ბლოგი
კატეგორია - ბლოგი
რას მივიღებთ, თუ მიზოგინიას1 ეპატაჟის2 წარუმატებელ მცდელობას დავამატებთ და კარგად გავაზავებთ? რიგით 33-ე გაბულოგს, რომელიც “მთავარი არხის” ეთერში 2020 წლის 17 მაისს, 21:00 საათზე გავიდა.

გიორგი გაბუნიას მონოლოგები ე.წ გაბულოგები გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” მეტაფორული ენითა და “განთქმული” ენამახვილობით გადმოცემული კიჩური ჩანართებია, რომლებიც სხვადასხვა თემას ეძღვნება.

17 მაისის გაბულოგი “ქართულ ოცნებას” და მისი “მშობიარობის” უნაყოფო მცდელობებს ეძღვნებოდა. ერთი შეხედვით, შეუძლებელია, მშობიარობის სრულიად ბუნებრივი და ბევრი ადამიანისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი შეურაცხმყოფელ და უარყოფით ამბად წარმოაჩინო, თუმცა, უნდა ვაღიარო, გიორგი გაბუნიამ ეს შესანიშნავად შეძლო, როდესაც მშობიარობის პროცესი და მისი თანმდევი მოვლენები პოლიტიკური პარტიის დასაკნინებელ ანალოგიად გამოიყენა.

ტელეწამყვანს “ქართული ოცნების” მეტი სიმკვეთრით გასაკრიტიკებლად არც კიდევ უფრო “შეურაცხმყოფელი” ეპითეტის “ბერწის” მოშველიება დავიწყებია.

“... ბავშვი იქ არ არის, “ქართულ ოცნებას” ცრუ ორსულობა სჭირს, თან უკვე მერამდენედ. რაც სულაც არ არის გასაკვირი, ბერწი ადამიანის დაფეხმძიმება შეუძლებელია და რამდენიც არ უნდა ეძახო შობე, დარეჯან, შობე” მაინც ვერაფერს გააჩენს” - ვუსმენდი გაბუნიას პათეტიკური თეატრალობით წარმოთქმულ ამ სიტყვებს და ყველა იმ ქალზე მეფიქრებოდა, ვისაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველზე მაღალრეიტინგული ტელეარხის პრაიმტაიმიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ თუ შთამომავლობას ვერ და არ ტოვებს, უფუნქციო, არასრულყოფილი ადამიანია და მისი ადგილი აქ არ არის.

დარწმუნებული ვარ, ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, ვინმე აუცილებლად მიმითითებს გაბულოგის მეტაფორულ ენაზე და მეტყვის, რომ ვაჭარბებ, ვინმე კი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების გადაკითხვისკენ მომიწოდებს, თუმცა, მე მჯერა, რომ მედიას მშვიდობიანი, ტოლერნატული, გენდერულად მგრძნობიარე, არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. “ბერწი ქალების” წუნდებულად წარმოჩენა “პოსტ ფაქტუმში” კი ამ როლს, სრულიად არ შეესაბამება.

მიზოგინური ენით გაბულოგის მხოლოდ დასაწყისი როდი გამოირჩეოდა, არა და არა, ტრიუმფალური ფრაზა გიორგი გაბუნიამ ბოლოსკენ შემოგვინახა, როცა დაასკვნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაითვალისწინა პოპულარული რჩევა და გაუპატიურების გარდაუვალობის გააზრებისას, უბრალოდ მოეშვა და პროცესისგან სიამოვნებას იღებს. არხის სოციალური მედიის გუნდმა ეს ფრაზა ისეთ საინტერესო მოვლენად ჩათვალა, რომ “მთავარი არხის” ოფიციალურ ფეისბუქზე, რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი მომწონებელი ჰყავს, ვიდეოს ატვირთვისას, აღწერაშიც კი გამოიყენა.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლების მიმართ ქართული მედიის უგულო და არაეთიკური დამოკიდებულება არახალია. ეროვნული მედიის დიდი ნაწილი მუხლჩაუხრელად ცდილობს გააძლიეროს საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ გაუპატიურება, სექსუალური ძალადობა ან/და შევიწროვება მსხვერპლის ბრალი იყო, მონდომებით ამოწმებს, მსხვერპლს “შარვალი ეცვა თუ კაბა” და მისი “საეჭვო რეპუტაციით” გულწრფელად შეწუხებული მეზობლების კომენტარებსაც არ გვაკლებს.

ამჯერად გიორგი გაბუნიას ემპათიისგან დაცლილმა, მიზოგინურმა ფრაზამ მოახდინა მსხვერპლების გრძნობების უგულვებელყოფა, მათი ტრამვების გაუბრალოება და ისე წარმოჩენა, თითქოს ადამიანის ნების საწინააღმდეგო, ძალადობრივი ქმედება, რომელიც ფსიქიკას მძიმე დაღს ასვამს, სასიამოვნო შეიძლება იყოს.

ხელმძღვანელობის მიერ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა; სამსახურში ყველა ქალისა და კაცის მიმართ თანასწორი მოპყრობა, პატივისცემა, ადამიანის უფლებების დაცვისა და არა-დისკრიმინაციული მიდგომის პატივისცემა და ხელშეწყობა; ყველა ქალი და კაცი თანამშრომლის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა; ქალების განათლების, პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობა; საწარმოს განვითარება, მიწოდების ჯაჭვები და მარკეტინგის პრაქტიკა, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას;თანასწორობის ხელშეწყობა სათემო ინიციატივებისა და ადვოკატირების მეშვეობით; გენდერული თანასწორობის მიღწევაში პროგრესის გაზომვა და საზოგადოებისთვის გაცნობა - ასეთია გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები, ის პრინციპები, რომლებსაც ცოტა ხნის წინ “მთავარმა არხმა” ხელი პომპეზურად მოაწერა, რითაც რეგიონში პირველი ხელმომწერი მედია გახდა და განაცხადა, რომ არხის თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა, რომ, არხის ჟურნალისტები სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რომ, თავის მხრივ, ორგანიზაცია “მთავარი არხის” სხვადასხვა გადაცემაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხების გაშუქებას მონიტორინგს გაუწევს.

მართალია, მე მეეჭვება, რომ არხი, რომლის ეთერიდანაც მიზოგინური მესიჯები აქტიურად ისმის, ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს, თუმცა, ვინ იცის, იქნებ, ჯერ, უბრალოდ, დატრენინგება ვერ მოასწრეს?


[1]მიზოგინია (ბერძ. misos — სიძულვილი, და gyne — ქალი) — ქალთმოძულეობა, ქალთა და გოგონათა მიმართ უნდობლობა, პათოლოგიური ანტიპათია.
[2]ეპატაჟი (Fr. épatage) სკანდალური გამოხდომა; საქციელი, რომელიც არღვევს საერთოდ მიღებულ ნორმებსა და წესებს.
კატეგორია - ბლოგი
alt

ციანიდის სკანდალის შემდეგ, ნაციონალური მედიაორგანიზაციების ნაწილმა გაჭირვებით დაძლია რელიგიის ჟურნალისტიკის პირველი კლასის პროგრამა და თითქოს ეპისკოპოსისა და მღვდლის გარჩევა ისწავლა, თითქოს დაიზუთხა კიდეც სხვაობა პანაშვიდსა და პარაკლისს შორის, აღარც ბოლომდე მიწასგართხმული შემეოხებდა სრულიად საქართველოს მამებსა და დედებს, დროდადრო კი გვიგდებდა სახელგანთქმულ “ერორს”, როცა სინოდის სხდომიდან გამოვარდნილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის კათოლიკოს-პატრიარქისადმი წაყენებული ბრალდების გადმოცემა უწევდა, ფიზიკის კანონებსაც კი აყენებდა ეჭვქვეშ დიდი შაბათის ცეცხლის დღესასწაულზე, მაგრამ კაცი მაინც იფიქრებდა, პანდემია რომ დაიწყოს, რაღაცას მოახერხებენო.

ო, წმიდაო გულუბრყვილობავ!

ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ვინც სასწაულების ფაქტად გასაღებით ფიზიკას აუქმებს, არც ვირუსოლოგიას დაინდობს და არც ეპიდემიოლოგიას.

მრავალგზის გვინახავს, როგორ მარცხდება მედია ფანატიზმთან, სიძულვილთან, ანტიმეცნიერებასთან თუ ფიზიკურ ძალადობასთან. ჟურნალისტებს მრავალგზის უმტყუნიათ საზოგადოებისთვის და უღალატიათ პროფესიული ეთიკისთვის, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ასე სასიკვდილოდ და მასშტაბურად არაადეკვატური.

და კი, რთულ დროს, სამოსნობაც ვერაფერი შეღავათია. საკმარისი არ არის, უბრალოდ აღარ იწვე, აღარ თვინიერებდე და ოდნავ გაკადნიერებას ბედავდე. საკმარისი არ არის შორენას მუქარანარევ ზარებს აღარ პასუხობდე, ან შენი სიუჟეტები კათოლიკოს-პატრიარქისადმი აღვლენილ ონლაინწირვას აღარ ჰგავდეს.

საკმარისი არ არის, ქალბატონ ეზუგბაიას, ბატონ გამყრელიძეს, იმნაძეს ან ცერცვაძეს ეკლესიის თავგასულობაზე კითხვებს უსვამდე, როცა ისინი დიდი უპასუხისმგებლობით იჩლექენ ენას, ან შეშინებულები ძლივს და უკვე დაგვიანებით ახერხებენ არტიკულაციას - წირვაზე არ წახვიდეთო. საკმარისი არ არის ხელისუფლებას, ჯანდაცვისა თუ იუსტიციის მინისტრებს ეკითხებოდე - მერე კანონი რომ ირღვევაო?

საკმარისი არ არის, რადგან მედია თავის მოვალეობას კითხვის დასმით არ ამოწურავს. ხანდახან მისი მოვალეობა პასუხის არმიღებაა.

პასუხის არმიღებაა საჭირო, როცა მეცნიერი - მეცნიერებას ჰყიდის, ხელისუფლება - ხელისუფლებას, ხოლო ეკლესია - რწმენას.

სხვა შემთხვევაში, ჟურნალისტებიც გავყიდით ფაქტებს.

ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ პასუხისმგებელი პირების არაადეკვატურ კომენტარებსა და აშკარა ტყუილებს, ზოგჯერ გონიერების გამაუქმებელთ.

ჩვენ არ უნდა ვჯერდებოდეთ მხოლოდ წინასწარ დაწერილი ნელთბილი გზავნილების ფოსტალიონობას.

ანგარიშვალდებული პირები უნდა უფრთხოდნენ მედიის რისხვას. უნდა უფრთხოდნენ პასუხისმგებლობით აღვსილი პროფესიონალების უმწვავეს კრიტიკასა და უკიდურესად, რეალობასთან ადეკვატურობაში გამწვავებულ და, მე თუ მკითხავთ, განრისხებულ ტონს.

ჩვენ უნდა ვასხვავებდეთ ფაქტებსა და ინტერპრეტაციებს.

რა არის ფაქტი?

ფაქტი ის არის, რომ პანდემიის კრიზისის დროს, ხელისუფლება და მედიცინა პრაქტიკულად ჩამოემხო გავლენიანი რელიგიური ფანატიკოსების ფერხთით და მხოლოდ კოსმეტიკური ჩარევითღა ცდილობს ჩვენს გამოსარჩლებას, საბოლოოდ კი მომავალ არჩევნებზე საკუთარი ბედის გამოსარჩლება სურს.

ფაქტი ის არის, რომ დღისით-მზისით თუ შუაღამით-კომენდანტით კანონი ირღვევა. ფანატიზმი კი მასზე აღზევდა.

ფაქტი ის არის, რომ ადამიანთა სიცოცხლე საფრთხეშია. ჩვენი ჯანმრთელობა მედიცინის პროფესიონალების ხელიდან გამოსტაცეს და ჭკუიდან შემცდარი ფანატიკოსებს გადაულოცეს.

ფაქტი ის არის, რომ ეპიდემიოლოგებმა თუ ინფექციონისტებმა ამ პოლიტიკურად მოტივირებულ უკანონობას უკიდურესად ყრუდ უპასუხეს და ჩვენს ჯანმრთელობას ზოგი ენამოჩლექით გამოესარჩლა - ზოგმაც, იმას ვიზამ, რასაც ფანატიკოსთა გავლენიანი ლიდერი მიბრძანებსო.

მედიამ ეს ფაქტები ვერ გადმოსცა. ვერ დაგვანახა. ვერ შემოგვთავაზა სურათი, სადაც თავსდამტყდარი უბედურება არსებითად იქნებოდა გადმოცემული, იმდენად, რომ უბედურების კატასტროფულობა აღგვექვა.

ამის პარალელურად, მან აირჩია ებალანსებინა სიკეთესა და ბოროტებას შორის.

ნაციონალური მედიაორგანიზაციები რელიგიურ ფანატიკოსებსა და მათ აპოლოგეტებს სასიკვდილოდ დიდ დროს უთმობდნენ, ეს მაშინ, როცა ადეკვატურად კრიტიკულ აზრს ზოგჯერ ეთერიდან აძევებდნენ.

უნდა გვესმოდეს, რომ მომაკვდინებელი ფანატიზმის სტერილური გაშუქება ჟურნალისტიკა არ არის, ჟურნალისტიკა ფაქტების ხელოვნებაა.

ჩვენ არ მოგვეთხოვება ვაბალანსოთ კანონსა და უკანონობას შორის.

ჩვენ არ მოგვეთხოვება პატივისცემა დავუდასტუროთ გავლენიან კრიმინალებს (“დიდი პატივისცემით, მამა ანდრია, მე თქვენ არ გებრძვით, მაგრამ რომ გვწამლავთ, მაინც მიწევს გაფხაკუნება”).

ჩვენ არ მოგვეთხოვება ამ კრიმინალებს საზოგადოების საღი აზრისგან გადარწმუნების შესაძლებლობა მივცეთ.

აბა, არ გავაშუქოთო?! გვკითხავენ ხოლმე კრიტიკოსებს კოლეგები. როცა ეს კითხვა უკვე ჩამოთვლილი არგუმენტების შემდეგ დაისმის, პასუხის ხასიათზე აღარ ხარ, მაგრამ პასუხი საჭიროა.

რაღა თქმა უნდა, გაშუქება აუცილებელია!

საქართველოს ეკლესია ამ ქვეყნის უმსხვილესი პოლიტიკური მოთამაშეა, მისი არგაშუქება, ან დისპროპორციულად მცირე გაშუქება მხოლოდ ბრიყვული, სტერილური და ელიტისტური გადაწყვეტილებაა, რომელსაც, როგორც იქნა, ჩვენი ლიბერალური მედიაც დაეხსნა.

გაშუქება აუცილებელია, მაგრამ აქ თავს იჩენს ცენზურის, სურვილისა და კომპეტენციის პრობლემები.

ხანდახან ცენზურა გავალებს, შენი კომპანიისა თუ ამ კომპანიის მფლობელთა უსაფრთხოებას მოუფრთხილდე, ხანდახან თვითცენზურას იწესებ, რომ ქუჩაში არ გცემონ, ხანდახან სურვილი კი გაქვს - მაგრამ კომპეტენცია არა.

კომპეტენცია კი მოითხოვს შემოქმედებითობასა და სიფხიზლეს. ვერც ერთი პროფესიონალი, ფუნდამენტური პრინციპების მიღმა ვერ დაწერს სტანდარტების სრულ ჩამონათვალს, რადგან სტანდარტები გარემოებებისა და მიზნების კომბინაციით ყალიბდება. გარემოებები კი მუდმივად იცლვება. კონტექსტი ხან ამას მოგვთხოვს, ხან იმას - დანარჩენები კი შედეგებით იზომება. თუ შედეგი საზოგადოების ინტერესებს აცდენილია, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ წარუმატებელ ფორმატებზე.

წარუმატებელი ფორმატები და წარუმატებელი გაშუქება პანდემიის დროს - აღარ არის პროფესიული ღირსებისა თუ საზოგადოების ინფორმირებული არჩევნის საკითხი - ჯანმრთელობის საკითხია.

კი ვხუმრობდით, მაგრამ ხანდახან მედია ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ჩვენ უნდა ვცნოთ ახალი სინამდვილე, გადავაფასოთ საკუთარი თავი და მივხვდეთ, რომ გვჭირდება რელიგიის პროფესიონალი ჟურნალისტები.

ეს კრიზისი მხოლოდ საქართველოში არ დგას, დასავლური, რესპექტაბელური მედიებისთვის თვალის გადავლებაც კმარა, ერთ ნიუსში ათი შეცდომის საპოვნელად.

სწორედ ამ კრიზისის შედეგია ისიც, რომ მრავალი არაკომპეტენტური და გამოუცდელი კრიტიკოსი, ხანდახან იმგვარი სტანდარტების სასრულ ჩამონათვალს წარმოგვიდგენს, რომლებიც არაფრით პასუხობს მუდმივ ცვლადს - გარემოებას. ხანდახან ეს კრიტიკა ჩაშენებულია სიზარმაცეში - სჯობს ამტკიცო, რომ რაღაც არ უნდა გაშუქდეს, იმისთვის, რომ ოდნავ მეტი არ წაიკითხო, ხანდახან - განუსწავლელობაში.

პროფესიული სტანდარტების ფორმირება არ დასრულებულა, ის მიმდინარეობს აქ და ახლა - სტანდარტებიცა და ეთიკაც, საბოლოოდ პროცესია - მთავარია, არ იცვლებოდეს მიზნები.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი კომპონენტია მედიის რეპუტაცია და ცნობადობა. ჰედლაინი, რომელსაც ერთი მედია ერთ აუდიტორიას აწვდის, შესაძლოა, სრულიად სხვაგვარად იკითხებოდეს, ვიდრე მეორის მიერ შერჩეული იგივე. სხვაა მედიაა, სხვაა აუდიტორია. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ საკუთარ აუდიტორიას, უსწრაფესი უკუგებით მუშაობაში ვაკორექტირებდეთ პოლიტიკას - საჭიროა ყოველდღიური გადაწყვეტილებების აქტიური მიღება და არა გამზადებული სტანდარტებით გაზარმაცება - “ტრენინგზე მოვისმინე და საკმარისია” ან “ნაცნობმა მედიაექსპერტმა გამობრძნა” - სავალალო შეცდომაა.

რა თქმა უნდა, არსებობს ლეგიტიმური დისკუსია და ლეგიტიმური განსხვავებები, მათ შორის, იმის შესახებ, რა არის სწორი და რა არასწორი მიზნის მისაღწევად და ეს დებატი კვლავ გაგრძელდება - მთავარია გადაწყვეტილებებს პროფესიონალები იღებდნენ და არა რეალობას მოწყვეტილი ზარმაცები, მთავარია მიზნები გვქონდეს საერთო.

ჩვენ არ უნდა ვიქცეთ არც კრიტიკოსთა ტყვეებად და არც მხოლოდ საკუთარ ნაბადს დანდობილ შეუვალ თავკერძებად. ჟურნალისტის მოვალეობაა ყოველდღიურად ვითარდებოდეს ახალ დისკუსიებსა და კონტექსტებში.

მოვიდა დრო, მედიამ აღიაროს თეოლოგიური და კანონიკური რწმენა-წარმოდგენების პოლიტიკურობა. კანონიკა ისეთივე პოლიტიკური შეიძლება იყოს, როგორც კანონი. უძველესი დოკუმენტებიც კი, დღემდე ახდენენ გავლენას გეოპოლიტიკაზე.

მაგალითად, აღარარსებული ქალაქის - კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ 1686 წელს, მის მიერვე გამოცემული სიგელი გააუქმა, 451 წლის ქალკედონის კრების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, რომ 2019 წელს, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალია მიეცა. ყოფილა კანონიკა პოლიტიკის კომპონენტი?

როცა შენი მედია ამ თემატიკას დროს არ უთმობს, საზოგადოებრივ იმუნიტეტს აჩლუნგებ, შედეგად კი საზოგადოება ადვილად მოწყვლადია გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტების მავნებლური თუ მკვლელი ფანატიზმის წინაშე.

რელიგია გაშუქების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს.

ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება რელიგიის პროფესიონალი ჟურნალისტები. ჟურნალისტები რომლებიც ამ პროფილს ცხოვრებას მიუძღვნიან.

სხვანაირად, არაფერი გამოვა.
კატეგორია - ბლოგი
alt
ფოტო: ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ორშაბათი კარანტინშიც კი რჩება ორშაბათად, მძიმე და რთულ დღედ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ლამის 10 დღის თავზე, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვერც ერის ნაწილი მიხვდა ეპიდემიის მოახლოების სიმწვავეს და ვერც ბერის.

ეკლესია და მთავრობა ზუსტად ისე ევაჭრებიან ერთმანეთს, როგორც ბაზარში 30 ლარიანი ნივრის გამყიდველი მყიდველს, რომელიც ფასით უფროა გაოგნებული, ვიდრე ნივრის ყიდვის საჭიროებით.

დღეს ბლოკნოტში დღიურისთვის ჩანიშვნების გასაკეთებლად ბევრად ნაკლები დრო მაქვს, მაგრამ უკვე ვიცი, რომ ამ კვირის ყველა დღეს თავის სახელს დავარქმევ, რადგან რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, ისეთი ვეღარ იქნება ეს სამყარო, როგორიც იყო გუშინ.


30 მარტი, კარანტინის მერვე დღე - „გამორჩეული“ ზონა

გაორმაგებული შფოთი მაწუხებს, რამდენადაც არ უნდა გადავეწყო საქმის კეთებისკენ, შეუძლებელია ამ დახურულ სივრცეში, სადაც მთავრი საინფორმაციო წყარო მაინც ტელევიზორია, სიმშვიდე შეინარჩუნო და იმედიანად იყო.

მოქმედებს ისიც, რომ წინა კვირასთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე ყოველდღიურად კი არა ყოველწუთიერად იზრდება. დღეს ყველაზე მეტად რაც მიღრღნის ტვინს, დამოკიდებულებებია. უკვე ჩანს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი, რომელიც 22 მარტს ბოლნისთან ერთად გამოცხადდა წითელ ზონად, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. გონებაში ვალაგებ არგუმენტებს, მომეჩვენა თუ კარანტინის ზონებიც კი მეტი და ნაკლები ყურადღების განაწილების კლასტერებად დაიყო.

სტატიებს, ნიუსებს, კომენტარებს, ლაივჩართვებს და რეპორტაჟებს ერთ ფაილში ვაგროვებ და ვცდილობ, არგუმენტირებულად დავრწმუნდე საკუთარ წარმოდგენაში.

მაგალითად:

1. მარნეულიც და ბოლნისიც ორივე მრავალეთნიკურია, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, წესით, ორივე მუნიციპალიტეტის სოფლების მოქალაქეებს ერთნაირად აქვთ, თუმცა, ბოლნისისგან განსხვავებით, მარნეულში ყოველი ფეხის ნაბიჯზე პოლიცია პატრულირებს და ირგვლივ ქელეხის სუფრების გაშლა-ალაგებასაც კი აკონტროლებს - ბოლნისში, სოფელ ნახიდურში, კილომეტრიან დაკრძალვის ცერემონიას შენიშვნის მიმცემიც კი არ გამოსჩენია.

2. ყველა საინფორმაციო საშუალება საუბრობს მარნეულში მთავრობის წევრების სპეციალურ ვიზიტებზე. თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, საგანგებო შტაბის წევრები, ოპოზიციაც კი - ბოლნისამდე „არავინ მოდის“, მარნეული ისმის ყველა არხზე, ყველა ბრუნვაში, ბოლნისზე მხოლოდ მერი და დეპუტატი საუბრობს.

3. თერმოსკრინინგის დისტანციურ თერმომეტრებსაც კი მხოლოდ მარნეულელ ექიმებს ურიგებენ, ბოლნისი კი იმ ათი თერმომეტრის იმედზეა, რომელიც მარნეულის მაჟორიტარს მოეზედმეტა და ბოლნისელ კოლეგას საჩუქრად გადასცა.

4. მარნეულში სრული მობილიზებაა რეანომობილების, საველე ჰოსპიტალიც იქვე ეწყობა, ბოლნისი მხოლოდ ადგილობრივი სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადის იმედზეა. აღარ დავკონკრეტდები სასურსათო პროგრამებზე.

5. ინფიცირებულთა რაოდენობა, მარნეულთან შედარებით, ბოლნისში უფრო მეტია, თუმცა, რატომღაც ცხელ წერტილად მაინც მარნეული ითვლება.

რატომ? ვსვამ კითხვას და პასუხსაც, ვცდილობ, თავად ვუპასუხო - მოსახლეობის რაოდენობის გამო, თუმცა, კაცმა არ იცის: „მწიფეს ესროდნენ და მკუხე ცვიოდაო“.

მოკლედ, ორშაბათს ჩანს , რომ კორონასთან ბრძოლას მარნეული „ბევრის“ დახმარებით გაუმკლავდა, კარანტინს უმკლავდება ბოლნისიც, ოღონდ, როგორც ჩემი ლეპტოპიდან, საინფორმაციო პორტალებიდან , არხებიდან, ჯგუფებიდან და ბევრი წაკითხული სტატიიდან ჩანს - ჯერჯერობით მარტო. ამიტომ, ინფორმაციაც ბოლნისზე ბევრად ნაკლებია, მარნეულზე კი მეტი.

დილაზე არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა ორშაბათი საღამო. პრემიერმა მთელ ქვეყანაში კარანტინი გამოაცხადა და კომენდანტის საათი შემოიღო.

31 მარტი - 1 აპრილი, კარანტინის მეცხრე და მეათე დღეები
ორმაგი კარანტინის ეფექტი

დღეს აფთიაქში ერთმეტრიანი დისტანციით მდგარი ადამიანები საუბრობდნენ პენსიებზე, რომელსაც ქეშად ვეღარ აიღებენ. ანტიბაქტერიული ხელსახოცების ძებნაში მესმოდა ტექსტები: „ფულითაც გადადის კორონა“, „უნდა დააუთოვო ფული, სახლში რომ მიხვალ“, „ლარიანები და ორლარიანები სპირტში ჩაყარეთ“, „ბოსტნეული და ხილი სარეცხის საპნით გარეცხეთ“, ან „ადუღებულ წყალში ჩაყარეთ სოდა და ბოსტნეულს გადაავლეთ“. მოკლედ, ამ ტექსტების მოსმენისას მეგონა ალქიმიის სესიას ვისმენდი. ანტიბაქტერიული ხელსახოცი არ იყო, ერთმეტრიანი დისტანცია დავარღვიე და აფთიაქიდან გავედი.

არასერიოზულად მიჩნეული დიალოგების რეალობაში მალევე დავრწმუნდი. საინფორმაციო საშუალებები დღეს ეროვნული ბანკის თანამშრომლების დაინფიცირების შესახებ საუბრობდნენ. ინფიცირების წყაროდ ფული სახელდება.

იგივე საინფორმაციო საშუალებებიდან კიდევ ერთი შოკის ატანა ცოტა მოგვიანებით მომიწია. ბოლნისის ცხელ წერტილს, ირკვევა, რომ კიდევ ერთი სოფელი - ქვემო ბოლნისი დაემატა, სადაც დაინფიცირებული ქალი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა სოფლის ექიმმა. პაციენტის კონტაქტების კლასტერში კიდევ ერთი და უკვე მეორე ორსული გოგოა. ქვემო ბოლნისი გარემოსგან სრულად ჩაიკეტა.

ორმაგ კარანტინს აქვს ორმაგი გამძლეობის ეფექტი, შიშს და შფოთს ვხედავ და მესმის ირგვლივ როგორ ორმაგდება, მაგრამ ჩატშიც, ფეისბუკის ვოლზეც, ტვიტერშიც, ვებ სემინარებზეც და დისტანციურ საუბრებშიც, ორმაგი გამხნევების ტექსტს ვიშველიებ.

მარტოდ დარჩენილ საკუთარ თავში ამ ეფექტის ძალას სწორი ინფორმაციების მიღებაში ვპოულობ - აღარ ვუყურებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკას, რომელიც ყოველწუთიერად მზარდია და კიდევ უფრო მთრგუნავს. არ ვუყურებ გარკვეულ არხებს და აღარ ვკითხულობ კორონავირუსის გარშემო ატეხილ შეთქმულების თეორიებს.

ცერცვაძის ბლიც ინტერვიუ უკვე ოთხჯერ გადავახვიე და ყველაზე იმედიანი მაინც ბოლოს, დაფაზე დაწერილი სლოგანი მომეჩვენა : „შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ერთად დავამარცხებთ კორონავირუსს“.

ვამარცხებ ჩემებურად. აქამდე ვნახე ყველა ფილმი, რომელიც მსოფლიოს განადგურებით ემუქრებოდა, დღეს ჟანრების რადიკალურ შეცვლაზე დავფიქრდი და „ტოსკანას ცის ქვეშ“ მომინდა თუნდაც ერთი საათით ყოფნა.

2 -3 აპრილი, კარანტინის მეთერთმეტე და მეთორმეტე დღე
მიყრუებული პასუხისმგებლობა

დილიდან წვიმს და ყველანაირ პირობას ქმნის იმისთვის, რომ დავრჩე სახლში, თუმცა გარეთ გასვლის აუცილებლობა მაინც იქმნება.

მთავარი, რაც გასვლისთანავე თვალში მხვდება, ასფალტზე გაწოლილი მამაკაცია. მაშინვე 112-ს ვუკავშირდები და პარალელურად ვცდილობ ყველას მივაწოდო ინფორმაცია, ვინც პირდაპირ ან ირიბად შეძლებს დახმარებას. სასწრაფოს ექიმი მალევე მოდის. ირკვევა, რომ ასფალტზე მყოფი მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშაა და ექიმიც რეანომობილს აღარ იძახებს , - „ნასვამია და ამისთვის ბრიგადას ვერ მოვაცდენ“. პაციენტს იქვე ერთ-ერთ ჭიშკართან სკამზე ტოვებს და მიდის.

ვრჩები გაოგნებული. ვფიქრობ, რატომ არ იყო ექიმი კოორდინაციაში პატრულთან, რატომ არ გადაიყვანეს მამაკაცი, თუნდაც გამოფხიზლებამდე კლინიკაში და რატომ დატოვეს „პანიკის შესაქმნელად“ ქუჩაში? რა გარანტია აქვს ექიმს, რომ ასფალტზე მძინარე მოქალაქე არ გახდება ვირუსის ინფექციის ჯერ მატარებელი და მერე გამავრცელებელი? რა გარანტია აქვს იმავე ექიმს, რომ მამაკაცი, რომელიც საკუთარ სახელს ვერ იხსენებდა, საკუთარი სახლის გზას გაიკვლევდა იოლად და, ჩემი უბნის მსგავსად, კიდევ სადმე, რომელიმე ქვაფენილზე არ მიიძინებდა? ჯერ კიდევ გუშინ მადლობებს ვარიგებდი ექიმების მისამართით, დღეს ჩუმად ვარ.

პირველი, რაც ასფალტზე დაწოლილმა მამაკაცმა გამახსენა, ის კადრები იყო, სოციალურ ქსელში უჰანიდან რომ ვრცელდებოდა, ვითომ დაინფიცირებული მოქალაქეები შუა ქუჩაში ეცემოდნენ და გონებას კარგავდნენ. უჰანისგან განსხვავებით, ეს ის შემთხვევა იყო, როცა სიტყვა „ნასვამიას“ გაგონება ყველაზე მეტად გამიხარდა.

4-5 აპრილი, კარანტინის მეცამეტე და მეთოთხმეტე დღე
სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემა

შაბათი და კვირა კარანტინის ზონაში ყველაზე ნაკლებადაა დახურული, ჩაკეტილი და წყნარი. ყველაზე ნაკლები ადამიანი რჩება სახლში და ყველაზე ნაკლებად ახსოვთ კორონა. აქამდე რასაც მეგობრები, მეზობლები და ახლობლები მწერდნენ, უბრალოდ, არ მჯეროდა.

ქალაქის ბაზართან დილიდანვე ხალხმრავლობაა. ამდენი ხალხი კარანტინამდე, ალბათ, მარტო ახალი წლის დღეებში თუ მინახავს. ამ დროს კი ირგვლივ ვერცერთ პატრულს ვერ მოკრავთ თვალს. მიკროავტობუსები, ავტომობილები,ხელდატვირთული საზოგადოება, სურსათი, ბოსტნეული... მოკლედ, ყველა და ყველაფერი ერთმანეთში ირევა.

altვისაც აქამდე 30 ლარიანი ნივრის ნახვა უნდოდა, დღეს 32 ლარად დახვდათ. უკმაყოფილო სახეებს პირბადე ფარავს, დაუთოვებულ ფულის ბანკნოტებს ერთმანეთში ცვლიან და მიჩნდება განცდა, რომ ერთხელ კი არა ათჯერ გამოდიან სახლიდან, ერთი ქორწილის სუფრის პროდუქტსაც ყიდულობენ და რიგში დისტანციის დაცვაზე შენიშვნას თუ მისცემ, კარგა გემრიელედაც გაგლანძღავენ. ბოლოს, თუ ნერვები გიმტყუნებს და მთავრობას მოკითხავ - რატომ არ კონტროლდება წითელ ზონაში წესრიგი - სართულებიან წყევლასაც მოგაყოლებენ, უმადურსაც გამოგიყვანენ და მადლობის სათქმელადაც დაგინიშნავენ საათობრივ განრიგს... ასეთია საზოგადოების ერთ ნაწილის კარანტინის წესების აღქმის ფორმა.

მეორე ნაწილი კი სხვა განზომილებაშია. ონლაინ სივრცე არის გარემო, სადაც აზრის გამოხატვას ყველა ვერ ბედავს, კარანტინის ზონაში ცხოვრება კიდევ უფრო მეტი პრობლემის გაჩენას არ გამორიცხავს. ისედაც დაყოფილი საზოგადოება, არც ამისთვის აღმოჩნდა მზად.

ბოლნისში არ არსებობს დამოუკიდებელი მედია და, ვფიქრობ, რომ ეს გარემოება გარკვეულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას მუნიციპალიტეტის შიგნითაც და გარეთაც ბევრად უშლის ხელს. ასეთ სიტუაციაში, ერთადერთი სივრცე, გამოხატო კმაყოფილება, უკმაყოფილება ან უბრალოდ დააფიქსირო აზრი, არის სოციალური ქსელი.

ვაკვირდები და ერთი პრობლემის შემცველ პოსტს, შესაძლოა, უამრავი ადამიანის დამაბულინგებელი კომენტარი მოჰყვეს. საზოგადოების ერთ ნაწილს აქვს განცდა, რომ ყველაფრის მადლიერი უნდა ვიყოთ - მათ შორის იმისაც, რომ ნიორი 32 ლარი ღირს.

ჩაკეტილ ზონაში, 10 დღის თავზეც კი, სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემაა.


დღიურების დასაწყისი  

კატეგორია - ბლოგი
alt

ჟურნალისტიკაში სულ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, როცა მითხრეს, რომ ადგილობრივი საეკლესიო იერარქი ანათემის გამოცხადებას მიპირებდა, თუკი ჩემი დაწერილი ნიუსის გამო არ შევინანებდი.

ნიუსი არასრულწლოვანთან მიმართებაში გარყვნილ ქმედებას ეხებოდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთერთი ტაძრის ეზოში. მოძალადე სასულიერო პირი არ იყო, თუმცა მრევლს წარმოადგენდა და იმ ტაძრის ხშირი ვიზიტორი იყო. საეკლესიო იერარქების რისხვა განპირობებული იყო იმით, რომ ნიუსი ჩრდილს აყენებდა ეკლესიის რეპუტაციას. მეორეს მხრივ, სახეზე იყო ძალიან მძიმე, სექსუალური დანაშაული არასრულწლოვანთან მიმართებაში იმ ტაძრის ეზოში, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ ბავშვები, მოძალადის პოტენციური მსხვერპლები.

ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განუზომელ ძალაუფლებას ელვის სისწრაფით კრეფდა და მასთან რაიმე ტიპის დაპირისპირება მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა ნებისმიერი პირისთვის, მითუმეტეს პატარა ქალაქში ანათემირებული ჟურნალისტისთვის. ასე იყო თუ ისე, მაშინ ანათემას გადავურჩი.

წლების შემდეგ ისევ მომიხდა სასულიერო პირებთან დაპირისპირებაში შესვლა, როცა რედაქციაში მოძალადე მღვდლისგან ნაცემი ქალი მოვიდა. ჰო, ძალიან რთული აღმოჩნდა ამ თემაზე მუშაობა, როგორ შეიძლებოდა ღვთისმსახურის მხილება და ეკლესიისთვის ჩრდილის მიყენება?! თანაც ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე მედიაში უმეტესად “ქებაი და დიდებაი” იწერებოდა, ან საერთოდ არაფერი.

დღეს ვითარება შედარებით შეცვლილია. ბოლოს სასულიერო პირმა ერთი ცნობილი ხელოვანი დაწყევლა, ჟურნალისტებთან მიმართებაში მსგავს “სანქციებზე” აღარ მსმენია. მედიაც ბოლო წლებში აღარ გაურბის ეკლესიის შიგნით კონკრეტული პრობლემების გაშუქებას, თუმცა ამის გამო ჟურნალისტები ხშირად ხდებიან აგრესიის სამიზნეები.

ბოლო დროს მედია აქტიურად სვამს შეკითხვებს ერთი კოვზით ზიარების წესთან დაკავშირებით, რომელიც ახალი კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკს ქმნის ქვეყანაში. ქვეყანაში გამოხცადებულია საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ბევრ შეზღუდვას აწესებს ქვეყანაში, თუმცა ეს შეზღუდვები ფაქტობრივად არ ვრცელდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, სადაც ადამიანები კვლავაც იკრიბებიან და საერთო კოვზით ეზიარებიან, რაც არის ინფექციის გავრცელების კუთხით ძალიან სახიფათო.

იმის გამო, რომ ჟურნალისტები სვამენ შეკითხვებს, თუ რატომ ვერ ახდენს სახელმწიფო ინფექციის გავრცელების რისკის აღკვეთას ეკლესიაში, ეს დიდ აგრესიას იწვევს არა მხოლოდ სასულიერო პირებსა და მრევლში, არამედ საერო პირებში და თვით ეპიდემიოლოგებს შორისაც კი.

კონტრარგუმენტები ხშირად არის ის, რომ ჟურნალისტები თავად არ იცავენ წესებს და ეკლესიას მოუწოდებენ წესების დაცვისკენ:

  • “ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტები, რომლებიც არანაირ წესს არ იცავენ… მეც პირადად ტელევიზიაში ვიყავი ვახო სანაიასთან და აღმოვაჩინე, რომ ჩემს უკან უამრავი ადამიანი მოძრაობდა და არანაირი წესის დაცვა იქ არ იყო და ამ დროს ჟურნალისტი მესაუბრებოდა მე, რომ წესები უნდა დავიცვათ და აუცილებელია წესების დაცვა,” - ამონარიდი დეკანოზ შალვა კეკელიას მიმართვიდან მრევლისადმი.
  • “გარეთ, მაგალითად, 10 ადამიანზე მეტი ხართ შეკრებილი, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ არღვევთ კანონს?!” - მიმართა ჟურნალისტებს კონტრშეკითხვით ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
  • “ჟურნალისტებს ეხება თუ არა [საგანგებო მდგონარეობის შეზღუდვები]? ჰოდა, თქვენ თუ არ გეხებათ, თქვენ უფრო დიდი ხართ, ვიდრე ქრისტეს ეკლესია - 2000-წლოვანი? თქვენ რა, ვერ გადადებთ, რომ დადიხართ ასე? რა ვიცით, რომ ვირუსის მატარებელი არ ბრძანდებით და სპეციალურად არ დადიხართ და სპეციალურად არ დააინფიცირებთ ხალხს?!” - ასევე კონტრბრალდებებით გამოეხმაურა ჟურნალისტების შეკითხვას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი.
  • “ახლა თქვენ რომ დგახართ ჩემთან ასე ახლოს, ესეც არ არის მიღებული ფორმა, იმიტომ რომ ახლა არღვევთ სოციალური დისტანცირების ყველა წესს. მითუმეტეს, თქვენი მიკროფონებით - ამირანი [გამყრელიძე] ლაპარაკობდა და ახლა მე ვლაპარაკობ, ისე, რომ დეზინფექცია მიკროფონებს არ ჩატარებიათ, ანუ თქვენც არღვევთ ახლა ამ წესს”, - ეს კი პაატა იმნაძის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის შეპასუხებაა ჟურნალისტებთან, რომლებიც დაინტერესდნენ ეკლესიაში წესების დაუცველობის გამო ინფექციის გავრცელების რისკებით.
“საზოგადოებრივი ინტერესი” - არის ამოსავალი წერტილი იმისა, თუ რატომ უნდა ინტერესდებოდეს მედია ეკლესიაში მრევლის შეკრებისა და ზიარების საკითხით პანდემიის დროს. დიახ, საზოგადოებრივი ინტერესის საგანია საფრთხეებზე და რისკებზე ინფორმაციის მიწოდება.

საფრთხე და რისკი ინფექციის გავრცელების არსებობს, თუკი ადამიანები არ დაიცავენ მთავარ წესს, რაც უკავშირდება სოციალურ დისტანცირებას და თვითიზოლაციას, რომელიც გამოიხატება მთავარ მესიჯში - “დარჩი სახლში!” ეს წესი ირღვევა, როდესაც ადამიანები თავს იყრიან ეკლესიაში ლიტურღიაში მონაწილეობის მისაღებად. ის არგუმენტი, რომ ეკლესიაში შეკრებილი მრევლი დადგენილ დისტანციას იცავს, არაფერს ცვლის, როცა მათი ერთი კოვზით ზიარება ხდება. ინფექცია ვრცელდება, პირველ რიგში, წვეთოვანი გზით. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი ერთი კოვზით ზიარების შედეგად, ანუ წვეთოვანი გზით მრევლის წარმომადგენლები დაინფიცირდებიან, შემდეგ ისინი თავიანთი სოციალური კონტაქტებით ეკლესიის გარეთ ქმნიან ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს.

ამდენად, ზიარების და მრევლის შეკრების საკითხი ამ შემთხვევაში არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, რომელიც მედიამ უნდა დააკმაყოფილოს - დასვას შეკითხვები, მოიპოვის პასუხები, აღწეროს ფაქტები და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.

შესაბამისად, ამას არაფერი აქვს საერთო ვინმეს რწმენის თავისუფლების ხელყოფასთან. ამიტომაც სრულიად უადგილოა, როდესაც ჟურნალისტები “თავის მართლების პოზაში” დგებიან, როდესაც ამ თემების გაშუქებას იწყებენ და ასრულებენ იმით, თუ რამდენად ღრმად მორწმუნეები და აღმსარებლები არიან პირადად ისინი და როგორ პატივს სცემენ კონკრეტულ სასულიერო პირებს. თუმცა, ალბათ, გასაკვირიც არ უნდა იყოს, როდესაც თავად ექიმებისა და ინფექციონისტებისგან ვისმენთ ასეთ “აღსარებებს” პირდაპირ ეთერში, რის გამოც “უფლის ნების იმედად” ყოფნას გვირჩევენ. სხვათაშორის, მედიის ინტერესის საგანი უნდა იყოს ასეთი “აღსარებებიც” იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ინფექციასთან ბრძოლაზე და არა დაბადების დღის ტორტებით გამასპინძლება რესპონდენტებთან ან მათთვის საჯაროდ სიყვარულის ახსნა.
კატეგორია - ბლოგი
alt
ფოტოზე: პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე და თენგიზ ცერცვაძე. 
ზაალ სულაკაურის მიერ შესრულებული კარიკატურა

„დასვი იმდენი კითხვა, რამდენიც საჭიროა და გაიმეორე იმდენჯერ, ვიდრე რესპონდენტისგან სასურველ პასუხს არ მიიღებ, მიუხედავად მისი ავტორიტეტისა. გახსოვდეს, რომ ეს პროფესია „კერპებს“ და „გმირებს“ ვერ იტანს და ნურც შენ ეცდები ვინმესგან ასეთის შექმნას“, - ალბათ, ასე ვუპასუხებდი სტუდენტს ახლა ჟურნალისტიკის მიმართულების ლექტორი რომ ვიყო და მასაც ჟურნალისტის მთავარი ფუნქციის შესახებ ეკითხა.

ეს, ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტება, რომელზეც, წესით ყველა უნდა თანხმდებოდეს, ხშირად სადავო ხდება ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტის მქონე პირს, ან ამა თუ იმ დარგის დამსახურებულ წარმომადგენელს ეხება. ასეთ დროს ემოცია რაციონალურ განსჯას სცილდება და საზოგადოებაც ჟურნალისტის კრიტიკას მხოლოდ იმის გამო იწყებს, რომ მან მისი „ფავორიტისა" თუ "გმირისთვის" უბრალოდ კითხვის დასმა გაბედა, რამაც თავის მხრივ კითხვის ადრესატიც გააღიზანა. 

არადა, ჟურნალისტის, როგორც საზოგადოებასა და რესპონდენტს შორის ინფორმაციის გამტარის მთავარი ვალდებულება ზუსტად საკითხის გარშემო არსებულ კითხვებზე პასუხების მიღება და მათი აუდიტორიამდე მიტანაა. ეს ვალდებულება გაასმაგებულ დატვირთვას იძენს, როდესაც საქმე კრიზისულ შემთხვევებთან გვაქვს და ინფორმირებულობის როლიც, შესაბამისად, გაასმაგებულია. 

პრობლემა სრულფასოვნად რომ გავიაზროთ, თავდაპირველად მისი საწყისი უნდა გავშიფროთ და ყველაფერი საკუთარ ადგილს მალევე თავად მონახავს. ასე მაგალითად, საყოველთაო ბრაზი ერთი მიმართულებით მაშინ იხეთქებს ხოლმე, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილის ფავორიტებს მედია ზომაზე მეტად შეიყვარებს, საყოველთაო აღტყინებაში შეტოპავს, მათი მისამართით გადამეტებულ რევერანსებს არ იშურებს და მეტიც, ეშხში შესულს რესპონდენტისთის პირადპირ ეთერში საიუბილეო ტორტის მირთმევაც არ ეთაკილება. შედეგად, იშლება ყველა ის ზღვარი და დისტანცია, რომლის დაცვაც მედიას პროფესიული ეთიკის ფარგლებში მოეთხოვება.

განზოგადებული მაგალითი, ალბათ, ყველამ ზედმეტად კონკრეტულად გაიგო და არც ამბის მთავარი გმირების ამოცნობა გაუჭირდა. დიახ, ზუსტად მიხვდით, ამბავი სწორედ ქართველ „სამ მუშკეტერად“ წოდებული სამეულის ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძისა და თენგიზ ცერცვაძის მედიასთან ურთიერთობას ეხება, როდესაც თავდაპირველი „ფლირტი“ პროფესიულ დრამაში გადაიზარდა და ასე ვთქვათ კომფორტულ გარემოს შეჩვეული „გმირები“ მათთვის უსიამოვნო, თუმცა სრულიად ლეგიტიმურმა კითხვებმა გააღიზიანა, რაც საბოლოოდ, კითხვების ავტორის მიმართ საყოველთაო უკმაყოფილებაში გადაიზარდა.

არადა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჟურნალისტმა ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის პარალელურად, სტუმრთან მხოლოდ იმის გარკვევა სცადა, თუ რატომ არ გვაქვს ვირუსის დამდგენი სწრაფი ტესტები? როდის გვექნება ისინი და დგას თუ არა პროცესის დაყოვნების უკან ვინმეს კომერციული ინტერესი? კითხვებით ნაწყენი დარჩა ადრესატი, კიდევ უფრო მეტად კი - საზოგადოება. აუდიტორიის ნაწილმა ჟურნალისტს მისი „გმირისთვის“ კითხვების დასმა ვერ აპატია. ერთი კატეგორია მას არაპროფესიონალიზმს, მეორე კი - უმადურობას ედავებოდა.

არადა, რა ქნას ასეთ დროს ჟურნალისტმა, როდესაც კითხვები არსებობს და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად სტუდიას „ჩვენი გმირები“ სტუმრობენ? როდესაც კითხვის რეალური ადრესატი მოუცლელობის მოტივით, პასუხებისგან თავს იკავებს [თუმცა მისთვის კომფორტულ გარემოში სტუმრობისთვის მაინც იცლის], ცხადია, კითხვებიც სწორედ მათ მიემართება, ვისაც ზემდგომებმა სპიკერობა და მედიასთან ურთიერთობა არგუნეს.

შესაბამისად, აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ყველა დასმულ კითხვაზე ადეკვატური პასუხიც მათი ვალდებულის ნაწილია, რაც უნდა უსიამოვნო და არაკომფორტული იყოს ეს მათთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც კონკრეტული საკითხის გარშემო არსებობს, კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვების პირობებში, ერთ დიდ უფსკრულად იქცევა, რომლის ამოვსებაც სულ უფრო და უფრო გართულდება.

დასვას კითხვა და მასზე მიიღოს პასუხი, ეს ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობაა აუდიტორიის წინაშე, კითხვის არდასმა მისი რაიმე ფორმით შელამაზება და გარკვეული მიზეზით თავის არიდება კი - ამ მოვალეობაზე უარის თქმა და იმ მთავარი პრინციპის ღალატია, რომლის დაცვასაც მას საკუთარი პროფესია ავალდებულებს.

თემაზე დისკუსიების ნაწილში ერთ საინტერესო მოსაზრებას წავაწყდი და საუბარს მეც ამით დავასრულებ - „საქართველო საბჭოთა კავშირი არ არის და ის თანამედროვე დემოკრატიის ნაწილია, დემოკრატიულ ქვეყნებში კი - კითხვებს სვამენ და პასუხებსაც იღებენ. საქართველო არასდროს გახდება ჩრდილოეთ კორეა, სადაც კითხვის დასმა დასჯადია“.