„ეხო კავკაზა“, „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) ქართული სამსახურის რუსულენოვანი განყოფილება, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფ აუდიტორიას ემსახურება, დღეს, 1 მაისს დაიხურა.
28 აპრილის განცხადებით, „რადიო თავისუფლება“ შეუდგა რეფორმების განხორციელებას სამომავლო გამოწვევებისთვის ორგანიზაციის მოსამზადებლად.
ქართული სამსახური გააგრძელებს პროგრამირებას ქართულ ენაზე, რუსულენოვანი აუდიტორიისთვის კი ამ ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარ სიახლეებს რუსული პროგრამების ახლადშექმნილი განყოფილება გააშუქებს.
„ეს ზომები ტარდება „რადიო თავისუფლების“, როგორც გავლენიანი, რელევანტური და ფინანსურად პასუხისმგებლიანი ორგანიზაციის შესანარჩუნებლად. ჩვენ გამოვხატავთ ერთგულებას ორიგინალური კონტენტის პროაქტიულად მწარმოებელი ჟურნალისტიკის (enterprise journalism), განსაკუთრებით კი საგამოძიებო და ანალიტიკური გაშუქების მიმართ.
ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის გამო გვიწევს დავემშვიდობოთ რამდენიმე ნიჭიერ კოლეგას, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს „რადიო თავისუფლების“ მრავალწლიან საქმიანობაში“, - განაცხადა „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ კაპუსმა.
2026 წლის 31 მარტს, „რადიო თავისუფლებამ“ დახურა ბულგარულ, რუმინულ და ჩრდილოეთ მაკედონიურ ენებზე მაუწყებლობა, ასევე Radio Mashaal, რომელიც პაკისტანის ტომობრივი რეგიონებისთვის პუშტუს ენაზე მაუწყებლობდა. 2025 წლის ნოემბერში დაიხურა უნგრული სამსახურიც.
„რადიო თავისუფლებას“ აშშ-ის კონგრესი გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ფედერალური გრანტის მეშვეობით აფინანსებს. კონგრესმა 2026 წლისთვის მას 112.5 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტი გამოუყო.

