ეთიკის ქარტია მედიისთვის COVID-19-ის გაშუქების გზამკვლევს ამზადებს
13.04.2020
“ეთიკა, უსაფრთხოება და ფსიქიკური ჯანმრთელობა კორონავირუსული პანდემიის გაშუქებისას” - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, COVID-19-ის გაშუქებასთან დაკავშირებით, მედიისთვის სახელმძღვანელო წესებს ამზადებს. ამ დროისთვის ქარტიას უკვე შემუშავებული აქვს დისტანციური მუშაობის ორგანიზების სახემძღვანელო წესები, კორონავირუსული პანდემიის პარალელურად მედიისთვის გაჩენილ სხვა გამოწვევებზე კი თემატურად დახარისხებულ რეკომენდაციებს ქარტია ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.

ქარტიის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას, მედიას განსაკუთრებული როლი აკისრია და აუცილებელია ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების: სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და ა.შ. დაცვა. ამავდროულად, მედიას მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე ტერმინოლოგიის გამოყენებისას:

“ერთი მხრივ, მედიას კვლავ რჩება მთავარი, ანუ ინფორმაციის გამავრცელებლის ფუნქცია, მეორე მხრივ გაჩნდა ახალი გამოწვევა, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისა და ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაშუქების საჭიროების სახით. ამავდროულად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომატებულია დეზინფორმაციის ნაკადი, რაც მედიისთვის ქმნის ახალ გამოწვევას, დახარჯოს განსაკუთრებული ძალისხმევა ინფორმაციის გადამოწმებაში,” - ვკითხულობთ სახელმძღვანელოს წინასიტყვაობაში.

დისტანციური მუშაობის ორგანიზების ნაწილში, რომელიც ქარტიის გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია, მედიამენეჯერებისთვის და ჟურნალისტებისთვის რეკომენდაციებია გაწერილი. გზამკვლევში მოცემულია კონკრეტული რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ვიდრე დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ და ასევე რა უნდა გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ უკვე დისტანციურად მუშაობენ. ამავე ნაწილში ქარტია მედიასაშუალებებს სთავაზობს კონკრეტულ რეკომენდაციებსა და საჭირო რესურსებს კონტენტის გასამრავალფეროვნებლად.

დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებული რამდენიმე რჩევა გზამკვლევიდან:

  • ვიდრე დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადახვალთ, მოაწყვეთ სარედაქციო თათბირი და გაიარეთ ტექნიკური საკითხები - გუნდის რა ნაწილს შეუძლია სახლიდან მუშაობა და ვისთვის არის აუცილებელი ოფისში ყოფნა, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე;
  • ვიდრე სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადახვალთ, განსაზღვრეთ, რა ტიპის მასალები შეგიძლიათ მოამზადოთ სახლიდან და რა დაგჭირდებათ ამისთვის;
  • არ დაივიწყოთ დღის დილით დაგეგმვის აუცილებლობა. არსებობს არაერთი პროგრამა, რომელიც ჯგუფური კონფერენციის გამართვის საშუალებას მოგცემთ. ასეთებია: www.zoom.us, www.hangouts.google.com, www.join.me, www.facebook.com/workplace
  • დისტანციური მუშაობის რეჟიმში ახალი ვიდეოპროდუქციის შესაქმნელად, შესაძლოა, საარქივო ვიდეომასალა გამოიყენოთ, რომელსაც ახლებურად შეფუთავთ, რამდენიმე ვიდეოსგან ერთს დაამზადებთ, ონლაინრესურსებზე არსებულ ვიდეოებს გამოიყენებთ და ა.შ. ასეთ დროს, მთავარია, მიუთითოთ ვიდეოს წყარო, გადაამოწმოთ მისი ავთენტურობა და დაიცვათ საავტორო უფლებები;
  • თუ არ გაქვთ კარგი მონაცემების კომპიუტერი და შესაბამისი სამონტაჟო პროგრამები, შეგიძლიათ ვიდეოს დასამონტაჟებლად მობილური აპლიკაციები გამოიყენოთ2 (KineMaster, Splice Quik, Adobe Premiere Clip, Magisto);
  • ინტერნეტში უამრავი წყაროა, საიდანაც უფასოდ შეიძლება ისეთი ფოტოების გადმოწერა და გამოყენება, რომლებიც სხვადასხვა ამბავსაც შეესაბამება და, ამავე დროს, მაქსიმალურად აგაცილებთ თავიდან ერთი და იმავე ფოტოს ხშირად გამეორების რისკს (www.freepik.com, www.flickr.com).


ქარტიის მიერ შემუშავებული გზამკვლევი საერთაშორისო და საქართველოში მომუშავე მედიასაშუალებების, მედიაექსპერტებისა და ცალკეული ჟურნალისტების გამოცდილებას ეყრდნობა. მასში გათვალისწინებულია ადგილობრივი კონტექსტი და სპეციფიკა, ასევე, გამოყენებულია საქართველოსა და მსოფლიოში მედიის საკითხებზე მომუშავე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ნაშრომები, მიგნებები, რჩევები და რეკომენდაციები.

“ვიმედოვნებთ, რომ ეს გზამკვლევი ქართულ რეალობაში გააჩენს საწყის ცოდნას პანდემიის მაღალი პროფესიული სტანდარტით გაშუქების თაობაზე, ამავდროულად, ჟურნალისტებს უფრო უსაფრთხოდ მუშაობაში დაეხმარება და ასევე, ხელს შეუწყობს პროფესიული დისკუსიების წამოწყებას ეპიდემიების, პანდემიებისა და ინფექციური დაავადებების გაშუქებასთან დაკავშირებულ თემებზე.” - ნათქვამია სახელმძღვანელოს წინასიტყვაობაში.

ქარტიის ინფორმაციით, მომავალ კვირას გზამკვლევის ახალი თავი გამოქვეყნდება, რომელიც ეთიკურ დილემებს შეეხება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია COVID-19-ის გაშუქების სახელმძღვანელო წესებს პროგრამის „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში ამზადებს, რომელსაც USAID-ის მხარდაჭერით IREX ახორციელებს.


გარეკანის ფოტო - www.nytimes.com


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

პლურალისტური, მაგრამ ნაკლები კრიტიკით - პოლიტიკური სპექტრის გაშუქება ონლაინ მედიაში
პლურალისტური, მაგრამ ნაკლები კრიტიკით - პოლიტიკური სპექტრის გაშუქება ონლაინ მედიაში წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის თანახმად, ონლაინ მედიაში გაუმჯობესებულია პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქება და თითქმის აღარ გვხვდება ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება კრიტიკული და სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა და სარეკლამო და სარედაქციო მასალების არასათანადო გამიჯვნა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში ონლაინ მედიაში გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც უცვლელად და უკომენტაროდ შუქდებოდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განხადებები, რომლებიც მიზანმიმართულად აკნინებდა ქალის როლს პოლიტიკაში.

ონლაინ მედიის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს, დღეს, 24 სექტემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წლებთან შედარებით, მიმდინარე წელს ონლაინ მედიაში შეინიშნება მცირე გაუმჯობესება პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქების კუთხით.

მართალია, ვებგვერდებზე ჭარბობდა მმართველი პარტიის გაშუქება, თუმცა ყურადღება ეთმობოდა ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებასაც“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტთა ტექსტებში თითქმის აღარ გვხვდება სიძულვილის ენისა და დისკიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, პრობლემურია ის, რომ ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილი უცვლელად და უკომენტაროდ აშუქებს პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებებს, რომლებიც შეიცავს ასეთი სახის ტერმინოლოგიასა და შინაარსს.


მთავარი გამოწვევები

რაც შეეხება ონლაინ მედიის მთავარ გამოწვევებს, წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ონლაინ მედიის უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალებისგან.

„ასეთ მასალებს მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების ნაწილი საერთოდ არ ურთავს რაიმე სახის შესაბამის მითითებას; ზოგი ურთავს, მაგრამ ისე, რომ ეს მინიშნებები რ შეესაბამება სტანდარტს. შესაბამისად, ვებგვერდების დიდი ნაწილის მკითხველს არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ გაარჩიოს გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია ფასიანი და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი“, - ნათქვამია ანგარიშში.

ასევე, წინა წლების მსგავსად, გამოწვევად რჩება კრიტიკული და სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა. ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების უმეტესობა საკითხებს აშუქებს ზედაპირულად, შემოიფარგლება სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსთა ყოველდღიური საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებით. ვებგვერდების მხოლოდ მცირე ნაწილი ცდილობს, რომ საკითხები გააშუქოს სიღრმისეულად და მკითხველს შესთავაზოს მიმდინარე მოვლენების კრიტიკული ანალიზი.

მედიამონიტორინი აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად ონლაინ მედიაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ისეთი შემთხვევები გვხვდება, როგორიცაა ფაქტებისა და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება.

„მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებგვერდთა დიდ ნაწილში არ ჩანდა მცდელობები, რომ ჟურნალისტებს გადაემოწმებინათ მასალებში წარმოდგენილი კონკრეტული ბრალდებები კონკრეტულ პირთა მიმართ ან მოეძიებინათ ბრალდებულ მხარეთა კომენტარები“, - ვკითხილობთ დოკუმენტში.

წლევანდელ ანგარიშში ყურადღება ეთმობა გენდერულად სენსიტიურ გაშუქებასაც. ანგარიშს მიხედვით, „მონიტორინგის პერიოდში ონლაინ მედიაში გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც უცვლელად და უკომენტაროდ შუქდებოდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განხადებები, რომლებიც მიზანმიმართულად აკნინებდა ქალის როლს პოლიტიკაში“.

ანგარიშის თანახმად, სამონიტორინგო პერიოდში ჭარბობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დადებით ტონში გაშუქება, მათ შორის, ისეთ ვებგვერდებზეც, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებულად კრიტიკული დამოკიდებულებით სახელისუფლებო გუნდის მიმართ. ეს ტენდენცია, დოკუმენტში, COVID 19-ის პანდემიას უკავშირდება. კერძოდ, „სამთავრობო ფინანსური დახმარებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეწოდებოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც შესაბამისად აისახა მედიაში მის დადებით გაშუქებაზე“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა

ანგარიშის მიხედვით, კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების სარედაქციო მასალებისგან არასათანადო გამიჯვნა უმწვავესი გამოწვევაა interpressnews.ge-სთვის.

alt„სახელმწიფო უწყებებისა და პოლიტიკოსების საქმიანობის შესახებ მომზადებული მასალების ერთ მესამედზე მეტი გამოქვეყნებულია კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში, თუმცა არ არის ნათლად გამიჯნული სარედაქციო მასალებისგან“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, interpessnews.ge-ზე კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს უმეტეს შემთხვევებში ერთვის წრეში მოთავსებული ლათინური სიმბოლოები NS, რაც მკითხველისთვის დამაბნეველია, ვინაიდან ცხადად არ არის მითითებული, რომ მასალა დაფინანსებული და სარეკლამოა. interpessnews.ge-ის მკითხველს არ ეძლევა საშუალება ნათლად გაარჩიოს, რომელი სტატიებია მომზადებული რედაქციის მიერ და რომელი ქვეყნდება რეკლამის სახით.

altდაკვირვება აჩვენებს, რომ სარეკლამო და სარედაქციო მასალებს არასათანადოდ მიჯნავს ambebi.ge-ც. ზოგს აღნიშნვნას საერთოდ არ უკეეთებს, ზოგიერთ მასალას კი გამოყოფს სტატიის ბოლოს R-ის მითითებით, რაც NS-ის მსგავსად, მკითხველისთვის დამაბნეველია, ვინაიდან ცხადად არ არის მითითებული, რომ მასალა დაფინანსებული და სარეკლამოა. იგივე ტენდენციაა primetime.ge -ზე.

ანგარიში აჩვენებს, რომ მათგან განსხვავებით, სარეკლამო მასალების გამიჯვნის სტანდარტების შესაბამისად, ნებისმიერი მკითხველისთვის მარტივად გასაგებად უთითებს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს netgazeti.ge. სარეკლამო და სარედაქციო მასალებს ერთმანეთისგან ნათლად მიჯნავენ გამოცემები: publika.ge, sknews.ge, ასევე, დაფინანსებული პოლიტიკური კონტენტი სათანადოდ აქვს გამიჯნული on.ge-ს.


ფაქტებისა და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება


ანგარიში აჩვენებს, რომ ონლაინ გამოცემებში შეინიშნება შემთხვევები, როდესაც მძიმე ბრალდებების შემცველ მასალებში ცალმხრივი გაშუქება ხდება.

სამონიტორინგო პერიოდში, ასეთი არაერთი მასალა გამოქვეყნდა ambebi.ge-ზე.

altმოვლენების ცალმხრივი გაშუქება, კონკრეტულ პირთა მიმართ დაუდასტურებელი ბრალდებების ხშირი გაშუქება, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის უცვლელად გამოქვეყნება დამახასიათებელი ტენდენციაა kvira.ge-ზე. მონიტორინგი აჩვენებს, რომ „ხშირად, უმძიმესი ბრალდებები კონკრეტულ პირთა მიმართ შუქდებოდა რაიმე სახის გადამოწმების მცდელობის გარეშე. ასეთი სტატიები კი ჩვეულებრივ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ეხებოდა და მიზნად ისახავდა მათ დისკრედიტაციას“.

იგივე ტენდენცია შეინიშნება მარშალპრესზე. ანგარიშის მიხედვით, „mpn.ge ხშირად აქვეყნებს საზოგადოებისთვის ცნობილი პირების Facebook-ის სტატუსებს, რომლებიც შეიცავს დაუდასტურებელ ბრალდებებს, ძირითადად, ოპოზიციის მიმართ, ასევე, შეურაცხმყოფელ, სიძულვილის ენის შემცველს ტერმინებს“.

 
კონკრეტულ პირთა მიმართ მძიმე ბრალდებების ცალმხრივად გაშუქება მწვავე პრობლემაა primetime.ge-ზე. კვლევის მიგნებების თანახმად, ასეთი სახის დარღვევები სისტემატურად გვხვდებოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა გაშუქებისას.

altანგარიშის მიხედვით, სტატიები, რომლებშიც მთავრობის წარმომადგენელთა თუ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურათა განცხადებები წარმოდგენილი იყო როგორც დადასტურებული ფაქტები და არ ჩანდა ჟურნალისტთა მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და საკითხის თუნდაც ოდნავ სიღრმისეულად გაშუქების რაიმე მცდელობა, ხშირად ქვეყნდება sputnik-georgia.com-ზე.


წყაროთა მრავალფეროვნებისა და ბალანსის პრობლემა

დოკუმენტის თანახმად, სამონიტორინგო პერიოდში გამოვლინდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც პრობლემა იყო წყაროთა მრავალფეროვნება და ბალანსი. ეს შეინიშნებოდა მათ შორის ისეთ გამოცემებშიც, რომლებიც მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით მუშაობენ.

დოკუმენტის თანახმად, ონლაინგამოცემა publika.ge-ს შემთხვევაში, ეს დაპირისპირებული მხარეების ცალ-ცალკე სტატიებით გაშუქებაში გამოიხატება.

alt„publika.ge ყოველთვის ცდილობს ბალანსის დაცვას, თუმცა გამოვლინდა ამ კუთხით პრობლემური ცალკეული შემთხვევები, როდესაც ვებგვერდი დაპირისპირებული მხარეების მოსაზრებებს ცალ-ცალკე სტატიებით აშუქებს ისე, რომ მკითხველს, რომელიც თავდაპირველად გამოქვეყნებულ სტატიებს გაეცნობა, არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ მოგვიანებით გამოქვეყნებულ საპირისპირო პოზიციებსაც გაეცნოს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ წყაროთა ბალანსის პრობლემა შეინიშნება radiotavisupleba.ge-ზე.

alt„radiotavisupleba.ge უმეტესად ცდილობდა ჟურნალისტური სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვას, თუმცა მონიტორინგის პერიოდში გამოქვეყნდა რამდენიმე სტატია, რომლებშიც დაცული არ იყო წყაროთა ბალანსი და შესაბამისად, მოვლენები და ბრალდებები შუქდებოდა ცალმხრივად“, - ნათქვამია ანგარიშში.

მოვლენების ცალმხრივად გაშუქების შემთხვევა, როდესაც არ იყო დაცული ბალანსი, შეინიშნებოდა reginfo.ge-ზეც.

alt

რაც შეეხება ონლაინ გამოცემას netgazeti.ge, ანგარიშის თანახმად, „მონიტორინგის ფარგლებში დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც მასალა ეფუძნებოდა კონკრეტული ორგანიზაციის კვლევას, ან განცხადებას, რომელიც ამხელდა ან აკრიტიკებდა სხვა პირების ან ორგანიზაციების საქმიანობას და არ იყო წარმოდგენილი ე.წ. მხილებული მხარის პოზიცია“.

alt


პოლიტიკური სუბიექტებისადმი დამოკიდებულება


მედიამონიტორინგის თანახმად, მართალია ინლაინ მედიაში პოლარიზაცია არ არის ძალიან მკვეთრი, თუმცა, ზოგიერთ გამოცემაში შეინიშნება ერთი მხრივ, მმართველი გუნდისა და ხელისუფლების დადებითად წარმოჩენა და მეორე მხრივ, ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა.

ანგარიშში ამ კონტექსტში დასახელებულია გამოცემები: kvira.ge, მარშლპრესი (mpn.ge), primetime.ge, sputnik-georgia.com. “

primetime.ge ძირითადად დაკავებული იყო, ერთი მხრივ, მმართველი გუნდის დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ, კი ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობით. primetime.ge-ზე ცალსახად შეინიშნებოდა სახელისუფლებო გუნდის მიმართ უაღრესად დადებითი განწყობა”, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, მმართველი გუნდის გაშუქებისას გამოვლინდა დადებითი ტონის უკიდურესად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები kvira.ge-ზე.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ მონიტორინგის პირველ პერიოდში sputnik-georgia.com ძირითადად სახელისუფლებო გუნდის დადებითი გაშუქებით იყო დაკავებული და ნაკლებ ყურადღებას უთმობდა სხვა პარტიების საქმიანობას: „მონიტორინგის სუბიექტთა გაშუქების საერთო მოცულობის 80 პროცენტზე მეტი სწორედ მმართველი გუნდის გაშუქებას დაეთმო. ამ სუბიექტთა გაშუქებისას კი ჭარბობდა დადებითი ტონის მაღალი მაჩვენებლები“.

altრაც შეეხება მარშალპრესს, ანგარიშში ნათქვამია: „იქმნება შთაბეჭდილება, რომ mpn.ge-ს მიზანი არა მიმდინარე მოვლენების ობიექტური გაშუქება, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა მმართველი პარტიის სასარგებლოდ“.

ანგარიშიდან საინტერესოა ონლაინ გამოცემა ტაბულას შემთხვევა.

„tabula.ge გამოირჩეოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით. მეორე მხრივ კი შეინიშნებოდა პარტია „ევროპული საქართველოს“ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება. ამ პარტიას დაეთმო ორჯერ მეტი გაშუქება, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად, მმართველი პარტიის გამოკლებით“, - ვკითხულობთ ანგარიშში.


alt


*******


მონიტორინგის შესახებ

ქართული ონლაინ მედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროექტის „საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება. მონიტორინგი დაიწყო 2020 წლის 15 ივნისს და დასრულდება 2020 წლის დეკემბერში.

დაკვირვება მიმდინარეობს შემდეგ 13 ონლაინ მედიასაშუალებაზე: ambebi.ge, interpressnews.ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo.ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

კვლევის მეთოდოლოგია

მედიამონიტორინგის ფარგლებში შერჩეულ მედიასაშუალებებზე დაკვირვება ხდება როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კომპონენტების გათვალისწინებით. რაოდენობრივი კვლევისას ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა სიხშირით შუქდება ესა თუ ის სუბიექტი შერჩეულ მედიასაშუალებაში და რა ტონით შუქდება აღნიშნული სუბიექტი. თვისებრივი დაკვირვებისას ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რამდენად იცავს შერჩეული მედიასაშუალება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, როგორიცაა: ფაქტის სიზუსტე, წყაროების მრავალფეროვნება, დაბალანსებული გაშუქება, ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის წახალისება, გენდერული სტერეოტიპების ტირაჟირება, რაიმე სახის მანიპულაცია და ა.შ.

მონიტორინგი არ ხორციელდება სარეკლამო სტატიებზე, რომლებსაც თან ახლავს სათანადო მინიშნება.
ბოდბის მიწების საქმეში ‘იმედმა’ მხოლოდ ‘მთავარი არხის’ და ადგილობრივების ‘ტყუილები’ დაინახა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “მისი მთავარი ტელეარხის” მხრიდან სასულიერო პირების შეურაცხყოფა, “საპატრიარქოს დისკრედიტაცია” და “ბრძოლა უწმინდესთნ, წმინდა სინოდის წევრებთან, მონაზვნებთან და მორჩილებთან”, - ამ კონტექსტში წარმოაჩინა ტელეკომპანია “იმედმა” 20 სექტემბრის “იმედის კვირაში” ბოდბის დედათა მონასტრისა და სოფელ ქედელების მკვიდრებს შორის მიწის ნაკვეთებზე არსებული მრავალწლიანი დავა.  

“იმედმა” თემაზე სიუჟეტი “მთავარ არხზე” 12 სექტემბერს გასული მასალის საპირწონედ მოამზადა. საუბარია სიუჟეტზე, რომელშიც ადგილობრივები წლების განმავლობაში მათ საკუთრებაში არსებული მიწების დედათა მონასტრისთვის გადაცემასა და მათი საკუთრების ხელყოფაზე საუბრობდნენ. სოფელ ქედელების მიწების საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ჯერ კიდევ 4 თვის წინ წერდა ონლაინგამოცემა "რეგინფო".
 
ტელეკომპანია “იმედმა” კი - “მთავარი ფეიკარხისა” და “ნაციონალური მოძრაობის სატელიტი ტელევიზიის” საპასუხოდ 13-წუთიანი სიუჟეტი ადგილობრივების ინტერესების უგულვებელყოფით, მხოლოდ მონასტრისა და მისი წინამძღოლის პოზიციის დაცვას მიუძღვნა და თქვა, რომ ზემოთხსენებული სუბიექტები “ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში” ხშირად აბსურდამდეც მიდიან.

ჟურნალისტმა  სიუჟეტი იმის თხრობით დაიწყო, რა შრომა გაიღეს ბოდბის მონასტრის ბინადრებმა 25 წლის განმავლობაში, რომ იქაურობა “ნამდვილ წალკოტად გადაქცეულიყო”. შემდეგ კი “მთავარი არხის” სიუჟეტის გმირებს სახლში მიაკითხა და პოლემიკის გზით მათივე არგუმენტების გაბათლებას შეეცადა.

altჟურნალისტი პირველი რესპონდენტებისგან ჯერ იმით დაინტერესდა, მოიტყუა თუ არა “მთავარმა არხმა”, როდესაც მაყურებელს მონასტრის მსახურების მხრიდან წყლის მოწამვლაზე უამბო, შემდეგ კი, მათ მიმართ წინასწარი განწყობის შესაქმნელად, ისიც გვითხრა, რომ ოჯახს, რომელსაც მონასტრის მიმართ პრეტენზია აქვს, “არც მონასტერი არ მოსწონს, არც ახლადაშენებული ტაძარი და ადგილი არც ტურისტულ ზონად მიაჩნია”.

ჟურნალისტი შეეცდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ სოფელ ქედელების ერთ-ერთი მცხოვრების თამაზ გორელიშვილის ბრალდება მონასტრის მიმართ უსაფუძვლოა, რადგან მას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა არ აქვს. არგუმენტაციის გასამყარებლად ჟურნალისტმა ერთ-ერთი ადგილობრივიც მოიხმო, რომელიც ამბობს, რომ კომუნისტური წყობილების დროს მიწის კანონმდებლობა არ არსებობდა, მიწა სახელმწიფოს საკუთრება იყო, ადგილობრივები მაშინ “მთლიანად სახელმწიფო საკუთრების მიწებს ღობავდნენ” და იმის მტკიცება, რომ აღნიშნული ტერიტორია კვლავაც მათი საკუთრებაა, არასწორია.

მიუხედავად იმისა, რომ თავად გორელიშვილი სიუჟეტში განმარტავს, რომ წლების წინ მიწის საკუთრებაზე დოკუმენტები არ ფორმდებოდა და საკითხი მარტივი აზომვითი სამუშაოებით წყდებოდა, ჟურნალისტმა გვიამბო, თუ როგორ გამოცხადდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე 2007 წელს აუქციონი, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა მსურველს ჰქონდა, როგორ შეისყიდა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მონასტრის გარშემო არსებული მიწები კანონის სრული დაცვით და შემდეგ როგორ შესწირა ისინი მართლმადიდებლურ ეკლესიას.

სიუჟეტიდან ისიც შევიტყვეთ, რა სარგებელი მიიღეს ქედელების აწ უკვე ყოფილმა მკვიდრებმა საკუთარი საცხოვრისების გაყიდვით. საუბარია, მათ მიერ ამ მიწების გაყიდვის შემდეგ შეძენილ ბინებსა და მიწის ნაკვეთებზე. აღსანიშნავია, რომ ქონებას მოცემული მომენტისთვის მონასტრის ერთ-ერთი მონაზონი დედა სალომე (ნანა მახარობლიძე) ფლობს.

სიუჟეტის ბოლოს რამდენიმე ადგილობრივის კომენტარიც მოვისმინეთ, რომლებიც მონასტრის მიმართ არსებულ პრეტენზიებს სიყალბესა და სიცრუეს უწოდებენ.

“მთავარი არხის" მხრიდან ფეიკნიუსების გავრცელება და საზოგადოების მოტყუება ახალი ნამდვილად არ არის. არც ბოდბიდან თბილისამდე სიმართლის ჩამოტანაა რთული. თუმცა, როგორც ჩანს, არა მათთვის, ვისთვისაც მთავარი არასწორი ინფორმაციის გავრცელება და მისით მანიპულირებაა”, - ამ ტექსტით ასრულებს ავტორი მასალას.

სიუჟეტში ჟურნალისტს არ დაუსვამს არცერთი კრიტიკული კითხვა მონასტრის წარმომადგენლებისთვის, რ უსაუბრია მიწის რეგისტრაციის პრობლემებზე, რასაც მოქალაქეები აწყდებიან და არც ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისადმი ლოიალური დამოკიდებულება უხსენებია, რაც ხშირაც ამ ინსტიტუციისთვის სწორედ დიდი მოცულობის მიწის ნაკვეთების ჩუქებასა თუ სიმბოლურ ფასად გადაცემაში
გამოიხატება.

ავტორის მხრიდან, მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის დაცვა და საპირისპირო მოსაზრებების დაკნინებისა და გაუფასურების მცდელობა ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ავტორის მიზანი არა არსებულ პრობლემაზე კვალიფიცური მსჯელობა, არამედ კონკრეტული მხარის ინტერესების დაცვა და გატარება იყო.

ყალბია ამბავი, რომ მორგის თანამშრომელს Covid-19 ინფიცირებულ გვამთან სექსუალური კავშირით გადაედო
ქართული ონლაინ გამოცემების ნაწილის მიერ გავრცელებული ამბავი, თითქოს მასაჩუსეტსის შტატში მორგის თანამშრომელს, 29 წლის დემიენ კოულის კორონავირუსი ინფიცირებულ გვამთან სექსუალური კონტაქტის შემდეგ დაუდგინდა, ყალბია.

ამის შესახებ მასალა ონალაინ გამოცემა newposts-მა 16 აგვისტოს გამოაქვეყნა. Სტატიაში ნათქვამია, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც პირდაპირი, დაუცველი შემხებლობა, რამდენიმე გვამის გარდა არავისთან ჰქონია, „იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მას ინტიმური კონტაქტი ჰქონდა რამდენიმე გვამთან“.

„კორონავირუსზე გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დემიენის მიერ წაბილწული გვამებიდან რამდენიმეს ინფექცია მართლაც აღმოაჩნდათ, თუმცა, სავარაუდოდ ვირუსი სიცოცხლეში უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ეს ადასტურებს იმას, რომ კორონავირუსი შეიძლება გარდაცვლილი ადამიანებისგანაც ისევე გავრცელდეს, როგორც ცოცხლებისგან“, - ვკითხულობთ მასალაში.

Newposts-ი ინფორმაციას კანადაში რეგისტრირებულ ვებგვერდ World News Daily Report-ზე დაყრდნობით წერს, რომლის მთავარი მიმართულება მსოფლიოში მიმდინარე ამბების „სასაცილო“ რაკურსში წარმოჩენა და „მაღალი ხარისხის სატირული“ მასალების მომზადებაა.

„World News Daily Report-ი პასუხისმგებელობას იღებს მისი სატირული ხასიათის მასალებსა და მათ გამოგონილ შინაარსზე. მასალებში წარმოჩენილი ყველა პერსონაჟი სრულად გამოგონილები არიან და მათი ნებისმიერ ადამიანთან მსგავსება მხოლოდ სასწაულის დამსახურებაა“, - ვკითხულობთ ვებგვერდის აღწერილობაში.

ოპონენტების დისკრედიტაცია, ხელისუფლების პიარი და ფეისბუკზე დასპონსორებული მედია კონტენტის ხარჯები

აგვისტოდან დღემდე ფეისბუკში $182,838 ღირებულების რეკლამა განთავსდა საქართველოდან პოლიტიკურ, სოციალურ და საარჩევნო საკითხებზე. “მედიაჩეკერი” დაინტერესდა, თუ რა თანხებს ხარჯავენ ამ მიმართულებით მედიასაშუალებები და ძირითადად, რა ტიპის პროდუქტს არეკლამებენ საინფორმაციო გვერდები წინასაარჩევნოდ.

ფეისბუკის რეკლამის ბიბლიოთეკის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ყველაზე მეტი თანხა - $2813 დახარჯული აქვს ონლაინ-გამოცემა Tinp.ge-ს (“დღეს პოლიტიკაში”). “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის” (ISFED) ცნობით, ეს ვებგვერდი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” სასარგებლოდ მუშაობს. ფეისბუკის მონაცემებით, Tinp.ge-ის მიერ დაფინანსებულ სტატიების, ძირითადად, პოზიტიურად წარმოაჩენს სწორედ პატრიოტთა ალიანსის ლიდერების აქტივობებს და ნეგატიურად იმ ოპოზიციურ პარტიებს, როგორიცაა “ევროპული საქართველო”, ენმ და ლელო.


“პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული კიდევ ერთი მედიაორგანიზაცია - “ობიექტივი” ათავსებს პოლიტიკურ რეკლამას ფეისბუკში. მაგალითად, “ობიექტივმა” აგვისტოს ბოლოს დაასპონსორა მასალა, რომელშიც ასახული იყო "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია ბათუმში გაკრულ ბანერთან დაკავშირებით.

ვებგვერდს geosociety.ge (“საქართველოს საზოგადოება”) 48 მასალის ფეისბუკით რეკლამირებაში $281 აქვს დახარჯული აგვისტოდან დღემდე. დაფინანსებულ მასალებს შორის გვხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებები. ამასთან, გამოცემა ასპონსორებს ისეთ პოსტებს, რომლებიც ნეგატიურად წარმოაჩენს ცალკეულ ოპოზიციონერებს. მაგალითად, დასპონსორებულია ამონარიდი ვიდეომასალიდან, რომელიც ასეა დასათაურებული: “როგორ გააკოტრა „თიბისი ბანკმა“ და მამუკა ხაზარაძემ ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე”. ხოლო “ლელოს” კიდევ ერთ ლიდერთან დაკავშირებით, დასპონსორებულია პოსტი, რომელიც მანიპულაციურად აღწერს ბადრი ჯაფარიძის საარჩევნო კამპანიას და მიზნად ისახავს მის დაცინვას.


ფეისბუკში შექმნილი რამდენიმე გვერდი (Tbilisi Daily, Interworld, Headlinegeorgia) არეკლამებს საქართველოში შექმნილ სოციალურ ქსელ Feedc.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიებს. დასპონსორებული მასალების უმრავლესობა შეეხება ბელარუსში მიმდინარე პროცესებს.

როგორც ფეისბუკის რეკლამის ბიბლიოთეკის ანგარიშიდან ირკვევა, ფეისბუკში შექმნილია არაერთი გვერდი, რომლებიც არეკლამებენ პოლიტიკური სუბიექტების მადისკრედიტებელ ან პირიქით, სარეკლამო მასალებს.

მაგალითად, გვერდი HAHA News - ჰაჰა ნიუსი აგვისტოში შეიქმნა და მასზე განთავსებულია პოსტები, რომლებიც აშარჟებს ხელისუფლების ქმედებებს. ფეისბუკის რეკლამის ბიბლიოთეკის ანგარიშში შევიდა ამ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო პოსტი, რომელიც ეხმაურებოდა თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელობიდან სერგი გვარჯალაძის გადადგომას.


გვერდი “საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog” ივნისშია შექმნილი და ძირითადად, პოზიტიურად წარმოაჩენს სახელისუფლებო გუნდის (არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, კახა კალაძის) განცხადებებსა და აქტივობებს.
გვერდს დასპონსორებული აქვს სწორედ ასეთი მასალები.




ლიბერალები და ლიბერალიზმი, ანტიდასავლური პროპაგანდა არის რამდენიმე ფეისბუკ-გვერდის მიერ დაფინანსებული მასალების ძირითადი სამიზნე. მაგალითად, ასეთ მასალებს ასპონსორებს ულტრარადიკალური ჯგუფის გვერდი Alt-Info • ალტ-ინფო და Politicano • პოლიტიკანო.






ფეისბუკზე პოლიტიკურ და საარჩევნო საკითხებზე მომზადებული მასალების რეკლამირებას მიმართავენ, ასევე, მეინსტრიმული მედიასაშუალებები საქართველოში. მათ შორის, ყველაზე მეტი თანხა აგვისტოდან დღემდე დახარჯული აქვს ტვ იმედს ($744).



POS TV-ის რამდენიმე გვერდი აქვს ფეისბუკში. POSTV - ახალი ამბებისა და POSTV - ანალიტიკის საშუალებით მასალების რეკლამირებაში POS TV-ის $262 აქვს დახარჯული აგვისტოდან დღემდე. დასპონსორებული მასალები აკრიტიკებს წინა ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილს და პოზიტიურად წარმოაჩენს ხელისუფლებას.









მედიასაშუალებების მიერ ფეისბუკზე მასალების რეკლამირება დამკვიდრებული პრაქტიკაა იმისათვის, რომ მათ მიერ მომზადებული მასალები რაც შეიძლება ფართო აუდიტორიაზე გავრცელდეს სოციალური ქსელის საშულებით. ფეისბუკის რეკლამის ბიბლიოთეკის ანგარიშის მიხედვით, ძირითადი მეინსტრიმული მედიასაშუალებების უმრავლესობა ბოლო ერთ თვეში $100-ზე ნაკლებს ხარჯავდა ფეისბუკზე პოლიტიკურ, სოციალურ და საარჩევნო საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების რეკლამირებაში.

არასრული ჩამონათვალი იხილეთ ცხრილში, რომელიც მოიცავს 2020 წლის 4 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდის მონაცემებს:

altalt

GNCC-მ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი 'ფორმულას' წინააღმდეგ

კომუნიკაციების კომისიამ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ. საქმე ეხება „ფორმულას“ ეთერში გასულ იუმორისუტულ გადაცემას „ფსკერი“, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გადაცემა „ახალი დღის“ ლოგოები და ვიზუალური შეფუთვა უცვლელი სახით გამოიყენეს.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური კომპონენტები საკუთარ ორიგინალურ კონტენტს, პაროდიის მიზნით დაადო და აღნიშნული ლოგოები მაუწყებლის გაშარჟებისთვის გამოიყენა.

"საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ „ფორმულას“ მიზანი იყო სატირულ-იუმორისტული გადაცემის განთავსება და მისი მოტივაცია არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „ახალი დღის“ ლოგოების და ამავე გადაცემის ვიზუალური კომპონენტების საკუთარი მაუწყებლობის ან გადაცემის ამოსაცნობ ნიშნებად გამოყენება", - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ პაროდიულ-იუმორისტული მიზნით განთავსებული გადაცემა საავტორო და მომიჯნავე უფლებების არამართლზომიერ გამოყენებად არ ჩათვალა და საზოგადოებრივ მაუწყებელს საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომუნიკაციების კომისიას 13 აგვისტოს მიმართა. საჩივარში მითითებული იყო, რომ 2020 წლის 11 აგვისტოს შპს „ფორმულას“ ეთერში და ფეისბუქგვერდზე განთავსდა გადაცემა „ფსკერი“, რითაც შპს „ფორმულამ“ დაარღვია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებები და კანონიერი ინტერესები.