მედიის გამოწვევები ომში და ომის შემდეგ - ინტერვიუ ბექა ბაჯელიძესთან
27.06.2022
რუსეთ-უკრაინის ომში, სამხედრო დაპირისპირებასთან ერთად, ხუთი თვეა, გრძელდება ჰიბრიდული ომიც, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგაც დარჩება გამოწვევად.

"ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" (IWPR) მიზანია, ხელი შეუწყოს კომუნიკაციას კონფლიქტით გახლეჩილ საზოგადოებებს შორის და განავითაროს თავისუფალი, დემოკრატიული მედია, კონფლიქტისგან დაზარალებულ და პოსტ კონფლიქტურ კრიზისში მყოფ ქვეყნებში. ისინი 2013-14 წლიდან აქტიურად მუშაობენ უკრაინის საკითზე, როდესაც ორ ქვეყანას შორის პირველი შეიარაღებული დაპირისპირებები დაიწყო. მათ შორის, იკვლევენ ომის დანაშაულებს.

IWPR-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი, ბექა ბაჯელიძე გვესაუბრება რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქების გამოწვევებზე, პროპაგანდაზე, რუსულ და უკრაინულ საინფორმაციო კამპანიაზე და სხვა საკითხებზე, რომელიც ამ სამხედრო დაპირისპირებამ წინ წამოწია.

როგორ შუქდება ომი რუსეთსა და უკრაინაში, როგორ მუშაობს პროპაგანდა?

პროპაგანდა ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. არის ძალიან ბევრი მსგავსება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია განსხვავებები. რაღაც მუშაობს მოლდოვაში, სომხეთში, უკრაინაში, მაგრამ არ მუშაობს საქართველოში, და - პირიქით.

როდესაც ომი დაიწყო, მოლდოვაში ვიყავი და ძალიან საინტერესო მომენტი იყო, რომ თავდაპირველად მედია ამას არ აშუქებდა. უკრაინაში ომის დაწყების შესახებ შეტყობინება საზოგადოებას დაგვიანებით მიეწოდა. პრინციპში, ამას თავიდან ომიც არ ერქვა, რუსული ნარატივის გავლენით, მას „სპეციალურ სამხედო ოპერაციად“ მოიხსენიებდნენ. რეალური სახელი ამ ყველაფერს, დაახლოებით, 48 საათის შემდეგ დაერქვა.

მოლდოვაში ძალიან აქტიურად მუშაობდნენ რუსული არხები - ისინი პირდაპირ დარეგისტრირებული არიან და თავისუფლად მაუწყებლობენ. ავრცელებდნენ პროპაგანდისტულ გზავნილებს, ან საერთოდ არაფერს - რასაც ჩვენ დუმილის პროპაგანდას ვეძახით (როდესაც რამე მნიშვნელოვანი ხდება რეგიონში და მაყურებელს არ აქვს ინფორმაცია, რადგან იმ საინფორმაციო პლატფორმებზე გადის ფილმი, მაგალითად, საბჭოთა ცხოვრების შესახებ და ა.შ.).

ამ დინამიკაში მოლდოვის ხელისუფლებამ და კომუნიკაციების მარეგულირებელმა მაინც გასაგებად განაცხადეს, რა საფრთხეები მოჰყვება რუსულ პროპაგანდისტულ არხებს და ეს არხები თებერვალ-მარტის პერიოდშივე გათიშეს.

გათიშვის გადაწყვეტილება დაეყრდნო ძალიან საინტერესო იურიდიულ არგუმენტაციას და პრაქტიკას, რომელიც უკვე არსებობს ბალტიისპირეთის ქვეყნებში - ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში და ახლა უკვე ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე, დიდ ბრიტანეთში.

საქართველოში კი, თუ ე.წ. უბნის საკაბელო ტელევიზიებით ან მცირე ციფრული მაუწყებლობის კომპანიით სარგებლობთ, კრემლთან ასოცირებული ყველა, როგორც საინფორმაციო, ასევე გასართობი არხი ხელმისაწვდომია.

მქონდა შეხება რამდენიმე კაბელური ტელევიზიის ხელმძღვანელთან და ისინი ამას ამართლებენ იმით, რომ მოთხოვნა მაღალია და „სხვაგვარად ბიზნესს დაკარგავენ“.

ვფიქრობ, ამაზე დისკუსია უნდა დაიწყოს. რაზეა მოთხოვნა, სხვა რა ალტერნატივებია მედია ბაზარზე რომ მომხმარებელს გამართული, ხარისხიანი მედია მიეწოდოს და არა პროპაგანდა? ამჟამად გამოდის, რომ ჩვენს საზოგადოებას დიდი მასშტაბის ტყუილზე აქვს წვდომა, რაც ძალადობას და ზიზღს აქეზებს. ასეთი შინაარსის მედია ვრცელდება საყოფაცხოვრებო დონეზე და ასევე თითქმის ყველა სასტუმროში.

ვფიქრობ, წინადადება უნდა წარედგინოს კომუნიკაციების კომისიას. უნდა დაიწყოს უკვე განხილვა არსებული პრაქტიკისა, სადაც ძალიან გასაგებად არის დასაბუთებული, რომ ზიზღის წაქეზება, ტყუილი, მიკერძოება არ უნდა იყოს ბაზარზე, ისევე როგორც დაუშვებელია ადამიანების დამაზიებელი საკვები პროდუქტის შეტანა მაღაზიის დახლებზე, რომელსაც ტყუილი ინგრედიენტების შემადგენლობა აწერია.

თქვენ ომის დაწყების დღიდან აკვირდებით რუსულ პროპაგანდას, რა ძირითად გზავნილებს გამოყოფდით?

24 თებერვლიდან მაისის ბოლომდე ვაკვირდებოდით პროპაგანდისტული გზავნილების ევოლუციას. შეგვიძლია ეს გზავნილები ორ ტიპად დავყოთ. ერთი საერთაშორისო მასშტაბისაა და ცდილობს, საერთაშორისო აუდიტორიას დააჯეროს, რომ ეს ინტერვენცია გამართლებული იყო. ხოლო მეორე - პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე მორგებული გზავნილებია ომთან დაკავშირებით.

ძირითადად, ეს გზავნილები თამაშობს სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა პერიოდში:

  • უკრაინის ხელმძღვანელობაში არიან ნაცისტები და ეს არის „დენაციფიკაციის“ ოპერაცია.
  • უკრაინა არის რუსეთი და დასავლეთი იყენებს მას რუსეთის წინააღმდეგ.
  • უკრაინა ემზადება ატომური ბომბის შესაქმნელად.
  • თუ კოსოვოს მისცეს დამოუკიდებლობა, რატომ არ შეგვიძლია მსოფლიომ აღიაროს აღმოსავლეთ უკრაინა და ყირიმი?

რაც შეეხება ლოკალიზებულ მესიჯებს საქართველოსთან დაკავშირებით:

  • ნაციზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უკრაინაში.
  • ლტოლვილები ზედმეტ პრობლემას ქმნიან.
  • ქვეყნები ეკონომიკურ სანქციებს არ უნდა შეუერთდნენ, რადგან რუსეთის გარეშე არსებობა შეუძლებელია.
  • გზავნილები შიშის გამღვივებლად - რომ ომი დაიწყება.
  • ნეიტრალიტეტი ჯობია და ა.შ.


რა პლატფორმების საშუალებით ვრცელდება, ეს გზავნილები?

ძირითადად, სოციალურ ქსელებში. ეს გზავნილები ირიბად ვრცელდება ხელისუფლებასთან დაახლოებულ არხებსა და ულტრამემარჯვენე, პრორუსულ პლატფორმებზე, რომლებიც საკმაოდ ბევრია საქართველოში. ისინი აჟღერებენ სახელისუფლებლო ან პრორუსულ ნარატივს. მათ არ გააჩნიათ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი მოსაზრება. ისინი ელოდებიან ხელისუფლებისგან შექმნილ კონკრეტულ დღის წესრიგს, რაც ძალიან სამწუხაროა.

ომის დროს ყველა მხარეს თავისი ინტერესი აქვს და ხელისუფლება მუდმივად ცდილობს გამოიყენოს მედია პროპაგანდის იარაღად. შეგვიძლია ამ მხრივ შევადაროთ რუსული და უკრაინული საინფორმაციო კამპანია?

უკრაინასაც, როგორც რუსეთს, აქვს თავისი პროპაგანდისტული მედია. თუმცა, განსხვავება რუსულ და უკრაინულ პროპაგანდას შორის ის არის, რომ უკრაინა არ მალავს, რომ ეს არის ომის პირობებში სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი რაღაც საინფორმაციო არხი. ღიად ამბობს ამას და იმასაც ხსნის, თუ რას ემსახურება ეს.

გარდა ამისა, უკრაინაში ადგილობრივი დამოუკიდებელი მედიისთვისაც არის სივრცე. უკრაინა ღიაა დამოუკიდებელი საერთაშორისო მედიისთვისაც. ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის რეალობას უკრაინის ომის შესახებ.

ომის დროს გადამოწმებული ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა, ამავე დროს, კიდევ უფრო რთულია ამბის გადამოწმება, რადგან, ყველა მხარეს თავისი ინტერესი აქვს. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება იმუშავო ომში ჟურნალისტმა, რომ არ იქცე პროპაგანდის იარაღად?

რთული თემაა. ამას ორგანიზებული მიდგომა სჭირდება: დაგეგმვა, ინსტიტუციური ზურგი, ადგილზე კონტაქტები და ა.შ. მთავარია ადამიანურ ისტორიებზე მუშაობა. თუ ჟურნალისტი ნამდვილად ეთიკურია და სჯერა ფასეულობების, მაშინ ადამიანებს დაუთმობს პლატფორმას. ომის დროს, კარგი ჟურნალისტიკა აძლევს ხმას იმათ, ვისი ხმაც არ ისმის.

დღეს უკრაინის და რუსეთის ხელისუფლებებს აქვთ ხმის ამოღების და გავრცელების საშუალება, მაგრამ ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე ჩარჩენილ 13 მილიონ ადამიანს - ნაკლებად. ამიტომ დღეს ჟურნალისტებს აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, გააშუქონ იმ 13 მილიონი ადამიანის ამბავი.

კიდევ უფრო რთულია მუშაობა, როდესაც საკუთარი ქვეყნის ომს აშუქებ. თქვენ მუდმივი კონტაქტი გაქვთ უკრაინელ ჟურნალისტებთან. რა დილემები და გამოწვევები აქვთ მათ?

უკრაინელ ჟურნალისტებს ძალიან აღელვებთ, გააშუქონ თუ არა რუსი პოლიტიკოსების განცხადებები. ვფიქრობ, რომ რუსეთის დუმის წარმომადგენლის თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერის განცხადებების გადამღერებას, ამაზე რეაგირებას და ლაპარაკს - ანუ ე.წ. „დამჯდარი ჟურნალისტიკის“ კეთებას, აზრი არ აქვს, შედეგი არ მოაქვს და ამით უკრაინაში არაფერი უმჯობესდება. ამას ვეუბნები მათაც.

ვფიქრობ, ყველაფერზე პასუხი შესაძლებელია იმ ადამიანური ისტორიებიდან, რომელიც უკრაინაში ახლა ძალიან ბევრია და საჭიროა ამაზე ყურადღების გამახვილება. ყოველთვის უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა იქნება შემდეგ, რა შედეგს, ცვლილებებს მოგვიტანს ის, რასაც ვაკეთებთ.

როდესაც ჟურნალისტი მიდის იმ მოტივით, რომ ის ემსახურება ქვეყანას და სახელმწიფოს ინტერესებს, ის დამოუკიდებელი ჟურნალისტი აღარ არის. მიუკერძოებლობა, სწორი გაშუქება, ყველა ადამიანისთვის ხმის მიცემა შეაფერხებს დაპირისპირებას და პროპაგანდას.

მნიშვნელოვანია ჟურნალისტებმა იმუშავონ ადამიანებთან და ხმა მიაწვდინონ როგორც ხელისუფლებას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და ა.შ.

როგორია მედიის როლი ომის დასრულების შემდეგ?

ომის შემდეგ იქნება გასაშუქებელი ზიანი, ზიანის მოცულობა. ჟურნალისტებს დასჭირდებათ მეტი გადამზადება. სამწუხაროდ, ცოტა ცინიკური დამოკიდებულებაა ტრეინინგების მიმართ. მაგრამ, როგორც იტყვიან ხოლმე ჯარისკაცები, უმჯობესია ვარჯიშის დროს დაღვარო სისხლი, ვიდრე - ომში. ამიტომ, ჯობია ისწავლო და შეცდომა დაუშვა სწავლის დროს, ვიდრე უშუალოდ სამუშაოს შესრულების დროს.

მთავრობას და საერთაშორისო მოკავშირეებს, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს სჭირდებათ ინფორმაცია ამის შესახებ. განსაკუთრებული სიფხიზლეა საჭირო პროპაგანდის მიმართაც და შესამუშავებელია ბევრი ინოვაციური მეთოდი, თუ როგორ უნდა შევაფერხოთ პროპაგანდა.

 


მთავარი ფოტო: IWPR საქართველო/დავით მძინარიშვილი


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ