მუშაობა პანდემიისას, როგორც შიშზე გამარჯვება [VIDEO]
17.03.2021

"თან გეშინია, თან საკუთარ თავს ამხნევებ... ვფიქრობდი, უნდა მივიდე თუ არა სახლში, დოკუმენტური ფილმის გადაღებას რომ დავიწყებ", - თომა ჩაგელიშვილი, ჟურნალისტი, კინოდოკუმენტალისტი, "რუსთავი 2"

 "ყველაზე მთავარი ჩემთვის რაც იყო და კიდევ გრძელდება, ეს არის შიშებზე გამარჯვება. გამოწვევების წინაშე ვართ ყველა და შიშებს ვებრძვით", - დათო ქორიძე, რეპორტიორი, ფოტოგრაფი, "რადიო თავისუფლება"

თომა ჩაგელიშვილი და დათო ქორიძე, რომლებმაც პანდემიის გაშუქებისას, რამდენიმე დღე ბოქსირებულ პალატებშიც გაატარეს, საუბრობენ იმ განცდებზე, შიშსა და შრომის უსაფრთხოების გაზრდილ რისკებზე, რის პირობებშიც უწევთ მუშაობა ბოლო ერთი წელია.

თომა ჩაგელიშვილი  "რუსთავი 2-სთვის"  მუშაობს. იხსენებს, რომ მაშინ როდესაც ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა და მედიასაშუალებების უმეტესობა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, "რუსთავი 2-ში" ე.წ. კლასტერებად დაიყვნენ. მუშაობა მორიგეობით დაიწყეს, იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე გუნდში ვინმე დაინფიცირდებოდა, ტელევიზიის მუშაობა რომ არ შეჩერებულიყო. სახლში მხოლოდ ორი კვირა გაჩერდა:

"ორი კვირის მერე ჩემმა პროდიუსერმა მითხრა, დიდი ხანი ვიჯდეთ ასე?! ფილმია გადასაღებიო. მერე უკვე შიშებზე კი არ ფიქრობ, ფიქრობ რა გააკეთო, როგორ გადაიღო. თუმცა, რა თქმა უნდა, შიში დაგყვება, სულ დაგყვება".

"რადიო თავისუფლება" ერთ-ერთი პირველი მედია იყო, რომელიც მუშობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 

"პირველი ორი კვირა მეც ასე ვიყავი, ორი კვირის მერე ხვდები, რომ შენც იმ ცხელ წერტილებში გინდა და დავუბრუნდი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს", - იხსენებს დათო ქორიძე, რომელიც, ასევე ამბობს, რომ მთელი რიგი შიშების დამარცხება მოუხდა კოვიდზე მუშაობისას და მთავარი, რაც პირადად მას პანდემიამ ასწავლა, ეს სწორედ შიშზე გამარჯვებაა. 


გადაცემა მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრთან" პარტნიორობით, სერიისთვის "კოვიდის გავლენა მედიაზე"


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ