იმედის “არენა” - დითირამბები ივანიშვილისთვის
07.11.2019
  • ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის საქველმოქმედო ინვესტიცია;
  • რუსთაველმა თქვა, “რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო” და ამის გამოხატულება არის ბიძინა ივანიშვილი;
  • განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომელიც მან შეიტანა ეკლესია-მონასტრების და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის საქმეში;
  • ბატონი ბიძინა განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს სიძველეებისადმი;
  • ის, რაც 30 წელი ვერ გააკეთა სახელმწიფომ და ბიზნესმა, ერთი ადამიანის ძალისხმევით კეთდება...
ეს ამონარიდებია “ტელეიმედის” ეთერში, 5 ნოემბერს გასული ახალი გადაცემიდან, სახელწოდებით “არენა”. მთელი გადაცემა, საერთშო ჯამში, 2 საათზე მეტი დრო, სწორედ ბიძინა ივანიშვილისადმი დითირამბებს მიეძღვნა დაახლოებით იმ სტილში, როგორც ამას აკეთებდა საბჭოთა ბელადებზე - “ვრემია”, პუტინზე - ტელეკომპანია “როსია” ან ჩრდილო კორეის ტელევიზია - კიმ ჩენ ინზე.

ეს სტილი გულისხმობს ერთხმად ბელადის ქებას, როდესაც ფაქტობრივად არ არის წარმოდგენილი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის გაჟღერების სიმულაციას ქმნიდა “არენაში” ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის მონაწილეობა.

რატომ იყო ეს სიმულაცია?

გადაცემის მესამე ბლოკი დაეთმო რუბრიკას “მედიარენტგენი”, რომლის ამოცანად წამყვანმა მაყურებელს დაუსახელა “ფეიკ ნიუსების” გამოვლენა და ამაზე “სიმართლის დაპირისპირება”.

მედიარენტგენში გაატარეს “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის პროექტებზე. გამოაცხადეს, რომ ეს მედიასაშუალებები არიან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები, რომლებმაც “დაიწყეს შეტევა ბიძინა ივანიშვილზე”.

ამ “შეტევას” “კონტრშეტევით” უპასუხა ტელეიმედმა და გადაცემაში სამნაწილიანი ფილმი შემოგვთავაზა, რომელიც მიეძღვნა ბიძინა ივანიშვილის, როგორც აბასთუმნის ამღორძინებლის წარმოჩენას.

ფილმი იწყება ჟურნალისტის ასეთი ტექსტით:

“ნაციონალური მოძრაობის” და მისი განაყოფების, ასევე, მათი მედიარუპორების ქცევის წესი, ერთგვარი Modus Operandi ყოველთვის იყო სიცრუე და ძალადობა. ნაცმოძრაობის მიერ ტირაჟირებული ტყუილების დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილზეა. ამოცანაა, რაც შეიძლება დიდი და უტიფარი ტყუილით შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, შენებას ნგრევა უწოდონ, ხოლო ქველმოქმედებას - ანგარება…

… მას შემდეგ, რაც სტრასბურგის განაჩენმა სააკაშვილს მიტაცებული ტელევიზია დააბრუნებინა, “რუსთავი 2-დან” წამოსული პროპაგანდისტი ჟურნალისტები ორი პარტიული ტელევიზიით დაესხნენ თავს აბასთუმნის პროექტს”.

ასეთი შესავალით ჟურნალისტი აპრიორი აცხადებს პროპაგანდისტებად და ნაციონალური მოძრაობის რუპორებად “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებს, თუმცა არ გვთავაზობს არგუმენტებს, რას ეფუძნება ასეთი შეფასება, რომელ კვლევას, რომელ მედიამონიტორინგს და ა.შ.

ამის შემდეგ ფილმი სამ ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას და ცდილობს ყალბ ინფორმაციად წარმოადგინოს ამ ეპიზოდებზე ზემოთ აღნიშნული არხების ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები.

პირველი ეპიზოდი ვრცლად მიმოიხილავს აბასთუმნის შემოვლითი გზის ამბავს. “არენის” ვერსიით, ჟურნალისტები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, როცა, რეალურად, სპეციალისტების ნაწილზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ შემოვლითი გზა, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაივლის, დააზიანებს ეკოსისტემას, საფრთხეს შეუქმნის იქ არსებულ ფლორას და ფაუნას.

“იმედის” მიერ მომზადებულ ფილმში რესპონდენტებად გვხვდებიან მხოლოდ ამ პროექტის განხორციელებაზე მომუშავე ან მისი განხორციელების მომხრე ადამიანები: საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, “გეოგრაფიკის” წარმომადგენელი, რომელიც მუშაობდა აბასთუმნის განვითარების გენგეგმის პროექტზე და ამ გეგმის ფარგლებში გადაწყდა, რომ საავტომობილო გზამ უნდა აუქციოს გვერდი აბასთუმანს და ა.შ. არ იყო წარმოჩენილი არც ერთი ოპონენტი, მათ შორის გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ შემოვლითი გზის გაკეთების აუცილებლობას, საუბრობენ გზის გაყვანის შედეგად შესაძლო საფრთხეებზე და ა.შ.

ანალოგიური დისბალანსი იყო სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს შორის. სტუმრები (სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები) საუბრობდნენ, რომ ბაღდათი-აბასთუმნის გზა უნდა აშენდეს ისე, რომ ამ გზამ არ გაიაროს არც აბასთუმანზე და არც საირმეზე, რადგან ეს აუცილებელია კურორტებისთვის. თუმცა არ დასმულა შეკითხვები, თუ რა პრობლემებს უქმნის ეს გზები ამ კურორტებს? არსებობს თუ არა რაიმე კვლევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ სატრანსპორტო ემისიებით ჰაერის დაბინძურება საირმესა და აბასთუმნისთვის იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ აუცილებელია ეროვნული პარკი გაიჭრას? ვინ, როდის და რა კვლევის საფუძველზე გადაწყვიტა ის, რომ აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომობილებისთვის უნდა იყოს გადაადგილება შესაძლებელი?

უფრო მეტიც გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ადასტურებს იმას, რაზეც ე.წ. ფეიკ სიუჟეტების ავტორებად მოხსენიებული ჟურნალისტები საუბრობენ, რომ გზის გაყვანის შედეგად მოიჭრება ხეები ეროვნული პარკის ტერიტორიაზე; მოხდება ცხოველების მიგრაცია, მაგრამ მინისტრის მოადგილის თქმით, ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ მაქსიმალურად ნაკლები ზიანი მიადგეს პარკს. ოპონენტები კი სწორედ ამის გამო ეწინააღმდეგებიან ეროვნულ პარკში გზის გაჭრას, რომ არ მიადგეს მას ზიანი, რადგან გზის გაყვანის აუცილებლობა კვლევებით არ არის დასაბუთებული. ეს აზრი “იმედის” გადაცემაში არ გაჟღერებულა, ოპონენტად გამოცხადებულ ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს (რომელიც არ არის ეკოლოგიის, გარემოს დაცვის სპეციალისტი) კი წამყვანი უტრიალებდა კითხვას - აბასთუმანში რაც კეთდება, ეს ცუდია?

მეორე ეპიზოდი შეეხებოდა აბასთუმანში საჰაერო ფრენების აკრძალვას:

“ნაციონალმა ჟურნალისტებმა მოიგონეს პრობლემა, დაუკავშირეს ის ბიძინა ივანიშვილს, ჩართეს მორალურად გაკოტრებული ბიზნესმენი”, - ასეთი ფრაზებით ცდილობდა ტელეიმედი მომზადებული ფილმით მაყურებლის დარწმუნებას, რომ “ფეიკ ნიუსი” იყო ის, რომ “იკეტება ცა თვითფრინავებისთვის” და ეს ბიძინა ივანიშვილის ახირებით კეთდება. “იმედი” გვარწმუნებდა, რომ აბასთუმნის ობსერვატორიის და არა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით იცვლება საჰაერო მარშრუტები და რომ ეს მარშრუტი უფრო მისაღებია. ამ შემთხვევაშიც წარმოდგენილი იყო მხოლოდ სამთავრობო სექტორიდან რესპონდენტები და არც ერთი ოპონენტი, მათ შეეძლოთ ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციიდან წარმოედგინათ ვინმეს პოზიცია, რომელიც მიუკერძოებლად აუხსნიდა საზოგადოებას, რეალურად შექმნის თუ არა პრობლემას მარშრუტის ცვლილება და ა.შ.

მესამე ეპიზოდი ეძღვნებოდა იმის ჩვენებას, თუ როგორი აღმშენებლობა მიდის აბასთუმანში, როგორი კმაყოფილია მოსახლეობა და როგორ აყალბებენ ამ მხრივ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” “მსახური” ჟურნალისტები.

სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი აშენებს მაღალი კლასის სასტუმრო პარაგრაფს ტუბსაავადმყოფოს ადგილზე, ხოლო ფილტვის ცენტრი გააკეთა სხვა ადგილზე, რომელიც კერძო პირისგან შეიძინა. იმის საილუსტრაციოდ, რომ ივანიშვილ საუკეთესო ადგილი არ დაუსაკუთრებია სასტუმროსთვის, სადაც ადრე ტუბსაავადმყოფო იყო, “იმედის” ფილმი გვთავაზობს მოსაზრებას, რომ ახალი საავადმყოფოს ადგილი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის კლიმატოლოგებმა მიიჩნიეს საუკეთესოდ. თუმცა არ ისმის კითხვა და არც პასუხია შესაბამისად, მაშინ რატომ არ ააშენეს საბჭოთა პერიოდში ამ საუკეთესოდ მიჩნეულ ადგილზე საავადმყოფო? ან თავად ბიძინა ივანიშვილმა რატომ არ ააშენა სასტუმრო ამ საუკეთესოდ მიჩნეულ ადგილზე?

გადაცემის ამ ნაწილში “იმედმა” შემოგვთავაზა აბასთუმანში აღმშენებლობით კმაყოფილი და აღფრთოვანებული მოსახლეობის კომენტარები. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტელეიმედი ივანიშვილის პროექტებს მსგავს სიუჟეტებს უძღვნის. აბასთუმანზე წინა თვეებში არაერთი მსგავსი პათოსის სიუჟეტი გადაიცა ტელეიმედით. “არენაში” კი აბასთუმნის პროექტამდე წყალტუბოს “აღორძინების” პროექტზე გვიამბეს. ხოლო “არენამდე” ივანიშვილის გეგმები და წყალტუბოს მოსალოდნელი აღორძინება “იმედის” სხვა გადაცემების მთავარ თემად იყო წარმოდგენილი.

გადაცემა “არენა” საპატრიარქოს თემით გაიხსნა, უფრო სწორად იმის ჩვენებით, თუ როგორ შეეცადა “ნაციონალური მოძრაობა” საეკლესიო გადატრიალების მოწყობას და როგორ აირიდა ეს ქვეყანამ თავიდან. გადაცემის ავტორები ცდილობდნენ მაყურებლის დარწმუნებას, რომ პეტრე ცაავა აწყობდა საეკლესიო გადატრიალებას, როდესაც სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ პატრიარქი “პიდარასტიასა” და “მამათმავლობაში” დაადანაშაულა. ხოლო პეტრე ცაავა მოქმედებს “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით, რომლის საილუსტრაციოდ გადაცემაში შემოგვთავაზეს ამონარიდი მისი ინტერვიუდან, სადაც ის საუბრობს ახალაიების ოჯახზე დადებით კონტექსტში, თუმცა იქვე ეხება გადაცდომების თემას. ამასთან, წარმოაჩენენ, რომ პეტრე ცაავა ხმას არ იმაღლებდა ენმ-ს მმართველობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეო და აქედან გამომდინარე, ასკვნიან, რომ სწორედ ენმ-მ დაუკვეთა საეკლესიო გადატრიალება.

გადაცემის ამ ნაწილშიც არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი განსახვავებული აზრი, მხოლოდ ამ იდეის გარშემო გაერთიანებული რესპონდენტები საუბრობდნენ შეთქმულების თეორიაზე, რომელიც ფორმალურადაც კი არ იყო დაბალანსებული.

გადაცემის სწორედ ამ პირველ, გამხსნელ ნაწილში შემოგვთავაზა “არენის” წამყვანმა ინტერაქტივის შეკითხვა: ვის ინტერესშია პატრიარქის დისკრედიტაცია - ხელისუფლების თუ ნაციონალური მოძრაობის? როგორც წესი, ტელემედიები ინტერაქტივს იყენებს იმ გადაცემებში, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ეჭვი იმის შესახებ, რომ “არენა” ეთერში წინასწარ ჩაწერილი გადაცემით გავიდა, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთმა სტუმარმა ნიკა ჩიტაძემ ფეისბუკში საჯარო დისკუსიის დროს დაწერა, რომ ის გადაცემაში სტუმრად მისული იყო წინა დღით და არა მაშინ, როცა გადაცემა ეთერში გავიდა. ამასთან, ჩანაწერი, რომელიც “იმედის” ვებგვერდზეა განთავსებული, ინტერაქტივის გამოსახულების გარეშეა ატვირთული, ხოლო ეთერში გასულ გადაცემას თან სდევდა ინტერაქტივის ცხრილი, რომლის მიხედვით, ინტერაქტივში მონაწილე 96.7% ფიქრობდა, რომ პატრიარქის დისკრედიტაცია “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესში იყო. ეს მონაცემები გადაცემის წამყვანს არ გამოუცხადებია, მან თქვა, რომ ინტერაქტივის შედეგები გამოსახული იყო ეკრანზე.

გადაცემის წამყვანმა გამსხნელ ტექსტში აღნიშნა, რომ კიბერშეტევის გამო პრობლემები შეექმნათ, თუმცა გადაცემა მაინც დათქმულ დროში გავიდა ეთერში. მას არ უთქვამს, რომ მაყურებელი გადაცემის ჩანაწერს უყურებდა ეთერში.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ