ტოქშოუ, მინახიხარ, მოწყვლადი...
17.03.2017
ნებისმიერი „ცოცხალი“ენის ლექსიკა მუდმივად მდიდრდება სიტყვათა სხვა ენებიდან შემოტანით. არ არსებობს აბსოლუტურად წმინდა ენა და ამგვარი ნასესხები სიტყვები მეტ-ნაკლები რაოდენობით ყველა ენაშია. უცხო სიტყვათა შემოღება-დამკვიდრების დროს მნიშვნელოვანია ზომიერება, რათა ენა არ დანაგვიანდეს, თუმცა გადამეტებული ენობრივი პურიზმიც დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს და ამის მაგალითი ლათინური ენაა.

ქართული ენის ლექსიკა ყოველდღიურად ივსება ახალი ცნებების გამომხატველი სიტყვებით, გამოთქმებით, აღმნიშვნელებით, აგრეთვე - სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ტერმინოლოგიით. ხშირად ისე ხდება, რომ სამეტყველო ენაში თავს იმკვიდრებს ბარბარიზმი, სიტყვა, რომლის შესატყვისიც ენაში არის ან ენის სინტაქსისა და გრამატიკული წყობისთვის შეუსაბამო, მახინჯი ფორმა.

ასე მაგალითად, დღეს ბეჭდურ თუ ტელემედიაში ხშირად გაიგონებთ და წაიკითხავთ:

ადგილი აქვს კანონის დარღვევას ( სწორია კანონი დაირღვა/დაარღვიეს)
სამუშაოდ გაანაწილებენ (სწორია სამუშაოდ გაგზავნიან, გააწესებენ...)
მაგალითი მოიტანა ( სწორია მაგალითი მოიყვანა)
სენსიტიური ( სწორია ფაქიზი, მგრძნობელობითი)
გაყიდვაშია/მიმალვაშია და ა.შ. ( იყიდება, მიიმალა...)

ეს და სხვა მსგავსი ფორმები ენის დანაგვიანებად შეგვიძლია მივიჩნიოთ და მათი უკუგდება, ჩანაცვლება აუცილებელია.

დღეს რამდენიმე ისეთ ლექსიკურ ერთეულზე გავამახვილებთ ყურადღებას, რაც მედიის სფეროში მომუშავეთათვის განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს, რადგან ისინი ამ სიტყვებს ხშირად იყენებენ ზეპირი თუ წერითი მეტყველებისას. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მათგანის შესაბამისი ორთოგრაფიული ნორმა სწორედ ბოლო ხანს დამკვიდრდა.

მაგალითად, სიტყვა ტოქშოუ, სულ მცირე, სამი განსხვავებული დაწერილობით შეგხვდებათ სხვადასხვა მედიასაშუალებაში - თოქ-შოუ, ტოკ-შოუ, თოქშოუ და ა.შ.

სალიტერატურო ნორმა გახლავთ ფორმა ტოქშოუ;

ასევე შეგხვდებათ განსხვავებული დაწერილობები: სენსიტიური და სენზიტიური. უნდა ითქვას, რომ არც ერთი მათგანი სწორი არ არის და მშობლიურ ენაში მოგვეპოვება მშვენიერი ჩამნაცვლებელი, რომელიც ზუსტად იმავეს გამოხატავს, რასაც ეს უცხო სიტყვა. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ მგრძნობელობითს ( ან ფაქიზს) სენსიტიური/სენზიტიურის ნაცვლად.

ცალკე აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს სიტყვათა ერთ ნაწილს მიეწერა პარალელური ვარიანტებიც. ეს ნიშნავს, რომ სამეტყველო ენაში დამკვიდრებული და სალიტერატურო ნორმად მიჩნეული ორივე ფორმა დასაშვებადაა მიჩნეული. განსაკუთრებით საინტერესოა სიტყვის - მინახავხარ - ისტორია.

გრამატიკულად გამართული ფორმა სამეტყველო ენაში ვერ დამკვიდრდა. ხალხი, თითქმის გამონაკლისის გარეშე, სიტყვას ისე წარმოთქვამდა ( და წერდა), როგორც უფრო მორგებული, მოქნილი და მოხერხებული იყო ( მინახიხარ). დღესდღეობით ეს უკანასკნელი პარალელური ვარიანტია და სამომავლოდ, სავარაუდოდ, ჩაანაცვლებს კიდეც „მინახავხარს“.

მედია საკმაოდ მძლავრი საშუალებაა ენობრივ პროცესებზე ზემოქმედებისთვის. ეს ზეგავლენა სასიკეთოც შეიძლება იყოს და დამღუპველიც. თუ სესხების დროს „მასპინძელი“ ენის ძირითადი ლექსიკური ფონდი, გრამატიკული წყობა, ფონეტიკური თავისებურებები და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები გათვალისწინებულია, ენის თვითმყოფადობას საფრთხე არ ემუქრება. მეტიც, მედიაენამ, შესაძლოა, ახალი ფრაზეოლოგიური გამოთქმებიც კი შესძინოს ფონდს.

ასე მაგალითად, ბოლო დროს მედიაში საკმაოდ ხშირად შეგხვდებათ სიტყვა მოწყვლადი. საინტერესოა, რომ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ეს სიტყვა არ გვხვდება. სახეცვლილი ვარიანტი ( წყლვა) განიმარტება საბასთან ( ...გინა შიში დიდისა საოცრისაგან, რა ეცეს, იწყლვის, ვითარცა განგვრემილი...). დღესდღეობით სიტყვაშეთანხმება „მოწყვლადი საკითხი“, „მოწყვლადი ჯგუფი“ ხშირად გვხვდება და იგულისსმება დაუცველი რამ, რაღაც, რაც განსაკუთრებულ მიდგომას, ზრუნვას საჭიროებს.

„მედიაჩეკერი“ მომდევნო წერილებშიც მოგაწვდით საინტერესო მასალებს ცოცხალი ენობრივი პროცესების შესახებ.

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ