დელფი ესტონეთის წინააღმდეგ
27.03.2017
2006 წელს ესტონეთის ერთ-ერთმა დიდმა საინფორმაციო პორტალმა „დელფიმ“ საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნა სტატია ერთ-ერთი კერძო კომპანიის შესახებ. მომდევნო დღეს სტატიას ჰქონდა 185 კომენტარი. მათგან 20 შეიცავდა პირად მუქარასა და შეურაცხმყოფელ ენას კომპანიის მისამართით. თვენახევრის შემდეგ კომპანიის ადვოკატმა მედიაორგანიზაციას მოსთხოვა კომენტარების წაშლა და არამატერიალური ზიანისთვის ფულის გადახდა. კომპანიამ კომენტარები წაშალა, მაგრამ ფულის გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლო დავა დიდხანს გაგრძელდა, საოლქო სასმართლომ კომპანიის საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახლა წარმოებაში დააბრუნა. ამის შემდეგ, საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ თავად სტატია, რომელიც „დელფის“ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა, დაბალანსებული იყო, მაგრამ სტატიის ქვემოთ არსებული კომენტარები კომპანიის მიმართ ცილისმწამებლური იყო და ზიანს აყენებდა მას.

ეს გადაწყვეტილება „დელფიმ“ გაასაჩივრა, თუმცა როგორც სააპელაციო, ისე უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა, ამიტომაც საბოლოოდ მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. საინფორმაციო პორტალი მიიჩნევდა, რომ მე-10 მუხლით დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა.

ევროსასამართლომ გაიზიარა ადგილობრივი სასამართლოს პოზიცია და გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „დელფიმ“ არ გაატარა საკმარისი ღონისძიებები, სიძულვილის ენისა და ძალადობის წამქეზებელი მოწოდებების შემცველი კომენტარების დაუყოვნებლივ წასაშლელად. ამასთან, ევროსასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ესტონეთის სასამართლოს ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში იყო ლეგიტიმური, „დელფისთვის“ დაწესებული სანქცია კი - პროპორციული. ამიტომაც, მეათხე მუხლის დარღვევა არ დადგინდა.

დელფი ას ესტონეთის წინააღმდეგ - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად, ქართულ ენაზე.


თეგები : ECHR-ის საქმეები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ