ილდირიმი თურქეთის წინააღმდეგ - ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით
02.03.2017
საქმე აჰმედ ილდირიმი თურქეთის წინააღმდეგ შეეხება ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვას. 2009 წელს თურქეთის პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით დაიბლოკა პლატფორმა googlesite- ზე განთავსებული ერთ-ერთ საიტი, რომლის მფლობელსაც ბრალად ათათურქის ხსოვნის შეურაცხყოფა ედებოდა, რაც თურქული კანონმდებლობით დანაშაულია. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამ კონკრეტულ საიტთან ერთად დაიბლოკა Google Sites-ის დომენზე არსებული ყველა სხვა საიტიც, მათ შორის აჰმედ ილდირიმის პირადი ვებგვერდიც, სადაც ის აკადემიურ ნაშრომებს და მოსაზრებებს აქვეყნებდა.

2009 წლის 1 ივლისს ილდირიმმა მოითხოვა დაბლოკვის შესახებ ბრძანების გაუქმება მის ვებგვერდთან დაკავშირებით. ის აღნიშნავდა, რომ ამ ღონისძიებამ შეუზღუდა ყოველგვარი წვდომა გვერდზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა უკანონო შინაარსის გამო დაბლოკილ საიტთან. უფრო კონკრეტულად კი ის ამტკიცებდა, უნდა შერჩეულიყო მეთოდი, რომელიც მხოლოდ დარღვევების შემცველ ვებგვერდს გახდიდა მიუწვდომელს და არა მთლიან პლატფორმას.

2009 წლის 13 ივლისს დენიზლის სისხლის სამართლის სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა. მან მიიჩნია, რომ დაბლოკვის შესახებ ბრძანების თანახმად დარღვევების შემცველი ვებგვერდზე წვდომის აკრძალვის ერთადერთ გზა Google Sites სერვისზე წვდომის სრული დაბლოკვა იყო.

ამის შემდეგ, ილდირიმმა ევროსასამართლოს მიმართა. ის აღნიშნავდა, რომ მის მიმართ დაირღვა კონვენციის მეათე მუხლი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას გულისხმობს. განმცხადებელი აცხადებდა, რომ Google Sites-ის დაბლოკვა უტოლდებოდა არაპირდაპირ ცენზურას.

ევროსასამართლომ საქმეზე იმსჯელა და მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა, თურქეთის სახელმწიფოს კი ილდირიმისთვის 8 500 ევროს გადახდა დააკისრა.

ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ Google Sites-ი არის Google-ის მომსახურება, რომელიც შექმნილია ჯგუფის ფარგლებში ვებგვერდების შექმნისა და გაზიარების ხელშესაწყობად და შესაბამისად წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის საშუალებას.

„ეს გარემოებები საკმარისია სასამართლოსთვის იმის დასადგენად, რომ სადავო ღონისძიება უტოლდებოდა “სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ჩარევას” განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაზე უფლებაში, რომლის განუყოფელი ნაწილია ინფორმაციისა და იდეების მიღებისა და გავრცელების თავისუფლება“ - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

თეგები : ECHR-ის საქმეები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ