„ამ საჩივრის დაშვებით, კომუნიკაციების კომისია ცენზურას აკანონებს“ - ქარტია კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ „ოცნების“ საჩივარზე
06.06.2025


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ კომუნიკაციების კომისიის მიერ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივრების განსახილველად მიიღებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ საჩივრის დაშვებით, ComCom-ი ცენზურას აკანონებს: 

„მაუწყებლობის შესახებ კანონში 1 აპრილს შეტანილი ცვლილებები კომუნიკაციების კომისიას შინაარსში ჩარევის უფლებამოსილებას ანიჭებს და მას ქვეყანაში მთავარ ცენზორად აქცევს. ნიშანდობლივია, რომ 27 მაისს, პირველი საჩივრით კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ კომისიას მიმართა არა რიგითმა მოქალაქემ, რომელთა ინტერესების დაცვის მოტივითაც ასაბუთებდა „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებების აუცილებლობას, არამედ ირაკლი კობახიძემ“.

ქარტიას მიაჩნია, რომ მსგავსი ტერმინების შესახებ გადაწყვეტილება იმ სფეროს განეკუთვნება, რომელიც მედიასაშუალებებმა სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში უნდა მიიღონ და არა მარეგულირებელი კომისიის მითითებით. 

„სიტუაციაში, როცა ქვეყანაში ძალაუფლების მქონე სტრუქტურების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ როგორც შიდა, ისე გარე აქტორები, რაც არაერთი დოკუმენტითა თუ რეზოლუციითაა დადასტურებული, მედიასაშუალებების მხრიდან მათ მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სრულიად ბუნებრივია და მოსალოდნელი. მედიასაშუალებებს აქვთ სრული უფლება, სიტუაციის აღსაწერად გამოიყენონ იმგვარი ტერმინები, რაც მათ საჭიროდ მიაჩნიათ თავიანთი ინდივიდუალური სარედაქციო ხაზიდან გამომდინარე“.  

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ComCom-ს მოუწოდებს, კარგად გაიაზროს სიტუაციის კომპლექსურობა და სიმძიმე. არასწორი და უსამართლო გადაწყვეტილებებით კი არ მიიღოს მონაწილეობა აბსურდულ პროცესში, რომელიც მისი როგორც ინსტუტუციისადმი ისედაც შერყეულ ნდობასა და ცალკეული კომისიონერების პროფესიულ რეპუტაციას საბოლოოდ დაასამარებს.

„ამ საჩივრის დაშვებით, კომუნიკაციების კომისია ცენზურას აკანონებს. ყველას გვესმის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და ეს კონკრეტული საჩივარი კომუნიკაციების კომისიას აქცევს მძლავრ იარაღად „ქართული ოცნების“ ხელში დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ“.   

„ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ კომისიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მინდობილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ 27 მაისს მიმართა და „კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისათვის“ მათი დასანქცირება მოითხოვა. 

საჩივრის საფუძველი სამივე ტელეკომპანიის შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ის ცვლილებებია, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით 1 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნების“ საჩივრები პირველია, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი უფლებამოსილების გაზრდის შემდეგ მიიღო და  არსებითად 19 ივნისს განიხილავს. 

„ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ტელევიზიებმა ისეთი სიტყვების გამოყენებით, როგორებიცაა: „ოლიგარქი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „კლანის მსახური მოსამართლე“,„ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური პარლამენტი“ და სხვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი დაარღვიეს. ეს მუხლი სამართლიანობას და მიუკერძოებლობას შეეხება და მაგალითად, განსაზღვრავს, რომ „ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა“.

ვრცლად განსახილველად მიღებულ საჩივრებზე, იხილეთ „მედიაჩეკერის მასალა - ომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივრები განსახილველად მიიღო

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ