"მანიშნებელია იმის, რომ ვაქცინაცია არ შედგა, იმიტომ რომ მოსახლეობას არ მიაწოდეს ინფორმაცია."
12.04.2021

მე ვარ თეკლე მორგოშია, საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისიპოსტის” ჟურნალისტი.

ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა გახლავთ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოში, რომელიც შეიძლება ითქვას, სამწუხაროდ ჩავარდა. დღეის მონაცემებით 11 ათასი ადამიანი არის აცრილი, მაშინ როდესაც მთავრობის მიერ გაწერილი გეგმის მიხედვით, ოცი დღის განმავლობაში სულ მცირე აცრილი უნდა ყოფილიყო 60 ათასი ადამიანი. ძალიან დიდი სხვაობა არის, ხედავთ თქვენ 60 ათასსა და 11 ათასს შორის.

ეს მანიშნებელია იმის, რომ ვაქცინაცია არ შედგა, იმიტომ რომ მოსახლეობას არ მიაწოდეს ინფორმაცია.



ვაქცინაციის პროცესი არ ნიშნავს იმას, რომ ჩამოიტანო ვაქცინა, შეისყიდო, გადაიხადო, სესხად აღებული სხვადასხვა მსოფლიო ბანკებიდან. თანხა მილიონები გადაიხადო, ჩამოიტანო და უთხრა, რომ მოდით ახლა ვიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ.

მანამდე უნდა გაეკეთებინათ ეს მოსამზადებელი სამუშაოები. კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის ეროვნული გეგმა არც ისე ცუდად აქვს მთავრობას შემუშავებული, რომელიც იანვარში დაამტკიცეს მიმდინარე წლის, სადაც შავად თეთრზე წერია, რომ უნდა მოეხდინათ საზოგადოების ინფორმირებულობა. რამდენად მნიშვნელოვანი იყო პანდემიის დამარცხებაში ვაქცინაციის პროცესი, რა ვაქცინებს მიიღებდა საქართველო, რატომ უნდა გაგვეკეთებინა, რა შემცველობა ჰქონდა ამას. ზუსტად ეს ძალიან კარგად ჰქონდა გაწერილი საკოორდინაციო საბჭოს და ზოგადად მთავრობის მიერ შემუშავებულ ეროვნულ გეგმაში, თუმცა ვერ შესრულდა.

ჩვენ დავინტერესდით იყო თუ არა ამ პროცესში ჩართული ადგილობრივი მთავრობა. ვკითხეთ მერიას და მერიამ გვითხრა, რომ ამაში უნდა ყოფილიყო სამხარეო ადმინისტრაცია ჩართული, რადგან ის უშუალოდ კომუნიკაციაში იმყოფებოდა საკოორდინაციო საბჭოსთან.

გუბერნიას ვკითხეთ და გვითხრა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრია პასუხისმგებელი და ჩვენ არაფერ შუაში ვართ. როდესაც ვკითხე დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ბატონ ამირან გამყრელიძეს, რატომ არ მოხდა მოსახლეობის ინფორმირებულობა, მან მითხრა რომ ხედავთ რამდენი ბუკლეტია დაბეჭდილი.

ეს ბუკლეტები არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ყოველ შემთხვევაში ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში, არცერთ მედპერსონალს და პაციენტს და არც იქ დასაქმებულ სხვა ადამიანს არ უნახავს თვალით. რომ ვკითხე როდის დაიწყეთ ეს ყველაფერი, დავიწყეთ მაშინ როცა მივიღეთ ეს ვაქცინა. და უფრო ადრე ხომ შეიძლებოდა დაწყება? იყო პასუხი, რომ ჩვენ აქამდე არ ვიცოდით გვექნებოდა თუ არა ვაქცინა.

თუკი ჩავარდება ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, გავივლით იმ გზას, რაც გავიარეთ 2020 წლის მარტში, აპრილში. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა, რომელიც ისედაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით არ იყო მყარი, ახლა მითუმეტეს არის ჩამოშლის ზღვარზე. ინფორმაციულ ვაკუუმშია საზოგადოება. ქუთაისში რომ გავაჩეროთ ადამიანი, ათიდან მხოლოდ ერთი იტყვის, რომ შეიძლება გავიკეთო. დანარჩენები ამბობენ, რომ არ აქვთ ამომწურავი ინფორმაცია ამ თემის ირგვლივ.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ