გარდაცვლილის კადრი ეთერში
03.02.2016
რამდენიმე დღის წინ თბილისში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა: მშენებარე სახლიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. მედიასაშუალებების ნაწილი შეეცადა, დაეცვა გაშუქების სტანდარტები, თუმცა რამდენიმე საინფორმაციო გამოშვებაში მაინც ვნახეთ ნანგრევებში ჩაჩეხილი ადამიანის ცხედარი.

ქართულ მედიასივრცეში ეს მსგავსი ფაქტების ერთადერთი შემთხვევა არ არის. ზოგჯერ ახლობლის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები ინფორმაციას ტელევიზიით იგებენ.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში გაწერილია ნორმები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მაუწყებელი და ჟურნალისტი უბედური შემთხვევების გაშუქებისას. დოკუმენტი მაქსიმალურად ითვალისწინებს როგორც დაღუპულის ოჯახის წევრების, ასევე მაყურებელთა ინტერესებს. ქცევის კოდექსში აღნიშნულია, რომ მედიამ არ უნდა გააშუქოს უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან კონკრეტული პირი ტრაგედიის ან მწუხარების დროს. ერთადერთი გამონაკლისი ოჯახის ნებართვაა, თუმცა აღნიშნულია, რომ ჟურნალისტი ვალდებულია, გაუფრთხილდეს ადამიანის ფსიქოლოგიურ და ემოციურ ფონს.

რამდენიმე წლის წინ, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდიდან, სპორტის ექსტრემალური სახეობის მოყვარული, ორი ახალგაზრდა გადმოხტა. უბედური შემთხვევის შედეგად, ორივე ადგილზე დაიღუპა. "კურიერმა" ოჯახის თანხმობით, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გარდაცვლილთა უკანასკნელი წუთების ამსახველი კადრები გაუშვა. კადრში ასახული იყო, როგორ ხტებოდნენ ხიდიდან ახალგაზრდები.

ვიდეოს ეთერში გაშვება მაუწყებელმა მაშინ მაღალი საზოგადოებირივი ინტერესით ახსნა. ეს კადრები კი გარკვეული პერიოდის მანძილზე, საზოგადოების მითქმა-მოთქმისა და მედიის კრიტიკის საგნად იქცა. რას ნიშნავს „საზოგადოებრივი ინტერესი“ და „საზოგადოებისთვის საინტერესო“, რა განსხვავებაა მათ შორის, ბევრისთვის ისევ ბუნდოვან საკითხად დარჩა.

არადა, საქართველოს კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლბის შესახებ, ნათლადაა განმარტებული, რომ: „საზოგადოებრივი ყურადღება არის საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან”.

გარდა რეიტინგისა, რა დამატებითი ინფორმაციული ღირებულების მატარებელია ცხედრის ან სიცოცხლის უკანასკნელი წუთების ამსახველი კადრები? პრაქტიკულად არაფრის. როდესაც პოლიციის ყვითელ ლენტს ან შემთხვევის ადგილის ნეიტრალურ კადრს ვაჩვენებთ, მაყურებელს ისედაც სჯერა, მომხდარის. გარდა ამისა, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს გარდაცვლილის ახლობლების ემოციური მდგომარეობა, ამგვარი კადრების ნახვისას.

ქართულთან ერთად, BBC-ს სახელმძღვანელო პრინციპებშიც აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა პატივი სცეს გარდაცვლილის პირად ცხოვრებასა და ღირსებას. ასევე არასოდეს უნდა ვაჩვენოთ ცხედრის კადრები იმ შემთხვევების გარდა, როდესაც განსაკუთრებული საჯარო ინტერესი არსებობს. გზამკვლევი ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია, გაანალიზდეს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მძიმე კადრის ჩვენებას. აუცილებელია, მასალის მომზადებისას ჟურნალისტმა იფიქროს ამბის მონაწილე პირებზე, მსხვერპლებზე, მისი ოჯახის წევრებსა თუ მაყურებელზე.

რაც შეეხება საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, იქ აღნიშნულია შემდეგი:

· მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა;

· მაუწყებელმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს, შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევები, საგანგებო ვითარება, პატივი უნდა სცეს აუდიტორიის ემოციებს და დაიცვას ბალანსი საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებასა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინს შორის;

· დაუშვებელია გარდაცვლილი პირის, უბედური შემთხვევისას დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით;

ავტორი : თამარ კარელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ