მაუწყებელში მაღლაფერიძის გავლენა ძლიერდება - ინტერვიუ პირველი არხიდან წამოსულ ქეთი თუთბერიძესთან
04.05.2022

„ბოლო დღეებია, ჩემთვის ტოქსიკური გარემოა, რადგან ორი თანამშრომლისგან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ცილისწამების მსხვერპლი გავხდი. სამსახურში ბულინგის ასეთი პრეცედენტი ჩემთვის პირველი შემთხვევაა“, - ამ განმარტებით 2 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, „ახალი კვირის“ გუნდის წევრმა ქეთი თუთბერიძემ სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დაწერა.

მის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამსახურიდან გაათავისუფლეს „ახალი კვირის“ სამი თანამშრომელი, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურისა და ე.წ. „შავი სიების“ შესახებ საუბრობდნენ.

ქეთი თუთბერიძე გვიყვება ტელევიზიაში ცენზურის მცდელობებზე, ჟურნალისტებზე ზეწოლასა და იმაზე, თუ რატომ ალაპარაკდნენ „პირველი არხის“ თანამშრომლები ამაზე საჯაროდ.

რატომ გადაწყვიტეთ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წასვლა?

შორიდან დავიწყებ. პირველი არხიდან წამოსვლა 2020 წლის გაზაფხულზე გადავწყვიტე, როცა დაიწყო ჩემზე წნეხი მაშინდელი დირექტორისგან - ვასილ მაღლაფერიძისგან. მუდმივად ვფიქრობდი წასვლაზე, მაგრამ მაკავებდა იმაზე ფიქრი, რომ ეს კომპრომისი იქნებოდა. ეს ხომ კერძო ტელევიზია არ არის?!

თუმცა, ეს კონტროლი ისეთი შემაწუხებელი იყო, ყოველდღე ვფიქრობდი წამოსვლაზე. მალევე ვასილ მაღლაფერიძე გადადგა და იმედი გამიჩინა თინათინ ბერძენიშვილის დირექტორად არჩევამ. ჩემთვის იგი, თავისი ღირებულებათა სისტემით, ძალიან მისაღები დირექტორი იყო.

2017 წლის დასაწყისიდან 2018 წლის ოქტომბრამდე ისე ვიმუშავე „მოამბეში“, რომ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის ერთი მცდელობაც არ მახსენდება. 2019 წლიდან კი, როცა ახალ კვირაში გადავედი და ანალიტიკურ მასალებზე დავიწყე მუშაობა, ნელ-ნელა დაიწყო ზეწოლა, თითქოს, ხიბლში შედიოდა ეს კონტროლი.

რაში გამოიხატებოდა კონტროლი და კონკრეტულად ვისი მხრიდან მოდიოდა თქვენზე ეს ზეწოლა?

ამ კონტროლის სისტემის ავტორი ვასილ მაღლაფერიძე იყო, ხოლო ზეწოლის გამტარი კი - ეკა შონია. მას, პირადი შეტყობინებით ან სატელეფონო ზარით არაერთხელ მოუცია უცნაური შინაარსის შენიშვნა ფეისბუკ სტატუსთან ან სიუჟეტის ტექსტთან დაკავშირებით. პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იყო „ახალ კვირაზე“ მეტი ზეწოლა, ვიდრე სხვა გადაცემებზე, ძალიან მარტივად აიხსნება - ეს გადაცემა შეიქმნა უშუალოდ ვასილ მაღლაფერიძის ჩართულობით და მთავარი პროდიუსერი იყო ეკა შონია, პასუხისმგებლობაც ეკას ეკისრებოდა.

მკაცრად აკონტროლებდნენ რესპონდენტების სიას. რა თქმა უნდა, პროდიუსერს და რედაქტორს შეუძლიათ იკითხონ, ვინ არიან რესპონდენტები, გაიარონ რეპორტაჟის დეტალები ჟურნალისტებთან, მაგრამ, როდესაც გყავს ანალიტიკური გადაცემისთვის დაკომპლექტებული ძლიერი გუნდი და დამწყები ჟურნალისტივით უკონტროლებ ყველა დეტალებს და არკვევ ამა თუ იმ რესპონდენტს რამე ცუდი ხომ არ აქვს პირველ არხზე ნათქვამი, ეს სერიოზულ ეჭვებს ბადებს.

უფრო ზუსტად, როდის დაიწყო კონტროლი და რა ფორმით?

2019 წლიდან, ნელ-ნელა და ფრაგმენტულად, თუმცა მსმენია, რომ მანამდეც არჩევნების დროს იყო ჟურნალისტებზე ზეწოლა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვერც 2019 და ვერც 2020 წელს, 17 მაისს ჩვენ ვერ გავაკეთეთ სიუჟეტი ლგბტ თემის უფლებებზე. გვეუბნებოდნენ, „პროპაგანდად“ ჩაგვეთვლებაო. ამის გამო ადამიანის უფლებების საკითხზე მომუშავე ჟურნალისტები ღიად გამოხატავდნენ აღშფოთებას.

იყო ფეისბუქ აქტივობების - ლაიქების, სტატუსების აქტიური კონტროლიც. ჩემთან მიმართებით, ძირითადად, ამ კუთხით იყო პრეტენზია. ცხადია, მე პოლიტიკურად ანგაჟირებული სტატუსი არასდროს დამიწერია, არ გამომიხატავს სიმპატია რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, არასდროს, დამიწერია დისკრიმინაციული კომენტარი, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაცები აშკარად არ მოსწონდათ და ამას თავისუფალი აზრის გამოხატვად კი არა, მიკერძოებად აფასებდნენ.

მაგალითად, როდესაც „იმედის“ ეთერში გავიდა ნიკა ლალიაშვილის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, ფეისბუკზე დავწერე ირონიული პოსტი - „ჰარდ-თოქის“ განმარტება - და ამაზე ეკა შონია აღშფოთდა. მომწერა, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა შენი სტატუსი და წაშალეო. თუმცა, არ წამიშლია.

ჩემი სიუჟეტებისა და საჯარო კომენტარების კონტროლი ერთხელაც გადავიდა წნეხის ფაზაში. პირველი სერიოზული კონფლიქტი 2020 წლის 9 მაისს მოხდა. თათბირზე დავგეგმეთ სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა საბჭოთა ჯარის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს ცენტრალურ ევროპასა და ბერლინში. ყველამ ვიცით, რომ რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს მესამე რაიხი მხოლოდ საბჭოთა კავშირმა დაამარცხა და ევროპას თავისუფლება მოუტანა.

ჩემი სიუჟეტის აქცენტი კი იყო იმაზე, რომ ცენტრალურ ევროპაში ერთი ბოროტება, მესამე რაიხი, შეცვალა მეორე ბოროტებამ - საბჭოთა კავშირმა. ეს თემა თათბირზე მისაღები იყო პროდიუსერებისთვის, მათ შორის ეკა შონიასთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდეც და მერეც არაერთი სიუჟეტი გვქონია საბჭოთა ჯარის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულზე უნგრეთში, პრაღასა და ლიეტუვაში, თავისთავად 9 აპრილზე და ასევე საბჭოთა რეპრესიებზე. ყოველი თებერვლის ბოლო კვირას ჩვენი გადაცემა, ასევე მოამბე და არხის სხვა გადაცემები საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილ სისასტიკეს ეთმობოდა. შესაბამისად, ვერაფრით დავუშვი, რომ ეს თემა პრობლემად იქცეოდა ვინმესთვის.

გადაცემა კვირას, 10 მაისს გადიოდა და სიუჟეტიც ამ დღეს უნდა გასულიყო ეთერში. 9 მაისს ფეისბუქზე დავწერე სტატუსი იმავე შინაარსით, რა პათოსითაც ვაკეთებდი სიუჟეტს. დამირეკა ეკა შონიამ, ძალიან აღელვებული მომეჩვენა. მითხრა, ვასიკომ [მაღლაფერიძემ] დამირეკა და გაგიჟდა შენი სტატუსის გამოო.




ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სიუჟეტის დაბლოკვა ნებისმიერი მიზეზით, მით უმეტეს, ფეისბუკ პოსტის გამო იბლოკებოდა სიუჟეტი, რომელიც დირექტორს ნანახიც არ ჰქონდა. მე ვითხოვდი არგუმენტებს, რა ნაკლი ჰქონდა სიუჟეტს და რატომ ვერ გავიდოდა ეთერში. არგუმენტი იყო, რომ ეს სიუჟეტი ვეტერანების წვლილს დააკნინებდა.

სიუჟეტი მაინც დავამონტაჟე, იმედით, რომ გავიდოდა ეთერში, დავადეთ პირველი არხის ლოგო ვების ვერსიისთვის, მაგრამ არ გასულა. პროდიუსერებმაც იცოდნენ, რომ სიუჟეტს ვამონტაჟებდი. მაშინ „ახალი კვირის“ გუნდში ვთქვი, რომ ამ ამბავს ასე მარტივად არ გავატარებდი და, თუ საჭირო გახდებოდა, გავასაჯაროვებდი. მართლაც, მალევე არაერთ ადამიანს არასამთავრობო სექტორში შევატყობინე ფაქტის შესახებ, თუმცა, ინფორმაცია არ გავასაჯაროვეთ. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩემი სიუჟეტის გატანა ვერ მოვახერხე. თან მიჩნდებოდა ეჭვი, რომ არხის ხელმძღვანელობისგან იდეოლოგიური წნეხი მოდიოდა, და სურდათ, ჩვენგან სტერილური ჟურნალისტების კასტა შეექმნათ, რომლებიც სოციალურ ქსელში საკუთარ აზრს ძალიან მწვავე საკითხებზეც კი არ დააფიქსირებდნენ.



სიუჟეტი, რომელიც ქეთი თუთბერიძის თქმით, არხზე დაიბლოკა



ეს ამბავი აქ არ მთავრდება. ამის შემდეგ, ვასილ მაღლაფერიძემ ჩაატარა თათბირი და ეს იყო პირველი შემთხვევა უშუალოდ ჩემთან დაკავშირებით, როცა დირექტორი გადაცემაში პირადად ჩაერია: ის ამტკიცებდა, რომ ამ თემით საზოგადოებრივ მაუწყებელს პრობლემა შეექმნებოდა. მიხსნიდა, რომ მსგავსი ნარატივი ყოვლად მიუღებელია - შეფარულად ნაცისტური და 9 მაისს ეს სიუჟეტი ეთერში არ უნდა გასულიყო. ასევე, დიდაქტიკური ლექცია წაგვიკითხა იმაზე, თუ როგორ უნდა ვაკონტროლოთ ფეისბუქ პოსტები საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა. ფაქტობრივად, ითხოვდა, რომ სტატუსიც წამეშალა. ეს პოსტი არ წამიშლია და ჩემ გვერდზე დღემდე იძებნება.

ვინ ესწრებოდა თათბირს?

მაშინდელი თანამშრომლების თითქმის სრული შემადგენლობა, სოფო ზედელაშვილის, იმედა დარსალიას, ოთო გიორგაძის, თამთა ჯანაძის და ვიკა ბუკიას გარდა. მაშინ თამთა და ვიკა დეკრეტში იყვნენ.

ანუ ის თანამშრომლები, ვინც ხელი მოაწერა „ახალი კვირის“ სახელით გავრცელებულ განცხადებას, რომ მაუწყებელში ცენზურა არ ყოფილა, ამ შემთხვევის მომსწრენი იყვნენ?

დიახ, მაგრამ მათმა ნაწილმა ეს უფრო ჩვენ შორის იდეოლოგიურ აცდენად შეაფასა, ვიდრე ცენზურად. ზოგი ფიქრობდა, რომ ქართული საზოგადოება მენტალურად მზად არ არის, მიიღოს სიმართლე ბერლინის აღების შემდეგ საბჭოთა ჯარის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულზე. განცხადებაზე ხელმომწერებს შორის არიან ისეთებიც, ვის ჟურნალისტურ საქმიანობაშიც არასდროს ჩარეულან, და მათი ხელმოწერა გულწრფელია.

ამ თათბირის შემდეგ ათმაგად გაძლიერდა ჩემ მიმართ კონტროლი, განსაკუთრებით ფეისბუქ სტატუსების და კომენტარების ირგვლივ. „ახალი კვირის“ ყოფილმა ჟურნალისტმა სოფო მთივლიშვილმა „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში თქვა ასეთი ფრაზა - „100 ყური 100 თვალი“. აი, ასეთი დამოკიდებულება იყო ჩემდამი და ეს დამოკიდებულება ვასილ მაღლაფერიძის გადადგომამდე გაგრძელდა.

მაგალითად, 2020 წლის არჩევნებამდე 3 თვით ადრე გავაზიარე თამარ ჩერგოლეიშვილის ძალიან საინტერესო სტატია „ვინ დაამარცხებს გველეშაპს“ და მახსოვს, ამის გამო საკმაოდ უხეში ფორმით შენიშვნაც კი მივიღე. 2 კვირის შემდეგ, ეკა შონიამ თათბირზე მითხრა, „ყელშია ამოსული შენი სტატუსები და ჩერგოლეიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში რამ დაგათაგინაო“. თუმცა, სტატუსი არც მაშინ წამიშლია.

სხვა შემთხვევებში ვასილ მაღლაფერიძის მხრიდან კონტროლი თქვენამდე „ახალი კვირის“ პროდიუსერის - ეკა შონიას გავლით მოდიოდა?

კი, მაგრამ მაქვს განცდა, რომ თავად ეკაზეც იყო გარკვეული სახის ზეწოლა. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ, როდესაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა, ეკა აღარ ცდილობდა ჩვენს კონტროლს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი იგი საკუთარი ნებით ჩამოშორდა გადაცემას, თათბირებსაც აღარ ესწრებოდა. „ახალი კვირის“ სხვა პროდიუსერებთან პირადად მე არასდროს მქონია პრობლემა.

თქვით, რომ მაშინ თინათინ ბერძენიშვილის დირექტორად დანიშვნამ გადაგაფიქრებინათ მაუწყებლიდან წასვლა...

კი, ნაწილობრივ ასეა. საზოგადეობრივ მაუწყებელში ჩემი პოზიციის არდათმობა და დირექტორის ცვლილება იყო ჩემი დარჩენის ორი მიზეზი.

ახალი სეზონიდან „ახალი კვირა“ დაბრუნდა ეთერში და მალევე გადაცემის წამყვანი, იმედა დარსალია შეხვდა თინათინ ბერძენიშვილს, რათა გაეცნო წარსულში არსებული პრობლემები. როგორც იმედამ გვიამბო, დირექტორისგან მიიღო გარანტია, რომ ვიქნებოდით აბსოლუტურად დამოუკიდებლები და გადაცემაში დაბრუნდებოდა მანამდე, წელიწადნახევრის განმავლობაში შეზღუდული პოლიტიკური თემები.

ასეც მოხდა. იმ შეხვედრის შემდეგ იმედა დარსალიამ ისიც თქვა, რომ თინათინ ბერძენიშვილის პოზიცია იყო შემდეგი: კარგი ჟურნალისტი თავად უნდა იბრძოდეს საკუთარი უფლებებისთვის და საკუთარი პრინციპების მცველიც თავად უნდა იყოს. ეს კარგ გზავნილად აღვიქვი.

გარდა ცენზურის მცდელობებისა, იმედა დარსალია „შავი სიების“ არსებობაზე საუბრობს. თქვენც ადასტურებთ?

სამწუხაროდ, ტელევიზიის გარეთ ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ არსებობდა რაღაც სია, რომელიც მეილზე მივიღეთ, და გვისაზღვრავდა, უნდა ჩაგვეწერა და ვინ არა. ეს ასე არ არის. ეს იყო ზეპირსიტყვიერი რეგულაციასავით და რესპონდენტების დაბლოკვის მთავარ კრიტერიუმად პირველი არხის მიმართ ამ ადამიანების განწყობა განიხილებოდა. უფრო მარტივად რომ ავხსნა, თუ რომელიმე მათგანს პირველ არხზე რაიმე კრიტიკული ჰქონდა ნათქვამი ან დაწერილი, არასასურველი რესპონდენტი ხდებოდა. ეს არ ეხებოდა პოლიტიკოსებს, ძირითადად ექსპერტებზე და არასამთავრობო სექტორზეა საუბარი. მსგავსი ტაქტიკა ყველაზე აქტუალური 2019-2020 წლებში იყო.

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ მოვლენებს, ამის შემდეგ იმედა დარსალია ალაპარაკდა ცენზურის ფაქტებზე, რასაც ძირითადად 2018-2019-2020 წლებში აწყდებოდა „ახალი კვირის“ გუნდი.

იმედა დარსალიას მიერ პრესკონფერენციაზე ჩამოთვლილი ადამიანები არაერთხელ ჩაგვიწერია „ახალ კვირაშიც“ და „მოამბეშიც“. მაგალითად, თინა ხიდაშელი, ზურაბ ბატიაშვილი და ეკა აკობია ბოლოს 2021 წლის ნოემბერში ჩავწერე, გადაცემის დახურვამდე ერთი თვით ადრე. იმ წლებშიც, რაც წეღან დავასახელე, ამ ადამიანებთან ინტერვიუებს ვწერდით, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კრიტიკულ პოსტს ან კომენტარს დაწერდა, პერიოდულად იბლოკებოდნენ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ მაინც ვწერდით ხოლმე ინტერვიუებს. ფაქტობრივად, მაშინდელი მენეჯმენტის სუბიექტური დამოკიდებულებით ხდებოდა რესპონდენტების განსაზღვრა „ახალ კვირაში“. ასეთი მიდგომა საზოგადოებრივ მაუწყებელში ძალიან ინფანტილური და არასერიოზულია.

სხვათაშორის, შარშან სწორედ ამ ადამიანების სიით შევიდა იმედა დარსალია თინათინ ბერძენიშვილთან და მოუყვა რესპონდენტების დაბლოკვის ზემოთ ხსენებულ მეთოდზეც. ამან ახალი დირექტორი გააოგნა. მას შემდეგ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორებულა, ალბათ იმედასთვისაც ამაზე საუბარი სრულიად არარელევანტური იქნებოდა დღეს, რომ არა რეორგანიზაცია.

ამბობთ, რომ თინათინ ბერძენიშვილის დირექტორობის დროს ცენზურის მცდელობა აღარ ყოფილა?

სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო ზეწოლა, ჩვენზე „აზრის პოლიციის“ წნეხი და სისტემური ცენზურა ნამდვილად არ ყოფილა, მომავალში რა იქნება, არ ვიცი. თუმცა ამათუიმ სიუჯეტის იდეაზე არაერთხელ მომისმენია ფრაზა „ამას არ გაგვაკეთებინებენ“, ან შევსწრებივარ თემის შერბილების მცდელობას, თუ რაღაც ძალიან მწვავე პოლიტიკურ თემას მოიტანდა ვინმე. ყოველთვის თუ არა, ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტი მაინც აღწევდა თავისას.

მინდა ისიც აღვნიშნო, რომ „ახალ კვირაში“ არასდროს გასულა ტყუილი ან ფაქტი არავის დაუმახინჯებია, გავიდა რამდენიმე საკმაოდ კრიტიკული სიუჟეტი სუს-ის მოსმენების სკანდალზე, მიხეილ სააკაშვილის შელახულ უფლებებზე, „ქართული ოცნების“ ბუნდოვან საგარეო კურსზე, გენეტიკური დაავადებების მქონე ბავშვებზე, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიტოვებული ჰყავს, და ა.შ.

ჟურნალისტებს თვითცენზურა ჰქონდათ?

შეიძლება ვიღაცას აქვს თვითცენზურა, ვიღაცას არა. ეს ფრაზები კი, რაც ჩამოვთვალე, უფრო პროდიუსერებისგან გამიგია, თუმცა, წნეხი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არ ყოფილა და ამაში წვლილი ჟურნალისტებს მიუძღვით.

ანუ, ეს თემები თათბირებზე განიხილებოდა და „ახალი კვირის“ სხვა თანამშრომლებმაც იცოდნენ ცენზურის მცდელობების შესახებ?

„თემა ფრთხილად გავაკეთოთ ან ამას არ გაგვაკეთებინებენ, რადგან საფრთხილოა“ - ეს ფრაზა არაერთხელ სმენიათ. თუმცა, „ახალ კვირაში“ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის პრაქტიკა ხორციელდებოდა ინდივიდუალურად, - ტელეფონით, პირად საუბრებში. მგონია, რომ ესეც სტრატეგია იყო. ვიღაცებმა ნამდვილად არ იცოდნენ, არც შეხებიათ, ვიღაცებმა იცოდნენ.

ვიღაცებს სჯერათ, რომ ეს იყო პროფესიული კამათი და არა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. თუმცა, მაგალითად 17 მაისს იმის თქმა, რომ სიუჟეტი „ლგბტ პროპაგანდა“ არ გამოვიდეს და ამ მიზეზით არ გავაკეთოთ, მეეჭვება საღად მოაზროვნე ადამიანს ეს ცენზურად არ მიაჩნდეს. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს ფრაზა ერთ-ერთ ჟურნალისტს პირადად უთხრეს და არა თათბირზე.

2021 წლის 17 მაისს კი ნამდვილად გავიდა სიუჟეტი ქვიარ თემის შელახურ უფლებებზე, სახელწოდებით „არა ჰომოფობიას“.

რა შეიცვალა 2021 წლის დეკემბრის შემდეგ?

„ახალი კვირის“ რეორგანიზაცია მოულოდნელი იყო.

კონკრეტული მიზეზი უცნობია. გაჩნდა ეჭვი, ხომ არ გვსჯიან თავისუფლებისთვის?! იმედა დარსალიამ კი საჯაროდ არაერთხელ აღნიშნა, რომ „ალტ-ინფოზე“ გასული ჩემი სიუჟეტის შემდეგ, კოკა მორგოშიას მუქარა გადაცემის მიმართ დროში ძალიან ცუდად დაემთხვა რეორგანიზაციას. ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ზოგადად ვარაუდის გახმოვანებას მტკიცებულების გარეშე.

საზოგადოების ნაწილში დაიბადა მცდარი აზრი, თითქოს მართლაც „ალტ-ინფო“ მართავს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო სხვა თანამშრომლებისთვის, რადგან 5 ივლისს რუსთაველზე ალტ-ინფოს მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ აქციაზე პირველი არხის სამი ჟურნალისტი სიკვდილს გადაურჩა და რა თქმა უნდა, არხის აფილირება პრორუსულ ძალასთან მიუღებელია მათთვის.

მენეჯმენტთან დაპირისპირებაში იმედა დარსალიას შეუერთდნენ თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი. მე მათ ამ ბრძოლაში არ გავყევი. ვუთხარი, რომ მირჩევნია, გავაგრძელო შიდა ბრძოლა და დაუმორჩილებლობა ცენზურის ყველა მცდელობის შემთხვევაში თუ ასეთი რამ მოხდებოდა. ასევე ვუთხარი მათაც და ახალი კვირის სხვა ჟურნალისტებსაც, რომ ვითანამშრომლებდი ყველასთან და მოვყვებოდი სიმართლეს მოკვლევის შიდა პროცესში. ასევ მოვიქეცი.

შემდეგ ჩემდაუნებურად აღმოვჩნდი მოვლენების ეპიცენტრში, როცა 25 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედა დარსალიამ წარსულში ჩემთან დაკავშირებულ ცენზურის ფაქტებსა და დაბლოკილ რესპონდენტებზე ჩემთან შეუთანხმებლად ისაუბრა. ეკრანიდან ვისმენდი ფრაგმენტებს და სხვადასხვა მედიაში ვკითხულობდი კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფაქტებს, რაც მე მიკავშირდებოდარაც ძალიან უსიამოვნო იყო. როგორც სოფო ზედელაშვილმა და თამთა ჯანაძემ მითხრეს, მათ არ იცოდნენ, ამ ფაქტების სააშკარაოზე გამოტანა ჩემთან შეუთანხმებელი იყო.

როდესაც იმედამ თქვა, რომ „ახალ კვირაში“ ცენზურის ქვეშ მოექცა სიუჟეტი სსრკ-ს სამხედრო დანაშაულის შესახებ, სწორედ იმ სიუჟეტს გულისხმობდა, რაზეც აქამდე ვისაუბრე. ისიც უნდა ითქვას, რომ აქამდე ვფიქრობდი, დიდი ძალისხმევის შედეგად უკვე გადაჭრილ პრობლემებზე ახლა საუბარი, არარელევანტურია.

მაშინ ძალიან მომინდა გავქცეოდი ამ პრობლემებს, - არც სამსახურში დავრჩენილიყავი და არც ამ პროცესში ჩავრთულიყავი. იმასაც ვაცნობიერებ, რომ ასე არ გამოვიდოდა და ჩემი წილი პასუხისმგებლობა უნდა ამეღო. დღეს, როცა ვასილ მაღლაფერიძე, თავისი პოლიტიკური წარსულითა და „აზრის პოლიციის“ პრაქტიკით, ბორდის თავმჯდომარედ ბრუნდება, მიჩნდება ეჭვი, რომ ისევ დაბრუნდება ძველი პრაქტიკა და საზოგადოებამ ამ ფაქტების შესახებ უნდა იცოდეს.

გარდა ამისა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ველოდებოდით, რომ რეორგანიზაცია დასრულდებოდა და გადაცემა ეთერში დაბრუნდებოდა. თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაემტკიცებინა, გადაცემა არ დახურულა. მაგრამ ფაქტია, გადაცემა ისევ დროში გაწელილი რეორგანიზაციის პროცესშია.

ამ ამბების შემდეგ მენეჯმენტმა შიდა მოკვლევა დაიწყო. რასაც ჩვენ გვიყვებით, ამის შესახებ ბორდსა და დირექტორთა საბჭოსთანაც ისაუბრეთ?

კი, ყველაფერი ავუხსენი წინა ბორდის წევრებს და დირექტორთა საბჭოსაც. ვუამბე აკრძალულ სიუჟეტზე, რესპონდენტების დაბლოკვის მცდელობებზე გაუმართლებელი მიზეზით. ვისაუბრე იმაზეც, რომ გვიკონტროლებდნენ სტატუსებს, ლაიქებს და კომენტარებს.

ამ ყველაფრის მერე ცოტა უცნაურია, რომ ბორდის თავმჯდომარედ აირჩიეს ვასილ მაღლაფერიძე. მას ბორდის მხოლოდ ორმა წევრმა არ მისცა ხმა.

შიდა მოკვლევის შედეგად იმის თქმა, რომ თურმე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესახებ არაფერი გამოიკვეთა, ჩემთვის საგანგაშო სიგნალია.

თავისუფლად შეიძლებოდა დირექტორთა საბჭოს ეთქვა, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეშად ჩარევის ფაქტების ნაწილი დღეს არარელევანტურია და წარსულს ჩაბარდა, ეთქვა, რომ რაღაც საკითხები სანახევროდ, ჟურნალისტის ინტერპრეტაციაა, ეთქვა, რომ ეს აზრთას სხვადახვაობა სამუშაო პროცესის ნაწილია, მაგრამ მოკვლევის პროცესში მიცემული ჩვენებებით წნეხისა და ჩარევის კვალი მაინც აშკარად იკვეთება. სულ მცირე, რამდენიმე ფაქტი მაინც დადასტურდებოდა ჩვენი ჩვენებებით. მტკიცება იმისა, რომ სრულიად არაფრისგან ამ ადამიანებმა ყველაფერი გამოიგონეს, მაშინ, როცა დაჩეხილი და დაბლოკილი სიუჟეტების სახით მტკიცებულებები არსებობს, გაუგებარია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სამ ადამიანთან მნიშვნელოვან საკითხებსა და სხვადასხვა ადამიანთან აზრთა სსხვადახვაობა მაქვს და, რომ მე მათ ღია და საჯარო ბრძოლას არ შევუერთდი, მათი სამსახურიდან გათავისუფლება ცრუ ბრალდებების მუხლით და დამოუკიდებელი მოკვლევის გარეშე, ყოვლად მიუღებელია.

გამოდის, რომ თქვენი ტელევიზიიდან წასვლის მიზეზი ვასილ მაღლაფერიძის დაბრუნება და თქვენი თანამშრომლების უსამართლოდ გაშვება გახდა?

კი, ნამდვილად. კიდევ ერთი მიზეზი იყო ტოქსიკური გარემო, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა. „ახალ კვირაში“ რეორგანიზაციის დაწყების შემდეგ, „მოამბეში“ გადავედი, იქაც საერთაშორისო პოლიტიკას ვაშუქებდი. ჩემს საქმიანობაში არავინ ჩარეულა, არც არავისთან მქონია კონფლიქტი, პირიქით, უმრავლესობასთან მეგობრული ან საქმიანი ურთიერთობა მაქვს. მაგრამ 25 მარტს გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ეჭვით დამიწყეს ყურება. ბოლოს კი, როცა საჯარო კომენტარით გავაპროტესტე მათი გაშვება მოკვლევის დასრულების გარეშე, ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეურაცხყოფა მომაყენა, ოთახში შემომივარდა.

ახლა რამდენიმე ადამიანი ჩემი რეპუტაციის შელახვას ცდილობს. უცებ აგორდა ჩემზე ბინძური კამპანია, რომ მე ვარ ამ პროცესების „რუხი კარდინალი“ და „ტელევიზიაში „გადატრიალება დამიგეგმავს“. სხვა ვერსიაც მესმის, რომ თურმე ცენზურის მცდელობის არცერთი ფაქტი არ დამიდასტურებია. საბედნიეროდ დირექტორთა საბჭოსთვის მიცემული ჩემი ჩვენების ჩანაწერი არსებობს.

ასევე ზოგიერთი ადამიანი, ორმელსაც ტელევიზიასთან შეხება არ აქვს, მწერდა, რატომ ვიყავი ჩუმად იმ პრობლემებზე, რაც მე გადამხდა. ყველას ვერ ავუხსნი, რომ ჩემს მოვალეობას ყოველთვის კეთილსინდისიერად ვასრულებდი და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ან სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო მიღებულ შენიშვნას უკომპრომისოდ ვხვდებოდი. ამას ჩემი რეპორტაჟები ბევრად ნათლად ადასტურებს, ვიდრე სიტყვები.

წასვლის განცხადებაში მენეჯმენტს ვუთხარი, რომ ტოქსიკური გარემოა და ბულინგისა და ცილისწამების შემთხვევის მსხვერპლი გავხდი.

რატომ არ საუბრობდით ამ თემებზე აქამდე საჯაროდ? მით უმეტეს, გქონდათ კონკრეტული მაგალითები.

საზოგადოებრივ მაუწყებელში შიდა ბრძოლა და დაუმორჩილებლობა პროფესიული უკომპრომისობით უფრო სწორი სტრატეგია მგონია, ვიდრე საჯაროობა. შიგნით სულ ვსაუბრობდით ამაზე. ეს იყო ჩემი ერთადერთი სიუჟეტი, რომელიც დაბლოკეს და ველოდებოდი დროს, როცა ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებდი.

თავის დროზე არასამთავრობო სექტორის არაერთ წარმომადგენელს მოვუყევი აღნიშნული ფაქტის შესახებ. ამ ადამიანების უმრავლესობამ მირჩია, საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუციის იდეისთვის არ მეღალატა, დავრჩენილიყავი არხზე და არ დამეშვა ზეწოლა საკუთარ თავზე.

გარდა ამისა, თუ აქამდე ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტზე საუბარი წლების შემდეგ არარელევანტურია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკვე სხვაგვარად ვფიქრობ, რადგან მაუწყებელში ვასილ მაღლაფერიძის გავლენა სავარაუდოდ, გაძლიერდება და მხოლოდ მასშიც არ არის პრობლემა.

მაუწყებელს მძიმე ცენზურის მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს გამოვლილი, მითუმეტეს წინა ხელისუფლების პირობებში და ზოგადად, უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ყველა დაბლოკილმა მასალამ იხილოს დღის შუქი.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ