ოპონენტების დისკრედიტაცია, ხელისუფლების პიარი და ფეისბუკზე დასპონსორებული მედია კონტენტის ხარჯები
14.09.2020

აგვისტოდან დღემდე ფეისბუკში $182,838 ღირებულების რეკლამა განთავსდა საქართველოდან პოლიტიკურ, სოციალურ და საარჩევნო საკითხებზე. “მედიაჩეკერი” დაინტერესდა, თუ რა თანხებს ხარჯავენ ამ მიმართულებით მედიასაშუალებები და ძირითადად, რა ტიპის პროდუქტს არეკლამებენ საინფორმაციო გვერდები წინასაარჩევნოდ.

ფეისბუკის რეკლამის ბიბლიოთეკის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ყველაზე მეტი თანხა - $2813 დახარჯული აქვს ონლაინ-გამოცემა Tinp.ge-ს (“დღეს პოლიტიკაში”). “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის” (ISFED) ცნობით, ეს ვებგვერდი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” სასარგებლოდ მუშაობს. ფეისბუკის მონაცემებით, Tinp.ge-ის მიერ დაფინანსებულ სტატიების, ძირითადად, პოზიტიურად წარმოაჩენს სწორედ პატრიოტთა ალიანსის ლიდერების აქტივობებს და ნეგატიურად იმ ოპოზიციურ პარტიებს, როგორიცაა “ევროპული საქართველო”, ენმ და ლელო.


“პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული კიდევ ერთი მედიაორგანიზაცია - “ობიექტივი” ათავსებს პოლიტიკურ რეკლამას ფეისბუკში. მაგალითად, “ობიექტივმა” აგვისტოს ბოლოს დაასპონსორა მასალა, რომელშიც ასახული იყო "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია ბათუმში გაკრულ ბანერთან დაკავშირებით.

ვებგვერდს geosociety.ge (“საქართველოს საზოგადოება”) 48 მასალის ფეისბუკით რეკლამირებაში $281 აქვს დახარჯული აგვისტოდან დღემდე. დაფინანსებულ მასალებს შორის გვხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებები. ამასთან, გამოცემა ასპონსორებს ისეთ პოსტებს, რომლებიც ნეგატიურად წარმოაჩენს ცალკეულ ოპოზიციონერებს. მაგალითად, დასპონსორებულია ამონარიდი ვიდეომასალიდან, რომელიც ასეა დასათაურებული: “როგორ გააკოტრა „თიბისი ბანკმა“ და მამუკა ხაზარაძემ ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე”. ხოლო “ლელოს” კიდევ ერთ ლიდერთან დაკავშირებით, დასპონსორებულია პოსტი, რომელიც მანიპულაციურად აღწერს ბადრი ჯაფარიძის საარჩევნო კამპანიას და მიზნად ისახავს მის დაცინვას.


ფეისბუკში შექმნილი რამდენიმე გვერდი (Tbilisi Daily, Interworld, Headlinegeorgia) არეკლამებს საქართველოში შექმნილ სოციალურ ქსელ Feedc.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიებს. დასპონსორებული მასალების უმრავლესობა შეეხება ბელარუსში მიმდინარე პროცესებს.

როგორც ფეისბუკის რეკლამის ბიბლიოთეკის ანგარიშიდან ირკვევა, ფეისბუკში შექმნილია არაერთი გვერდი, რომლებიც არეკლამებენ პოლიტიკური სუბიექტების მადისკრედიტებელ ან პირიქით, სარეკლამო მასალებს.

მაგალითად, გვერდი HAHA News - ჰაჰა ნიუსი აგვისტოში შეიქმნა და მასზე განთავსებულია პოსტები, რომლებიც აშარჟებს ხელისუფლების ქმედებებს. ფეისბუკის რეკლამის ბიბლიოთეკის ანგარიშში შევიდა ამ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო პოსტი, რომელიც ეხმაურებოდა თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელობიდან სერგი გვარჯალაძის გადადგომას.


გვერდი “საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog” ივნისშია შექმნილი და ძირითადად, პოზიტიურად წარმოაჩენს სახელისუფლებო გუნდის (არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, კახა კალაძის) განცხადებებსა და აქტივობებს.
გვერდს დასპონსორებული აქვს სწორედ ასეთი მასალები.




ლიბერალები და ლიბერალიზმი, ანტიდასავლური პროპაგანდა არის რამდენიმე ფეისბუკ-გვერდის მიერ დაფინანსებული მასალების ძირითადი სამიზნე. მაგალითად, ასეთ მასალებს ასპონსორებს ულტრარადიკალური ჯგუფის გვერდი Alt-Info • ალტ-ინფო და Politicano • პოლიტიკანო.






ფეისბუკზე პოლიტიკურ და საარჩევნო საკითხებზე მომზადებული მასალების რეკლამირებას მიმართავენ, ასევე, მეინსტრიმული მედიასაშუალებები საქართველოში. მათ შორის, ყველაზე მეტი თანხა აგვისტოდან დღემდე დახარჯული აქვს ტვ იმედს ($744).



POS TV-ის რამდენიმე გვერდი აქვს ფეისბუკში. POSTV - ახალი ამბებისა და POSTV - ანალიტიკის საშუალებით მასალების რეკლამირებაში POS TV-ის $262 აქვს დახარჯული აგვისტოდან დღემდე. დასპონსორებული მასალები აკრიტიკებს წინა ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილს და პოზიტიურად წარმოაჩენს ხელისუფლებას.









მედიასაშუალებების მიერ ფეისბუკზე მასალების რეკლამირება დამკვიდრებული პრაქტიკაა იმისათვის, რომ მათ მიერ მომზადებული მასალები რაც შეიძლება ფართო აუდიტორიაზე გავრცელდეს სოციალური ქსელის საშულებით. ფეისბუკის რეკლამის ბიბლიოთეკის ანგარიშის მიხედვით, ძირითადი მეინსტრიმული მედიასაშუალებების უმრავლესობა ბოლო ერთ თვეში $100-ზე ნაკლებს ხარჯავდა ფეისბუკზე პოლიტიკურ, სოციალურ და საარჩევნო საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების რეკლამირებაში.

არასრული ჩამონათვალი იხილეთ ცხრილში, რომელიც მოიცავს 2020 წლის 4 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდის მონაცემებს:

altalt


ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ