ერთიანობის იდეა სინათლისთვის
30.11.2025


„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - 22 დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემის ერთობლივი კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. იმ რეალური საფრთხის საჩვენებლად რომ დამოუკიდებელ ონლაინ მედიას გაქრობა ემუქრება, გამოცემებმა კამპანია ვებგვერდების სიმბოლური გათიშვით, 13 აგვისტოს, დაიწყეს. 

როგორ გაჩნდა sinatle.media-ს შექმნის იდეა და როგორ გრძელდება კამპანია - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, წაიკითხეთ თეო და ქეთევან ქავთარაძეებთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუში.

თეო ქავთარაძე „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაშიც - „რეალური სივრცე“. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციასა და ციფრულ მედიაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და სასექსის უნივერსიტეტში. ქავთარაძე მონაწილეობს პროექტებშიც, რომლებიც საქართველოში მედიის ეკოსისტემასა და მედიაწიგნიერებას იკვლევს. 

ქეთევან ქავთარაძე ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტია. აქვს ბიზნესის, მედიის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. ქავთარაძე ხელმძღვანელობს კამპანიას - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“. 

„სინათლე მედიას“ შექმნის იდეა

თეო ქავთარაძე: წელს, მარტში, გერმანიაში ვიყავი და ვნახე მედიასახლი - Publix,  სადაც ძალიან ბევრი პატარ-პატარა მედიაა თავმოყრილი. ეს პატარა მედიები ინაწილებენ: ხარჯებს, სივრცეს, სტუდიებს, აპარატურას და ა.შ. Cost sharing-ს ეძახიან ამას. წარმოიდგინე, შესულები არიან ერთ დიდ შენობაში და კონტენტისა და ჟურნალისტების გარდა, ყველაფერი საერთო აქვთ. არაკომერციულ, ასე ვთქვათ, არამომგებიან მედიებს არამხოლოდ საქართველოში უჭირთ. იქ გამოჩნდა ინვესტორი Hans Schöpflin, რომლის ფონდმაც - Schöpflin Foundation დაახლოებით 25 მილიონი ევრო ჩადო Publix-ის შენობის დაგეგმარებაში, ინფრასტრუქტურასა და აღჭურვაში… სრულიად შესანიშნავი შენობა ააშენეს ბერლინში, ნოი კიოლნში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე. პირველ სართულზე კაფეც არის, მისგან შემოსული თანხაც მათ საერთო ხარჯებს ხმარდება და ა.შ. 



მაშინ ბერლინიდან პირდაპირ ბუდაპეშტში ჩავედი, დიდ მედია კონფერენციაზე, სადაც ქართული ონლაინ მედიების 10-მდე წარმომადგენელიც იყო და მათ ნანახის შესახებ მოვუყევი. იქვე დავიწყეთ ფიქრი და აღმოჩნდა, ვთქვათ, 10 მედია რომ გავერთიანდეთ და ხარჯები გავიყოთ, გაცილებით იაფი დაგვიჯდება არსებობა, ერთი სრულყოფილი სტუდია რომ გვქონდეს, ყველანი მოვახერხებთ მის განაწილებას. ჩვენ მაგალითად, „სტუდია მონიტორს“ სახელდახელო სტუდია გვქონდა მოწყობილი ჩვენი პატარა, 3-ოთახიანი ოფისის ერთ-ერთ კუთხეში. 

ერთი სიტყვით, ამ იდეას რომ ვამუშავებდით, გზაში დაგვეწია ე.წ. ფარა. [„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების დისკრედიტაციასა და დევნას] აქ უკვე ყოფის გაუმჯობესების საკითხი აღარ იდგა, გადარჩენისთვის უნდა გვებრძოლა. მაშინ ვთქვით, რომ ცალ-ცალკე უფრო სუსტები და მოწყვლადები ვართ, ამიტომ ამ ბრძოლაშიც უნდა გავერთიანდეთ. ე.წ ფარამ უკვე ცხადი გახადა, რომ ჩვენთვის ყველანაირი დაფინანსების წყარო დაიხურებოდა. იმ დაფინანსების, რომელიც ჩვენ ასეთი დამოუკიდებლობის ხარისხს გვაძლევდა. ამიტომ უკვე ყველა ფიქრობდა საკუთარ ვებგვერდზე დონაციის ღილაკის ინტეგრირებაზე

ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია ფინანსურად რამდენიმე მედიას დაეხმაროს. როდესაც ერთი გადახდით 22 დამოუკიდებელ მედიაგამოცემას ეხმარები, ეს გაცილებით უფრო რეალისტური და ადვილია. გაერთიანება, რომლის გადაწყვეტილებამდეც დამოუკიდებლად და ინტუიციით მივედით, სწორი აღმოჩნდა. „როიტერსის“ კვლევის მიხედვითაც გამოჩნდა, რომ ინდივიდუალური გამოწერა ისეთ გავლენიან მედიებსაც კი ვერ ეხმარება, როგორიც მაგალითად, „ნიუ-იორკ თაიმსია“.

ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სხვა ქვეყნების გამოცდილებაც. მაგალითად, რუსეთში ჯერ პატარ-პატარა მედიებმა დაიწყეს კვდომა და დიდ მედიებს, მაგალითად, „ნოვაია გაზეტა“, „დოჟდი“ ეგონათ, რომ გადარჩებოდნენ. „ნოვაია გაზეტას“ ანა პოლიტკოვსკაია მოუკლეს და მაინც აგრძელებდნენ მუშაობას, ფიქრობდნენ, რომ რეჟიმი მათ ვერ მოერეოდა. როდესაც ვუყურებდი დოკუმენტურ ფილმს - „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიქრის“, აღმოვაჩინე, რომ ისინი ისე გაუშვეს ქვეყნიდან და ისე დახურეს ყველა მათგანი, რომ ერთმანეთისთვის სოლიდარობის გამოხატვაც კი ვერ მოასწრეს. ჩვენ ეს მაგალითიც გვქონდა და ცხადად ჩანდა, რომ საჭირო იყო საერთო ბრძოლა, ამიტომ ჩემი იდეაფიქსი ერთიანობა იყო




როდესაც პირველი შემოწირულობები შემოვიდა და თანხების გადანაწილება დავიწყეთ, დიდმა მედიებმა პატარა რეგიონალური მედიების სასარგებლოდ ამ პირველი თანხის აღებაზე უარი თქვეს. მაშინ მივხვდი, რომ მართალი ვიყავი, მხოლოდ ერთად მოვახერხებთ გადარჩენას. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ცალკეული მედიების თუ ჟურნალისტების გადარჩენა კი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ მთავარია, მთლიანად ეს ეკოსისტემა გადარჩეს

დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მნიშვნელობა

თეო ქავთარაძე: ბოლო პერიოდში ხშირად ვფიქრობ, რატომ არის ონლაინ მედია უნიკალური. მე ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა დავიწყე ჟურნალ „ლიბერალსა“ და „ცხელ შოკოლადში“. საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „რეალურ სივრცეში“ მუშაობას თუ არ ჩავთვლი, სულ ონლაინ მედიაში ვარ. ჩვენ ვისწავლეთ სრულიად განსხვავებული ჟურნალისტური მასალის კეთება, განსხვავებული იმისგან, რაც მეინსტრიმულ მედიაში იყო. თითქოს გაუკვალავ ტერიტორიაზე შევედით. ონლაინ მედიების განსაკუთრებულობა იყო შეესწავლათ ისეთი თემები, რომელიც არ ისმოდა და ზედაპირზე არ ჩანდა. მაგალითად, შრომის უფლებებზე თუკი დღეს ტელევიზიაში ერთი სიუჟეტი მაინც გადის, ონლაინ მედიის დამსახურებაა. იგივე, ის, რის გამოც პროპაგანდისტულ მედიაში ონლაინგამოცემებზე დიდი სიუჟეტი მომზადდა, „იგლ ჰილსის“ ერჩიანო. დიახ, ონლაინ მედიები არიან სწორედ ის გამოცემები, რომლებმაც ამგვარი გრანდიოზული პროექტების სიღრმისეული კვლევა და სააშკარაოზე გამოტანა დაიწყეს. 

ჩემთვის სრულიად უნიკალურია ონლაინ მედიების ნამუშევარი სინდისის პატიმრების შესახებ. პროპაგანდამ ვერ მოახერხა, რომ ჩვენ ისინი დაგვენახა, როგორც პირსისხლიანი დამნაშავეები. დღეს არავის სჯერა, რომ ამ ადამიანებს რაიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. ვფიქრობ, ეს სწორედ ონლაინ მედიის დამსახურებაა. მათ არამხოლოდ საქმეები გვაჩვენეს, არამედ გაგვაცნეს თითოეული პოლიტიკური ტყვე და მათი უდანაშაულობის შესახებ ყველას გააგებინეს. მაგალითად, მინდია გაბაძის რეპორტაჟები სასამართლოდან იყო კინო, რომელიც გვიყვებოდა ამბავსაც და სიღრმისეულად გვაცნობდა მის გმირსაც. ამიტომ არც ის მიკვირს, პროპაგანდამ მინდია რომ გამოარჩია და მისი სახელი ცალკე გამოყო. 

ქეთევან ქავთარაძე: მე ჩემს თავს ასე ვუყურებ, მე ვარ ამ ქვეყნისთვის მებრძოლი ადამიანი, რომელიც ყოველდღე დგას ქუჩაში და იბრძვის. ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო ვართ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა ჯერ ისევ არსებობს, აი, ამ ყოველდღიურად ბრძოლაში ჩვენ მარტო დავრჩით. პრაქტიკულად აღარცერთი ინსტიტუცია აღარ არსებობს. ერთადერთი სექტორი, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძვის და თან მუშაობს, ეს არის დამოუკიდებელი მედია. ისინი არიან ჩვენ გვერდით ქუჩაშიც, სასამართლოშიც, პოლიციის შენობებთანაც, იზოლატორებთან… ამას ხომ სხვაზე ვერავისზე ვიტყვით?! ვერც პოლიტიკოსებზე, ვერც ბიზნესზე, ვერც ცნობილ ქართველებზე, ვერც სპორტსმენებზე… ერთადერთი, ვინც ბოლომდე დგას, არის დამოუკიდებელი მედია. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ მასთან ერთად ვიბრძოლო და გავიმარჯვო. არასამთავრობო სექტორი, რომელიც ადამიანის უფლებებზე მუშაობდა, „ქართულმა ოცნებამ“ ისე გააქრო, რომ ჩვენ მათი ოფისების დაკეტვა ვერც კი დავაფიქსირეთ. ისიც უნდა ვთქვა, რომ პროპაგანდამ ვერ მოახერხა ონლაინ მედიების დისკრედიტაცია და გაშავება. თუკი ვთქვათ, NGO სექტორს დიდი ხანია ებრძვის და მათ დასახურად გარკვეულწილად ნიადაგიც მომზადებულიც ჰქონდა, ონლაინ მედიაზე იგივე ვერ გააკეთა.

თეო ქავთარაძე: ონლაინ მედიების ჟურნალისტების შრომა მართლაც უხილავია. ნახევარსაათიანი საგამოძიებო ფილმის მიღმა როგორი კოლოსალური შრომა დევს, ამას ხომ ვერავინ ხედავს. ონლაინ მედიაში სამუშაოდ კარგი ხელფასისთვის არავინ მოდის. აქ მოდის ის ხალხი, ვისაც საკუთარი პროფესია უყვარს და სჯერა, რომ შეუძლია ხმაწართმეული ადამიანების ხმა სხვებს გააგონოს. (Give the voice to voiceless people). დღეს კი, პროფესიაში დარჩენილი ადამიანები ასეთ მტრულ გარემოში მუშაობენ, პრაქტიკულად ყველანაირი ანაზღაურების გარეშე. ისინი არიან გმირები. მე ბედნიერი ვარ, რომ მათთან ერთად მიწევს მუშაობა და ბრძოლა. 

„სინათლე მედიას“ დაბადება

თეო ქავთარაძე: ცხადია, მივხვდი, რომ რაღაც უნდა გაგვეკეთებინა ერთად. დავდიოდი, ვაგროვებდი ინფორმაციას და ვეძებდი გზებს. ცოტა ხანში მივხვდი, რომ მხოლოდ მედიის წარმომადგენლები მხოლოდ ჩვენი შიდა რესურსით ვერ დავგეგმავდით ამ საერთო საქმეს, რასაც გადარჩენის გზა ჰქვია. ერთ საღამოს, ჩემს დასთან ვიყავი და უბრალოდ ვუზიარებდი იმას, რასაც ბოლო დღეების მანძილზე ვაკეთებდი. 

ქეთევან ქავთარაძე: მე და თეო ერთ კორპუსში ვცხოვრობთ, მე-3 სართულზე - თეო, მე-5 სართულზე კი - მე. სახლში ასვლისას თეოს პირველი გაჩერება მე-3 სართულზეა. ერთ-ერთი ასეთი გაჩერებისას, სრულიად აღფრთოვანებული მიყვებოდა იმ მედიასახლის შესახებ, რომელიც გერმანიაში ნახა. უკვე აქტიურად ფიქრობდა, როგორ მომხდარიყო მედიების გაერთიანება და არც ვიცი, როგორ და რა მომენტში მოხდა, რომ ვუთხარი, მეც დაგეხმარები ამ იდეის რეალიზებაში-მეთქი. იმ დღიდან მე და ჩვენი მეგობარი, ირმა მოსულიშვილი, რომელიც განათლებით ჟურნალისტია და დღეს ბიზნეს განვითარების მენეჯერად მუშაობს, ერთად შევუდექით აქტიურ მუშაობას „სინათლე მედიისთვის“.  

პირველი ნაბიჯი იყო, რომ უნდა დაგვეკონკრეტებინა, რას ნიშნავს ეს ერთობა? ვის ვგულისხმობთ ერთობაში? გადაწყვეტილება მივიღეთ, ამ გაერთიანებაში შემოსვლა ყველა სანდო და დამოუკიდებელი ონლაინ მედიისთვის შეგვეთავაზებინა. 

თეო ქავთარაძე: ქეთიმ მითხრა, თუ ფიქრობ, რომ თქვენი გაერთიანება ასეთი მნიშვნელოვანია, დაგეხმარებით და გააკეთეთო. დაახლოებით მაისის ბოლოდან ჩაერთო უკვე ქეთი და მასთან ერთად ის ადამიანები, ვინც კარგად იცის ონლაინ მედიის როლი და მზად იყო დახმარებისთვის. ასე დავაფუძნეთ ორგანიზაცია, გაჩნდა სლოგანი - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომელზეც კრეატორების ჯგუფმა იმუშავა. მათ მოგვიფიქრეს ვიდეოს იდეაც, რომელიც შემდეგ გიორგი გოგუამ და „სტუდია 64-მა“ გადაიღო. საოცარი იყო, ადამიანები, დამოუკიდებელი ორგანიზაციები მოდიოდნენ და დახმარებას გვთავაზობდნენ. მაგალითად, სივრცე გადაღებისთვის ერთ-ერთმა თეატრმა შემოგვთავაზა, გვეხმარებოდნენ კრეატიული სააგენტოები, ცალკეული დიზაინერები… 

ქეთევან ქავთარაძე: მთავარი მესიჯი ის სიბნელე და წყვდიადი კი არ უნდა ყოფილიყო, რასაც რეჟიმი გვიქადის, არამედ სინათლე, რომელიც ჯერ ისევ ანთია და არ უნდა ჩაქრეს. ვფიქრობ, სახელწოდებაც ზუსტად შევარჩიეთ, ტროლები და ბოტებიც კი ვერ გვიწერდნენ, რა სინათლე თქვენ ხართო. 

თეო ქავთარაძე: ამ კამპანიის დაგეგმვა იყო ძალიან ხანგრძლივი და სრულფასოვანი პროცესი. ყველა დეტალს ცალ-ცალკე გავდიოდით: როდის, როგორი ფორმით უნდა მომხდარიყო მისი პრეზენტაცია, ვებგვერდის დიზაინი, ლოგოები, სლოგანები და ა.შ. და ეს ყველაფერი ონლაინ მედიის გულშემატკივრებისგან სრულიად უსასყიდლოდ გაკეთდა. მაგალითად, მზია ამაღლობელის ბანერი და სტიკერები ვინც დაგვიბეჭდა, მოვიდა და მითხრა, მზიას წერილს ვერ მივწერ, მაგრამ გეხვეწებით, მიაწვდინეთ ხმა, იცოდეს, რომ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ მისთვის, რაც შემიძლიაო. იმედია მაქვს, ოდესმე ამ ადამიანებს დავუბრუნებთ იმ სიკეთეს, რაც მათ ჩვენთვის გაიღეს

ჩვენ გავაკეთეთ ბიზნესისთვის ერთიანი მედია კიტიც და ერთი გადახდით რეკლამის 22 მედიაში განთავსებას ვთავაზობთ. ასევე ვმუშაობთ, რომ მომხმარებელმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ამ მედიების ერთიანად გამოწერა, ე.წ. Subscribe შეძლოს. ისინი დაგვეხმარებიან არა ერთჯერადად, არამედ „სინათლე მედიის“ გამოწერით ანგარიშიდან ყოველთვე ჩამოეჭრებათ ვთქვათ, 10 ლარი, რაც 22 მედიის ანგარიშზე გადაირიცხება. აგვისტოში მარში რომ დავაანონსეთ, არავის გვეგონა, ამდენი ადამიანი თუ მოვიდოდა. გვქონდა კამპანიური ღონისძიებებიც Ad Black See-ზე, „წიგნის ბაზრობაზე. ემიგრანტებმა თავად დააორგანიზეს ბაზრობები, სადაც საკუთარ ნივთებს ჰყიდიან და შემოსულ თანხას ჩვენთან რიცხავენ. ერთი სიტყვით, ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. 



დავიწყებთ კონკრეტული ისტორიების მოყოლასაც და ყველა ადამიანს, ვინც თუნდაც 1 ლარი ჩაგვირიცხა, ეცოდინება, ვის რაში დაეხმარა. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი მედიის საიტი დაგვხვდა გათიშული, აღმოჩნდა, რომ 260 ლარი არ ჰქონდათ, რომ გადაეხადათ. ცხადია, მაშინვე გადავრიცხეთ „სინათლე მედიის“ ფონდიდან და ჩართეს. რამდენიმე ასეთი ისტორია უკვე გვაქვს და კიდევ ბევრი იქნება. ყველაფერს მოვუყვებით ჩვენს გულშემატკივრებს. 

მომავალი

თეო ქავთარაძე: მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამ 3 თვის განმავლობაში უკვე ბევრი ხელშესახები შედეგი გვაქვს. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ამ სფეროში დასაქმებულ და თუნდაც ჩვენს კამპანიაში მონაწილე ყველა მედიას და მის თანამშრომელს გადავარჩენთ და შევინარჩუნებთ, მაგრამ იმის მჯერა, რომ დამოუკიდებელი ონლაინ მედია იარსებებს. 

ქეთევან ქავთარაძე: სრულ განაკვეთზე ვმუშაობ და ობიექტურად ჩემთვის ძალიან დამაზიანებელია ამდენი საქმის დამატება, მაგრამ ეს იმდენად საქვეყნო მნიშვნელობის ამბავია ჩემთვის, რომ ცხადია, მიღირს ამ საქმის თუნდაც პირადი ჯანმრთელობის ხარჯზე კეთება. პირველ რიგში, საკუთარ თავთან გავიარე და დავლაგდი, რომ ჩემთვის, მოქალაქე ქეთევან ქავთარაძისთვის ახლა ამ მედიების გადარჩენაში მონაწილეობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე და ეს ჩემი პირადი პასუხისმგებლობაც არის. ახლა რომ მთხოვოთ, დაგვანებე თავიო, არ დაგანებებთ. გარდა პასუხისმგებლობისა, რომელიც ავიღე, ძალიან დიდი პატივია ამაში მონაწილეობა. მზია ამაღლობელმა ერთ-ერთ პროცესზე თქვა, „სინათლე არ უნდა ჩაქრესო“. იმ საღამოს, ქუჩაში მოვდიოდი მარტო და ვტიროდი. სიძნელესთან ერთად, არანორმალურად დიდი ბედნიერებაა ამ პროცესში ყოფნა.  

---------------------------------

საქართველოში დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას მუშაობა რთულ გარემოში უწევს. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 10 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია.

„ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. 31 მაისიდან ამოქმედდა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნს უწოდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ის მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას. მნიშვნელოვნად შეიზღუდამედიისთვის სასამართლოში მუშაობაც.

ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის ნაწილს წერილობით აცობა, რომ დაწყებულია წარმოება მათი საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და მედიაორგანიზაციებისგან სხვადასხვა კატეგორიის მოცულობითი ინფორმაცია გამოითხოვა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა ტელე და რადიო მაუწყებლებს: „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“, „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“(რადიო „მარნეული), „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“. „ქართული ოცნების“ საჩივრების საფუძველზე ComCom-მა კრიტიკული ტელევიზიები სამართალდამრღვევებად ცნო „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვისაც”.

სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.

ამასთან, დღემდე არ დასჯილან გასულ წელს, პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე (გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწირული და სხვები) თავდამსხმელები.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ