ბლოგი
კატეგორია - ბლოგი
ბოლო პერიოდში კომუნიკაციების კომისიის მხრიდან გახშირდა მედიის მიმართ სანქციის გამოყენება ეთერში უხამსი პროგრამის გაშვებისათვის. ამის მაგალითია, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ეთერში გაშვების გამო, სადაც პერსონაჟები იყენებდნენ პროფანაციულ გამონათქვამებს, ტელეკომპანია "ფორმულას" დაჯარიმება 2500 ლარით. განსაკუთრებით საგანგაშო იყო პარლამენტის საქმიანობის გაშუქებისათვის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობა 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით. „მთავარ არხზე“ გავიდა სიუჟეტი, სადაც ნაჩვენებია კადრები, როგორ იფხანს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი სასქესო ორგანოს. ჟურნალისტი ამ ვიდეომასალას იყენებს არხის სარედაქციო პოლიტიკის წარმოსაჩენად, რომ პარლამენტი, რომელშიც ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი, იქნება იმ საქმიანობით დაკავებული, რითაც ფინანასთა მინისტრი პარლამენტის პირველივე სხდომაზე.

„ჩემი ცოლის დაქალებისაგან“ განსხვავებით, „მთავარი არხის“ სიუჟეტი მთლიანად იყო პოლიტიკური შინაარსის გამოხატვა. ამ ფორმით „მთავარმა არხმა“ და სიუჟეტის ავტორმა გამოხატა თავისი კრიტიკული პოლიტიკური პოზიცია პარლამენტისა და მთავრობის მიმართ. სიუჟეტში ასახული იყო ნამდვილი ფაქტები, რაც ხდებოდა საჯაროდ, პარლამენტის წევრების, ელჩების, ჟურნალისტების თანდასწრებით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალის მიხედვით, სახელმწიფოს შესაძლებლობა, შეზღუდოს პოლიტიკური გამოხატვა არის ძალიან ვიწრო, სხვა შინაარსის გამოხატვასთან შედარებით. ამის მიზეზი არის ის, რომ მოქალაქეებს მიეცეთ, შეუზღუდავი შესაძლებლობა, მათი აზრი გამოხატონ ხელისუფლების მიმართ. პოლიტიკური სიტყვის მაქსიმალური თავისუფლების გარეშე, პოლიტიკოსები არ იქნებოდნენ ანგარიშვალდებულნი მათი ამომრჩევლების წინაშე, ხალხს გაუჭირდებოდა ხელისუფლებაზე აზრის ფორმირება და არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება. ამით კი საფრთხე შეექმნება დემოკრატიულ მმართველობას.

არ არსებობს დემოკრატია პოლიტიკური გამოხატვის მაქსიმალური თავისუფლების გარეშე. სწორედ ამიტომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კერძო პირებთან შედარებით, დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოა პოლიტიკოსებთან მიმართებაში. პოლიტიკოსები თავისი სიტყვებით და ქმედებით გააზრებულად იპყრობენ ჟურნალისტებისა და ფართო საზოგადოების ყურადღებას, ამის გამო, პოლიტიკოსებმა თმენის ვალდებულების მაღალი ხარისხი უნდა გამოავლინონ კრიტიკის მიმართ".

გარდა იმისა, რომ სიუჟეტში ასახული იყო „მთავარი არხის“ კრიტიკული პოზიცია, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის მიმართ, კრიტიკის ობიექტი პოლიტიკოსი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი იყო. „მთავარი არხის“ კრიტიკული დამოკიდებულება გამოიწვია საჯარო ფუნქციის შესრულებისას, ხალხმრავალ ადგილას, მინისტრის არცთუ ისე მიღებულმა ქცევამ. ამგვარად, „მთავარი არხის“ სიუჟეტი სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით.

ის, რომ პოლიტიკური გამოხატვა განსაკუთრებით არის დაცული ამაზე მიუთითებს, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც უხამსობად არ ითვლება გამონათქვამი, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. ცხადია, რომ „მთავარი არხის“ სიუჟეტს ჰქონდა პოლიტიკური ღირებულება, ამიტომ ქართული კანონმდებლობის კეთილსინდისიერად განმარტების შემთხვევაშიც კი ეს სიუჟეტი „უხამსობად“ არ უნდა ჩაითვალოს.

როგორც მოსალოდნელი იყო, უხამსობის აღმოფხვრის, მორალის დაცვის სახელით და ამ გზით პოლიტიკური სიტყვის შეზღუდვის მიზნით საქმეში ერთვება საქართველოს კომუნიკაციების კომისია. ეს უკანასკნელი თავის განცხადებაში უთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილებაზე, რაც თითქოს კომუნიკაციების კომისიას უხამსობის შემცველი მასალის ეთერში გაშვების გამო მაუწყებლის სანქცირების უფლებას ანიჭებს. კომისია აცხადებს: „2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია განიხილოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, როდესაც მაუწყებლის ეთერში ადამიანის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი გადაცემის განთავსება ხდება".

არის თუ არა ვალდებული კომუნიკაციების კომისია, 2009 წლის გადაწყვეტილებით, აღკვეთოს მედიაში უხამსობის შემცველი მასალის მოხვედრა, ამის გასარკვევად, უნდა წავიკითხოთ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო, ისე სამოტივაციო ნაწილი.

თავდაპირველად უნდა ვთქვათ ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი კრძალავდა ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსებას ეთერში რომელიც შეიცავს უხამსობას“. იმავდროულად, ასეთი პროგრამის ან რეკლამის წინააღმდეგ საჩივრის წარდგენა შესაძლებელი იყო მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმში. მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმით უკმაყოფილო ადამიანს არ ჰქონდა უხამსი რეკლამის ან პროგრამის სასამართლოში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შესაძლებლობა.

მოქალაქეებმა გიორგი ყიფიანმა და ავთანდილ უნგიაძემ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს. მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ გასაჩივრებული ნორმები მათ ართმევდა სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს საკონსტიტუციო სასამართლოში არ უმტკიცებიათ ის, რომ მათ უნდა ჰქონოდათ კომუნიკაციების კომისიისათვის მიმართვის უფლება. რასაც მოსარჩელეები ითხოვდნენ იყო ის, რომ უხამს პროგრამებთან დაკავშირებით რეაგირება უნდა მოეხდინა მხოლოდ სასამართლოს. სწორედ ამიტომაც მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს (კონსტიტუციის ძველი რედაქცია). ამ მუხლის თანახმად: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლით არ იყო გარანტირებული სასამართლოს გარდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ამაზე მეტყველებს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც, მაგალითად, 2016 წლის 4 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განხილვისას არ მოქმედებდა კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაცვის უფლება. ამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლი მაშინ იწყებდა მოქმედებას, როდესაც საკითხი ადმინისტრაციული ორგანოდან გადაინაცვლებდა სასამართლოში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 21 მარტს მიღებულ საოქმო ჩანაწერში კიდევ უფრო მეტად დააზუსტა ის, თუ რა იგულისხმება კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩაწერილ სიტყვა „სასამართლოში.“ საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ სიტყვა სასამართლოში იგულისხმება მხოლოდ საქართველოს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოები:“

ამგვარად, კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩაწერილ სიტყვა „სასამართლოში“ არ იგულისხმება კომუნიკაციების კომისია. მოსარჩელე გიორგი ყიფიანს და ავთანდილ უნგიაძეს რომ იმის სურვილი ჰქონოდათ, რომ კომისიასა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსაც ჰქონოდა უხამს გადაცემებზე რეაგირების შესაძლებლობა, სარჩელში მხოლოდ კონსტიტუციის 42-ე მუხლს არ მიუთითებდნენ. საკონსტიტუციო სასამართლო კი ვერ გაცდებოდა მოსარჩელეების მოთხოვნას და ვერ იმსჯელებდა, სასამართლოს გარდა სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვის უფლებაზე და ეს ასეც მოხდა. საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ სადავო ნორმა გამორიცხავდა კონსტიტუციით გარანტირებული ნებისმიერი უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლება არ იყო აბსოლუტური უფლება, სხვათა უფლებების დასაცავად შეიძლება ეს უფლება შეზღუდულიყო, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განაცხადა: „ცალკეულ შემთხვევაში, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა სხვა უფლებებთან შედარებით, მაგრამ ამის მართლზომიერების შეფასება ზუსტად სასამართლოში უნდა მოხდეს ... სასამართლოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს გამოხატვის ფორმის და შინაარსის ღირებულება, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა და, მეორე მხირვ, ის ზიანი, რომელიც ამ უფლების რეალიზაციამ გამოიწვია.“

ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, ის, რომ თუკი უხამსი პროგრამებით შეილახა სხვისი უფლება, იმ ადამიანს, რომლის უფლებაც პროგრამამ შელახა, საკონსტიტუციო სასამართლო აძლევს შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს და არა კომუნიკაციების კომისიას. ასეთ საქმეში სასამართლო აფასებს პროგრამის ფორმას და შინაარსს და ამის საფუძველზე სარჩელს აკმაყოფილებს და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, ასევე აუნაზღაურებს მოსარჩელეს უხამსი პროგრამით მიყენებულ ზიანს, ან სარჩელს არ აკმაყოფილებს და უპირატესობას გამოხატვის თავისუფლებას ანიჭებს. ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლო და არა კომუნიკაციების კომისიაა, ის სახელმწიფო ორგანო, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უხამს პროგრამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

სასამართლოსაგან განსხვავებით, კომუნიკაციების კომისია მაუწყებლის წინააღმდეგ საქმის განხილვას იწყებს იმის მიუხედავად, პროგრამით თავს გრძნობს თუ არა ვინმე დაზარალებულად. ამასთან მაუწყებლისათვის კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში და არ ემსახურება პროგრამით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ეს მაშინ როცა საკონსტიტუციო სასამართლო 2009 წლის გადაწყვეტილებაში აცხადებს: „მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის, მათ შორის, უფლების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.“

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ გვხდება არც ერთი ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის მიერ დაწესებული აკრძალვა - კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რეაგირება მოახდინოს უხამს პროგრამაზე - გაუქმებულია. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია: „ ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმარებით.“ ამ ჩანაწერში მნიშვნელოვანია ის, რომ სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში. ეს იყო მუხლი, რომლითაც გარანტირებული იყო სასამართლოსათვის და არა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ამგვარად, არც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოდგება იმის მტკიცებისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კომისიის მიერ უხამს პროგრამაზე რეაგირების აკრძალვა.

ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილება არათუ არ ავალდებულებს, არამედ უკრძალავს კიდეც სასამართლოს გარდა სხვა რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, უხამსობასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის შესაძლებლობას. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ისევე ეკრძალება ასეთი საჩივრების განხილვა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილების მიღებამდე ეკრძალებოდა.
 
კატეგორია - ბლოგი
ბოლო დღეებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პატარა სოფელი ბუკნარი ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრგიში აქტიურად გამოჩნდა. მოსახლეობისთვის აქამდე უცნობმა ტოპონიმმა ქვეყნის მედია სივრცეში პროტესტის და დაძაბულობის მნიშვნელობა შეიძინა. უნდა ითქვას, რომ ბუკნარის მუსლიმი მოსახლეობის სამართლიანმა მოთხოვნამ, რომ სოფელში შეექმნათ სალოცავი სივრცე და ამ სივრცეში თავისუფლად და კოლექტიურად აღესრულებინათ რელიგიური რიტუალები, სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის გაღიზიანება და გაბრაზება გამოიწვია. უკმაყოფილებების გაღრმავების პარალელურად, დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებიც. სიტუაცია უფრო გამწვავდა გარე აქტორების ჩართვის შედეგად, როცა მხარეები საკუთარი იდენტობების, წუხილების და შიშების გავლენებში, არსებული პრობლემის მოგვარებაზე უფრო მეტად, საკუთარი სიმართლის დამტკიცებაზე გადავიდნენ, მათ შორის ძალადობით.

ამ დაძაბულმა პროცესმა მრავალი სიღრმისეული გამოწვევა წარმოაჩინა. თუმცა, სანამ რეაქციული მედია და პოლიტიკური დღის წესრიგი ბუკნარის სახელწოდებას დაივიწყებს, ამ წერილით მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები ერთ-ერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე. კერძოდ, საქართველოში ქართველობის პრობლემურ გაგებაზე, რომელიც ყველა რელიგიურ იდენტობას, გარდა მართმადიდებელი ქრისტიანობისა, ქართველის განმარტებისგან არსებითად რიყავს. ამ გარიყულობის ყველაზე თვალნათელი და საჯარო მაგალითი საქართველოს პარლამენტის წევრის, ნინო წილოსანის სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელებული ციტატა იყო, რომლის მიხედვითაც: „ქართველებსა და მუსლიმებს შორის არანაირი პრობლემა არ არის“.

ასეთმა ფორმულირებამ სოციალურ ქსელებში წილოსანის მიმართ კრიტიკა, დაცინვა და ბულინგიც კი გამოიწვია. სინამდვილეში კი წილოსანის ეს განცხადება საქართველოში არსებული განწყობების და დამოკიდებულებების რეალური ანარეკლია. უფრო მეტიც, “ქართველი VS მუსლიმი” ფორმულირება ექსკლუზიურად წილოსანის გამოგონილი არ არის. სამწუხაროდ, ასეთი ფორმულირება მედია საშუალებებმაც გააჟღერეს და ეს მოხდა, არა როგორც ზეპირი განაცხადი ან წამოცდენა, არამედ წინასწარ დაწერილი ჟურნალისტური ტექსტი, რომელიც ტვ პირველის წამყვანმა სტუდიდან, პირდაპირ ეთერში  წაიკითხა.

რა თქმა უნდა, პროფესიონალი პოლიტიკოსისთვის ეს შეცდომა არსებითად პრობლემური იქნებოდა, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქალბატონი წილოსანი არც კარიერული პოლიტიკოსია და არც კონფლიქტების და იდენტობების სიღრმისეული მცოდნე, მისი ეს შეცდომა კომიკური, მაგრამ არა ტრაგიკული მოვლენაა. ჩემი აზრით, უფრო პრობლემური ზუსტად, რომ მედიასაშუალების მიერ დაშვებული შეცდომაა, რომელიც ხშირად პოლიტიკოსების დაუფიქრებელ და არაკომპეტენტური განცხადებების ფონზე, შეუმჩნეველად და რეაქციის გარეშე გადადის. თუმცა, ასეთი „შეუმჩნეველი შეცდომები“ უფრო ღრმა და არსებით კვალს ტოვებს საზოგადოების კოლექტიურ ცნობიერებაში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ტვ პირველმა ბუკნარის საკითხის ეროვნულ მედიაში აქტუალიზაციისას მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. უფრო მეტიც, სწორედ ეს ტელევიზია გვევლინება არადომინანტური ჯგუფების ერთ-ერთ მთავარ ადვოკატად მედიაში. და მაინც, ისიც კი ხშირად უშვებს ასეთ შეცდომებს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ დეკლარაციული თანასწორობა და ინკლუზიურობა ხშირად ღმა ანალიზით და რეფლექსირებით არ არის გამყარებული, არც პოლიტიკურ ელიტაში და არც მედია სივრცეში.

გამიჭირდება ვიფიქრო, რომ არსებული პოლიტიკური ელიტა ჩვენს ყოფაში შეძლებს საკუთარი ზედაპირული და მერკანტილისტური იდეების ტრანსფორმაციას. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მედია ორგანიზაციები უფრო მეტი პასუხისმგებლობით და თვითკრიტიკულობით მიუდგებიან ამ საკითხს და შეძლებენ ამ შეცდომაზე რეფლექსირებით საზოგადოების ცნობიერში დალექილი ქართველობის განმატების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. ჩვენს ქვეყანაში ქართველი მუსლიმები არსებობენ და მათთვის აღნიშნული სიტყვათა შეთანხმების ნორმალიზება და პოპულარიზაცია ღირსების საკითხია. მედიების მიერ კი ამ პროცესში ქართველი მუსლიმების მიმართ გამოხატული მხარდაჭერა და სოლიდარობა საკუთარი შეცდომების საჯაროდ აღიარება იქნებოდა.
კატეგორია - ბლოგი
რას მივიღებთ, თუ მიზოგინიას1 ეპატაჟის2 წარუმატებელ მცდელობას დავამატებთ და კარგად გავაზავებთ? რიგით 33-ე გაბულოგს, რომელიც “მთავარი არხის” ეთერში 2020 წლის 17 მაისს, 21:00 საათზე გავიდა.

გიორგი გაბუნიას მონოლოგები ე.წ გაბულოგები გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” მეტაფორული ენითა და “განთქმული” ენამახვილობით გადმოცემული კიჩური ჩანართებია, რომლებიც სხვადასხვა თემას ეძღვნება.

17 მაისის გაბულოგი “ქართულ ოცნებას” და მისი “მშობიარობის” უნაყოფო მცდელობებს ეძღვნებოდა. ერთი შეხედვით, შეუძლებელია, მშობიარობის სრულიად ბუნებრივი და ბევრი ადამიანისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი შეურაცხმყოფელ და უარყოფით ამბად წარმოაჩინო, თუმცა, უნდა ვაღიარო, გიორგი გაბუნიამ ეს შესანიშნავად შეძლო, როდესაც მშობიარობის პროცესი და მისი თანმდევი მოვლენები პოლიტიკური პარტიის დასაკნინებელ ანალოგიად გამოიყენა.

ტელეწამყვანს “ქართული ოცნების” მეტი სიმკვეთრით გასაკრიტიკებლად არც კიდევ უფრო “შეურაცხმყოფელი” ეპითეტის “ბერწის” მოშველიება დავიწყებია.

“... ბავშვი იქ არ არის, “ქართულ ოცნებას” ცრუ ორსულობა სჭირს, თან უკვე მერამდენედ. რაც სულაც არ არის გასაკვირი, ბერწი ადამიანის დაფეხმძიმება შეუძლებელია და რამდენიც არ უნდა ეძახო შობე, დარეჯან, შობე” მაინც ვერაფერს გააჩენს” - ვუსმენდი გაბუნიას პათეტიკური თეატრალობით წარმოთქმულ ამ სიტყვებს და ყველა იმ ქალზე მეფიქრებოდა, ვისაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველზე მაღალრეიტინგული ტელეარხის პრაიმტაიმიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ თუ შთამომავლობას ვერ და არ ტოვებს, უფუნქციო, არასრულყოფილი ადამიანია და მისი ადგილი აქ არ არის.

დარწმუნებული ვარ, ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, ვინმე აუცილებლად მიმითითებს გაბულოგის მეტაფორულ ენაზე და მეტყვის, რომ ვაჭარბებ, ვინმე კი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების გადაკითხვისკენ მომიწოდებს, თუმცა, მე მჯერა, რომ მედიას მშვიდობიანი, ტოლერნატული, გენდერულად მგრძნობიარე, არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში უნიკალური და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. “ბერწი ქალების” წუნდებულად წარმოჩენა “პოსტ ფაქტუმში” კი ამ როლს, სრულიად არ შეესაბამება.

მიზოგინური ენით გაბულოგის მხოლოდ დასაწყისი როდი გამოირჩეოდა, არა და არა, ტრიუმფალური ფრაზა გიორგი გაბუნიამ ბოლოსკენ შემოგვინახა, როცა დაასკვნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაითვალისწინა პოპულარული რჩევა და გაუპატიურების გარდაუვალობის გააზრებისას, უბრალოდ მოეშვა და პროცესისგან სიამოვნებას იღებს. არხის სოციალური მედიის გუნდმა ეს ფრაზა ისეთ საინტერესო მოვლენად ჩათვალა, რომ “მთავარი არხის” ოფიციალურ ფეისბუქზე, რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი მომწონებელი ჰყავს, ვიდეოს ატვირთვისას, აღწერაშიც კი გამოიყენა.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლების მიმართ ქართული მედიის უგულო და არაეთიკური დამოკიდებულება არახალია. ეროვნული მედიის დიდი ნაწილი მუხლჩაუხრელად ცდილობს გააძლიეროს საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ გაუპატიურება, სექსუალური ძალადობა ან/და შევიწროვება მსხვერპლის ბრალი იყო, მონდომებით ამოწმებს, მსხვერპლს “შარვალი ეცვა თუ კაბა” და მისი “საეჭვო რეპუტაციით” გულწრფელად შეწუხებული მეზობლების კომენტარებსაც არ გვაკლებს.

ამჯერად გიორგი გაბუნიას ემპათიისგან დაცლილმა, მიზოგინურმა ფრაზამ მოახდინა მსხვერპლების გრძნობების უგულვებელყოფა, მათი ტრამვების გაუბრალოება და ისე წარმოჩენა, თითქოს ადამიანის ნების საწინააღმდეგო, ძალადობრივი ქმედება, რომელიც ფსიქიკას მძიმე დაღს ასვამს, სასიამოვნო შეიძლება იყოს.

ხელმძღვანელობის მიერ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა; სამსახურში ყველა ქალისა და კაცის მიმართ თანასწორი მოპყრობა, პატივისცემა, ადამიანის უფლებების დაცვისა და არა-დისკრიმინაციული მიდგომის პატივისცემა და ხელშეწყობა; ყველა ქალი და კაცი თანამშრომლის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა; ქალების განათლების, პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობა; საწარმოს განვითარება, მიწოდების ჯაჭვები და მარკეტინგის პრაქტიკა, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას;თანასწორობის ხელშეწყობა სათემო ინიციატივებისა და ადვოკატირების მეშვეობით; გენდერული თანასწორობის მიღწევაში პროგრესის გაზომვა და საზოგადოებისთვის გაცნობა - ასეთია გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები, ის პრინციპები, რომლებსაც ცოტა ხნის წინ “მთავარმა არხმა” ხელი პომპეზურად მოაწერა, რითაც რეგიონში პირველი ხელმომწერი მედია გახდა და განაცხადა, რომ არხის თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა, რომ, არხის ჟურნალისტები სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რომ, თავის მხრივ, ორგანიზაცია “მთავარი არხის” სხვადასხვა გადაცემაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხების გაშუქებას მონიტორინგს გაუწევს.

მართალია, მე მეეჭვება, რომ არხი, რომლის ეთერიდანაც მიზოგინური მესიჯები აქტიურად ისმის, ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს, თუმცა, ვინ იცის, იქნებ, ჯერ, უბრალოდ, დატრენინგება ვერ მოასწრეს?


[1]მიზოგინია (ბერძ. misos — სიძულვილი, და gyne — ქალი) — ქალთმოძულეობა, ქალთა და გოგონათა მიმართ უნდობლობა, პათოლოგიური ანტიპათია.
[2]ეპატაჟი (Fr. épatage) სკანდალური გამოხდომა; საქციელი, რომელიც არღვევს საერთოდ მიღებულ ნორმებსა და წესებს.
კატეგორია - ბლოგი
alt

ციანიდის სკანდალის შემდეგ, ნაციონალური მედიაორგანიზაციების ნაწილმა გაჭირვებით დაძლია რელიგიის ჟურნალისტიკის პირველი კლასის პროგრამა და თითქოს ეპისკოპოსისა და მღვდლის გარჩევა ისწავლა, თითქოს დაიზუთხა კიდეც სხვაობა პანაშვიდსა და პარაკლისს შორის, აღარც ბოლომდე მიწასგართხმული შემეოხებდა სრულიად საქართველოს მამებსა და დედებს, დროდადრო კი გვიგდებდა სახელგანთქმულ “ერორს”, როცა სინოდის სხდომიდან გამოვარდნილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის კათოლიკოს-პატრიარქისადმი წაყენებული ბრალდების გადმოცემა უწევდა, ფიზიკის კანონებსაც კი აყენებდა ეჭვქვეშ დიდი შაბათის ცეცხლის დღესასწაულზე, მაგრამ კაცი მაინც იფიქრებდა, პანდემია რომ დაიწყოს, რაღაცას მოახერხებენო.

ო, წმიდაო გულუბრყვილობავ!

ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ვინც სასწაულების ფაქტად გასაღებით ფიზიკას აუქმებს, არც ვირუსოლოგიას დაინდობს და არც ეპიდემიოლოგიას.

მრავალგზის გვინახავს, როგორ მარცხდება მედია ფანატიზმთან, სიძულვილთან, ანტიმეცნიერებასთან თუ ფიზიკურ ძალადობასთან. ჟურნალისტებს მრავალგზის უმტყუნიათ საზოგადოებისთვის და უღალატიათ პროფესიული ეთიკისთვის, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ასე სასიკვდილოდ და მასშტაბურად არაადეკვატური.

და კი, რთულ დროს, სამოსნობაც ვერაფერი შეღავათია. საკმარისი არ არის, უბრალოდ აღარ იწვე, აღარ თვინიერებდე და ოდნავ გაკადნიერებას ბედავდე. საკმარისი არ არის შორენას მუქარანარევ ზარებს აღარ პასუხობდე, ან შენი სიუჟეტები კათოლიკოს-პატრიარქისადმი აღვლენილ ონლაინწირვას აღარ ჰგავდეს.

საკმარისი არ არის, ქალბატონ ეზუგბაიას, ბატონ გამყრელიძეს, იმნაძეს ან ცერცვაძეს ეკლესიის თავგასულობაზე კითხვებს უსვამდე, როცა ისინი დიდი უპასუხისმგებლობით იჩლექენ ენას, ან შეშინებულები ძლივს და უკვე დაგვიანებით ახერხებენ არტიკულაციას - წირვაზე არ წახვიდეთო. საკმარისი არ არის ხელისუფლებას, ჯანდაცვისა თუ იუსტიციის მინისტრებს ეკითხებოდე - მერე კანონი რომ ირღვევაო?

საკმარისი არ არის, რადგან მედია თავის მოვალეობას კითხვის დასმით არ ამოწურავს. ხანდახან მისი მოვალეობა პასუხის არმიღებაა.

პასუხის არმიღებაა საჭირო, როცა მეცნიერი - მეცნიერებას ჰყიდის, ხელისუფლება - ხელისუფლებას, ხოლო ეკლესია - რწმენას.

სხვა შემთხვევაში, ჟურნალისტებიც გავყიდით ფაქტებს.

ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ პასუხისმგებელი პირების არაადეკვატურ კომენტარებსა და აშკარა ტყუილებს, ზოგჯერ გონიერების გამაუქმებელთ.

ჩვენ არ უნდა ვჯერდებოდეთ მხოლოდ წინასწარ დაწერილი ნელთბილი გზავნილების ფოსტალიონობას.

ანგარიშვალდებული პირები უნდა უფრთხოდნენ მედიის რისხვას. უნდა უფრთხოდნენ პასუხისმგებლობით აღვსილი პროფესიონალების უმწვავეს კრიტიკასა და უკიდურესად, რეალობასთან ადეკვატურობაში გამწვავებულ და, მე თუ მკითხავთ, განრისხებულ ტონს.

ჩვენ უნდა ვასხვავებდეთ ფაქტებსა და ინტერპრეტაციებს.

რა არის ფაქტი?

ფაქტი ის არის, რომ პანდემიის კრიზისის დროს, ხელისუფლება და მედიცინა პრაქტიკულად ჩამოემხო გავლენიანი რელიგიური ფანატიკოსების ფერხთით და მხოლოდ კოსმეტიკური ჩარევითღა ცდილობს ჩვენს გამოსარჩლებას, საბოლოოდ კი მომავალ არჩევნებზე საკუთარი ბედის გამოსარჩლება სურს.

ფაქტი ის არის, რომ დღისით-მზისით თუ შუაღამით-კომენდანტით კანონი ირღვევა. ფანატიზმი კი მასზე აღზევდა.

ფაქტი ის არის, რომ ადამიანთა სიცოცხლე საფრთხეშია. ჩვენი ჯანმრთელობა მედიცინის პროფესიონალების ხელიდან გამოსტაცეს და ჭკუიდან შემცდარი ფანატიკოსებს გადაულოცეს.

ფაქტი ის არის, რომ ეპიდემიოლოგებმა თუ ინფექციონისტებმა ამ პოლიტიკურად მოტივირებულ უკანონობას უკიდურესად ყრუდ უპასუხეს და ჩვენს ჯანმრთელობას ზოგი ენამოჩლექით გამოესარჩლა - ზოგმაც, იმას ვიზამ, რასაც ფანატიკოსთა გავლენიანი ლიდერი მიბრძანებსო.

მედიამ ეს ფაქტები ვერ გადმოსცა. ვერ დაგვანახა. ვერ შემოგვთავაზა სურათი, სადაც თავსდამტყდარი უბედურება არსებითად იქნებოდა გადმოცემული, იმდენად, რომ უბედურების კატასტროფულობა აღგვექვა.

ამის პარალელურად, მან აირჩია ებალანსებინა სიკეთესა და ბოროტებას შორის.

ნაციონალური მედიაორგანიზაციები რელიგიურ ფანატიკოსებსა და მათ აპოლოგეტებს სასიკვდილოდ დიდ დროს უთმობდნენ, ეს მაშინ, როცა ადეკვატურად კრიტიკულ აზრს ზოგჯერ ეთერიდან აძევებდნენ.

უნდა გვესმოდეს, რომ მომაკვდინებელი ფანატიზმის სტერილური გაშუქება ჟურნალისტიკა არ არის, ჟურნალისტიკა ფაქტების ხელოვნებაა.

ჩვენ არ მოგვეთხოვება ვაბალანსოთ კანონსა და უკანონობას შორის.

ჩვენ არ მოგვეთხოვება პატივისცემა დავუდასტუროთ გავლენიან კრიმინალებს (“დიდი პატივისცემით, მამა ანდრია, მე თქვენ არ გებრძვით, მაგრამ რომ გვწამლავთ, მაინც მიწევს გაფხაკუნება”).

ჩვენ არ მოგვეთხოვება ამ კრიმინალებს საზოგადოების საღი აზრისგან გადარწმუნების შესაძლებლობა მივცეთ.

აბა, არ გავაშუქოთო?! გვკითხავენ ხოლმე კრიტიკოსებს კოლეგები. როცა ეს კითხვა უკვე ჩამოთვლილი არგუმენტების შემდეგ დაისმის, პასუხის ხასიათზე აღარ ხარ, მაგრამ პასუხი საჭიროა.

რაღა თქმა უნდა, გაშუქება აუცილებელია!

საქართველოს ეკლესია ამ ქვეყნის უმსხვილესი პოლიტიკური მოთამაშეა, მისი არგაშუქება, ან დისპროპორციულად მცირე გაშუქება მხოლოდ ბრიყვული, სტერილური და ელიტისტური გადაწყვეტილებაა, რომელსაც, როგორც იქნა, ჩვენი ლიბერალური მედიაც დაეხსნა.

გაშუქება აუცილებელია, მაგრამ აქ თავს იჩენს ცენზურის, სურვილისა და კომპეტენციის პრობლემები.

ხანდახან ცენზურა გავალებს, შენი კომპანიისა თუ ამ კომპანიის მფლობელთა უსაფრთხოებას მოუფრთხილდე, ხანდახან თვითცენზურას იწესებ, რომ ქუჩაში არ გცემონ, ხანდახან სურვილი კი გაქვს - მაგრამ კომპეტენცია არა.

კომპეტენცია კი მოითხოვს შემოქმედებითობასა და სიფხიზლეს. ვერც ერთი პროფესიონალი, ფუნდამენტური პრინციპების მიღმა ვერ დაწერს სტანდარტების სრულ ჩამონათვალს, რადგან სტანდარტები გარემოებებისა და მიზნების კომბინაციით ყალიბდება. გარემოებები კი მუდმივად იცლვება. კონტექსტი ხან ამას მოგვთხოვს, ხან იმას - დანარჩენები კი შედეგებით იზომება. თუ შედეგი საზოგადოების ინტერესებს აცდენილია, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ წარუმატებელ ფორმატებზე.

წარუმატებელი ფორმატები და წარუმატებელი გაშუქება პანდემიის დროს - აღარ არის პროფესიული ღირსებისა თუ საზოგადოების ინფორმირებული არჩევნის საკითხი - ჯანმრთელობის საკითხია.

კი ვხუმრობდით, მაგრამ ხანდახან მედია ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ჩვენ უნდა ვცნოთ ახალი სინამდვილე, გადავაფასოთ საკუთარი თავი და მივხვდეთ, რომ გვჭირდება რელიგიის პროფესიონალი ჟურნალისტები.

ეს კრიზისი მხოლოდ საქართველოში არ დგას, დასავლური, რესპექტაბელური მედიებისთვის თვალის გადავლებაც კმარა, ერთ ნიუსში ათი შეცდომის საპოვნელად.

სწორედ ამ კრიზისის შედეგია ისიც, რომ მრავალი არაკომპეტენტური და გამოუცდელი კრიტიკოსი, ხანდახან იმგვარი სტანდარტების სასრულ ჩამონათვალს წარმოგვიდგენს, რომლებიც არაფრით პასუხობს მუდმივ ცვლადს - გარემოებას. ხანდახან ეს კრიტიკა ჩაშენებულია სიზარმაცეში - სჯობს ამტკიცო, რომ რაღაც არ უნდა გაშუქდეს, იმისთვის, რომ ოდნავ მეტი არ წაიკითხო, ხანდახან - განუსწავლელობაში.

პროფესიული სტანდარტების ფორმირება არ დასრულებულა, ის მიმდინარეობს აქ და ახლა - სტანდარტებიცა და ეთიკაც, საბოლოოდ პროცესია - მთავარია, არ იცვლებოდეს მიზნები.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი კომპონენტია მედიის რეპუტაცია და ცნობადობა. ჰედლაინი, რომელსაც ერთი მედია ერთ აუდიტორიას აწვდის, შესაძლოა, სრულიად სხვაგვარად იკითხებოდეს, ვიდრე მეორის მიერ შერჩეული იგივე. სხვაა მედიაა, სხვაა აუდიტორია. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ საკუთარ აუდიტორიას, უსწრაფესი უკუგებით მუშაობაში ვაკორექტირებდეთ პოლიტიკას - საჭიროა ყოველდღიური გადაწყვეტილებების აქტიური მიღება და არა გამზადებული სტანდარტებით გაზარმაცება - “ტრენინგზე მოვისმინე და საკმარისია” ან “ნაცნობმა მედიაექსპერტმა გამობრძნა” - სავალალო შეცდომაა.

რა თქმა უნდა, არსებობს ლეგიტიმური დისკუსია და ლეგიტიმური განსხვავებები, მათ შორის, იმის შესახებ, რა არის სწორი და რა არასწორი მიზნის მისაღწევად და ეს დებატი კვლავ გაგრძელდება - მთავარია გადაწყვეტილებებს პროფესიონალები იღებდნენ და არა რეალობას მოწყვეტილი ზარმაცები, მთავარია მიზნები გვქონდეს საერთო.

ჩვენ არ უნდა ვიქცეთ არც კრიტიკოსთა ტყვეებად და არც მხოლოდ საკუთარ ნაბადს დანდობილ შეუვალ თავკერძებად. ჟურნალისტის მოვალეობაა ყოველდღიურად ვითარდებოდეს ახალ დისკუსიებსა და კონტექსტებში.

მოვიდა დრო, მედიამ აღიაროს თეოლოგიური და კანონიკური რწმენა-წარმოდგენების პოლიტიკურობა. კანონიკა ისეთივე პოლიტიკური შეიძლება იყოს, როგორც კანონი. უძველესი დოკუმენტებიც კი, დღემდე ახდენენ გავლენას გეოპოლიტიკაზე.

მაგალითად, აღარარსებული ქალაქის - კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ 1686 წელს, მის მიერვე გამოცემული სიგელი გააუქმა, 451 წლის ქალკედონის კრების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, რომ 2019 წელს, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალია მიეცა. ყოფილა კანონიკა პოლიტიკის კომპონენტი?

როცა შენი მედია ამ თემატიკას დროს არ უთმობს, საზოგადოებრივ იმუნიტეტს აჩლუნგებ, შედეგად კი საზოგადოება ადვილად მოწყვლადია გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტების მავნებლური თუ მკვლელი ფანატიზმის წინაშე.

რელიგია გაშუქების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს.

ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება რელიგიის პროფესიონალი ჟურნალისტები. ჟურნალისტები რომლებიც ამ პროფილს ცხოვრებას მიუძღვნიან.

სხვანაირად, არაფერი გამოვა.
კატეგორია - ბლოგი
alt
ფოტო: ბოლნისის მუნიციპალიტეტი

ორშაბათი კარანტინშიც კი რჩება ორშაბათად, მძიმე და რთულ დღედ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ლამის 10 დღის თავზე, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვერც ერის ნაწილი მიხვდა ეპიდემიის მოახლოების სიმწვავეს და ვერც ბერის.

ეკლესია და მთავრობა ზუსტად ისე ევაჭრებიან ერთმანეთს, როგორც ბაზარში 30 ლარიანი ნივრის გამყიდველი მყიდველს, რომელიც ფასით უფროა გაოგნებული, ვიდრე ნივრის ყიდვის საჭიროებით.

დღეს ბლოკნოტში დღიურისთვის ჩანიშვნების გასაკეთებლად ბევრად ნაკლები დრო მაქვს, მაგრამ უკვე ვიცი, რომ ამ კვირის ყველა დღეს თავის სახელს დავარქმევ, რადგან რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, ისეთი ვეღარ იქნება ეს სამყარო, როგორიც იყო გუშინ.


30 მარტი, კარანტინის მერვე დღე - „გამორჩეული“ ზონა

გაორმაგებული შფოთი მაწუხებს, რამდენადაც არ უნდა გადავეწყო საქმის კეთებისკენ, შეუძლებელია ამ დახურულ სივრცეში, სადაც მთავრი საინფორმაციო წყარო მაინც ტელევიზორია, სიმშვიდე შეინარჩუნო და იმედიანად იყო.

მოქმედებს ისიც, რომ წინა კვირასთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე ყოველდღიურად კი არა ყოველწუთიერად იზრდება. დღეს ყველაზე მეტად რაც მიღრღნის ტვინს, დამოკიდებულებებია. უკვე ჩანს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი, რომელიც 22 მარტს ბოლნისთან ერთად გამოცხადდა წითელ ზონად, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. გონებაში ვალაგებ არგუმენტებს, მომეჩვენა თუ კარანტინის ზონებიც კი მეტი და ნაკლები ყურადღების განაწილების კლასტერებად დაიყო.

სტატიებს, ნიუსებს, კომენტარებს, ლაივჩართვებს და რეპორტაჟებს ერთ ფაილში ვაგროვებ და ვცდილობ, არგუმენტირებულად დავრწმუნდე საკუთარ წარმოდგენაში.

მაგალითად:

1. მარნეულიც და ბოლნისიც ორივე მრავალეთნიკურია, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, წესით, ორივე მუნიციპალიტეტის სოფლების მოქალაქეებს ერთნაირად აქვთ, თუმცა, ბოლნისისგან განსხვავებით, მარნეულში ყოველი ფეხის ნაბიჯზე პოლიცია პატრულირებს და ირგვლივ ქელეხის სუფრების გაშლა-ალაგებასაც კი აკონტროლებს - ბოლნისში, სოფელ ნახიდურში, კილომეტრიან დაკრძალვის ცერემონიას შენიშვნის მიმცემიც კი არ გამოსჩენია.

2. ყველა საინფორმაციო საშუალება საუბრობს მარნეულში მთავრობის წევრების სპეციალურ ვიზიტებზე. თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, საგანგებო შტაბის წევრები, ოპოზიციაც კი - ბოლნისამდე „არავინ მოდის“, მარნეული ისმის ყველა არხზე, ყველა ბრუნვაში, ბოლნისზე მხოლოდ მერი და დეპუტატი საუბრობს.

3. თერმოსკრინინგის დისტანციურ თერმომეტრებსაც კი მხოლოდ მარნეულელ ექიმებს ურიგებენ, ბოლნისი კი იმ ათი თერმომეტრის იმედზეა, რომელიც მარნეულის მაჟორიტარს მოეზედმეტა და ბოლნისელ კოლეგას საჩუქრად გადასცა.

4. მარნეულში სრული მობილიზებაა რეანომობილების, საველე ჰოსპიტალიც იქვე ეწყობა, ბოლნისი მხოლოდ ადგილობრივი სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადის იმედზეა. აღარ დავკონკრეტდები სასურსათო პროგრამებზე.

5. ინფიცირებულთა რაოდენობა, მარნეულთან შედარებით, ბოლნისში უფრო მეტია, თუმცა, რატომღაც ცხელ წერტილად მაინც მარნეული ითვლება.

რატომ? ვსვამ კითხვას და პასუხსაც, ვცდილობ, თავად ვუპასუხო - მოსახლეობის რაოდენობის გამო, თუმცა, კაცმა არ იცის: „მწიფეს ესროდნენ და მკუხე ცვიოდაო“.

მოკლედ, ორშაბათს ჩანს , რომ კორონასთან ბრძოლას მარნეული „ბევრის“ დახმარებით გაუმკლავდა, კარანტინს უმკლავდება ბოლნისიც, ოღონდ, როგორც ჩემი ლეპტოპიდან, საინფორმაციო პორტალებიდან , არხებიდან, ჯგუფებიდან და ბევრი წაკითხული სტატიიდან ჩანს - ჯერჯერობით მარტო. ამიტომ, ინფორმაციაც ბოლნისზე ბევრად ნაკლებია, მარნეულზე კი მეტი.

დილაზე არანაკლებ მძიმე აღმოჩნდა ორშაბათი საღამო. პრემიერმა მთელ ქვეყანაში კარანტინი გამოაცხადა და კომენდანტის საათი შემოიღო.

31 მარტი - 1 აპრილი, კარანტინის მეცხრე და მეათე დღეები
ორმაგი კარანტინის ეფექტი

დღეს აფთიაქში ერთმეტრიანი დისტანციით მდგარი ადამიანები საუბრობდნენ პენსიებზე, რომელსაც ქეშად ვეღარ აიღებენ. ანტიბაქტერიული ხელსახოცების ძებნაში მესმოდა ტექსტები: „ფულითაც გადადის კორონა“, „უნდა დააუთოვო ფული, სახლში რომ მიხვალ“, „ლარიანები და ორლარიანები სპირტში ჩაყარეთ“, „ბოსტნეული და ხილი სარეცხის საპნით გარეცხეთ“, ან „ადუღებულ წყალში ჩაყარეთ სოდა და ბოსტნეულს გადაავლეთ“. მოკლედ, ამ ტექსტების მოსმენისას მეგონა ალქიმიის სესიას ვისმენდი. ანტიბაქტერიული ხელსახოცი არ იყო, ერთმეტრიანი დისტანცია დავარღვიე და აფთიაქიდან გავედი.

არასერიოზულად მიჩნეული დიალოგების რეალობაში მალევე დავრწმუნდი. საინფორმაციო საშუალებები დღეს ეროვნული ბანკის თანამშრომლების დაინფიცირების შესახებ საუბრობდნენ. ინფიცირების წყაროდ ფული სახელდება.

იგივე საინფორმაციო საშუალებებიდან კიდევ ერთი შოკის ატანა ცოტა მოგვიანებით მომიწია. ბოლნისის ცხელ წერტილს, ირკვევა, რომ კიდევ ერთი სოფელი - ქვემო ბოლნისი დაემატა, სადაც დაინფიცირებული ქალი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა სოფლის ექიმმა. პაციენტის კონტაქტების კლასტერში კიდევ ერთი და უკვე მეორე ორსული გოგოა. ქვემო ბოლნისი გარემოსგან სრულად ჩაიკეტა.

ორმაგ კარანტინს აქვს ორმაგი გამძლეობის ეფექტი, შიშს და შფოთს ვხედავ და მესმის ირგვლივ როგორ ორმაგდება, მაგრამ ჩატშიც, ფეისბუკის ვოლზეც, ტვიტერშიც, ვებ სემინარებზეც და დისტანციურ საუბრებშიც, ორმაგი გამხნევების ტექსტს ვიშველიებ.

მარტოდ დარჩენილ საკუთარ თავში ამ ეფექტის ძალას სწორი ინფორმაციების მიღებაში ვპოულობ - აღარ ვუყურებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკას, რომელიც ყოველწუთიერად მზარდია და კიდევ უფრო მთრგუნავს. არ ვუყურებ გარკვეულ არხებს და აღარ ვკითხულობ კორონავირუსის გარშემო ატეხილ შეთქმულების თეორიებს.

ცერცვაძის ბლიც ინტერვიუ უკვე ოთხჯერ გადავახვიე და ყველაზე იმედიანი მაინც ბოლოს, დაფაზე დაწერილი სლოგანი მომეჩვენა : „შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ერთად დავამარცხებთ კორონავირუსს“.

ვამარცხებ ჩემებურად. აქამდე ვნახე ყველა ფილმი, რომელიც მსოფლიოს განადგურებით ემუქრებოდა, დღეს ჟანრების რადიკალურ შეცვლაზე დავფიქრდი და „ტოსკანას ცის ქვეშ“ მომინდა თუნდაც ერთი საათით ყოფნა.

2 -3 აპრილი, კარანტინის მეთერთმეტე და მეთორმეტე დღე
მიყრუებული პასუხისმგებლობა

დილიდან წვიმს და ყველანაირ პირობას ქმნის იმისთვის, რომ დავრჩე სახლში, თუმცა გარეთ გასვლის აუცილებლობა მაინც იქმნება.

მთავარი, რაც გასვლისთანავე თვალში მხვდება, ასფალტზე გაწოლილი მამაკაცია. მაშინვე 112-ს ვუკავშირდები და პარალელურად ვცდილობ ყველას მივაწოდო ინფორმაცია, ვინც პირდაპირ ან ირიბად შეძლებს დახმარებას. სასწრაფოს ექიმი მალევე მოდის. ირკვევა, რომ ასფალტზე მყოფი მამაკაცი ალკოჰოლური თრობის ზემოქმედების ქვეშაა და ექიმიც რეანომობილს აღარ იძახებს , - „ნასვამია და ამისთვის ბრიგადას ვერ მოვაცდენ“. პაციენტს იქვე ერთ-ერთ ჭიშკართან სკამზე ტოვებს და მიდის.

ვრჩები გაოგნებული. ვფიქრობ, რატომ არ იყო ექიმი კოორდინაციაში პატრულთან, რატომ არ გადაიყვანეს მამაკაცი, თუნდაც გამოფხიზლებამდე კლინიკაში და რატომ დატოვეს „პანიკის შესაქმნელად“ ქუჩაში? რა გარანტია აქვს ექიმს, რომ ასფალტზე მძინარე მოქალაქე არ გახდება ვირუსის ინფექციის ჯერ მატარებელი და მერე გამავრცელებელი? რა გარანტია აქვს იმავე ექიმს, რომ მამაკაცი, რომელიც საკუთარ სახელს ვერ იხსენებდა, საკუთარი სახლის გზას გაიკვლევდა იოლად და, ჩემი უბნის მსგავსად, კიდევ სადმე, რომელიმე ქვაფენილზე არ მიიძინებდა? ჯერ კიდევ გუშინ მადლობებს ვარიგებდი ექიმების მისამართით, დღეს ჩუმად ვარ.

პირველი, რაც ასფალტზე დაწოლილმა მამაკაცმა გამახსენა, ის კადრები იყო, სოციალურ ქსელში უჰანიდან რომ ვრცელდებოდა, ვითომ დაინფიცირებული მოქალაქეები შუა ქუჩაში ეცემოდნენ და გონებას კარგავდნენ. უჰანისგან განსხვავებით, ეს ის შემთხვევა იყო, როცა სიტყვა „ნასვამიას“ გაგონება ყველაზე მეტად გამიხარდა.

4-5 აპრილი, კარანტინის მეცამეტე და მეთოთხმეტე დღე
სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემა

შაბათი და კვირა კარანტინის ზონაში ყველაზე ნაკლებადაა დახურული, ჩაკეტილი და წყნარი. ყველაზე ნაკლები ადამიანი რჩება სახლში და ყველაზე ნაკლებად ახსოვთ კორონა. აქამდე რასაც მეგობრები, მეზობლები და ახლობლები მწერდნენ, უბრალოდ, არ მჯეროდა.

ქალაქის ბაზართან დილიდანვე ხალხმრავლობაა. ამდენი ხალხი კარანტინამდე, ალბათ, მარტო ახალი წლის დღეებში თუ მინახავს. ამ დროს კი ირგვლივ ვერცერთ პატრულს ვერ მოკრავთ თვალს. მიკროავტობუსები, ავტომობილები,ხელდატვირთული საზოგადოება, სურსათი, ბოსტნეული... მოკლედ, ყველა და ყველაფერი ერთმანეთში ირევა.

altვისაც აქამდე 30 ლარიანი ნივრის ნახვა უნდოდა, დღეს 32 ლარად დახვდათ. უკმაყოფილო სახეებს პირბადე ფარავს, დაუთოვებულ ფულის ბანკნოტებს ერთმანეთში ცვლიან და მიჩნდება განცდა, რომ ერთხელ კი არა ათჯერ გამოდიან სახლიდან, ერთი ქორწილის სუფრის პროდუქტსაც ყიდულობენ და რიგში დისტანციის დაცვაზე შენიშვნას თუ მისცემ, კარგა გემრიელედაც გაგლანძღავენ. ბოლოს, თუ ნერვები გიმტყუნებს და მთავრობას მოკითხავ - რატომ არ კონტროლდება წითელ ზონაში წესრიგი - სართულებიან წყევლასაც მოგაყოლებენ, უმადურსაც გამოგიყვანენ და მადლობის სათქმელადაც დაგინიშნავენ საათობრივ განრიგს... ასეთია საზოგადოების ერთ ნაწილის კარანტინის წესების აღქმის ფორმა.

მეორე ნაწილი კი სხვა განზომილებაშია. ონლაინ სივრცე არის გარემო, სადაც აზრის გამოხატვას ყველა ვერ ბედავს, კარანტინის ზონაში ცხოვრება კიდევ უფრო მეტი პრობლემის გაჩენას არ გამორიცხავს. ისედაც დაყოფილი საზოგადოება, არც ამისთვის აღმოჩნდა მზად.

ბოლნისში არ არსებობს დამოუკიდებელი მედია და, ვფიქრობ, რომ ეს გარემოება გარკვეულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას მუნიციპალიტეტის შიგნითაც და გარეთაც ბევრად უშლის ხელს. ასეთ სიტუაციაში, ერთადერთი სივრცე, გამოხატო კმაყოფილება, უკმაყოფილება ან უბრალოდ დააფიქსირო აზრი, არის სოციალური ქსელი.

ვაკვირდები და ერთი პრობლემის შემცველ პოსტს, შესაძლოა, უამრავი ადამიანის დამაბულინგებელი კომენტარი მოჰყვეს. საზოგადოების ერთ ნაწილს აქვს განცდა, რომ ყველაფრის მადლიერი უნდა ვიყოთ - მათ შორის იმისაც, რომ ნიორი 32 ლარი ღირს.

ჩაკეტილ ზონაში, 10 დღის თავზეც კი, სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემაა.


დღიურების დასაწყისი  

კატეგორია - ბლოგი
alt

ჟურნალისტიკაში სულ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, როცა მითხრეს, რომ ადგილობრივი საეკლესიო იერარქი ანათემის გამოცხადებას მიპირებდა, თუკი ჩემი დაწერილი ნიუსის გამო არ შევინანებდი.

ნიუსი არასრულწლოვანთან მიმართებაში გარყვნილ ქმედებას ეხებოდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთერთი ტაძრის ეზოში. მოძალადე სასულიერო პირი არ იყო, თუმცა მრევლს წარმოადგენდა და იმ ტაძრის ხშირი ვიზიტორი იყო. საეკლესიო იერარქების რისხვა განპირობებული იყო იმით, რომ ნიუსი ჩრდილს აყენებდა ეკლესიის რეპუტაციას. მეორეს მხრივ, სახეზე იყო ძალიან მძიმე, სექსუალური დანაშაული არასრულწლოვანთან მიმართებაში იმ ტაძრის ეზოში, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ ბავშვები, მოძალადის პოტენციური მსხვერპლები.

ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განუზომელ ძალაუფლებას ელვის სისწრაფით კრეფდა და მასთან რაიმე ტიპის დაპირისპირება მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა ნებისმიერი პირისთვის, მითუმეტეს პატარა ქალაქში ანათემირებული ჟურნალისტისთვის. ასე იყო თუ ისე, მაშინ ანათემას გადავურჩი.

წლების შემდეგ ისევ მომიხდა სასულიერო პირებთან დაპირისპირებაში შესვლა, როცა რედაქციაში მოძალადე მღვდლისგან ნაცემი ქალი მოვიდა. ჰო, ძალიან რთული აღმოჩნდა ამ თემაზე მუშაობა, როგორ შეიძლებოდა ღვთისმსახურის მხილება და ეკლესიისთვის ჩრდილის მიყენება?! თანაც ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე მედიაში უმეტესად “ქებაი და დიდებაი” იწერებოდა, ან საერთოდ არაფერი.

დღეს ვითარება შედარებით შეცვლილია. ბოლოს სასულიერო პირმა ერთი ცნობილი ხელოვანი დაწყევლა, ჟურნალისტებთან მიმართებაში მსგავს “სანქციებზე” აღარ მსმენია. მედიაც ბოლო წლებში აღარ გაურბის ეკლესიის შიგნით კონკრეტული პრობლემების გაშუქებას, თუმცა ამის გამო ჟურნალისტები ხშირად ხდებიან აგრესიის სამიზნეები.

ბოლო დროს მედია აქტიურად სვამს შეკითხვებს ერთი კოვზით ზიარების წესთან დაკავშირებით, რომელიც ახალი კორონავირუსის ფართოდ გავრცელების რისკს ქმნის ქვეყანაში. ქვეყანაში გამოხცადებულია საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ბევრ შეზღუდვას აწესებს ქვეყანაში, თუმცა ეს შეზღუდვები ფაქტობრივად არ ვრცელდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, სადაც ადამიანები კვლავაც იკრიბებიან და საერთო კოვზით ეზიარებიან, რაც არის ინფექციის გავრცელების კუთხით ძალიან სახიფათო.

იმის გამო, რომ ჟურნალისტები სვამენ შეკითხვებს, თუ რატომ ვერ ახდენს სახელმწიფო ინფექციის გავრცელების რისკის აღკვეთას ეკლესიაში, ეს დიდ აგრესიას იწვევს არა მხოლოდ სასულიერო პირებსა და მრევლში, არამედ საერო პირებში და თვით ეპიდემიოლოგებს შორისაც კი.

კონტრარგუმენტები ხშირად არის ის, რომ ჟურნალისტები თავად არ იცავენ წესებს და ეკლესიას მოუწოდებენ წესების დაცვისკენ:

  • “ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტები, რომლებიც არანაირ წესს არ იცავენ… მეც პირადად ტელევიზიაში ვიყავი ვახო სანაიასთან და აღმოვაჩინე, რომ ჩემს უკან უამრავი ადამიანი მოძრაობდა და არანაირი წესის დაცვა იქ არ იყო და ამ დროს ჟურნალისტი მესაუბრებოდა მე, რომ წესები უნდა დავიცვათ და აუცილებელია წესების დაცვა,” - ამონარიდი დეკანოზ შალვა კეკელიას მიმართვიდან მრევლისადმი.
  • “გარეთ, მაგალითად, 10 ადამიანზე მეტი ხართ შეკრებილი, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ არღვევთ კანონს?!” - მიმართა ჟურნალისტებს კონტრშეკითხვით ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
  • “ჟურნალისტებს ეხება თუ არა [საგანგებო მდგონარეობის შეზღუდვები]? ჰოდა, თქვენ თუ არ გეხებათ, თქვენ უფრო დიდი ხართ, ვიდრე ქრისტეს ეკლესია - 2000-წლოვანი? თქვენ რა, ვერ გადადებთ, რომ დადიხართ ასე? რა ვიცით, რომ ვირუსის მატარებელი არ ბრძანდებით და სპეციალურად არ დადიხართ და სპეციალურად არ დააინფიცირებთ ხალხს?!” - ასევე კონტრბრალდებებით გამოეხმაურა ჟურნალისტების შეკითხვას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი.
  • “ახლა თქვენ რომ დგახართ ჩემთან ასე ახლოს, ესეც არ არის მიღებული ფორმა, იმიტომ რომ ახლა არღვევთ სოციალური დისტანცირების ყველა წესს. მითუმეტეს, თქვენი მიკროფონებით - ამირანი [გამყრელიძე] ლაპარაკობდა და ახლა მე ვლაპარაკობ, ისე, რომ დეზინფექცია მიკროფონებს არ ჩატარებიათ, ანუ თქვენც არღვევთ ახლა ამ წესს”, - ეს კი პაატა იმნაძის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის შეპასუხებაა ჟურნალისტებთან, რომლებიც დაინტერესდნენ ეკლესიაში წესების დაუცველობის გამო ინფექციის გავრცელების რისკებით.
“საზოგადოებრივი ინტერესი” - არის ამოსავალი წერტილი იმისა, თუ რატომ უნდა ინტერესდებოდეს მედია ეკლესიაში მრევლის შეკრებისა და ზიარების საკითხით პანდემიის დროს. დიახ, საზოგადოებრივი ინტერესის საგანია საფრთხეებზე და რისკებზე ინფორმაციის მიწოდება.

საფრთხე და რისკი ინფექციის გავრცელების არსებობს, თუკი ადამიანები არ დაიცავენ მთავარ წესს, რაც უკავშირდება სოციალურ დისტანცირებას და თვითიზოლაციას, რომელიც გამოიხატება მთავარ მესიჯში - “დარჩი სახლში!” ეს წესი ირღვევა, როდესაც ადამიანები თავს იყრიან ეკლესიაში ლიტურღიაში მონაწილეობის მისაღებად. ის არგუმენტი, რომ ეკლესიაში შეკრებილი მრევლი დადგენილ დისტანციას იცავს, არაფერს ცვლის, როცა მათი ერთი კოვზით ზიარება ხდება. ინფექცია ვრცელდება, პირველ რიგში, წვეთოვანი გზით. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი ერთი კოვზით ზიარების შედეგად, ანუ წვეთოვანი გზით მრევლის წარმომადგენლები დაინფიცირდებიან, შემდეგ ისინი თავიანთი სოციალური კონტაქტებით ეკლესიის გარეთ ქმნიან ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს.

ამდენად, ზიარების და მრევლის შეკრების საკითხი ამ შემთხვევაში არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, რომელიც მედიამ უნდა დააკმაყოფილოს - დასვას შეკითხვები, მოიპოვის პასუხები, აღწეროს ფაქტები და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.

შესაბამისად, ამას არაფერი აქვს საერთო ვინმეს რწმენის თავისუფლების ხელყოფასთან. ამიტომაც სრულიად უადგილოა, როდესაც ჟურნალისტები “თავის მართლების პოზაში” დგებიან, როდესაც ამ თემების გაშუქებას იწყებენ და ასრულებენ იმით, თუ რამდენად ღრმად მორწმუნეები და აღმსარებლები არიან პირადად ისინი და როგორ პატივს სცემენ კონკრეტულ სასულიერო პირებს. თუმცა, ალბათ, გასაკვირიც არ უნდა იყოს, როდესაც თავად ექიმებისა და ინფექციონისტებისგან ვისმენთ ასეთ “აღსარებებს” პირდაპირ ეთერში, რის გამოც “უფლის ნების იმედად” ყოფნას გვირჩევენ. სხვათაშორის, მედიის ინტერესის საგანი უნდა იყოს ასეთი “აღსარებებიც” იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ინფექციასთან ბრძოლაზე და არა დაბადების დღის ტორტებით გამასპინძლება რესპონდენტებთან ან მათთვის საჯაროდ სიყვარულის ახსნა.
კატეგორია - ბლოგი
alt
ფოტოზე: პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე და თენგიზ ცერცვაძე. 
ზაალ სულაკაურის მიერ შესრულებული კარიკატურა

„დასვი იმდენი კითხვა, რამდენიც საჭიროა და გაიმეორე იმდენჯერ, ვიდრე რესპონდენტისგან სასურველ პასუხს არ მიიღებ, მიუხედავად მისი ავტორიტეტისა. გახსოვდეს, რომ ეს პროფესია „კერპებს“ და „გმირებს“ ვერ იტანს და ნურც შენ ეცდები ვინმესგან ასეთის შექმნას“, - ალბათ, ასე ვუპასუხებდი სტუდენტს ახლა ჟურნალისტიკის მიმართულების ლექტორი რომ ვიყო და მასაც ჟურნალისტის მთავარი ფუნქციის შესახებ ეკითხა.

ეს, ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტება, რომელზეც, წესით ყველა უნდა თანხმდებოდეს, ხშირად სადავო ხდება ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტის მქონე პირს, ან ამა თუ იმ დარგის დამსახურებულ წარმომადგენელს ეხება. ასეთ დროს ემოცია რაციონალურ განსჯას სცილდება და საზოგადოებაც ჟურნალისტის კრიტიკას მხოლოდ იმის გამო იწყებს, რომ მან მისი „ფავორიტისა" თუ "გმირისთვის" უბრალოდ კითხვის დასმა გაბედა, რამაც თავის მხრივ კითხვის ადრესატიც გააღიზანა. 

არადა, ჟურნალისტის, როგორც საზოგადოებასა და რესპონდენტს შორის ინფორმაციის გამტარის მთავარი ვალდებულება ზუსტად საკითხის გარშემო არსებულ კითხვებზე პასუხების მიღება და მათი აუდიტორიამდე მიტანაა. ეს ვალდებულება გაასმაგებულ დატვირთვას იძენს, როდესაც საქმე კრიზისულ შემთხვევებთან გვაქვს და ინფორმირებულობის როლიც, შესაბამისად, გაასმაგებულია. 

პრობლემა სრულფასოვნად რომ გავიაზროთ, თავდაპირველად მისი საწყისი უნდა გავშიფროთ და ყველაფერი საკუთარ ადგილს მალევე თავად მონახავს. ასე მაგალითად, საყოველთაო ბრაზი ერთი მიმართულებით მაშინ იხეთქებს ხოლმე, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილის ფავორიტებს მედია ზომაზე მეტად შეიყვარებს, საყოველთაო აღტყინებაში შეტოპავს, მათი მისამართით გადამეტებულ რევერანსებს არ იშურებს და მეტიც, ეშხში შესულს რესპონდენტისთის პირადპირ ეთერში საიუბილეო ტორტის მირთმევაც არ ეთაკილება. შედეგად, იშლება ყველა ის ზღვარი და დისტანცია, რომლის დაცვაც მედიას პროფესიული ეთიკის ფარგლებში მოეთხოვება.

განზოგადებული მაგალითი, ალბათ, ყველამ ზედმეტად კონკრეტულად გაიგო და არც ამბის მთავარი გმირების ამოცნობა გაუჭირდა. დიახ, ზუსტად მიხვდით, ამბავი სწორედ ქართველ „სამ მუშკეტერად“ წოდებული სამეულის ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძისა და თენგიზ ცერცვაძის მედიასთან ურთიერთობას ეხება, როდესაც თავდაპირველი „ფლირტი“ პროფესიულ დრამაში გადაიზარდა და ასე ვთქვათ კომფორტულ გარემოს შეჩვეული „გმირები“ მათთვის უსიამოვნო, თუმცა სრულიად ლეგიტიმურმა კითხვებმა გააღიზიანა, რაც საბოლოოდ, კითხვების ავტორის მიმართ საყოველთაო უკმაყოფილებაში გადაიზარდა.

არადა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჟურნალისტმა ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის პარალელურად, სტუმრთან მხოლოდ იმის გარკვევა სცადა, თუ რატომ არ გვაქვს ვირუსის დამდგენი სწრაფი ტესტები? როდის გვექნება ისინი და დგას თუ არა პროცესის დაყოვნების უკან ვინმეს კომერციული ინტერესი? კითხვებით ნაწყენი დარჩა ადრესატი, კიდევ უფრო მეტად კი - საზოგადოება. აუდიტორიის ნაწილმა ჟურნალისტს მისი „გმირისთვის“ კითხვების დასმა ვერ აპატია. ერთი კატეგორია მას არაპროფესიონალიზმს, მეორე კი - უმადურობას ედავებოდა.

არადა, რა ქნას ასეთ დროს ჟურნალისტმა, როდესაც კითხვები არსებობს და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად სტუდიას „ჩვენი გმირები“ სტუმრობენ? როდესაც კითხვის რეალური ადრესატი მოუცლელობის მოტივით, პასუხებისგან თავს იკავებს [თუმცა მისთვის კომფორტულ გარემოში სტუმრობისთვის მაინც იცლის], ცხადია, კითხვებიც სწორედ მათ მიემართება, ვისაც ზემდგომებმა სპიკერობა და მედიასთან ურთიერთობა არგუნეს.

შესაბამისად, აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ყველა დასმულ კითხვაზე ადეკვატური პასუხიც მათი ვალდებულის ნაწილია, რაც უნდა უსიამოვნო და არაკომფორტული იყოს ეს მათთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც კონკრეტული საკითხის გარშემო არსებობს, კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვების პირობებში, ერთ დიდ უფსკრულად იქცევა, რომლის ამოვსებაც სულ უფრო და უფრო გართულდება.

დასვას კითხვა და მასზე მიიღოს პასუხი, ეს ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობაა აუდიტორიის წინაშე, კითხვის არდასმა მისი რაიმე ფორმით შელამაზება და გარკვეული მიზეზით თავის არიდება კი - ამ მოვალეობაზე უარის თქმა და იმ მთავარი პრინციპის ღალატია, რომლის დაცვასაც მას საკუთარი პროფესია ავალდებულებს.

თემაზე დისკუსიების ნაწილში ერთ საინტერესო მოსაზრებას წავაწყდი და საუბარს მეც ამით დავასრულებ - „საქართველო საბჭოთა კავშირი არ არის და ის თანამედროვე დემოკრატიის ნაწილია, დემოკრატიულ ქვეყნებში კი - კითხვებს სვამენ და პასუხებსაც იღებენ. საქართველო არასდროს გახდება ჩრდილოეთ კორეა, სადაც კითხვის დასმა დასჯადია“.
 
კატეგორია - ბლოგი

alt
კარანტინის ერთი კვირა გასწავლის, როგორ გაუმკლავდე შფოთს და როგორ გადაერთო აქტიური ქმედებებისკენ; როგორ გახადო შენი საქმე სხვისთვის სასარგებლო და როგორ მოიგო დრო, რომელიც პრაქტიკულად არ გრჩება.

25 მარტი, კარანტინის მესამე დღე
 
,,პულტისთვის“ აღარ მცალია. წლების განმავლობაში საინფორმაციო სააგენტოებში მუშაობამ, ერთი თვისება გამომიმუშავა: სწრაფად შევძლო ერთდროულად რამდენიმე პორტალიდან და არხიდან მთავარი ინფორმაციის ამოღება და თუ ამის საჭიროებაა, დაზუსტება. გადავწყვიტე ეს პერიოდი გავიხსენო, საკუთრ თავში მივიწყებული ჟურნალისტი გავაღვიძო და ვიმოქმედო.

დღეს გარეთ იმაზე უფრო სიმშვიდეა, ვიდრე ველოდი. ქუჩაში არც არავინ დგას და არც არავინ მოძრაობს. პირველი, რაც დილიდან თვალში მომხვდა, ერთი და იგივე ტექსტით გადაჭედილი სოციალური ქსელია. დაახლოებით 5 „თეგი“ მაქვს, სოციალური ქსელის მეგობრები მთავაზობენ მივიღო მათი გამოწვევა სოციალურ ქსელში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ტექსტი, რომელზეც ისტერიულად მნიშნავენ, ეთნიკური აზერბაიჯანელების მხარდაჭერას ეხება. არ ვღებულობ...

დიდი ხანია, რაც ხანია ჩემს აზერბაიჯანელ, სომეხ თუ ებრაელ მეგობრებს „უცხო ტომელებად“ აღარ აღვიქვამ. პრინციპში, არც არასდროს აღმიქვამს ასე. ასევე დიდი ხანია აღმოვაჩინე, რომ პერიოდულად, როგორც კი ქვეყანაში რამე სერიოზული პრობლემა იჩენს თავს, აუცილებლად ჩნდება ვიღაც, ვინც ადამიანების ეთნიკურ წარმომავლობაზე იწყებს აპელირებას და აიძულებს მათ უმტკიცონ ყველას, რომ ამ ქვეყნის შვილები არიან.

ამ რეგიონში ასეთ გამოწვევებს დაუფიქრებლად აღარ ვიღებთ. დიდი ხანია აღარ ვართ 90- იანებში, არც პოსტ საბჭოთა სივრცეში, არც ის თაობა ვართ, ვისაც ომი, დაპირისპირება და შუღლი არ უნახავს. ვისწავლეთ, ზოგი სხვის და ზოგიც საკუთარ შეცდომებზე.

ეს გამოწვევა კიდევ ერთხელ მაფიქრებს ბოლო დღეების აღმოჩენაზე, რომ ყველაფრის სათავე არაინფორმირებულობაა. გადავწყვიტე, ჩემი ბრძოლაც აქედან დაიწყება. კარანტინის ჩანაწერების დღიურში ყველა ჩემი აზერბაიჯანელი და სომეხი მეგობრის საკონტაქტოს ვწერ, ვეკითხები აქვთ თუ არა ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე ვირუსზე, კარანტინის წესებზე, რეკომენდაციებზე. უარები მომდის...

CENN-ი, ორგანიზაცია ვისთანაც ახლა ვთანამშრომლობ, მთანხმდება დავბეჭდოთ პოსტერები ორ ენაზე, ადგილობრივი ორგანიზაცია ,,ქალი და სამყარო“ პოსტერების თარგმნაში მეხმარება, პრობლემა ბოლნისამდე ჩამოტანაა, მაგრამ ესეც უცებ გვარდება - წითელი ჯვარი მზადაა ამ ნაწილში დაგვეხმაროს. კარანტინის მესამე დღეს თავისუფალი დრო საერთოდ ქრება. ჩემი 8 წლის შვილი თოჯინებს მისვამს კომპიუტერის ეკრანზე, ან რომელიმე ტელევიზიასთან პირდაპირი ჩართვისას ჩემს ზურგს უკან ზღვის გოჭით დასეირნობს. მივხვდი, რომ ეს მისი პროტესტია, პროტესტია იმაზე, რაც ხდება გარეთ და რამაც შეცვალა ყოველდღიურობა შიგნით.

25 მარტი ისე ღამდება, სოფელ ნახიდურიდან, ლეილასგან ერთი სიტყვაც არ მომდის. ეს ამბავი არ მომწონს, მინდა, რომ დავურეკო, მაგრამ უკვე ღამის 4 საათია...

26 მარტი, კარანტინის მეოთხე დღე

მძიმედ გათენდა. დილის 8-ზე, მაღაზიასთან პურის საყიდლად გამოსული ხალხი უკვე ლაპარაკობს ორსულ გოგოზე სოფელ ნახიდურიდან , რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა. 13 ადამიანიდან მხოლოდ მას აღმოაჩნდა Covid -19.

დედამ სახლის დეზინფექცია გაახშირა, ბებო ისევ ნერვიულობს, ამჯერად აქაურობის გარდა, საზღვარგარეთ ჩარჩენილ ქართველებზეც. ყველა ამბავს თავის ანალიზს აყოლებს და 10 წუთში ერთხელ ექიმებს ლოცავს.

ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს, მომდის შეტყობინებები, მათ შორის თავის დაცვის წესებზე, ჯერჯერობით მთავრობის შეტყობინებები სჭარბობს. აპლიკაცია, რომელიც აქამდე ნაბიჯებს მითვლიდა, წითელს მინთებს.

სოფლებში დეზინფექცია დაიწყო. მაღაზიებში, გუშინდელთან შედარებით, სურსათი გაჩნდა, მეპატრონეები ობიექტებში სამ ადამიანზე მეტს არ უშვებენ, თუმცა მაღაზიის გარეთ დისტანციას არავინ იცავს.

დღის მეორე ნახევარში ,,წითელ ჯვარს“ ორ ენაზე დაბეჭდილი მასალები ჩამოაქვს. მოხალისეები უკვე მობილიზებული არიან და ყველგან, სადაც შეგვიძლია, მათ განთავსებას ვიწყებთ.

სახლში დაბრუნებულს ლეილას წერილი მხვდება. მწერს, რომ ძალიან ცუდად იყო და სუნთქვა უჭირდა, ვერ იძინებდა, ვერ ჭამდა, ორსული გოგონას ამბავმა ძალიან იმოქმედა. ვცდილობ გავამხნევო. პარალელურად ყველასთან ვრეკავ, ვისთანაც ხმა მიმიწვდება და ვისაც მისი დახმარება შეუძლია. დილით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ლეილას ფსიქოლოგთან დაკავშირება შეძლო.

27 მარტი, კარანტინის მეხუთე დღე

მეხუთე დილამდე იყო ყველაზე მძიმე ღამე. დილიდან გადარბენა გვაქვს ოთახიდან ოთხაში, ერთდროულად ვეძებთ ყურსასმენებს, წიგნებს, რვეულებს. ნიტას დისტანციური გაკვეთილის დრო ემთხვევა ჩემს ჩართვას საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში. დედა ფანჯრიდან ეკამათება მამას, რომელიც ბოლოს, 5 დღე გადაბმულად სახლში 20 წლის წინ იჯდა, როცა მიკროინფარქტი გადაიტანა.

მამამ ითმინა და დღეს გადაწყვიტა, რომ ვენახში წავიდეს. პირბადე აიხვია, საგზალი გაიმზადა და ჩვენი ძველი გერმანული სახლის სარდაფში, ბოლო ,,აკორდისთვის“ ჩავიდა. ,,ეკიპირებული ვარ კორონას წინააღმდეგ“, - გამოაცხადა და ჭაჭით სავსე მათარა ხურჯინში ჩაიდო. მამას შეჩერება ვერ შევძელით. დისტანციური გაკვეთილი კი დროში იწელება, ხან მოსწავლეს არ ესმის მანსწავლებლის, ხან მასწავლებელს მოსწავლის. ბოლოს მასწავლებელმა ბავშვები ჯგუფებად დაყო და ქართული და მათემატიკა ასე ჩაიბარა.

შუა დღისთვის მოვახერხე და მოხალისეებთან ერთად სოფლებში, პოსტერების გასაკრავად წავედი. თითქოს სხვა ქვეყანაში ვარ, არც საგანგებო მდგომარეობა, არც კარანტინი წესები, ოთხი ადამიანი დომინოს თამაშობს, ექვსი გულშემატკივრობს, არც პირბადე, არც ხელთათმანი.სოფლის სტადიონი მინი ფეხბურთის ჩემპიონატს ჰგავს, ტაშიც უხვადაა და შეძახილებიც. აფთიაქში ფარმაცევტმა დიდი ხნის ძებნის შემდეგ იპოვა ხელზე გადასავლები სპირტი, გვკითხა რა ინფორმაციას ვაწვდიდით და აუცილებელი საჭიროების ნივთები გამოგვართვა.

2008 წელს, როცა ომი ანადგურებდა ყველაფერს, ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის (IWPR) ვმუშაობდი კონფლიქტის ზონაში, მაშინ გულს მიკლავდა დაცლილი და სამარისებურად დადუმებული სოფლები, საქონელიც რომ არსად ჩანდა და მამლის ყივილიც რომ არ ისმოდა. დღესაც ომში ვართ და დღესაც გულს მიკლავს სოფლები, სადაც ადამიანები თავიანთი დაუმორჩილებლობით მაოცებენ.

გზად ვხედავ, რომ ქალაქის მაღაზიების უმრავლესობა დაკეტილია. ჩათში ისევ მიგზავნიან ათასნაირ ინფორმაციას, ყველას გადასამოწმებლად დრო აღარ მყოფნის.

სახლში მისულს ნიტამ ორი კითხვა მომახალა : ჰარი პოტერი უფრო დაგვიცავდა კორონა ვირუსისგან თუ პიტერ პენი? კითხვას კითხვითვე ვპასუხობ - შენ როგორ ფიქრობ-თქო? და დაუფიქრებლად მპასუხობს - ,,20 წამიანი ხელების დაბანა“.

28 მარტი, კარანტინის მეექვსე დღე

საოცრად მზიანი დღეა. დილა ორმაგად სასიამოვნო ხდება, როცა ვიგებ, რომ უჰანში პირველად გავიდა მატარებელი და იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ იკლო. ეს ინფორმაცია, სადღაც გულის სიღრმეში, იმედს მაძლევს, რომ აქაც ყველაფერი კარგად იქნება.

ლეილა მადლობებით სავსე წერილს მიგზავნის, ამბობს, რომ საჭმელიც ჭამა და პირველად ამ სამი დღის განმავლობაში, ღამე კარგად ეძინა. მიხარია და წერილების კითხვას ვაგრძელებ. ცალ-ცალკე ყველა ერთსა და იმავეზე წუწუნებს, ვშიშობ, რომ ვირუსს თუ გადავურჩებით, სიღარიბე მოგვკლავს. ადამიანები ბაზარში არსებულ ფასებზე ბჭობენ: ,,ნიორს მხოლოდ მეფე თუ შეწვდება, 30 ლარი ღირს. კვერცხი დელიკატესი გახდა, ლობიო 6,50 ლარია, ოღონდ თუ იპოვე სადმე, კონებად შეკრული მწვანილის ფასი კილოგრამისას უტოლდება, დამჭკნარი ვაშლის ფასი 7 ლარამდე ავიდა“.

გაზრდილ ფასებზე ტელევიზორიდან არაფერი გვესმის, მაგრამ სამაგიეროდ დღეს მთელი დღეა გვესმის, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი „ყველაფრის თქმით“ გვემუქრება.

ორი ახალი ინფიცირებული დაგვემატა. მე ისევ ვხედავ ხალხს ბაზრიდან ტაძრის მიმართულებით მიმავლებს, - მონიშნულ, დისტანცირებულ წრეებში დასადგომად.

ეს დღე ალბათ იმითაც დამამახსოვრდება, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ "Urbi et Orbi-ის“ ლოცვა (ქალაქსა და ქვეყნიერებას - რომსა და მსოფლიოს) წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე მარტომ აღავლინა. მძიმე სანახავი იყო მარტოდ მლოცველი პაპი, რომელსაც მარცხენა მხარეს ჯვარცმის ქანდაკება ედგა. ჯერ კიდევ გუშინ ჯვარცმა San Marcello Al Corso-ს ტაძრიდან წმინდა პეტრეს მოედანზე საგანგებოდ გადაიტანეს. იმედი აქვთ , რომ ჯვარცმა ამჯერადაც იხსნის იტალიას განსაცდელისგან.

ჩემი ფანჯრიდანაც ჩანს წმინდა პეტრე-პავლეს მონასტერი. როგორც პაპს, მეც ჩემი წილი რწმენისა და უფლის იმედი მაქვს.

დღეს ღამით მე და ნიტა ალბათ დავასრულებთ ასტრიდ ლინდგრენის ,,ემილიას“ კიდევ ერთ თავს და გავიგებთ, რატომ დაკიდა ემილიმ დაიკო იდა ფლაკშტოკზე.

ხვალ ისევ დავიწყებ ფიქრს, პოსტერების და ბუკლეტების გარდა, რა შემიძლია გავაკეთო ჩაკეტილი ბოლნისის ინფორმაციული ვაკუუმის დასაძლევად.



იხილეთ დღიურების დასაწყისი:


 

კატეგორია - ბლოგი




სამი დღეა მარნეული მკაცრი კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს. ქვეყნის სხვა ტერიტორიისგან განსხვავებით, აქ ცენტრალური მედიისთვის მუშაობა შეზღუდულია. ამ ყველაფერმა ადგილობრივი მედიის დატვირთვა, რომელსაც ისედაც განსაკუთრებული და გამორჩეული როლი აქვს თემის ცხოვრებაში, კიდევ მეტად გაზარდა. პარალელურად, კიდევ უფრო დამძიმდა ის დამოკიდებულებები, რაც საჯარო პირებს ადგილობრივი მედიის მიმართ აქვთ და ის სირთულეები, რასთან გამკლავებაც პატარა მედიებს ყოველდღიურად უწევთ.

კამილა მამედოვა, მარნეულის სათემო რადიოს დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც ხანდახან თავად არის რედაქტორიც, ჟურნალისტიც, წამყვანიც და მძღოლიც, გვიყვება როგორი იყო მარნეულში კარანტინის პირველი დღეები.


⇒ დღე I - დაბნეულობა

როგორც კი გავიგეთ, რომ საქართველოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს შემთხვევა მარნეულთანაა კავშირში, უსაფრთხოებაზე ფიქრი მაშინვე დავიწყეთ. სადღაც მარტის დასაწყისში, როდესაც უკვე გაირკვა, რომ იტალია საშიში ზონაა და საქართველოში იტალიიდან ბევრი ბრუნდება,  უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გავამკაცრეთ. ამასობაში ჩვენი წყაროებიდან გავიგეთ, რომ მარნეულშიც ბევრი ხალხი ბრუნდება და ყველა მათგანი იზოლაციის წესებს არც იცავს. სადღაც 11-12 მარტს ცენტრალურ არხებზე თქვეს, რომ მარნეულში თვითიზოლაციაში 8 პირია და მათგან სამმა წესები დაარღვია. ჩვენი წყაროები სხვა ციფრებს გვეუბნებოდნენ. შფოთვის დონემ იმატა...

"რადიო მარნეულის" ყველა ჟურნალისტი მარნეულში არ ცხოვრობს, ზოგი სოფლიდან დადის და სადღაც ერთი საათი სჭირდება სამსახურამდე. ჩვენი საჯარო ტრანსპორტი უსაფრთხო არ არის, არ არის დაცული ჰიგიენის არანაირი ნორმა, ეს არის ძველი მანქანები, რომლებიც "ძლივს სუნთქავენ" და შეიძლება პატარა მიკროავტობუსში 30 ადამიანიც ავიდეს. გადავწყვიტეთ, რომ დროა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდეთ.

ვიდრე წესები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდებოდა, ჩვენ უკვე 12 დღის გადასული ვიყავით დისტანციურ მუშაობაზე. ამ დროს პარალელურად ფიქრობ იმაზე, როგორ იმუშაო ეფექტურად, რადგან შენ გისმენენ და გელოდებიან, შენ ხარ ინფორმაციის წყარო ქართულად, აზერბაიჯანულად და სომხურად.

ყველაზე კრეატიული ჩვენი ტექნიკური დირექტორი აღმოჩნდა. მოფიქრა, რომ შეგვეძლო საინფორმაციო გამოშვებები ხმის ჩამწერზე, ე.წ. დიქტოფონზე ჩაგვეწერა და რადიოში ისე გაგვეშვა. სომხური დაიჯესტი მანამდეც ასე იწერებოდა. ასე დისტანციურად ავამუშავეთ რადიოც, ვებგვერდიც და ჩვენი სოციალური ქსელებიც.

ჩვენი პლიუსი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ ეთნიკური უმცირესობების ენებზე და ჩვენ ვმუშაობთ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სახელმწიფო ენა არ იციან.

საუბარი იმაზე, რატომ არ საუბრობს მარნეულში ყველა ქართულად, ალბათ, აქ არ ღირს. ჩვენი პრინციპი არის ის, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს ინფორმირებული, მას აქვს ამის უფლება და ჩვენ შეგვიძლია მას ეს შესაძლებლობა მივცეთ.

როდესაც გამოაცხადეს რომ მარნეული დაიკეტა, ჩემი შფოთვის დონე მაქსიმუმს მიუახლოვდა. ერთი მხრივ, იცი რომ უნდა იმუშაო, თუნდაც ისევ ისე, დისტანციურად, მაგრამ მეორე მხრივ, უკვე აღარ ხარ დაზღვეული, რომ შენ, ან რომელიმე შენი თანამშრომელი დაინფიცირებული არ ხართ.

ვერ ვრისკავ...

მაგალითად, არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს მძღოლს, რომელიც ამ ეტაპზე არ მუშაობს, არ ჰქონდა შეხება ვინმესთან, ვიდრე ჩაიხანები დაიხურებოდა, არ შეხვდა ადამიანს, რომელსაც აქვს კორონავირუსი. ამიტომ, ერთმანეთთან შეხვედრას ვერიდებით.

მე მარნეულში ვმუშაობ, ვცდილობ სხვადასხვა ადგილას გავიდე და ინფორმაცია მოვაგროვო. ჟურნალისტები სახლიდან მუშაობენ. მათ აქვთ ყველანაირი აღჭურვილობა, რაც სჭირდებათ, ინტერნეტი, კომპიუტერი და პროგრამები მონტაჟისთვის.

რა აღმოჩნდა დღეს ჩვენთვის ძალიან გაუგებარი? ის, რომ ქალაქის მერი არ პასუხობდა ჩვენს ზარებს. ვფიქრობთ, რომ ყველასთვის რთული დღეა. მაგრამ მერე ხედავ, რომ ეს ადამიანი საუბრობს ცენტრალურ ტელევიზიებთან, მისი სინქრონები გადის ეთერში, ყველა ტელევიზიაში. უყურებ ამ კადრებს და ფიქრობ, გაუგებარია, რატომ არ თანამშრომლობს ადგილობრივ მედიასთან, იმ მედიასთან, რომელიც ცდილობს ადგილობრივების ინფორმირებას მათთვის გასაგებ ენაზე...



ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენი მიზანი არის ერთი - მოსახლეობის ინფორმირებულობა. ერთ-ერთი ვერსია, რატომ აფეთქდა შემთხვევა მარნეულში, გვგონია, რომ არაინფორმირებულობაა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ქალაქის მერის დამოკიდებულებას, ვერაფრით ვხსნი. ვერც სოზარ სუბარის, რომელიც საგანგებო შტაბის ხელმძღვანელია, მის პრესსამსახურს დღეს ორჯერ დავურეკე და ორივეჯერ ჩვენთვის ვერ მოიცალა, იმიტომ, რომ ჩართვები ჰქონდა ცენტრალურ ტელევიზიებთან.
ვერ უარვყოფ, რომ შემდეგ თავად გადმომირეკა, მაგრამ ისევ ვერ დამელაპარაკა, რადგან ისევ ჩართვა ჰქონდათ რომელიღაც ტელევიზიაში.

აქ უკვე შენ რაღაცნაირად გგონია, რომ მათთვის ხარ უბრალოდ რაღაც პატარა რედაქცია, რომელიც არაფრის გამკეთებელია. არადა, მუდმივად, ამ წლების განმავლობაში, რასაც არ აკეთებს ხელისუფლება და ვალდებულია რომ გააკეთოს, ამას რედაქცია აკეთებს უცხოური ინვესტიციების მეშვეობით. მაგალითად, თარგმნის ინფორმაციას, თარგმნის ძალიან კომპეტენტური და სანდო მედიის ამბებს იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდეს რა ხდება საქართველოში, რომ უფრო ახლოს მიიტანო მათთან მათი ქვეყნის ამბები.

და უცებ, გამოდის, რომ შენ არ ხარ მნიშვნელოვანი მათთვის, მათთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური მედია, იმიტომ, რომ ცენტრალურ მედიას უყურებენ მათი პარტიული ხელმძღვანელები და, ალბათ, აფასებენ რამდენად კარგად მუშაობენ. რა საჭიროა ამ შემთხვევაში ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობა?! მერე რა, რომ ის ავრცელებს ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობების ენებზე, გამოდის, რომ არც ეს არის მნიშვნელოვანი.

დღის ბოლოს ასკვნი, რომ ან რთული დღე ჰქონდათ, ან უბრალოდ დამოკიდებულება აქვთ ასეთი, ცენტრალურ მედიაში გამოჩენა უფრო პრესტიჟულია, ვიდრე ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობა.

სხვათაშორის, ეს ჩივილი თანამშრომლობაზე მხოლოდ მერიას არ ეხება, ეხება ყველა მუნიციპალურ დაწესებულებას, მაგალითად, მარნეულის ჯანდაცვის ცენტრს, რომელსაც არასდროს სცალია იმისთვის, რომ ჩაგერთოს გადაცემაში. და ამ დროს შენ უყურებ გამყრელიძეს, რომელიც ყველა ტელევიზიაშია, რადგან ფიქრობს, რომ ადამიანების ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, ადგილობრივ დონეზე ვერ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ მაგალითად ისაუბრონ იმ თემებზე, რომლებზეც საუბრობენ თბილისში. ან მათ ეშინიათ თქვან ისეთი რამ, რაც შემდეგ არ მოეწონებათ ცენტრში. ან იქნებ, უბრალოდ, საჭიროდ არ თვლიან, ხალხის ინფორმირებას. არ ვიცი. მათი დამოკიდებულება ჩვენდამი ჩემთვის ძალიან გაუგებარია.

და ვიდრე ამ დღეზე საუბარს დავამთავრებ, ცენტრალურ მედიაზე მინდა ვთქვა, მესმის, რომ ჩვენ ვართ აქ ერთადერთი წყარო ინფორმაციის მათთვის, მაგრამ ვერ ვხსნი მათ დამოკიდებულებას. ზოგი მაგალითად დღეს ითხოვდა ექსკლუზივს და აპელირებდნენ იმაზე, რომ ჟურნალისტს ჰონორარს გადაუხდიან. ეს ღარიბი, რეგიონული მედიისთვის დიდი ცდუნებაა, მაგრამ უარი მიიღეს. როდესაც შენ ხარ ერთადერთი წყარო, ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორია, ვიღაცას უთხრა კი ან არა, იმიტომ, რომ ისინი გადაგიხდიან. ეს სამოქალაქო პოზიციონირება ზოგადად უნდა შეიცვალოს, ყველაფერი არ შეიძლება იყიდებოდეს.

ასე, ამ მიგნებებით სრულდება კარანტინის პირველი დღე. იმედი მაქვს, რომ ხვალ უფრო პროდუქტიული დღე გვექნება.


⇒  მე-2 და მე-3 დღე

ამ ორი დღის შეჯამება, ალბათ, პროფესიასა და პირადზე საუბრით უნდა დავიწყო. შეთავსება ცოტა რთულია... ერთ მხარეს არის ოჯახი, რომელიც გთხოვს არ გახვიდე გარეთ, ეშინიათ, რომ შეიძლება ვირუსი შეგხვდეს, რომელსაც შენ მარტივად გადაიტან, მაგრამ ოჯახში გყავს წევრი, რომელიც რისკ ჯგუფშია. და მეორე მხარეს არის პროფესია, რომელიც გეუბნება, რომ შენ აუცილებლად უნდა გახვიდე გარეთ და მოუყვე ხალხს, შენს კოლეგებს რა ხდება იქ, სადაც ახლა მხოლოდ შენ გაქვს ყოფნის შესაძლებლობა.

მეორე დღე ცოტა უფრო მშვიდი აღმოჩნდა. მგონია, რომ გააზრების ეტაპი დაიწყო. დღეს გარეთაც უფრო ცოტა ხალხი მოძრაობდა. მაგრამ მაინც რჩებიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ეს არ დაემართებათ. ასეთ დროს ძალიან გინდა გაიგო რატომ ფიქრობენ ასე, არაინფორმირებულობის გამო, თუ  იციან, მაგრამ ეს მათი ღრმა რწმენაა.

გუშინ დაინფიცირებული ქალის საცხოვრებელ ქუჩაზე ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ახლა მე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ იქ გარეთ იყვნენ მეზობლები, რომლებმაც მაჩვენეს სად ცხოვრობდა ის ქალი, მომიყვნენ, რომ იმ წლისთავზე თავადაც იყვნენ და ამას ისე მარტივად ყვებოდნენ... ერთმა მეზობელმა მოყვა, რომ "კი, მე იქ ვიყავი და გადავკოცნე კიდეც, მაგრამ მე არაფერი მჭირს". ოღონდ დაამატა, რომ ახლა დისტანციას იცავს და არსად დადის.

დღეს დამრჩა განცდა, რომ თითქოს შენი კოლეგები შენგან ნეგატიურ შეფასებებს ელოდებიან. ელოდებიან, რომ როდესაც მაგალითად მთავრობა ამბობს, რომ ყველაფერია, შენ საპირისპირო უნდა უთხრა. და როცა ეუბნები, რომ არა, ყველაფერია, შინაგანად დანაშაულის შეგრძნება გიჩნდება, - რატომ ვერ მონახე მაღაზია, სადაც არაფერი არ არის, რომ ამის შესახებ მოგეყოლა. ისეთი განცდა გაქვს, რომ შენგან მხოლოდ პრობლემებზე უნდათ საუბარი და არა იმაზე, რასაც შენ ხედავ.


ისევ განვმეორდები, რომ ძალიან რთულია მუშაობა დისტანციურად, როდესაც არ შეგიძლია დაამყარო კონტაქტი ადამიანთან და შორიდან უნდა ჰკითხო რაღაც. ადამიანებს ემოციები გვიყვარს, და როცა ხარ პირბადით, როცა ვერ ხედავენ შენს თვალებს, უფრო და უფრო ახლოს მოდიან, შენ კი გეშინია და უმეორებ, რომ არ მოგიახლოვდეს... დისტანციურობა, სიმშრალე, ახლა ისე ძალიან იგრძნობა..  როცა განუწყვეტლივ უმეორებ არ მოგიახლოვდეს, იკეტება და აღარ იხსნება. ახლა ვფიქრობ, რომ ის ემოციური კავშირები, რომელიც "კორონამდე" გვქონდა, ძალიან დაუფასებელი იყო...

... ძალიან ბევრი ვიზუალური მასალა კეთდება საიტისთვის და ამ დროს ხვდები, რამდენად გიჭირს, რომ არ გყავს დიდი გუნდი... არ შეგიძლია უცებ დაიმატო ადამიანები, ვერ იყიდი ფასიან პლატფორმებს უკეთესი მასალის გასაკეთებლად... აქ უკვე ფიქრობ შენს ფინანსურ მდგრადობაზე, რომელსაც ყველა რეგიონული მედია განიცდის და რომელიც არ გამოდის.

ბევრი რამ არის, რაც გიშლის ხელს მეტად ეფექტური იყო... მაგრამ მთავარს, ინფორმაცია მიაწოდო შენს მკითხველს, მაინც ახერხებ...
კატეგორია - ბლოგი
alt

მეორე დღეა მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ეს ზონა მიმოსვლისთვის მას შემდეგ დაიკეტა, რაც კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირების წყაროს დადგენა კი ვერ მოხერხდა. ჟურნალისტი მარიკო წიქორიძე, რომელიც ბოლნისში ცხოვრობს, გვიყვება რას ნიშნავს ცხოვრება ჩაკეტილ ზონაში, სადაც ყველაფერთან ერთად ინფორმაციული ვაკუუმია.


ბოლნისი 22 მარტამდე
 
2020 წელი მსოფლიოში ყველაზე დრამატულად დაიწყო, ჩინეთი კორონავირუსის ლეტალურ შედეგებზე ალაპარაკდა და მათგან ძალიან შორს, აგერ საქართველოში, ჩვენც შევეჩვიეთ აზრს, რომ ვირუსი ჩვენამდეც მოაღწევდა.

დიდი ხანია ჩემი ყველა დღე „პულტით“ ხელში, არხიდან არხზე ინფორმაციის ძიებით სრულდება. სატელევიზიო ინფორმაციის შფოთს სოციალური ქსელები და სააგენტოები ემატება. მთავარი თემა ყველგან ერთია -დაინფიცირებულთა რიცხვი, სადღაც მეტი, სადღაც ნაკლები...

22 მარტს ბოლო „პოსტი“ ისევ კორონავირუსზე გავაზიარე და იტალიაზე დარდით დავხურე ლეპტოპი.

ღამის 12 საათი იქნებოდა პრემიერ-მინისტრის სპეციალური ბრიფინგის მოლოდინში საათს, რომ შევხედე. მეგონა გაამკაცრებდნენ საგანგებოს მდგომარეობას, რომელიც 21 მარტს გამოცხადდა საქართველოს ტერიტორიაზე და გამიხარდა, ვიფიქრე, ჩემს მეზობლებს, გუშინ მწვადებს რომ წვავდნენ ვაზის გასხვლისას ვენახებში, ეს მაინც აიძულებთ სახლში დარჩენას-მეთქი...

ზუსტად ნახევარ საათში ბოლნისი და მარნეული „წითელ ზონად“ გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია მარნეულში ვირუსის დაფიქსირებაზე, ბოლნისის კარანტინი შოკი იყო.

ღამის 2 საათზე, ჩემს სახლთან ახლოს მყოფი ყველა სასურსათო მაღაზია, რომელიც სადღეღამისო იყო, ხალხით გაივსო. ვხედავდი ჩემს მეზობლებს ფეხზე დამდგარი, გაშეშებულები როგორ უსმენდნენ ინფორმაციას არხიდან არხზე.

კარანტინის პირველი დღე

23 მარტის დილა იყი ყველაზე უჩვეულო ბოლნისისთვის. უამრავი ავტომობილი ერთმანეთის მიყოლებით მოძრაობა სახლი - მაღაზიის მიმართულებით. სასურსათო მაღაზიებიდან ხალხს 10-12 შეკვრა პირველადი სასურსათო მარაგი გამოჰქონდა.

ნახევარმა ქალაქმა არ იცოდა, რომ წუხანდელი ღამის შემდეგ ქალაქი კარანტინშია. არაფერი იცოდა ჩემმა მეზობელმა ტაქსის მძღოლმაც, რომელიც გამოძახებაზე აპირებდა გასვლას, თან ეჭვი ეპარებოდა, ,,სად ჩვენ და სად კორონაო“. 10 წუთში ხელთათმანებითა და კაშნეშემოხვეულმა სხვების ინფორმირება დაიწყო.

შუა დღისთვის ქალაქის არცერთ საცხობში აღარ იყო პური, ვერცერთ აფთიაქში ვერ შეიძენდით პირბადეს, ხელთათმანს, ანტიბაქტერიულ საშუალებას, არ იყო ბინტი და ანტისეპტიკური ხელსახოცი.

ქალქის მერი ყველა არხზე ერთსა და იმავე ტექსტს იმეორებდა, რომ ბოლნისში ვითარება კონტროლდება, ვიცავთ წესებს და მოსახლეობას მაღალი რისკის სოფლებში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება.

24 მარტი, კარანტინში ყოფნის მეორე დღე
 
როცა შიში, პანიკა და შფოთი თითქმის დაძლეული გაქვს, მოქმედებაზე გადადიხარ და ზუსტად აქ აღმოაჩენ, რომ ყველაზე დიდი სირთულე ყველაფრის დისტანციურად კეთებაა.

პირველი, ვინც დილით წერილი მომწერა, ჩემი მეგობარი იყო სოფელ ნახიდურიდან. ეს ის სოფელია, სადაც Covid-19-ით დაინფიცირებულმა მარნეულელმა ქალმა, ვირუსის სიმპტომების გამოვლენამდე, და მოინახულა. მოგვიანებით ორივე მარნეულის კლინიკებში გადაიყვანეს. დღეს ეს კლინიკებიც კარანტინშია.

კარანტინშია სოფელი ნახიდურიც, თუმცა ლეილა ძალიან დარდობს მეზობლებზე, რომლებიც ჩვეულებრივ გადაადგილდებიან და კარანტინის წესებს ღიმილით ხვდებიან. უფრო მეტიც, ყოველ დღე ლეილას მაცივრითაც სარგებლობენ. ლეილა ამბობს, რომ მათათან არც ჯარი შესულა და არც სიცხე გაუზომავს ვინმეს. ლეილას ეშინია და ითხოვს, რომ კარანტინის დარღვევა დასჯადი გახდეს.

ხალხის დამოკიდებულებასავით არაერთგვაროვანია ინფორმაცია, რომელსაც დისტანციურად ვიღებ და მძაბავს. ვცდილობ ყველაფერი გადავამოწმო. მაგალითად, ბოლნისის სოფლებში ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა ამბობს, რომ კორონავირუსზე არაფერი იციან, არ აქვთ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ისიც არ იციან, კარანტინი რა არის. ამავე დროს, გუშინდელი პრემიერის განცხადების შემდეგ, პენსიების წინასწარ გაცემასთან დაკავშირებით, დღეს რიგები დადგა ბანკომატებთან. დღეს უკვე იყო პირველი უკმაყოფილება, რომ სასაურსათო მაღაზიებში არავინ იცავს 2 მეტრის დისტანციას, რომ მარკეტებსა და აფთიაქებში არ არის სადეზინფექციო ხსნარები, რომ აღარ იყიდება 75 პროცენტიანი სპირტი და მხოლოდ ახლობლების იმედზე არიან, რომლებსაც ჭაჭა მაინც აქვთ. ეს კარგია, მაგრამ ცუდია ის, რომ ასეთი ხალხი ბევრი არ არის, ზოგმა კარანტინი აღიქვა როგორც თავისუფალი დრო მეზობლებ-ნათესავების მოსანახულებლად.

დღეს, დღის ბოლოს, მივხვდი რომ მარნეულისგან განსხვავებით, ბოლნისში საინფორმაციო ვაკუუმია და დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყეტილება მივიღეთ, როცა აქ, ამ რეგიონში და ამ ქალაქში ,,ქალთა რადიოს“ შექმნაზე დავიწყეთ ფიქრი.

დღესაც არ ვიცით, ნამდვილად იგეგმება თუ არა ქალაქისა და სოფლების სრული დეზინფექცია. თუ იგეგმება, როდის. გაგვაფრთხილებს თუ არა ვინმე ხალხს და დაინტერესდებიან თუ არა იმ ადამიანებით, რომლებსაც გამძაფრებული აქვთ ყნოსვის შეგრძნება, ალერგიულები არიან და შესაძლოა ეს მათთვის ეს სახიფათო იყოს.

ჯერ კიდევ გუშინ, ჩემი მეზობელი სუსანა დეიდა აღდგომისთვის ტოლმის რეცეპტს აწერინებდა შუა ქუჩაში გაბის. უხსნიდა, რომ ქინძი და პილპილი აუცილებელია, ვირუსებს კლავს. რეცეპტის ერთსაათიანი გარჩევის შემდეგ, კარანტინი მაინც არად ჩააგდეს და ყავის ერთად დალევაზე შეთანხმდნენ. დღეს აღარ გამოჩენილან. როგორც ჩანს ინფორმაცია ჩვენამდე იმაზე გაცილებით ნელა მოდის, ვიდრე ვირუსი.
კატეგორია - ბლოგი

alt

ახლაც მწარედ მახსოვს ის ავბედითი პერიოდი, რისი გამოვლაც მომიხდა მას შემდეგ, რაც მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ფრინველის გრიპით მოსახლეობის თითქმის ნახევრის გაჟლეტა იწინასწარმეტყველა. მას შემდეგ, როგორც რეპორტიორს, ათობით სოფელში მომიხდა ჩასვლა ქათმების “დაკრძალვის ცერემონიალზე”. ქათმების სიკვდილზე თუ ხოცვაზე ნიუსები ჩემი ზემდგომებისთვის მნიშვნელოვანი ახალი ამბავი იყო.

დღეს ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი შეცდომა იყო თემაზე ყოველდღიური სიუჟეტების მომზადება და მოსახლეობის დაპანიკება, რომ ვისაც ქათამი ჰყავდა, ყველას ფრინველის გრიპით სიკვდილი ელოდა.

ეს ამბავი რამდენიმე კვირის წინ გამიახლდა, როცა კორონავირუსის თემის გაშუქებისას ჩვენი მედიასაშუალებების წარმომადგენლების შესაძლო მსხვერპლებზე ნადირობის სცენებს გადავაწყდი. მონადირე ჟურნალისტებზე ჩემი თავი გამახსენდა, როცა პროდიუსერი მორიგ სოფელში მაგზავნიდა “დაცემული ქათმის” საფლავის გათხრის გადასაღებად.

მერე, როცა წლების განმავლობაში თავად მომიხდა რედაქტორად მუშაობა, ხშირად დავფიქრებულვარ, რა (არ) შეიძლებოდა დამევალებინა “ველზე მომუშავე” ჟურნალისტისთვის.

სახალისო ქოუბები, სალანძღავი და დამცინავი კომენტარები ფეისბუკში - ასეთი რეაქცია მოჰყვა დღეს დილით მატროსოვის ციხესთან ჟურნალისტების “შტურმს” ვანო მერაბიშვილზე.

საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ციხე თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. ის ფაქტი, რომ მერაბიშვილი სწორედ დღეს, 20 თებერვალს დატოვებდა საკანს, წინასწარ, კარგა ხნით ადრე იყო ცნობილი საზოგადოებისთვის, მითუმეტეს - ჟურნალისტებისთვის.

მედიისთვის ეს არ იყო დაუგეგმავი, მოულოდნელი მოვლენის გაშუქების პროცესი. ამის მიუხედავად, იმას, რაც დღეს მაყურებელმა ეთერში და ფეისბუკ-ლაივებში იხილა, არაფერი ჰქონდა საერთო წინასწარ დაგეგმილი მოვლენის ასახვასთან.

როგორც წესი, წინასწარ დაგეგმილი მოვლენის გაშუქების დროს ჟურნალისტებს აქვთ ის უპირატესობა, რომ კარგად მოემზადონ ინტერვიუსთვის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ყველა საკითხზე დასვან შეკითხვები, რათა აუდიტორიას მაქსიმალურად მიაწოდონ ინფორმაცია იმ მოვლენის ადგილიდან, სადაც თავად იმყოფებიან და მუშაობენ.

სამწუხაროდ, მატროსოვის ციხესთან დღეს ჟურნალისტებმა მთელი ძალისხმევა ფიზიკური ძალების დემონსტრირებაში დახარჯეს - ვნახეთ, ვინ უფრო მარჯვედ აირბინა კიბეები, რომ ალყაში მოექციათ რესპონდენტი, რომელიც არსად გაქცევას აპირებდა და რომელიც მზად იყო ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხები გაეცა. ამის ნაცვლად, მას და მის თანმხლებ პირებს ასევე ფიზიკური მონაცემების დემონსტრირება მოუხდათ, რომ ჟურნალისტების შტურმი მოეგერიებინათ და რესპონდენტი “სამშვიდობო ადგილას” გაეწიათ, სადაც მას საუბრის შესაძლებლობა მიეცემოდა.



 
ფიზიკური გაწევ-გამოწევის, სირბილის, ჭყლეტის მარათონგამოვლილ ჟურნალისტებს ამჯერად იმაში მოუხდათ ბრძოლა, ვინ უფრო ხმამაღლა დაიძახებდა შეკითხვას, რომელთა შინაარსი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა - ძირითადად, ისმოდა შეკითხვები, თუ როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რომელ პარტიაზე შეაჩერებდა არჩევანს - ენმ-ზე თუ ევროპულ საქართველოზე?

საბოლოოდ, ამ კითხვებით რამე არსებითი სიახლე მაყურებელმა ვერ მოისმინა. დარჩა მხოლოდ სანახაობა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, სწორედ იმ ჟურნალისტებს არ მოეწონათ, რომლებიც ამ “შტურმის” მონაწილეები აღმოჩნდნენ.

სამწუხაროდ ხშირად “ველზე” მომუშავე ჟურნალისტები საქართველოში პროდიუსერებისა და რედაქტორების ინსტრუქტაჟით მოქმედებენ. ინსტრუქტაჟის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჟურნალისტმა ნებისმიერ ფასად უნდა მოახერხოს წინასწარ მომზადებული თუ ხშირად რედაქტორისგან დავალებული შეკითხვის დასმა რესპონდენტისთვის. სწორედ, ამ “ნებისმიერი”ფასის” ვიზუალიზაცია ვიხილეთ დღეს მატროსოვის ციხესთან.

დარწმუნებული ვარ ეს სანახაობა არც რედაქტორებსა და პროდიუსერებს მოეწონათ. ჰოდა, ასეთ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დასკვნების გამოტანა და საერთო თამაშის წესებზე შეთანხმება.
კატეგორია - ბლოგი


alt
სქრინშოთი ვიდეოკადრიდან, - ჟურნალისტები ინტერვიუს იღებენ გუდაურიდან ვირუსის ნიშნებით გადმოყვანილი ჩინეთის მოქალაქეების ჯგუფისგან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მთავრობებს, საერთაშორისო და ლოკალურ დონეებზე კოორდინირებული, ერთიანი ძალისხმევით მოუწევთ მუშაობა. მედია, როგორც ინფორმაციის გამტარი და შესაბამისად, საზოგადოების მაკოორდინირებელი, ამ სქემაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს. გასული დღეების განმავლობაში, ქართველი ჟურნალისტებისა და სახელმწიფო უწყებების ურთიერობა უფრო ემოციური იყო, ვიდრე საქმიანი - რის შედეგადაც შეიძლება ჩაითვალოს გაზრდილი პანიკა მოსახლეობაში.

ვირუსის თემის პრობლემურმა გაშუქებამ (აღარაფერს ვამბობ, ჩინელ ხალხზე მცდარი წარმოდგენის შექმნის მცდელობასა და მათ მიმართ გაღვივებულ ქსენოფობიაზე) ნათლად აჩვენა, ჟურნალისტების, მედიასაშუალებებისა (როგორც დამსაქმებელი) და სახელმწიფო ორგანიზაციების ინერტულობა და ნაკლები პროაქტიულობა.

მთელი ამ დროის განმავლობაში ჟურნალისტები, ნებსით თუ უნებლიედ, თესავდნენ უსაფუძვლო პანიკას, დამსაქმებლები საფრთხისა და რისკის ქვეშ აყენებდნენ თავიანთი რეპორტიორების უსაფრთხოებას (არ ვიცი სხვა რა შეიძლება ეწოდოს სავარაუდოდ ვირუსით ინფიცირებული პაციენტების გადასაღებად ასე, „შიშველ-ტიტვლად“, თანამშრომლების გაგზავნას) და ბოლოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ისევე როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ვერ უზრუნველყოფდა ამომწურავი და საჭირო ინფორმაციის დროულად და ხარისხიანად მიწოდებას ჟურნალისტებისთვის და შესაბამისად დანარჩენი მოსახლეობისთვის, რითაც გაჩნდა ინფორმაციული შიმშილი და სივრცე ინფორმაციული მანიპულაციებისთვის.



დეკემბრიდან დღემდე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები, დაუგეგმავობისა და ქაოტური მუშაობის სალექციო მაგალითია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს არც კრიზისების მართვასთან და არც იმ გაიდლაინებთან რომელიც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2005 წელს, წინა ვირუსული აფეთქებების შემდგომ, საგანგებოდ მედიასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით შეიმუშავა.


მიზეზები კორონავირუსის პრობლემური გაშუქების მიღმა


მთავარი ბრალდება, რომელიც დღეს მედიის მიმართ ისმის, არის ის, რომ მედიასაშუალებები არაკვალიფიციურად აშუქებენ საკითხს.  შესაბამისად, თესავენ პანიკასა და დაბნეულობას მოსახლეობაში, რომელის საფუძველი ჯერ არ დგას, ვინაიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას საქართველო ე.წ. მწვანე ქვეყნების რიგში ჰყავს შეყვანილი.

მედიის წარმომადგენლების მიმართ „ბრალდება“ პანიკის დათესვაზე, თითქოს ლეგიტიმურია: იყო რამდენიმე ცრუ და უსაფუძვლო განგაში, როცა რეგიონში ვირუსის არსებობის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ მტკიცებით ფორმაში გაავრცელა. ასევე, ჟურნალისტები ავლენდნენ საკითხის ზედაპირულ ცოდნას მომზადებულ მასალებში. მაგრამ, მოდით დავფიქრდეთ, ხომ არ შეუწყეს ხელი ამ პანიკურ გაშუქებას იმ ორგანიზაციებმა, რომლებსაც ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ჟურნალისტების უწყვეტ და თანმიმდევრულ ინფორმირებაზე უნდა ეზრუნათ, რაც თავის მხრივ: ა) აამაღლებდა ჟურნალისტთა ცნობიერებას საკითზე და ბ) არ შექმნიდა საინფორმაციო ვაკუუმს და შესაბამისად, ფაქტორივად არ დატოვებდა სივრცეს ინსენუაციისთვის? ისე, როგორც ამას კარნახობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მედიასთან ეფექტური კომუნიკაციის სახელმძღვანელო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2003 წელს, SARS ვირუსის გავრცელების შემდგომ, ვირუსული აფეთქებებისა და ზოგადად საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის კრიზისულ პერიოდში მედიასთან ეფექტური კომუნიკაცია ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა. 2005 წელს, ორგანიზაციამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგაშო სიტუაციების დროს მედიასთან ეფექტური კომუნიკაციის სახელმძღვანელო ე.წ Handbook გამოსცა, რომელიც დეტალურად განმარტავს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ადგილობრივმა ჯანდაცვის ორგანიზაციებმა მოსახლეობაში პანიკის არიდებისა და დაავადებაზე კომუნიკაციის ეფექტური მიზნებისთვის უნდა გამოიყენოს.

138-გვერდიანი დეტალური დოკუმენტი ეფექტური კომუნიკაციის ყველა დეტალს მოიცავს, როგორიცაა: გარემოს ანალიზი, ნათელი და გასაგები მესიჯ-ბოქსები, პანიკის არიდების ტაქტიკები თუ იმ სავარაუდო კითხვების ჩამონათვალი, რომელიც შესაძლოა ჟურნალისტებს გაუჩნდეთ. ყველაფერი კი იწყება გარემოსა და ჟურნალისტთა საჭიროებების შესწავლით. შესაბამისად, ამ საჭიროებებზე დაყრდნობით ყალიბდება სამოქმედო სტრატეგია, რომელიც საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს, მედიასთან და შესაბამისად მოსახლეობასთან მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს.

ვინაიდან დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია და ამ მასალის მიზანი მისი განხილვა არაა, ყურადღებას რამდენიმე მნიშნელოვან ასპექტზე გავამახვილებ.

დოკუმენტის თანახმად, პანიკისა და ქაოსის თავიდან არიდების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად მიიჩნევა ჟურნალისტების კოორდინირება, რომლებსაც, ნათლად გაწერილი პერიოდულობით, ორგანიზაციის თანამშრომლები მიაწვდიან ამომწურავ, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ, ცნობიერების ასამაღლებელ და გასაგებ ინფორმაციას: პროცესის მიმდინარეობის, პროცედურებისა და რეგლამენტის შესახებ. ასევე, ინსტრუქციებს დაავადების თავიდან აცილების საშუალებებისა და სახელმწიფოს მიერ გატარებული უსაფრთხოების ზომების შესახებ. მედიასა და პროცესის მაკონტროლებლებს შორის ასეთი ტიპის, რეგულარული და დროული ურთიერთობა, პანიკის პრევენციის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი საშუალებაა.

ამ ყველაფერის ფონზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვირუსზე მასობრივი ინფორმირება იანვრის მეორე ნახევარში დაიწყო. ამავე პერიოდიდან გამოჩნდა ვიდეომიმართვები, ე.წ. საინფორმაციო ბუკლეტები - დაავადებათა კონტროლის ცენტრის საიტზე, ასევე გაიმართა პრესკონფერენციები და თითქმის უწყვეტ რეჟიმში ისმის მოწოდებები ვირუსის შესაძლო პრევენციასა და საქართველოს, როგორც დაბალი რისკის მქონე ქვეყნის შესახებ.

მიუხედავად გატარებული სამუშაოსი, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სახელწიფო უწყებებმა მედიის მომზადება და კოორდინირება დააგვიანეს. თან დააგვიანეს ისე, რომ არაკომპეტენტური გაშუქებით არამხოლოდ პანიკა დაითესა, არამედ თავად ჟურნალისტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც კი შეიძლება შექმნოდა საფრთხე.

დაავადების გამოვლენის მომენტიდან დღემდე, ჟურნალისტებთან, წინასწარ გაწერილი კრიზისული საკომუნიკაციო გეგმით, ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო წინასწარი სამუშაოები რომ გატარებულიყო, მედიის წარმომადგენლები მინიმუმ  მოერიდებოდნენ ისეთი დამაპანიკებელი ტერმინებს გამოყენებას როგორიცაა „მკვლელი ვირუსი“ და მაქსიმუმ მივიღებდით დაავადების პრევენციაზე და მიმდინარეობაზე ორიენტირებულ გაშუქებას.

შესაბამისად, არ მოგვიწევდა მკითხაობა, საერთაშორისო თუ ლოკალურ დონეზე გატარებული ცვლილებები რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. ერთი სიტყვით, მივიღებდით სიღრმისეულ და ამომწურავ გაშუქებას, ნაცვლად, გარდაცვლილი ადამიანების შესახებ მუდმივად განახლებადი სტატისტიკისა. 

ვირუსის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების პიარისა და სხვა დეპარტამენტებს შორის, შიდა ორგანიზაციული კოორდინაცია რომ მაღალი დონის ყოფილიყო, ვირუსის თემაზე საჯარო მომხსენებლებს (სპიკერები) წინასწარ ეცოდინებოდათ შესაძლო კითხვების სპეციფიკა და ასევე არ ექნებოდათ მოლოდინი, რომ ჟურნალისტებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ამომწურავი ცოდნა სპეციფიური სამედიცინო ტერმინების ან გაიდლაინებით გაწერილი პროცედურების შესახებ, შესაბამისად მეტი მოთმინებით მოეკიდებოდნენ ერთი შეხედვით არაფრის მომცემ კითხვებს.

altთუმცა, მოდი ვაღიაროთ, რომ კარანტინის ბოქსში მიკროფონმომარჯვებული რომ არ უნდა შევარდე, ამას არც პროტოკოლი და არც წინასწარი მომზადება სჭირდება. არც ის უნდა იყოს ვინმესთვის ასახსნელი, რომ სავარაუდოდ ინფიცირებულ პაციენტებს კომენტარისთვის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადარ უნდა “ეძგერო”. სრულიად დაუჯერებელია იმის დაშვებაც კი, რომ რომელიმე რედაქტორი, პროდიუსერი ან უბრალოდ, რიგითი დამსაქმებელი საკუთარ თანამშრომელს შესაძლოა ამხელა რისკზე წასვლას აიძულებდეს კომენტარის მოპოვების მიზნით - არა, ეს უფრო თავად ჟურნალისტის ინიციატივაა, რომლიც საფრთხეს უქმნის არა მოლოდ საკუთარ თავსს, არამედ თითოეულ ჩვენგანს.

დღეს, როგორც არასოდეს, ჩვენ, მაყურებელს გვჭირდება რაციონალური და არა ემოციური გაშუქება, მშვიდი და საქმიანი, დაცლილი ისტერიკისგან და პათეტიკისგან - პასუხისმგებლიანი გაშუქება, რაც სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ რამე უნდა დაიმალოს, შელამაზდეს ან მიიჩქმალოს. მოლოდინის რეჟიმში მყოფი მაყურებლები ყოველ თქვენ სიტყვას ვწონით, ვაანალიზებთ და ვეძებთ ქვეტექსტებს - გვაფრთხობს უცხო ტერმინები და გადამეტებული მეტაფორები. გვაფრთხობს გარდაცვლილთა სტატისტიკა - ამიტომ, როცა ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ გვესაუბრებით, ურიგო არ იქნება გადარჩენილი ადამიანების სტატისტიკაც გვითხრათ, რომელიც არც თუ ისე მცირეა.

და ბოლოს, გაუფრთხილდით თქვენ და ჩვენ ნერვებს, რადგან, როგორც პაატა იმნაძემ თქვა: „მათ ვისაც ნერვიული სტრესი აქვთ, ყველა ინფექცია ადვილად ერევათ“ , - სტრესი კი, მოგეხსენებათ, წილხვედრში არასდროს ილევა.