საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორი,
ვლადიმერ ტატიშვილი 1 სექტემბრიდან თანამდებობას
ტოვებს. ტატიშვილის განცხადება გადადგომის შესახებ
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ცნობად 19 აგვისტოს
სხდომაზე მიიღო.
ამავე სხდომაზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ ახალი დირექტორის დანიშვნამდე, ვლადიმერ ტატიშვილის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ეკატერინე შაინიძე შეასრულებს.
ტატიშვილს დირექტორობის ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურებოდა. სამეურვეო საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი 12 აგვისტოს უკვე გამოაცხადა.
ამავე დღეს, სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის კანდიდატის გამოვლენასთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩატარების წესიც. დირექტორის დანიშვნის შესახებ სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს, თუ სხდომას საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება.
„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტები 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარულ დღეში სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატთა სიას ტელევიზიის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს და მომდევნო 7 დღის განმავლობაში დირექტორს დანიშნავს. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორს თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით ნიშნავს. ტელევიზიის დირექტორად ვლადიმერ ტატიშვილი 2022 წლის ნოემბერში აირჩიეს.