სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
09.10.2025


„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, ჟურნალისტის მიერ სადავოდ გამხდარ ევროპული კონვენციის ოთხივე მუხლთან მიმართებით,  სტრასბურგის სასამართლომ საქმის „მთივლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა დაიწყო. 

„მთის ამბები“/„საქართველოს ამბების“ დამფუძნებელი და რედაქტორი, გელა მთივლიშვილი საქართველოს მთავრობას კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-18 მუხლების დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე 2024 წლის 23 იანვარს მის უკანონო დაკავებასა და გასამართლებას ეხება. პოლიციამ გელა მთივლიშვილი მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების დროს გამართულ აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავა. ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი სასამართლომ ჟურნალისტი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. მთივლიშვილს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა სააპელაციომაც.

უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე გელა მთივლიშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაკავების დღესვე მიმართა. გენერალურმა პროკურატურამ კი ის დაზარალებულად  ხუთი თვის შემდეგ, 2024 წლის 3 ივლისს ცნო, თუმცა ამ დრომდე, გამოძიებას სავარაუდო დამნაშავე პირები არ გამოუვლენია. ჟურნალისტმა ასევე გაასაჩივრა მისი უკანონო დაკავების საქმე, თუმცა შსს-ს მის საჩივარზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

SJC-ის შეფასებით, მთივლიშვილის საქმე სამართალდამცავი ორგანოების თვითნებობის, ადმინისტრაციული კანონმდებლობის უკანონო გამოყენებისა და ჟურნალისტების დევნის სისტემურ პრობლემას ავლენს: 

„ამასთან, გელა მთივლიშვილი არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან თავდასხმების და რეპუტაციის შემლახველი განცხადებების სამიზნე მისი ჟურნალისტური საქმიანობის და საგამოძიებო ჟურნალისტური მასალების მომზადების გამო.  სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ 2024 წლის 23 იანვარს მისი უკანონო დაკავების მიზანი გელა მთივლიშვილის დასჯას ემსახურებოდა, რაც უხეშად ეწინააღმდეგება კონვენციის მე-18 მუხლს“.

გელა მთივლიშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2024 წლის 29 აგვისტოს მიმართა. მის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. ვრცლად საქმის - „მთივლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ შესახებ იხილეთ აქ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ