„ქართული დამოუკიდებელი მედია არ ნებდება“, - ინტერვიუ გულო კოხოძესთან
10.11.2026


გულო კოხოძე სამცხე-ჯავახეთში მოქმედ დამოუკიდებელ მედიაპლატფორმას, „სამხრეთის კარიბჭეს“ მე-8 წელია ხელმძღვანელობს. ის ამ გამოცემაში ჟურნალისტად მუშაობდა წლების წინაც, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გაზეთის სახით გამოდიოდა.

ბოლო წლებია, საქართველოში დამოუკიდებელ მედიას საქმიანობა სულ უფრო რთულ პირობებში უწევს, ეს მძიმედ აისახება რეგიონულ მედიაზეც. „სამხრეთის კარიბჭეს“ ჯერ რადიომაუწყებლობის შეჩერება, შემდეგ კი ოფისის დატოვება მოუხდა. კიდევ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს რეგიონული მედია და როგორ ახერხებს მუშაობის გაგრძელებას „სამხრეთის კარიბჭე“ - გულო კოხოძესთან „მედიაჩეკერის“ ინტერვიუში წაიკითხავთ. 


ის პროფესიულ არჩევანზე ჩვენთან საუბარს სტუდენტობის დროინდელი ისტორიის გახსენებით იწყებს.


- სტუდენტობისას დაქალს უნდოდა ჯინსის ყიდვა და მივედით მაღაზიაში. მახსოვს, არ ჰქონდა ფული. ვატრიალეთ ეს ჯინსი. გამყიდველმა გვითხრა, წაიღეთ, ნისიად გაგატანთო და ნისიების ჟურნალში ჩემი დაქალი ასე ჩაწერა - „ჟურნალისტკას პადრუგა“. ეს იცი, რა იყო?! უშველებელი პასუხისმგებლობა! ამის გააზრებამ ბევრი რამ შეცვლა მერე და მერე ჩემში. 

დავამთავრე თსუ-ს ახალციხის ფილიალი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი რეგიონულ ტელეკომპანია „ლომსიაში“, საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტად. 2004 წელს ეს ტელევიზია დაიხურა, ამ დროს გავიგე, რომ გაზეთი იხსნებოდა, თან ორენოვანი, თანამშრომლები აჰყავდათ და გასაუბრებები ტარდებოდა. მივედი და დავრჩი. ეს გაზეთი იყო „სამხრეთის კარიბჭე“.

გაზეთის ჟურნალისტობა სულ სხვა რამ აღმოჩნდა. მახსოვს, პირველ სტატიაზე პაატა ვეშაპიძემ გამაგზავნა „ზარზმობის“ დღესასწაულის გასაშუქებლად. დაბრუნებულმა სტატია დავიწყე ისტორიით, როგორ აშენდა ზარზმა და ბოლოში ჩავსვი, რომ დღეს, ადიგენში „ზარზმობა“ გაიმართა. სტატია როცა წაიკითხა, მხოლოდ ეს მითხრა, ახლა მე მომიყევი, იქ რა ხდებოდაო, მეც მოვუყევი. ეგ დაწერე, ეგეთი თანამიმდევრობით, - მითხრა მაშინ პაატამ. სწორედ ასე, თანმიმდევრული ნაბიჯებით მოვიდა „სამხრეთის კარიბჭე“ დღემდე. 

„სამხრეთის კარიბჭის“ პირველ ოფისში დიდი თუჯის ღუმელი იდგა. შეშას ვყიდულობდით და ზამთარში, შეშის ტკაცატკუცის ხმაზე, შენობის ყველაზე დიდ ოთახში ვმუშაობდით. მაშინ ყველას საკუთარ კომპიუტერი არ გვქონდა და იმ კომპიუტერთან ვსხდებოდით, რომელიც თავისუფალი იყო. ასე, საკმაოდ უბრალო პირობებში, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით იქმნებოდა „სამხრეთის კარიბჭე“.

2011 წლამდე „სამხრეთის კარიბჭეში“ ვმუშაობდი. შემდეგ იყო ასოციაცია „ტოლერანტი“, სადაც მუსლიმ მესხებთან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში ორენოვან გაზეთს ვაკეთებდი, ქართულს და აზერბაიჯანულს. შემდეგ - სახალხო დამცველის აპარატი. ყველა სამსახურში მიწევდა სიარული ქალაქიდან სოფელში, რეგიონიდან რეგიონში, მოსახლეობასთან შეხვედრა და მათ პრობლემებზე წერა. ამ მხრივ ქუდბედიანი ვარ. 

2019 წელს ისევ დავბრუნდი „სამხრეთის კარიბჭეში“ და დღემდე აქ ვარ. 


როგორ შეიქმნა და დროთა განმავლობაში როგორ ტრანსფორმირდა „სამხრეთის კარიბჭე“?

- „სამხრეთის კარიბჭე“ იყო რეგიონში პირველი ორენოვანი, ქართულ-სომხური გაზეთი. ის „ომისა და მშვიდობის განვითარების ინსტიტუტმა“ (IWPR) დააარსა. მარგარიტა ახვლედიანი ხელმძღვანელობდა მაშინ ამ ორგანიზაციას. 

მაშინაც იყო ადგილობრივი გაზეთი, სადაც არაერთი წერილი მოგვიძღვნეს იმის გამო, რომ სომხურენოვან გაზეთსაც ვაკეთებდით, „30 ვერცხლად გაყიდულებს“ გვიწოდებდნენ. არადა, ერთი სიამოვნება იყო სომხურ სოფლებში ასვლა და ადგილობრივებთან საუბარი, მათი ამბებისა და ისტორიების მოსმენა. 

სოფლებში ბევრჯერ გზაც აგვრევია, არც მანქანები იყო კომფორტული, მაინც დავჯაყჯაყებდით და მოგვქონდა მასალები. გავიხსენებ ერთ ამბავს: 2006 წელია, შემოდგომაა. კარგად მახსოვს, რადგან პირველად ვიყავი მაშინ ამ მაღალმთიან სოფელში და ყვითელი იყო ირგვლივ ყველაფერი. სოფელში წლებია შუქი არ არის, ჩამოვსხედით სოფლის ბირჟაზე, უამრავი ადამიანი მოვიდა. მეც პირველად ვარ ამ სოფელში და ჟურნალისტიც პირველად ესტუმრა სოფელს. უამრავი ხალხი მოგროვდა: მოხუცები, ახალგაზრდები, ბავშვები. დიქტოფონს რომ წინ დაუდებდი, თმებს ისწორებდნენ და ისე იწყებდნენ საუბარს. ჰოდა, იქ ერთმა ახალგაზრდამ თქვა, რომ ირაკლი ჩარკვიანისთვის კარგა ხანია არ მოუსმენია და რომ ეს მომღერალი ძალიან მოსწონს. ოქტომბერი იდგა, სავარაუდოდ, და ამ ახალგაზრდის საყვარელი მომღერალი რვა თვის უკან იყო გარდაცვლილი.

ასეთი დროიდან ვმუშაობთ. ასეთ სოფლებში აგვქონდა ინფორმაცია. კვირაში ერთხელ გამოდიოდა გაზეთი და მთელს რეგიონში რიგდებოდა. შემდეგ იყო რამდენიმეწლიანი გარდაქმნა: ბეჭდური გაზეთიდან ონლაინ მედიამდე. ეს მარტივი ცვლილება არ ყოფილა. სხვა სამუშაო რიტმი, ახალი უნარები და ტექნიკური შესაძლებლობები გვჭირდებოდა. ჟურნალისტებსაც მოგვიწია ახალ გარემოსთან შეგუება. შეიცვალა არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების ფორმა, არამედ აუდიტორიასთან ურთიერთობაც. 

ყველაზე მეტად მაინც ჩვენი მუშაობის რიტმი შეიცვალა. სად კვირაში ერთხელ გამოსული გაზეთი და სად ყოველდღიური ონლაინმედია! გაიზარდა „სამხეთის კარიბჭეს“ ცნობადობა, გაიზარდა აუდიტორიაც. ონლაინმედიამ მოგვცა მულტიმედიური ჟურნალისტიკის განვითარების შესაძლებლობა. ტექსტთან ერთად დავიწყეთ ვიდეოების, ფოტორეპორტაჟებისა და სხვა ფორმატის მასალების მომზადება. გაკეთდა სტუდია, გადაცემები.


რა სირთულეებს აწყდება რეგიონული მედია დღეს და როგორი განწყობებია დამოუკიდებელი მედიის მიმართ? 


- დამოკიდებულება დამოუკიდებელი მედიის მიმართ წლების განმავლობაში თანდათან შეიცვალა და, სამწუხაროდ, ეს ცვლილება უკეთესობისკენ არ წასულა. თუ ადრე მაგალითად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა უფრო საქმიანი იყო და ჟურნალისტებს ინფორმაციის მიღება შედარებით მარტივად შეგვეძლო, დღეს გვიწევს იმის მტკიცება, რომ ინფორმაციის მოთხოვნა ჩვენი უფლებაა და არა ხელისუფლების კეთილგანწყობაზე დამოკიდებული ქცევა.

შეიცვალა მოსახლეობასთან ურთიერთობაც. ადამიანთა ნაწილი პირად საუბრებში ღიად გვესაუბრება, გვიზიარებს პრობლემებს და დახმარებასაც გვთხოვს, თუმცა გაიზარდა შიში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ადგილობრივ ხელისუფლებას ან გავლენიან პირებს ეხება. 

ხშირად მათ აქვთ სათქმელი, მაგრამ არ სურთ კამერასთან გამოჩენა ან საკუთარი სახელისა და გვარის გასაჯაროება. ეს ჟურნალისტურ საქმიანობას ართულებს, რადგან მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება კი არა, წყაროების უსაფრთხოებაზეც გვიწევს ფიქრი. გაცილებული არ ხარ სოფელს, დაბას, უკვე გირეკავს რესპონდენტი და ისევ გთხოვს, არ დაწერო მისი სახელი და გვარი. 

ხშირად ჟურნალისტს კონკრეტულ საკითხზე პასუხის მისაღებად რამდენიმე მცდელობა სჭირდება. პრესსამსახურებთან ურთიერთობაც ყოველთვის ეფექტიანი არ არის. ზოგჯერ პასუხს ვერ ვიღებთ, ზოგჯერ მოწოდებული ინფორმაცია არ პასუხობს დასმულ კითხვას. შედეგად, ჟურნალისტს გაცილებით მეტი დრო და რესურსი ეხარჯება იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად, რომელიც საჯარო უნდა იყოს.

რეგიონულ მედიას ცენტრალურ მედიასთან შედარებით განსხვავებული და ხშირად უფრო მძიმე სამუშაო პირობებიც აქვს. ჩვენ ვმუშაობთ მცირე გუნდით, შეზღუდული ფინანსური და ტექნიკური რესურსით. ჟურნალისტი ხშირად ერთდროულად რამდენიმე საქმეს აკეთებს: წერს სტატიას, იღებს ვიდეოს, ამზადებს ფოტოებს, მუშაობს სოციალურ ქსელებზე. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ ის სივრცე, სადაც მოქალაქეების ხმა ისმის.

რატომ არის მნიშვნელოვანი „სამხრეთის კარიბჭის“ არსებობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის?


- თუ დავსვამ კითხვას, რა არის „სამხრეთის კარიბჭის“ მთავარი მონაპოვარი, გამოვყოფდი:

  • „სამხრეთის კარიბჭემ“ მისცა ხმა ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს. 

  • „სამხრეთის კარიბჭემ“ ერთმანეთს გააცნო რეგიონი, ადიგენის სოფლის მცხოვრებმა დაინახა, რომ ნინოწმინდის სოფელშიც შეიძლება იგივე პრობლემა ჰქონდეთ.

  • „სამხრეთის კარიბჭემ“ შეუწყო ხელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდს: გამოძიებებით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნითა და სასამართლო დავებით.

  • ასევე, შევქმენით რეგიონის ისტორიის დოკუმენტური არქივი იმ მოვლენებისა და ადამიანების შესახებ, რომლებიც სხვაგვარად შესაძლოა, საერთოდ არ შემორჩენოდა საზოგადოებრივ მეხსიერებას.


22 წელია რეგიონში ვმუშაობთ და ვერ ვიტყვი, რომ ყველა ოჯახი, მაგრამ თითქმის ყველა სოფელი, დაბა მოვლილი გვაქვს უგზოობის, უგაზობის, უშუქობის პერიოდშიც კი. მათგან წამოღებული ყველა ინფორმაცია, ყველა ამბავი შუქდებოდა. მოსახლეობის ხმა მუდამ ისმოდა და ისმის ჯერ გაზეთიდან, შემდეგ კი ვებგვერდიდან. 

როცა ოფისი დავცალეთ, რამდენიმე დღის შემდეგ ფართის მეპატრონემ დამირეკა და მითხრა, ხალხმა მოგაკითხათო. ჩვენი მკითხველი მიჩვეული იყო ოფისში მოსვლას, ასე იყო დამკვიდრებული: მოდიოდნენ, გვიყვებოდნენ, იცლებოდნენ.

დღეს კი მკითხველებთან ურთიერთობა ძირითადად სოციალური ქსელებით გვაქვს. გვწერენ, გვაწვდიან ინფორმაციას, გვიყვებიან საკუთარ პრობლემებზე. ხშირად სწორედ მათგან ვიგებთ ისეთ ამბებს, რომლებიც შესაძლოა, ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩენილიყო.

ბოლოდროინდელ შემთხვევას გავიხსენებ, ერთ-ერთ სოფელში გზის პრობლემის გასაშუქებლად ვიყავით ასული. მამაკაცმა, ვინც რედაქციაში დაგვირეკა, მოგვიყვა, რომ არაერთხელ მიმართა როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ისე პრეზიდენტსა და მხარის გუბერნატორს, თუმცა არაფერი შეცვლილა.

მაშინ მან ასეთი რამ გვითხრა: „სამხრეთის კარიბჭეს“ დიდი ღვაწლი და დაფასება აქვს, არაერთხელ დახმარებიხართ ადამიანებს, განსაკუთრებით გაჭირვებულებს. დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი „სამხრეთის კარიბჭეში“ რომ გავა, ყველაფერს მოევლებაო. ეს ვიდეო შენახული მაქვს. როცა დაღლილი ვარ, მოტივაცია დაკარგული ამ ჩანაწერს ვუსმენ. პრობლემასაც ნაწილობრივ „მოევლო“.

ოფისის დახურვამდე რადიოს მაუწყებლობა შეჩერება. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, როგორ ახერხებთ მუშაობის გაგრძელებას? 


- 2016 წელს ავიღეთ რადიოს ლიცენზია და მიუხედავად იმისა, რომ მაგ დროს „სამხრეთის კარიბჭეში“ არ ვმუშაობდი, მეც მილოცავდნენ რადიოს გახსნას. ეს რეგიონისთვის მართლაც სიახლე იყო.

როცა პროექტის განაცხადს ავსებ, ბოლოს ყოველთვის არის ერთი პუნქტი -  „შესაძლო რისკები“. ახლა პროექტები აღარ გვაქვს, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ პუნქტში ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა ჩამეწერა - „ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები“.

რადიოს მაუწყებლობა გასული წლის სექტემბერში, ფინანსური პრობლემების გამო შევწყვიტეთ. გაჩერდა 24-საათიანი მაუწყებლობა: გადაცემებით, დილის, შუადღის, საღამოს ჩართვებით, ქართულ-სომხურ ენაზე საინფორმაციოებითა და მუსიკით. გაჩერდა ხუთი სტუდიური გადაცემაც: ორშაბათი - „ავანგარდი“ (ახალგაზრდული); სამშაბათი - „საფეხური“ (საგანმანათლებლო); ოთხშაბათი - „SK ამბები“ (საზოგადოებრივ-შემეცნებითი); ხუთშაბათი - „ექიმი გვირჩევს“ (სამედიცინო); პარასკევი - „კვირის აქცენტი“ (პოლიტიკური).

ბევრი რამის შეცვლა, სხვანაირად გადაწყობა მოგვიხდა. დისტანციურად, სახლებიდან ვმუშაობთ. აღარ გვაქვს ოფისი ფინანსური პრობლემების გამო. დაარსების დღიდან ეს პირველი შემთხვევაა. დავრჩით სულ რამდენიმე თანამშრომელი. 

ფინანსური და ადამიანური რესურსების ნაკლებობის მიუხედავად, აუდიტორიის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა გვაძლევს ძალას, გავაგრძელოთ მუშაობა. რომ არა ჩვენი აუდიტორია და მკითხველი, ალბათ, ძალიან გაგვიჭირდებოდა. როცა ადამიანი გწერს და დახმარებას გთხოვს, როგორ შეიძლება გაჩერდე? 


„სამხრეთის კარიჭე“ დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ერთობის წევრიცაა. რას ნიშნავს „სინათლე მედია“ შენთვის? 


- „სინათლე მედიას“ ქსელის წევრობა ჩემთვის მხოლოდ პროფესიული ერთობა არ არის. ამაყი ვარ, რომ იმ 22 დამოუკიდებელ მედიას შორის ვართ, რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ საერთო ღირებულებები და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. 

დღეს, როცა დამოუკიდებელ მედიას უამრავი გამოწვევის გადალახვა უწევს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იცოდე, რომ მარტო არ ხარ, რომ შეგიძლია მიიღო მხარდაჭერა, ისწავლო მათგან და საჭირო დროს თავადაც დაუდგე გვერდით. სწორედ „სინათლე მედიის“ ფინანსური მხარდაჭერით შევძელით, დახურვამდე, რამდენიმე თვით ოფისის შენარჩუნება, თანამშრომლებისთვის ხელფასები გადახდა.

22 მედიის გაერთიანება ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანის ხმა ერთად უკვე გრუხუნია! 

მახსოვს შეხვედრა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჟურნალისტებთან, სადაც თითოეული მათგანი ძირითადად საკუთარ მედიაზე საუბრობდა. ჩვენ კი, საკუთარ პრობლემებთან ერთად, ერთმანეთის გამოწვევებზეც ვამახვილებდით ყურადღებას.

ეს არ გამორჩენიათ უცხოელ კოლეგებსაც. სინანულით ისიც თქვეს, რომ შესაძლოა, სწორედ ასეთი ურთიერთმხარდაჭერის ნაკლებობა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს საკუთარ ქვეყნებში მუშაობას ვეღარ ახერხებენ და ერთმანეთის მიყოლებით მოუწიათ ქვეყნების დატოვება.


თითქმის 2 წელია, უკანონო პატიმარია მზია ამაღლობელი. „მზიას ეფექტზე“ ბევრს საუბრობენ, შენზე რა გავლენა მოახდინა მისმა დაკავებამ?


- როცა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს ვესწრებოდი, უკან დაბრუნებული ყველგან ვყვებოდი, რაც სხდომაზე ხდებოდა, ზოგი არ მისმენდა, ზოგს არც აინტერესებდა. მესამე პროცესიდან დაბრუნებულს ახლობელმა მკითხა, მოყევი, ერთი რა ხდებოდაო. მეც მოვყევი. მერე სხვამ მკითხა, როდის ჩანიშნეს პროცესიო. ანუ დაინტერესდნენ. მერე და მერე ბათუმიდან დაბრუნებული მხოლოდ მე კი აღარ ვყვებოდი სხდომის ამბებს, ერთად ვსხდებოდით და ისე განვიხილავდით სასამართლოში მომხდარს, რადგან ისინი უკვე უჩემოდაც ადევნებდნენ თვალს და აინტერესებდათ სიმართლე. იცოდნენ პოლიციელების სახელები და გვარები, ამჩნევდნენ ისეთ წვრილმანებსაც კი, რომლებიც შემჩნეული არც მქონდა და მიკვირდა. ამ პროცესებმა მზია ამაღლობელი იმ ადამიანებსაც გააცნო, ვისაც ჟურნალისტიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. მზია როგორ იყო პროცესზე? - როცა ეს ერთმა ისეთმა ადამიანმა მკითხა, ვისგანაც ამას არ ველოდი, მივხვდი, მზია უკვე გამარჯვებულიც იყო და ყველა ომიც მოგებული ჰქონდა. 

მგონი თებერვალი იყო, მზია ამაღლობელის ერთ-ერთი სასამართლო პროცესიდან დავბრუნდით, აქციაზე აინტერესებთ ამბებიო და გავედი. თამუნა უჩიძეს ეჭირა ბანერი - „თავისუფლება მზია ამაღლობელს“. რატომღაც მე მომცა, თუ მე გამოვართვი, არ მახსოვს. მერე ოფისში წავიღე და იმ დღის შემდეგ როცა აქციაზე გავდიოდი, ეს ბანერი სულ ხელში მეჭირა. სიცივეში ძალიან მიჭირდა, თითები მეყინებოდა, მე როცა არ ვიყავი, ნუკას [სტეფნაძე] ეჭირა. ახლა ეს ბანერი სახლში დევს. დიდი იმედი მაქვს, ღრმად მოხუცებული როცა „სამხრეთის კარიბჭეს“ ოფისში მივალ, მზიას ხელმოწერილი ჩარჩოში ჩასმული დამხვდება. 




„სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტები მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებზე დასასწრებლად ახალციხიდან დადიოდით…

- ამაზე რომ ამახვილებენ ყურადღებას, მიკვირს. პირველივე პროცესზე წავედით. აზრთა სხვადასხვაობა არც კი გვქონია. ითქვა და მორჩა. დილაადრიან გავდიოდით ახალციხიდან და გვიან ღამით ვბრუნდებოდით უკან, რადგან სასტუმროს ფული არ გვქონდა და ვერსად დავრჩებოდით. ეს იყო ის მცირედი, რაც მზიასთვის და ჩვენი კოლეგებისთვის შეგვეძლო გაგვეკეთებინა. გვერდში დგომას დიდი ძალა აქვს და როცა გადავსებულ დარბაზს, ქუჩას, სასამართლოს ფოიეს ვუყურებდი, ძალა მემატებოდა. 

ბოლოს, შენი აზრით, როგორ უმკლავდება დამოუკიდებელი მედია არსებულ გამოწვევებს და როგორ წარმოგიდგენია მისი მომავალი?

- ვფიქრობ, დამოუკიდებელი მედია დღეს უფრო მეტად გადარჩენისთვის იბრძვის, ვიდრე განვითარებისთვის. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ქართული დამოუკიდებელი მედია არ ნებდება. მედიები ცდილობენ, შეინარჩუნონ პროფესიული სტანდარტი, იპოვონ მუშაობის გაგრძელების ახალი გზები და არ დაკარგონ აუდიტორია.

ჩემი აზრით, იმ განსაცდელთან გასამკლავებლად, რომლის წინაშეც დღეს დამოუკიდებელი მედია დგას, ყველაზე დიდ ძალას მზია ამაღლობელისა და მის მიერ დაფუძნებული გამოცემების: „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მაგალითი გვაძლევს. ეს გვახსენებს, რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და რატომ არ უნდა დავთმოთ ჩვენი პროფესიული ღირებულებები მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება რთულია.

მზია რამდენიმე თვის დაჭერილი იყო, როცა „ბათუმელების“ ჟურნალისტს, ნანა კვაჭაძეს ვკითხე, ასეთ მძიმე პირობებში როგორ ახერხებდნენ მუშაობის გაგრძელებას. მიპასუხა, ახლა რომ გავჩერდეთ, მზიას ეს უფრო გაანადგურებს, ვიდრე ის, რომ დაიჭირესო. ეს პასუხი ჩამრჩა თავში. მთავარი ხომ მართლაც ესაა:  არ გაჩერდე! არ დათმო შენი საქმე! 

არის ასეთი რუსული დოკუმენტური ფილმი, მგონი, სწორად მახსოვს სახელი - „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“. რედაქციაში გვქონდა ამ ფილმის ჩვენება. მოგვითხრობს რუსეთში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ბედზე, ხელისუფლების ზეწოლაზე, ცენზურასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე. ნაჩვენებია, როგორ ცდილობენ ჟურნალისტები პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ქვეყანაში, სადაც სიმართლის თქმა სულ უფრო სახიფათო ხდება. დასასრული არის მძიმე. ყველა ვტიროდით, მე ვერ დავჯექი, კედელს მიყუდებულმა ვუყურე. სიგიჟეა-მეთქი. 

მე არ ვიცი, რა იქნება თუნდაც ერთი კვირის შემდეგ. დღეს ვაკეთებთ „ნიუსს“ და ვაქვეყნებთ, ან მულტიმედია მასალას ვამზადებთ და ვდებთ. გამოდის, რომ ეს დღეც გადავაგორეთ. ესეც გამარჯვებაა. ახლა ასე, პატარ-პატარა გამარჯვებებით ვცხოვრობთ. „სამხრეთის კარიბჭეს“ ისტორიას ახლა წერს: ნუკა, ბუტა, თიკო, ჰეღინე. მადლობა მათ! 


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ