კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, რადიომაუწყებლები: „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა და „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.
-------------------------------------
1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება აეკრძალათ. აიკრძალა „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც.
კომუნიკაციების კომისიას კანონის ამ მუხლის დარღვევისთვის მაუწყებლების დაასანქცირება, გარდამავალი დებულების მიხედვით, 1 ივნისიდან შეუძლია. გაზაფხულზე კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, ამ საკითხზე კომისიამ დღეს პირველად იმსჯელა.
-----------------------------------
ComCom-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის II კვარტალში შპს „ფორმულა მულტიმედიამ“ კვიპროსში რეგისტრირებული იურიდიული პირის - INFINITY CV GROUP CY LTD-ისგან 1,336,675 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში კი, „ფორმულას“ „ფორმულა მულტიმედიასგან“ 463,000 ლარი აქვს მიღებული:
„“ფორმულასა“ და „ფორმულა მულტიმედიას“ მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი სტატისტიკური ანგარიშების ფორმებიდან დადგინდა, რომ „ფორმულას“ მიერ „ფორმულა მულტიმედიასგან“ მიღებული თანხა წარმოადგენდა სესხს. თავის მხრივ, ფორმულა მულტიმედიას“ მიერ „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან მიღებული თანხაც წარმოადგენდა სესხს. ანგარიშების ფორმებიდან დადგინდა ისიც, რომ „ფორმულა მულტიმედიას“, გარდა უცხოეთში დარეგისტრირებული იურიდიული პირის - „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან მიღებული დაფინანსებისა, სხვა მნიშვნელოვანი შემოსავალი არ გააჩნია.
გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლებს ზემოაღნიშნული დაფინანსება მიღებული აქვთ მას შემდეგ, რაც 2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა უცხოური ძალისგან მაუწყებლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება, ამასთან, აღნიშნული დაფინანსება ვერ ჯდება კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის განთავსება), კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“ წერილობით გააფრთხილა და „INFINITY CV GROUP CY LTD“-ისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა“.
----------------------------------------
Cyprusregistry-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კვიპროსზე რეგისტრირებული INFINITY CV GROUP CY LTD-ის დირექტორი დავით კეზერაშვილია. მიმდინარე წლის მარტიდან კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ მეწილე აღარაა, მან თავის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანიის წილი მიხეილ მშვილდაძეს გადასცა.
-----------------------------------------
კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის
ამავე მუხლის დარღვევისთვის გააფრთხილა და „უცხოური ძალისგან“
დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა რადიომაუწყებლებს:
„ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“[რადიო „მარნეული“], „რადიო-ტვ ნორი“
და „სისტემა გამა“[რადიო „პოზიტივი“].
„საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევის - „კანონები სიტყვის
წინააღმდეგ“
მიხედვით, ამგვარი შეზღუდვა მაუწყებლებს იმ
მნიშვნელოვან რესურსზე წვდომის გარეშე ტოვებს, რომელიც, შესაძლოა,
გამოყენებული იყოს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების,
საგამოძიებო შესაძლებლობებისა და ფინანსური მდგრადობის
უზრუნველსაყოფად: „შესაბამისად, აკრძალვა იწვევს
მაუწყებლების, გაერთიანებების, გამოხატვის თავისუფლების დარღვევას და
არის გაუმართლებელი ბარიერი მათი
საქმიანობისთვის“.