MAC-ი სამხარაძისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერებას დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვის მორიგ გამოვლინებად აფასებს
13.11.2026

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ პარლამენტის მიერ „TV პირველის“ ჟურნალისტის, ხატია სამხარაძისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის 1 თვით შეჩერებას ეხმაურება და მიღებულ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვის მორიგ გამოვლინებად აფასებს. 

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ დისკრიმინაციულად გამოიყენება. აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით შეუჩერდათ „TV პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს, ასევე ონლაინ გამოცემა „პუბლიკასა“ და საგამოძიებო სტუდია „მონიტორს“.

საკანონმდებლო ორგანოში მედიის საქმიანობის შეზღუდვის პრაქტიკა ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა. საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებს ეზღუდებათ ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა, რაც არღვევს როგორც მედიის უფლებებს, ისე საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე პროცესების შესახებ“, - აცხადებს კოალიცია. 

ხატია სამხარაძისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერებას გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“ და კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტს „აკრედიტაციის წესს გადახედოს, რათა მედიასთან მისი თანამშრომლობა გახდეს საქმიანი და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“.

„ქარტიამ აკრედიტაციის ახალი წესი მისი მიღებისთანავე გააკრიტიკა, ჰქონდა რა მოლოდინი, რომ პარლამენტი მას დისკრიმინაციულად გამოიყენებდა, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის შესაზღუდად. პრაქტიკამ ქარტიის პესიმისტური მოლოდინი დაადასტურა. პარლამენტი უკვე რუტინულად იყენებს ამ წესს როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ და „TV პირველის“ ჟურნალისტების, ისე ონლაინ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ.

აკრედიტაციის მოქმედი წესი არ უწყობს ხელს არც გამჭვირვალობას და არც ანგარიშვალდებულებას, რაც საკანონმდებლო ორგანოს განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტით მოეთხოვება. ამ წესის გამო საზოგადოება ვეღარ იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოდან და პარლამენტის წევრებისგან, მათ შორის, ინფორმაციას კორუფციისა და ძალაუფლების გადამეტების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და გაუარესებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში. 

პარლამენტმა „TV პირველის“ ჟურნალისტს, ხატია სამხარაძეს 1 თვით აკრედიტაცია 11 ნოემბერს შეუჩერა. პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ ჟურნალისტისთვის გაგზავნილ წერილში სამხარაძისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერების საფუძვლად მითითებულია „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ იმ მუხლის დარღვევა, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს „საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“. 

„აღნიშნული მოთხოვნა თქვენს მიერ არ იქნა დაცული რაც დასტურდება 2026 წლის 10 ნოემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „პირველებში“ გასული სიუჟეტით“, - ვკითხულობთ წერილში. მასში აღნიშნული არ არის, თუ ვისი მიმართვის საფუძველზე შეუჩერდა ხატია სამხარაძეს საპარლამენტო აკრედიტაცია.

ცნობისთვის, ივნისში საპარლამენტო აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით შეუჩერეს „TV პირველის“ სხვა ჟურნალისტებსაც: ნატალია ქაჯაიას, მაკა ანდრონიკაშვილსა და მაკა ჩიხლაძეს. ამავე თვეში პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძესაც. 21 მაისს კი, საპარლამენტო აკრედიტაციები ვადამდე ადრე გააუქმეს „პუბლიკასა“ და „მონიტორს“. 

შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედისთვის“ ევროპარლამენტში 1 წლით საქმიანობის აკრძალვის შემდეგ, 14 მაისს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია“ და „მათ გადმოღებაზე“ იფიქრებდა. 8 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები შევიდა და სანქციებიც გამკაცრდა. 

ამ წესით განსაზღვრულია აკრედიტაციის შეჩერებისა და ვადამდე გაუქმების საფუძვლები, აკრედიტებული ჟურნალისტის უფლებები და ვალდებულებებიც. მის საფუძველზე ითხოვენ დეპუტატები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასა და მიღების უფლების შეზღუდვასაც. 



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ