ფოტო: მარიამ ნიკურაძე
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) და მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიის წინააღმდეგ გაძლიერებულ რეპრესიებს მკაცრად გმობენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ვინაიდან „ქართული ოცნების“ რეჟიმის პრემიერ-მინისტრი აშკარად გვპირდება განსხვავებული აზრის ჩახშობას“, მედიის უფლებადამცველი 6 საერთაშორისო ორგანიზაცია ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს მკაცრად უპასუხონ მმართველი პარტიის მიერ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ შეზღუდვებს:
„საქართველოში მედიის თავისუფლება კვლავ სავალალო მდგომარეობაშია და მუდმივად უარესდება. 4 ოქტომბერს, როგორც დამოუკიდებელი, ასევე მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიის, სულ მცირე, 14 ჟურნალისტი გახდა სამიზნე მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციის დროს, რომელიც ოპოზიციის მიერ ნაწილობრივ ბოიკოტირებულ ადგილობრივ მუნიციპალურ არჩევნებთან ერთად გაიმართა
მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ, როგორც ამბობენ, გამოძიება დაიწყო პროსამთავრობო საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმებთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. სამართლიანობისადმი ეს შერჩევითი მიდგომა უაღრესად საგანგაშოა და აღრმავებს საქართველოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დიდი ხნის დაუსჯელობას“.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ქართული მედიებისგან ინფორმაციის მოთხოვნის ფაქტსაც ეხმაურებიან და მიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაზარდა ინსტიტუციური ზეწოლა და გაამკაცრა კონტროლი მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, მათ შორის დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერ ჯგუფებზე.
მედიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები მიესალმებიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომლითაც ისინი „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას გმობენ.
„მოლოდინის მიუხედავად, რომ მედიის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მომდევნო თვეებში გაძლიერდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას „ქართული ოცნების“ რეჟიმზე უფრო ძლიერი ზეწოლისკენ, მათ შორის დამატებითი მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ. გარე მხარდაჭერისა და სოლიდარობის გარეშე ქართული მედია და სამოქალაქო საზოგადოება ვერ გადარჩება“.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:
International Press Institute (IPI)
European Federation of Journalists (EFJ)
ARTICLE 19 Europe
European Centre for Press and Media Freedom (ECPMF)
OBC Transeuropa
Free Press Unlimited