ეს საჩივრები თავისი არსით აშკარად ატარებს SLAPP-ის ხასიათს - MAC-ი „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ ბერა ივანიშვილის სარჩელზე
04.11.2026



„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მიერ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს სამართლებრივი ნაბიჯები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებაა.

კოალიცია, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს აერთიანებს, მიიჩნევს, რომ მსგავსი დავები ცენზურის დაწესების, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გამოძიებებისა და ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვის იარაღად იქცევა:

„ეს საჩივრები თავისი არსით აშკარად ატარებს სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელების (SLAPP) ხასიათს და მათი გამოყენება არ ემსახურება რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს, პირიქით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის სასამართლოზე, საკუთარი ზეგავლენის გამოყენება დამოუკიდებელი მედიის გასაჩუმებლად“.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მზარდი რეპრესიებისა და სისტემური ზეწოლის ფონზე, სრულ სოლიდარობას უცხადებს „TV პირველს“, „ფორმულას“ და ყველა იმ დამოუკიდებელ ჟურნალისტს, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებას აგრძელებენ. 

„თავისუფალი მედია არის დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი საყრდენი და ვერანაირი შანტაჟი თუ სარჩელი ვერ აიძულებს მათ, შეწყვიტონ სიმართლის თქმა და საზოგადოების ინფორმირება“, - წერს „მედიის ადვოკატირების კოალიცია“.

„TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ასათიანმა დღეს შეიტანა. მისი თქმით, სარჩელი ეხება „იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული“ და ივანიშვილი „ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას“ ითხოვს.  

ბერა ივანიშვილმა 30 სექტემბერს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის მიმართ გაჟღერებულ „თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან“ დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვდა.  

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ