთი ფლაგმანია, რომელსაც უკავშირდება არა ერთი დისკრედიტაციის კამპანია, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება და ა.შ. 

და ბოლოს, ჩემი ტექსტის დასაწყისს დავუბრუნდები, სადაც ვწერდი, რომ დიქტატურისთვის დამახასიათებელი წინასწარ განსაზღვრული კონკურსებისა თუ არჩევნების შედეგებია და გავიხსენებ ჩემს ფეისბუქ პოსტს, სადაც ამის შესახებ ვწერდი: 

ეს პოსტი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრთა გასაუბრებამდე დავწერე, აქ ჯერ არ ვიცოდი, რომ გიორგი ლაზრიშვილი და მიხეილ ჩიკვილაძე კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ "პირველი არხის" საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ და ისიც ვერ გავითვალისწინე, რომ პარტიული თავდადება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეგობრობა. 

ჩემს მკითხველს, ალბათ, ესმის, რომ მე აქ საკუთარი წინასწარმეტყველების განსაკუთრებულ უნარებზე არ მიგითითებთ. მე მხოლოდ იმის შეხსენება მსურს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში ყველა არჩევნები და კონკურსი ყალბია და ჩვენი ქვეყანა, ჩემი კოლეგის, ზვიად ქორიძის სიტყვები რომ გავიმეორო, პოსტმოდერნული დიქტატურის პირობებშია. 




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 
კატეგორია - ბლოგი


ლოგიკურია, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს ქართული მედია განსაკუთრებულად აშუქებს. სათქმელი და მოსაყოლი კი, მართლაც ბევრი მოგვცა ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა. სასიამოვნო ფაქტია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ქართველების მიერ მოხდენილ შთაბეჭდილებაზე კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ არამხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებებიც. 

ქართული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ომახიანად და რიხით აშუქებს ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას. თუმცა, ნაკრებზე არანაკლები ყურადღება ეთმობა მთავრობისა თუ პარლამენტის წევრების საფეხბურთო ფეისბუკ აქტივობებს. საინფორმაციო გამოშვებებში ცალკე სიუჟეტები ეძღვნება მათ სტადიონებზე (გერმანიაში) ყოფნას და ეთერში მუდმივად ტრიალებს ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტების სქრინები. 

თუმცა, ჩემი ყურადღება სულ სხვა რამემ მიიქცია. საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩის წინა დღეს (17 ივნისს), "იმედის დილის" ეთერში გავიდა "ბიზნეს ინსაიდერის" 16-წუთიანი ანალიტიკა. მისმა წამყვანმა, გიორგი აბაშიშვილმა დასაწყისში დააანონსა, რომ ისეთ თემაზე ისაუბრებდა, რაც სპორტული ასპექტების ფონზე სულ იკარგება - ფინანსები, რომელიც ყველა სპორტული მიღწევის უკან დგას. ფეხბურთი რიცხვებში - ასეთი უნდა ყოფილიყო წამყვანის საუბრის მთავარი თემა. 

აქვე, ჩემს მთავარ შეკითხვასაც დავსვამ: რატომ იქცა ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ეკონომიკის ექსპერტი არხის მთავარ სპორტულ მიმომხილველად?

ეკრანზე გამოტანილი პირველივე უწყინარი სლაიდიდან ცხადი გახდა, რომ გიორგი აბაშიშვილი მხოლოდ საფეხბურთო რიცხვებზე სასაუბროდ არ გვეპატიჟებოდა - „პირველი ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც გამორჩეული პოლიტიკური დატვირთვა აქვს.“

შემდეგი - „წმინდად ეკონომიკური სლაიდი“, სადაც დიაგრამაზე ნაჩვენები იყო ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პერიოდები, აქცენტით საქართველოზე, როცა სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ქვეყანას ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა. 

წამყვანის ციტატა: „არავის, 24 მონაწილე ქვეყნიდან ასეთი ვარდნა არ ჰქონია და აი, აქ არის დღეს საქართველო. ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს აქვს!“ 

ნიშნისმოგების ტონი იკითხებოდა იმ სლაიდის ჩვენებისას, სადაც აბაშიშვილი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების საბაზრო ღირებულებებზე საუბრობდა. მისი თქმით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება და საყურადღებო ციტატა: „დღეს მაინცდამაინც არ გვაფასებენ, მაგრამ ჩვენ დავამტკიცებთ... ბევრ რამეში არ გვაფასებდნენ, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ და ასე დავამტკიცებთ აქ და ახლა.“

გადაცემის წამყვანი თავის მთავარ სათქმელთან მაშინ მივიდა, როცა ეკრანზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის ფოტო და ციტატა გამოჩნდა. 


სწორედ, აქედან იწყება მონოლოგი, რომელიც მთლიანად საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას ეთმობა. აბაშიშვილის თქმით, „პრეზიდენტმა გადაწყვიტა საქართველოს დაყოფა,“ რადგან მიიღო გამაოგნებელი გადაწყვეტილება და საქართველოს ნაკრების წევრები ღირსების ორდენებით შერჩევით დააჯილდოვა. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება 23 მაისს გამოიცა და დასაჯილდოებელთა სიიდან ამოღებულია ნაკრების ტექნიკური პერსონალის დიდი ნაწილი და მათ შორის, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი (დაჯილდოების ცერემონიალი სექტემბერში, თბილისში გაიმართება). 

წამყვანის ციტატა: „ჯერ კიდევაა შანსი, აი ამ სრულიად გაურკვეველი გადაწყვეტილების შეცვლის და დარწმუნებული ვარ, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურში არ მიუღიათ, სადაც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ. ეს არ იქნებოდა მათი გადაწყვეტილება, ისინი ამას არ გირჩევდნენ! ეს იყო გარედან გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან სამწუხაროა. საქართველოს ნაკრების დაყოფა არ შეიძლება.“ 

ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკისა და არაერთი ფაქტის წამოძახების შემდეგ, გიორგი აბაშიშვილი უეფას, "ქართუ" ფონდისა და საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული ფულადი პრემიების „შეჯიბრებაზე“ გადავიდა. ნაჩვენები სლაიდების მთავარი მიზანი იყო გვენახა, რომ "ქართუ" ფონდის მიერ დაწესებული ჯილდო უპრეცედენტოა: „ჯგუფიდან გასვლისა და ფლეი-ოფში ერთი მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მიიღებს უფრო მეტს, ვიდრე ევროპის ჩემპიონი ან ვიცე-ჩემპიონი.“

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ბიძინა ივანიშვილის "ქართუ" ფონდმა ნაკრებისთვის ჯგუფური ეტაპის დაძლევის ჯილდოდ 30 მილიონი ლარი დააწესა. ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაძლია და საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ივანიშვილმა გუნდს 30 მილიონი ლარი უკვე გადასცა. მთავრობის გადაწყვეტილებით კი, დაწესებული 850 ათასი ლარის ნაცვლად, ეროვნული ნაკრები სახელმწიფოსგან 3 მილიონ ლარს მიიღებს. 

 
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.
კატეგორია - ბლოგი



პირველ ივნისს პარიზში, ეიფელის კოშკთან, საფრანგეთის დროშაშემოხვეული ხუთი კუბო დადგეს წარწერით - "ფრანგი ჯარისკაცები უკრაინაში". შემსრულებლები დაჭერილები არიან, მაგრამ საფრანგეთის სპეცსამსახურებს მიაჩნიათ, რომ ქმედების უკან რუსეთის აგენტურა დგას. ფოტოები და ვიდეო ვირუსულად გავრცელდა სოც.მედიაში. პროპაგანდისტული მიზანი, შეიძლება, მიღწეულად ჩაითვალოს. “ამ და სხვა მსგავსი მანიპულაციების მიზანი საზოგადოების გახლეჩაა”, თქვა პრემიერ მინისტრმა გაბრიელ ატტალმა, "ასეთი ჩარევები, შეიძლება, ჩვენს ახალ მსოფლიო ომად იქცეს".

რუსეთი და ამასობაში ჩინეთი სხვადასხვა მედიით, განსაკუთრებით კი კიბერსივრცეში ცდილობენ, გავლენა იქონიონ განწყობებზე ევროპაში, ჭორებით გააღრმავონ ბზარები საზოგადოებაში, დეზინფორმაციის საშუალებით დესტაბილიზაცია, შიში და დაუცველობის გრძობა გამოიწვიონ.

"დეზინფორმაცია ბომბი არაა, რომელსაც შეუძლია მოგკლას, არამედ საწამლავია, რომელიც შენს აზროვნებას წამლავს - დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა", - ამობს ჟოზეპ ბორელი, ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში.

გასულ წელს, ესპანეთში არჩევნების წინ, მადრიდის მერიის საიტი გატეხეს და გამოაქვეყნეს განცხადება, რომ ბასკების ტერორისტული ორგანიზაცია "ეტა" საარჩევნოდ ტერორისტულ აქტებს გეგმავდა. 2011 წელს ზავი დაიდო ესპანეთის მთავრობასა და „ეტას“ შორის. 2018-ში კი „ეტამ“ თავი დაშლილად გამოაცხადა, მაგრამ არჩევნების წინ ამ ტყუილმა განცხადებამ შიში გამოწვია მოსახლეობის ნაწილში მაინც.

პანიკის დათესვა ფეიკ ნიუსებისა და დეზინფორმაციის ერთ-ერთი მიზანია. კარგა ხანი ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საფრანგეთში და პირველ რიგში, პარიზში რწყილების შემოსევაა და სასტუმროს საწოლში რწყილებს ვერ გადაურჩები. პრევენციის მიზნით, ნიცას მერიამ რწყილების საწინააღმდეგო შეწამვლაც კი დაიწყო სასტუმროებში. რწყილების თემა ასევე ემსახურებოდა ყურადღების გადატანას რუსეთის აგრესიისგან უკრაინაში სხვა, ასე ვთქვათ, შინაურ თემტიკაზე და ქვეყნის გარეთ საფრანგეთის სახელის გატეხვას (უკრაინის ომის დასაწყისში - უკრაინელ ლტოლვილებს ადანაშაულებდნენ სხვადასხვა ეპდემიის გავრცელებაში).

საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის ცოლზე ბევრს წერდნენ მისი მმართველობის დასაწყისში, რომ ბრიჯიტი მაკრონის მასწავლებელი იყო, მასზე ბევრად უფროსია, მაგრამ ამან ფრანგ ამომრჩეველზე დიდად ვერ იმოქმედა. ბოლო დროს ვრცელდება ახალი "ინფორმაცია" მაკრონის ცოლ ბრიჯიტზე, რომ ის თურმე ქალი კი არა, კაცია.

მაკრონი არ უყვართ რუსეთში უკრაინის მხარდაჭერის გამო. საფრანგეთის დესტაბილიზაცია უკრაინის დასუსტებასაც ნიშნავს. უკრაინის თემა კი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა დღეს ევროპაში და დეზინფორმაციის თვალსაზრისითაც ნაირფეროვანი სიყალბეების მთელი ჩანჩქერი მოედინება.

ომის დასაწყისშივე: განვითარებად ქვეყნებში დაიწყება დიდი შიმშილობა, იმიტომ რომ მარცვლეული ვეღარ გააქვთ შავი ზღვით, თითქოსდა, უკრაინა იყოს დამნაშავე, რომ რუსეთი ბომბავდა და ბლოკირებას უკეთებდა უკრაინის პორტებს. აფრიკისა და აზიის ქვეყნებში შიმშილს კი, კიდევ უფრო მეტი ლტოლვილი მოჰყვება ევროპის მიმართულებით.

პროპაგანდას ზოგჯერ სიმართლის მარცვალიც სჭირდება. პოლონელი გლეხების დარწმუნება ადვილი აღმოჩნდა, რომ უკრაინელები არიან დამნაშავენი, თუ ისინი თავიანთ პროდუქციას ისე ვეღარ ყიდიან, როგორც ომამდე. 

მაგრამ უკრაინელები რომ ნაცისტები არიან და ომი რუსეთმა ნაცისტების წინააღმდეგ წამოიწყო და ა.შ. - ვეღარ მუშაობს. ამიტომ დღეს მემარჯვენე და მემარცხენე ექსტრემისტების მთავარი ლოზუნგია: მოლაპარაკებები ომის ნაცვლად. მოლაპარაკებების წინააღმდეგი ვინ უნდა იყოს, მაგრამ ექსტრემისტების აზრით, მშვიდობა უკრაინის ხარჯზე უნდა დამყარდეს. ასეთი მშვიდობა უკრაინის ინტერესების იგნორირებას, პირველ რიგში, მისი ტერიტორიული მთლიანობის უარყოფას ნიშნავს. 

პრეზიდენტი ზელენსკი ანტიუკრაინულ კიბერომში ნარკომანია (კოკაინისტი - საბჭოთა დროიდან მოყოლებული ძალიან უყვარს რუსულ პროპაგანდას კოკაინი) და მექრთამე, ისე როგორც მთელი უკრაინული ხელისუფლება. ამ ბოლო დროს ზელენსკის მიერ ნაყიდ ორ ძვირადღირებულ იახტაზეც იყო ბევრი ინფორმაცია და დიდი ენთუზიაზმით ვრცელდებოდა (აი, სად მიდის ევროპისა და ამერიკის ფული), რომელიც მრავალგზის უარყოფილი იქნა. ფოტოებზე გამოსახული იახტების პატრონებიც დადგინდა და ისიც გაირკვა, რომ ზელენსკის ცოლი ფულს პედოფილებზე უკრაინელი ბავშვების გაყიდვით არ შოულობს, მაგრამ ადამიანების თავში მაინც რჩება ნეგატიური კვალი.

უკრაინის ომი საერთოდ ომის შიშების დათესვაში ძალიან ხელსაყრელია. პუტინიც არ აკლებს იარაღს ჟღარუნს და ატომური ბომბებით შანტაჟს. 

"ეს ჩვენი ომი არაა" - ჰეშტეგით - #nichtunserkrieg ათასობით ფეისბუკ ეკაუნთზე მიმდინარეობს გერმანიაში დეზინფორმაციის კამპანია.

ურსულა ფონ დერ ლაიენი დასავლეთის ხელისუფალთა შეთქმულების წამყვანი ფიგურაა და მათი მიზანია რუსეთის განადგურება. ეს შეთქმულები, რასაკვირველია, არჩევნების შედეგების მანიპულაციას ეწევიან, თუ დეზინფორმაციას დავუჯერებთ.

არჩევნებისადმი, დემოკრატიული პროცესებისადმი და საერთოდ ევროკავშირის მიმართ სკეპტიციზმის გაღვივება არის საინფორმაციო ომის დიდი მიზანი. 

უნდობლობისა და გაურკვევლობის პერიოდში ადამიანები უბრალო და ადვილ პასუხებს ეძებენ. ომები (უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში), მიგრაცია, ჯენდერი, კლიმატის ცვლილება და ენერგიის ფასების ზრდა - არის თემები, რომლებიც ხალხს აწუხებს და აშინებს - ადვილი მანიპულაციის საშუალებაა, როდესაც ათიათასობით, თითქოს, სახელდახელოდ შექმნილი წყაროებიდან ზღვა "ინფორმაცია" მოდის.

ფაკტჩეკერ ორგანიზაციებს თვითონ გამყალბებლები იმდენ მასალას უგზავნიან შესამოწმებლად, რომ ამ სამუშაოში აღრჩობენ. მთავარია, დაღალონ და მნიშვნელოვანზე კონცენტრაცია დააკარგვინონ.

ძნელდება ინფორმაციის გადამოწმება და სანდო ინფორმაციის მოპოვება.

ერთმხრივ მსხვილი, სერიოზული მედიის მიმართულებით მიდის დიდი უნდობლობის თესვა, როგორც ვითომდა ხელისუფლების თუ ესტებლიშმენტის მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებზე და ამავე დროს ორეული ოპერაციებიც ძალას იკრებს, რომლებსაც უკვე არამხოლოდ გერმანულენოვან ქვეყნებში უწოდებენ Doppelganger - disinformation campaign (გერმანული Doppelgänger - ორეული). სოციალურ მედიაში ჩნდება ვითომდა სეროზული მედიის ლინკები და სკრინშოტები, სადაც ფეიკ ნიუსებია განთავსებული. ზოგჯერ დაკვირვებაა საჭირო, ყველაფერი ვიზუალურად ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც ამ საიტებზეა მიღებული, მაგრამ, მაგ., spiegel.de-ს ნაცვლად Spiegel.pe წერია, მაგრამ არც ესაა აუცილებელი. 

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით კიდევ უფრო გაადვილდა ყალბი ფოტოების თუ ვიდეოების შექმნა. და სოციალური მედიით მათი ჩქარი გავრცელება უფრო ადვილია, ვიდრე ტრადიციული მედიასაშუალებებით.

ძნელია იმის თქმა, რამხელა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია არჩევნებზე და საერთოდ განწყობებზე. ცხადია, რომ ახდენს. ეკ-ს პარლამენტის არჩევნებზე, მემარჯვენე და მემარცხენე ექსტრემისტების წარმატება, ნაწილობრივ მაინც ამით აიხსნება. საქართველოს 2012 წლის არჩევნებზეც დიდი გავლენა იქონია დეზინფორმაციამ და პროპაგანდამ. ბევრად უფრო მძიმე იქნება 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები.

ჩვენ ვიმყოფებით ომში. ერთადერთი, რაც გასარკვევია, ვის მხარეზე იქნება საქართველო: ევროპის, ამერიკის, თავისუფალი სამყაროს თუ რუსეთის, ირანისა და სხვა ტოტალიტარული რეჟიმების  - ჭეშმარიტი ომის პარტიის - მხარეზე. 

მაგრამ, à la guerre comme à la guerre.





ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

კატეგორია - ბლოგი



ლამის უკვე ანეკდოტურ ისტორიად შევიდა (საბჭოთა) ცენზურის ისტორიაში ბერნარდო ბერტოლუჩის „კონფორმისტის“ ბედი საბჭოთა გაქირავებაში. ცენზორებმა გარდა იმისა, რომ განათებისა და ფერის ნამდვილი ჯადოქრის, ოპერატორ ვიტორიო სტორაროს ფერადი ფილმის შავ-თეთრი ასლი დაამზადეს, ამოჭრეს კლერიჩის ბავშვობის ტრავმატული ეპიზოდი, სადაც მას მძღოლი აცდუნებს, პატარა ბიჭი კი ამ უკანასკნელს რევოლვერს ესვრის. ეს ეპიზოდი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინალის გასაგებად - თუ რატომ ვარდება ისტერიკაში ღამის რომში მეგობართან ერთად მოსეირნე კლერიჩი, როდესაც შუა ხნის ასაკის ჰომოსექსუალს შემთხვევით გადააწყდება - არამედ თავად კლერიჩის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაგებად, რომელიც გამუდმებით იმეორებს, რომ უნდა, იყოს „ნორმალური“. ის ამიტომ ქორწინდება, რადგან ქორწინებას მისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შეგრძნება მოაქვს; ამიტომ შედის ფაშისტურ პარტიაში, რომლისთვისაც „ნორმალურობა“ არსებითი საკითხია. მისი შინაგანი ყოყმანი, თავდაუჯერებლობა, კომპლექსები არა იმდენად დანაშაულის განცდიდან მოდის, რომ ბავშვობაში კაცი მოკლა (ყოველ შემთხვევაში, მას ასე ეგონა, სანამ რომის ერთ ბნელ კუთხეში ლინო არ აღმოაჩინა), არამედ ცოდვის შეგრძნებიდან და შიშიდან, რომ მისი „ცოდვილობა“ გამჟღავნდებოდა. იმ ღამეს, როდესაც ლინოს ჰომოსექსუალობაში,  ფაშისტობასა და პროფესორის მკვლელობაში დასდებს ბრალს და რადიოს წამყვან მეგობარს, უსინათლო ფაშისტსაც ქუჩაში მიატოვებს, ის პირველად იქნება თავისუფალი ამ შიშებისგან და პირველად გაბედავს მამაკაცისგან სექსუალური სიამოვნების მიღებას, რასაც მანამდე მას „ნორმალურად ყოფნის“ ვალდებულება უკრძალავდა. ახლა მუსოლინის მხოლოდ აჩრდილის სახით, მისი ჩამოგდებული ქანდაკების თავს მიათრევენ რომის ბნელ ქუჩებში.

ეს ბევრჯერ გახსენებული ისტორია კიდევ ერთხელ იმიტომ გავიხსენე, რომ ძალიან ცხადად აჩვენებს, ხშირ შემთხვევაში რამდენად მნიშვნელოვანია მხატვრული ტექსტისთვის სექსუალური ურთიერთობების ასახვა ან თუნდაც მასზე მინიშნება. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, ტექსტიდან მსგავსი ეპიზოდების ამოღებით რამდენად ირღვევა საავტორო უფლება, ცენზურის უხეშმა ჩარევამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს ან საერთოდ გაუგებარი გახადოს ნაწარმოები.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული მორიგი ოდიოზური კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ (რომელიც რამდენიმე სხვა კანონპროექტთან ერთიან პაკეტად განიხილება), ფაქტობრივად, ცენზურის დაკანონებას ისახავს მიზნად, რომლის მიღება გამოიწვევს ცვლილებებს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.

ინფორმაციის გავრცელების პუნქტის მიხედვით, „დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობების ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა.“

ზოგადად, კანონი რაც უფრო აბსურდულია, მით მეტად ბუნდოვანია ხოლმე და ტოვებს ინტერპრეტაციებისა და დემაგოგიის საშუალებას. მაგალითად, რას ნიშნავს „ინცესტის პოპულარიზაცია“? რას გულისხმობს ამ სიტყვებში ხელისუფლება - ინცესტის ჩვენება ფილმში ან აღწერა ლიტერატურაში არის უკვე თავისთავად მისი პოპულარიზაცია? მაშინ როგორ მოვიქცეთ? ამოვიღოთ ანტიკური ლიტერატურის სახელმძღვანელოებიდან თუ კვლევებიდან ოიდიპოსის მითი? არის ფროიდი ინცესტის პოპულარიზატორი? შეგვიძლია თუ არა ვაჩვენოთ პაზოლინის „ოიდიპოს მეფე“? 

„ჩემი ფილმი სინამდვილეში ძალიან პურიტანული და მკაცრად პოლიტიკურია,“ – წერდა პაზოლინი თავის ბოლო, ყველაზე სასტიკ და გარყვნილ ფილმზე „სალო ანუ სოდომის 100 დღეზე“ მუშაობისას. ის მანამდეც იყენებდა სექსუალურ ურთიერთობებს, როგორც მეტაფორას ადამიანების ურთიერთდამოკიდებულების, მათ შორის სურბორდინაციისა თუ პირიქით, უშუალო და ლაღი კავშირების გამოსახატავად, რაც მისთვის დამახასიათებელი რადიკალიზმითა და სიშმაგით სადო-მაზოხიზმამდე და უკიდურეს ამორალურობამდე მიჰყავს „სალოში...“, როგორც ფაშისტების, ძალაუფლების ფლობითა და ტკბობით დეჰუმანიზირებული ადამიანების ამორალურობის გამომხატველი. იმავე წერილში პაზოლინი აღნიშნავს: „არაფერია იმაზე უფრო ანარქიული, ვიდრე ძალაუფლება. ძალაუფლებაში არის რაღაც მხეცური. ის თავისი კანონებითა და პრაქტიკით სანქცირებას უკეთებს და უზრუნველყოფს ძლიერების მიერ სუსტებზე ყველაზე უფრო პრიმიტიული და ბრმა ძალადობის განხორციელებას“, რასაც რეჟისორი ფაშისტების მიერ ახალგაზრდა გოგო-ბიჭების სხეულების მოხმარებითა და მანიპულირებით გამოხატავს. ანუ თუ ვიღაცას „სალო...“ პორნოგრაფიად შეიძლება მოეჩვენოს („ოცნებისთვის“ უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, каждый понимает в меру своей испорченности), სინამდვილეში ეს  ფილმი არის ანტი-პორნოგრაფია, რომელსაც ფიზიკურ მიუღებლობამდე მიჰყავხარ და რომელიც აბსოლუტურად აშიშვლებს ძალაუფლების მანკიერებას. 


ამიტომ ცენზურა, უპირველეს ყოვლისა, ამ მანკიერების შესანიღბად გამოიყენება.  ის ყოველთვის თავს გაჩვენებს სუვერენისგან წამოსულ მზრუნველობად, საზოგადოების - და მით უმეტეს, ახალგაზრდების (იმ ახალგაზრდების, რომელსაც მერე „ტიტუშკებად“ გამოიყენებს) - მორალური სახის, „ოჯახის სიწმინდის“ დასაცავად. ისევ პაზოლინის რომ დავუბრუნდე, ერთ-ერთ ინტერვიუში ის აცხადებს: „მე მორალის მომხრე ვარ, მაგრამ ბურჟუაზიული მორალიზმის წინააღმდეგი. რა განსხვავებაა მათ შორის? მორალისტი სხვას ეუბნება „არა“, მორალური ადამიანი კი მხოლოდ თავის თავს“. და ამ შემთხვევაში მორალიზმი და ამორალურობა უკვე ერთმანეთს უტოლდება, როცა ხელისუფლება პანდემიის მომიზეზებით სახლში გკეტავდა, თვითონ კი მრავალრიცხოვან და ძვირადღირებულ ქორწილებსა თუ დაბადების დღეებს იხდიდა, როდესაც არა მხოლოდ ბოლო ხანებში, არამედ 12 წლის მანძილზე ანტიდასავლურ რიტორიკას აძლიერებდა, შვილებს კი დასავლეთში აგზავნიდა სასწავლებლად, ცოლებს - სამშობიაროდ, ოჯახის წევრებს - სამკურნალოდ, დასასვენებლად თუ უბრალოდ „საშოპინგოდ“. სწორედ ამ ამორალურობის დასაფარად სჭირდება ხელისუფლებას ცენზურა, რომელიც სინამდვილეში არა მორალური უმწიკვლობის შენარჩუნებისთვის წესდება, არამედ გასაჩუმებლად - მათ გასაჩუმებლად, ვინც ხმაურობს, ვინც არ ხუჭავს თვალს, არ იხშობს ყურს უსამართლობაზე, ვინც არ ნებდება სისტემას. 


მაგრამ ცენზორს ყოველთვის ეპარება თვალთახედვის არედან, რომ რაც უფრო მკაცრდება კონტროლი, მით უფრო მოქნილი ხდება ადამიანი, მით უფრო ღრმა შრეებში გადაინაცვლებს არაკონვენციური, „მკრეხელური“ აზრები და ამ ლაბირინთებში ცენზორის „მაკრატელი“ ვეღარ აღწევს. რას ამოჭრიდით, მაგალითად, ვისკონტის „სიკვდილი ვენეციიდან“, სადაც არც ერთ წამს შეხებითაც კი არ ეხება აშენბახი ტაძიოს? ანდა „აშიკ-ქერიბიდან“, სადაც ფარაჯანოვი კი გვიყვება საცოლის დასაბრუნებლად აშუღის ხანგრძლივი ხეტიალის აღმოსავლურ ზღაპარს, მაგრამ სინამდვილეში უაღრესად ჰომოეროტიკული ფილმია?


ცენზურა, რომელიც განსაკუთრებით დიქტატორული რეჟიმებისა და ავტორიტარიზმისთვის არის დამახასიათებელი, როგორც წესი, კრიზისულ სიტუაციებში ჩნდება, როგორც კონტროლის, დაშინების, პოლიტიკურ-სოციალურ უსამართლობაზე პროტესტიდან ყურადღების გადატანის მექანიზმი და რაც მთავარია, შებრძოლება მასთან, რაც ყველაზე მეტად სძულს ავტორიტარულ ხელისუფლებას, რაც მას აკლია, რაც მას არ შეუძლია - თავისუფლებას. 

ეს წერილი - „დაეშელებს“ - კი სულ სხვა მიზეზით დაწერა ფრანგმა რეჟისორმა მიშელ ჰაზანავიჩუსმა, მაგრამ მისი სიტყვები და პათოსი ხშირად არაჩვეულებრივად ესადაგება სრულიად განსხვავებულ სიტუაციებს, როდესაც ძალადობის საპასუხოდ ადამიანები კიდევ უფრო მეტად იკვრებიან და ირაზმებიან, რადგან ხედავენ ყველაზე ძვირფასის - თავისუფლების - დაკარგვის საფრთხეს: „პრინციპში, ჩვენ გვიყვარს ერთი რამ – ვაკეთოთ ის, რაც გვინდა. ვცდილობთ, სხვები არ შევაწუხოთ. ეს მთავარია. მაგრამ მაინცდამაინც არ გვიყვარს, როცა ხმამაღლა გვეუბნებიან, რა უნდა ვაკეთოთ და რა არა. ამას თავისუფლება ჰქვია. კარგად დაიმახსოვრეთ ეს სიტყვა იმიტომ, რომ გულის სიღრმეში, სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენში არ მოგწონთ...

და რა მოხდება, იცით? დღეს თუ ხვალ, თქვენი დამსახურებით, სოლიდარულები გავხდებით. გავაცნობიერებთ, რომ ეს ღირებულებები საფრთხის ქვეშაა. და ჩვენ უფრო ძლიერად შევიყვარებთ მათ, მეტი გამალებით ვაცოცხლებთ. ერთად.“

 
კატეგორია - ბლოგი


მედია თავის პირველად და უძველეს ფორმებშიც კი, პროპაგანდის საშუალება იყო. შეიძლება ითქვას, რომ პროპაგანდიდან იშვა მასმედია. პროპაგანდა კი სინამდვილის გამრუდებას ნიშნავს გარკვეული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ რელიგიური მიზნების მისაღწევად. მაგალითად, საფრანგეთის დიდი რევოლუციის წინ, ერთმა რევოლუციურმა გაზეთმა ანტიმონარქისტული განწყობის გასაღვივებლად დედოფალ მარია ანტუანეტას მოუგონა, თითქოს, ეთქვას: „ვისაც საჭმელად პური არ აქვს, ნამცხვრები ჭამოსო“. დღევანდელი ტერმინოლოგიით ამ fake news-მა თავის მიზანს მიაღწია და მონარქისადმი სიძულვილის გაღვივებამ მთელი მონარქიული სისტემის დამხობისკენ მასების მობილიზაციას ხელი შეუწყო. 

XX საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც გაზეთებს, სააგიტაციო პლაკატებსა და პროკლამაციებს რადიოც შეემატა, მასების მანიპულაციის შესაძლებლობები ახალ სიმაღლეზე ავიდა. ამ ეპოქაში გაჩენილმა ტოტალიტარულმა სახელმწიფოებმა მედიაზე სრული კონტროლი დაამყარეს. მთლიანად პროპაგანდის სამსახურში ჩაყენებული მასმედია მასობრივი დეზინფორმაციის საშუალებად იქცა. 

დეზინფორმაცია არასდროს არაა უმანკო და მისი მიზანი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მეშვეობით, ვიღაცისთვის ზიანის მიყენებაა. ამისი კლასიკური მაგალითია, გერმანიის ნაცისტური პარტიის მთავარი პროპაგანდისტული გაზეთი - „ფოლკიშერ ბეობახტერი“, რომელიც 25 წლის განმავლობაში გერმანიის მოსახლეობას ანტისემიტიზმითა და შეთქმულებათა თეორიებით წამლავდა და მნიშვნელოვანი როლი ითამაში გერმანიაში ფაშისტური განწყობის შექმნაში, რაც ჰოლოკოსტითა და მეორე მსოფლიო ომით დაგვირგვინდა. დეზინფორმაციით, ცილისწამებებითა და შეთქმულებების თეორიების გავრცელებით, ტოტალიტარული სისტემები საზოგადოებრივ განწყობას ქმნიდნენ ცალკეული პიროვნებებისა თუ მთელი საზოგადოებრივი ჯგუფებისა და კატეგორიების წინააღმდეგ, რაც მათი ფიზიკური განადგურების ნიადაგი უნდა გამხდარიყო, თანაც საზოგადოების თანხმობით. 

როცა დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ტოტალიტარიზმები მძვინვარებდა, თანამედროვე დემოკრატიის სამშობლოში - ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩნდა საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის ახალი ფორმა, რომელსაც უმანკო სახელი - „საზოგადოებრივი ურთიერთობები“ (Public Realtions), ანუ შემოკლებით „პიარი“ (PR) ეწოდება. ამ ახალი ტექნოლოგიის შემქმნელი, ამერიკელი პროპაგანდის თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი, ედვარდ ბერნაისი წერდა: „თუ ჩვენ ჯგუფური აზროვნების მექანიზმებსა და მოტივებს გავიგებთ, შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ მასები, თვითონაც რომ ვერ მიხვდებიან ისე, ჩვენი სურვილისამებრ ვაკონტროლოთ და ვმართოთ". როგორც პრაქტიკოსი, ბერნაისი მასმედიის ყველა არსებულ საშუალებასა და ფორმას იყენებდა როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე პოლიტიკური დაკვეთების შესასრულებლად. ასე მაგალითად, თამბაქოს მწარმებელი კომპანიის, Lucky Strike-ის დაკვეთით სიგარეტის მოხმარება რომ გაეზარდა, ბერნაისმა სარეკლამო ბანერებზე ცნობილი ამერიკელი ქალები გამოასახინა სიგარეტით ხელში და ამით სცადა, სიგარეტი ემანსიპაციის სიმბოლოდ ექცია. მისივე შეთხზული მითია, რომ სასარგებლოა, რაც შეიძლება მსუყე საჭმლით საუზმობა, სასურველია, ბეკონის გამოყენება. ამ პიარ-კამპანიის დამკვეთი კი ლორის მწარმოებელი ფირმა იყო. ბერნაისის ტექნოლოგიებში შედიოდა დამკვეთი კომპანიის მხრიდან ჟურნალისტების, მეცნიერებისა თუ სხვა სახის „ექსპერტების“ მოსყიდვა და მათი მეშვეობით სრული დეზინფორმაციის გავრცელება, თუკი ეს კერძო კომპანიის ეკონომიკურ ან სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტერესებში შედიოდა. ასე დაიბადა ის, რასაც დღეს ინფლუენსერობა ეწოდება. 

როგორც პოსტტოტალიტარულ, ასევე დემოკრატიულ დასავლურ სამყაროში მასმედია წარსულთან შედარებით გადემოკრატიულდა, გაჩნდა ეთიკურ-ნორმატიული შეზღუდვებიც, მაგრამ მედიას არასდროს დაუკარგავს თავისი მანიპულატორული ფუნქცია. გამოთქმა - „მედიების სპექტაკლი“ დასავლური მედიის კრიტიკის დისკურსში გაჩნდა და ვიზუალური თუ ნარატიული საშუალებებით რეალობის მოჩვენებითობით ჩანაცვლებას გულისხმობს. ფრანგმა თეორეტიკოსმა ჯერ კიდევ 1972 წელს განსაზღვრა მედიების ფუნქცია, როგორც რეალობის სიმულაციით ჩანაცვლება. 

სწრაფ ტექნიკურ პროგრესთან ერთად სულ უფრო იხვეწება და რთულდება საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის ტექნოლოგიებიც. განსაკუთრებით სოციალური ქსელების გაჩენამ სრული საინფორმაციო და საინტერპრეტაციო ქაოსი წარმოშვა. გაჩნდნენ ტროლები და ბოტები - დეზინფორმაციისა და მანიპულაციის პირდაპირი აგენტები, რომლებისთვისაც რაიმე ეთიკური ზღვარი არა თუ არ არსებობს, არამედ ისინი საკუთარ არსში გამორიცხავენ ყოველგვარი მორალის არსებობას. ასეთი მორალური ატმოსფერო კი პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურთან, რომელიც იდეალურ ნიადაგს უქმნის მმართველობის დემოკრატიული თუ ჰიბრიდულად დემოკრატიული ფორმებიდან ავტორიტარიზმზე გადასვლას. ამისი სრულყოფილი ვარიანტია თანამედროვე რუსეთი, რომლის ყველა ლიცენზირებული მედია მასობრივი დეზინფორმაციის საშუალებაა, ხოლო მათი ერთადერთი დანიშნულება - საზოგადოებრივი აზრის სრული კონტროლი და მართვა. 

ამ თვალსაზრისით, უფრო მეტად ჰიბრიდულია "ქართული ოცნების" პროპაგანდისტული მედიაპოლიტიკა. ერთი მხრივ, ოფიციალური პროპაგანდისტული ტელეარხები - "იმედი" და "პოსტივი", პარალელურად, სატელიტი პროპაგანდისტები "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" თუ ინტერნეტ-პორტალებზე, რომლებიც ვითომ ზეპარტიული პოზიციებიდან, პირდაპირ ნიადაგს ამზადებენ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისათვის, რომლებსაც „ქართული ოცნება“ შემდგომ თავისი აგრესიულად მორჩილი საპარლამენტო უმრავლესობით იღებს. უცხოეთის გავლენის აგენტების ძირგამომთხრელი საქმიანობები, დასავლეთის ნეოკოლონიალურობა, სუვერენიტეტის დაცვა, ლგბტ პროპაგანდის საშიშროება - ეს თემები თვეებისა და წლების განმავლობაში ძირითადად სატელიტი პროპაგანდისტებისგან უფრო მოდიოდა, ვიდრე თავად მმართველი პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან. "ქართული ოცნების" მმართველობის ხანაში საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის სფეროში წამყვანი ადგილი ტროლებმა და ბოტებმა დაიკავეს. პროფესიონალ გარეწართა ეს ინსტიტუციები ყველაზე ბინძურ და შავ საქმეებს ასრულებენ, მაგალითად, რომელიმე ოპონენტზე ცილისწამებების გავრცელება, ხშირად ვიზუალური მანიპულაციების მეშვეობით, აგრეთვე მმართველი პარტიის გზავნილების მოწონება და კრიტიკული პუბლიკაციების ლანძღვა და შეჩვენება. 

თუმცა, ბოლო თვეების მოვლენებმა "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებიც და მედიაც ურთულესი ამოცანის წინაშე დააყენა: თავად მმართველი პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელობა თავისი „გლობალური ომის პარტიით“, „მასონებითა“ თუ სხვა ყოველდღიურად პროგრესირებადი შეთქმულების თეორიებით იმდენად აბსურდულ და პარანოიდულ ხასიათს იღებს, რომ პროპაგანდისტულ მედიებს მათი დაწევა და გაპიარება უჭირთ. საქართველოს ხელისუფლების ტყუილები იმაზე მეტია, ვიდრე მისი მედიის საშუალებით სიმულაციაა შესაძლებელი.




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 
კატეგორია - ბლოგი


კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი ირანელი კინორეჟისორის, მუჰამედ რასულოფის ფილმმა „წმინდა ლეღვის მარცვლები“ მიიღო. რეჟისორმა 8-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ, ირანი დატოვა და ცხოვრებას ემიგრაციაში აგრძელებს. კანის ფესტივალზე დასასწრებად ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს პასპორტები ჩამოართვეს, რის გამოც მთავარი როლის შემსრულებელი 2 მსახიობი პრემიერას ვერ დაესწრო, ამიტომ ირანელი კინორეჟისორი წითელ ხალიჩაზე მათი ფოტოებით მივიდა. 

A person holding up two pictures of himselfDescription automatically generated

კინოს ყურება ჩემთვის ხშირად ერთი რომელიმე ქვეყნის სოციოლოგიური კვლევასავითაა, რომელიც ინფორმაციას იმ ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალურ-კულტუროლოგიურ საკითხებზე  გაწვდის, ამიტომ უნდა ვაღიარო, რომ ფილმები პოლიტიკური კონტექსტით განსაკუთრებით მაინტერესებს. 

მუჰამედ რასულოფის ფილმი წელს კინოფესტივალის უკანასკნელ დღეს აჩვენეს. რეჟისორი ერთი ოჯახის ისტორიას გვიყვება. მამა, დედა (რომლის როლსაც ირანში „ანტიჰიჯაბის“ მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, სოლეია გოლესტანი ასრულებს) და 2 ახალგაზრდა (სტუდენტი)  ქალიშვილი. ფილმის მოქმედება 2 წლის წინანდელ თეირანში ვითარდება, როდესაც ახალგაზრდა გოგოს, მაჰსა ამინის მკვლელობას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. პარალელურად ჩანს, რომ ამავე პერიოდში ფილმის მთავარ გმირს, ოჯახის მამას სამსახურში აწინაურებენ და მოსამართლედ ნიშნავენ. 

  •  

რამდენიმე სცენა საქართველოს ძალიან გაგახსენებთ. მაგალითად, მიუხედავად შეზღუდული ინტერნეტ შესაძლებლობებისა, ირანში ახალგაზრდა თაობა ინფორმაციას მაინც ინტერნეტის საშუალებით იღებს. თაობებს შორის სხვაობა ერთ-ერთ ეპიზოდში ძალიან მკაფიოდ ჩანს. დიდი მანიფესტაციის დროს, რომელსაც ცხადია, პოლიცია არბევს, მანიფესტანტებს აკავებს და აპატიმრებს, გოგონები სახლში დაჭრილ მეგობარს მიიყვანენ, რომელსაც თვალი - დაზიანებული და ნახევარი სახე დაფლეთილი აქვს. ანერვიულებული დედა ცდილობს, გაიგოს, რა ხდება ქუჩაში და ტელევიზორს რთავს, გადადის არხიდან არხზე და ყველგან ტელესერიალს, კონცერტს, ბავშვებზე გადაცემებს აჩვენებენ. ირანში, სადაც ცხადია, არ არსებობს დამოუკიდებელი მედია ეკრანზე მხოლოდ ვარდისფერი შუშით დანახული რეალობა მოჩანს, რომელიც სინამდვილეში ირეალობაა. ამის შემდეგ დედა საკუთარ შვილებთან ერთად მათსავე მობილურში დარბევის, ცემის, დევნის მშრალ, უკომენტარო, დოკუმენტურ მასალას ნახულობს. საბედნიეროდ, უკვე მთავარ საბრძოლო იარაღად ქცეული პროპაგანდისა და მედია მანიპულაციის პარალელურად, ის სივრცეც არსებობს, სადაც პირდაპირ რეჟიმში გაუფილტრავი ინფორმაცია მოედინება და მისი მეშვეობით ახალგაზრდების მოტყუება ტოტალიტარულ ირანშიც კი რთული ხდება, არა თუ ავტოკრატიის გზაზე მიმავალ საქართველოში. 

A person and person sitting on a couchDescription automatically generated


დაწინაურების შემდეგ მამა სახლში უფრო და უფრო ნაკლებ  დროს ატარებს. დასაწყისში ჩანს მისი განცდები, როდესაც ირანული სასამართლოს მანკიერ სისტემაში შედის, უსამართლო გადაწყვეტილებების მიღება უწევს და საიდანაც უკან გამოსასვლელი გზა აღარ არის. რაღაც პერიოდში მოსიყვარულე მამა მონსტრად გადაიქცევა. მონსტრად, რომელიც მზად არის, სისტემის შიშით ოჯახი აწამოს.

ვუყურებდი ირანელი მოსამართლის დრამას და ვფიქრობდი ჩვენი სასამართლოს კლანის წევრებზე, რომელნიც ჯაჭვის რგოლებივით არიან ერთმანეთზე გადაბმულნი და ამ მანკიერ სისტემას ასე ამუშავებენ. ერთი რგოლის ჩახსნაც კი ჯაჭვის რღვევას გამოიწვევს. სწორედ, ამიტომ ყოველი მათგანი ერთმანეთს შიშითა და ტერორით კვებავს. ფილმის მთავარი გმირის მეტამორფოზა, რომელსაც მაყურებელი აკვირდება, შესანიშნავი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ ჭამს და ანადგურებს მანკიერი სისტემა ადამიანს. 

როგორც ჩანს, ირანში მოქალაქეების მხრიდან ბოროტმოქმედი მოსამართლეების დევნა აპრობირებული ხერხია. ინტერნეტში მოსამართლის პირადი ინფორმაცია განთავსდება: ფოტო, სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი... „იცით, მამათქვენს რამდენი ადამიანის გაუბედურებაზე აქვს ხელი მოწერილი?!“ - უყვირის ქუჩაში ახალგაზრდა ქალი გოგოებს, მოსამართლის შვილებს, რომლებიც ქალაქიდან გაქცევას და დროებით მიმალვას ცდილობენ. 

ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქეს ზურგს უმაგრებს და იცავს სახელმწიფო, მაშინ როდესაც ის შენ წინააღმდეგ მუშაობს, ადამიანს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ლანძღოს, აგინოს და შეარცხვინოს ცალკეული ჩინოვნიკები. ამისთვის ვრცელდება იმ 84 დეპუტატის ფოტოც, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, რომ მათ ქუჩაში გამოსვლისას საკუთარი გადაწყვეტილების გამო დისკომფორტი შეექმნათ. ასე იქცევიან ტოტალიტარულ ირანში საკუთარი მთავრობის მიერ დაჩაგრული, დაშინებული, ნაწამები მოქალაქეები. 

  •  

ირანელი ქალების დიდი ნაწილი პატრიარქალურმა სისტემამ ისე გამოაწრთო, რომ მათი გამბედაობა, სიმამაცე, სიძლიერე მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევს. ასეთები არიან მოჰამედ რასულოფის ქალებიც, რომელნიც ისევე როგორც ფილმში, საკუთარ ოჯახებსა და ქვეყანაშიც საბოლოოდ, აუცილებლად გაიმარჯვებენ იმ უსამართლობაზე, დანაშაულსა და ბოროტებაზე, რომელიც რელიგიურმა ფუნდამენტალიზმმა შექმნა. 


A person holding a piece of paperDescription automatically generated


ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ირანულ ფილმში ასახული რეალობა კიდევ უფრო შემაშფოთებელია, განსაკუთრებით არსებული ხელისუფლების პირობებში. იმ ხელისუფლების, რომელიც ახალი კანონების მეშვეობით ცდილობს, გააკონტროლოს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ხელოვანების გამოხატვის თავისუფლება. რომელიც ცდილობს, ქვეყანაში არსებული ფუნდამენტალისტური თუ თეოკრატიული ვნებები გამოკვებოს და საკუთარ იარაღად აქციოს. ირანული რეალობის ყურებისას იმდენ მსგავსებას ვხედავთ, რომ სათუო ხდება პასუხი კითხვაზე - სად მივდივართ? 

 

P.S. ძალიან უსიამოვნოდ დაემთხვა, რომ ფილმის პრემიერის პარალელურად, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე ამ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯალათის, ბოროტების სიმბოლოდ ქცეული ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის პანაშვიდზე თეირანში გაემგზავრა და სამგლოვიარო ცერემონიალს ჰესბოლასა და ჰამასის ლიდერებთან ერთად დაესწრო.




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 
 
კატეგორია - ბლოგი


2011 წელს ეგვიპტელმა კაცმა შვილს ფეისბუქი დაარქვა. მიზეზი ის იყო, რომ  არაბული გაზაფხულისას Facebook-მა დიდი როლი ითამაშა როგორც პროტესტის ორგანიზებაში, ისე ზოგადად, მოქალაქეების მობილიზებასა და ინფორმაციის გაცვლაში.  გოგონა - ფეისბუქი ახლა 13 წლისაა, Facebook-მა კი, ამასობაში, მთელი ეპოქა შექმნა - უამრავი ბოტის, ტროლისა და კიბორგის ძალაუფლების ეპოქა.  

სოციალური ქსელები საქართველოშიც ბევრჯერ დაგვეხმარა სხვადასხვა პროტესტის ორგანიზებაში და ეს პლატფორმა სხვა ქვეყნებშიც კომუნიკაციისა თუ ორგანიზების შეუცვლელი სივრცეა. ახლაც, როდესაც „რუსულ კანონს“ ვაპროტესტებთ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იარაღი საინფორმაციო ომში სწორედ სოციალური ქსელებია, საქართველოს რეალობაში კი, ყველაზე პოპულარულად მაინც Facebook-ი რჩება. თუმცა, ეს ბლოგი სხვა რამეზეა. მე მინდა მოგიყვეთ სოციალური ქსელების იმ ბნელ მხარეზე, სადაც სინათლის შეტანა, ამ ეტაპზე, შეუძლებელია.  


ტროლების ქარხანა 

ტროლების ფერმები რომ არსებობს, თითქოს, ყველამ იცის, თუმცა, კონკრეტულად სად, ან ვინ მუშაობს იქ, ბუნდოვანია. თავად სისტემა, რომელსაც მოგვიანებით “ტროლების ფერმა” ან “ტროლების ქარხანა” უწოდეს, წლების წინ კრემლში მოფიქრებული პროექტია. რუსული პროპაგანდა ის ერთ-ერთი ბერკეტია, რომლითაც პუტინი საკუთარ მოსახლეობას ინფორმაციულ ვაკუუმში და უფრო მეტიც, ილუზიურ რეალობაში ამყოფებს. ამ „ფსევდო-რეალობას“ ასობით პროპაგანდისტი სხვადასხვა სივრცეში, ტრადიციულ და არატრადიციულ მედიაში 24/7-ზე ქმნის. 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ,  სწორედ იმიტომ აკრძალა პუტინმა რუსეთში Facebook-ი, Instagram-ი და სხვა სოციალური ქსელები, რომ “ტროლების ფერმების” მიუხედავად, სიმართლის დამალვას ვეღარ ახერხებდა. ახლა რუსები მხოლოდ საკუთარი/სამამულო სოციალური ქსელებით სარგებლობენ, რომელზეც კონტროლი მთლიანად რუსეთის უშიშროებას აქვს და სადაც ყველაფერს მოისმენთ და წაიკითხავთ, სიმართლის გარდა.  

როდესაც ჩემს სოციალურ გვერდებზე რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქება დავიწყე, პირველად ტროლ-ბოტები მაშინ შემომესივნენ. თურმე, რაც არ უნდა მზად იყო ამისთვის და მყარი ნერვებიც გქონდეს,  უამრავი საშინელი კომენტარისა და დეზინფორმაციის ტალღის მოგერიება მაინც სტრესულია. მაშინ გამოსავალი ვიპოვე და ჩემს პოსტებზე შეზღუდვა დავაწესე, ანუ პოსტებზე კომენტარის დატოვება მხოლოდ მეგობრებს შეუძლიათ. ამით მართალია ე.წ. ჩართულობა (engagement) შემცირდა, მაგრამ სამაგიეროდ ტროლებს ჩემი პირადი სივრცის საკუთარი პროპაგანდისთვის გამოყენება ავუკრძალე. ამიტომ თუ ასეთი თავდასხმების მსხვერპლი თქვენც გახდებით, იგივეს გირჩევდით. მართალია, ტროლების მთელი აგრესია პირად შეტყობინებებში გადმოვიდა, მაგრამ გამოსავალი აქაც არის - მათ შეტყობინებებს დღემდე წაუკითხავად ვშლი.  


ფერმა: მასობრივი განადგურების თანამედროვე იარაღი 

სქემა ყველგან ერთნაირად მუშაობს. "ტროლების ქარხანა” ფიზიკურად არსებობს. წარმოიდგინეთ ოფისი, სადაც თანამშრომლები ყოველ დღე დადიან. კონკრეტულად რამდენი ასეთი ფერმაა საქართველოში და რამდენი ტროლი მუშაობს იქ, ამის დადგენა ძალიან ძნელია. თუმცა, მათი ქცევის დაკვირვებისას, გარკვეული კანონზომიერებების აღმოჩენა შეიძლება. 

რამდენიმე Facebook-ჯგუფი და გვერდი მაქვს  შერჩეული, რომლებსაც ჩემი დაკვირვებით “ფერმიდან” მართავენ. აქტიურობა დილის 10 საათიდან იწყება და ამ დროისათვის დადებული პირველივე რამდენიმე პოსტით მიხვდებით, იმ დღეს ვისი “გაშავება” არის დავალებული. როგორც წესი, გასაშავებელია კონკრეტული ადამიანი ოპოზიციიდან, არასამთავრობო სექტორიდან ან ნებისმიერი აქტივისტი, რომელზედაც იმ დღეს ფერმაში მითითება მივიდა.  

2013 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსეთში აქტივისტები და დამოუკიდებელი მედია არსებობდა, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთი ასეთი ადგილი ამხილეს. “ტროლების ფერმაში” დამოუკიდებელი ჟურნალისტი შეფარვით დასაქმდა და მოგვიანებით დეტალურად აღწერა თუ როგორ მუშაობს სტრუქტურა. მან ტროლების ქარხანას „მასობრივი განადგურების თანამედროვე იარაღი“ უწოდა და თუ ამ მახინჯ მოვლენასთან ერთხელ მაინც გქონიათ საქმე, ალბათ, გადაჭარბებულად არ მოგეჩვენებათ ეს შეფასება. სწორედ რუსეთში მხილებული "ტროლების ფერმა” გვაძლევს სურათს, თუ როგორ მუშაობს "ტროლების ქარხანა” ზოგადად. “ტროლების ქარხანას" ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც პირდაპირ კონტაქტზეა დამკვეთთან. ჩვენს შემთხვევაში, დამკვეთის გამოცნობა რთული არაა - ტროლები მმართველ პარტიასა და მის მხარდამჭერებს აქებენ, ყველა სხვას კი აშავებენ. ხელმძღვანელი უშუალო დავალებებს უკვე ტროლებს შორის გასცემს. კომენტარების წერის გარდა, მათ ნაწილს კონტენტის შექმნა, ნაწილს კი გაზიარება და გავრცელება ევალება. უფრო ჭკვიანი ტროლები წერენ დეზინფორმაციულ, შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ პოსტებს სხვადასხვა ადამიანებზე, დანარჩენები კი ამ პოსტებს თავისსავე შექმნილ ჯგუფებში აზიარებენ. თითო პოსტის გაზიარება ყოველდღიურად საშუალოდ 150-250 ჯგუფში ხდება. გასაზიარებელ მასალას შორის პროსამთავრობო მედიის სტატიები და პროსახელისუფლებო ე.წ. ექსპერტების გამონათქვამებიც არის.  


ტროლი, ბოტი, კიბორგი

ტროლი არის ყალბი ანგარიში, რომელიც როგორც წესი, კონკრეტული სახელი და გვარით იქმნება. ფოტოდ იყენებს ბუნების ხედებს, ხატებს ან ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ადამიანების ფოტოებს. ტროლის უკან რეალური ადამიანი დგას, სწორედ ისაა "ქარხნის" თანამშრომელი. როგორც წესი, ერთ ასეთ თანამშრომელს - რამდენიმე, ზოგჯერ კი რამდენიმე ათეული ტროლ-ანგარიში აქვს ჩაბარებული. ტროლი მიზანმიმართულად ახდენს სოციალური ქსელების მომხმარებლების პროვოცირებას, ავიწროებს, აბულინგებს და შეურაცხყოფას აყენებს სხვებს. 

დეზინფორმაციის გავრცელებისა და აქტივისტებზე თავდასხმების გარდა, ტროლებს ჯანსაღი დისკუსიების არაჯანსაღ ფორმატში გადაყვანაც ევალებათ. Ხშირად განხილვის შინაარსის შეცვლაში რამდენიმე ტროლი მონაწილეობს, რომლის უკანაც თავისუფლად შესაძლებელია, რომ ერთი ადამიანი იდგეს. Ასე მაგალითად, თუ დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ორგანიზება „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციებისას, ტროლი აუცილებლად დატოვებს კომენტარს, რომ რაღაც მუხტი აღარაა, მეორე ტროლი კი უპასუხებს, რომ "დიახ, მართალია, იმიტომ რომ მგონი, აზრი აღარ აქვს ამ ყველაფერს...”. შემდეგ ამ კომენტარებს რეალური ადამიანები უპასუხებენ, დაიწყება კამათი და იჩრდილება მთავარი მიზანი - ორგანიზების გაუმჯობესება.  

ტროლის გარდა ფერმაში ბოტები და კიბორგებიც არსებობენ. ვინ არიან ისინი? 

  • ბოტი ავტომატური ანგარიშია, რომელიც შექმნილია ადამიანის ონლაინ ქცევის იმიტაციისთვის. მას  დეზინფორმაციის გასავრცელებლად და გარკვეული ნარატივების გასაძლიერებლად აპროგრამებენ. ბოტის უკან რეალური ადამიანი არ დგას.   
  • კიბორგი ესაა ერთგვარი ჰიბრიდული ანგარიში, რომელიც აერთიანებს ბოტს და ტროლს.  რეალური ადამიანი პერიოდულად იღებს ბოტის ანგარიშს, რათა უპასუხოს სხვა მომხმარებლებს. 

“ფერმიდან” - ბაზარში  

სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ “ტროლების ფერმის” გარდა, “ტროლების ბაზარიც” გვქონია, თან შავი ბაზარი. Აღმოჩნდა, რომ დიდი მოთხოვნის გამო არჩევნებისთვის ფასები გაიზრდება, ამიტომ ტროლების შეძენა სწორედ ახლა “სეილზე” მირჩიეს - ერთი ტროლი - 200 ლარად, სამი კი  500 ლარად იყიდებოდა.   ცხადია, არაფერი მიყიდია. ჩემი მთელი დრო და ენერგია ისევ სიმართლის დადგენასა და მის გავრცელებას ხმარდება, სიმართლეს კი მახინჯი მექანიზმები არ უხდება.  

Ბოტის ამოცნობა შედარებით მარტივია, ის ერთიდაიგივე ტექსტს წერს და აგზავნის. Ტროლი კი საკმაოდ რთული გამოსააშკარავებელია, თუმცა, არა შეუძებელი. ეს ბლოგი რომ თქვენთვისაც სასარგებლოც იყოს, ტროლის ამოცნობის ჩემ მიერ აღმოჩენილ რამდენიმე მახასიათებელს გაგიზიარებთ: 

  • თუ დაეჭვდებით, რომ ტროლს შეხვდით, გადადით მის ანგარიშზე, შეამოწმეთ როდის არის შექმნილი (როგორც წესი, Facebook-ზე რეალური მომხმარებლების უმრავლესობა წლების წინ დარეგისტრირდა, ამიტომ რამდენიმე თვის ან თუნდაც, ერთი წლის წინ გახსნილი ანგარიში საეჭვოა) 
  • დააკვირდით ატვირთულ ფოტოებს. უმეტესად, ტროლს ფოტო არ აქვს. როგორც წესი, მის გვერდზე ხატები, ყვავილები ან ისეთი ადამიანებია, რომელთა სახის გარჩევა რთულია. თუმცა, აქვე შეიძლება შეგხვდეთ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები.  
  • შეამოწმეთ ფოტოებზე კომენტარები. როგორც წესი, ტროლებს თბილ და პირადი ხასიათის კომენტარებს (მაგალითად, „დეიდას მოენატრე“ ან „როდის ჩამოხვალ სოფელში“) არავინ წერს. იქ დაგხვდებათ ე.წ. სტიკერები ან ემოჯები. 
  • ხშირად ტროლებს ფერმის სხვა ტროლები ჰყავს მეგობრებში, ამიტომ გადაამოწმეთ რა საზოგადოებაა დამეგობრებული მასთან. 

რატომ გადავწყვიტე, რომ ტროლ-ბოტებთან ბრძოლა გამომივა, არ ვიცი, მაგრამ ისევ Facebook-ს მივმართე და შევქმენი დახურული ჯგუფი (სახელს არ დავწერ), სადაც უკვე 3000-ზე მეტი ტროლის ანგარიში, ასობით პროპაგანდისტული ჯგუფი და გვერდია მხილებული.  ჯგუფის წევრები ერთიანი ძალებით ვცდილობთ, მათ შეჩერებას, ზოგჯერ გამოდის, უფრო ხშირად კი - არა. სანამ  სოციალური ქსელების მესვეურები მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ და მილიონობით ტროლ-ბოტსა და შესაბამისად, ფერმების არსებობას ბოლო მოეღება, იქამდე „მასობრივი განადგურების თანამედროვე იარაღისგან“ თავის დაცვა ჩვენით მოგვიწევს. Ამისთვის კი, ჩვენ მცდელობას არ დავიშურებთ. 




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.