როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
13.11.2026


ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციებისას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს, გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეუფარდეს. 

როგორც გურამ როგავა ამბობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 12 ნოემბერს გამოტანილი განაჩენის შესახებ მას საქმის ახალმა პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ ტელეფონით შეატყობინა. როგავას ცნობით, მანამდე პროკურატურას მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია:

„საქმე დახურულ რეჟიმში ისე განიხილეს, რომ სასამართლოში გამოკითხვაზე ფორმალურადაც კი არ გამომიძახეს, უფრო მეტიც, სხდომებზე დასწრება საერთოდ ამიკრძალეს. რატომღაც ველოდი, რომ განაჩენის გამოცხადებამდე საქმის არსებითი განხილვისას მოსამართლე ფორმალურად მაინც დაინტერესდებოდა დაზარალებულის პოზიციით, მაგრამ პროცესი ისე დაასრულეს, რომ ჩემი მოსმენა არავინ ისურვა. არ მომისმინეს იმიტომ, რომ იციან, სიმართლეს ვამბობ, მე ე.წ. მტკიცებულებებს უნდობლობას ვუცხადებ, საქმე რეალურად ცარიელი ფურცლებით არის სავსე და ამიტომაც დახურეს და გაასაიდუმლოეს სასამართლო სხდომები, რომ საქმის აბსურდულობა ხალხს არ დაენახა“. 

ჟურნალისტის თქმით, მისი ინფორმაციით, „რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია და სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს“. 

„რაც შეეხება საქმეზე ფორმალურად დაკავებულ სპეცრაზმელს, ხელისუფლებამ მასთან გარიგება გააფორმა, ცრუ აღიარების სანაცვლოდ ფინანსური სარგებელი და საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობა მიიღო და მე დარწმუნებული ვარ, მას მაქსიმუმ ერთ წელში გამოუშვებენ ციხიდან “, - ამბობს გურამ როგავა.

ამ განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქმის პროკურორმა, გიორგი ნადირაძემ პროკურატურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ფეისბუქზე დაწერა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებდა. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში - „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ გასული საგამოძიებო სიუჟეტიდან, სადაც ნათქვამი იყო, რომ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა გაარკვიეს, 2 დღეში, პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელი დააკავა. პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ, ვიდეო მიმართვა გაავრცელა როგავამაც და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არ იყო ის პირი, ვისზეც მათ წყარომ ინფორმაცია მიაწოდა. 

გურამ როგავას 2024 წლის 29 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველზე მიმდინარე პროევროპული აქციის დაშლის პირდაპირ ეთერში გაშუქებისას თავს დაესხა სპეცრაზმელი. მან კისრის მე-7 მალის (მოტეხილობა) და სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო. 



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ