(ფოტო: Fb/Gela Mtivlishvili)
„მთის ამბების“/„საქართველოს ამბების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა
მთივლიშვილი Albert Mountain Award 2026-ის გამარჯვებულია.
მეფე ალბერტ I-ის მემორიალური ფონდი ამ ჯილდოს გადასცემს იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც „გამოირჩევიან მსოფლიოს მთებთან დაკავშირებული განსაკუთრებული და მდგრადი მიღწევებით“.
როგორც „მთის ამბები“ წერს, ჟიურის გადაწყვეტილებით, გელა მთივლიშვილს ჯილდო საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ხალხის მძიმე საცხოვრებელი პირობების, ბუნებრივი საფრთხეების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების უშიშარი, სისტემური და პრინციპული გაშუქებისთვის გადაეცა.
მთივლიშვილის გარდა, Albert Mountain Award-ი წელს გადაეცემათ: მარიონ პუატვენს - მთის მაშველს, 2008 წელს ის პირველი ქალი გახდა, რომელიც მაღალი მთის სამხედრო ჯგუფს შეუერთდა, რობერტ ბოშს - მთის გიდსა და ფოტოგრაფს და გიუნტერ შმუდლახს - პლატფორმა skitourenguru.com-ის დამფუძნებელს.
Albert Mountain Award 2026-ის დაჯილდოების ოფიციალური
ცერემონია დღეს, 23 ოქტომბერს, შვეიცარიაში, ბერნში, შვეიცარიის ალპურ
მუზეუმში გაიმართება.

