საფრთხეები, რომელიც მითებისა და კონსპირაციული თეორების ტირაჟირებით იქმნება
18.05.2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა ის საფრთხეები, რისი გამოწვევაც შეუძლია მედიას დაუდასტურებელი, ყალბი ამბების, მითებისა თუ კონსპირაციული თეორების ტირაჟირებით.

რამდენიმე კვირის წინ თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით ადუღებული წყალი დალია, რის შედეგადაც პირის ღრუს დამწვრობის მკურნალობა დასჭირდათ. ეს მყისიერად ხილული შედეგია იმ არაერთი ინფორმაციისა, რომელიც მედიაში COVID-19-ის საპრევენციო რჩევების სახით გავრცელდა. ერთ-ერთი ასეთი რჩევა იყო ის, რომ ყოველ 20 წუთში ერთხელ ცხელი წყლის მიღება რეკომენდებული იყო ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით.

ბოლო პერიოდში საქართველოში აქტიურად დაიწყეს მოქალაქეთა ჯგუფებმა მსოფლიოში გავრცელებული კონსპირაციული თეორიის პოპულარიზაცია, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება 5G ინტერნეტის დანერგვამ გამოიწვია. ამ თეორიას ზურგს არც ერთი დადასტურებული მეცნიერული არგუმენტი არ უმაგრებს, შესაბამისად, უსაფუძვლოა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ვირუსები არ მოგზაურობენ რადიოტალღებითა და მობილური ქსელებით და რომ Covid -19 გავრცელებულია ბევრ ისეთ ქვეყანაში, სადაც საერთოდ არ არსებობს 5G ქსელები.

ამის მიუხედავად, მედიასაშუალებების ნაწილი საქართველოში კვლავაც ტირაჟირებს იმ მოქალაქეების შეხედულებებსა და ინიციატივებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოში 5G-ის დანერგვას. მაგალითად, გამოცემა “პრიამ ტაიმი” აუდიტორიას აუწყებს, რომ საქართველოში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება 5G ანტენების დამონტაჟების წინააღმდეგ, სათაურშივე აანონსებს აქციის თარიღს და მკითხველს აწვდის აქციის ორგანიზატორის განცხადებებს, რომელიც გაჯერებულია უსაფუძვლო კონსპირაციული თეორებით, რომ “5G ანტენების გამოსხივება იწვევს ადამიანის დაავადებას, კიბოსა და უშვილობას”.

მსოფლიო მედიაში, ისე როგორ ჩვენთან, არაერთი სტატია თუ რეპორტაჟი მიეძღვნა ახალ კორონავირუსთან 5G ტექნოლოგიის დაკავშირების კონსპირაციულ თეორიას, თუმცა პასუხისმგებლიანი მედია ამ შემთხვევაში კონსპირაციული თეორიის პოპულარიზაციას კი არ ეწევა, არამედ მის უსაფუძვლობას ამტკიცებს. უფრო მეტიც, პასუხისმგებლიანი მედია სათაურშივე უთითებს, რომ ყალბია ცნობა 5G-ის კავშირზე კორონავირუსთან. მაგალითად, “ნიუ-იორკ ტაიმსი” სათაურშივე აწვდის აუდიტორიას ინფორმაციას, რომ “უსაფუძვლოა ანტენების დაკავშირება ვირუსთან”; “გარდიანის” სათაურში გამოყენებულია ტერმინი “ყალბი ცნობები”, როდესაც აშუქებს მითებს იმაზე, თუ რამდენად სარისკოა 5G-ის ტექნოლოგია ჯანმრთელობისთვის და ა.შ.

5G-ისთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორების ფართოდ გავრცელების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც მობილური კავშირგაბმულობის ანტენები დაწვეს ან დააზიანეს. საქართველოში ჯერ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა სოციალურ ქსელებში 5G-ის მოწინააღმდეგე ჯგუფებში პერიოდულად აქვეყნებენ მობილური კავშირგაბმულობის ანძების ფოტოებს და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ 5G ანტენების დამონტაჟებას საქართველოში. ამ მოწოდებების ტირაჟირება მედიაში კი ცალსახად იქნება სწორედ ასეთი კრიმინალური აქტივობების წამახალისებელი საზოგადოებაში.

ზოგადად, მობილური კავშირგაბმულობის ანტენეტების ირგვლივ კონსპირაციული თეორები ახალი მოვლენა არ არის, მათ შორის არც საქართველოში. 2000-ანი წლების დასაწყისიდან მოქალაქეებს არაერთი საპროტესტო აქცია გაუმართავთ ამ ანტენების მონტაჟის გამო, რომ თითქოს ისინი საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას, იწვევს კიბოს და ა.შ. თუმცა დროთა განმავლობაში აქციების მასშტაბურობამაც და სიხშირემაც იკლო.

ახალი კორონავირუსის პანდემიამ ანტენებთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორია კვლავაც აქტუალური გახადა, ასეთივე აქტუალობა შეიძინა “დაჩიპვის” თემამ.

ჩიპიანი პირადობის მოწმობებისა და პასპორტების წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლის საკმაოდ მსუყე გამოცდილება აქვს საქართველოს. ამ ბრძოლას სათავეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ედგნენ. საქმე საკონსტიტუციო სასამართლომდეც მივიდა. მოსარჩელეების შეფასებით, ე.წ. ჩიპიანი პირადობის მოწმობა და პასპორტი “ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას”. ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის 26 დეკემბრიდან დასაშვები გახადა რელიგიური შეხედულების გამო ისეთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, რომელსაც ელექტრონული მატარებელი ანუ “ჩიპი” არ ექნება.

კონსპიროლოგების კიდევ ერთი ფავორიტი თემაა ვაქცინაცია, რომლის მიხედვით, ვაქცინაცია არ ემსახურება დაავადებების პრევენციას და მისი საშუალებით, პირიქით, ხელოვნურად ხდება სხვადასხვა დაავადების გამოწვევა.

Covid-19-ის პანდემიის პირობებში კონსპირაციული თეორია ჩიპიზაციისა და ვაქცინაციის კომბინაციით ჩამოყალიბდა. ამ კონსპირაციის ტირაჟირებას ტელეკომპანია “კავკასიამ” ერთსაათიანი ეთერი დაუთმო. გადაცემა “ჰოროსკოპის” ავტორმა მიხეილ ცაგარელმა ვრცლად ისაუბრა ახალი კორონავირუსის პანდემიის ირგვლივ კონსპირაციულ თეორიებზე და ვირუსის მთავარ შემქმნელებად IT ტექნოლოგიების დარგში მსოფლიო ლიდერები - ბილ გეითსი და ილონ მასკი დაასახელა: მასკი მასობრივი დაჩიპვის გეგმის განხორციელებაში “ამხილა”, გეიტსი კი - მასობრივი ვაქცინაციის:

“არავის არაფერს არ კითხავენ, უკეთებენ ვაქცინას, სადაც არის შიგნით მიკროჩიპი ჩადებული და ის მერე იქიდან იწყებს მთელი სხეულის კონტროლს”, - განაცხადა ცაგარელმა “კავკასიის” ეთერში.

მოგვიანებით ტელეკომპანია “კავკასია” სპეციალური განცხადებით გაემიჯნა მიხეილ ცაგარელის განცხადებებს:

“დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ადამიანების რეალური ცოდნით და ინფორმაციით შეიარაღება გლობალური საფრთხის წინააღმდეგ, რაციონალური ქმედებები და გააზრებული ბრძოლა. ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში მედიის როლი განუზომლად დიდია. სწორედ ამიტომ ვწუხვართ, რომ ჩვენი ეთერის გამოყენება მოხდა სრულიად საპირისპირო მიზნით”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამის მიუხედავად, ტელეკომპანიის ოფიციალურ იუთუბ არხზე კვლავაც ხელმისაწვდომია ამ გადაცემის ჩანაწერი ისე, რომ არ არის იქვე აღბეჭდილი ტელევიზიის საპირისპირო პოზიცია.

“ბილ გეითსმა გაავრცელა პანდემია”, “ამ ვაქცინაში არის შესული მიკროჩიპი, სადაც თქვენი ყველა მონაცემი ჩაიდება – მიხეილ ცაგარელი ბილ გეითს პანდემიის გავრცელებაში ადანაშაულებს” - ამ და მსგავსი სათაურებით ქართულ მედიაში არაერთი ნიუსია გამოქვეყნებული, რომლებშიც უაპელაციოდ არის შემოთავაზებული ცაგარელის განცხადებები და არსად არ არის აღნიშნული, რომ ამ განცხადებებს არ გააჩნია არანაირი მეცნიერული ან რაიმე სხვა დამადასტურებელი სანდო მტკიცებულებები.

კორონავირუსთან მიმართებაში ვაქცინაცია-ჩიპიზაციის კომბინაციით კონსპირაციული თეორია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქების ნაწილის მხარდაჭერითაც სარგებლობს.

ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ ქადაგების დროს განაცხადა, რომ ვირუსი არის ეშმაკის ხელში საშუალება, რომ ადამიანები თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს. მას გეითსი-მასკის გვარები არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც “ადამიანებს დაიმონებს”.

მიტროპოლიტის ეს განცხადებაც, რომელიც უსაფუძვლოა, ყოველგვარი კონტრარგუმენტების გარეშე გამოაქვეყნა ქართული მედიის ნაწილმა. მათ შორის, იყვნენ მაგალითად “რეზონანსი”, ფორტუნა და ა.შ.

ინფექციური დაავადებები, რომლებითაც გასული საუკუნეების მანძილზე მილიონობით ადამიანი იხოცებოდა მსოფლიოში, სრულად აღმოიფხვრა ან სრულიად მართვადი გახდა ვაქცინაციის შედეგად. შესაბამისად, მედიას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როცა ტირაჟირებას უწევს ანტივაქსერების, ანუ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების კონსპირაციულ მოსაზრებებს, საფრთხეს უქმნიან მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს არაერთ ინფორმაციას აწვდიან Covid-19-ის გავრცელების გზებზე. ვირუსი მათ შორის ვრცელდება წვეთოვანი გზით, რომლის რისკი თან ახლავს ერთი კოვზით ზიარების პროცესს.

ამის მიუხედავად, მედიის ნაწილმა ყოველგვარი ბექგრაუნდის და ახსნა-განმარტებების გარეშე შესთავაზეს აუდიტორიას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომ სამეცნიერო კვლევა არ არსებობს იმაზე, არის თუ არა ერთი კოვზით ზიარება კოვიდ ინფექციის გამავრცელებელი.

ზოგიერთი მედია კიდევ უფრო შორს წავიდა ამ საკითხში. მაგალითად, ონლაინ-გამოცემა “კვირამ” ფაქტად შემოგვთავაზა (არ ყოფილა სხვა ფაქტი მოცემული, რომელიც ალტერნატიულ ინფორმაციას მიაწვდიდა აუდიტორიას) მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვრის განცხადება, რომ კორონავირუსიანი ადამიანი აზიარა, რომლის შემდეგ იგივე კოვზით ეზიარა თვითონაც და აზიარა სხვაც და არ მოხდა ამ შემთხვევებში Covid-19-ის დადასტურება.

გარდა იმისა, რომ ეს ცალკეული ფაქტი საჭიროებს დადასტურებას (მაგალითად, აუცილებელი იყო ინფექციონისტების, ეპიდემიოლოგების ცნობების მოძიება ამ შემთხვევაზე), პრობლემური იქნებოდა მისი უაპელაციოდ გაშუქება დადასტურების შემთხვევაშიც კი.

გასულ პერიოდში საქართველოში იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც ცოლს დაუდასტურდა კორონავირუსი და ქმარს არ აღმოაჩნდა, რომელსაც ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი ინფიცირებულთან. ამის მიუხედავად, ეს ცალკეული შემთხვევა არ ადასტურებს იმას, რომ ფიზიკური კონტაქტი არ არის ამ ვირუსის გავრცელების რისკი და რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დისტანცირების რეკომენდაციის დაცვა.


alt
სტატია მოამზადა "მედიაჩეკერმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია "მედიაჩეკერი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ