„ჟურნალისტებზე ძალადობის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“ - მედიის კოალიცია გელა მთივლიშვილზე მომხდარ თავდასხმაზე
10.05.2026


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ „მთის ამბები“/„საქართველოს ამბების“ დამფუძნებელზე, გელა მთივლიშვილზე გუშინ მომხდარ თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტის წინააღმდეგ ძალადობა აზიანებს მედიის თავისუფლებას, დემოკრატიას და საზოგადოების შესაძლებლობას, მიიღოს თავისუფალი ინფორმაცია.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი ხდება მუქარის, ზეწოლისა და ძალადობის სამიზნე. წლების განმავლობაში, მის წინააღმდეგ არაერთი აგრესიული კამპანია მიმდინარეობდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. დაუსჯელობა და ფორმალური მართლმსაჯულება არა თუ ვერ უზრუნველყოფს ჟურნალისტების დაცვას და ძალადობის ეფექტიან გამოძიებას, პირიქით,  ახალისებს მსგავს დანაშაულებს და მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო საშიშ გარემოს ქმნის.

გელა მთივლიშვილი არის გამორჩეული პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში პრინციპულად აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და იძიებს კორუფციის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

საქართველოში მედიის გარემოს მძიმე გაუარესებას ადასტურებს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) შეფასებაც. მიმდინარე წლის მონაცემებით, ქვეყანამ მედიის თავისუფლების ინდექსში კიდევ 21 პოზიციით დაიხია უკან, ხოლო ბოლო წლებში ჯამურად - 75 პოზიციით, რაც „ქართული ოცნების“ პირობებში მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ზეწოლის ნათელი მაჩვენებელია“, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში. 

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ სრულ სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს, „რომელსაც სხვა პროფესიონალ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ურთულეს პირობებში უწევს საქმიანობა. ჟურნალისტებზე ძალადობის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“.

ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილი გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადაცემა „ღია სივრცის“ დასრულებისთანავე თავს დაესხნენ

„ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, „ქართული ოცნების“ მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!“

გიორგი მარგებაძე მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელია, ის სწორედ ამ ეთერის სტუმარი იყო.  

შსს-მ დღეს დილით მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ