პლაქვენილი, იბუპროფენი, რემდესივირი და ა.შ. - რას ამბობს მედია და რისთვის იყენებენ მათ სინამდვილეში
23.04.2020

კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სხვადასხვა მედიასაშუალებებში, სოციალურ ქსელში, ონლაინ გამოცემებსა თუ კლიქბაიტ საიტებზე ვირუსულად ვრცელდება COVID-19-ის სამკურნალო და საპრევენციო მედიკამენტების დასახელებები. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ცნობით, ჯერ არ არსებობს კორონავირუსის სამკურნალო/საპრევენციო პირდაპირი მოქმედების პრეპარატი ანდა ვაქცინა, სხვადასხვა ტიპის გამოცემები მაინც ამტკიცებენ, რომ ესა თუ ის მედიკამენტი დაავადებას კურნავს, ვირუსს კლავს ან პირიქით - კორონავირუსის “ორგანიზმში შეჭრას” აძლიერებს.

“მედიაჩეკერმა” თავი მოუყარა ყველა იმ პრეპარატს, რაც ამ დრომდე სხვადასხვა მედიასაშუალების, გამოცემების გვერდებსა თუ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ამცირებს თუ არა კორონავირუსული ინფექციით დაავადების რისკს რომელიმე პრეპარატის მიღება და რეალურად კურნავს თუ არა კონკრეტული მედიკამენტები COVID-19-ს, “მედიაჩეკერმა” ექიმ-იმუნოლოგ გიორგი კამკამიძესთან გადაამოწმა. 


"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ პირდაპირ კორონავირუსის საწინააღმდეგო მოქმედების, დადასტურებული და დამტკიცებული, არცერთი პრეპარატი დღეისთვის არ გვაქვს. არის მხოლოდ ექსპერიმენტული პრეპარატები", - 
გიორგი კამკამიძე, ექიმი - იმუნოლოგი




♦  პლაქვენილი


პლაქვენილის შესახებ ფართო აუდიტორიისთვის თავდაპირველად მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა
19 მარტს განაცხადა, რომ მალარიის სამკურნალო ექსპერიმენტული წამალი ჰიდროქსიქლოროქინი იგივე პლაქვენილი კორონავირუსის სამკურნალოდ შედეგიანი აღმოჩნდა და მისი გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მიუხედავად, სპეციალისტების გაფრთხილებისა, 5 აპრილს ტრამპმა კვლავ ისაუბრა პლაქვენილზე და მოქალაქეებს მათი მიღებისკენ მოუწოდა.

ტრამპის მოწოდების შემდეგ, ქართულ მედიაშიც აქტიურად გამოჩნდა ჰიდროქსიქლოროქინის, იგივე პლაქვანილის შესახებ მასალები. სხვადასხვა ტიპის გამოცემები მტკიცებით ფორმაში იუწყებოდნენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი უკვე არსებობს.

altქართული მედია აღნიშნული პრეპარატით განსაკუთრებით მაშინ დაინტერესდა, როდესაც ქართველმა იმუნოლოგებმაც დაადასტურეს, რომ პლაქვენილს საქართველოშიც იყენებენ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ. მიუხედავად სპეციალისტების განმარტებებისა, ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პლაქველინი უნიკალური პრეპარატია და კორონავირუსს კურნავს.

მეტიც, მედიკამენტის დასახელების შემდეგ, სხვადასხვა მედიაგამოცემები მკითხველს აცნობდნენ, რომ აღნიშნული წამალი საქართველოს აფთიაქებში თავისუფალ გაყიდვაშია და ერთი აბის ღირებულება, დაახლოებით, 83 თეთრია.

გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პლაქვენილს კორონავირუსის ლაბორატოორიულად დადასტურებული, მძიმე პაციენტების სამკურნალოდ ნამდვილად იყენებენ, იმის მტკიცება, რომ ამ პრეპარატით COVID-19 იკურნება, ამ ეტაპზე არასწორია, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს მისი ეფექტურობის დამადასტურებელი კვლევა.

“პლაქვენილი არ არის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, ეს არის მალარიის, პარაზიტული ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატი. რომელსაც ახალი კორონავირუსის დროს ასევე გარკვეული ეფექტი აღმოაჩნდა. ორონდ, ეს, პირველ რიგში, არის დაკავშირებული უფრო მძიმე პაციენტების მკურნალობის ეფექტურობასთან. მისი გამოყენება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის პაციენტებში არ არის მიზანშეწონილი. საპრევენციოდ კი, ცალსახად - არა.”

გიორგი კამკამიძის თქმით, პრეპარატის თვითნებურად გამოყენება დაუშვებელია და შესაძლიო მძიმე შედეგით დასრულდეს:

“ყველაზე მძიმე გართულება, რაც შეიძლება გამოიწვიოს, არის გულ-სისხძარღვთა სისტემის მხრიდან, არითმიის გამოწვევა შეუძლია. ამიტომ, ამ პრეპარატის დანიშვნა, როგორც წესი, ხორციელდება კარდიოგრამის კონტროლით, ანუ კარდიოლოგიური გამოკვლევის ფონზე. გარდა ამისა, კიდევ უამრავი ჩამონათვალია გვერდითი ეფექტების - ყველაზე მძიმე გულის მხრივ, თვალის მხრივ, ნერვული სისტემის მხრივ გართულებები და ა.შ. ძალიან დიდი ჩამონათვალია, რაც ინსტრუქციაშიც არის მითითებული. ეს პრეპარატი ჩვენთან, ძირითადად, გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის და სხვა ავტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ".

ქლოროქინი


სოციალურ ქსელში, სხვადასხვა გამოცემებსა თუ კლიქბაიტ საიტებზე, ქლოროქინს, როგორც კორონავირუსის სამკურნალო წამალს, ზოგჯერ პლაქვენილთან აიგივებენ, ზოგჯერ კი ცალკე პრეპარატად მოიხსენიებენ. ძირითადად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ქლოროქინს ქართველი ექიმები წარმატებულად იყენებენ და მის ეფექტურობას სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებიც აღიარებენ. თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა გამოცემამ მკითხველს აცნობა, რომ საფრანგეთში ახალი პრეპარატმა ქლოროქინმა უიმედო პაციენტებიც კი განკურნა და ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხებას უკვე ზეიმობენ.

გიორგი კამკამიძე განმარტავს, რომ ქლოროქინი და პლაქველინი ერთი და იმავე ჯგუფის პრეპარატებია და ჯერჯერობით არც ამ პრეპარატის ეფექტურობა დადასტურებულა კვლევებით. ასევე, აღნიშნავს, რომ ქლოროქინს კიდევ უფრო მეტი გვერდითი მოვლენები ახასიათებს.

“ქლოროქინი არის იგივე ჯგუფში, რაც ჰიდროქსიდ-ქლოროქინი ანუ პლაქველინი. ქლოროქინი პლაკველინის წინამორბედია. ქლოროქინს ძველად ქინაქინას ეძახდნენ და ისტორიულად, მალარიის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ამ პრეპარატის, ასე ვთქვათ, უფრო ახალი თაობა ანუ პლაქველინი, უფრო ეფექტური აღმოჩნდა, კლინიკური დაკვირვების შედეგად, კიდევ ვიმეორებ, რომ მის ეფექტურობაზე სრულფასოვანი კვლევა არ ჩატარებულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქლოროქინს უფრო მეტი გვერდითი მოვლენები აქვს".

 არბიდოლი


კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატად არბიდოლი თავდაპირველად თებერვალში altგაჟღერდა. გამოცემები იუწყებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირში შექმნილი წამალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატად სახელდებოდა და რუსეთსა და ჩინეთში აქტიურად გამოიყენებოდა. გამოცემები იმასაც წერდნენ, რომ ჩინეთმა არბიდოლი კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტად ოფიციალურად აღიარა

ჩინეთსა და რუსეთში არბიდოლს მართლაც იყენებდნენ, თუმცა, გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ კლინიკური დაკვირვებით, აღნიშნული პრეპარატი დიდი ეფექტურობით არ ხასიათდება:

“არბიდოლი თითქოსდა ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატია, თუმცა არც ამაზეა კარგი კვლევები ჩატარებული. რუსების მიერ არის შექმნილი და, შესაბამისად, გარკვეული სტანდარტები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს, ასეთი კვლევა არ აქვს ამ პრეპარატს. როგორც რუსეთში, ისე ჩინეთშიც ვიცით, რომ იყენებდნენ, თუმცა ამ გამოყენების შედეგად რაიმე მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგი არ დაფიქსირებულა. კლინიკური შემთხვევების აღწერილობაშიც კი ჩანს, რომ ეს პრეპარატი დიდი ეფექტურობით არ ხასიათდება”, - ამბობს გიორგი კამკამაძე.


იბუპროფენი და დიკლოფენაკი



იბუპროფენისა და დიკლოფენაკის “ავკარგიანობაზე” დღემდე ბევრი გამოცემა წერს. თავაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური რეკომენდაციით, ადამიანებმა, რომლებსაც COVID-19-ის სიმპტომები აღენიშნებათ, არ უნდა მიიღონ იბუპროფენი. გამოცემები წერდნენ, რომ თვითმკურნალობის შემთხვევაშიც დაშვებულია პარაცეტამოლის და არა იბუპროფენის მიღება.

altმოგვიანებით კი ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იბუპროფენი, დიკლოფენაკი და ნუროფენი კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრას აძლიერებს. სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ვებგვერდები აღნიშნულ მედიკამენტების მიღებას კორონავირუსით დაინფიცირებასთან პირდაპირ აკავშირებდნენ და მკითხველს მოუწოდებდნენ, რომ ჩვეულებრივი გაციების და სიცხის შემთხვევაშიც კი, არ დალიონ ზემოთხსენებული წამლები 

სინამდვილეში, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსით ინფიცირებისას იბუპროფენის, დიკლოფენაკის ან ნუროფენის მიღება საზიანოა. არც იმის სამედიცინო მტკიცებულება არსებობს, რომ აღნიშნული მედიკამენტების მიღება რაიმე კავშირშია კორონავირუსით დაინფიცირებასთან ან დაავადების გამწვავებასთან.

“იბუპროფენი და დიკლოფენაკი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. პრინციპში, გამოიყენება, როგორც სიცხის დამწევი, ამ შემთხვევაში. ამ პრეპარატებს ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედება არ გააჩნია. კლინიკური დაკვირვებების საფუძველზე, იყო მოსაზრება, რომ იბუპროფენი და დიკლოფენაკი ნაკლებად მისაღებია კორონავირუსის მკურნალობის დროს, ვიდრე, მაგალითად, პარაცეტამოლი. თუმცა, ეს არ დადასტურდა და დღეისათვის არ არის მსგავსი ჩვენება, მტკიცებულება, რომ იბუპროფენი და დიკლოფენაკი არ შეიძლება იყოს გამოყენებული კორონავირუსის დროს. არც ის დასტურდება, რომ ეს პრეპარატები აძლიერებს “ვირუსის შეჭრას”, არ არსებობს ამის მტკიცებულება".


 აზითრომიცინი და სხვა ანტიბიოტიკები


კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, არაერთხელ გავრცელდა მითი, თითქოს ანტიბიოტიკების მიღება ორგანიზმს კორონავირუსისგან იცავს. ამ დეზინფორმაციის შესახებ უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა, რომ საპრევენციოდ ანტიბიოტიკების მიღება დაუშვებელია, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ამ მითის გასაქარწყლებლად არაერთი ინფორმაცია გამოქვეყნდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვირუსის საპრევენციოდ ანტიბიოტიკების ეფექტურობის თეორია დღემდე მაინც აქტუალურად რჩება.

“ვირუსულ ინფექციას ხშირად ერთვის გართულება ბაქტერიებით, იგივე, მაგალითად, ფილტვების ანთების მიზეზი ვურუსული დაავადების დროს ხშირ შემთხვევაში არის ბაქტერიები. ასეა კორონავირუსის შემთხვევაშიც. ამ მიზეზის გამო გამოიყენება ანტიბიოტიკები და არა თვითონ ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ”,- განმარტავს გიორგი კამკამიძე.

კონკრეტული ანტიბიოტიკის - აზითრომიცინის გამოყენების შესახებ ინფორმაცია თავპირველად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაავრცელა და თქვა, რომ ექიმები პლაქვენილს აზითრომიცინთან ერთად კომბინაციაში ეფექტურად იყენებდნენ. ინფორმაცია მალევე გავრცელდა ქართულ მედიაშიც.

გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ ანტიბიოტიკების, მათ შორის აზითრომიცინის თვითნებურად მიღება დაუშვებელია და მისი შერჩევა და დანიშვნა მხოლოდ ინდივიდუალურად, ექიმის მიერ არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა კორონავირუსით დაავადებული მძიმე პაციენტების მკურნალობისას, პლაკველინთან ერთად კომბინაციაში აზითრომიცინის მიღებისას გარკვეული დადებითი შედეგები დააფიქსირეს, ამ დრომდე არ არსებობს კარგი კვლევა, რომელიც ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურებდა:

“აზითრომიცინი არის ჩვეულებრივი ანტიბიოტიკი, ძალიან ფართოდ გავრცელებული და, პრაქტიკაში, ინიშნება ბაქტერიების საწინააღმდეგოდ. პლაკველინთან ერთად კომბინაციაში, ამ პრეპარატის გარკვეული ეფექტურობა დააფიქსირეს, თუმცა, კარგი კვლევა ამასთან დაკავშირებით ჯერ არ ყოფილა ჩატარებული და ეს არის მხოლოდ კლინიკური დაკვირვებების საფუძველზე. ასე სწრაფად სრულფასოვანი კვლევები მაინც ვერ ჩატარდება, მაგრამ ეხლა მიმდინარეობს შედარებით “გამართული” კვლევა და ალბათ გამოჩნდება მართლა ეფექტურია თუ არა ეს კომბინაცია, თუ უბრალოდ შემთხვევითად იყო პაციენტებში მიღებული ეფექტი".


♦ 
ტოცილიზუმაბი



altამ მედიკამენტის დასახელება თავდაპირველად აპრილის დასაწყისში გაჟღერდა. როდესაც, მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ პრეპარატი "ტოცილიზუმაბი" პირველად გამოიყენეს

მიუხედავად იმისა, რომ მის ეფექტურობაზე ბევრი წერს, დღემდე არ არსებობს კვლევა და იმის სამედიცინო მტკიცებულება, რომ აღნული მედიკამენტი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ეფექტურია. ტოცილიზუმაბის, ისევე, როგორც სხვა ზემოთხსენებული პრეპარატების თვითნებურად მიღება დაუშვებელია. გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ, საბედნიეროდ, ტოცილიზუმაბი მოსახლეობისთვის მარტივად ხელმისაწვდომი პრეპარატი არ არის.

“ტოცილიზუმაბი არის იმუნოთერაპიული საშუალება, ანუ იმუნოლოგიური მექანიზმით მოქმედებს და გამოიყენება სხვადასხვა იმუნოლოგიური ტიპის დაავადებების სამკურნალოდ. ასე ვთქვათ, საკმაოდ პერსპექტიული პრეპარატია, საქართველოშიც, როგორც ვიცით, ერთი-ორ პაციენტზე გამოიყენეს. თუმცა, ძალიან ძვირია და აფთიაქებშიც არ იშოვება, საბედნიეროდ, რომ პირდაპირ პაციენტებმა იყიდონ. ამ დროისთვის გამოიყენება მხოლოდ მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში, როდესაც არის ე.წ. “ციტოგენური შტორმის” მდგომარეობა. ამ პრეპარატზეც ჯერჯერობით შედარებით ნაკლებად არის კლინიკური დაკვირვება და სრულფასოვანი კვლევა არ ჩატარებულა"

♦ რემდესივირი


alt“კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატი შექმნილია” - ამ სათაურით ერთ-ერთმა გამოცემამ მკითხველს პრეპარატი რემდესივირი წარუდგინა. ამ მედიკამენტის შესახებ მედიაში თებერვლის შუა რიცხვებიდან ვრცელდება ინფორმაცია. სხვადასხვა პერიოდში, გამოცემები სიხარულით იუწყებოდნენ, რომ ახალი პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებულებს კურნავს. 

სინამდვილეში, რემდესივირი ახალი მედიკამენტი არ არის და ის სპეციალურად კორონავირუსის სამკურნალოდ არ შექმნილა, ეს პრეპარატი ებოლას საწინააღმდეგოდ შეიქმნა და პირველად სწორედ მაშინ გამოიყენეს.

“რემდესივირი პირდაპირი მოქმედების ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატია. თუმცა ეს პრეპარატი არ შექმნილა კონკრეტულად კორონავირუსის სამკურნალოდ. ის უკვე არსებობდა, ებოლას ეპიდემიის დროს გამოიყენეს პირველად. შესაბამისად, არავინ იცოდა რა ეფექტი შეიძლება ჰქონოდა ამ პრეპარატს კორონავირუსზე. დღეს მიმდინარეობს კარგი კვლევა და, გვპირდებიან, რომ შედეგები გვეცოდინება მაისის ბოლოს“, - ამბობს გიორგი კამკამიძე.

მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები ამ პრეპარატს საიმედოდ მიიჩნევენ და რემდესივირის პერსპექტიულობაზე ხშირად საუბრობენ, მისი ეფექტურობა ოფიციალური კვლევით ჯერ არ დადასტურებულა.

 ♦ მეფლოხინი


altგავრცელდა ინფორმაცია მალარიის სამკურნალო პრეპარატ მეფლოხინზეც. აღნიშნულ მედიკამენტზე რუსული პროპაგანდისტული გამოცემა სპუტნიკი, ერთ-ერთ რუსულ სააგენტოზე (ria.ru) დაყრდნობით, მტკიცებით ფორმაში წერდა, თითქოს, რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შეიმუშავეს და ახალი მედიკამენტი „მეფლოხინის“ ბაზაზე შექმნეს. მეტი დამაჯერებლობისთვის, გამოცემა განმარტავდა, რომ რუსმა ექიმებმა კორონავირუსის მკურნალობის სქემა ჩინური და ფრანგული გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავეს.

ჯერჯერობით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მეფხოლინი ანდა მის ბაზაზე შექმნილი რაიმე პრეპარატი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოდგება. მეფხოლინის ეფექტურობას არ ადასტურებენ მედიკოსები და მეტიც, გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ მეფხოლინი არაპერსპექტიულ პრეპარატად ითვლება:

“ამ პრეპარატზე რაიმე სასიკეთო შედეგები ჯერჯერობით არ გვაქვს, არაპერსპექტიულად ითვლება”.

♦ შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატები


კორონავირუსის წინააღმდეგ შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების შესახებაც აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია. გამოცემები იუწყებოდნენ, თითქოს შიდსის წამალი კორონავირუსს კურნავს. თუმცა, ოფიციალური წყაროები COVID-19-ის წინააღმდეგ აივ ინფექციის წამლის ეფექტურობას არ ადასტურებენ.

“შიდსის საწინააღმდეგო წამლებზე თავიდანვე გეტყვით, რომ დღეს უკვე თითქმის დადასტურებულია, რომ ისინი არ არის ეფექტური, არ ამჟღავნებს ეფექტურობას კორონავირუსის საწინააღმდეგოდ”, - ამბობს გიორგი კამკამიძე.

♦ ფავიპირავირი


რემდესივირის მსგავსად, ფავიპირავირის შესახებ სხვადასხვა გამოცემები იუწყებოდნენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი უკვე არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მედიკამენტზეც სპეციალისტები გარკვეულ იმედებს ამყარებენ, ჯერჯერობით არ არსებობს მისი ეფექტურობის დამადასტურებელი სამედიცინო კვლევა.

სხვა ზემოთჩამოთვილი პრეპარატების მსგავსად, არც ფავიპირავირია კონკრეტულად კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი. აღნიშნული მედიკამენტი იაპონიაში გრიპის სამკურნალოდ შეიქმნა.

“ეს არის იაპონიაში შექმნილი პრეპარატი, რომელიც გამიზნული იყო გრიპის საწინააღმდეგო, სამკურნალო საშუალებად. ექსპერიმენტულ კვლევებში აღმოაჩნდა კორონავირუსის საწინააღმდეგო მოქმედება, თუმცა, რემდესივირის მსგავსად, ამ პრეპარატზეც მიმდინარეობს კვლევა, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს. ახლო მომავალში ამაზეც გვექნება პასუხი. ეს პრეპარატი ჩვენთან რეგისტრირებული არ არის, აფთიაქებში არ იყიდება და, შესაბამისად, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ არის”, - ამბობს გიორგი კამკამიძე.

♦ ივერმექტინი

altივერმექტინი, როგორც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი, სხვადასხვა მედიაგამოცემებისა და საიტების გვერდებზე აქტიურად აპრილის დასაწყისიდან გამოჩნდა. გამოცემები იუწყებოდნენ, რომ აშშ-ს სურსათისა და წამლების კონტროლის ადმინისტრაციამ აღნიშნული პრეპარატი COVID-19-ის სამკურნალოდ უკვე დაამტკიცა. იწერებოდა, რომ ივერმექტინი ფართო მასშტაბით ხელმისაწვდომია და იგი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელ მედიკამენტთა სიაში შედის, როგორც ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური პრეპარატი. რამდენიმე გამოცემა იმასაც კი წერდა, რომ პრეპარატმა “ივერმექტინმა კორონავირუსი უჯრედულ დონეზე ორ დღეში დათრგუნა”. 

ექიმი იმუნოლოგის განმარტებით, ივერმექტინი ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი არ არის და მას სხვადასხვა პარაზიტული ინფექციების დროს იყენებენ. გიორგი კამკამიძე ამბობს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული მძიმე პაციენტების სამკურნალოდ მას დამატებით პრეპარატად იყენებენ, თუმცა, სხვა პრეპარატების მსგავსად, არც მისი ეფექტურობა დადასტურებულა ამ დრომდე:

“ივერმექტინს ვიყენებთ მუნის სამკურნალოდ, მაგალითად, და ზოგიერთი სხვა პარაზიტული ინფექციის დროს. ჩვენს აფთიაქებში ეს პრეპარატი არ იყიდება და როცა გვჭირდებოდა ხოლმე ჩამოგვქონდა უცხოეთიდან. თუმცა, იმის საშიშროება არის, რომ, მაგალითად, ვინმემ შემოიტანოს ევროპის ქვეყნებიდან. ჯერჯერობით, არ არსებობს რეკომენდაცია იმაზე, რომ ეს პრეპარატი ეფექტური იქნება კორონავირუსის წინააღმდეგ. მისი გამოყენება თვითნებურად დაუშვებელია.”




ექიმი იმუნოლოგი განმარტავს, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი პრეპარატი გამოიყენება არა უშუალოდ ვირუსის, არამედ მასთან ერთად გამოწვეული გართულებების სამკურნალოდ.

“ყველა ის პრეპარატი, რომელიც დღეისათვის მეტნაკლებად არის მოწოდებული კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის მართვისთვის, მათი ეფექტურობა არის დაფუძნებული უფრო მეტად კორონავირუსით გამოწვეული გართულებების სამკურნალოდ და არა უშუალოდ თვითონ ამ ვირუსის გასანადგურებლად. შესაბამისად, ეს ყველა პრეპარატი არაპირდაპირი მოქმედების პრეპარატებია და მათი ეფექტურობაც არაპირდაპირია.”

გიორგი კამკამიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონკრეტულად კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ამ დრომდე არ არსებობს.


"ჯერ კიდევ ველოდებით ისეთ პრეპარატს, რომელიც იქნება პირდაპირი მოქმედების ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ. ყველა ზემოთჩამოთვილი პრეპარატი არის საკმაოდ მძიმე, სერიოზული პრეპარატი და მათი საპროფილაქტიკოდ გამოყენება ნამდვილად დაუშვებელია. ასევე, მსუბუქი პაციენტებისთვისა კი არ არის რეკომენდებული. არავის არ ვურჩევ, რომ თვითნებურად იყიდოს ეს პრეპარატები და დაიწყოს მათი მიღება. ეს გამოიწვევს ძალიან ბევრ გვერდით მოვლენას და ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა განვითარდეს."




ხშირად, ზემოთჩამოთვლილი მედიკამენტების დასახელება - რეკომენდაციის დართვით, “მიიღეთ” ან “არ მიიღოთ” ესა თუ ის პრეპარატი, მტკიცებით, რომ “ეს წამალი კორონავირუსს კურნავს” და ა.შ - დიდი ასოებით, ძახილის ნიშნებით და მყვირალა ტექსტებით, პირდაპირ სათაურშია გამოტანილი. არის შემთხვევები, როდესაც სტატია საერთოდ არ შეესაბამება სათაურს და თუ მკითხველი სრულად წაიკითხავს, აღმოაჩენს, რომ ამა თუ იმ პრეპარატის ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული და მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მკითხველმა მხოლოდ სათაურიდან მიიღოს ინფორმაცია, შეცდომაში შევიდეს და ირწმუნოს, რომ რომელიმე კონკრეტული პრეპარატის მიღება კორონავირუსისგან დაიცავს.

როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, COVID-19-ის სამკურნალო საშუალებებზე საზოგადოებაში მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აუდიტორიამ მედიკამენტების შესახებ ოფიციალურ წყაროებთან გადამოწმებული ინფორმაცია მიიღოს. მსგავს კრიზისულ ვითარებაში, მედიას მართებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა და პასუხისმგებლობა, რომ მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია, შეცდომაში არ შეიყვანოს აუდიტორია და ე.წ. კლიკებს არ შეწიროს ფაქტები.

“ზოგადად, არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ წამლების დასახელებები არ უნდა იყოს ნახსენები. მსოფლიოში ყველა სანდო მედია ასახელებს სახელებს, შეუძლებელია მედიკამენტებზე ილაპარაკო სახელის გარეშე, აბსტრაქტულად ვერ ილაპარაკებ... თუმცა, რა თქმა უნდა, მედიას აქვს პასუხისმგებლობა, რომ სწორად გააშუქოს და ზუსტად აღწეროს ამბავი. ერთი შეხედვით, თითქოს საბაზისოა, რომ წყარო ყოველთვის უნდა გადაამოწმო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეგეც არ ხდება. არიან მედიები, რომლებიც, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას”, - ამბობს ცირა გვასალია, “კაქტუს-მედიის” დამფუძნებელი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის საკითხებს აქტიურად აშუქებს.

ამა თუ იმ მედიკამენტის ეფექტურობის დასამტკიცებლად, მეტი დამაჯერებლობისთვის, ხშირად გამოცემები ინფორმაციის წყაროდ უცხოელი თუ ადგილობრივი ექიმების, ზოგჯერ კი სრულიად უცნობი ადამიანების მოსაზრებებს იშველიებენ.

“მეცნიერების ერთ დარგში ნობელის პრემიის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი მეცნიერების ყველა დარგში ერკვევა. არც დოქტორის ხარისხი და პრესტიჟულ სამედიცინო სკოლაში სწავლება არ აქცევს მას სხვა კონკრეტულ საკითხში კომპეტენტურ და ავტორიტეტულ მეცნიერად” - ვკითხულობთ ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორ ბილ ჰენეჯის მიერ Journalist’s Resource-სთვის გაზიარებულ რჩევებში.

ცირა გვასალია, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა პირველწყაროდან მიღებული ინფორმაცია გაუზიაროს აუდიტორიას:

“ჩემი წყაროები არის პირდაპირი წყაროები მაგალითად, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), The New York Times და ა.შ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტი თვითონ ეცნობოდეს პირველწყაროს. დაავადებათა კონტროლის გვერდზეც არის ქართულად ნათარგმნი, მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფოგრაფიკები და მნიშვნელოვანი ინფორმაციები. იმის თქმა მინდა, რომ ქართულ ენაზეც საბაზისო ინფორმაცია ხელმისაწვდომია.”

გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის განსაკუთრებულ მნიშნველობაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც. ქარტიის განცხადებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომატებულია დეზინფორმაციის ნაკადი, რაც მედიისთვის ქმნის ახალ გამოწვევას, დახარჯოს განსაკუთრებული ძალისხმევა ინფორმაციის გადამოწმებაში:

“ახალმა რეალობამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა მედია პროფესიული სტანდარტების დაცვის თვალსაზრისითაც. კორონავირუსის გაშუქებისას აუცილებელია ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების: სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და ა.შ. დაცვა. ამავდროულად, მედიას მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე ტერმინოლოგიის გამოყენებისას” , - ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ COVID-19-ის გაშუქების გზამკვლევში.


alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადების მანიპულაციური გაშუქება “იმედზე”
ტელეკომპანია “იმედის” კვირის ანალიტიკური გადაცემის - “იმედის კვირის” 24 მაისის სიუჟეტში მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ 19 მაისს ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გაკეთებული განცხადება მანიპულაციურად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყო წარმოჩენილი.

კერძოდ, ერთ კვირის წინ, გადაცემა “ღამის მთავარში” სტუმრობისას, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლეების შეფასებისას, ოქრუაშვილმა ასეთი რამ თქვა - “ივანიშვილს დავაშვებინეთ შეცდომა - მან გაისროლა”. ამას ჟურნალისტის ჩაკითხვის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა განმარტება მოაყოლა, რომ იგი არა პოლიტიკოსების, არამედ მთლიანად საზოგადოების ქმედებას გულისხმობდა.

“მას არ მივეცით საშუალება, ამ ადამიანის [სერგეი გავრილოვის] წითელი ხალიჩით მიღება მოეწყო პარლამენტში და ჩვენ [პარლამენტთან] ჩვენი პროტესტის გამოსახატავად მივედით, ამას ვგულისხმობ, რომ დავაშვებინეთ შეცდომა”, - თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ ივანიშვილმა ხალხის ხასიათი “ვერ გათვალა”.

ტელეკომპანია “იმედის” სიუჟეტში ოქრუაშვილის ტექსტიდან მხოლოდ ის ნაწილი მოხვდა, სადაც იგი ამბობს, რომ მისი აქციაზე ყოფნა, შესაძლოა, ვინმესთვის “წითელი ნაჭრის აფრიალებასავით” ან მასტიმულირებელი ყოფილიყო და სადაც დასძენს: “ეს შეცდომა ჩვენ მას კარგი გაგებით დავაშვებინეთ, მან გაისროლა... ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო, რომ მან გაისროლა”.

“იმედის” სიუჟეტში წამყვანის ტექსტიდან დაწყებული მასალის ბოლო ფრაზით დამთავრებული მთავარი აქცენტი 20-21 ივნისის მოვლენებში ოპოზიციის ბრალეულობაზე გადიოდა.

“ე.წ. პოლიტპატიმრად წოდებული და შეწყალებული ოქრუაშვილი თავისსავე თავს, ოპოზიციის პათოსს და მის უდანაშაულობაში დარწმუნებული ევროპარლამენტარების რიტორიკას ეწინააღმდეგება. სააკაშვილის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან პირდაპირ აღიარა ის, რაც 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ ჩაიდინა თავის თანამოაზრეებთან ერთად”, - თქვა წამყვანმა თემის წარდგენისას და დაამატა, რომ სიმართლეს, რომელიც “აღიარების გარეშეც ყველამ იცის” უკვე სიუჟეტიდან შევიტყობდით.

სიუჟეტში მოვისმინეთ, რომ ოქრუაშვილს აქვს "ისეთების თქმის უბადლო ნიჭი, რასაც ხელში ციხის საგზურის დაკავება მოჰყვება. თუმცა, იმისთვის, რაც ოქრუაშვილმა მისი ყოფილი მოსისხლე მტრის სააკაშვილის ტელევიზიის ეთერში აღიარა, ციხეში აღარ მოხვდება, რადგან მძიმე დანაშაულისთვის უკვე გაასამართლეს”. მეტიც, უკვე “გამოსვლაც მოასწრო”, თანაც “შეწყალებით”.

ჟურნალისტს ყურადღებიდან ოქრუაშვილის “აღარების” შემდეგ, არც იმ გადაცემის წამყვანის ემოციები და სახის გამომეტყველება დარჩა უყურადღებოდ, რომელსაც იგი სტუმრობდა და არც ამავე არხის “მთავარი იდეოლოგი და სააკაშვილის მარიონეტი”, რომელიც მისივე თქმით, “20 ივნისის ღამეს ძალადობრივ პროცესებში ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად მონაწილეობდა”.

“ჩანაწერები [20 ივნისის ღამის], შემდეგ რუსთაველის გამზირზე განვთიარებული მოვლენები და ახლა უკვე ირაკლი ოქრუაშვილის აღიარება ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს. სრულ სურათს აჩვენებს რა მიზანი ამოძრავებდათ პოლიტიკოსებს, რომელთაც საწადელს მიაღწიეს და მიიღეს დაშავებული ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე, რაც შემდეგ ჩვეულ სტილში შეფუთეს და სააკაშვილის პარტიის მიერ მოპარული ტელევიზიის ეთერით თვეების განმავლობაში ატრიალეს”, - მოვისმინეთ სიუჟეტიდან.

ამის შედეგ ჟურნალისტმა 20-21 ივნისის მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა უკვე სრულად ოპოზიციას დააკისრა და თქვა, რომ “აგრესიისა და არეულობის ავტორები პოლიტიკურ საფასურს აუცილებლად გადაიხდიან და ეს მაშინ მოხდება, როდესაც ამომრჩეველი საარჩევნო ურნასთან მივა და არჩევანს დესტაბილიზაციასა და განვითარებას შორის გააკეთებს”.

გარდა ამისა, თავდაცვის ყოფილ მინისტრს იმ პოლიტიკური ძალის “ბინძური საცვლების პირდაპირ ეთერში გამოფენაც” გაუხსენეს, რომელსაც იგი ახლა შეეკრა, “წარსულშიც არაერთხელ მიენდო და ამ პოლიტიკური თამაშებიდან ყოველთვის წაგებული და დატყვევებული გამოვიდა”.

ირაკლი ოქრუაშვილის ნათქვამიდან მხოლოდ ერთი ნაწილის წარმოჩენა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ არხის მიზანი 20 ივნისის მოვლენებში სრულად ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერების დადანაშაულება და ხელისუფლების პასუხისმგებლობის იგნორირება იყო.

აღსანიშნავია, რომ ეს არხის მიერ ამ თემის მსგავს კონტექსტში წარმოჩენის პირველი შემთხვევა არ არის. 20-21 ივნისის მოვლენების დროს, ოპოზიციის მხრიდან "ესკალაციის, არეულობის გამოწვევის, სახელმწიფო გადატრიალებისა და ამბოხის მცდელობაზე" “იმედს” სიუჟეტები ადრეც მოუმზადებია.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ ნიშნავს სახიფათოს - ჯანა ჯავახიშვილი
როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, რას უნდა მიაქციოს ყურადღება იმისათვის, რომ უნებურად ხელი არ შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტიგმატიზებას - “მედიაჩეკერი” ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს ესაუბრა.

- არცთუ იშვიათად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც რაიმე ტიპის დანაშაულს ან ანტისოციალურ ქმედებას პირდაპირ ან ირიბად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან აკავშირებენ და მედია უნებურად ხდება ამ მსჯელობის ხელშემწყობი…

პირველ რიგში, ალბათ, ის უნდა ვთქვათ, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის სხვა ადამიანებისგან გამიჯვნა არ არის სწორი. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ყოველ მეოთხე ადამიანს, ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს. შესაბამისად, მსგავსი პრობლემა ყველას შესაძლოა გვქონდეს.

თუ რაღაც სტრესული შეგვემთხვა, მაგალითად - ძალადობის მსხვერპლი გავხდით, თუნდაც ინტერნეტ-ძალადობის, ან საავტომობილო ავარიაში მოვყევით, ან სამსახური დავკარგეთ და ა.შ. - ამგვარ გამოცდილებაზე შფოთვა ან დეპრესია გავრცელებული რეაქციებია. ან, თუ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, მაშინ შესაძლოა პოსტტრამვული სტრესული აშლილობის სიმპტომებმა შეგვაწუხოს. ანუ, ფსიქიკური პრობლემები არ არის ისეთი რამ, რაც იშვიათად ხდება. Სწორედ ამიტომ, შფოთვას, დეპრესიას, პოსტტრავმულ სტრესს - “ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებულ აშლილობებს” ვუწოდებთ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები არ არიან “ისინი”, ეს ვართ “ჩვენ”. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი უფრო მოწყვლადია სხვისი აგრესიის მიმართ, ვიდრე ის “საშიშია” სხვა ადამიანებისთვის. სტატისტიკურად, ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანები უფრო ხშირად ხდებიან სხვისი აგრესიის მსხვერპლი, ვიდრე სხვა ადამიანები. ამაზე საზოგადოება არ ფიქრობს, იმიტომ რომ არის სტიგმა.

- როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ეს თემა ისე, რომ საზოგადოებაში არსებული სტიგმა კიდევ უფრო არ გაძლიერდეს?

მედიის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობის ჩამოყალიბებაში. სიტყვას დიდი ძალა აქვს. სტიგმა უკვე არსებობს და თუ რაღაც ხდება საზოგადოებისთვის მტკივნეული და ემოციური, ხშირად ამას სწორედ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს აბრალებენ, სწორედ ამ სტიგმის გამო.

იყო შემთხვევა, როდესაც მწვავე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის (ფსიქოზური სპექტრის) მქონე ადამიანმა ჩაიდინა მძიმე დანაშაული. დანაშაულის ჩადენის მომენტში მას არ ჰქონდა თავისი მდგომარეობის კონტროლის უნარი. ეს პრობლემაა, რომ მას დროულად და ხარისხიანად ვერ გავუწიეთ დახმარება დაავადების გამწვავებასთან დაკავშირებით. მაგრამ კიდე უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც საზოგადოება სრულიად მარტივად ხსნის მომხდარს: “ფსიქიკურად ავად იყო და ამიტომ ჩაიდინა დანაშაული”. ანუ, მომხდარის ერთადერთ მიზეზს ხედავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებში და არა, ვთქვათ, ჩვენი ზრუნვის სისტემის ხარვეზებში. ეს მაშინ, როცა ბევრად უფრო მეტი დანაშაული და კანონდარღვევა ხდება ჩვენ გარშემო ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანების ხელით.

მედიამ დანაშაულის შემთხვევები არ უნდა გააშუქოს ისე, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელი ქცევა. როდესაც ჟურნალისტი აშუქებს ასეთ პრობლემას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განზოგადებას და სტიგმატიზებას თავი აარიდოს და ისაუბროს სისტემურ პრობლემაზე.

- მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების გაშუქებისას რა უნდა იყოს ჟურნალისტის ამოცანა, ამბის ფოკუსი?

გააჩნია რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ვთქვათ, არის შემთხვევა, როდესაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა, რომელსაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობა ჰქონდა და ვერ აკონტროლებდა თავს. მედიამ ეს არ უნდა განაზოგადოს და არ უნდა გააშუქოს როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელი ქცევა, მისი თავისებურება. სტიგმატიზება არ უნდა მოხდეს.

ჟურნალისტმა, რასაკვირველია, რეალობა უნდა ასახოს და დაეხმაროს საზოგადოებას ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოს. ფაქტი არ უნდა დაფაროს, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ნიუანსებს.

თუ ჟურნალისტი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემით ხსნის დანაშაულს, ეს არ არის სწორი. მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა შეისწავლოს და გააშუქოს კონტექსტი, რომ აჩვენოს მთლიანი სურათი, პრობლემის საფუძველი.

ცალმხრივად, კონტექსტის გარეშე გაშუქებას მივყავართ იქამდე, რომ საზოგადოება ისე აღიქვამს, თითქოს, თუ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ის საშიშია. ეს არ არის სწორი, პირიქით, ის მოწყვლადია. და მისთვის საშიში ისეთი საზოგადოებაა, რომლიც მასში ხედვას საშიშროებას მხოლოდ იმიტომ, რომ მას ფსიქიკური აშლილობა აწუხებს.

- თუმცა, ის, რასაც თქვენ ამბობთ, ცხადია არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეს თემა, ვგულისხმობ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, მედიამ საერთოდ არ გააშუქოს, ასეა?

აუცილებლად უნდა გააშუქოს. მაგრამ - პროფესიულად, მედია სტანდარტების დაცვით. ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანები ისედაც არასაკმარისად აირან ინტეგრირებული საზოგადოებაში და მედიას ყურადღების გარეშე ეს გარიყვა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ასევე, ჩვენს ქვეყანაში არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების საკმარისად განვითარებული ინფრსტრუქტურა და მის განვითარებაშიც მედიას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს. მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება იმაზე, რომ სახელმწიფოში არ არის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სრულფასოვანი ზრუნვისთვის აუცილებელი სერვისები. უნდა იყოს ნაჩვენები პრობლემა.

ხშირად გვესმის, “აი, რატომ დაიხურა დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფოები, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები იქ უნდა იყვნენ და არა ჩვენს გარემოში”. ეს დისკრიმინაციული მსჯელობაა. ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ ჩვენს შორის, როგორც ინტერვიუს დასაწყისში ვთქვი - ეს თავად ჩვენ ვართ. ისინი არ უნდა გაირიყონ. ეს დანაშაული იყო, რომ წლების განმავლობაში გამოკეტავდნენ ხოლმე ადამიანებს დიდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში (მაგ., ასათიანზე) ისე, როგორც ციხეში. ეს ადამიანს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევებს და შანსს უკარგავდა.

სინამდვილეში, ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სახლში, მუშაობდეს, იყოს შეძლებისდაგვარად დამოუკიდებელი. დამოუკიდებლად ცხოვრებაში დასახმარებლად მასზე უნდა ზრუნავდეს ე.წ. თემზე დაფუძნებული სერვისები - მაგალითად, მას სახლში უნდა ემსახურებოდეს მულტიდისციპლინური გუნდი (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, ექთანი), საჭიროებების მიხედვით ეხმარებოდეს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. დაავადების გამწვავების პერიოდებში ერთი-ორი კვირით, შესაძლოა ცოტა მეტით (მაგრამ, არა თვეობით, როგორც წინათ იყო) იგი შესაძლოა წვებოდეს საავადმყოფოში, მწვავე ფსიქიატრიულ განყოფილებაში, რომელიც ჩვეულებრივი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილება უნდა იყოს და არა საზოგადოებიდან გარიყული დიდი ფსიქიატრიული ჩაკეტილი ინსტიტუცია. როგორც არის, ვთქვათ, კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ქირურგიული განყოფილება, ისევე უნდა იყოს ფსიქიატრიულიც. მწვავე მდგომარეობის გასვლის შემდეგ იგი უნდა დაბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ პირობებში. მან არ უნდა იცხოვროს ფსიქიატრიულში, როგორც ეს წინათ ხდებოდა. არც მას სჭირდება ეს და არც საზოგადოებას.

საზოგადოების განვითარების დონე შესაძლოა გაიზომოს ბევრი პარამეტრით, მაგრამ ის, თუ როგორ ზრუნავენ საზოგადოებაში ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებზე - ერთერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია.ზრუნვა და დამოუკიდებელ ცხოვრებაში დახმარება, გარიყვის, გამოკეტვისა და დისკრიმინაციის ნაცვლად - აი ეს უნდა იყოს ძირითადი სტრატეგია. და მედიას შეუძლია ამ სტრატეგიის დანერგვაში წვლილის შეტანა.


  • 18-24 მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების კვირეული იყო.
  • 24 მაისი კი შიზოფრენიის ცნობიერების დღე.
დეზინფორმაცია, რომელიც ქცევას ცვლის
მითები და ყალბი ამბები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გავრცელდა და ადგილობრივების ქცევა შეცვალა.

სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა რამდენიმე ოჯახმა, პირუტყვის გამოსაკვები თივა სპეციალური კარვებით მას შემდეგ დაფარა, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლები ცრუ ინფორმაციამ მოიცვა, რომლის თანახმადაც ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ კონკრეტულ დღეს 23:00 საათიდან დილის 5 საათამდე ჰაერში შესაწამლი ნივთიერება უნდა გაეფრქვიათ.

ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორის“ დირექტორი ამბობს, რომ ამ ყალბმა ამბავმა ადგილობრივები დააბნია: „ხალხმა დაიწყო უზარმაზარი კარვების შეძენა, რომ საქონლისთვის განკუთვნილი თივისათვის გადაეფარებინათ და ცხოველები დაეცვათ“.

 alt
კარვებით დაფარული თივა. ნინოწმინდა. ფოტო: რადიო "ნორი"

ეს ცრუ ინფორმაცია, მთელი ქვეყნის მსგავსად ძალიან სწრაფად გავრცელდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში, შესაბამის რუსულ და სომხურენოვან თარგმანებთან ერთად.

„ყველაზე მოწყვლად საზოგადოებად საქართველოში ეთნიკური უმცირესობები რჩებიან, ენობრივი ბარიერის გამო ყველამდე არ მიდის სწორი ინფორმაცია. ადგილობრივი მედია ვმუშაობთ აქტიურად ამ სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ რთულია ყველა ასაკობრივ კატეგორიას მისწვდე,“ - ამბობს რადიო „ნორის“ დირექტორი არარატ თთთიანი.

სწორედ ენობრივ ბარიერს განიხილავენ ექსპერტები იმ მონაცემების საფუძვლად, რასაც NDI-ს 2019 წლის აპრილის კვლევაში ვკითხულობთ. კითხვაზე „ადევნებთ თუ არა თვალს გადაცემებს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ არაქართულენოვან სატელევიზიო არხებზე?“ პასუხი „დიახ“ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში 40 %-ს შეადგენს, რაც ამ კითხვის პასუხების კატეგორიებში ყველაზე მაღალია.


alt

 

 ამავე კვლევაში მოყვანილია არაქართულენოვანი არხების ყურებადობის რეიტინგი, რომლის პირველ 4 პოზიციაზე რუსეთის ტელევიზიებია.

alt


რუსეთს, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში ოფიციალურ მონაცემების შეცვლაში ადანაშაულებდნენ. მათ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია კი რუსეთის ტელევიზიების მაყურებლების ქცევაზე ნეგატიურად აისახებოდა. ცრუ ინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ მყოფ მოსახლეობას არ სჯეროდა საფრთხის ნამდვილობის.

ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი რუსული ცრუ ინფორმაცია ОРТ-ს რუსეთის სამთავრობო არხზე 5 თებერვალს გავიდა. რეპორტაჟს დაეთმო მთავარ გამოშვებაში 6 წუთზე მეტი. მასალის ავტორი ავითარებს ვერსიას, რომ ვირუსი არის ამერიკის სპეცსამსახურების ან ამავე ქვეყნის ფარმაცევტული კომპანიების შექმნილი.

აქვე, ამერიკის გვერდით, ავტორი რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ სამიზნეს საქართველოში ლუგარის ლაბორატორიას ახსენებს და მისი დისკრედიტაციისთვის კვლავ იგორ გიორგაძეს იყენებს. საინფორმაციო გამოშვების წამყვანი რეპორტაჟის წარდგენისას, ხოლო ავტორი მისი დასრულებისას თითქოსდა იუმორისტულ ტონში პარალელს ავლებს სიტყვა „კორონას“ თარგმნილ ვერსიას გვირგვინსა და ვირუსს შორის და აქვე კვლავ ამერიკამდე, დონალდ ტრამპამდე მიდის, რომელიც ავტორის თქმით, წლების განმავლობაში ფლობდა სილამაზის კონკურსს „მის მსოფლიოს“ და არიგებდა გვირგვინებს.

 alt

მსგავსი, ერთი შეხედვით მდარე ხარისხის დეზინფორმაციის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს დამოკიდებულება, რომელზეც ტოკ ტვ-ს ჟურნალისტი სედა სარქისიანი საუბრობს: „ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ხშირად გვესმოდა ხალხისაგან, რომ ეს ყველაფერი თამაშია, გამოგონილია; ან გაუგიათ, რომ ეს ვირუსი ადრეც ყოფილა და მის სამკურნალოდ სპეციალურ მცენარეებს იყენებენ“.

სამცხე-ჯავახეთში ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ძლიერ გავრცელებული მითი ეხება შეთქმულების თეორიას, რომლის თანახმადაც თითქოსდა ვირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სხვა მიზნებთან ერთად, ხმარებიდან ქაღალდის ფულის ამოღებას ისახავს. 17 000-მდე ნახვის მქონე ვიდეოს ავტორი ასკვნის, რომ „არანაირი ვირუსი არ არსებობს“.

კორონავირუსთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირების მიზნით, ევროკავშირის პლატფორმა, EUVSDisinfo, უწყვეტ რეჟიმში აქვეყნებს ანგარიშს ყალბი ამბების შესახებ ქვეყნების მიხედვით. ამ ანგარიშის მიხედვით, 22 იანვრიდან 19 მარტის ჩათვლით, 110 პრო-კრემლისტური ნარატივის 110 ყალბი ამბავი გამოქვეყნდა.

მათი სამიზნე, ცხადია, არ შემოიფარგლება საქართველოთი, პრო-პუტინისტურ ნარატივს აკვირდებიან ბალტიისპირეთშიც. ლატვიაში კოვიდ 19-ის რეჟიმში კიდევ უფრო გააქტიურდა მესიჯი რომ „ლატვია როგორც სახელმწიფო ჩავარდა“, „მან ვერ გაართვა კრიზისს კარგად თავი და ამიტომ აუცილებელია რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა.“

ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საუბრობს და იღებს ინფორმაციას რუსულად, ყალბი ამბებიც ძალიან ხშირად სწორედ ამ ენაზე ვრცელდება, ლატვიურთან ერთად.

„დეზინფორმაცია რუსულ ენაზე ბევრად უფრო აქტიურია და მკაფიოდ გამოხატული,“- გვეუბნება მარცის ბალოდისი, აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის სწავლების ცენტრის მკვლევარი. განსხვავებულ ტონს კი იმ კონკურენციას უკავშირებს, რომელშიც ლატვიურენოვან მედიაგრემოში მოხვდერილი რუსულეოვან მედიას უწევს ყოფნა.

ლატვიური საგამოძიებო მედიის RE:Balticas ჟურნალიტი საბინ ბერზინა ამბობს, რომ ქვეყენაში გავრცელებული დეზინფორმაციის შედეგი უკვე აისახა საზოგადოების განწყობაზე. ლატვიის ტელევიზიის LTV-ს დაკვეთით კვლევითი ცენტრის SKDS-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 28 % არ სჯერა ვირუსის შესახებ ოფიციალური ვერსიის.

 
alt

ამავე კვლევითი ორგანიზაციის დირექტორის თქმით კი, რუსულენოვან და ლატვიურენოვან მოსახლეობაში შეინიშნება განწყობების განსხვავება, რომლის თანახმად ლატვიის რუსულენოვან მოსახლეობაში უფრო ხშირად მიიჩნიათ რომ COVID-19 მედიის და პოლიტიკოსების მიერ ატეხილი აურზაურია.

საქართველოში და მის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის განწყობების კვლევა ჯერ არავის ჩაუტარებია. იქ კი, სადაც ახალ ინფორმაციებს კვლავ ORT- სგან და სხვა რუსული არხებისგან ელიან, კრიზისის ფონზე სუსტად მხარდაჭერილი გაღარიბებული ადგილობრივი მედიები რთულად უწევენ წინააღმდეგობას.


alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.
საშიშია თუ არა ზღვაში ბანაობა - ვინ ავრცელებს მითებს ზღვის წყალში კორონავირუსის გადადების შესახებ

“ვირუსის გამო შესაძლოა მთელი ზაფხული ზღვაში ბანაობა აიკრძალოს” - მსგავსი სათაურით, ბოლო რამდენიმე დღეა, სხვადასხვა საიტებზე ვირუსულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ზაფხულის მოსვლასთან ერთად კორონავირუსი უფრო სწრაფად გავრცელდება. ერთ-ერთი მოსაზრებით კი ამას ზღვაზე და აუზზე ადამიანების ხშირი ბანაობა შეუწყობს ხელს". ამავე საიტებზე, სრულიად დაუდასტურებელ წყაროებზე დაყრდნობით, წერენ იმასაც, რომ “პარლამენტში რამდენიმე ადამიანი გამოვიდა ინიციატივით, მთელი ზაფხულის განმავლობაში აიკრძალოს ზღვაში ბანაობა”.

მსგავსი ტექსტები იძებნება საიტებზე: geonewest.com, izolacia.club, epicentri.club. ასევე, აქტიურად ავრცელებს ფეისბუკის გვერდი -“უბრალოდ ძალიან საინტერესო”, რომელსაც სოციალურ ქსელში 40 ათასამდე გამომწერი ჰყავს. ტექსტები ყველგან იდენტურია და არსად გვხვდება რაიმე წყარო, მტკიცებულება, რის საფუძველზეც ეს საიტები მსგავს მსჯელობას ავითარებენ. გაურკვეველია ისიც, რას გულისხმობენ პარლამენტის წევრების ინიციატივაში, ვინაიდან მსგავსი განცხადება ამ დრომდე არცერთ პარლამენტარს არ გაუკეთებია.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მსჯელობის დამადასტურებელი არანაირი წყარო არ მოიპოვება, სოციალურ ქსელში, მომხმარებლების კომენტარებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ მათ გარკვეულ ნაწილს ამ ამბის სჯერა. მკითხველები წერენ, რომ ასეთი აკრძალვა მათთვის გაუგებარია.

სინამდვილეში, ამ დრომდე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ზღვაში ბანაობა ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

alt


ვრცელდება თუ არა ვირუსი წყალში -
რა ვიცით ამ დროისთვის

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი შესაძლოა გავრცელდეს წყალში, აუზზე, აბაზანებსა თუ წყლის დინების სხვა ადგილებში.

რაც შეეხება ბანაობისას გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს, CDC წერს, რომ:

  • ყველამ უნდა დაიცვას ის მითითებები, რომელსაც დაადგენს კონკრეტული სახელწიფო ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, - როდის და როგორ შეიძლება ფუნქციონირდეს წყლის ობიექტები.

  • ინდივიდებმა კი უნდა გააგრძელონ საკუთარი თავისა და სხვების დაცვა ასეთ ადგილებში, როგორც წყალში, ისე მის გარეთ - მაგალითად, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის მკაცრი წესების დაცვით. 
 
alt


ამერიკული ჟურნალი WebMD, რომელიც სამედიცინო თემატიკაზე მუშაობს, წერს, რომ სანაპიროზე გასვლის შემთხვევაში, ზღვის წყალი სანერვიულო არ არის. მთავარი ვირუსის გამო დაწესებული სხვა რეკომენდაციებისა და შეზღუდვების გათვალისწინებაა: “კერძოდ, სოციალური დისტანციის დაცვა უფრო შორ მანძილზე იქნება საჭირო, ვიდრე ჩვეულებრივადაა დაშვებული, ვინაიდან სანაპიროზე, ნიავის დროს შხეფების გადაადგილება უფრო შორ მანძილზეა შესაძლებელი”.

ზღვის წყალი რისკად რომ არ მოიაზრება, ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ისაუბრა. მისი განცხადებით, სარიკსო მხოლოდ სანაპიროზე რუჯის მიღებაა: "ზღვაში ბანაობასა და ინფიცირებას შორის კავშირი დადასტურებული არ არის და ასეთი არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. შესაბამისად, ზღვაში ბანაობა რისკის შემცველი არ არის. რისკი მოიაზრება ბანაობის შემდეგ, როცა რუჯის მისაღებად წვება ადამიანი, აუცილებელია, რომ ამ დროს იყოს დაცული სოციალური დისტანცია, ორმეტრიანი მანძილი და დაყოვნება არ იყოს ხანგრძლივი".

მინისტრის მოადგილე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, შეზღუდვები სავარაუდოდ გამკაცრდება, ეს გამკაცრება შეეხება გარუჯვის წესებსაც, თუმცა, რაც ამ ეტაპზე დადასტურებულია და რაც ზუსტად ვიცით, ზღვაში ბანაობა არ აიკრძალება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს რეკომენდაციებზე, რაც საზღვაო სეზონთან იქნება დაკავშირებული. იგი განმარტავს, რომ ისინი აქტიურად აკვირდებიან იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომელთაც საზღვაო კურორტები აქვთ.

alt

“ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი კავშირის რისკები ჯერ არავის დაუდგენია. სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ზღვის სეზონმა უკვე გაიარა, იქაც გარკვეულ წესებს მიმართავდნენ და ეს იყო ისევ და ისევ ფიზიკური დისტანცირება, რაც გულისხმობდა იმას, რომ პლაჟებზე თავშეყრა და სიმჭიდროვე კონტროლირებადი იყო”, - აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.


რა საერთო აქვთ იმ საიტებს, რომლებიც ამ დეზინფორმაციას ავრცელებენ

ინფორმაცია, რომ ზაფხულში ზღვაში ბანაობა აიკრძალება, თავდაპირველად epicentri.club-მა გაავრცელა, მოგვიანებით გამოჩნდა იდენტური ტექსტები geonewest.com-სა და izolacia.club-ზე.

  • “ჩვენ შესახებ” განყოფილება, რომელშიც გამოცემის მისიის შესახებ ამოვიკითხავდით, არცერთ საიტს არ აქვს;
  • სამივე საიტზე მეწტილად სენსაციურ სათაურებს ვხვდებით, რაც აჩენს განცდას, რომ სამივე საიტი კლიქბაითია;
  • სამივე საიტი რუსეთშია რეგისტრირებული. ამათგან, ორი - epicentri.club და izolacia.club - ბოლო ერთ თვეში.
  alt
 

alt



alt





alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.
ონის ჰესების კაშხალი, როგორც რაჭის განვითარების უპირობო პერსპექტივა “იმედზე”
ონის ჰესების კაშხალი, როგორც გარემოსთვის სრულიად უსაფრთხო და რაჭის განვითარების პერსპექტივა - ამ კონტექსტში წარმოაჩინა ტელეკომპანია “იმედმა” 17 მაისს კვირის შემაჯამებელ გადაცემაში - “იმედის კვირა” ონში ჰესების მშენებლობის პროექტი. ეს კი იმ ფონზე, როდესაც პროექტის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი მოსახლეობა კი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს უკვე კარგა ხანია გამოხატავს.

სიუჟეტში, რომელიც ტელეკომპანია “იმედმა” “მთავარი არხის” მიერ “პროექტის მიმართ კრიტიკულ კონტექსტში მომზადებული სიუჟეტის საპირწონედ და “ყალბი ამბის” გამოსააშკარავებლად მოამზადა, კრიტიკული პოზიციისა და შეკითხვების გარეშე, მხოლოდ იმ სარგებელსა და დადებით შედეგებზე იყო საუბარი, რომელსაც ადგილობრივები პროექტის განხორციელების შემთხვევაში მიიღებენ.

სიუჟეტის დასაწყისში ავტორმა განგვიმარტა, რომ “იგი არ მოგვიყვებოდა ტყუილს იმის შესახებ, როგორ აქრობს მდინარე რიონს და მთელ რაჭას ონის ჰესების კასკადი, რადგანაც ეს სხვა არხზე უკვე მოვისმინეთ და ახლა უკვე სიმართლის დრო იყო”. “რიონი არ ქრება, მეტიც, ახლა აქ რომ ჰესი უკვე მუშაობდეს, აღებული წყლის დანაკლისს ამ პერიოდში თვალით თქვენ ვერც კი შეამჩნევდით”, - დაგვაიმედა ჟურნალისტმა, თუმცა კონკრეტულად რა გეოლოგიურ დასაბუთებას ეყრდნობოდა იგი, სიუჟეტში არ ჩანდა.

მანვე ისიც გვითხრა, რომ დალექვის შემდეგ, წყალმა 5.2 მეტრის დიამეტრის გვირაბში უნდა გაიაროს, რომელიც “მსოფლიოში ყველაზე მტკიცე მეთოდით - რკინა-ბეტონით იქნება მოსაზღვრული”. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ონი1 და ონი2 ჰესებისთვის დაბალი, მხოლოდ 8 მეტრის სიმაღლის დამბები დაიდგმება და “პროექტი არც რიონის კალაპოტს ცვლის და არც რაჭის კლიმატს ან ეკოსისტემას”.

“რაჭაში არც მინერალური წყლები გაქრება და არც მოსახლეობას შეექმნება რამე საფრთხე, მეტიც პროექტის გამო დეგრადირებული მურყანი ერთჯერადად და ისიც მცირე რაოდენობით მოიჭრება”, - კიდევ ერთხელ დაგვაიმედა ჟურნალისტმა.

მანვე საკუთარი მსჯელობის გასამყარებლად ექსპერტების დასკვნებიც მოიშველია, რომლებიც, როგორც თავადვე განმარტა, პროექტს ადგილზე რამდენიმე წლის განმავლობაში, ოთხივე სეზონზე სწავლობდნენ და პოზიტიური დასკვნები დადეს.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა უკვე ის აგვიხსნა, რომ პროექტი გარემოს დაცვის სამინისტროში სამწლიანი შესწავლის შემდეგ შევიდა. მანვე თქვა, რომ სამინისტრომ დამატებითი კვლევებიც მოითხოვა, რის საფუძველზეც, პროექტის უსაფრთხოებაზე უკვე უწყებაც თამამად საუბრობს.

“ონის ჰესების კასკადი რომ უსაფრთხოა და დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება, ამას ნებისმიერი დაინტერესებული პირიც კი მარტივად გაიგებს, თუ საჯარო დოკუმენტებსა და კვლევებს გაეცნობა. ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების გარდა, სარგებელი პროექტს ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც აქვს”, - ამბობს ჟურნალისტი.

ამის შემდეგ უკვე იგი პროექტის ფარგლებში ონში დაგეგმილ “მასშტაბურ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ” პროექტებზე გვიყვება და ჰესის მშენებელი კომპანიისგან რაჭაში უკვე განხსრციელებულ პროქტებსაც გვაცნობს. ამის მაგალითებად იგი ონსა და სოფელ ჯინჭვისში მოწყობილ სტადიონებს ასახელებს და განმარტავს, რომ “ონლაინგაკვეთილების შემდეგ, ეს ახალგაზრდების თავშეყრის მთავარი ადგილია”.

მას ყურადღებიდან არც ის გამორჩა, რომ “სიმძლავრე, რომელსაც ონის ჰესების კასკადი გამოიმუშავებს, ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება” და კაშხლის პოტენციურ სიკეთეებზე ადგილობრივების მოსაზრებებსაც გვთავაზობს, რომლებიც ჰესის მშენებლობას მიესალმებიან. აღსანიშნავია, რომ ჰესის მიმართ კრიტიკული მოსაზრება ვერც აქ ვნახეთ, ეს კი იმ ფონზე, როდესაც ერთი კვირის წინ კონკურენტი არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ადგილობრივების ნაწილის მხრიდან ჰესის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება მკაფიოდ ჩანდა.

ჟურნალისტს ყოფილი ხელისუფლების კვალი არც აქ გამორჩა და თქვა: “რაჭვლებმა იციან და ახსოვთ ისიც, რომ წინა ხელისუფლება რიონის ხევის წყალსაცავად ქცევას და სოფლების გაქრობას აპირებდა. გეგმავდა 14 მეტრის სიმაღლის კაშხლის მქონე ჰიდროელქტროსადგურის აშენებას, რომლის ბრძანებაც მიხეილ სააკაშვილის დავალებით ენერგეტიკის იმდროინდელმა მინისტრმა ხეთაგურმა გამოსცა და საბედნიეროდ პროექტი ხელისუფლების ცვლილებამ შეაჩერა”.

ამავე სიუჟეტში ასევე მოვისმინეთ, ეკონომიკის მინისტრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის, ონის ჰესების კასკადის პროექტის მენეჯერის და გარემოსდაცვითი ექსპერტის კომენტარები, რომლებიც ასევე მხოლოდ ჰესის უსაფრთხოების შესახებ და მისგან მიღებულ სარგებელზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

alt

ონის ჰესების თემა, ზუსტად იმავე ხაზით გაიშალა 19 მაისს ტოქშოუ “არენაშიც”. იმედმა თემაზე ინტერაქტივიც შემოგვთავაზა, რომლის კითხვაც ასეთი იყო:

“ჰესების მშენებლობის საბოტირებით, ებრძვის თუ არა ოპოზიცია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას?”. კითხვაზე დადებითი პასუხი 86.4%-მა გასცა, უარყოფითი კი - 13.6%-მა.

არცერთ შემთხვევაში ტელეკომპანია “იმედს” ონის ჰესების პროექტის მიმართ განსხვავებული, კრიტიკული პოზიციის წარმოჩენის მცდელობა არ ჰქონია. ეს იმ ფონზე, როდესაც გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენლები ამბობენ, რომ მშენებლობის ადგილი მეწყერსაშიში ზონაა, პროექტი ზედაპირულად, აეროფოტოგადაღების გზით არის შეფასებული და ადგილზე “ბურღვა და ქანების გამოკვლევა” არავის ჩაუტარებია. ამასთან, ჰესის მშენებლობაზე მიმართვა გაუქმებულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით არის გაცემული.

საკითხის ცალმხრივად, ერთი მხარის წარმოჩენით, მხოლოდ დადებით კონტექსტში გაშუქება და იმ საფრთხეების და ზიანის იგნორირება და მიჩქმალვა, რომლის წინაშეც პროექტის განხორციელების შემთხვევაში ადგილობრივები და გარემო შეიძლება აღმოჩნდეს, შეიქმნა სურათი, რომ არხის მთავარი მიზანი კონკრეტული ჯგუფის ბიზნესინტერესების გატარება იყო და არა მოსახლეობისთვის საკითხზე სრულყოფილი, მრავალმხრივი მოსაზრებებით გაჯერებული ინფორმაციის მიწოდება.