სანაიას პაპუაშვილისა და ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით ამჯერად 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
19.10.2026


ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული 2 პოსტისა და ვიდეოს გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 

სანაიას „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ივლისში ერთხელ უკვე ჰქონდა შეფარდებული, მანამდე ის სასამართლომ 6 000 ლარითაც დააჯარიმა.

ვახო სანაია ფეისბუქპოსტების გამო დაწყებული ადმინისტრაციული საქმეებს განხილვას არ ესწრება.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ამჯერად ამ პოსტების  გამო ედავებოდა:

  • „14 დღე *ლეები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.

  • „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, *ლეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, *ლეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“

  • ვიდეო სათაურით - „ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მე*ლენბურგობას“. 

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ვახო სანაიამ თქვა:

მას შსს-ს წარმომადგენლები, სავარაუდოდ, მოგვიანებით დააკავებენ. 

-------------------------------

2026 წლის 10 ივლისის სასამართლო პროცესზე, როდესაც ვახო სანაია მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტების გამო 6 000 ლარით დააჯარიმა, ცნობილი გახდა, რომ ის პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საბაბით, 4 000 ლარით იქამდეც, შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნამდეც, ყოფილა დაჯარიმებული. სანაიას გზის გადაკეტვის ბრალდებით  6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული 2025 წლის ოქტომბერშიც.

 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ