ხელვაჩაურში „აჭარა თაიმსისა“ და „ბათუმელების“ ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს
07.05.2026


ხელვაჩაურში, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების მოსახლეობასთან შეხვედრის გაშუქების დროს „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელს, სულხან მესხიძეს და „ბათუმელების“ ჟურნალისტს, ლელა დუმბაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

„ხელვაჩაურში, პატიმრების მშობლებსა და მედიის წარმომადგენლებს მერიასთან სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ადგილზე იყო ფიზიკური ანგარიშწორების მცდელობაც. 

პირები, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ, ვინაობის შესახებ არაფერს ამბობდნენ, თუმცა „აჭარა თაიმსმა“ გაარკვია, რომ ისინი საჯარო მოხელეები არიან“, -  წერს გამოცემა სოციალურ ქსელში და მომხდარის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. 



„ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ლელა დუმბაძემ კი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას თქვა, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად, ემუქრებოდნენ კიდეც:

„სინდისის პატიმრების მშობლებს გავყევით ჟურნალისტები, გვაინტერესებდა ეს პროცესი. უბრალოდ ვეკითხებოდი ადამიანებს: რას ფიქრობენ, რამდენად სამართლიანად არიან ეს ადამიანები ციხეში, ეთახმებიან თუ არა მათ პატიმრობას, ან მზია ამაღლობელი რომ 16 თვეა ციხეშია, ამაზე რას ფიქრობენ. კითხვების დასმისთანავე წამოვიდა საშინელი აგრესია… გვეუბნებოდნენ, რომ „თქვენ ხართ გასაქრობი“, გვემუქრებოდნენ, „გადაგამტვრევ მაგ კამერას“ და ა.შ.“

„მედიაჩეკერი“ დაუკავშირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურსაც. „დავაზუსტებ და გეტყვით. ახლა სამსახურში არ ვიმყოფები, გავარკვევ და გეტყვით“, - განუცხადეს რედაქციას. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ