ოკუპირებული აფხაზეთი და ადგილობრივი ჟურნალისტები კოვიდის პირისპირ - პოდკასტი #25
02.03.2021

"ფაქტობრივად, ონლაინ სწავლება ჩავარდა ოკუპირებულ აფხაზეთში [რაღაც პერიოდში] და სწავლება შეწყდა, ასე გამოდის... რაც შეეხება ჯანდაცვას, იმდენად გართულდა სიტუაცია, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ საველე ჰოსპიტალის გახსნა ითხოვა და სოხუმში რუსული სამხედრო საველე ჰოსპიტალი გაიხსნა", - მაია ფიფია, "რადიო ათინათი".

ამ პოდკასტში მაია მხოლოდ პანდემიის სირთულებზე არ საუბრობს, ის ასევე გვიამბობს მათ თანამშრომლობაზე აფხაზ კოლეგებთან, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გადამოწმებული ინფორმაციის მისაღებად და არამხოლოდ.




წაიკითხეთ პოდკასტის ტექსტური ვერსია:

- დღეს ვისაუბრებ თუ როგორ ვთანამშრომლობ აფხაზ კოლეგებთან პანდემიის პირობებში. მე ვარ მაია ფიფია, ვმუშაობ რადიო "ათინათში" და უკვე წლებია რადიოში გვაქვს ქართულ-აფხაზური ერთობლივი გადაცემები, ერთობლივი პროექტები და დღეს მინდა სწორედ ამაზე ვისაუბრო: თუ როგორ განვითარდა ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომლობა პანდემიის პირობებში.

 - მუშაობა, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, აქაც სირთულეებთან იყო დაკავშირებული და იყო ბევრი რაღაც ახალი, რასაც აქამდე არ ვაკეთებდით. ამ პირობებში ყველაფერი რასაც ვაკეთებდით, ყველა თემა დაკავშირებული იყო პანდემიასთან, ლოქდაუნთან და აქედან გამომდინარე პრობლემებთან. ამდენად, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მიმეღო ინფორმაცია და ზუსტი ინფორმაცია, იმის შესახებ თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ახლა ოკუპირებულ რეგიონში. რა ცვლილებებია დე ფაქტო ჯანდაცვის სისტემაში. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ოფიციალური ინფორმაცია როგორც ცნობილია. აქედან გამომდინარე, როდესაც არის პარტნიორი, კოლეგა რომელიც იკვლევს ამ ყველაფერს და გაწვდის ამ ინფორმაციას, ეს უფრო დაზუსტებული და მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რაც შეიძლება წაიკითხო ინტერნეტ სივრცეში.

- მათთვისაც რთული იყო მუშაობა, იმიტომ, რომ ისინი ვერ გადიოდნენ ადგილზე. დისტანციურ მუშაობაზე გადავედით ჩვენც და ისინიც და საკმაოდ რთული იყო როდესაც ფოტორეპორტაჟის მომზადება უხდებოდათ ან რაღაც თემაზე მასალის მომზადება და იყო პერიოდები როდესაც ვერ გადიოდნენ. უბრალოდ ვერ გადიოდნენ. დისტანციური მუშაობა იყო და ამდენად ეს იყო მთავარი სირთულე პანდემიის პირველ პერიოდში.

- აფხაზეთში საკმაოდ რთული სიტუაციაა და ყველა მიმართულებით იყო სირთულე და პრობლემები. მაგრამ გამოვყოფდი ჯანდაცვას, განათლებას, რაც თვალში საცემი იყო. რაც შეეხება ჯანდაცვას, იმდენად გართულდა სიტუაცია რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ითხოვა საველე ჰოსპიტალის გახსნა და რუსული სამხედრო საველე ჰოსპიტალი გაიხსნა სოხუმში. იყო მიმართვა და ითხოვდნენ მოხალისეების დახმარებას, იმდენად რთული სიტუაცია იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რეგულაციების გამკაცრება დაიწყეს, თუმცა მოსახლეობა არ ასრულებდა ამ რეგულაციებს.

- საზღვარი გაიხსნა იმ პერიოდში. რუსეთიდან ფსოუზე საზღვარი გაიხსნა. ამანაც საკმაოდ გაართულა სიტუაცია, იმიტომ რომ ტურისტები შემოდიოდნენ განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე.

- მეორე რასაც გამოვყოფდი ეს იყო განათლება. სკოლები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არ არის საკმარისი რესურსი, მე ვგულისხმობ ტექნოლოგიებს, კადრებს. ფაქტიურად ონლაინ სწავლება ჩავარდა აფხაზეთში და სწავლება შეწყდა ასე გამოდის. რაღაც პერიოდის განმავლობაში სწავლა აღარ იყო. იყო მომენტი, როდესაც მივიღე ინფორმაცია ჩვენი პარტნიორებისგან, რომ პედაგოგებმა ასეთ ხერხსაც მიმართეს: კლასებს ხსნიდნენ, შენობებს ქირაობდნენ და გარკვეული საფასურის სანაცვლოდ უმცროსკლასელებს ამეცადინებდნენ.

- მანამდეც რუსეთმა გაამკაცრა კონტროლი საზღვარზე და დააწესა დამატებით დოკუმენტაცია და გადასახადები ე.წ. ექსპორტზე აფხაზეთიდან, მანდარინის ექსპორტზე. მოსავალი იყო დიდი, გაორმაგებული მოსავალი იყო, როგორც გავრცელდა ინფორმაცია შარშანდელ წელთან შედარებით. მაგრამ ბევრმა მცირე მეურნემ, რომელსაც საკუთარი ავტომობილებით გადაჰქონდა საზღვარზე, ვერ მოახერხა გადატანა და მოსავლის დიდი ნაწილი დალპა და გადაყრაც კი მოუხდათ. ეს არის ძირითადი შემოსავალი, რაც შეეხება სოფლის მეურნეობას. რა თქმა უნდა პირადი ურთიერთობები არის, რა თქმა უნდა კითხვებს სვამენ, რა თქმა უნდა აინტერესებთ რა ხდება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყველა მიმართულებით.

- თუკი ვსაუბრობთ გარკვეულ თემაზე, იგივე განათლებაზე, მათ აინტერესებთ როგორი განათლების სისტემაა აქ. რა თქმა უნდა შედარებას აკეთებენ. არის რაღაც ზღვარი, რომელსაც ჩვენ არ ვცდებით მითუმეტეს ამ სიტუაციაში, რომ შევინარჩუნოთ ეს ურთიერთობები. მე იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ეს ურთიერთობები. მსგავსი კონტაქტები და შეხვედრები კოლეგებთან. ეს აუცილებელია.


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ