როდის ან რისთვის ასაჯაროებს მედია COVID 19-ით ინფიცირებულთა ვინაობას
26.03.2020
არღვევს თუ არა ჟურნალისტი პროფესიულ ეთიკას, როდესაც COVID 19-ით ინფიცირებულის ვინაობას ასაჯაროებს? - ამ კითხვაზე სწორი პასუხის გასაღები იმის გარკვევაშია, რამდენად ემსახურება ეს საზოგადოებრივ თუ საჯარო ინტერესს.

ბოლო დროს საქართველოში თითქოს ისე შემართებით აღარ დასდევს მედია საცხოვრებელ სახლებში ან მიკროავტობუსებში COVID 19-ით ინფიცირებულ ან ამ ვირუსის გამო კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, როგორც ეს პირველ დღეებში ხდებოდა. თუმცა მაინც მოვახერხეთ არაერთი პაციენტის გაცნობა და შემდეგ მათი საჯაროდ გაკიცხვა და დაგმობა. ვიცით, ვინ არის პაციენტი #5, რომელმაც კიდევ რამდენიმე ადამიანი დააინფიცირა. მის საჯარო ლანძღვა-გინებას მოჰყვა ე.წ. “სინანულის წერილი”, რომელიც თავად პაციენტმა დაწერა მოსაბოდიშებლად. მედიამ გაგვაცნო ერთ-ერთი კერძო სასტუმროს მფლობელის დაინფიცირების ამბავი, გვითხრა, რომ მისი ცოლიც დადებითი აღმოჩნდა COVID 19-ზე, რომელიც ერთ-ერთი კერძო ფონდის ხელმძღვანელი რგოლის წევრია და ა.შ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამ საკითხზე კონკრეტული დაზარალებულების ან სხვა პირების განცხადებები ჟურნალისტების წინააღმდეგ ჯერ არ შესულა. შესაბამისად, არ ვიცით, როგორი იქნებოდა ქარტიის საბჭოს ვერდიქტი.

ქარტიის მე-10 პრინციპის მიხედვით, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

სამედიცინო დიაგნოზი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილია. შესაბამისად, ქარტიის ეს პრინციპი ცალსახად ავალდებულებს ჟურნალისტს, არ გაამჟღავნოს პირის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, თუკი არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული საზოგადოებრივი ინტერესით პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება? - ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მთელ მსოფლიოში, რომელიც უკვე ორი თვეა ჩართულია პანდემიასთან ომში, რომელიც COVID 19-ის სახით დაატყდა თავს.

ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსში ბოლო დღეებში აქტიური განხილვის საგანი გახდა სწორედ ეს საკითხი, შეიძლება თუ არა მედიაში COVID 19-ით ინფიცირებული პირების ვინაობის გასაჯაროება?

როგორც გაირკვა, გერმანიის პრესის საბჭომ ამ კუთხით მიიღო უკვე პირველი საჩივარი ინფიცირებული წყვილისგან, რომლებიც ადვილად იდენტიფიცირებადი აღმოჩნდნენ სტატიაში, რომელიც ერთმა რეგიონულმა გაზეთმა გამოაქვეყნა. პრესის საბჭოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, გერმანიაში პრესისთვის მოქმედი ეთიკის კოდექსის მიხედვით, “ფიზიკური ან მენტალური დაავადება ან მიღებული ტრავმები პირის პირადი ცხოვრების სფეროა. როგორც წესი, პრესამ თავი უნდა აარიდოს დაავადებებისა და ტრავმების შესახებ რეპორტინგს, თუკი არ აქვს იმ პირთა თანხმობა, ვისაც ეს მასალა ეხება”.

ავსტრიაში შესაძლოა პრესის საბჭომ თვითინიცირებით განიხილოს საჩივარი ერთ-ერთ საქმეზე, როცა პაციენტის ვინაობა (ფოტო და სახელი) გასაჯაროვდა მედიაში. ის იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ავსტრიაში ამ ინფექციაზე შემოწმების შედეგად დადებითი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღე იმყოფებოდა საავადმყოფოში და მკურნალობდა გრიპზე.

ბოსნია-ჰერცეგოვინაში პრესის საბჭომ რამდენიმე საჩივარი მიიღო ისეთ სტატიებზე, რომლებიც ავრცელებდნენ ყალბ ან დაუდასტურებელ ცნობებს COVID 19-ზე როგორც ონლაინ, ისე ბეჭდურ მედიაში, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როცა პაციენტის იდენტიფიცირება მოხდა. ბოსნია-ჰერცეგოვინის პრესის საბჭოში მიაჩნია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არის პირის პირადი ცხოვრების საკითხი და არ არსებობს მიზეზი, ასეთ სიტუაციაშიც კი, როგორშიც დღეს არის მსოფლიო, რომ გასაჯაროვდეს დაავადებული ადამიანის ვინაობა: გამონაკლისია საჯარო პირები და ესეც უნდა მოხდეს მათი ნებართვით.

საფრანგეთის მედიასაბჭოში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი არის პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ფრანგული მედია ამას ცალსახად იცავს. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე პერსონა იყო დასახელებული მედიაში, ვისაც შეეხო კორონავირუსი. ესენია, მთავრობის 2 წევრი და 18 პარლამენტარი, რომლებიც აღმოჩნდნენ ინფიცირებულები. მათი უმრავლესობა კარანტინშია ან თვითიზოლაციაში. მათი ვინაობა მათივე ოფისების მიერ გასაჯაროვდა. საფრანგეთის პრესის საბჭოს ცნობით, ორივე შემთხვევაში გასაჯაროებით აიხსნა ის, თუ რატომ აღარ ჩანდნენ ეს პოლიტიკოსები საჯაროდ და მეორეს მხრივ, ეს იყო ერთგვარი დამხმარე მესიჯი იმისა, რომ არავინაა დაცული ამ ვირუსისგან. “ეს მიზეზები კი ნამდვილად არის საჯარო ინტერესის საგანი და შესაბამისად, პრესამ მათი სახელები გაასაჯაროვა”, - მიაჩნიათ საფრანგეთის პრესის საბჭოში.

კანადის პრესის საბჭოს შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური ინფორმაცია, ხოლო დაავადებული ინდივიდების იდენტიფიცირება ემსახურება საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას და არა საჯარო ინტერესს. მათი შეფასებით, ინფორმაცია ასაკზე, სქესზე, რეგიონზე ან საცხოვრებელ მუნიციპალიტეტზე ემსახურება საჯარო ინტერესს, რომელიც ეხმარება პანდემიის გავრცელების ბუნების გაგებას და შესაბამისად, ეს ინფორმაცია შუქდება მედიაში. ერთი გამონაკლისი შეეხებოდა კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლს, რომელმაც თავად მოახდინა თვითიდენტიფიცირება და განაცხადა, რომ თვითიზოლაციაშია. ამ ინფორმაციის მიწოდებით აიხსნებოდა ის, თუ რატომ გაქრა ის საჯარო სივრციდან.

ევროპის ქვეყნებში მოქმედი ქცევის კოდექსები მედიას უზღუდავს პირადი ცხოვრების გაშუქებას, დაავადების შესახებ ინფორმაცია კი არის პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

ბელგიის პრესის საბჭოში მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია გაამართლო საჯარო ინტერესით ინფიცირებულის იდენტიფიცირება. მათი შეფასებით, ჟურნალისტებს შეუძლიათ თქვან, რომ ეს საჯარო ინტერესი არის ინფექციის გავრცელების რისკი. მაგრამ როცა უკვე დადასტურებულია კონკრეტული პირის დიაგნოზი ან მიღებულია ზომები და კარანტინში და იზოლაციაშია გადაყვანილი პირი, უკვე აღარ შეიძლება არგუმენტი იყოს ის, რომ ინფექცია გადამდებია.

“სხვა დაავადებებიც არის გადამდები, მაგრამ ჩვენ არ ვასაჯაროებთ კონკრეტული დაავადების მქონე ადამიანების ვინაობას, გავიხსენოთ თუნდაც აივ/ინფექცია”, - აცხადებენ ბელგიის პრესის საბჭოში.

შვეიცარიის პრესის საბჭოს განცხადებით, გამონაკლისი შემთხვევები, როცა შეიძლება COVID 19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების გასაჯაროება, უკავშირდება საჯარო პირებს - პოლიტიკოსებს და მაღალი თანამდებობის პირებს. ანალოგიური მიდგომა აქვს შვედეთის პრესის საბჭოსაც. მათი შეფასებით, დაცული უნდა იყვნენ კერძო პირები, მაგრამ შესაძლოა იყოს საჯარო ინტერესი მაშინ, როცა ისეთი პირი ხდება ავად, რომელსაც საზოგადოების წინაშე აკისრია გარკვეული ვალდებულებები.

განსხვავებული პრობლემის წინაშე დგანან უნგრეთში ჟურნალისტები, სადაც სახელმწიფო უწყებები მალავენ ინფორმაციას ისეთ საკითხზეც კი, როგორიცაა ეპიდემიის გავრცელების გეოგრაფიული არეალი იმ მოტივით, რომ ამით დაირღვევა პერსონალური ინფორმაციის საიდუმლოება. ჟურნალისტები კი ითხოვენ ამ ინფორმაციას იმ მოტივით, რომ ეს საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, რომ ხალხმა იცოდეს, რომელ ქალაქებში ან ქვეყნის რა ნაწილშია ინფექცია გავრცელებული.

COVID 19-თან დაკავშირებით ზოგიერთმა ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მედიას ამ თემების გაშუქებაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაუწესა. თურქეთში რამდენიმე ჟურნალისტი დააპატიმრეს კიდეც. სომხეთში ნებადართული მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებააა. საქართველოში ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდათ. ამასთან, დაავადებულთა შესახებ გარკვეულ ცნობებს პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონზე აპელირებით აღარ გასცემენ შესაბამისი უწყებები.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ