ბლოგი
კატეგორია - ბლოგი
რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომმა ჰოლოდომორის საკითხი გააცოცხლა. მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1932-1933 წლებში მილიონობით უკრაინელი იმსხვერპლა, დღემდე საზოგადო და პოლიტიკური დავის საგანია. ზოგი მიიჩნევს, რომ საშინელი სიკვდილიანობა საბჭოური ეკონომიკური კრიზისის შედეგი იყო, ხოლო დიდი ნაწილის მოსაზრებით, ეს ხელოვნურად გამოწვეული და უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად მიზანმიმართული სტალინისეული პოლიტიკა გახლდათ.

აღიარებული პოლონელი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის ბიოგრაფიული დრამა სათაურად „მისტერ ჯონსი“, ბრიტანელი ჟურნალისტის, გარეთ ჯონსის (1905-1935) საბჭოთა კავშირში მოგზაურობაზე მოგვითხრობს. ახალგაზრდა უელსელი რეპორტიორი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მთელ სამყაროს აუწყა საშინელი შიმშილობისა და უდიდესი მსხვერპლის შესახებ. ბრიტანულ-უკრაინულ-პოლონური ერთობლივი ნამუშევარი 2019 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ პროგრამაში იყო ჩართული.

სიმბოლურია, რომ ფილმი ჯორჯ ორუელისეული, ფერმისა და ღორების კადრებით იწყება. ამერიკელი მწერალი ხომ სწორედ ამ დროს მუშაობდა თავის ცნობილ რომანზე. ორუელს მაყურებელი კიდევ შეხვდება და მისი ალუზიური „ცხოველების ფერმაც“ ფილმს ყურებისას, ერთგვარ ლაიტმოტივად გაყვება.

მთავარი გმირი აქტიური, ენთუზიაზმით სავსე, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერთან, დევიდ ლოიდ-ჯორჯთან დაახლოებული ამბიციური ჟურნალისტია, რომელმაც უკვე ჩამოართვა ინტერვიუ ქვეყნის სათავეში ახალმოსულ ადოლფ ჰიტლერს, ამჯერად კი საბჭოთა კავშირში მიემგზავრება იოსებ სტალინთან სასაუბროდ.

პირქუშ მოსკოვში ჩასული გარეთ ჯონსი უცხოელი რეპორტიორების ბოჰემურ წრეში ექცევა. აქ ლიდერი ინგლისელი ჟურნალისტი, პულიცერის პრემიის ლაურეატი უოლტერ დიურანტია, რომელიც მრავალი წელია საბჭოეთში ცხოვრობს და შესაბამისად, სტალინის მეხოტბეა. სხვათა შორის, დიურანტი მსოფლიომ მოგვიანებით გააკრიტიკა ჰოლოდომორისა და საბჭოური მასობრივი შიმშილობის უარყოფისთვის. ჯონსი მალევე ხვდება, რომ მისი ადგილი მოსკოვსა და ხსენებულ წრეში არაა და მკაცრ რეალობასაც აწყდება. „გარეთ, დაბრუნდი სახლში, არაა ეს ქვეყანა საშენო“, - ურჩევს დიურანტი ახალგაზრდა მისტერ ჯონსს, მას შემდეგ რაც უელსელი ჟურნალისტი ცივ ზამთარში თავად გახდება საშინელების მოწმე - შეძრწუნებული გარეთ ჯონსი საკუთარი თვალით ნახავს ნეკროფაგებად ქცეულ ადამიანებსა და კანიბალიზმის შემთხვევებს, რასაც მართლა მასობრივად იყო მოდებული ჰოლოდომორის მძიმე პერიოდში.

საბოლოოდ, ჯონსი The Times-ში აქვეყნებს ვრცელ ინფორმაციას ტოტალიტარული რეჟიმის ქვეშ მყოფი ხალხის უმძიმესი ფიზიკური და მორალური ყოფის შესახებ, ფილმის ეპილოგი კი ჟურნალისტის სიკვდილს გვახსენებს, რომელიც სწორედ ჰოლოდომორზე ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება - მომდევნო წელს გარეთ ჯონსი საბჭოეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) მიერ დაქირავებულმა ბანდიტების ჯგუფმა გაიტაცა და ოცდაათი წლის იუბილის წინა დღეს, 1935 წლის 12 აგვისტოს მოკლა.

დღეს უკვე ყველასთვისაა ცნობილი, რომ 2010 წელს, კიევის სასამართლომ ჰოლოდომორი იოსებ სტალინის მმართველობით განხორციელებულ გენოციდად აღიარა, ხოლო დანაშაულისთვის ასევე პასუხისმგებლებად დაასახელა იმ დროის უკრაინელი და საბჭოელი კომუნისტი ჩინოსნები: ლაზარ კაგანოვიჩი, სტანისლავ კოსიორი, მენდელ ხატაევიჩი, ვლას ჩუბარი და სხვები.

ჰოლოდომორი გენოციდად აღიარებული ასევე აქვს მსოფლიოს ოცამდე ქვეყანას, მათ შორის - საქართველოს.
კატეგორია - ბლოგი
უკრაინა ომშია. ქვეყნის მოსახლეობა, ყოველდღიურად, ნამდვილ ჯოჯოხეთს გადის. პუტინის ჯარისკაცები სადისტურად ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. რუსების დაუნდობელი შეტევის შემდეგ, ასობით ნაწამებ, შემდეგ კი, დახვრეტილი მოქალაქის გვამებს საერთო სასაფლაოებში პოულობენ. მესამე თვეა, მედია უწყვეტად აჩვენებს იქაურ ამბებს.  არავინ იცის, როდის დაასრულებს თანამედროვე სამყაროს ტირანი უმოწყალო ხოცვა-ჟლეტას ჩვენს მეგობარ და მეზობელ უკრაინაში და შესაძლოა, დიდად არც ის ვიცით, რეალურად, რის გაკეთება შეუძლია ჩვენს ქვეყანას მათი ტკივილის შესამსუბუქებლად, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცით, რა არ უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ მოძმე ერს ჭრილობებზე მარილი არ დავაყაროთ. ჭრილობებზე მარილის მოყრა ჩვენს მთავრობას ჰკითხეთ.

პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა, ზღვარი შენივე ქვეყნის ოკუპანტი რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში მყოფი ქვეყნის მიმართ გასაკეთებელ და არ გასაკეთებელ განცხადებებს შორის, ჯერ კიდევ ომის დაწყებისთანავე მოშალა. ამ განცხადებებს, რა თქმა უნდა, ზურგს მუდამ უმაგრებს სახელისუფლებო მედიაც. ეს კი, პოლიტიკური პარტიისთვის ძალიან დიდი ძალაა და სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ მთავრობისადმი კეთილგანწყობილი მედია ფარავს.  დამოუკიდებელი საქართველოს მედია ისტორია გვიჩვენებს, რომ სახელისუფლებო მედიად ყოფნა ბევრი კომფორტის მომტანია. კომფორტი, თავის დროზე, არც სააკაშვილს დაუკლია რევოლუციის შემდეგ სასურველი პარტნიორებისთვის გადაფორმებული “რუსთავი 2"-ისთვის, დარბევის შემდეგ “დათრეული” “იმედისა” თუ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რომელიც, ჩვენს ქვეყანაში, არჩევნებში გამარჯვებული ძალებისთვის გარდამავალი პროპაგანდისტული ჩირაღდანივით ვაქციეთ. 

იყო სამთავრობო მედია, ნიშნავს, არ გაგაჩნდეს არც საკუთარი აზრი, არც ხმა, არც ტონი — არაფერი, რაც მედიას მედიად აქცევს. ამას რა დიდი ანალიზი ან დაკვირვება სჭირდება, მაგრამ რუსეთის მიერ, უკრაინაში ომის დაწყებამ მაინც უფრო მკვეთრად დაგვანახა ეს ყველაფერი და, მაგალითისთვის, ტელეიმედისთვის თვალის დევნებაც კმარა.

ტელეკომპანია „იმედმა“, ჯერ კიდევ წლების წინ გამოაცხადა, რომ ერთვებოდა ბრძოლაში “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ და მოქმედი ხელისუფლების მხარდასაჭერად. ოღონდ, იმ ხელისუფლებისა, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის დამაზიანებელი პოლიტიკით სულ უფრო და უფრო ემსგავსება წინამორბედს, მეორე მხრივ კი, თავის მიერვე, “ომის პარტიად” გამოცხადებული “ნაციონალების” დევნაში, ოპონენტებზე თავდასხმის ასპარეზი იმდენად გააფართოვა, რომ რეალურ, სასტიკ ომში ჩართული უკრაინა ლამის სიტუაციურ მტრად აქცია.

“ოცნების” ხელისუფლების უკრაინასთან სიტუაციურ მტრობას თავისი საფასური აქვს სამთავრობო მედიისთვის. მათ უწევთ თავადაც იქცნენ უკრაინის სიტუაციურ მტრად და რამდენადაც მძიმედ არ უნდა ჟღერდეს, გარკვეული გაგებით - რუსული პროპაგანდის სიტუაციურ მოკავშირედაც და კი, ეს სამთავრობო მედიად ყოფნის ძალიან მძიმე საფასურია.

ტელეიმედის ტონი უკრაინაში ომის გაშუქებისას ერთი ერთზე მიჰყვება სამთავრობო გუნდის დღის წესრიგს. გაამკაცრებს კობახიძე ტონს? - გაამკაცრებს “იმედი”, შეარბილებს კობახიძე ტონს? - შეარბილებს “იმედიც”. საკუთარი გაუაზრებელი, თუ გააზრებული (და ღმერთმა უწყის, რომელი უარესია) განცხადებებით გადაგვკიდებს ღარიბაშვილი უკრაინას? - გადაეკიდება “იმედიც”, უკრაინასთან ურთიერთობებში შექმნის მეგობრულ, “მოდი, ყველაფერი დავიწყოთ თავიდან, ოღონდ ნაცების გარეშე” ფონს პარლამენტის თავმჯდომარე? - ამავე ხაზს, სამთავრობო ტონშივე შეუერთდება “იმედიც”. 

და სამთავრობო სურვილებს, სამთავრობო არხზე, ვერავინ აღუდგება წინ, იმიტომ რომ მთავრობამ უკეთ იცის, როგორც ებრძოლოს ნაცებს, ანუ - უკრაინას, ანუ - მტრებს და ამგვარად, ტელევიზიისთვის სულ უფრო და უფრო ვიწროვდება ზღვარი სამთავრობო პროპაგანდასა და რუსული ინტერესებისთვის ხელსაყრელ პროპაგანდისტულ მესიჯებს შორის, რადგან, როდესაც მთავრობა უკრაინის მაღალჩინოსნებზეა გამწარებული, “იმედიც” გამწარდება და კვირის ცენტრალურ საინფორმაციო - ანალიტიკური გამოშვების დასაწყისშივე, ძირითად დროს დაუთმობს იმას, თუ „როგორ გადაგვემტერა უკრაინა“.  ჰო, ამას. აი, ამას - როგორი ომში ჩამთრევია უკრაინა. აი, ის უკრაინა, ახლა, ამ ბლოგის კითხვის მომენტში, რუსეთი რომ უხოცავს ხალხს. რომელი რუსეთი და ის რუსეთი, აი, ჩვენ რომ ამოგვიწყვიტა ხალხი 2008 წელს, კიდევ 90-იანებიც, კიდევ მანამდეც, ერთი საუკუნის წინაც... და “იმედი” იმაზე საუბარს, თუ როგორ გვითრევს ცუდი უკრაინა ომში, არ დასჯერდება არგუმენტების მხოლოდ წულუკიანისა და ვოლსკის კომენტარებით გამყარებას და სიუჟეტს დაიწყებს იუთუბზე ატვირთული იმ პროვოკაციული ვიდეოს ჩვენებით, რომელშიც სახედამალული ვიღაც ტიპები აფხაზეთში შეჭრისკენ მოგვიწოდებენ და ამის გავრცელებასაც უკრაინის სურვილებს დაუკავშირებს, გახსნას საქართველომ “მეორე ფრონტი”. 

ეს ის ვიდეოა, რომელიც დიდი ხნის წინ გამოქვეყნდა და არცერთ თავმოყვარე ქართულ ონლაინ, თუ ტელემედიას არ გაუშვია ეთერში, სამაგიეროდ, არსებობს ეჭვები, რომ მის გავრცელებაში ძალისხმევა არ დაუშურებია რუსეთს და ამ ვიდეოს, იუტუბზე, დასპონსორებული სახით უგდებდა ქართულენოვან აუდიტორიას. აი, ასე ვიწროვდება ზღვარი სამთავრობო პროპაგანდასა და რუსულ პროპაგანდას შორის, თუ ხდება ისე, რომ ეს ორი, ნაცების, ანუ - უკრაინის, ანუ - ბოროტების წინააღმდეგ სიტუაციური მოკავშირეები ხდებიან. 

ჰოდა, სად გადის ზღვარი სამთავრობო მედიისთვის ხელისუფლების მხარდაჭერასა და რუსულ პროპაგანდას შორის? ვფიქრობ, რაც უნდა მიუღებელი იყოს მათთვის ჩემი, ან სხვა მაყურებლების კრიტიკული მიდგომა მათი საქმიანობის ამ ნაწილის მიმართ, სულ მცირე, ამ კითხვამ უნდა დააფიქროს ამ არხების ინტელექტუალური რესურსი და კი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამთავრობო არხები ბევრ გონიერ, კარგი შემოქმედებითი უნარებისა და შესაძლებლობების ადამიანსაც აერთიანებს.
კატეგორია - ბლოგი
დასავლეთი ის სოციოპოლიტიკური სივრცეა, რომლისკენაც ჩვენი საზოგადოება მიისწრაფვის. ასევე, დასავლეთში მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპასა და ამერიკაში მიმდინარე მოვლენების ადეკვატურად აღქმა.

თუმცა სამწუხაროდ, დასავლეთის სწორად აღქმაში ზოგჯერ ჩვენში ღრმად გამჯდარი კომპლექსები გვიშლის ხელს. ქართული მეინსტრიმული მედიისა და ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულება ევროპისა და ამერიკის მიმართ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციაც შეგვიძლია დავყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტენდენციები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან, ორივე მათგან თანაბრად კონტრპროდუქტიულია. ქვემოთ თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე განვიხილავ.

პირველი ტენდენცია, რომელიც ერთი შეხედვით, მეორეზე უფრო დომინანტურია, არის დასავლეთში მიმდინარე მოვლენების განხილვა ნაციონალისტური პრიზმიდან. ეს გულისხმობს საქართველოში აქტუალური პრობლემებისა და პოლიტიკური დაყოფების მთელ მსოფლიოზე და განსაკუთრებით, დასავლეთზე განვრცობას. ამ მავნე პრაქტიკას, განსაკუთრებით, დომინანტური ქართული პოლიტიკური პარტიები მისდევენ და მათი გავლენით, მედიისა და საზოგადოების ნაწილიც ადგილობრივი შავ-თეთრი პოლიტიკური დიქოტომიებით აღიქვამს დასავლურ პოლიტიკას.

ზემოთაღნიშნული მსოფლმხედველობის ერთი მაგალითია დასავლეთში მიმდინარე მოვლენების „ნაცებისა“ და „ქოცების“ მოკავშირეების დაპირისპირებად აღქმა. ალბათ ზედმეტია იმის ახსნა, რომ დასავლურ პოლიტიკურ დებატებში საქართველოს და ქართული პოლიტიკური პარტიების საქმიანობას ცენტრალური ადგილი, ძირითადად, არ უკავიათ. ამასთანავე დემოკრატიული დასავლური ქვეყნების პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში რთული და მრავალშრიანია, ვინაიდან ის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების დაპირისპირებას მოიცავს.

უფრო მეტიც, ბოლო დრომდე დასავლურ პოლიტიკურ დებატებში არც რუსეთთან დაპირისპირება იყო მთავარი პოლიტიკური თემა. მართალია, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ამ მხრივ ვითარება ცალსახად შეიცვალა, თუმცა არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ დასავლეთის წამყვან ქვეყნებში - ისე, როგორც საქართველოში, ნებისმიერი არჩევნების ცენტრალური თემა ეს არის.

საქართველო არის ქვეყანა, რომლის 20% მიტაცებული აქვს რუსეთს და, რომელიც მუდმივად განიცდის მცოცავი თუ სრულმასშტაბიანი ოკუპაციის საფრთხეს. ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ საქართველოში ცენტრალური პოლიტიკური საკითხი რუსული იმპერიალიზმის შეჩერებაა. თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, ანალოგიური მოლოდინი ვერ გვექნება დასავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში. მაგალითად, საფრანგეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო, მაგრამ არა ერთადერთი. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, ლე პენმა და მაკრონმა, რუსული იმპერალიზმის გარდა, ბევრი სხვა საკითხი განიხილეს - მათ შორის, ეკოლოგია, იმიგრაცია, სოციალური დახმარებები, ევროკავშირის წევრობა და ა.შ.

ნაციონალისტური პრიზმა მკვეთრად ამახინჯებს ჩვენ მიერ დასავლეთის აღქმას. იმის გამო, რომ ვერ ვიგებთ, თუ სინამდვილეში, რით აიხსნება კონკრეტული მოვლენები, არასწორ მოლოდინებს ვიქმნით ამა თუ იმ საკითხის შესახებ და შემდეგ არასწორ ნაბიჯებსაც ვდგამთ. იმისთვის, რომ მავნე შედეგები თავიდან ავიცილოთ, გვჭირდება ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს და განსაკუთრებით, დასავლეთის უკეთ გაცნობა და სხვა სოციოკულტურულ და პოლიტიკურ სივრცეებში მიმდინარე მოვლენების კონტექსტუალური აღქმა.

ამავე დროს, არსებობს საპირისპირო ტენდენციაც, რომელიც ნაციონალისტურ მიდგომაზე არანაკლებ საზიანოა. კერძოდ, ვგულისხმობ ჩვენი საზოგადოებისა და მედიის ნაწილისთვის დამახასიათებელ ერთგვარ (კვაზი)კოლონიალისტურ მიდგომას დასავლური ქვეყნების მიმართ. დასავლეთში ბევრ სოციალურ, შიდა პოლიტიკურ და საგარეო პოლიტიკურ თემაზე არ არსებობს ერთიანი შეთანხმებული აზრი. ამის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში მაინც არსებობს ერთიანი, მონოლითური „წმინდა“ დასავლეთის ხატი.

ამ ხატის არსებობა საზიანოა, ვინაიდან ის უაზრობისკენ და ზოგჯერ, საკუთარი ინტერესების უგულებელყოფისკენ გვიბიძგებს. ზოგიერთ შემთხვევაში, დასავლეთის გარკვეული ქვეყნები ან ცალკეული პოლიტიკოსები ცდებიან და ამ შეცდომებზე მითითება აუცილებელია. მაგალითად, ბოლო დროს, ბევრს აკრიტიკებდნენ გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციებს რუსეთთან მიმართებაში. ამ ქვეყნებმა თავიანთი პოზიციების სიმცდარე, გარკვეულწილად, თავადაც აღიარეს და ახლა, ნაწილობრივ მაინც, ცდილობენ, რომ თავიანთი საგარეო პოლიტიკა ახალ რელსებზე გადააწყონ. დასავლეთის მონოლითურ, შეუმცდარ და საკრალურ ერთობად აღქმა მსგავსი ჩავარდნების შემჩნევასა და მათზე მითითებაში ხელს შეგვიშლის. ეს კი, საბოლოოდ, ჩვენი ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება.

იმისათვის, რომ დასავლეთში მიმდინარე მოვლენები გავიაზროთ, არ არის საჭირო არც საკუთარი კონტექსტის დასავლურ სოციოკულტურულ სივრცეზე ხელაღებით განვრცობა და არც ამ სოციოკულტურული სივრცის ირაციონალური „გაფეტიშება“. ორივე შემთხვევაში თავს ამოვყოფთ მცდარ და ზოგჯერ კომიკურ სიტუაციაში (აქ უკვე არა ერთხელ ამოგვიყვია ისედაც თავი). ამ ბალანსის დაცვა, ასევე, აუცილებელია იმისთვისაც, რომ დასავლეთმა მიგვიღოს, როგორც თანასწორი პარტნიორი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს დიდებული ცივილიზაციის განვითარებაში.
კატეგორია - ბლოგი
მედიაში დასაქმებული ადამიანებისთვის დეკემბრის ბოლო განსაკუთრებულია. წელი ჯამდება, რედაქციებში და ტელევიზიებში წლის მთავარი მოვლენებს იხსენებენ, სერიოზული და სახალისო მასალები ერთმანეთს ენაცვლება.

წლის ბოლო პრესსამსახურებისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, სახელმწიფო სტრუქტურები ანგარიშვალდებულების ეგიდით მედიის წარმომადგენლებთან მინისტრების შეხვედრას აორგანიზებენ. ასეთ შეხვედრებს ორმხრივი ბუნება აქვთ – ფორმალური და არაფორმალური.

ერთი მხრივ, შეუძლებელია, ამგვარ გარემოში ისეთი შეკითხვების დასმა, რაც ჩაღრმავებასაც მოითხოვს. შეიძლება, მაგალითად მოულოდნელად ვინმემ მინისტრს საახალწლო ტრადიციის შესახებ ჰკითხოს. მწვავე კითხვისთვის თავის ასარიდებლად, ამ შესაძლებლობას ჩინოვნიკიც აუცილებლად გამოიყენებს, შეხვედრის ბოლოს საჩუქარსაც შემოგაპარებენ – ღვინოს ან ხელნაკეთ საახალწლო სათამაშოს. ამ ყველაფრის ფონზე, გამჭვირვალობის მისიაც შესრულებულია – ფაქტია, პოლიტიკოსებმა უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს.

ასეთ შეხვედრებზე მეც ვყოფილვარ, მთავრობის ადმინისტრაციაში, თავდაცვის სამინისტროში, მგონი, საგარეოშიც, მაგრამ გამორჩეულად მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა დამამახსოვრდა.

მაშინაც ახალი, 2017 წელი დგებოდა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო, რომელმაც წლის მთავრობის ბოლო სხდომა გამართა. მინისტრები, როგორც წესი, კანცელარიის ბოლო სართულზე იკრიბებიან, პირველ სართულზე მოწყობილ ბრიფინგების სპეციალურ ოთახში კი ჟურნალისტები და ოპერატორები ვიცდით. როგორც წესი, დრო იმაში გადის ხოლმე, გამოვიცნოთ, რომელ მინისტრს ჩამოიყვანენ პრესსამსახურის წარმომადგენლები. იქ მართლა ამგვარი საკომუნიკაციო ენაა დამკვიდრებული, ინფანტილიზმთან შეზავებული ფამილიარობა – იზორია ჩამომიყვანე, წულუკიანიც რა – გადასძახებენ ერთმანეთს. იმ დღეს ესეც არ გვქონდა გამოსაცნობი, ისედაც ცხადი იყო, კვირკაშვილი ჩამოვიდოდა, ან ჩამოგვიყვანდნენ.

ბრიფინგების თეთრ ოთახს, რომელიც სულ ოდნავ ჰგავს საავადმყოფოს პალატას, ორი კარი აქვს. ერთი კარიდან თანამდების პირები შემოდიან, მეორედან - ჟურნალისტები. კვირკაშვილიც მისთვის განკუთვნილი კარიდან შემოვიდა, თავისი სათქმელი თქვა და კითხვების დასმაც არ გვაცადა, ისევ კარისკენ გაემართა.

ამ ოთახის თავისებურება ისიცაა, რომ მინისტრებისთვის და ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარებს შორის მანძილს, ოთახის გარეთ ლიფტი ესაზღვრება. იქამდე მისასვლელად კვირიკაშვილს ეს მანძილი უნდა უნდა გაევლო. და თუ ამ დროს ჟურნალისტები ვიმარჯვებდით და ჩვენთვის განკუთვნილი კარიდან სწრაფად გავიდოდით, პრემიერ-მინისტრს ლიფტთან მივუსწრებდით და სულ მცირე ერთი შეკითხვის დასმას მოვახერხებდით.

ასეც ვეცადეთ, მაგრამ ჩვენი განზრახვა პრემიერის დაცვამ წინასწარ გათვალა, კარი გარედან ალბათ 10 წამით ჩაგვიკეტა და სახელურს მხოლოდ მას შემდეგ გაუშვა ხელი, რაც კვირიკაშვილი ლიფტში დაიგულა. რა უნდა გვექნა?! დავნებდით, ჩვენთვის მოწყობილ კიდევ ერთ, ნიუსრუმის მაგვარ ოთახში შევედით და კვირიკაშვილის ბრიფინგის გაშიფვრა დავიწყეთ. ამ პროცესში ვიყავით, როცა ოთახში მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელი შემოვიდა და გვითხრა, რომ რამდენიმე წუთში გიორგი კვირიკაშვილი ჩამოვიდოდა, ახალ წელს მოგვილოცავდა და თუ მოვისურვებდით, ჩვენთან ერთად სელფისაც გადაიღებდა.

აღარ მახსოვს, გაოგნებული უფრო ვიყავი თუ გაბრაზებული. სულ რაღაც 15 წუთის წინ მისმა დაცვამ, მართალია, 10 წამით, მაგრამ გადაადგილების თავისუფლება შეგვიზღუდა, კითხვებს დასმის და, შესაბამისად, ჩვენი ფუნქციის შესრულების საშუალება არ მოგვცა და ამ ფონზე ჩვენთან სელფის გადასაღებად ჩამოსვლას გეგმავდა. ამ ამბავში კიდევ ერთი თავისებურება გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ პრემიერის ქცევაში მანიფესტირებულმა უპატივცემულობამ, ჟურნალისტების მხოლოდ ნაწილი გაგვაღიზიანა.

სატელევიზიო და ონლაინ მედიის ჟურნალისტებს შორის პასიურად არსებულმა ფუნდამენტურმა სხვაობებმა თავი აქაც იჩინა. მედიის ნახევარმა ოთახის ისეთ კუთხეს შევაფარეთ თავი, სადაც შეუმჩნევლები დავრჩებოდით, მეორე ნახევარი კი შემოსვლისთანავე გვერდში ამოუდგა პრემიერს და საახალწლო სელფიც შედგა.

ეს ამბავი დღის პირველ ნახევარში მოხდა. რედაქციაში დაბრუნებულმა მაშინდელი მთავარი ოპოზიციური არხის, „რუსთავი 2“-ის გამოშვება ჩავრთე, რომელიც ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის სელფის ამბით გაიხსნა და დღის მთავარ გამოშვებაშიც განმეორდა. ცხადია, არაფერი თქმულა ამბის კონტექსტზე, კითხვის დასმის წართმეულ უფლებაზე და გამოკეტილ ჟურნალისტებზე. ასე უფუნქციოდ არც თავი და არც ჟურნალისტის პროფესია არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მომჩვენებია.

თუ სწორად მახსოვს 2016-17 წლები მსოფლიოში სელფის აღზევების პერიოდია, რაც ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც განმეორდა, ოღონდ უკიდურესი ფორმებით. თავდაცვის სამინისტროშიც, ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს გვთხოვეს, აბა, საერთო ფოტოსთვის დადექითო.

ამ ტენდენციით შეწუხებულმა, პოლიტიკოსების ჟურნალისტების საერთო სელფების სანახავად გუგლს მივაშურე, მაგრამ ტყუილად. ყველაზე „სახალხო კომუნიკაციის“ სტრატეგიის მქონე და ციფრული პლატფორმების უზადო ამთვისებელ ბარაკ ობამასაც კი არ აღმოაჩნდა ამგვარი სელფი, მაშინ როცა ჯეიმს აპატურაისთან ერთად სმარტფონის წინა კამერით გადაღებული ფოტო ჩვენ ქვეყანაში ჟურნალისტობის ერთგვარი საბუთია, რომელმაც თავი აგერ გუშინაც შეგვახსენა.

ჟურნალისტურ ეთიკას, პროფესიონალიზმს, მინიმალურ სტანდარტს საერთოდ თავი რომ დავანებოთ და ამგვარ პრინციპებზე დაფუძნებულ მუშაობაზე ოცნებას ცოტა ხნით საერთოდ რომ შევეშვათ, ჟურნალისტების სელფი ადგილობრივ და საერთაშორისო თანამდებობის პირებთან მაინც კომიკურად გამოიყურება. რა ფენომენია სელფი და რა შემთხვევაში იყენებენ მას პრაქტიკულად უცნობ, ცნობილ ადამიანთან კომუნიკაციისას?

აქამდე თუ ჰოლივუდელ მსახიობებს, ან მუსიკოსებს სთხოვდნენ ავტოგრაფებს, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ცნობილ ადამიანებსა და მათ გულშემატკივრებს შორის კომუნიკაციის ეს ფორმაც შეიცვალა. დღეს კალამი და ფურცელი სმარტფონმა და სელფიმ ჩაანაცვლა. ჰოდა, სასაცილო არ არის იზორიას ავტოგრაფი სთხოვო, კვირიკაშვილს, ან ღარიბაშვილს ან თუნდაც აპატურაის?!
კატეგორია - ბლოგი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერზე დაიჩივლა, ზოგიერთი გარე დამკვირვებელი უკრაინის ომს ისე უყურებს, როგორც „ნეტფლიქსის“ ახალ სატელევიზიო სერიალსო.

პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ მხატვრული სერიალებისგან განსხვავდებით, უკრაინაში ყოველი ახალი ეპიზოდი სამშობლოს მცველების მიერ დაღვრილი სისხლით იწერება. ამ შემთხვევაში, ვერც ისეთი სცენარისტების იმედზე ვიქნებით, ვინც კეთილი დასასრულის გარანტიას მოგვცემდნენ.

როგორ იქცა ზოგიერთი ადამიანისთვის და მედიისთვის უკრაინის ომი მხატვრულ სერიალად და როგორ შეიძლება აღვუდგეთ წინ ამ მავნე ტენდენციას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ქვემოთ შევეცდები.

დავიწყებ იმით, რომ უამრავი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს ადამიანების მიდრეკილებას ნეგატიური ინფორმაციის მიმართ. მაგალითად, ნეგატიური ხასიათის ნიუსებს პოზიტიური შინაარსის ახალ ამბებზე უფრო ხშირად კითხულობენ. ამის მიზეზი ის არის, რომ უარყოფითი ინფორმაცია ადამიანებში მკვეთრ ფსიქოფიზიოლოგიურ რეაქციებს იწვევს. (შესაძლოა, განსხვავებული სურათი მივიღოთ სოციალური ქსელების კვლევისას, თუმცა ამ სფეროში ბევრი რამ ჯერაც გაურკვეველია).

უკრაინის ომის გაშუქებისას, თვალშისაცემია, რომ ზოგიერთი საერთაშორისო და ადგილობრივი მედია უფრო ხშირად კონცენტრირდება ნეგატიურზე, ვიდრე პოზიტიურზე. ეს შეიძლება გამართლებული იყოს არა მხოლოდ მარკეტინგული, არამედ უპირველესად, მორალური თვალსაზრისითაც: ჩვენი მთავარი მორალური ვალდებულებაა ის, რომ ყურადღება მივაპყროთ და დავეხმაროთ მათ, ვისაც უჭირს. თუმცა პარალელურად, ჩნდება იმის საფრთხე, რომ ნეგატივი მივიღოთ ნეგატივისთვის და ამან კონკრეტული ნაბიჯების არგადადგმისკენ და პასიურობისაკენ გვიბიძგოს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს სწორედ ეს აწუხებს.

კვლევებით დასტურდება, რომ პოდოლიაკის წუხილი გამართლებულია. ნეგატივზე ზედმეტად ფოკუსირება და მოვლენების გარდაუვალ კატასტროფად აღქმა ორი აზრით შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული.

  • პირველი: ცნობილია, რომ შიში ადამიანებში იწვევს ევოლუციურ რეაქციას, რომელიც მათ მხოლოდ საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვისკენ უბიძგებს. ზედმეტმა ფოკუსირებამ ნეგატივზე შესაძლოა, ჩვენში შიშის გაღვივება და შესაბამისად, სხვების მიმართ სოლიდარობის გრძნობის შემცირება გამოიწვიოს.
  • მეორე: ნეგატიურმა ახალი ამბებმა შეიძლება გააძლიერონ უიმედობის გრძნობა. ასეთი ახალი ამბების მომხმარებლებს, დიდი ალბათობით, გაუჩნდებათ განცდა, რომ ისინი მაინც ვერაფერს შეცვლიან და შესაბამისად, მოქმედებასაც აზრი არ აქვს.

ზედმეტი ნეგატივისგან თავის არიდება შესაძლებელია ახალი ამბების იმგვარად გადმოცემით, რომ აქცენტი გამოსავლის პოვნაზე გაკეთდეს და არა კატასტროფის გარდაუვალობაზე. სამწუხაროდ, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საერთაშორისო მედიაში ვხედავთ ამის სრულიად საპირისპირო ტენდენციას: უკრაინის ომი შუქდება, როგორც გარდაუვალი კატასტროფა, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია.

უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდანვე საერთაშორისო მედიის ნაწილი ფოკუსირებული იყო დასავლეთის მთავრობების განცხადებებზე, რომელთა მიხედვითაც რუსი ოკუპანტების ჯარი კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა. ამ პროგნოზის უკრიტიკოდ მიღებამ (წესით, კრიტიკული მედია სკეპტიკურად უნდა იყოს განწყობილი მსგავსი „პროგნოზების“ მიმართ) და მასზე კონცენტრირებამ ხელი შეუწყო უკრაინის ომის გარდაუვალ კატასტროფად აღქმას. ამან თავის მხრივ წაახალისა ისეთი ნიჰილისტური წარმოდგენის დამკვიდრება, რომ რუსეთის შეჩერება პრინციპულად შეუძლებელია.

ნეგატივზე ზედმეტი ფოკუსირება რომ კონტრპროდუქტიულია, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ომის გაშუქების დროს მხოლოდ პოზიტივზე უნდა გავამახვილოთ ყურადღბა - ამას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს - მაგალითად, ასეთ დროს შეიძლება, რომ არარეალისტურმა მოლოდინებმა ზედმეტ იმედგაცრუებამდე და საბოლოოდ, ნიჰილიზმამდე მიგვიყვანოს. ასევე, შეიძლება, რომ ჭარბმა პოზიტივმა ხელი შეგვიშალოს რაციონალურ აზროვნებაში და მცდარი ნაბიჯების გადადგმისკენ გვიბიძგოს.

ამიტომ, უკრაინის ომის შემთხვევაში, ნეგატივსა და პოზიტივს შორის ჯანსაღი შუალედის პოვნა და ე.წ. კონსტრუქციული და დაბალანსებული ჟურნალისტიკის წახალისება უნდა იყოს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მედიის მთავარი პრიორიტეტი. სხვა შემთხვევაში, გამოვა, რომ მედია, თავისდა უნებურად, წაახალისებს აპათიასა და ნიჰილიზმს, რაც თავის მხრივ, სამყაროში ბნელი ძალების გავლენას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

ყველა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ, რომ უკრაინის ომი არ არის სატელევიზიო შოუ, რომელსაც ჩვენგან დამოუკიდებლად, კეთილი ან ბოროტი დასასრული აქვს. ის რეალურ დროში მიმდინარე ტრაგედიაა, რომლის შეჩერებაც გარკვეულწილად, მთელ დანარჩენ ცივილიზებულ მსოფლიოზეა დამოკიდებული. ამ ომის სწორად აღქმა და მასში მომხდარი ტრაგედიების გადმოცემა მისი სამართლიანი დასასრულისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
კატეგორია - ბლოგი
ორი დღის წინ, რუსეთის მედიის მარეგულირებელმა, ან, ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ, ცენზორმა - "როსკომნადზორმა" ქართულ გამოცემა "ნეტგაზეთს" მისწერა ოფიციალური წერილი, და ერთ-ერთი მასალის წაშლა მოსთხოვა.



ხომ ვითომ არაფერი? მაგრამ ერთი წუთით მეტ ხანს რომ დავფიქრდეთ, მივხვდებით, რამხელა პრობლემასთან გვაქვს საქმე.

მოდი, ჯერ დავიწყოთ იმით, რას აკეთებს როსკომნადზორი.


რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდანვე როსკომნადზორმა დაიწყო აქტიური ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე. არა, ისე არ გაიგოთ, რომ ამას მანამდე არ აკეთებდა, მაგრამ 24 თებერვლიდან დამოუკიდებელ მედიას რუსეთში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაუდგა.

  • ჯერ ყველას "მოუწოდეს", დაყრდნობოდნენ მხოლოდ რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას.
  • შემდეგ, სიტყვა "ომი" არ გამოიყენოთ, ეს "სპეციალური სამხედრო ოპერაციააო".
  • დამოუკიდებელი მედიის დიდი ნაწილი ხომ ისედაც ჰყავდათ გამოცხადებული "უცხოეთის აგენტებად" და ახლა საერთოდ დასახურად დაერივნენ.
  • და, რაც ყველაზე მთავარია, მიიღეს კანონი, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუ უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ მედია "ფეიკებს" გაავრცელებს. "ფეიკს" კი რუსეთის ხელისუფლება უწოდებს ყველაფერს, რასაც თვითონ არ ამბობს.

მეტი ამ თემაზე ნახეთ აქ:


მოკლედ, გასაგებია, რაც ხდება რუსეთში - და შედეგიც სახეზეა - დამოუკდიებელი მედია პრინციპში, აღარ არსებობს, ჟურნალისტები ქვეყნიდან გაიქცნენ და ვინც დარჩა, კარგი დღე არ ადგას.

მაგრამ რუსეთი რის რუსეთია, მეზობლებს კბილი არ გაჰკრას?

ჰოდა ახლა, ქართულ მედიას გადმოსწვდნენ და ნეტგაზეთს მისწერეს, წაშალეთ 16 მარტს გამოქვეყნებული მასალა რუსი გენერლის უკრაინაში სიკვდილის შესახებო.

alt

რა პრობლემაა აქ?

რუსეთს არ მოეწონა გავრცელებული ინფორმაცია? კიბატონო, მოდი ჩვენი გადმოსახედიდან შევხედოთ და ვთქვათ, რომ მათ აქვთ უფლება, რამე არ მოეწონოთ.

ამისთვის შეუძლიათ:

  • გაავრცელონ განცხადება და დაგმონ ნეტგაზეთი.
  • დაგმონ მთელი ქართული მედია.
  • იგივე დაწერონ ტვიტერზე.
  • დაბლოკონ ნეტგაზეთი რუსეთში.
  • პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ ნეტგაზეთის რედაქტორი და მთელი რედაქცია.

მოკლედ, ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ და აკეთონ, არ არის პრობლემა, არ გაგვიკვირდება, ისედაც სულ აკეთებენ ამას.

მაგრამ, როდესაც როსკომნადზორი - რუსეთის მედიის მარეგულირებელი და ცენზორი, იმ ქვეყნის უწყება, რომელსაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, თავს უფლებას აძლევს, რომ ოფიციალურად მოგთხოვოს (ვალდებული ხართო, ასე წერია ტექსტში) იხელმძღვანელო რუსეთის (აბსურდული) კანონმდებლობით და მასალა წაშალო, ხვდებით ეს ნიშნავს?

ერთი მხრივ, შეიძლება იფიქროთ, რომ მერე რა, მისწერა წერილი, არ დავემორჩილებით და მორჩა.

მერე რა?

რეალურად კი, მეზობელი მტერი ქვეყანა გეუბნება, ჩემს კანონებს დაემორჩილეო. და ასეთ აბსურდულ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას რა მოჰყვება ხოლმე, აგერ, უკრაინაში ვხედავთ.

ის, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების საქმეში აგრესიულად ჩარევას ცდილობს, ახალი არ არის, მაგრამ ცალკე პრობლემაა, თუ ამას საქართველოს მხარე ურეაქციოდ დატოვებს.

ამ ამბავს ჯერ საქართველოს მხრიდან ოფიციალური რეაქცია არ მოჰყოლია. როგორც მინიმუმ, საგარეო საქმეთა მინისტრის "ტვიტს" მაინც ველოდები, მაგრამ არც რამე უფრო მკაცრი, მაღალი დონის განცხადება გააფუჭებდა საქმეს.

მოკლედ, თუ ამ ამბავს ასე მარტივად გავატარებთ, არ გამორიცხოთ, მსგავსი მოთხოვნების გახშირება რუსეთის მხრიდან.

ჩვენ, ბუნებრივია, ისევე დავემორჩილებით როსკომნადზორის მოთხოვნებს, როგორც უკრაინის პატარა კუნძულზე მცხოვრები მეზღვაურები დაემორჩილნენ რუსულ სამხედრო გემს, თუმცა იმ შემთხვევაში მეზღვაურებს სახელმწიფო ედგათ ზურგში.

ჩვენთან, ვნახოთ, რა იქნება.
კატეგორია - ბლოგი
Apple-ის სერიალ „დილის შოუს“ (The Morning Show) კოვიდ-პანდემიის პირობებში გადაღებულ-გამოსული მეორე სეზონის სიუჟეტი სწორედ კოვიდ-პანდემიის ფონზე მიმდინარეობს - ყველა ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი უჰანის ამბებით, ონლაინ-მუშაობითა და მედიაში არსებული კოვიდ-ისტერიით.

მეორე სეზონის დასაწყისი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მაყურებელმა პირველსა და მეორეს შორის ერთი სეზონი გამოტოვა, რასაც პრინციპში მეორე სეზონის სიუჟეტიც მოწმობს - სეზონების შუაში მართლაც მომხდარია მნიშვნელოვანი ამბები: თხუთმეტწლიანი პერიოდის შემდეგ ალექს ლევის შოუდან წასვლა, მის ნაცვლად ვიღაც ერიკის მოსვლა, ქალთა მიერ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული მიჩ კესლერის იტალიაში გადაბარგება და სხვები... მთავარი სიახლეები კი ორი ახალი ძირითადი პერსონაჟის გამოჩენა და უკვე ნახსენები კორონავირუსია.

დღეისთვის აქტუალური ლგბტქ თემა მეორე სეზონში ჯულიანა მარგულისის არქეტიპული გმირის სახით შემოდის: ლორა პიტერსონი ძლიერი, დამოუკიდებელი ქალია, რომელმაც იცის რას აკეთებს, რა სურს და რა უნდა ქნას, განხვავებით პარტნიორ ბრედლისგან - იგი სერიალის მაყურებელთან ერთად ხვდება, რომ ბისექსუალია და ვერ ახერხებს, ამ ყველაფერს რა სახელი დაარქვას.

მეორე ახალი პერსონაჟი სტელაა, კორეული წარმოშობის სკეპტიკური, ეჭვიანი, ჭკვიანი და ხანდახან ბრაზიანი ქალი პროდიუსერი, რომელიც მეორე თანამედროვე აქტუალური თემით, რასობრივ ჭრილშია დანახული. იგი ხშირად ახსენებს საკუთარ ეთნიკურ წარმომავლობას და აღნიშნავს, რომ მის გარშემო არსებული „პრივილეგირებული თეთრები“ მის წინააღმდეგ არიან.

რასობრივი თემა სერიალში სხვა კუთხითაც იყო ნაჩვენები. მაგალითად, რასისტობაში დასდეს ბრალი ლათინოამერიკელ პერსონაჟს, რომელიც გაოგნებულია - რა ვთქვი ამისთანა, მეც თავად person of color გახლავართო! მოგვიანებით იგი სტელას გამოექომაგება, როდესაც უცნობი აგრესორი ქუჩაში ქალს ჩინელს დაუძახებს და კორონავირუსის გავრცელებაში დაადანაშაულებს.

მამაკაცი პერსონაჟებიდან კორი ელისონი კვლავაც შოუს მთავარი ღერძი და ხერხემალია, ისევ ყველასთან ყველაფრის მომგვარებელია, კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა ამაყი და აუღელვებელი, თუმცა სეზონის უკანასკნელ ეპიზოდში თანამშრომელს სიყვარულში უტყდება და თითქოს საკუთარ თავთან მარცხდება კიდეც. ჩიპი კი უფრო მეტადაა დაბნეული და ემოციურად აგზნებული, ქაოსურად მოქმედებს და საერთო საქმესაც აფუჭებს და პირად ურთიერთობებსაც.

რაც შეეხება სტივ კარელის პერსონაჟს, ამ სექსუალურად შემავიწროვებელ კაცს, რომელიც რამდენიმე რეალურ პერსონაზეა დაფუძნებული (თუნდაც - ჰარვი ვაინშტაინსა და როჯერ ეილზზე), მან უკვე ყველაფერი დაკარგა - სახლი, სამსახური, ცოლი, ოჯახი, ფული და იტალიაში გადაიხვეწა, მაგრამ არც იქაა შეუმჩნეველი, პირადი დემონები იქაც არ ასვენებენ.

სხვათა შორის, მეორე სეზონში მაყურებელი თითქმის რწმუნდება, რომ საბოლოოდ მიჩ კესლერს არც არავისზე უძალადია, ის უბრალოდ ყველასთან იწვა, ანუ ყველა ქალი მასთან საკუთარი ნებით ქონდა სექსი, მაგრამ საწინააღმდეგო აგორებულ ტალღას ხომ ვეღარაფერი აჩერებს და მხილებულიც თითქოს ლოგიკურად ემშვიდობება მაყურებელს.

„შოურანერები“ მის სიკვდილს ანდა ცხედარს არ გვაჩვენებენ, რაც ბადებს თეორიას, რომ იგი არ მომკვდარა და შესაძლოა, მის ხელმეორე გაუჩინარებას აქვს ადგილი ყველაფრიდან თავის დასაღწევად.

მეორე სეზონი არამარტო მრავალფეროვანი სიუჟეტით, მსახიობთა თამაშითაცაა პირველზე უკეთესი. ჯენიფერ ენისტონის, რის უიზერსპუნის, ბილი კრუდაპისა და მარკ დუპლასის შესრულებულმა როლებმა ნამდვილად დაიმსახურეს ნომინაციები პრესტიჟულ დაჯილდოებებზე.

უკვე ცნობილია, რომ სერიალი მე-3 სეზონით განახლდება და სტრიმინგ სერვისი Apple TV+ ტელეარხ UBA-ს „დილის შოუს“ გუნდის წევრების პირად და სამსახურეობრივ პრობლემებს კიდევ ერთხელ მოახვევს თავს მაყურებელს.
კატეგორია - ბლოგი
კომუნიკაციების კომისიამ დაუშვებლად ცნო „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის საჩივარი „ალტ ინფოს“ წინააღმდეგ. ამ ბლოგში განვმარტავ, რატომ მგონია კომისიის გადაწყვეტილება სწორი.


საქმის დეტალები

მარიკაშვილი ითხოვდა „ალტ ინფოს“ სამართალდამრღვევად ცნობას, „არასრულწლოვნებზე მავლე ზეგავლენის მქონე იფნორმაციის გავრცელებისთვის“.

ედუარდ მარიკაშვილის არგუმენტები:

  • ალტ ინფო ამართლებს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
  • ცდილობს, გაამართლოს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ისაუბროს მის „მორალურ საფუძვლებზე“
  • შესაბამისად, სახეზეა „დანაშაულებრივი ქმედებების გამართლება და კრიმინალის გაიდეალება.

კომისიის არგუმენტები:

  • რომ ომის პროპაგანდა მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს განსახილველი საკითხია.
  • ხოლო „ომის პროპაგანდის დაყვანა მხოლოდ არასრულწლოვნებისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენ პროგრამამდე, წინააღმდეგობაში მოვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის არსთან და პრინციპებთან.

რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ?


ერთი შეხედვით ამბავი აღმაშფოთებელია. 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზატორი, რომლის მოწოდებების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა ჯერ ეროვნული საეთერო მაუწყებელი ხდება, შემდეგ კი უკვე ტელევიზიიდან ფორმატში აგრძელებს უკრაინის დადანაშაულებას ომის დაწყებაში და ოკუპანტის გამართლებას.

თუმცა, ვის კომპეტენციაშია ამ საკითხის განხილვა?
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ნამდვილად არა.

კომისია რომ წლებია ცდილობს თვითრეგულირებას მიკუთვნებული საკითხების რეგულირებაში გადატანას, ამაზე ბევრჯერ დაიწერა.

ომის პროპაგანდა, მართლაც ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლით დარეგულირებული საკითხია და კომისიის უფლებამოსილების სფეროში არ შედის ის თვითრეგულირებას მიკუთვნებული საკითხია. მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმები საკმარისად ეფექტიანი რომ არ არის, ამაზეც ხშირად ვსაუბრობთ.

მეორე მხრივ, კი ჩვენი მტკიცებით, უცილებელია, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების არსებული სტანდარტის შენარჩუნება და რეგულირების სფეროების არსებულ ჩარჩოებში დატოვება, რადგან მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ჩვენი კანონმდებლობა სრულად არის მორგებული დასავლურ სტანდარტებს.

სახელმწიფო და კომუნიკაციების კომისია, დიდი ხანია ცდილობენ, მედია კანონმდებლობით დაარეგულირონ და ამის მთავარ არგუმენტად კი სწორედ „თვითრეგულირების მექანიზმების არაეფექტიანობა“ მოჰყავთ“.

თუმცა ესაც კომისიის ბრალია, რადგან სწორედ მან უნდა უზრუნველყოს ამ მექანიზმების გამართული ფუნქციონირება - რეგულაცია გამოსავალი არ არის. კომისია არ ცდილობს თვითრეგულირების მექანიზმების გაუმჯობესებას, ისინი ხომ სწორედ კომისიის მიერ მიღებული წესებით ხელმძღვანელობენ. 

ალბათ მარეგულირებლის მისამართით იმის აღნიშვნაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან საჩივრის არდაკმაყოფილებით მან რ შექმნა უფლებამოსილების გაფართოების და კონტენტის შინაარსში ჩარევის კიდევ ერთი პრეცენდენტი, (თუმცა მას ეს ადრე არაერთხელ გაუკეთებია).

კომისიამ ედუარდ მარიკაშვილის საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გაიმყარა არგუმენტები თვითრეგულირების არაეფექტიანობასთან დაკავშირებით და ახლა უნდა ველოდოთ, რომ უკვე ,,ალტ-ინფოს” საქმით ეცდება მოახერხოს კანონით დაარეგულიროს ეთიკური საკითხები.


შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ ან ალტინფოს სამქიანობას არ მივიჩნევ პრობლემურად ან თვითრეგულირების ფარგლებში განსახილვევი საკითხი მგონია.?

სინამდვილეში ეს საკითხი უფრო მეტად პრობლემურია, ვიდრე კომუნიკაციების კომისიის სფეროში შემავალი საკითხი შეიძლება იყოს.

,,ალტ-ინფო” ეს არის ძალადობრივი დაჯგუფება, რომელის ქმედებებიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს უსაფრთხოებას.

ამიტომ აუცილებელია, ამ საკითხში შესაბამისი უწყებებს, მაგალითად - პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივმართავდეთ და არა მედიის მარეგულირებელს - მათგან მოვითხოვოთ პასუხი, თუ რატომ არ დამდგარა დღემდე მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი?

მედიამ კი გავაგრძელოთ თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერება და ეთიკის საკითხებზე ადმინისტრაციული ორგანოს გარეშე პროფესიულ წრეებში ვიმსჯელოთ.
კატეგორია - ბლოგი
რუსეთის უკრაინაში შეჭრა, რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ ხოცვა და რუსეთის მთავრობისგან წამოსული ბირთვული აპოკალიფსის მოწყობის მუქარები რომ ბოროტებაა, ამაზე წესით ნორმალურ საზოგადოებაში ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. ამიტომ, ამ კონტექსტში განგებ ვიყენებ მორალურად და ემოციურად დატვირთვულ სიტყვას - „ბოროტებას“.

ვფიქრობ, რუსეთის ქმედებები სწორედ ამგვარი მეტაფიზიკურ-რელიგიური ტერმინით უფრო უკეთ აღიწერება, ვიდრე სეკულარულ-პროფესიული ჟარგონებით (აქვე გავიხსენოთ ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელმაც თავის დროზე საბჭოთა კავშირი დაახასიათა, როგორც „ბოროტების იმპერია“).

რუსეთის იმპერიის სახით პრიმორდიალურ, ანუ პირველყოფილ ბოროტებასთან გვაქვს საქმე - ისეთთან, როგორზეც მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების თქმულებები მოგვითხრობენ (ნიშანდობლივია, რომ რუს ჯარისკაცებს უკრაინელები ტოლკიენის რომანების პერსონაჟებს ადარებენ და მათ „ორკებად“ მოიხსენიებენ).

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ამ ბოროტებასთან მიმართებაში ჩნდება, არის ის, თუ როგორ ოპერირებს ის. ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში ამ დღეებში ბევრს გაახსენდებოდა ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორუელის გენიალური ნაწარმოები „1984“. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაწარმოები ბევრმა ჩვენგანმა რუსეთის ქმედებებზე ფონზე ახლებურად გაიაზრა (და განიცადა).

ზუსტად ისე, როგორც ორუელის „1984“-ში, იმპერიალისტურმა დესპოტურმა სახელმწიფომ რეალურ დროში შექმნა თავისი ალტერნატიული რეალობა, რომელშიც ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული. გავიხსენოთ, რომ ორუელის ნაწარმოებში ტოტალიტარული სახელმწიფოს, ოკეანიის მმართველ პარტიას სამი მთავარი სლოგანი აქვს: „ომი არის მშვიდობა“, „თავისუფლება არის მონობა“ და „უცოდინრობა არის ძალა“. სამივე მათგანი განსაცვიფრებლად ზუსტად ასახავს დღევანდელი რუსეთის პროპაგანდისტულ სტრატეგიას, რითიც ის უკრაინაში თავისი რეგულარული ჯარების შეჭრასა და უდანაშაულო ადამიანების უმოწყალოდ ხოცვას ამართლებს.

„ომი არის მშვიდობა“ - ამგვარად შეგვიძლია დავახასიათოთ რუსეთის მიერ გამოცხადებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ძირითადი პათოსი. რუსეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ამ ე.წ. „სპეციალური ოპერაციის“ - სინამდვილეში კი, სრულმასშტაბიანი ომის მიზანი უკრაინის „დენაციფიკაციაა“.

ამ მიზნის მისაღწევად, ცხადია, რომ რუსეთს სჭირდება უკრაინის ტერიტორიის დაკავება და უკრაინელი ერის დამორჩილება. თუმცა პუტინისა და მისი მიმდევრების მიხედვით, ეს მოსახლეობის დამონება კი არა, პირიქით, გათავისუფლება იქნება. მაგალითად, პუტინმა თავის 24 თებერვლის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურმე “რუსეთის მიზნებში არ შედის უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია”. ამრიგად, პუტინის ვერსიით, გამოდის, რომ თავისუფლება, რომელსაც რუსეთის „დახმარებით“ უკრაინამ უნდა მიაღწიოს, არის მონობა.

ეს ტყუილები უწყვეტად ცირკულირებს რუსულ მასმედიაში. რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალეს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროები - მათ შორის, მსოფლიოში პოპულარული სოციალური ქსელები: „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“.

რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ადეკვატური წარმოდგენა იმაზე, თუ რა ხდება კონფლიქტის ზონაში. თუმცა ეს, გარკვეული აზრით, ნებაყოფილობითი უცოდინრობა სახელმწიფოს კი არ ასუსტებს, არამედ პირიქით, აძლიერებს. ამრიგად, გამოდის, რომ უცოდინრობა არის ძალა.

ის, რომ ორუელის მიერ გამოგონილი სლოგანები ასე ზუსტად აღწერს რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობას, შემთხვევითი არ არის. როგორც ჩანს, ორუელმა მიაგნო ბოროტების ზოგად მატრიცას - მან აღწერა ის, თუ როგორ ოპერირებს ბოროტება თანამედროვე (და ალბათ ისტორიულ) საზოგადოებებში.

ბოროტების ეს მატრიცა შემდეგნაირია: როგორც წესი, ბოროტების ჩამდენი და გამავრცელებელი არ ეუბნება ხალხს, რომ ის სჩადის ისეთ საქციელს, რომელიც ზოგადსაკაცობრიო დონეზე დანაშაულად ითვლება. ამის ნაცვლად, მანიაკი უარყოფს თავად რეალობას და სიკეთის ენაზე თარგმნის მის მიერ ჩადენილ ბოროტებებს.

ამის გათვალისწინებით, დღესდღეობით, იმპერიალისტური რუსეთის ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ფრონტს მედია სივრცე წარმოადგენს. ყალბ ახალ ამბებთან, პუტინისტ ბოტებთან და ტროლებთან მებრძოლი ადამიანები ურტყამენ ბოროტების მთავარ არტერიას. ისინი აშიშვლებენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებებს, რომლებიც სიკეთის სახელით ინიღბებიან.

აქედან გამომდინარე, გარკვეული აზრით, დღევანდელი პროფესიონალი და მოქალაქე ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთის ტყუილებს აშიშვლებენ, მეომრები არიან. მეტაფორულად რომ ვთქვათ, მათი სიტყვები არიან ჯაველინები, სათაურები კი - ბაირახტრები. ამიტომ, მათ ბრძოლას ბოროტების იმპერიის მიერ შექმნილი ალტერნატიული რეალობის წინააღმდეგ ისეთივე მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, როგორსაც ვუცხადებთ ცეცხლსასროლი იარაღებით მებრძოლებს.

თუ ბოროტების მატრიცა სწორედ ისეთია, როგორიც ორუელმა აღწერა, მაშინ მისი დამარცხების ერთ-ერთ გზა ტყუილების გამშიფვრელი მედიის გაძლიერებაა. სხვანაირად ბრძოლის ველზე მოპოვებული ყველა გმირული თავგანწირვა შესაძლოა მტერმა სამუდამოდ ამოშალოს ისტორიის ფურცლებიდან.
კატეგორია - ბლოგი
ხშირად ამბობენ, რომ 90-იან წლებში მომხდარი იუგოსლავიის ომები თავისი მასშტაბით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველაზე სისხლიანი მოვლენები იყო. 21-ე საუკუნეში განვლილი ორი დეკადის შემდეგ კი სასტიკი ომის მანქანა ევროპიდან არ წასულა - უკრაინაში მასშტაბური ომია.

რეჟისორ მაიკლ უინტერბოტომის 1997 წელს გამოსული დრამა „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სარაევოში“ (Welcome to Sarajevo), რომელიც ბრიტანელი კორესპონდენტის, მაიკლ ნიკოლსონის მემუარზეა დაფუძნებული, ერთ-ერთი პირველი ფილმია იუგოსლავიის კონფლიქტებზე, კერძოდ კი - ბოსნიის ომზე (1992-1995).

Welcome to Sarajevo ჯერ კიდევ დანგრეულ ქალაქში გადაიღეს. ომის სისასტიკესა და უდანაშაულო ადამიანთა ხოცვას დასაწყისშივე ვხედავთ ნახევრად დოკუმენტური, საკმაოდ რეალისტური და შემზარავი კადრებით. მოქმედება 1992 წელს იწყება, სიუჟეტის ცენტრში კი ბრიტანელი სამხედრო რეპორტიორია, რომლის გადამღები ჯგუფიც სარაევოს ქუჩებში მინი-ვენით გადაადგილდება და ახალ ამბებს ცხელი წერტილიდან აწვდის მსოფლიოს.

ჩვენთვის კარგად ნაცნობი, 90-იანი წლების რუხი ფერებისა და მძიმე ატმოსფეროს ფონზე კორესპონდენტი სარაევოს ობოლთა თავშესაფარში შედის, იქ კი ორასი ბავშვია, რომელთა სიცოცხლე აგრესორ სერბებს არაფრად უღირთ. ჟურნალისტთა ჯგუფი ცდილობს მცირეწლოვანთა დახმარებას, მაგრამ სერბი „ჩეტნიკების“ მიმართ, რომლებიც უდედმამო ბავშვებს იტაცებენ და კლავენ, მაინც უძლურები არიან. საბოლოოდ, მთავარი გმირისთვის მთავარ ამოცანად თალმუდისტური სიბრძნის მსგავსად, ერთი გოგონას სიცოცხლის გადარჩენა იქცევა.

ზოგადად ამ ფილმსა და უკრაინაში მიმდინარე ომს შორის ბევრი პარალელი ივლება - ალყაში მოქცეულ სარაევოს, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა (გაიხსენეთ, 2012 წელს დონეცკი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქი იყო, ორიოდე წელიწადში კი ომის ქარცეცხლში გაეხვია), დაუნდობლად ბომბავს სერბეთი, ეს „მინი-რუსეთი“, როგორც მას ხშირად უწოდებენ; ბრიტანეთის პრემიერი კი უკიდურესად შეშფოთებულია.

დღეს უამრავი ადამიანი ამბობს ხმამაღლა, რომ კრემლის ამჟამინდელ მამებს მაშინდელი სერბი სამხედრო ჯალათებივით ადრე თუ გვიან სამხედრო ტრიბუნალი ელით. მოუწევთ კი ოდესმე ჰააგაში ჩასვლა პუტინს, შოიგუსა თუ ლავროვს რადოვან კარაჯიჩისა და რატკო მლადიჩის მსგავსად, ანდა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი თუ მიიღებს სერბეთის მსგავს პასუხს, ეს დღეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს, იუგოსლავიის ფედერაციის, როგორც მინი-საბჭოთა კავშირის არსებობა ხომ დასავლეთისა და NATO-ს მიერ ბოლომდე დაქუცმაცებითა და სერბეთის მკაცრი დასჯით დასრულდა.
კატეგორია - ბლოგი
ყველა კარგი ჟურნალისტური სტანდარტი ერთმანეთს ჰგავს. ყოველ ეთიკურ გადაცდომას კი თავისი გამოწვევა აქვს, ხშირად ახალი და განსაკუთრებული.




9 თებერვალს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება თანდართული დასაბუთებით, რომელსაც მე არ ვიზიარებ. ამ ბლოგპოსტში შევეცდები ავხსნა - რატომ.



რა მოხდა

პირველ თებერვალს საქართველოს პარლამენტი განიხილავდა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. დისკუსიის დროს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი სიტყვით გამოვიდა.

ვიდრე კითხვას გააგრძელებთ, ჩემი დაჟინებული თხოვნაა, უყუროთ ვიდეოს, სულ ორ წუთს გრძელდება.




განცხადების სრული ტექსტიდან ტელეკომპანიებმა, „TV პირველმა” და „კავკასიამ” ამოიღეს და სოციალურ ქსელში „ქარდებად“ გამოაქვეყნეს ფრაზა: - „როდესაც შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, იმიტომ, რომ გესვრის და გაგაქრობს“.

ამას სოციალურ ქსელებში, უფრო კონკრეტულად კი ფეისბუქზე, კრიტიკისა და ლანძღვის კორიანტელი მოჰყვა. დეპუტატმა ტელეკომპანიები მანიპულაციაში დაადანაშაულა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.




არგუმენტები


მნიშვნელოვანია, თავიდანვე ვიცოდეთ, რომ ქარტიისავე დამკვიდრებული პრაქტიკით, პრობლემაა მანიპულაციური სათაურიც კი, თუნდაც სტატია/ვიდეო სტანდარტების დაცვით იყოს დაწერილი/შექმნილი. ამგვარი შემთხვევები ქარტიას დარღვევად უცნია. ცნობილი ამბავია, რომ სოცქსელების მომხმარებელთა უმეტესობა მხოლოდ სათაურს და "ქარდზე წარწერას (რაც ბოლო დროის ტრენდია), ანუ ძირითად მესიჯს კითხულობს. ამიტომაც იგი უნდა აღვიქვათ, როგორც ცალკე მედიაპროდუქტი.

გავიხსენოთ 1 თებერვლის კონტექსტი, როცა დეპუტატი განცხადებას აკეთებდა - ყველა აქტიურ, პოლიტიკით დაინტერესებულ მოქალაქეს აინტერესებდა, ვინ იწონებდა ამ მართლაც ცუდ, რუსეთუხსენებელ რეზოლუციას. ალექსანდრე ელისაშვილის ის “ქარდი”, იმ სახით, როგორც ტელეკომპანიებს ჰქონდათ, ტოვებდა აღქმას, რომ პარლამენტის წევრი სრულად იზიარებდა ხელისუფლების პათოსს და ეთანხმებოდა რეზოლუციაში რუსეთის არხსენებას, ხოლო ჩაწერას იგი ადარებდა „ტანკის ლულაში ჯოხის ჩხიკინს”. ეს აჩენდა განცდას, რომ ელისაშვილი ეთანხმებოდა ზოგად პოლიტიკას, რასაც ხშირად შევნიშნავთ მთავრობის წარმომადგენლებში - „დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო”.

(საბოლოოდ, პარტია „მოქალაქეებმა” მხარი დაუჭირა რეზოლუციას, თუმცა ჯერ ერთი, ამის წინასწარმეტყველება ქარდების შემქმნელთათვის შეუძლებელი იყო; და მეორე, პარტიის ლიდერებს არ უთქვამთ, რომ რეზოლუციას მხარს უჭერდნენ, რადგან მისი პათოსი გაიზიარეს, არამედ მათი თქმით, უფრო მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერაში ერთიანობის ჩვენება. უშუალოდ ტექსტის კრიტიკა კი განაგრძეს. თუმცა, ეს უკვე პოლიტიკოსების შესაფასებელი თემაა. რაზეც დაე, მათ იკამათონ. ჟურნალისტურ ეთიკასთან და ჩვენს განსახილველ საქმესთან ამას კავშირი არ აქვს).

დეპუტატის 2-წუთიანი გამოსვლის გააზრებისას ადვილი მისახვედრია, რომ მას კატეგორიულად არ მოსწონს იგი. „სიბეჩავეს” და „სისაწყლეს” უწოდებს. ამ ფონზე კი ტელევიზიები გვთავაზობენ “ქარდს”, საიდანაც მკითხველი, ვისაც დეპუტატის სრული გამოსვლა არ უნახავს, იფიქრებს, რომ, მისი აზრით, კარგია, თუ რეზოლუციაში რუსეთს არ ვახსენებთ, და ამით ჯოხს არ შევუჩხიკინებთ ტანკის ლულაში.

ჩემთვის ერთი შეხედვითვე გახდა ნათელი, რომ ის, რაც ქარდზე იყო გამოტანილი, ელისაშვილის განცხადების შინაარსს არ ასახავდა. ეს იყო მანიპულაცია.

(თუ მაინცდამაინც სრული ტექსტის შემოკლება გვსურს, ელისაშვილი ამბობს, რომ არგაღიზიანების პოლიტიკას კი ეთანხმება, მაგრამ რეზოლუციის ეს ტექსტი არგაღიზიანება კი არა, ლაჩრობაა და სამარცხვინოა).

„TV პირველისა” და „კავკასიის” შემთხვევა ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან. „TV პირველთან” სრული ტექსტიც კი არ იყო ხელმისაწვდომი. თუკი “კავკასიის” შეფასებისას შეიძლება ცოტა იყოყმანო, რაკიღა მან ქარდს ბმულიც დაურთო, „TV პირველმა” მხოლოდ ციტატა შესთავაზა მკითხველს, რომელიც ბოლოს საერთოდაც წაშალა და ამით, ჩემი აზრით, პირველთან ერთად ქარტიის მეხუთე პრინციპიც დაარღვია (მეხუთე პრინციპი განმარტავს შეცდომის გასწორების წესს).

თუმცა მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტად არც „კავკასიის” ბმულიან „ქარდს” მივიჩნევდი. „მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სათაური ზუსტად გადმოსცემს სტატიაში მოყვანილ ფაქტებსა და მოსაზრებებს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ ტექსტის სრულად გაცნობა, იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში”, - ეს არის ციტატა ქარტიის საბჭოს 2018 წლის, ჩემი აზრით სამაგალითო გადაწყვეტილების დასაბუთებიდან, სადაც საუბარი სწორედ ციტატის მეშვეობით მანიპულაციაზეა. მიმაჩნია, რომ ახლაც მსგავს საკითხზე ვსაუბრობთ და „ქარდები“ შეგვიძლია განვიხილოთ იმ მედიაპროდუქტად, რომელსაც ქარტიის პრაქტიკა „სათაურში” მოიაზრებს.

ქარტიის სხდომის აუდიოჩანაწერი გულდასმით მოვისმინე. კავკასიის წარმომადგენელი, ნინო ჯანგირაშვილი მთავარ არგუმენტად იშველიებდა, რომ მისმა აუდიტორიამ სრულად მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რაც თქვა დეპუტატმა. რომ მათ გააშუქეს, როგორც „ტანკისა და ჯოხის”, ასევე „რეზოლუციის სიბეჩავის” ამბავი. თუ კავკასიის ამ „ქარდს“ მოძებნით და კომენტარებს ჩაუყვებით, ნახავთ 400-მდე კომენტარს და ამდენივე ლანძღვა-გინებას, რაც მიუთითებს იმახე, რომ აუდიტორია „შეცდომაში შევიდა”.

კი, ჯანგირაშვილი ქარტიის საბჭოს სხდომაზე ამბობდა, რომ მან ჯერ ცალკე ელისაშვილის ის მოსაზრება გააცნო თავის აუდიტორიას, რომელშიც რეზოლუცია არის „ბეჩავობა” და „სისაწყლე”, თუმცა, ლეგიონი იქნება მათი სახელი, ვინც ნახა „ქარდი“, რეზოლუციაზე შეფასება კი - არა.

ისედაც ცხადია, რომ ეს ორი ნიუსი ორი სხვადასხვა მედიაპროდუქტია და წარმოუდგენელია მას აბსოლუტურად იდენტური აუდიტორია ჰყოლოდა.

და რა წავიკითხეთ ქარტიის გადაწყვეტილებაში? რომ ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკოსია, რომ მან განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან წარმოთქვა, და რომ მან ისაუბრა სხვადასხვა საკითხზე - რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკასა და უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, და რომ ეს შეგვიძლია განვიხილოთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ამბებად.

მე კი სწორედ ამგვარ შეხედულებას ვუწოდებდი მანიპულირებას.

ეს რომ მართლაც ასე იყოს, რატომ მიიღებდა ელისაშვილი მძაფრ კრიტიკასა და ლანძღვას? თავისთავად, ცალკე აღებული ტანკის ლულაში ჯოხის შეყოფა რომ კარგი აზრი არ არის, ვინაიდან ჯოხიანი დარჩება წაგებული, ეს ხომ ტრუიზმია. ტანკს უნდა დაუპირისპირდე ტანკსაწინააღმდგო ნაღმით, ჯოხით - აზრი არ აქვს. ამ ვითარებას უკრაინის რეზოლუცია და რუსეთის ხსენება/არხსენება კონტექსტი რომ ჩამოაშორო, ცალკე აღებულ, უკონტექსტო ფრაზად რომ დატოვო, არც არავინ გააკრიტიკებდა დეპუტატს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანთა უმეტესობა ახალ ამბებს სწორედ სათაურებით და, ე.წ. „ქარდებით“ ეცნობა, შესაბამისად, მათ აქვთ მოლოდინი, რომ ეს სათაურები და ციტატები მათ მთავარ ამბავზე, შინაარსზე, გამოკვეთილ მესიჯზე უყვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინო უკვე მრავალჯერ ნახსენები კ ო ნ ტ ე ქ ს ტ ი, პატივი სცე მკითხველის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ შემთხვევაში სიზუსტეს ფართო მნიშვნელობა აქვს. იგი გულისხმობს არა მხოლოდ ციტატის სიტყვა-სიტყვით განმეორებას, არამედ საერთო კონტექსტის მოტანას.

საერთოდ, წესით ქარტია უნდა მიდიოდეს სტანდარტის აწევის და არა დაწევის მიმართულებით. მით უმეტეს, როდესაც უკვე არსებულ პრაქტიკას ცვლი, დასაბუთება ცოტათი მაინც უნდა სჯობდეს წინას. ახლა კი, ვინც დალინკულ გადაწყვეტილებაზე გადავა, ნახავს ქარტიის საბჭოს დასაბუთების სტანდარტს და თუ მას შეადარებს წინამდებარე საქმის სამოტივაციო ნაწილს, შესაძლოა გულიც კი დაწყდეს, თუკი ქარტიის გულშემატკივრად მიიჩნევს თავს.

აღარაფერს ვიტყვი იმ უცნაურ ლაფსუსზე, რომ თუკი „კავკასიის” შემთხვევაში საბჭომ სრულიად არადამაკმაყოფილებელი, მაგრამ მაინც გარკვეული არგუმენტები მოიშველია, საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება „TV პირველის” შემთხვევაზე და იგი ერთგვარად „მიასამშაბათა”.

ჟურნალისტიკა მათემატიკა არ არის. სადაც ორჯერ ორი ყოველთვის ოთხია. აუდიტორიისადმი უპატივცემულობის გამოვლინებაც სიზუსტის დარღვევაა. უპატივცემულობაა, როდესაც ყველა ღონეს არ ხმარობ სრული სურათის შესაქმნელად.

მოდი, დავსვათ მარტივი კითხვა - რა იყო იმ დღეს ახალი ამბავი? - „არგაღიზიანების პოლიტიკა“ (რაზეც ქარტიაც მიუთითებს თავის გადაწყვეტილებაში, რომელიც განგრძობითი, ძველი, საანალიზო თემაა, რომელზეც ელისაშვილს აზრები მანამდეც გამოუთქვამს და სკანდალი არ მოჰყოლია), თუ რეზოლუციის ტექსტი? - ცხადია, ეს უკანასკნელი, და აუდიტორიაც ამ თემის კონტექსტში აღიქვამდა „ქარდს“. შესაბამისად, შეცდა (თან ფაქტია, რომ შეცდა) და ჩათვალა, რომ ელისაშვილი იწონებდა რეზოლუციის ტექსტს.

სინამდვილეში ამგვარ „ქარდებს“ მედიაჟარგონზე „კლიკბეითი“ ჰქვია. მას იყენებენ სოციალურ ქსელებში რიჩის, ანუ წვდომის და ინგეიჯმენტის, ანუ ჩართულობის გასაზრდელად. ეს კი მარტივია, თუ ემოციების გამომწვევ მასალებს შევქმნით. ხშირ შემთხვევაში ასეთ დროს დავიწყებას ეძლევა სიზუსტე, ეთიკის სტანდარტები, ჟურნალისტიკის ძირეული პრინციპები.

რატომ არის ეს ქეისი მნიშვნელოვანი?


რამდენიმე თვის წინ "მედიაჩეკერზე" წავიკითხე ვრცელი ინტერვიუ პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. ჩემთვის ყველაზე საგულისხმო იყო მისი გამუდმებული წუწუნი იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებას საკმარისი ბერკეტები არ აქვს მედიის გასაკონტროლებლად, მისი აზრით - „კეთილშობილური მიზნისთვის”.

მედიის წინააღმდეგ უფრო მძლავრი სამართლებრივი ბერკეტების შექმნის იდეა ახალი არ არის, და იგი დროდადრო იტესტება. ჩემი აზრით, შორს არ არის ის დრო, როდესაც პარლამენტი დაიწყებს მსჯელობას, როგორ ებრძოლონ ტყუილს, დეზინფორმაციას, მანიპულაციას, კანონის ძალით, გამოიყენებენ მათთვის ესოდენ საყვარელ ტერმინ „ფეიკს” და სინამდვილეში შეეცდებიან უფრო აქტიურად, საკანონმდებლო დონეზე ჩაერიონ მედიის თავისუფლებაში.

ამგვარი რისკების მქონე მედიაგარემოში საკვანძო საკითხია - თვითრეგულირების სისტემის გამართულობა, მაღალ სტანდარტზე ორიენტირება, იმის ჩვენება, რომ ეთიკურ დარღვევებთან თუ დილემებთან სახელმწიფოს არაფერი ესაქმება და ეს თავად ჟურნალისტების საქმეა.

ასეთ დროს არგუმენტებს აცლი ხელისუფლებას, რომელსაც მედიის კანონით დარეგულირების აქტიური მისწრაფება აქვს. მსგავსი საკითხები არა მოსამართლის ჩაქუჩის, არამედ თვითრეგულირების ორგანოს ქვეშ უნდა ექცეოდეს.

და ვფიქრობ, ამგვარი შეცდომებით ჩვენ მხარს არ ვუჭერთ იდეას, რომ ეთიკურ დარღვევებთან სახელმწიფოს არაფერი ესაქმება და ჩვენვე უნდა გვაცალონ.

დაბოლოს, ყველაფერს აქვს მოტივი. რა შეიძლება იყოს ქარტიის საბჭოს ასეთი გადაწყვეტილების მოტივი? თუ საბჭოს შემადგენლობას შეავლებთ თვალს, არაპროფესიონალიზმი ვერ იქნება. ვერც ქარტიის პრაქტიკის უცოდინრობაზე ვისაუბრებთ, ბოლოს და ბოლოს მათ დათო კლდიაშვილი ჰყავთ.

რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭო, ე.წ. ოპოზიციურ ტელევიზიებს ხელისუფლებისგან ჩაგრულად, ჟურნალისტებს კი უფლებაშელახულად მიიჩნევს, რაც სრული სიმართლეა, მაგრამ სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით ოპოზიციური მედიის მიმართ საბჭოს მცირედი ლოიალურობაც კი დათვური სამსახურია, და საბოლოოდ მათ დასუსტებას მეტად შეუწყობს ხელს, ვიდრე გაძლიერებას, მეტიც - ასეთი ლოიალობა დაასამარებს თვითრეგულირებას და მოაახლოებს რეგულირებას.

ჩვენ, ჟურნალისტები, ვცხოვრობთ, რათა მოვყვეთ. და ეს ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ წლების შემდეგ, რომელიმე ავტორიტარული ხელისუფლების მიერ „კედელთან მიყენებული” ჟურნალისტები იმ არცთუ ისე შორეულ დროს ვიხსენებდეთ, როცა მეტის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ კარგად არ მოვინდომეთ.
კატეგორია - ბლოგი
ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს ნიჰილისტურ განწყობებს ქართული მედიის მიმართ. ხშირად ამბობენ, რომ სერიოზული დისკუსიის ადგილი მედიაში აღარ დარჩა და განსაკუთრებით, ტელევიზიები გადართულები არიან პოლიტიკურ პროპაგანდის გავრცელებასა და სენსაციონალიზმზეო. „სენსაციონალიზმი“ განიმარტება, როგორც სენსაციების ძიება სიზუსტისა და ობიექტურობის ხარჯზე.

პროპაგანდითა და სენსაციონალიზმით გაჯერებულ გარემოში ზოგიერთმა სერიოზულმა მედია საშუალებამაც შეიძლება ჩაიქნიოს ხელი; თქვას, რომ აბა, ვის რაში სჭირდება ჩვენი პროფესიონალიზმი, როდესაც მოთხოვნა სულ სხვა რამეზეაო. დასავლეთში ზოგიერთი, ერთ დროს მაღალი ხარისხის მედია საშუალება სწორედ ასეც მოიქცა და წარსულში აკრძალული ტრიუკების გამოყენებას მიჰყო ხელი. თუ ამ მიმართულებით სვლა მომავალშიც გაგრძელდება, ხარისხიანი ჟურნალისტიკა მალე წარსულის რელიქვიად დარჩება; ტენდენციური და ტყუილებით სავსე მედია დისკურსი კი მთელ პლანეტას დაიპყრობს.

თუმცა სანამ მედია აპოკალიფსის მოლოდინში კაპიტულაციას დავაპირებთ, კარგად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად ყოვლისმომცველი ან თვისებრივად ახალია ზემოთაღწერილი ტენდენციები. მაგალითად, სენსაციონალიზმზე ორიენტირებული ბრიტანული ტაბლოიდები დიდი ხანია, რაც ადგილობრვი მედია კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. ამას ბრიტანულ მედიაში პროფესიული სტანდარტების განადგურება, ჯერჯერობით, არ მოჰყოლია. ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ გერმანული ტაბლოიდი Bild-იც, რომელსაც ბრიტანული ტაბლოიდების მსგავსად, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა აქვს გერმანულ მედია დისკურსზე. მსგავსი მაგალითები ბევრ სხვა სტაბილური დემოკრატიის ქვეყანაშიც მოიძებნება.

ისეთ პოლიტიკურად პოლარიზებულ ქვეყნებში, როგორიც საქართველო და ბოლო წლების აშშ-ა, „ტაბლოიდიზაციას“ ბევრად უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული მეინსტრიმ მედიაში, ვიდრე მაგალითად, გერმანიაში, მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან რამე თვისებრივად ახალი ხდება. როგორც პოლარიზებულ, ისე არაპოლარიზებულ საზოგადოებებში, პროპაგანდასა და სენსაციონალიზმზე ორიენტირებული მედია თითქმის ყოველთვის იყო ფინანსურად ძლიერი, თუ არა დომინანტური მედია ბიზნესი.

თუ პროპაგანდასა და სენსაციონალიზმს მედიის გარდაუვალ ნეგატიურ ეფექტებად აღვიქვამთ და მათ არსებობას შევეგუებით, მაშინ პროფესიული ჟურნალისტიკის როლსა და მნიშვნელობასაც სხვანაირად დავინახავთ. პოლარიზებულ გარემოში პროფესიული მედია დომინანტურ პოზიციებს, სავარაუდოდ, ვერასდროს შეინარჩუნებს. როგორც ზემოთ დავწერე, ჩვენზე გაცილებით მეტად დემოკრატკიულ და სტაბილურ ქვეყნებშიც კი - მაგალითად, გერმანიაში, ტაბლოიდებს არნახულად დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე.

ამიტომ, რეალისტურად თუ შევხედავთ, ჩვენნაირ პოლარიზებულ და ნახევრად ავტორიტარულ ქვეყანაში პროფესიული მედიის მიზანი ნიშის შენარჩუნება და აუდიტორიის ნაბიჯ-ნაბიჯ გაზრდა უფრო უნდა იყოს, ვიდრე პროპაგანდისა და სენსაციონალიზმის ალაგმვა. ამგვარ რეალისტურ მიზანზე თუ ვკონცენტრირებით, ამით ნიჰილიზმსაც დავამარცხებთ და მომავალშიც უფრო გრძელვადიან მოგებაზე ორიენტირებულ ნაბიჯებს გადავდგამთ.

დასავლეთშიც და საქართველოშიც მეტნაკლებად წარმატებული და ზოგჯერ, დომინანტური პროფესიული მედიის არა ერთი მაგალითი გვაქვს. Yougov-ის მიხედვით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, ყველაზე პოპულარული ამერიკული ახალი ამბების ვებსაიტების სიაში მე-8 ადგილს New York Times-ი იკავებს. ბრიტანული BBC-ის მსოფლიოს ახალი ამბების სერვისი კი გლობალური მედია ბაზრის ერთ-ერთი დომინანტური მოთამაშეა; მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება. ეს და სხვა მაგალითები გვაჩვენებს, რომ პროფესიული სტანდარტების უკომპრომისოდ დაცვა არ არის შეუთავსებელი მედიის, როგორც ბიზნესის ინტერესებთან.

საქართველოში პროფესიონალიზმისა და ბიზნეს ინტერესების შეთავსება შედარებით რთულია, იმის გამო, რომ ქვეყანა ღარიბია, მაგრამ ზოგიერთმა ადგილობრივმა დამოუკიდებელმა მედია საშუალებამ მაინც შეძლო თავის დამკვიდრება. მაგალითად, Top.ge-ის მიხედვით, დამოუკიდებელი ინტერნეტ გამოცემის, „ნეტგაზეთის“ ვებგვერდს თვეში საშუალო 700 000 ადამიანი სტუმრობს. მედიისთვის, რომელიც მკვეთრად არასენსაციონალისტურ ახალ ამბებზე ორიენტირებული და პოლიტიკური პროპაგანდით არ არის დაკავებული, ვფიქრობ, ეს ცუდი შედეგი არ უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, საქართველოსნაირ ღარიბ ქვეყანაში, დონორების დახმარების გარეშე, დამოუკიდებელი მედიისთვის ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება ძნელია, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ გადარჩენა და ზრდა თეორიულად მაინც შესაძლებელია. დანარჩენი უკვე ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპსა და დემოკრატიზაციის ხარისხზეა დამოკიდებული.