დეტალებში: "პირველმა არხმა" წააგო დავა უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებთან
08.04.2021
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორი ალექსანდრე მეტრეველი სამსახურიდან მივლინებაში იყო, როდესაც დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ტელევიზიიდან გაათავისუფლეს. მეტრეველი, რომელიც ამ არხზე 35 წლის განმავლობაში მუშაობდა, ამბობს, რომ ეს მისთვის “წარმოუდგენელი ამბავი” იყო:

“1983 წლიდან ვმუშაობდი მაუწყებელში. ცხელ წერტილებში მაქვს ნამუშევარი - აფხაზეთში, ჩეჩნეთში, სპეცდავალებებით დავდიოდი პირველი არხიდან. ერთი საყვედური არ მიმიღია არასდროს და მადლობის მეტი არაფერი უთქვამთ” - გვიყვება პირველი არხის ყოფილი ოპერატორი.

2018 წლის 18 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის მაშინდელმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ სულ 20 თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვის ბრძანება გასცა. მათ შორის იყო კიდევ ერთი ოპერატორი, მაუწყებელში მუშაობის თითქმის 35 წლიანი გამოცდილებით, დავით სიმონიშვილი.

მეტრეველმა და სიმონიშვილმა სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრეს და სამივე ინსტანციაში საქმე მათ სასარგებლოდ გადაწყდა. დავა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ 2021 წლის 5 თებერვალს დასრულდა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილება: დავით სიმონიშვილისა და ალექსანდრე მეტრეველის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

ორ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯერაც არ აღუსრულებია.

რა მოხდა სასამართლომდე?

სანამ სასამართლოს მიმართავდნენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გათავისუფლებულ თანამშრომლებთან მოლაპარაკება სცადა. დავით სიმონიშვილი ტელეკომპანიის ტექნიკურ დირექტორთან შეხვედრას იხსენებს: “დაგვიბარეს და შემოგვთავაზეს, ხელფასი არ გექნებათ და საათობრივ ანაზღაურებაზე გადაგიყვანთო, თუ დაგვჭირდები გამოგიძახებთ და ერთ გამოძახებაში 100 ლარს გადაგიხდითო”.

თუმცა ამ შეთავაზებით გაურკვეველი იყო, თუ რამდენად ხშირად მიიღებდნენ მსგავს “შეკვეთებს”. პარალელურად კი მათ სხვა კომპანიაში მუშაობის უფლება არ ექნებოდათ. “შეიძლება ორი თვე ისე გავიდეს, არ დაგვჭირდეთ და არ გამოგიძახოთო. რომელი ნორმალური ადამიანი დათანხმდებოდა ამ პირობას?”, - გვეუბნება სიმონიშილი.

ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ გათავისუფლებული 20 თანამშრომლიდან 18-მა მაუწყებლის წინააღმდეგ დავა საქალაქო სასამართლოში დაიწყო. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მაუწყებელმა 5 თანამშრომელი სამსახურში აღადგინა. დანარჩენ თანამშრომლებზე კი დავა გაგრძელდა.

დღეს მხოლოდ დავით სიმონიშვილის და ალექსანდრე მეტრეველის პროცესია დასრულებული - სააპელაციო სასამართლომ დაავალდებულა საზოგადოებრივი მაუწყებელი, დავით სიმონიშვილი და ალექსანდრე მეტრეველი სამსახურში აღადგინოს და განაცდური აუნაზღაუროს. უზენაესმა სასამართლომ კი არ მიიღო ამ საკითხზე მაუწყებლის საჩივარი. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და ვეღარ გასაჩივრდება.

როგორ აჭიანურებს საზოგადოებრივი მაუწყებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული “პირველი არხის” მენეჯმენტი გადაწყვეტილების შესრულებაზე უარს ამბობს: ოფიციალურ წერილში, რომელიც მაუწყებლის დირექტორმა ოპერატორების იურისტ გიორგი იასაშვილს მიწერა, ნათქვამია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება შეუძლებელია. წერილში შემდეგი გარემოებებია მოყვანილი:

“ა) საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა ოპერატორი დასაქმებულია კონკრეტულ პროექტზე/გადაცემაზე;

ბ) ორგანიზაციას არ აქვს საშტატო განრიგი და შესაბამისად - ვაკანტური პოზიციები, რაც თავისთავად გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას;

გ) როგორც სასამართლომ დაადგინა, საზოგადოებრივი მაუწყებლის იძულება დაასაქმოს მოსარჩელეები, წარმოადგენს პირდაპირ და უხეშ ჩარევას მის სარედაქციო, მმართველობით და ფინანსურ დამოუკიდებლობაში, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 17(6) და 20(1) მუხლებით, ასევე, “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-18 მუხლებით;

დ) სასამართლო არ არის თანმიმდევრული და ერთი და იმავე საქმეებზე (როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით), სხვადასხვა ინსტანციაში და საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა კოლეგიის მიერ გამოდის რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილებები.”

რას ამბობენ იურისტები

იურისტ სულხან სალაძისთვის, რომელიც 2016-2017 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო, ტელეკომპანიის ეს არგუმენტები არადამაჯერებელია:

“მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას კი ვერ აღასრულებს, არამედ არ აღასრულებს. გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოო ინსტანციას ეკუთვნის და კანონიერ ძალაშია შესული, ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.” - ამბობს სალაძე.

მისივე თქმით, უფრო სწორი იქნება, რომ მაუწყებელმა მეტი ყურადღება დაუთმოს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებს ტელევიზიაში დასაქმებული ადამიანების მიმართ, ხოლო წერილში მოყვანილი არგუმენტები უნდა გამოეყენებინათ სასამართლო პროცესების დროს და არა ახლა, “იმიტომ, რომ აბსოლუტურად ამოვარდნილია კონტექსტიდან.”

“არანაირი ვალდებულება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ აღასრულოს ეს გადაწყვეტილება, ჯერ არ წარმოშობია” - ამბობს მაუწყებლის იურისტი დიმიტრი ბერძენიშვილი და დასძენს, რომ “სააღსრულებლო წარმოება დაწყებული არ არის, საკითხი ჯერ არ განუხილავს და კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გააკეთებს”.

იურიდიულად, საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სააღსრულებლო ბიუროს მიმართვის გარეშეც შეუძლია. სააღსრულებლო წარმოების დასაწყებად კი უკანონოდ გათავისუფლებულმა პირებმა დამატებითი თანხა უნდა გადაიხადონ, რომელიც შემდგომში ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ასანაზღაურებელი გახდება.

“თუ მენეჯმენტი გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით არ ასრულებს, ეს ერთი საკითხია. მაგრამ, [აღსრულების ბიუროს] რომ მიმართავენ მერე რას აპირებენ? პრობლემა ის არის, რომ თვითონაც იციან, რომ ამის აღსრულებას ვერსად გაექცევიან, მაგრამ დროში აჭიანურებენ. მაქსიმალურად ცდილობენ რომ სადამდეც შეუძლიათ, გაწელონ”, - ამბობს სულხან სალაძე.

რას ფიქრობენ სამეურვეო საბჭოში

2020 წლის 31 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ერთ-ერთ საკითხად განიხილა მაუწყებლის პროფკავშირების იურისტის წერილები. გიორგი იასაშვილი საბჭოს სთხოვს, რომ დაავალდებულოს არხის მენეჯმენტი - აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

ყველა წევრი ერთხმად თანხმდებოდა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სხდომაზე საუბრობდა, რომ მათ არ აქვთ სანქციების გამოყენებისა და იძულების უფლება და შესაძლებლობა, ამიტომ, “ სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ მენეჯმენტმა უნდა აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.”

სამეურვეო საბჭოს წევრი, ირინა ფუტკარაძე გვეუბნება, რომ “სასამართლოს გადაწყვეტილება თუ არის კანონიერ ძალაში შესული და ექვემდებარება აღსრულებას, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, თუ ყველა ინსტანცია ამოწურულია. თუ არის რაიმე სამართლებრივი მექანიზმი დარჩენილი, ისიც უნდა ამოიწუროს.” გიორგი იასაშვილმა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ამ საკითხის განხილვის თხოვნით ხუთჯერ მიმართა. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში მოუწევს, პროკურატურას მიმართოს, “რითაც “პირველი არხის” რეპუტაცია კიდევ უფრო შეილახება, ამიტომაც ყველანაირად ცდილობენ, რომ საქმე გართულებების გარეშე დამთავრდეს”.

ვინ ზარალდება

რაც უფრო დიდხანს გრძელდება დავა, მით უფრო იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის გადასახდელი საკომპენსაციო თანხა.

“სამართლებრივად, ბუნებრივია, ჩვენ ვერ ჩავერევით. პირდაპირი მნიშვნელობით, არ ვართ შუაში, და მენეჯმენტის გადასაწყვეტია რა უნდა აღასრულოს და რა - არა. [...] აქ რეპუტაციულ ზიანზედაც არის საუბარი, ფინანსურზეც. სადაც შესაძლებელია, რომ დროულად დამთავრდეს ამ ტიპის საქმეები, ეს ნაკლებად დაგვაზიანებს ფინანსურადაც და რეპუტაციულადაც” - თქვა ირინა ფუტკარაძემ 31 მარტს, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.

ფუტკარაძის ინფორმაციით, 2020 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომპენსაციის სახით 78 000 ლარი გადაიხადა, რაც, მისივე სიტყვებით, “არ არის პატარა თანხა”.

მაუწყებლიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 2017-2019 წლებში "პირველ არხს" კომპენსაციების სახით 270 000 ლარამდე აქვს გადახდილი.

alt

პროცესის გაჭიანურების პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება მაუწყებლის მიერ ალექსანდრე მეტრეველისთვის და დავით სიმონიშვილისთვის გადასახდელი თანხაც. “პირველი არხი” ვალდებულია, რომ 2018 წლის 18 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად მეტრეველს 1 271 ლარი, ხოლო სიმონიშვილს - 1 155 ლარი გადაუხადოს.

რას უნდა ველოდოთ

დავით სიმონიშვილი ამბობს, რომ მორიგება მათთვის მიუღებელია. რადგან ეს უკვე უშედეგოდ სცადეს: “სასამართლოს განაჩენის არშესრულების უფლება არავის არ აქვს. კუთვნილი განაცდური უნდა ამინაზღაურონ და სამსახურში დამაბრუნონ, ამას ვითხოვ. უმუშევარი ვარ, 3 წელი შევალიე, ტყუილად ვიწვალე?”

თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს იტყვის, დაზარალებულები ამბობენ, რომ პროკურატურას მიმართავენ.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ