საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან
დაკავშირებული სარჩელის განხილვებს მედიებიდან მხოლოდ საზოგადოებრივი
მაუწყებელი გადაიღებს.
საკონსტიტუციო სასამართლო წერს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნის საფუძველზე, ამავე მაუწყებლის მიერ არსებითი სხდომის ვიდეო-აუდიო გადაღების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისა და სხვა მედიასაშუალებებისათვის სიგნალის მიწოდების/გავრცელების შესახებ“ თანხმობა გასცა და სხდომების ტრანსლაცია სასამართლოს Youtube არხზეც განხორციელდება.
„შესაბამისად, მაქსიმალურად დაკმაყოფილდება საზოგადოებრივი ინტერესი და სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის“, - მიიჩნევს სასამართლო.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვებს სხვა მედიების წარმომადგენლები ვერ გადაიღებენ, მათ მხოლოდ სხდომებზე დასწრება შეეძლებათ.
„დარბაზია იმდენად მცირე და მოლოდინი იმის, რომ თვითონ წარმომადგენლებიც კი საკმაოდ ბევრნი იქნებიან, ამიტომ ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“ - უთხრა „მედიაჩეკერს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
„ფიზიკურად სხდომის ნორმალურად და ორგანიზებულად წარმართვისთვის რადგანაც იქნება იმის საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში იყოს სხდომის მიმდინარეობა, ამიტომ შიგნით არ არის აუცილებელი ჟურნალისტების დასწრება გადასაღებად, იმიტომ რომ ის, რაც საჭიროა, ლაივის საშუალებით ჟურნალისტები ამას მაინც მიიღებენ“.
„ბათუმელების“ ჟურნალისტი, მანანა ქველიაშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ფოტო/ვიდეო გადაღებაზე რაიმე სახის შეზღუდვა აქამდე არასდროს ყოფილა.
„ამასთან, მიუხედავად იმისა, რა წერია რეგლამენტში, საკონსტიტუციოში მუშაობის პრაქტიკა იყო ასეთი - სხდომის წინა დღეს ვაზუსტებდი პრესსამსახურთან, შეგეძლო თუ არა სხდომაზე ფოტო-ვიდეო გადაღება, იღებდი დასტურს და შემდეგ უკვე მიდიოდი სხდომის დღეს შესაბამისი ტექნიკით. არ ყოფილა შემთხვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უარი ეთქვას ან არ დაეშვას ჩვენი გამოცემის ჟურნალისტი სხდომაზე. ჩაგვირთავს ლაივიც სასამართლო დარბაზიდან, გადაგვიღია ფოტო/ვიდეო მასალა მათ შორის, ისეთ გახმაურებულ და ხალხმრავალ პროცესებზე, როგორიც იყო რუსული კანონის საკონსტიტუციო განხილვები. დღეს, ტრადიციულად, მხოლოდ გადასამოწმებლად დავრეკეთ საკონსტიტუციოში, იმის გასარკვევად ისევ თავისუფლად შეგვეძლო თუ არა გადაღება. სასამართლოში განგვიმარტეს, რომ გადაღებას შეძლებდა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა მედიები - ვერა. ვკითხეთ, ამ გადაწყვეტილების რაიმე ოფიციალური დოკუმენტი თუ არსებობდა, თუმცა გვითხრეს, რომ დარბაზი იყო პატარა და ვერ დაეტეოდა ყველა - მედია და მხარეები“.
აქამდე მსგავსი შეზღუდვა არ ახსენდება „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელსა და ჟურნალისტს, სულხან მესხიძესაც:
„ნებისმიერ სხდომაზე შესაძლებელი იყო როგორც დასწრება, ისე გადაღება. მათ შორის, სასამართლო დარბაზში შესვლა და გამოსვლა თავისუფლად, პროცესის მიმდინარეობის დროსაც შეიძლებოდა. თითქმის ყველა გახმაურებულ საქმეზე სასამართლოს სპიკერი მედიასთან კომენტარსაც კი აკეთებდა“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით, „თუ სხდომაზე დამსწრე პირს სურს სასამართლო სხდომაზე რადიო, ტელე, აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის გაკეთება, იგი სხდომის დაწყებამდე მიმართავს საორგანიზაციო სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც ხსენებულ თხოვნას ატყობინებს საქმის განმხილველ სასამართლოს. საქმის განმხილველი სასამართლო თანხმობის მიცემის საკითხს წყვეტს სასამართლო სხდომის დაწყებამდე“.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის გაზაფხულზე „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესული ცვლილებები, რომლითაც მედიისთვის სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელი გახდა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ ეხება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი
განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88
წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა -
ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი
დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“,
„ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის
კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“ 21, 22 და 23 ოქტომბერს
გაიმართება.

